1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს:
ა) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ;
ბ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს, რომლებიც სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ცენტრში. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
3. საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასება