შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას“ გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/10339-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების თაობაზე მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცებისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
2019 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებლები – 1 – შპს „რითეილ კაპიტალ ჯორჯია’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)
დირექტორი – მამუკა შეწირული
წარმომადგენლები – 1 – ირაკლი ფურცელაძე
2 – ზურაბ გვარჯალაძე
3 – შპს „სენატორი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)
დირექტორი – პეტრე გელაშვილი
წარმომადგენლები – 1 – დავით მჟავანაძე
2 – ზურაბ გვარჯალაძე
მოვალე – შპს „ფურშეტ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)
დირექტორი – ტარიელ ჭეიშვილი
წარმომადგენელი – იასონ ხარაბაძე
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – თამთა მაჭარაშვილი
მოთხოვნა – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება და გაკოტრების მმართველის დანიშვნა გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 7 მარტს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ მომრიგებელი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილება მოვალე შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედით, მომრიგებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. მომრიგებლებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ ხმის მიცემისაგან. მოცემულ შემთხვევაში მომრიგებელმა საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
კრედიტორების მიერ 2019 წლის 7 მარტს კრედიტორთა კრებაზე არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და, შესაბამისად, განხილული იქნა გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი.
სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით„ გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. მე-5 ნაწილის მიხედვით, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ვინაიდან კრედიტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, სასამართლოს გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, 32-ე, 33-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,
დაადგინა:
1. დამტკიცდეს 2019 წლის 21 თებერვლის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
2. შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. განჩინება შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.
4. განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ უზრუნველყოს გაკოტრების მმართველმა.
5. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ან გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი