1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
2.
უფლებამოსილ პირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის – ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ პასუხისმგებელი პირის – დირექტორის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 3).
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4.
ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის დირექტორის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.
5.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6.
ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7.
იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8.
კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის” პასუხისმგებელი პირი-დირექტორი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9.
ჟურნალი ინახება ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ პასუხისმგებელ პირთან – დირექტორთან რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10.
ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11.
ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა