შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2018
ძალაში შესვლა 01.07.2019
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის:
ნომერი №60-26
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016579
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2019
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| საქართველოსთვის: | იტალიის რესპუბლიკისთვის: |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის | SEGRETISSIMO |
| სრულიად საიდუმლო | SEGRETO |
| საიდუმლო | RISERVATISSIMO |
| შეზღუდული სარგებლობისათვის | RISERVATO |
| საქართველოს მთავრობის სახელით | იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
| (ხელმოწერილია) | (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“);
თანხმდებიან რა, გამართონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააფართოონ და გააღრმაონ საკუთარი პოლიტიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების, სამართალდაცვითი, ეკონომიკური, სამეწარმეო და თანამშრომლობის სხვა სფეროები;
აღიარებენ რა მხარეებს შორის და მათი სახელმწიფოების იურისდიქციაში შემავალი საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით გაცვლილი ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის ინტერესსა და საერთო საჭიროებას, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, მათ მიერ ნაკისრი, შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების და, იტალიის შემთხვევაში, ევროკავშირისა და ნატოს წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად;
აცნობიერებენ რა, რომ ეფექტურმა თანამშრომლობამ შესაძლოა მოითხოვოს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა;
სურთ რა, რომ შექმნან მხარეებს შორის და მათი სახელმწიფოების იურისდიქციაში შემავალი საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები;
ორმხრივად სცემენ რა პატივს საკუთარი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, თანასწორობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და ინტერესებს;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე შეთანხმების მიზანია, უზრუნველყოს საიდუმლო ინფორმაციის დაცვა და შეიმუშაოს თანამშრომლობის პროცესში მხარეებს შორის და მათი სახელმწიფოების იურისდიქციაში შემავალი საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით გაცვლილი ან შექმნილი, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის საერთო პროცედურები და წესები პოლიტიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების, სამართალდაცვითი, ეკონომიკური, სამეწარმეო და თანამშრომლობის სხვა სფეროებში.
მუხლი 2🔗
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
1. „საიდუმლო ინფორმაცია“ ნიშნავს მხარეებს შორის გაცვლილ ან შექმნილ ნებისმიერ ინფორმაციას, მიუხედავად მისი ფორმისა, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოობის ხარისხი, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის დაცვით;
2. „წარმომშობი მხარე“ ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს, მათ შორის მის იურისდიქციაში შემავალ საჯარო ან კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ქმნის და გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას მეორე მხარის სახელმწიფოს;
3. „მიმღები მხარე“ ნიშნავს იმ მხარის სახელმწიფოს, მათ შორის მის იურისდიქციაში შემავალ საჯარო ან კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც საიდუმლო ინფორმაცია გადაეცემა მეორე მხარის სახელმწიფოსაგან;
4. „კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო“ ნიშნავს ეროვნულ ორგანოს, რომელიც, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების ზოგად შესრულებასა და ზედამხედველობაზე;
5. „ინფორმაციის გაცნობის საჭიროება“ ნიშნავს პრინციპს, რომლის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამის დადასტურებული საჭიროება, მხოლოდ მის სამსახურებრივ მოვალეობებთან ან დავალებებთან დაკავშირებით;
6. „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“ ნიშნავს, მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, შემოწმების პროცედურის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური პირის სანდოობასა და საიმედოობას და ადასტურებს, რომ ფიზიკურ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მოცემული საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;
7. „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ ნიშნავს, მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, შემოწმების პროცედურის შედეგად მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს იურიდიული პირის სანდოობასა და საიმედოობას და ადასტურებს, რომ იურიდიულ პირს აქვს ფიზიკური, ორგანიზაციული და ტექნიკური შესაძლებლობა, მოეპყრას მოცემული საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;
8. „კონტრაქტორი“ ნიშნავს მხარეთა სახელმწიფოების იურისდიქციაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საიდუმლო კონტრაქტების ან ქვეკონტრაქტების დადების უფლებამოსილება;
9. „საიდუმლო კონტრაქტი“ ნიშნავს ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის დადებულ კონტრაქტს, რომელიც შეიცავს, ქმნის ან გულისხმობს საიდუმლო ინფორმაციის ცოდნას;
10. „მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს, მათ შორის მის იურისდიქციაში შემავალ საჯარო ან კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს;
11. „ვიზიტები“ ნიშნავს, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, მხარეთა სახელმწიფოების იურისდიქციაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე წვდომას, რაც მოიცავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას და მასთან მოპყრობას.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები
1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან:
a. საქართველოში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
b. იტალიის რესპუბლიკაში – Dipartimento Informazioni per la Sicurezza (DIS) – UCSe (ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი – საიდუმლოების ცენტრალური ოფისი).
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები უშუალოდ აცნობებენ ერთმანეთს საკუთარი საკონტაქტო მონაცემების და მათი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის მარეგულირებელი საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.
5. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები ითანამშრომლებენ და ინფორმაციასა და გამოცდილებას გაცვლიან უსაფრთხოების სტანდარტების, პროცედურებისა და პრაქტიკის შესახებ, რომელსაც მათი სახელმწიფოები იყენებენ საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად, და, ამასთან, მათ შეუძლიათ ვიზიტების განხორციელება ერთ-ერთი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.
6. წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ საიმპლემენტაციო შეთანხმებების დადება, მათ შორის საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების სფეროში.
7. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს დახმარებას აღმოუჩენენ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებისა და იურიდიული პირის დაშვების პროცედურების განხორციელებისას, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საიდუმლოობის ხარისხები
მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული საიდუმლოობის ხარისხები არის ეკვივალენტური და შეესაბამება მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ საიდუმლოობის ხარისხებს:
საქართველოსთვის:
იტალიის რესპუბლიკისთვის:
ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
SEGRETISSIMO
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
SEGRETO
SECRET
საიდუმლო
RISERVATISSIMO
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისათვის
RISERVATO
RESTRICTED
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა და დაცვა
1. მხარეებმა, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. ასეთ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე ხარისხი, რაც გათვალისწინებულია ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციისთვის, წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად.
2. წარმომშობმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა უნდა შეიზღუდოს ინფორმაციის გაცნობის საჭიროების საფუძველზე იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვთ, გაეცნონ მოცემული საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.
4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ორმხრივად აღიარებენ საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას და იურიდიული პირის დაშვებას, წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად. საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და იურიდიული პირის დაშვება გაიცემა მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ერთი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული შემოწმების პროცედურების დროს, სათანადო ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილი იქნეს მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსაგან. მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მისი მიწოდება უნდა განახორციელოს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამის ინდივიდუალურ დაშვებასთან და იურიდიული პირის დაშვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით, მათი გაუქმების ან ხარისხის დადაბლების შესახებ.
7. მიმღები მხარე:
a) საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს ნებისმიერ მესამე მხარეს, მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
b) უზრუნველყოფს, რომ საიდუმლო ინფორმაცია აღნიშნული იყოს საიდუმლოობის ეკვივალენტური ხარისხით, წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად;
c) საიდუმლო ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი სხვა მიზნებით გამოყენების თაობაზე წარმომშობი მხარისგან მოპოვებული იქნა წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 6🔗
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა
1. მხარეებს შორის „განსაკუთრებული მნიშვნელობის / SEGRETISSIMO / TOP SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ დიპლომატიური არხებით. მხარეებს შორის საიდუმლოობის სხვა ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს დიპლომატიური ან სამხედრო არხებით, ან მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სხვა დაცული არხებით.
2. საიდუმლო ინფორმაციის დიდი ოდენობის ან დიდი ზომის ნივთების გადატანა უნდა შეთანხმდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით.
მუხლი 7🔗
საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება
1. წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულების ფარგლებში, მხარეები გამოიყენებენ ინგლისურ ენას ან საკუთარ ოფიციალურ ენებს. ოფიციალური ენის გამოყენების შემთხვევაში თანდართული უნდა იქნეს თარგმანი მეორე მხარის ოფიციალურ ენაზე ან ინგლისურ ენაზე.
2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება უნდა განხორციელდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
a) ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ თარგმანს და გამრავლებას, უნდა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალურ დაშვებას, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
b) თარგმანი და ასლები უნდა აღინიშნოს და დაცულ იქნეს ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი;
c) თარგმანი და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ოფიციალური მიზნებისათვის;
d) თარგმანი უნდა ატარებდეს სათანადო აღნიშვნას თარგმანის ენაზე, რომ ის შეიცავს წარმომშობი მხარისაგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას.
3. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობი მხარის მიერ.
4. „სრულიად საიდუმლო /SEGRETO/SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა ან გამრავლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
5. „განსაკუთრებული მნიშვნელობის / SEGRETISSIMO / TOP SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ, და უნდა ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
საიდუმლო ინფორმაციის განადგურება
1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა.
2. საიდუმლო ინფორმაციის განადგურებამდე მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს წარმომშობ მხარეს და განადგურება უნდა განახორციელოს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. „განსაკუთრებული მნიშვნელობის / SEGRETISSIMO / TOP SECRET“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს და უკან უნდა დაუბრუნდეს წარმომშობ მხარეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. წარმომშობი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის უკან დაბრუნება.
5. კრიზისული სიტუაციის ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან უკან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ წარმომშობ მხარეს.
