საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №558 - „მმაჩის საქალაქო და რაიონული ბიუროს მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.1957 ძალადაკარგული 09.03.1971
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, -, 29/08/1957
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

დადგენილება №558

1957 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

(ამონარიდი)

„მმაჩის საქალაქო და რაიონული ბიუროს მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, ადგენს:

დამტკიცდეს საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინსტრუქცია:

„მმაჩის საქალაქო და რაიონული ბიუროების მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესი“.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა

საბჭოს თავმჯდომარე

გ. ჯავახიშვილი

 

საქართველოს სსრ მინისტრთა

საბჭოს საქმეთა მმართველი

ვ. პაატაშვილი

📎 დანართები (1)
558_instruqcia.doc

დამტკიცებულია საქართველოს სსრ

მინისტრთა საბჭოს დადგენილებით

29 აგვისტო, 1957 წ.

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საქართველოს სსრ ქალაქებისა და რაიონების მმაჩის ბიუროებში

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების

რეგისტრაციის წესის შესახებ

ნაწილი I

ზოგადი დებულებანი

  1. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციაში იგულისხმება დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის და გვარის და სახელის გამოცვლის რეგისტრაცია.

  2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში აწარმოებენ ქალაქებისა და რაიონების მმაჩის ბიუროების, ხოლო სოფლებსა და დაბებში მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოების მდივნები.

სად და როგორი სააქტო ჩანაწერები წარმოებს

  1. მმაჩის ბიურო აწარმოებს დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, გვარისა და სახელის გამოცვლის რეგისტრაციას; სააქტო ჩანაწერების შესწორებას და შევსებას, დაკარგული სააქტო ჩანაწერების აღდგენას, საარქივო სააქტო წიგნების შენახვას და განმეორებითი მოწმობების გაცემას.

  2. სასოფლო და სადაბო საბჭოების მდივნები აწარმოებენ მხოლოდ დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეგისტრაციას, ხელმძღვანელობენ რა მუშაობაში ცალკე ინსტრუქციით.

  3. საზღვარგარეთ მყოფი საბჭოთა მოქალაქეების მოქალაქეობრივი მდგომარეობის (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, შვილად აყვანა, განქორწინება) აქტების რეგისტრაცია ეკისრებათ სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებებს.

  4. საბჭოთა კავშირში მცხოვრებნი უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია წარმოებს საერთო საფუძველზე.

პასუხისმგებლობა დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის

წესისა და ვადების დარღვევისათვის

  1. დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია სავალდებულოა და უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ვადებში.

  2. დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციისაგან თავის არიდებისა და კანონით დადგენილი სარეგისტრაციო ვადების დარღვევისათვის დამნაშავენი ჯარიმდებიან 25-დან 100 მანეთამდე მშრომელთა დეპუტატების საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების დადგენილებით.

  3. ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში დაბადებისა და გარდაცვალების დროული და სწორი რეგისტრაციის უზრუნველყოფისათვის (მოსახლეობისათვის რეგისტრაციის წესისა და ვადების გაცნობა, რეგისტრაციისაგან თავის არიდების შემთხვევების გამოვლინება, სააქტო წიგნების სწორად წარმოება და ა.შ.) პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქალაქებისა და რაიონების მმაჩის ბიუროს გამგეებს.

ნ ა წ ი ლ ი II

სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსების წესები

სააქტო ჩანაწერების ბლანკები

  1. თვითეული სახის სააქტო ჩანაწერისათვის არსებობს შესაბამისი ფორმის ბლანკი.

  2. სააქტო ჩანაწერების ბლანკები შედგება პირველი და მეორე (მოსახევი) ეგზემპლარებისაგან. სააქტო ჩანაწერების პირველი ეგზემპლარები სააქტო წიგნებში რჩება, ხოლო მეორე ეგზავნება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, აფხაზეთის და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობების და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.

  3. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს სააქტო ჩანაწერების ბლანკების ორივე ეგზემპლარი განმცხადებლის თანდასწრებით ივსება.

სააქტო წიგნები

  1. თვითეული სახის სააქტო ჩანაწერების ბლანკები ცალკე სააქტო წიგნებად არის აკინძული. წიგნის ბოლოში სიტყვებით აღინიშნება ფურცლების რაოდენობა. წიგნებს ეყრება ზონარი და მოწმდება მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ლუქის ბეჭდით.

სააქტო ჩანაწერების ნუმერაცია

  1. აქტების რეგისტრაციის დროს სააქტო ჩანაწერების ბლანკები ინომრება რიგითი ნომრით. სააქტო ჩანაწერის პირველ და მეორე ეგზემპლარებზე ერთი და იგივე ნომერი აღინიშნება. აქტების ცალკეული სახეების მიხედვით ცალკე ნუმერაცია წარმოებს.

  2. სააქტო ჩანაწერების ნუმერაცია იწყება პირველი ნომრით და თანმიმდევრობით ტარდება მთელი წლის განმავლობაში 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

  3. სააქტო ჩანაწერის ბლანკის გაფუჭების შემთხვევაში ივსება სხვა (მომდევნო) ბლანკი. გაფუჭებული ბლანკი (ორივე ეგზემპლარი) გადაიხაზება და რჩება სააქტო წიგნში.

გაფუჭებულ ბლანკზე აღნიშნული სააქტო ჩანაწერის ნომერი გადაიტანება მომდევნო ბლანკზე, რომელზედაც წარმოებს აქტის ჩაწერა.

სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსება

  1. სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსება და ხელის მოწერა ხდება მელნით და გარკვევით.

  2. სააქტო ჩანაწერების ბლანკების ყველა გრაფა ივსება ამომწურავი პასუხებით. ცალკეული სიტყვების გამოტოვება, შემოკლება, აგრეთვე შესწორება ან ამოშლა დაუშვებელია. უარყოფითი პასუხი გრაფებში აღინიშნება სიტყვით „არა“.

  3. გვარი, სახელი და მამის სახელი აღინიშნება სრულად და შედარებული უნდა იქნეს წარმოდგენილ საბუთებთან. სახელისა და მამის სახელის შემოკლებით აღნიშვნა დაუშვებელია.

  4. ეროვნება აღინიშნება პასპორტის მიხედვით. პასპორტის უქონლობის შემთხვევაში ეროვნება განისაზღვრება მშობლის ეროვნების მიხედვით.

  5. უცხოელების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს ეროვნების გარდა აღინიშნება იმ სახელმწიფოს სახელწოდება, რომლის მოქალაქენიც (ქვეშევრდომნიც) ისინი არიან, მაგალითად: „ჩინელი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე“, „რუმინელი – რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე“.

იმ პირთა ეროვნება, რომლებიც მოკლებულნი არიან მოქალაქეობას, აღინიშნება სიტყვების „მოქალაქეობას მოკლებულის“ მიმატებით. მაგალითად: ირანელი – მოქალაქეობას მოკლებული პირი“.

ასეთივე აღნიშვნები კეთდება, უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მოწმობებში: დაბადების მოწმობაში – გრაფაში „ეროვნება“, სხვა მოწმობებში – გვარის, სახელის და მამის სახელის შემდეგ.

  1. გრაფებში – „დაბადების ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ აღინიშნება ქალაქი, სოფელი, აგრეთვე რაიონი და ოლქი (მხარე, რესპუბლიკა), რომელშიც შედის მოცემული დასახლებული პუნქტი ახალი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით.

  2. გრაფაში – „სად და რა თანამდებობაზე მუშაობს“ – აღინიშნება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, კოლმეურნეობის სახელწოდება, აგრეთვე თანამდებობა, ან რა სამუშაოს ასრულებს. მაგალითად: „ორჯონიკიძის სახელობის ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ზეინკალი, „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კათედრის გამგე,“ „ლენინის სახელობის კოლმეურნეობა, მემინდვრე.“

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, ამ გრაფაში აღინიშნება სამხედრო ნაწილის ან დაწესებულების სახელწოდება, თანახმად სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საბუთებისა.

  1. გრაფაში – პირადობის დამადასტურებელი წარმოდგენილი საბუთები – აღინიშნება საბუთების სერია და ნომერი, ვის მიერ და როდის არის გაცემული. მაგალითად: „პასპორტი VI – 0Ф №715289, გაცემული 1949 წლის 5 მაისს, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მილიციის განყოფილების მიერ“.

  2. შედგენილი სააქტო ჩანაწერი უნდა წაეკითხოს განმცხადებელს და ორივე ეგზემპლარზე უნდა იყოს მისი ხელის მოწერა, რის შემდეგ მას ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი).

სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსების დროს დაშვებული შეცდომების გასწორება

  1. სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსების დროს აშკარა შეცდომების (ცალკეული სიტყვების დამახინჯება ან გამოტოვება) გასწორება ხდება იმ საბუთების საფუძველზე, რომლებითაც მტკიცდება გასწორების საჭიროება.

შეტანილი შესწორების შესახებ სააქტო ჩანაწერში კეთდება შენიშვნა, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი და მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) და მოწმდება ბეჭდის დასმით.

ნაწილი III

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაციის წესი და ვადები

  1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

  2. თუ ბავშვი მკვდარი დაიბადა, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაბადების სააქტო ჩანაწერებში, სადაც კეთდება აღნიშვნა „მკვდრად შობილი“.

დაბადების მოწმობა მკვდრად შობილზე არ გაიცემა .

თუ ბავშვი დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალა (რამდენიმე წუთიც თუ იცოცხლა), დგება ორი სააქტო ჩანაწერი: ცალკე დაბადებაზე და ცალკე გარდაცვალებაზე. გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა.

  1. დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების ან ერთი მათგანის წერილობითი ან ზეპირი განცხადების საფუძველზე იმ საბუთების წარდგენის შემდეგ, რომლებიც ამ ინსტრუქციის 42-ე მუხლშია ჩამოთვლილი. განცხადება შეიტანება ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მხოლოდ მკვდარი ბავშვის დაბადების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში. მშობლების ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში, ან თუ სხვა მიზეზებით მათ საშუალება არა აქვთ დაწესებულ ვადაში შეიტანონ განცხადება დაბადების შესახებ, განცხადების შეტანა შეუძლიათ ნათესავებს, აგრეთვე იმ პირთ, რომელთა მზრუნველობაშიაც ბავშვი იმყოფება, ან იმ სამშობიარო სახლის (საავადმყოფოს) ადმინისტრაციას, სადაც ბავშვის დედამ იმშობიარა.

დაბადების რეგისტრაცია წარმოებს უფასოდ.

ახალშობილი ბავშვის სახელისა და გვარის ჩაწერა

  1. სახელი ბავშვს ერქმევა მშობლების ან მათ შემცვლელი პირთა სურვილით.

  2. ბავშვი იწერება მშობლების გვარზე, თუ მშობლებს სხვადასხვა გვარი აქვთ, მაშინ, მათი თანხმობით, ერთ-ერთი მშობლის გვარზე იწერება.

  3. თუ ბავშვი შეეძინა დედას, რომელიც ქორწინების რეგისტრაციაში არ არის გატარებული, დაბადების რეგისტრაციის დროს დედის გვარზე იწერება და მამის სახელიც დედის მითითებით ეძლევა. სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში ცნობები მამის შესახებ არ შეიტანება.

  4. თუ დედა, ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემდეგ, ბავშვის მამასთან რეგისტრაციაში გატარდა, მათი ერთობლივი სურვილის საფუძველზე, რომელიც წერილობით უნდა იქნეს განცხადებული, და ქორწინების მოწმობის წარდგენის შემდეგ მმაჩის ბიურო ბავშვის სააქტო ჩანაწერში შეიტანს ცნობებს ბავშვის მამის შესახებ, ბავშვის გვარს მამის გვარით შეცვლის და საჭიროების შემთხვევაში შეუცვლის ბავშვს მამის სახელს. შეცვლის აგრეთვე დედის გვარს, თუ მან ქორწინების რეგისტრაციის დროს ქმრის გვარი მიიღო, და ადრე გაცემული მოწმობის მაგივრად გასცემს ბავშვის დაბადების ახალ მოწმობას.

თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მმაჩის სხვა ბიუროში მოხდა, მაშინ მშობლებისაგან მიღებული განცხადება, ბავშვის დაბადების მოწმობა და მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, მმაჩის ბიუროში შემოწმებული, იქ გადაიგზავნება.

მმაჩის ბიურო, სადაც ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოხდა, მიიღებს რა აღნიშნულ მასალებს, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეიტანს საჭირო დამატებებს და შესწორებებს, გამოწერს ბავშვის დაბადების ახალ მოწმობას და უგზავნის მას იმ ადგილს მმაჩის ბიუროს, სადაც ცხოვრობენ მშობლები, რათა ეს მოწმობა მათ გადაეცეს.

სააქტო ჩანაწერის შესწორებისათვის განმცხადებელი ახალი მოწმობის მიღებისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 5 მანეთის რაოდენობით. ბაჟის გადახდა წარმოებს ამ ინსტრუქციის 165-ე მუხლში აღნიშნული წესის მიხედვით.

დამატებისა და შესწორების შესახებ სააქტო ჩანაწერების მე-19 გრაფაში კეთდება შენიშვნა:

„მამის შესახებ ცნობების შეტანა, ბავშვის და მისი დედის გვარის გამოცვლა მოხდენილია მშობლების განცხადებისა და მოქ . . . და მოქ . . . . . . . . ქორწინების მოწმობის საფუძველზე. მოწმობის სერია № . . . გაცემული „ „ . . . . . . . . 19 . . წ . . . . . . . . . . . . . . . .. . ოლქის (მხარის, რესპუბლიკის) . . . . . . . რაიონის მმაჩის ბიუროს, სასოფლო (სადაბო) საბჭოს მიერ“.

ტყუპების დაბადების რეგისტრაცია

  1. ტყუპების დაბადების რეგისტრაცია ხდება ცალ-ცალკე, თვითეულ ბავშვზე ცალკე სააქტო ჩანაწერი დგება და გაიცემა დაბადების ცალკე მოწმობა.

აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთა დაბადების რეგისტრაცია

  1. იმ ბავშვთა დაბადების რეგისტრაცია, რომლებიც აღსაზრდელად გადაეცემიან საბავშვო დაწესებულებებს (საბავშო სახლი, საბავშო ბაღი) ან ოჯახს, უნდა მოხდეს სამი დღე-ღამის განმავლობაში, თუ მათი დაბადება ადრე არ იყო რეგისტრირებული.

ნაპოვნი ბავშვების დაბადების რეგისტრაცია

  1. ნაპოვნი ბავშვების დაბადების რეგისტრაცია ხდება მათ მპოვნელ პირთა ან საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის წერილობითი ან ზეპირი განცხადების საფუძველზე.

განცხადებას ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ თან ერთვის ქალაქი (რაიონის) მილიციის განყოფილების ოქმი, რომელშიც აღნიშნულია როდის, სად და რა ვითარებაში იპოვეს ბავშვი.

განცხადება შეტანილი უნდა იქნეს ბავშვის პოვნიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში.

  1. გვარი, სახელი და მამის სახელი ნაპოვნ ბავშვს ეძლევა საბავშვო დაწესებულების წარმომადგენლის ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად აიყვანა.

სააქტო ჩანაწერში განყოფილება მშობლების შესახებ არ ივსება, მე-19 გრაფაში კი აღინიშნება – „ბავშვი ნაპოვნია“, სახელწოდება და მისამართი საბავშვო დაწესებულებისა, ან გვარი, სახელი, მამას სახელი და მისამართი იმ პირისა, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად აიყვანა.

უცხოელთა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ბავშვების დაბადების რეგისტრაცია

  1. საბჭოთა კავშირში მცხოვრებ უცხოელთა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ბავშვების დაბადების რეგისტრაცია ხდება საერთო წესით.

დაბადების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები

  1. თუ ბავშვის დაბადება არ იყო რეგისტრირებული ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში, რეგისტრაცია წარმოებს სააქტო ჩანაწერების აღდგენის წესით, რაც მოცემულია ამ ინსტრუქციის 120-ე მუხლში. სააქტო ჩანაწერის აღდგენისათვის ამ შემთხვევაში ბაჟი არ გადახდება.

  2. თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დროს აღმოჩნდება, რომ ის პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ქორწინებაში ბავშვის დედასთან, გარდაიცვალა, მაშინ იგი სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში იწერება როგორც ბავშვის მამა, იმ პირობით, თუ მისი სიკვდილის დღიდან ბავშვის დაბადებამდე ათ თვეზე მეტი არ გასულა. აღნიშნული პირის გარდაცვალების დრო და სიცოცხლეში ბავშვის დედასთან მისი საქორწინო ურთიერთობა უნდა დასტურდებოდეს ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობებით.

  3. იმ შემთხვევაში, როცა ქორწინებაში რეგისტრირებული ქალი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დროს აცხადებს, რომ მისი ქმარი ბავშვის მამა არ არის, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცნობები ბავშვის მამის შესახებ არ შეიტანება. ამასთან, დაბადების სააქტო ჩანაწერის მე-19 გრაფაში აღინიშნება: „ვარ შეუღლებული მოქ . . . . . თან; გთხოვთ მის შესახებ ცნობებს სააქტო ჩანაწერში ნუ შეიტანთ, ვინაიდან იგი ბავშვის მამა არ არის “. ამ განცხადებას ბავშვის დედა ადასტურებს საკუთარი ხელის მოწერით. ასეთ შემთხვევაში ბავშვი იწერება დედის გვარზე და მისივე მითითებით მიეკუთვნება მამის სახელი.

დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები

  1. დაბადების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

ა) დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან (საავადმყოფოდან). თუ მშობიარობა სახლში მოხდა, წარედგინება იმ ექიმის ცნობა, რომელმაც ამ დროს დახმარება აღმოუჩინა. ბავშვის იმ ადგილას დაბადების შემთხვევაში, სადაც საექიმო პუნქტი არ არის, დაბადების ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს ორი მოწმის ხელის მოწერით სააქტო ჩანაწერების მე-15 გრაფაში. ამავე გრაფაში აღინიშნება მოწმეების გვარები და მისამართები.

თუ ბავშვი მკვდარი დაიბადა, ეს გარემოება აღინიშნება დაბადების შესახებ წარმოდგენილ ექიმის ცნობაში.

იმ ადგილებში, სადაც საექიმო პუნქტი არ არის, მკვდარი ბავშვის დაბადების ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს ორი მოწმის ხელის მოწერით სააქტო ჩანაწერის მე-15 გრაფაში.

ბ) მშობლების პასპორტები ან მათი პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთები. ოფიცრებისა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირთათვის − პირადობის მოწმობა; ვადიან სამსახურში მყოფი ჯარისკაცების, მატროსების, სერჟანტებისა და ზემდეგებისათვის − ვადიანი სამხედრო სამსახურის წიგნაკი; უცხოელებისა და მოქალაქეობის მოკლებულ პირთათვის − ბინადრობის მოწმობა.

თუ მამის საბუთის წარმოდგენა შეუძლებელია მისი მივლინებაში, შვებულებაში, სამკურნალოდ ყოფნის გამო ან სხვა რაიმე მიზეზებით, მაშინ წარედგინება მხოლოდ დედის საბუთი. ამასთან, თუ ბავშვის მშობლები სხვადასხვა გვარს ატარებენ, ბავშვი უნდა დაიწეროს მამის ან დედის გვარზე ორივე მშობლის ერთობლივი თანხმობით.

უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ბავშვებს დაბადების რეგისტრაციის ყველა შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

გ) მშობლების ქორწინების მოწმობა.

ქორწინების მოწმობის უქონლობის შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაციის საბუთად გამოდგება სათანადო აღნიშვნა პასპორტში ან მშობლების პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთში.

ახალშობილი ბავშვების ჩაწერა მშობლების პასპორტში

  1. დაბადების რეგისტრაციის დროს ორივე მშობლის პასპორტებსა ან სხვა საბუთებში შეაქვთ ცნობები ბავშვის შესახებ დაბადების მოწმობის სერიის, ნომრისა და გაცემის თარიღის აღნიშვნით.

ცნობები იმ ბავშვთა შესახებ, რომლებიც დაბადებულნი არიან საბჭოთა მოქალაქეებთან უცხოელების ან მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ქორწინების შედეგად, აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი მშობლის − საბჭოთა მოქალაქის პასპორტში.

დაბადების სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და

დაბადების მოწმობის შევსება

  1. სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და დაბადების მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშებისა (დანართები №1 და №2).

დაბადების მოწმობის გაცემა

46. შეადგენს, რა დაბადების სააქტო ჩანაწერს, მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) ხელს აწერინებს მასზე განმცხადებელს, შემდეგ გამოწერს მოწმობას, ხმამაღლა წაიკითხავს მის შინაარსს, რის შემდეგაც მოწმობას აძლევს განმცხადებელს.

ამავე დროს, საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელს ეძლევა ცნობა დაბადების შესახებ (დანართი №3) დამზღვევ სალაროში წარსადგენად.

47. მოწმობის სერია და ნომერი შეიტანება სააქტო ჩანაწერის მე-16 გრაფაში, სადაც ხელს აწერს განმცხადებელი მოწმობის მიღების დროს.

პასუხისმგებლობა დაბადების რეგისტრაციის

ვადების დარღვევისათვის

48. დაბადების დაგვიანებით რეგისტრაციის დროს გამოირკვევა რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადების დარღვევის მიზეზები. თუ ეს მიზეზები არასაპატიოა, დამნაშავეზე დგება ოქმი (დანართი №4), რომელიც იგზავნება საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომში დაჯარიმების საკითხის გადასაწყვეტად. სააქტო ჩანაწერის მე-19 გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის ვადის დარღვევის მიზეზი.

ამავე წესით, აგებენ პასუხს ის პირები, რომლებმაც თავი აარიდეს დაბადების რეგისტრაციას.

ვადაგადაცილებული რეგისტრაციის საპატიო მიზეზები

49. ვადაგადაცილებული რეგისტრაციის საპატიო მიზეზებად ითვლება: იმ პირის ავადმყოფობა, ვისაც დაბადების რეგისტრაცია ევალებოდა, სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა და სხვა.

ნაწილი IV

გარდაცვალების რეგისტრაცია

გარდაცვალების რეგისტრაციის წესი და ვადები

49. გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი პირი ცხოვრობდა, ანდა იქ, სადაც ის გარდაიცვალა.

გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს უფასოდ.

50. განცხადება გარდაცვალების შესახებ უნდა გაკეთდეს სიკვდილის მომენტიდან არაუგვიანეს სამი დღე-ღამისა.

51. ძალმომრეობით სიკვდილის, თვითმკვლელობის, უბედური შემთხვევის გამო სიკვდილის, აგრეთვე გვამის აღმოჩენის შემთხვევაში, განცხადება გარდაცვალების შესახებ უნდა გაკეთდეს სიკვდილის აქტის ან გვამის აღმოჩენის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.

52. გარდაცვალების რეგისტრაცია ასეთ შემთხვევაში წარმოებს სიკვდილის მიზეზის შესახებ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტის ან ექიმ-ექსპერტის მოწმობის საფუძველზე და მილიციის საქალაქო (რაიონული) განყოფილების უფროსის, გამომძიებლის ან პროკურორის ცნობის საფუძველზე გვამის დაკრძალვის დამაბრკოლებელი მიზეზის არარსებობის შესახებ.

53. განცხადება გარდაცვალების შესახებ კეთდება წერილობით ან ზეპირად გარდაცვალებულის ნათესავების (მეზობლების), სახლმმართველობის ან იმ სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც ის გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს ექიმის მოწმობით, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საექიმო პუნქტი არ არის, ორი მოწმის ხელის მოწერით. მოწმეები ხელს აწერენ სააქტო ჩანაწერის მე-13 გრაფაში. ამავე გრაფაში უნდა აღინიშნოს მოწმეების გვარები და მისამართები.

54. გარდაცვალების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ექიმის მოწმობა გარდაცვალების შესახებ დაერთვის სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარს. მოწმობაზე დაისმება სააქტო ჩანაწერის ნომერი და გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი.

55. თუ გარდაცვალების რეგისტრაციის დროს გამოირკვა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მზრუნველობის გარეშე დარჩნენ, მმაჩის ბიურომ იმავე დღეს უნდა აცნობოს ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.

სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია

56. სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს საერთო წესით.

უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა

გარდაცვალების რეგისტრაცია

57. უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ეროვნული პასპორტები და „ბინადრობის მოწმობები უცხოელებისათვის“, აგრეთვე „ბინადრობის მოწმობები მოქალაქეობას მოკლებულ პირთათვის“ ჩამოერთმევა და გარდაცვალების მოწმობებთან ერთად გადაეცემა ქალაქის (რაიონის) მილიციის განყოფილებას მილიციის სამმართველოს ვიზებისა და უცხოელების რეგისტრაციის განყოფილებაში გადასაგზავნად.

უცხოელების ან მოქალაქეობას მოკლებულ პირთა გარდაცვალების მოწმობები ეძლევათ მხოლოდ გარდაცვალებულთა ახლო ნათესავებს (მშობლებს, ძმებს, დებს, შვილებს), აგრეთვე მეუღლეებს.

გარდაცვალების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები

58. სასამართლო წესით მკვდრად აღიარებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს სასამართლოს დადგენილების საფუძველზე. ამასთან, გარდაცვალების დროდ, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 255 მუხლის შესაბამისად, აღინიშნება სასამართლოს მიერ დადგენილების გამოტანის თარიღი.

59. ერთ წელზე მეტი ხნის წინათ გარდაცვალებულ, აგრეთვე სასამართლო წესით მკვდრად აღიარებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს სპეციალურად განკუთვნილ სააქტო წიგნში.

60. გზად მიმავალთა (მატარებელში, გემზე, და ა.შ.) გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება მახლობელ მმაჩის ბიუროში ან სასოფლო (სადაბო) საბჭოში გარდაცვალების შესახებ ექიმის მოწმობის საფუძველზე.

61. საზღვარგარეთ ან შორეულ მოგზაურობის გემებზე გარდაცვალებულთა რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვალების შესახებ ექიმის მოწმობის საფუძველზე პირველსავე ნავსადგურში მისვლისას. რეგისტრაცია წარმოებს სანავსადგურო ქალაქის მმაჩის ბიუროში (სსრ კავშირის ტერიტორიაზე), ან სსრ კავშირის საკონსულო დაწესებულებაში (საზღვარგარეთ), თუ სანავსადგურო ქალაქში ასეთი დაწესებულება არსებობს.

62. პოლარულ სადგურებში, სტაციონარულ ექსპედიციებსა და უკიდურესი ჩრდილოეთის ზოლში განლაგებულ ჩრდილოეთის საზღვაო გზის მთავარი სამმართველოს წარმოება-დაწესებულებებსა და მათ ახლო ადგილებში გარდაცვალებულთა რეგისტრაცია წარმოებს მიცვალებულის ნათესავების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღნიშნული დაწესებულების ცნობის საფუძველზე, თუ რეგისტრაცია გარდაცვალების ადგილზე არ მომხდარა.

63. უცნობი (გამოუცნობი) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის დროს სააქტო ჩანაწერში შეიტანება მხოლოდ რეგისტრაციისათვის საჭირო ის ცნობები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაშია მოცემული.

შეტყობინება საბჭოთა კავშირის ორდენებითა და მედლებით

დაჯილდოებული პირთა გარდაცვალების შესახებ

64. გარდაცვალების რეგისტრაციის დროს უნდა გამოირკვეს გარდაცვალებული პირი იყო თუ არა საბჭოთა კავშირის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებული. დადებით შემთხვევაში მმაჩის ბიუროს გამგე ავსებს ცნობას (დანართი №5), რომელიც ეგზავნება მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.

გარდაცვალებულის პირადი საბუთების შესახებ

65. თუ გარდაცვალებულს პასპორტი ან სამხედრო ბილეთი ჰქონდა, მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) გარდაცვალების რეგისტრაციის დროს იღებს ამ საბუთებს და პირველ გვერდზე მელნით აკეთებს აღნიშვნას: „პასპორტის (სამხედრო ბილეთის) მფლობელი გარდაიცვალა 19— წ. „—„ სააქტო ჩანაწერი №——:“. სააქტო ჩანაწერის გრაფაში – „განსაკუთრებული აღნიშვნები“ ჩაიწერება პასპორტისა და სამხედრო ბილეთის ჩაბარების, ან საბუთების უქონლობის შესახებ, გარდაცვალების შესახებ, განმცხადებლის ხელის მოწერით. პასპორტისა და სამხედრო ბილეთის ჩაბარების შესახებ განმცხადებელს ეძლევა ბეჭდით შემოწმებული ხელწერილი.

პასპორტის ან სამხედრო ბილეთის ჩაუბარებლობამ არ შეიძლება გამოიწვიოს გარდაცვალების რეგისტრაციის დაბრკოლება.

66. გარდაცვალებულთა პასპორტები და სამხედრო ბილეთები სიით გადაეცემა: პასპორტები – ქალაქის (რაიონის) მილიციის განყოფილებას, ხოლო სამხედრო ბილეთები — ქალაქის (რაიონის) სამხედრო კომისარიატს.

პასპორტებისა და სამხედრო ბილეთების ჩაბარება წარმოებს კვირაში ერთხელ, ხოლო მმაჩის ბიურო, რომელსაც არ გააჩნია ცეცხლგამძლე კარადა ან რკინის ყუთი, აღნიშნულ საბუთებს აბარებს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს.

67. პასპორტის ან სამხედრო ბილეთის ჩაუბარებლობის შესახებ ეცნობება ქალაქის (რაიონის) მილიციის განყოფილებას, ან ქალაქის (რაიონის) სამხედრო კომისარიატს.

სააქტო ჩანაწერების ბლანკების და გარდაცვალების

მოწმობების შევსება

68. გარდაცვალების სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და გარდაცვალების მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშებისა (დანართები №№ 6-7).

გარდაცვალების მოწმობის გაცემა

69. სააქტო ჩანაწერის გაფორმების შემდეგ გამოიწერება მოწმობა გარდაცვალების შესახებ. მოწმობის სერია და ნომერი შეიტანება სააქტო ჩანაწერის მე-14 გრაფაში. ამავე გრაფაში განმცხადებელი ხელს აწერს მოწმობის მიღებაზე.

ამავე დროს, განმცხადებლის თხოვნით, გაიცემა ცნობა გარდაცვალების შესახებ (დანართი №8) დამზღვევ სალაროში წარსადგენად.

პასუხისმგებლობა გარდაცვალების რეგისტრაციის

ვადების დარღვევისათვის

70. თუ განცხადება გარდაცვალების შესახებ არასაპატიო მიზეზებით თავის დროზე არ იქნა გაკეთებული (ინსტრუქციის 48-ე მუხლი), ან დადგინდა გარდაცვალების რეგისტრაციისაგან თავის არიდების ფაქტი, დამნაშავეზე დგება ოქმი (დანართი №4), რომელიც გადაეცემა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომს დაჯარიმების საკითხის გადასაწყვეტად.

გარდაცვალების რეგისტრაციის ვადის დარღვევის მიზეზების შესახებ აღნიშვნა კეთდება სააქტო ჩანაწერის მე-14 გრაფაში.

ნაწილი V

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინების რეგისტრაციის პირობები

71. ქორწინების რეგისტაცია წარმოებს მექორწინე წყვილი ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

72. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს იმ მოთხოვნათა დაცვით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით.

73. ის პირი, რომელიც ქორწინების რეგისტრაციის დროს დამალავს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს, ან მმაჩის ბიუროს მიაწვდის ყალბ ცნობებს, ეძლევა პასუხისგებაში საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე.

ქორწინების რეგისტრაციის წესი

74. დაქორწინების მსურველ პირთა მიმართვისას მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) აძლევს მათ განცხადების ბლანკს (დანართი №9 ), ხმამაღლა წაუკითხავს საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების შინაარსს და აფრთხილებს, რომ ყალბი ცნობების მიწოდების ან ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების დამალვის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით. ამის შემდეგ მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) დაქორწინების მსურველთ წინადადებას აძლევს შეავსონ განცხადების ბლანკი და ხელი მოაწეროს მას.

განცხადების მიღებისას მექორწინეებს აფრთხილებენ, რომ ქორწინების რეგისტრაციის დროს ისინი ვალდებული არიან გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი.

75. განცხადება დაქორწინების შესახებ ივსება მმაჩის ბიუროში და მას ხელს აწერს ორივე მექორწინე პირი მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებელი) თანდასწრებით.

76. განცხადების შევსებისას და წარმოდგენილ საბუთებთან მისი შეჯერების შემდეგ მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი), მექორწინე წყვილთან შეთანხმებით, დანიშნავს ქორწინების რეგისტრაციის დღესა და საათს, კვირა დღის ჩათვლით. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს განცხადების შეტანიდან 3-5 დღის შემდეგ, იმ ანგარიშით, რომ ის არ დაემთხვევა გარდაცვალების ან განქორწინების რეგისტრაციას. ქორწინების რეგისტრაციისათვის დანიშნული დროის შესახებ კეთდება აღნიშვნა განცხადებაზე. საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 141 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია მმაჩის ბიუროს ფარგლებს გარეთაც.

77. თუ ქორწინების რეგისტრაციამდე ვინმესგან შემოვიდა განცხადება ქორწინების რეგისტრაციისათვის კანონიერი დაბრკოლების არსებობის შესახებ და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოს მიერ განცხადება მიჩნეულ იქნა ყურადღების ღირსად, თანამდებობის პირი, რომელიც ჩაწერას აწარმოებს, ვალდებულია შეაჩეროს რეგისტრაცია და შეისწავლოს აღნიშნული განცხადება. ქორწინების გადადების შესახებ უნდა ეცნობოს დაქორწინების მსურველ პირთ.

78. თუ საქმის შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში შემოწმების შედეგად არ იქნება დადგენილი ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებანი, მაშინ ქორწინების რეგისტრაცია მოხდეს საერთო წესით.

79. ქორწინების რეგისტრაცია უნდა მოხდეს დანიშნულ დღესა და საათზე მექორწინე წყვილისა და მათ მიერ ამორჩეული ორი მოწმის დასწრებით. მექორწინეთა სურვილის თანახმად ქორწინების რეგისტრაციას შეუძლიათ დაესწრონ მათი ნათესავები და ნაცნობები.

80. დანიშნულ დღეს ქორწინების სარეგისტრაციოდ გამოცხადებული პირნი მათ მოწმეებსა, ნათესავებსა და ნაცნობებთან ერთად მიიწვევიან სააქტო დარბაზში, მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) შეავსებს ქორწინების სააქტო ჩანაწერს და ხელს აწერინებს მასზე მექორწინეებს. შემდეგ გამოწერს ქორწინების მოწმობას, ხმამაღლა წაიკითხავს მის შინაარსს და მოწმობას გადასცემს მეუღლეებს, რაზედაც ისინი ხელს აწერენ სააქტო ჩანაწერის მე-16 გრაფაში.

2. ინსტრუქცია

81. თუ შემდეგ დადგენილი იქნება, რომ ქორწინების რეგისტრაციაში გატარებულმა პირებმა დამალეს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, ან თავიანთ შესახებ ყალბი ცნობები მიაწოდეს, მმაჩის ბიურო ამის შესახებ ატყობინებს ქალაქის (რაიონის) პროკურორს დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად და საჭირო შემთხვევაში აღძრავს საქმეს ქორწინების გაუქმების შესახებ.

82. იმ პირთა ქორწინების რეგისტრაციის დროს, რომელთაც საერთო ბავშვები ჰყავთ, მათ განემარტებათ ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერებში მამის შესახებ ცნობების დამატებით შეტანის წესი.

წინათ დაქორწინებულ პირთა

ახალი ქორწინების რეგისტრაცია

83. იმ პირებს, რომლებიც ადრე იყვნენ გატარებული ქორწინების რეგისტრაციაში, ახალი ქორწინების რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ წინანდელი ქორწინების შეწყვეტის მოწმობის წარდგენის შემდეგ.

84. თუ ერთი მეუღლე გარდაიცვალა, მეორის ახალი ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ.

85. ერთი მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, მეორის ახალი ქორწინება შეიძლება რეგისტრირებულ იქნას მხოლოდ იმ პირობით, თუ ის წარადგენს უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეუღლესთან განქორწინების მოწმობას.

ქორწინების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევა

86. იმ პირებს, რომლებიც ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იყვნენ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების - „ორსული ქალებისათვის, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის სახელმწიფო დახმარების გადიდების, დედისა და ბავშვის დაცვის გაძლიერების, „გმირი დედის“ საპატიო წოდების, „სახელოვანი დედის“ ორდენისა და „დედობის მედლის“ დაწესების შესახებ“ - გამოცემამდე, შეუძლიათ გააფორმონ თავიანთი ურთიერთობა ქორწინების რეგისტრაციის გზით საქორწინო ურთიერთობის აღმოცენების დროს აღნიშვნით. საქორწინო ურთიერთობის აღმოცენების დრო, სააქტო ჩანაწერის მე-13 გრაფაში დაქორწინების მოწმობაში ჩაიწერება მექორწინეთა სიტყვიერი განცხადებას საფუძველზე სიტყვის „დაქორწინდნენ“ შემდეგ.

87. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ ურთიერთობაში მყოფ პირთა ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის რეგისტრაცია შეუძლებელია ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების გამო, მეორე მხარეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სახალხო სასამართლოს იმის შესახებ, რომ იგი სცნონ გარდაცვალებულის მეუღლედ იმ პირობების არსებობისას, რაც გათვალისწინებულია სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წ. 10 ნოემბრის ბრძანებულებაში.

88. ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლში გათვალისწინებული წესით ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის გაფორმების შემთხვევაში ქორწინების სააქტო ჩანაწერში მე-13 გრაფაში აღინიშნება სასამართლოს სახელწოდება, რომელმაც მიიღო დადგენილება საქორწინო ურთიერთობის აღიარების შესახებ და დადგენილების გამოტანის თარიღი. სასამართლოს დადგენილება ინახება იმ მმაჩის ბიუროს საქმეებში, რომელმაც გააფორმა საქორწინო ურთიერთობა. საქორწინო ურთიერთობის გაფორმებისათვის მექორწინეები იხდიან სახელმწიფო ბაჟს ჩვეულებრივი წესით.

89. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქორწინებელ ქალს საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომი, კანონის საფუძველზე, დაუკლებს საქორწინო ასაკს, ქორწინების რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აღმასკომის სათანადო გადაწვეტილების ასლის წარდგენის შემდეგ. სააქტო ჩანაწერის მე-13 გრაფაში აღინიშნება: „ . . . . . . აღმასკომის 19 . . . წ . . . . . № . . . გადაწყვეტილებით მოქ . . . . თვის დაკლებულია საქორწინო ასაკი . . . . . თვით“.

გვარის გამოცვლა ქორწინების რეგისტრაციის დროს

90. ქორწინების რეგისტრაციის დროს ორივე მექორწინე პირს შეუძლია მიიღოს ქმრის ან ცოლის გვარი, ან დარჩნენ თავიანთ ქორწინებამდელ გვარზე.

ქორწინებასთან დაკავშირებით უცხოელის ან მოქალაქეობას მოკლებული პირის მიერ გვარის გამოცვლის შესახებ უნდა ეცნობოს მილიციის სამმართველოს ვიზებისა და უცხოელების რეგისტრაციის განყოფილებას.

ქორწინების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები

91. ქორწინების რეგისტრაციის დროს მექორწინე პირმა უნდა წარმოადგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი; იმ ადგილების მცხოვრებლებმა, სადაც საპასპორტო სისტემა არ არის შემოღებული ­ დაბადების მოწმობა ან კოლმეურნის წიგნაკი; ოფიცრებმა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა პირებმა - პირადობის მოწმობა; ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა ჯარის კაცებმა, მატროსებმა სერჟანტებმა და ზემდგომებმა - ვადიანი სამხედრო სამსახურის წიგნაკი; უცხოელებმა -ბინადრობის მოწმობა უცხოელთათვის და ნაციონალური პასპორტი, ან მხოლოდ ნაციონალური პასპორტი, თუ მაშინ არის ჩანაწერი საბჭოთა კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ; მოქალაქეობას მოკლებულმა პირებმა - ბინადრობის მოწმობა მოქალაქეობას მოკლებულ პირთათვის.

ქორწინების რეგისტრაციის აღნიშვნა საბუთებში

92. მექორწინე პირთა საბუთებში ისმება ქორწინების რეგისტრაციის შტამპი (დანართი №10), სადაც აღინიშნება მეუღლის გვარი, სახელი, მამის სახელი და დაბადების წელი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი და დრო.

93. საქორწინო რეგისტრაციის შტამპი დაისმება:

ა) პასპორტში - გვერდზე „განსაკუთრებული აღნიშვნები“,

ბ) დაბადების მოწმობაში - მეოთხე გვერდზე;

გ) ოფიცრებისა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფთა პირადობის მოწმობაში და ვადიანი სამხედრო სამსახურში მყოფთა სამსახურის წიგნაკებში - უკანასკნელ სუფთა გვერდზე;

დ) უცხოელების ნაციონალური პასპორტებში - პირველ სუფთა გვერდზე და ბინადრობის მოწმობებში გვერდზე - „სხვა აღნიშვნები“, ხოლო მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ბინადრობის მოწმობებში გვერდზე - „განსაკუთრებული აღნიშვნები“.

94. იმ პირის პასპორტში, რომელმაც ქორწინების რეგისტრაციის დროს მიიღო მეუღლის გვარი, ქორწინების რეგისტრაციის შტამპის ქვეშ კეთდება აღნიშვნა: „გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით პასპორტი უნდა შეიცვალოს ქორწინების რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში“.

სახელმწიფო ბაჟი ქორწინების რეგისტრაციისათვის

95. ქორწინების რეგისტრაციისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 15 მანეთის ოდენობით.

სახელმწიფო ბაჟის მარკები უნდა დაეკრას განცხადებას ქორწინების შესახებ ზედა მარჯვენა კუთხეში და გაუქმდეს მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებელის) ხელის მოწერით, გაუქმების თარიღის აღნიშვნით.

განცხადება ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ინახება ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგ ისპობა დადგენილი წესის მიხედვით.

სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და ქორწინების მოწმობების შევსება

96. სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და ქორწინების მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშებისა და (დანართები №11 და №12).

ნაწილი VI

განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინების რეგისტრაციის წესი და ადგილი

97. განქორწინების რეგისტრაცია ხდება განქორწინების მსურველი ცოლ-ქმრის ან ერთი მათგანის განცხადებისა და საოლქო, სამხარეო, საოკრუგო, საქალაქო სასამართლოს ან მოკავშირე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყოფილი ცოლ-ქმრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმაჩის ბიუროში.

განცხადებას განქორწინების რეგისტრაციის შესახებ თან ერთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელიც აღნიშნულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო, აგრეთვე სახბანკის განყოფილების ქვითარი სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.

იმის მიუხედავად, თუ როდის არის მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, განქორწინების დროდ ითვლება მმაჩის ბიუროში განქორწინების რეგისტრაციის თარიღი.

98. იმ შემთხვევაში, როდესაც განქორწინების მსურველმა ერთმა მეუღლემ გადაიხადა სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი, ან განთავისუფლებული იქნა ბაჟის გადახდისაგან, განქორწინების რეგისტრაცია ხდება იმის მიუხედავად, მეორე მეუღლემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა თუ არა.

99. განქორწინების რეგისტრაციის შესახებ გაიცემა მოწმობა, რაზედაც მიმღები ხელს აწერს სააქტო ჩანაწერის მე-13 გრაფაში.

100. განქორწინების მოწმობა ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელმაც გადაიხადა კუთვნილი სახელმწიფო ბაჟი, ან სრულიად იქნა განთავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.

101. განქორწინების რეგისტრაციამდე მოწმდება, ადრე ხომ არ იყო რეგისტრირებული ერთ-ერთი მეუღლის განქორწინება. თუ განქორწინება რეგისტრირებულია, მაშინ, საჭირო შემთხვევაში, სააქტო ჩანაწერი შეივსება ცნობებით, ხოლო მთხოვნელ ყოფილ მეუღლეს, არსებული ჩანაწერის საფუძველზე ეძლევა მოწმობა.

102. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი განქორწინების შესახებ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ჩაეკერება განქორწინების საქმეებში, რომელიც ინახება ორ წლამდე, ხოლო შემდეგ ისპობა.

გვარის ჩაწერა განქორწინების შემდეგ

103. განქორწინების რეგისტრაციის დროს განსაქორწინებელ პირთა გვარების ჩაწერა სააქტო ჩანაწერში და განქორწინების მოწმობაში ხდება სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

თუ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის გაყრილთათვის ქორწინებამდელი გვარების მიკუთვნების შესახებ, სააქტო ჩანაწერსა და განქორწინების მოწმობაში შეიტანება ის გვარები, რომლებიც მათ მიეკუთვნათ ქორწინების რეგისტრაციის დროს.

104. განქორწინებულ ცოლ-ქმართა შვილები რჩებიან იმ გვარზე, რაც მათ მიაკუთვნეს დაბადების რეგისტრაციის დროს.

განქორწინების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები

105. განქორწინების რეგისტრაციის დროს განსაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ან მათი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთები: იმ ადგილების მცხოვრებლებმა, სადაც საპასპორტო სისტემა არ არის შემოღებული—დაბადების მოწმობა ან კოლმეურნის წიგნაკი; ოფიცრებმა და ზევადიანი სამხედრო სამსახურში მყოფმა პირებმა - პირადობის მოწმობა; ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა ჯარისკაცებმა, მატროსებმა სერჟანტებმა და ზემდეგებმა—ვადიანი სამხედრო სამსახურის წიგნაკი; უცხოელებმა—ბინადრობის მოწმობა უცხოელისათვის და ნაციონალური პასპორტი ან მხოლოდ ნაციონალური პასპორტი, თუ მასში არის ჩანაწერი საბჭოთა კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ; მოქალაქეობას მოკლებულმა პირებმა—ბინადრობის მოწმობა მოქალაქეობას მოკლებულ პირისათვის.

