„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№100/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017724
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №100/ნ

2019 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016119) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან).“.

 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. კონსერვატორიის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

კონსერვატორია დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო

1. კონსერვატორიის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა კონსერვატორიის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა აღემატება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას. წარმომადგენლობით საბჭოში შედის კონსერვატორიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 24 წევრისაგან.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

3. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. არჩევნები ტარდება ერთ დღეს, პარალელურად ორივე ფაკულტეტზე.

5. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ კონსერვატორიას არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირით ადრე.

6. პროფესორისა და სტუდენტისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კონსერვატორიასთან მისი აკადემიური, სასწავლო ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენელის ასარჩევად ამავე ვადით.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

9. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს საბჭოს წევრის სტატუსი უწყდება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე. ამ შემთხვევაში ის უნდა ჩანაცვლდეს ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს კონსერვატორიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“.

6. მე-14 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

 7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის პროგრამული მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.“.

 8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკანად შეიძლება აირჩეს კონსერვატორიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.“.

 9. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონსერვატორიაში (სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულ ან ასოცირებულ პროფესორად მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება; პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორად მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება; პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კონსერვატორიის წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.“.

10. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების, კონსერვატორიის წესებისა და რეგულაციების დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) არასაპატიო მიზეზით ორი ან მეტი საათის გაცდენა;

ვ) თუ სამუშაოზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში (ალკოჰოლის, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ) ან თუ მოიხმარა ეს საშუალებები სამუშაო საათებში;

ზ) სასამართლო განაჩენის ან ისეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

თ) ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.“.

11. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. ადმინისტრაციული თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება

კონსერვატორიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) გარდაცვალება;

გ) ხელშეკრულებით დაკისრებული  მოვალეობების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხარისხს;

დ) ხელშეკრულების პირობების სისტემატურად უგულებელყოფა, კონსერვატორიის შინაგანაწესისა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევა,  მის მიმართ ადრე გამოყენებული  დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება;

ე) სამუშაოზე დაგვიანებით, არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ/ტოქსიკური ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ  გამოცხადება;

ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი;

ზ) სასამართლო გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში;

თ)  სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ი) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებულია ამ წესდებით;

კ) კონსერვატორიის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, წესდებითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.“.

12. 46-ე მუხლის:

ა) მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე, კონსერვატორიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს კონსერვატორიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, კონსერვატორიას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა;

ბ) კონსერვატორიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან იჯარით გაცემა;

გ) სესხის აღება;

დ) თავდებობა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კონსერვატორიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.

6. უარი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.“.

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“.

13. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. კონსერვატორიის ბალანსის შედგენა და შემოწმება

კონსერვატორია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

14. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“.

15. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესდებაში ცვლილების პროექტს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი