შპს „იმპერიალი - 2000“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1145-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N2/1145-19

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

 წარმოებაში მიღების თაობაზე

2019 წლის 14 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გოჩა დიდავა

  განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

  განმცხადებელი: შპს „იმპერიალი – 2000“ (ს/ნ 245406635)

დირექტორი: ამირან მალაყმაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ გამოარკვია:

2019წლის15 მაისს შპს „იმპერიალი – 2000“-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ამირან მალაყმაძემ და შპს „იმპერიალი – 2000“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით , შპს „იმპერიალი – 2000“ დაფუძნდა 1993 წლის 01 აგვისტოს. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხორბლისა და ხორბლის პროდუქტების გადამუშავება და მისგან მიღებული პროდუქციის რეალიზება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შეძლო მოკლე ხანში მოეპოვებინა მომხმარებლისა და კლიენტების ლოიალობა – ხარისხიანი პროდუქტით, დროული მოწოდებითა და მისაღები ფასებით. ფაქტობრივად, დღეის მდგომარეობით, აჭარის ა.რ მასშტაბით კომპანია წარმოადგენს ერთადერთ ფქვილის ადგილობრივ წარმოებას, რომელიც მომხმარებლის ყველაზე მეტი ლოიალობით სარგებლობს და რომელსაც შეუძლია საკუთარი წარმადობით სრულად დააკმაყოფილოს მთელი ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია დაარსების დღიდან თანამშრომლობდა კონტრაქტორებთან და ყოველთვიურად უწყვეტი საწარმოო პროცესით ახდენდა თვეში საშუალოდ 1700 ტონა ხორბლის გადამუშავებას.

 ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კომპანია მთლიანად ქართული ინვესტიციითაა შექმნილი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საწარმოს. მისი შექმნიდან 25 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა გადალახული კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევები იმ მუდმივ დასაქმებულ 80-მდე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, რომელთა საშუალო ანაზღაურება თვეში მიმდინარე ეტაპზე 800-დან 2500 ლარამდე შეადგენს.

 გარდა ზემოაღნიშნული საქმიანობის პროფილისა, კომპანიას საკუთარ ბალანსზე გააჩნია ევროპული სტანდარტების სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობები, საიდანაც შპს „იმპერიალი 2000“ საკმაოდ ნორმალურ შემოსავალს იღებს და მისი წყალობით აჩერებს კვალიფიციური თანამშრომლების გადინებას და ინარჩუნებს ქონებას, რაც მომავალში საქმიანობის განახლება/გაგრძელების აუცილებელი პირობაა.

 განმცხადებლის განმარტებით კომპანია ამ ფინანსურ სიძნელეებამდე მივიდა შემდეგი მიზეზების გამო:

1. პრობლემების სათავე გახდა 2006-2011 წლებში, როდესაც შპს „იმპერიალი – 2000“-მა მიიღო ხელისუფლებისაგან თხოვნა/დავალება, 2500 ტონა უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილის უსასყიდლოდ მოსახლეობისათვის გადაცემის თაობაზე. კომპანიამ აღნიშნული ღონისძიების შედეგად მიიღო მილიონობით ზარალი, რომელიც უმძიმეს ტვირთად დააწვა.

2. შპს-ს საკუთრებაში ჰქონდა სარკინიგზო ჩიხი, საბალანსო ღირებულებით 2 მლნ. ლარი და რომლითაც ხდებოდა ძირითადი ნედლეულის ხორბლის შემოტანა ვაგონებით სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე 2011 წელს სახელმწიფოს მიერ აყრილი იქნა ერთ დღეში, ღამით, რამაც კომპანიას ასევე გაუძვირა საწარმოო პროცესი (ავტომობილებით ტვირთის, მით უფრო ხორბლის გადაზიდვა გაცილებით ძვირია, ვიდრე ვაგონებით).

3. ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მიტაცებულ იქნა ვისოლ პეტროლიუმისა და მერიის მიერ 2500 კვ.მ კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი უკვე 8 წელია, მაგრამ ამ ეტაპისათვის პირველი ინსტანციაც კი არ არის დასრულებული. აღნიშნულ მიწაზე კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო სარეალიზაციო-სასაწყობო პუნქტების მოწყობა, რაც საკუთრების ხელყოფის გამო ვერ განხორციელდა და რამაც ასევე ზიანი მიაყენა კომპანიის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას.

4. 2011 წელს ფინანსური პოლიციის და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა სადამსჯელო ოპერაცია და დაუსაბუთებელი საფუძვლით საგადასახადო სანქციების დაკისრება, რომელთა სრულად გადახდამ მნიშვნელოვნად გააღრმავა კომპანიის ფინანსური კრიზისი (გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის აქტივს ,,განიავების“ საფრთხე ექმნებოდა).

5. 2016 წელს ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა გამოიწვია რა ეროვნული ვალუტის დევალვაცია, აშშ დოლარის საკურსო ნიშნულმა 1.8-დან მიაღწია 2,5-მდე, რამაც კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირა შემოსავლები. ცნობის სახით ხორბლის შეძენა მუდმივად ხორციელდება აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის რეალიზება თავისთავად ხდება ლარში, ამ სხვაობამ კი 2.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა 2.5-წლიან პერიოდში.

6. გარდა წინა ფაქტისა, მოვალის სასაწყობო მეურნეობის საიჯარო შემოსავლებმა, სწორედ, ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო გამოიწვია არა კლება, არამედ განახევრება, რამდენადაც იჯარის ქირა კონტრაქტორებთან ურთიერთშეთანხმების შედეგად დადგენილია ლარში.

7. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2015-2016 წლების მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ხორბალთან მიმართებაში დღემდე გრძელდება, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრებზე გამძაფრდა მარცვლეული კულტურების კრიზისი, რამაც გამოიწვია ხორბლის ფასის მკვეთრად მატება. ფაქტიურად ფასმა 55%-ით მოიმატა, შესაბამისად უნდა გაძვირებულიყო ფქვილის ფასიც, თუმცა საქართველოს ბაზარზე იგივე პროპორციით ვერ მოხერხდა ფქვილის გაძვირება (სახელმწიფო ზომიერი რეგულირების გამო, რამდენადაც ფქვილის გაძვირება მომენტალურად აისახება პურისა და პურპროდუქტების გაძვირებაზე) და რენტაბელობის შემცირების გამო კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი. შედეგად შეიქმნა საჭიროება იმისა, რომ განვითარების მაგივრად დახარჯულიყო საბრუნავი სახსრები, რამაც კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გარეშე დატოვა. ამან კი გამოიწვია კომპანიის მომსახურებაში პრობლემების გაჩენა, კომპანიამ ვეღარ შეძლო სესხის მომსახურება.

8. ამას დაემატა ისიც, რომ მოვალეს თხოვნით, რამდენადაც კომპანიას არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ბანკის პრობლემური კლიენტი, ბანკმა განახორციელა რესტრუქტურიზაცია და ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, კომპანიას დაუმძიმდა სასესხო ვალდებულებები, ანუ 2017 წელს რესტრუქტურიზაციის შედეგად, იმის მაგივრად რომ სესხის პროცენტი შეემცირებინა და კომპანიისთვის დახმარება გაეწია პრობლემების დაძლევაში, პირიქით გაზრდილ იქნა საბანკო პროცენტი 8-დან 11-მდე, ეს იმ დროს, როცა საკრედიტო ბაზარზე არსებობს საბანკო პროცენტები მხოლოდ 5-6%-მდე აშშ დოლარში.

შპს „იმპერიალი 2000“-ის წარმომადგენლის განმარტებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მოვალეს მიადგა შემდეგი ზარალი: 2016 წლის დასაწყისში მოვალის სესხის ოდენობა შეადგენდა 2.8 მლნ აშშ დოლარს ლართან მიმართებაში კურსით 1.9 ნიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალეს სასესხო ვალდებულება ლარში სესხის აღებისთვის შეადგენდა 5.3 მლნ ლარს. 2016 წლის ბოლოს, ინფლაციის შედეგად 2.8 მლნ აშშ დოლარი, იმის გამო, რომ ეროვნული ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში მიაღწია 2.5 ნიშნულს, სასესხო ვალდებულებამ ლარში, მთლიანობაში შეადგინა 7.140 მლნ-ს, ხოლო მათ შორის სხვაობამ დაიჭირა 1.840 მლნ. ლარი, ანუ გამოდის რომ ზემოაღნიშნული საყოველთაო და პრივატული კრიზისების ფონზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ სასესხო ვალდებულება მუდმივი დევალვაციის მიზეზით კომპანიას 1 მლნ 840 ათასი ლარით დაუმძიმდა. ყოველივე ამან კი შპს ,,იმპერიალი – 2000’’ ჩააგდო უმძიმეს ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაში. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებელი და მენეჯმენტი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ამ კრიზისიდან თავის დაღწევა და კრედიტორების სრულად დაკმაყოფილება. საამისოდ მენეჯმენტმა პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგა, რამაც განაპირობა უკუპროცესების ფაქტობრივი შეჩერება, კერძოდ, ხორბლის მიწოდებასა და გადამუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „პონტო ჯგუფთან“, რომლითაც ფაქტობრივად გამოინახა საბრუნავი კაპიტალი და პარტნიორმა კომპანიამ ვალდებულება აიღო თვეში მინიმუმ 1500 ტონა ხორბლის მიწოდებაზე. მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის განხორციელების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საწარმოო მოცულობას, ყოველივე ეს კი კომპანიის შემოსავლების გაზრდის საწინდარია.

შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჯარიმების, საურავების და სარგებლის პროცენტების დარიცხვის შეჩერება საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, ასევე გონივრულ გარგლებში განხორციელდება საბანკო დავალიანების დაფარვის ახალი გრაფიკის გაწერა, კომპანიის სრული რეაბილიტაციის ჭრილში, რეალურია, ერთის მხრივ, კრედიტორული დავალიანების სრულად გასტუმრება/დაფარვა, მეორე მხრივ, თანამშრომლების შენარჩუნება, რომელთა უკან მრავალრიცხოვანი ოჯახებია და რაღა თქმა უნდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესში საბიუჯეტო გადასახადების გადახდა, რაც სახელმწიფოს ხაზინის შევსების და კეთილდღეობის პირობაა. სწორედ აღნიშნული გარემოებები განაპირობებენ იმ ფაქტს, რომ მოვალის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ითხოვს კომპანიის გაკოტრებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნით და ითხოვს მხოლოდ გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რამდენადაც უახლოეს მომავალში მოვალის მიერ როგორც სასამართლოსათვის, ისე კრედიტორებისთვის და მომრიგებელი საბჭოსთვის წარმოდგენილი იქნება რეაბილიტაციის გეგმის პროექტი და ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული მიზნები და კომპანიის დროებითი კრიზისი დაძლეული. გამომდინარე აღნიშნულიდან, ითხოვენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას.

შპს „იმპერიალი – 2000“-ის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 28017 კვ.მ. ბათუმში – საბალანსო ღირებულება – 16 810 200 ლარი; 2. მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები (3 ერთეული), საერთო ფართით 4897.65 კვ.მ. – საბალანსო ღირებულება – 2 214 184.66 ლარი; 3. მიწის ნაკვეთზე განთავსებული დაუსრულებელი შენობები 7 ერთეული, საწყობი საერთო ფართით 3456 კვ.მ., – საბალანსო ღირებულება – 1 532 632.46 ლარი; 4. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სამაცივრე დანადგარებით და საოფისე ფართებით (1 ერთეული), საერთო ფართით 1726კვ.მ., – საბალანსო ღირებულებით – 1 103449.54 ლარი; 5. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები რეზერვუარები დანადგარ მოწყობილობებით და ინფრასტრუქტურით, საბალანსო ღირებულებით – 1 434319.38 ლარი. სულ ჯამური ღირებულებით 23 094 786.04 ლარი.

მოძრავი ქონება: 1. სხვადასხვა დასახელების ელექტრო-ტექნიკა და საოფისე ინვენტარი – საერთო საბალანსო ღირებულებით 1500 ლარი; 2. ავტოტრანსპორტი (1 ერთეული) – საერთო საბალანსო ღირებულებით 18560 ლარი; 3. თვითმტვირთავი (1 ერთეული) – საბალანსო ღირებულებით 6500 ლარი; სულ 32 362.15 ლარის ჯამური ღირებულებით.

მთლიანობაში კრედიტორების დავალიანების ჯამური ოდენობა შეადგენს 3 275449.73 აშშ დოლარს და 32 224.74 ლარს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით: ა) ინიშნება მეურვე; ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

ს ასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „იმპერიალი – 2000“-ის დირექტორის ამირან მალაყმაძის განცხადება შპს „იმპერიალი – 2000“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი – 245406635) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს „იმპერიალი – 2000“-ის მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს №2 სხდომათა დარბაზში (მისამართი – ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე                                                                                    გოჩა დიდავა