განქორწინების რეგისტრაციის აღნიშვნა საბუთებში

106.განქორწინების რეგისტრაციაში გატარებულ პირთა საბუთებში ისმება განქორწინების შტამპი (დანართი №13 ).

განქორწინების რეგისტრაციის შტამბი ისმება:

ა) პასპორტებში—გვერდზე „განსაკუთრებული აღნიშვნები“;

ბ) დაბადების მოწმობებში—მეოთხე გვერდზე;

გ) ოფიცრებისა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფთა პირადობის მოწმობებში და ვადიან სამსახურში მყოფ სამხედრო, მოსამსახურეთა წიგნაკებში—უკანასკნელ, სუფთა გვერდზე;

დ) უცხოელების ნაციონალურ პასპორტებში—პირველ სუფთა გვერდზე და ბინადრობის მოწმობებში—გვერდზე „სხვა აღნიშვნები“, ხოლო მოქალაქეობას მოკლებულ პირთა ბინადრობის მოწმობებში—გვერდზე „განსაკუთრებული აღნიშვნები“.

107.თუ პიროვნებას, რომლის პასპორტშიც ისმება განქორწინების შტამპი, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქორწინებამდელი გვარი მიეკუთვნა, შტამპის ქვეშ კეთდება აღნიშვნა: „გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით პასპორტი უნდა შეიცვალოს განქორწინების რეგისტრაციიდან10 დღის განმავლობაში“.

სააქტო ჩანაწერების ბლანკებისაგან ქორწინების მოწმობები

შევსება

108. სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და განქორწინების მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშების (დანართები №14 და №15).

ნაწილი VII

შვილად აყვანის რეგისტრაცია

შვილად აყვანის რეგისტრაციის წესები დაპირებები

109. შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანიზების გადაწყვეტილების საფუძვეზე იმ ადგილის მმაჩის ბიუროში, სადაც მიღებული იქნა შვილად აყვანის გადაწყვეტილება, ან შვილად აყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს უფასოდ.

110. შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ შვილად ამყვანებს ეძლევა შვილად აყვანის მოწმობა, რაზედაც ისინი ხელს აწერენ სააქტო ჩანაწერებს.

შვილად აყვანის რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები

111. შვილად აყვანის რეგისტრაციის დროს შვილად ამყვანებმა უნდა წარმოადგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილების ასლი შვილად აყვანის შესახებ, შვილად აყვანის დაბადების მოწმობა, აგრეთვე თავიანთი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი.

112. რეგისტრაციის შემდეგ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების ასლი ჩაეკვრება სპეციალურ საქმეში, რომელიც ინახება ორი წლის განმავლობაში.

113. თუ შვილად აყვანილის დაბადება რეგისტრაციაში არ იყო გატარებული, რაზედაც არსებობს იმ საბავშვო დაწესებულების ცნობა, საიდანაც მოხდა შვილად აყვანა, ან არ არსებობს სააქტო ჩანაწერი მისი დაბადების შესახებ, მაშინ შვილად აყვანის რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ შვილად აყვანილის დაბადების რეგისტრაციისა დაბადების სააქტო ჩანაწერის აღდგენის შემდეგ.

შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და მოწმობების

შესახებ

114. შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერების ბლანკების და მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშების (დანართები №16 და №17).

შესწორებების შეტანა შვილად აყვანილის დაბადების სააქტო ჩანაწერებში

115. იმ შემთხვევაში, როდესაც შვილად აყვანილს მიაკუთვნებენ შვილად ამყვანის გვარს და მამის სახელად შვილად ამყვანის სახელს, ან შვილად ამყვანები ჩაიწერებიან როგორც მშობლები, მმაჩის ბიუროს შვილად აყვანილის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეაქვს სათანადო შესწორებანი და გასცემს დაბადების მოწმობას შეტანილ შესწორებათა გათვალისწინებით. დაბადების ძველი მოწმობა უქმდება.

შეტანილი შესწორების შესახებ სააქტო ჩანაწერში კეთდება აღნიშვნა: „შესწორება (მიეთითოს რა შესწორებაა) მოხდა შვილად აყვანის მოწმობა № . . . . საფუძველზე, რომელიც გაცემულია 19 . . წ. „ . . . .“ . . . . . . . . . . . . ოლქის (მხარის რესპუბლიკის) . . . . . . . . . . რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ“. აღნიშვნა მოწმდება მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით.

შეტანილი შესწორების შესახებ ეცნობება მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს, სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში შესწორების შესატანად.

116. თუ შვილად აყვანილის დაბადების რეგისტრაცია სხვა ადგილას მოხდა, მმაჩის ბიურო შვილად ამყვანებს აძლევს დაბადების მოწმობას შვილად აყვანის მონაცემების შესაბამისად და მმაჩის ბიუროს, სადაც დაბადების რეგისტრაცია მოხდა, უგზავნის ცნობას (დანართი №18) სააქტო ჩანაწერებში საჭირო შესწორებების შესატანად.

მიღებული ცნობის საფუძველზე მმაჩის ბიუროს სააქტო ჩანაწერში შეაქვს სათანადო შესწორება, რის შემდეგ ცნობას უგზავნის მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში შესწორების შესატანად.

117. გამონაკლის შემთხვევებში, მეურვეობის ორგანოს ნებართვით, შვილად ამყვანთა სურვილით, დასაშვებია შვილად აყვანილის სახელის შეცვლა მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში. ასეთ შემთხვევაში ცვლილების შეტანა დაბადების სააქტო ჩანაწერში წარმოებს ამ ინსტრუქციის 115 და 116 მუხლების შესაბამისად.

შვილად აყვანის გაუქმება

118. სასამართლო გადაწყვეტილებით შვილად აყვანის გაუქმების დროს შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერის მარჯვენა, ზედა კუთხეში კეთდება აღნიშვნა: „ შვილად აყვანა გაუქმებულია თანახმად . . . . . .19 . . წლის გადაწყვეტილებისა“.

შვილად ამყვანებზე გაცემული მოწმობები დაბადებისა და შვილად აყვანის შესახებ გასაუქმებლად ბარდება მმაჩის ბიუროს შვილად ამყვანთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

დაბადების სააქტო ჩანაწერში როგორც პირველ, ისე მეორე ეგზემპლარში, აღდგენილი უნდა იქნეს ყველა ის მონაცემი, რაც შვილად აყვანამდე იყო. ამასთან, საფუძვლად ნაჩვენები უნდა იყოს იმ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა შვილად აყვანა. ამავე დროს ხდება დაბადების ახალი მოწმობის გაცემა.

ნაწილი VII

სააქტო ჩანაწერების აღდგენა

119. დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენა გულისხმობს დაკარგული და განადგურებული სააქტო ჩანაწერების შინაარსის უტყუარ აღდგენას დადგენილი წესით.

120. დაბადების სააქტო ჩანაწერის აღდგენას აწარმოებს მმაჩის ბიურო მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 1381 მუხლის შესაბამისად.

სააქტო ჩანაწერების აღდგენისათვის საჭირო საბუთები

121. დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენისათვის მოქალაქეებმა მმაჩის ბიუროში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება, სადაც აღნიშნულია მოწმობის მიღების მიზანი (დანართი №19).

ბ) დაბადების ადგილის (ოლქის, მხარის, რესპუბლიკის) მმაჩის არქივის ცნობა სააქტო (მეტრიკული) ჩანაწერების არსებობის შესახებ.

გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ამონაწერი საბინაო ან საკომლო წიგნიდან).

დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან.

დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენის წესი

122. განცხადების მიღების დროს მმაჩის ბიუროს გამგე განმცხადებელს აფრთხილებს ყალბი ცნობების წარდგენისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მიღებული განცხადება და საბუთები შეიტანება წიგნში (დანართი №20).

