შპს ,,მისო რივალკრედიტის“ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1368-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2019 წლის 7 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – გოჩა დიდავა
განმცხადებელი – შპს ,,მისო რივალკრედიტი“
ლიკვიდატორი – ნუგზარ მურუსიძე
მოთხოვნა – შპს ,,მისო რივალკრედიტის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,მისო რივალკრედიტის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 3 ივნისს შპს ,,მისო რივალკრედიტის’’ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,მისო რივალკრედიტის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განცხადების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის №698 განკარგულების საფუძველზე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტს“ გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორად დაინიშნა ნუგზარ მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766). „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი წყდება, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ერიცხება დაუფარავი ვალდებულებები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი ვალდებულებების დასაფარად. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების ნიშნები, ლიკვიდატორი ადგენს სალიკვიდაციო აქტს, რომელსაც წარუდგენს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რის შემდგომაც ლიკვიდატორი მოქმედებს მხოლოდ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე და მის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №808 განკარგულების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოვალეს სს „საქართველოს ბანკის“ სალიკვიდაციო ანგარიშზე GE96BG0000000298380200 თანხა არ ერიცხება. მოვალეს 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით ასევე არ გააჩნია ნაღდი ფული.
მოვალის საბანკო ანგარიშებზე რეგისტრირებულია ინკასო/ყადაღა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნით.
მოვალეს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონებები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისს ცნობა და შსს მომსახურებს სააგენტოს მიერ 2019 წლის 14 მაისის ცნობა), ასევე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტი“ (ს/კ 412677429) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (2019 წლის 13 მაისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა).
მოვალის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია: შემოსავლების სამსახური (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16), რომლის მოთხოვნა 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით შეადგენს - 79053 ლარს. შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა ბრძანება ქონების დაყადაღების შესახებ, თუმცა მოვალეს ქონება არ გააჩნია. მოვალის სავარაუდო არაუზრუნველყოფილი კრედიტორებია: 1) ნატო ასათიანი (პ/ნ 01024038408, მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. №2, ბინა №17) და ნონა აბესაძე (პ/ნ 59001014620, მისამართი: პეკინის ქ. №18, ბინა №2), თანხით - 4200 აშშ დოლარი და 315 ლარი. 2) სს „ლიბერთი ბანკი“- საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74. სავარაუდო ჯამური დავალიანება - 906750 ლარი. 3) შპს „აგორა ჯგუფი“ - საიდენტიფიკაციო კოდი 404882267. მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №78. სავარაუდო ჯამური დავალიანება -1140 ლარი.
მოვალის მიერ გაცემული სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 0 (ნულ) ლარს, 0 (ნულ) აშშ დოლარს, 0 (ნულ) ევროს. მოვალის მთლიანი აქტივების ღირებულება შეადგენს - 0 (ნულ) ლარს.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოვალეს გააჩნია მნიშვნელოვანი ვადადამდგარი ფინანსური ვალდებულებები, კერძოდ, ჯამში 79053 ლარი, რომელთა შესრულების შესაძლებლობა მას არ გააჩნია. ამასთან, მოვალეს მიაჩნია, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაკოტრების დაწყების შემთხვევაში, მისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შპს ,,მისო რივალკრედიტს’’ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ამდენად, ვინაიდან შპს ,,მისო რივალკრედიტს“ არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ (ს/ნ 412677429) განცხადება არ იქნას მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს ,,მისო რივალკრედიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გოჩა დიდავა