სს „ვანრიკ აგროს“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/498-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/498-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 2019 წლის  27 მარტი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეგოჩა დიდავა

განმცხადებელი: სს „ვანრიკ აგრო’’ (ს/კ 445457540)

დირექტორი: ალექსანდრე ცხოვრებაშვილი;

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და,

გამოარკვია:

2019 წლის 11 მარტს სს „ვანრიკ აგროს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ალექსანდრე ცხოვრებაშვილმა და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებლის განმარტებით შემოსავლების სამსახურმა სს „ვანრიკ აგროს“ (ს/ნ 445457540 შემდგომში „კომპანია“) მიერ კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობის გამო 2018 წლის 10 ოქტომბრის №081-635 ბრძანებით ყადაღა დაადო კომპანიის ქონებას სრულად, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად განახორციელა კომპანიის აქტივების შეფასება, რომლითაც კომპანიის აქტივები შეფასდა 7,146,074.9 ლარად. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მესამე რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორს და მის მიმართ დავალიანების ოდენობა არც თუ ისე დიდია პირველ ორ უზრუნველყოფილ კრედიტორთან შედარებით, კომპანიამ ვერ შეძლო ამ დავალიანების გასტუმრებისათვის დაფინანსების მოზიდვა და იძულებითი აღსრულების პროცესის შეჩერება (სამივე კრედიტორის მოთხოვნებსა და აქტივების ღირებულებებს შორის აშკარა დისბალანსი იხილეთ ქვემოთ – მოთხოვნები დაახლოებით ორჯერ აღემატება ღირებულებას) და აგრეთვე არ აქვს უნარი გადაიხადოს ბანკის სესხის მიმდინარე ვალდებულებები და დააკმაყოფილოს სს „საპარტნიორო ფონდის“ მოთხოვნა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ უკვე უნდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები ამ სეზონის მოსავლის მოყვანისა და რეალიზაციისთვის, მაგრამ კომპანიას არ გააჩნია ამისათვის საჭირო არანაირი სახსრები, რაც აუცილებლად მიიყვანს კომპანიის ქონებას განადგურებამდე და გაუფასურებამდე. ამდენად, დღეის მდგომარეობით წარმოიქმნა ყველა ის გარემოება (გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა), რომელიც როგორც დირექტორს ავალდებულებს მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების აღძვრა.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანიას კრედიტორთან გაფორმებული პარტნიორთა შეთანხმებისა, სს „საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ 404404550) 2018 წლის 13 აპრილის №02/1-26 წერეთლის და გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიმართ 2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით გააჩნია 9,651,118 ლარის დავალიანება, რასაც ყოველდღიურად ემატება სარგებელი წლიური 15,5%-ის დარიცხვით.

კომპანიას სს „ხალიკ ბანკი საქართველოსთან“ 2015 წლის 20 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 11 მარტის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება 2,809,448 ლარის ოდენობით, საიდანაც მიმდინარე გადასახდელია 792,036 ლარი.

კომპანიას კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობის გამო შემოსავლების სამსახურის მიმართ გააჩნია დავალიანება 365,021 ლარის ოდენობით.

სხვა კრედიტორების მიმართ დავალიანებების ჩამონათვალი წარმოდგენილია დანართი №7-ში.

სს „ვანრიკ აგროს“ საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ და ჯამში შეადგინა 7,146,074.9 ლარი. შესაბამისად აღნიშნული ქონების რეალიზაციით ვერ ხერხდება არათუ საერთო ვალდებულების, არამედ კრედიტორების სრულად დაკმაყოფილება.

შესაბამისად ითხოვს, გაკოტრებულად იქნეს ცნობილი სს „ვანრიკ აგრო“ და კრედიტორთა მიმართ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად აუქციონზე რეალიზებულ იქნეს კომპანიის მთელი ქონება, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში.