მუხლი 9🔗
საიდუმლო კონტრაქტები
1. საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის კონტრაქტორებისათვის ან შესაძლო კონტრაქტორებისათვის მიწოდებამდე მიმღები მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ უნდა დაადასტუროს, რომ:
a) კონტრაქტის განხორციელებდამდე, კონტრაქტორები ან შესაძლო კონტრაქტორები ფლობენ საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვებას, რომელიც გაცემული იქნა მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
b) ფიზიკური პირები, რომელთა ფუნქციების განხორციელება მოითხოვს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, ფლობენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდალურ დაშვებას, რომელიც გაცემული იქნა მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მიმღები მხარის კონტრაქტორი უზრუნველყოფს, რომ, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობამდე, ყველა ფიზიკური პირი იყოს ინფორმირებული ასეთი ინფორმაციის დაცვაზე საკუთარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ, მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თითოეულმა კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ შეიძლება მოითხოვოს, რომ კონტრაქტორის ობიექტზე მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მიერ განხორციელდეს ვიზიტი უსაფრთხოების შეფასების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოების სტანდარტებთან მუდმივი შესაბამისობა, მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს უსაფრთხოების მოთხოვნების, საიდუმლო კონტრაქტის თითოეული ასპექტის ან ელემენტის საიდუმლოობის შესახებ და კონკრეტულ მითითებას წინამდებარე შეთანხმებაზე. ასეთი საიდუმლო კონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს მხარეთა კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს.
მუხლი 10🔗
ვიზიტები
1. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას მეორე მხარის სახელმწიფოში, უნდა დაექვემდებაროს მასპინძელი მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წინასწარ წერილობით თანხმობას.
2. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, ნებადართული უნდა იქნეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ვიზიტორებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მინიჭებული აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება ან/და უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ან გაეცნონ საიდუმლო ინფორმაციას, მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ვიზიტები, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ, ნებადართული უნდა იქნეს მხოლოდ მხარეთა კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.
4. მასპინძელი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ ვიზიტის შესახებ მოთხოვნა მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსაგან უნდა მიიღოს, სულ მცირე, ოცდაათი დღით ადრე.
5. გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის შესახებ მოთხოვნა გადაცემული უნდა იქნეს, სულ მცირე, შვიდი დღით ადრე.
6. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
a) ვიზიტორის სახელსა და გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, მოქალაქეობას, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს;
b) ვიზიტორის თანამდებობის დასახელებას და იმ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებას, რომელსაც ვიზიტორი წარმოადგენს;
c) იმ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონის/ფაქსის ნომერს, ელ.ფოსტას და უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ საკონტაქტო პირს, სადაც ვიზიტი უნდა განხორციელდეს;
d) დადასტურებას ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების/დაშვების სერტიფიკატის, მისი საიდუმლოობის ხარისხისა და მოქმედების ვადის თაობაზე;
e) ვიზიტის საგანსა და მიზანს;
f) მოთხოვნილი ვიზიტის თარიღსა და ხანგრძლივობას; განმეორებითი ვიზიტების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს სრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება ვიზიტები;
g) თარიღს, ხელმოწერასა და კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალური ბეჭდის შტამპს.
7. მხარეების კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შეუძლიათ შეადგინონ იმ ფიზიკურ პირთა სიები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები. ეს სიები ძალაშია, მაქსიმუმ, ერთი წლის ვადით. სიების დამტკიცების შემდეგ ვიზიტები შესაძლებელია შეთანხმდეს უშუალოდ საჯარო ან კერძო სამართლის შესაბამის იურიდიულ პირებს შორის.
მუხლი 11🔗
უსაფრთხოების დარღვევა
1. უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ფაქტობრივი ან შესაძლო დაკარგვა, გამჟღავნება ან განადგურება, იმ მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, სადაც განხორციელდა უსაფრთხოების დარღვევა, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს და უნდა დაიწყოს სათანადო გამოძიება.
2. თუ უსაფრთხოების დარღვევა მოხდა სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს მხარეების სახელმწიფოებს, იმ მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, რომელმაც გასცა საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეზე, უნდა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
3. მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარემ უნდა ითანამშრომლოს გამოძიების საკითხში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. მეორე მხარეს უნდა ეცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ და მან უნდა მიიღოს ზიანის მიზეზებისა და მოცულობის შესახებ საბოლოო ანგარიშის ინგლისურენოვანი თარგმანი.
მუხლი 12🔗
ხარჯები
წინამდებარე შეთანხმების შესრულება, ძირითადად, რაიმე ხარჯების გაღებას არ იწვევს.
მუხლი 13🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. ამავდროულად, მხარეებმა უნდა გააგრძელონ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი დებულებების შესრულება.
მუხლის 14
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები. ეს ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლის 15
დასკვნითი დებულებები
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რითაც მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ატყობინებენ ერთმანეთს ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისათვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მიუხედავად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდეს მანამდე, სანამ წარმომშობი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისაგან.
შესრულებულია ქ. რომში, 2018 წლის 17 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
იტალიის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)