განმცხადებლის განმარტებით, ქონებაზე იპოთეკით და გირავნობით უზრუნველყოფილი კრედიტორის სს საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ 404404550) მისამართია: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის №6 (შემდგომში – „ფონდი“).

უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205236537) მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, მ. კოსტავას ქ. №74.

შემოსავლების სამსახურის მისამართია: ქ.თბილისი. 0105. გორგასლის ქუჩა №16.

იმის გათვალისწინებით, რომ სს „ვანრიკ აგროს“ მის კუთვნილ ანგარიშებზე არ გააჩნია ფინანსური სახსრები, თვეების განმავლობაში ვეღარ ახორციელებს სახელფასო დავალიანებების ანაზღაურებას, ვერ ემსახურება ვადამოსულ დავალიანებებს და მისი აქტივები შეფასებულია 7,146,074.9 ლარად, რაც კომპანიის არსებულ დავალიანებებთან მიმართებაში შეადგენს ნახევარს, ითხოვს განხორციელდეს სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმისწარმოება და ვინაიდან კომპანიის არსებული ფულადი რესურსები სრულად არის ამოწურული (იხილეთ საბანკო მონაცემები), გარდა ამისა კომპანიის ქონებას, მათ შორის ანგარიშებს ადევს ყადაღა (იხილეთ შემოსავლების სამსახურის ბრძანება), პროცესის ხარჯები დაიფაროს ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით სს „ვანრიკ აგროს“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: დაევალა წარმოედგინა მტკიცებულებები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სს „ვანრიკ აგრო’’-ს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია არის თუ არა სს „ვანრიკ აგრო’’ შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოების პარტნიორად რეგისტრირებული, წარმოედგინა ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან; წარმოედგინა სს „ვანრიკ აგრო’’ საბანკო ანგარიშების თაობაზე ცნობა შემოსავლების სამსახურიდან); წარმოედგინა კრედიტორული და დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მიეთითებინა კრედიტორებისა და დებიტორების მისამართები.

2019 წლის 22 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სს „ვანრიკ აგროს“ დირექტორმა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინების საფუძველზე წარმოადგინა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა №90134 სს „ვანრიკ აგროს“ (შემდგომში – „კომპანია“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალის შესახებ, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №95832 ცნობა კომპანიის მიერ სხვა სამეწარმეო სუბიექტებში წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 მარტის №49/1/1/2-01760768 ცნობა კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 მარტის №2506418 ცნობა კომპანიის საკუთრებაში არსებული საბანკო ანგარიშების თაობაზე, განახლებულ სიას კომპანიის კრედიტორთა და დებიტორთა შესახებ, დავალიანებების/მოთხოვნების, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მისამართების მითითებით, სს „საპარტნიორო ფონდს“ (ს/ნ 404404550) და სს „ვანრიკ აგროს“ შორის 2019 წლის 22 მარტს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიას ფონდის მიმართ 2019 წლის 22 მარტის მდგომარეობით გააჩნია 9,662,470.81 ლარის ვადამოსული დავალიანება, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (ს/ნ 205236537) 2019 წლის 1 მარტის №28/107 წერილი, რომლითაც ბანკი ითხოვს 1,040,156.15 აშშ დოლარის გადახდას. შესაბამისად დააზუსტეს ბანკის ვადამოსულ დავალიანებაზე ინფორმაცია და იგი ნაცვლად 792.036 ლარისა შეადგენს 1,040,156.15 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რაც 2019 წლის 1 მარტს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 2,786,890.37 ლარს, შემოსავლების სამსახურის მიმართ დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, შედარების აქტი ამოღებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის ბრძანება;

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ არსებობს სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სს „ვანრიკ აგროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, მე-19-ე, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და,

დაადგინა:

1. განცხადება სს „ვანრიკ აგროს“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნეს 2019 წლის 15 მაისს 14:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №2 (ქ. ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქ. №11) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2019 წლის 12 აპრილამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

მოსამართლე                            გოჩა დიდავა