123. პიროვნების წლოვანება აღდგენილ სააქტო ჩანაწერებში აღინიშნება თანახმად არსებული საბუთებისა (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, განათლების მოწმობა, საკომლო წიგნიდან ამონაწერი და ა. შ.) და საექიმო კომისიის დასკვნისა.

124. საბუთების შემოწმებისა და წლოვანების დადგენის შემდეგ მმაჩის ბიუროს გამგე ადგენს დასკვნას სააქტო ჩანაწერის აღდგენის შესახებ, რასაც ამტკიცებს მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.

125. დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე დგება დაბადების სააქტო ჩანაწერი და გაიცემა დაბადების მოწმობა სააქტო ჩანაწერში ხელის მოწერით. დაბადების მოწმობის მესამე გვერდზე, ზემოთ, ისმება შტამპი—„ჩანაწერი აღდგენილია“.

16 წლის ასაკამდე ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენა

126. 16 წლის ასაკამდე ბავშვების სააქტო ჩანაწერების აღდგენა ხდება მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან აღმზრდელის განცხადების საფუძველზე, ხოლო იმ ბავშვებისა, რომლებიც საბავშვო დაწესებულებებში იზრდებიან, ამ დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადების საფუძველზე.

127. განცხადებას ბავშვის სააქტო ჩანაწერის აღდგენის შესახებ ხელს აწერენ მშობლები ან ერთი მშობელი, თუ მეორე გარდაიცვალა, ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ასეთ შემთხვევაში ცნობები ბავშვის მშობლების შესახებ სააქტო ჩანაწერში შეაქვთ იმ პირობით, თუ იქ მყოფ მშობელს (მამას ან დედას) აქვს საბუთი, რითიც დადასტურდება იქ არ მყოფ მეუღლესთან მისი საქორწინო ურთიერთობა.

უცხოელთა და მოქალაქეობას მოკლებულ პირთა სააქტო ჩანაწერების აღდგენა

128. სააქტო ჩანაწერების აღდგენა იმ უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებული პირებისა, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ, წარმოებს მილიციის სამმართველოს ვიზებისა და უცხოელების რეგისტრაციის განყოფილებასთან შეთანხმებით, რომელსაც წინასწარ გასაცნობად ეგზავნება ამ პირთაგან მიღებული განცხადებები და სხვა საბუთები.

129. საზღვარგარეთ დაბადებული უცხოელებისა და მოქალაქეობას მოკლებული პირთა დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენა არ ხდება.

აღდგენილი სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსება

130. აღდგენილი სააქტო ჩანაწერების ბლანკების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშისა (დანართი №21).

სხვა სააქტო ჩანაწერების აღდგენა

131. სააქტო ჩანაწერების აღდგენა ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ წარმოებს მხოლოდ იმ საბუთების (მმაჩის ბიუროს მოწმობა, პასპორტი, თუ მასში არის აღნიშვნა ქორწინების ან განქორწინების შესახებ) წარდგენის შემდეგ, რომლებითაც მტკიცდება, რომ ესა თუ ის სააქტო ჩანაწერი ადრე ნამდვილად იყო შედგენილი, ან რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამ ჩანაწერების აღდგენა წარმოებს მიმდინარე რეგისტრაციის წიგნში, მაგრამ აღდგენილი სააქტო ჩანაწერები ინომრება არა მორიგი ნომრით, არამედ წინა სააქტო ჩანაწერის ნომრით, რასაც ემატება ასო „ა“.

გამორჩენილი გვარების შეტანა დაბადების მეტრიკულ ჩანაწერებში

132. თუ დაბადების მეტრიკულ წიგნში არ არის აღნიშნული რეგისტრირებული პირის გვარი, მაშინ მისი განცხადების მიხედვით შესაძლებელია გამორჩენილი გვარის შეტანა წიგნში. გამორჩენილი გვარის შეტანის შესახებ დგება დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისად : საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს უფროსი, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის მდივანი.

დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე მეტრიკულ წიგნში შეაქვთ გამოტოვებული გვარი და განმცხადებელს ეძლევა დაბადების მოწმობა. ამავე დროს მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს ეგზავნება ცნობა მეტრიკული წიგნის მეორე ეგზემპლარში გამორჩენილი გვარის შესატანად.

133. თუ დაბადების მეტრიკული ჩანაწერი სხვა მმაჩის ბიუროში ინახება, მაშინ დასკვნის ასლი გამოტოვებული გვარის შეტანის შესახებ იგზავნება ამ მმაჩის ბიუროში.

სახელმწიფო ბაჟი სააქტო ჩანაწერების აღდგენისათვის

134. სააქტო ჩანაწერების აღდგენისა და გამორჩენილი გვარების შეტანისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 5 მანეთის ოდენობით. საბაჟო მარკები უნდა დაეკრას განცხადებას და გაუქმდეს მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერით და გაუქმების თარიღის აღნიშვნით.

ნაწილი IX

გვარისა და სახელის გამოცვლა

135. მოქალაქის გვარის ან სახელის გამოცვლა დასაშვებია 18 წლის ასაკიდან.

136. გვარის და სახელის გამოცვლა არ დაიშვება შემდეგ შემთხვევაში:

ა) თუ განმცხადებელი იმყოფება ძიების ქვეშ, ან მას აქვს ნასამართლეობა;

ბ) თუ ადგილი აქვს წინააღმდეგობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრივ.

გვარის ან სახელის გამოცვლისათვის საჭირო საბუთები

137. გვარის, სახელის ან გვარის და სახელის გამოცვლისათვის მოქალაქეებმა მმაჩის ბიუროში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება გვარის ან სახელი გამოცვლის მიზეზის აღნიშვნით;

ბ) დაწვრილებითი ავტობიოგრაფია ყველა სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის ჩამოთვლით;

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან, ამონაწერი საბინაო (სადაბო) ან საკომლო წიგნიდან, რომელსაც ახლავს დამოწმებული ფოტოსურათი და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

დ) პასპორტის, ხოლო მისი უქონლობის შემთხვევაში, სამხედრო ბილეთის ორი წინა გვერდის ასლი, შემოწმებული მმაჩის ბიუროში.

გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ განცხადების შეტანისას განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

განცხადების მიღების დროს მმაჩის ბიუროს გამგე განმცხადებელს აფრთხილებს იმის შესახებ, რომ მისი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 მანეთის ოდენობით.

გვარის და სახელის გამოცვლის წესი

138. გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ განცხადება შეაქვს მმაჩის ბიუროში თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

139. განცხადების მიღების დროს მოწმდება მასში აღნიშნული ცნობების სისწორე განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთებთან შეჯერებით. ამავე დროს განცხადებულს აფრთხილებენ ყალბი ცნობების მოწოდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახე.

140. მიღებული განცხადება და საბუთები შეაქვთ წიგნში (დანართო №20). მმაჩის ბიუროს გამგე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას განმცხადებელის მონაცემების მიხედვით. იმ პირს, რომელსაც მმაჩის ბიუროს მიერ უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, უფლება აქვთ ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს მმაჩის ბიუროს გადაწყვეტილება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში; ავტონომიურ რესპუბლიკაში —ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომში. გვარის ან სახელის გამოცვლის შესაძლებლობის შემთხვევაში მმაჩის ბიუროს გამგე გამოითხოვს განმცხადებლისა და მისი არასრულწლოვანი შვილების სააქტო ჩანაწერების ასლებს.

141. თუ განმცხადებელი და მისი არასრულწლოვანი შვილების დაბადების სააქტო ჩანაწერი არ შენახულა, გვარის ან სახელის გამოცვლა მოხდება მათი დაბადების სააქტო ჩანაწერების აღდგენის შემდეგ.

142. შეკრებილი მასალების შემოწმების შემდეგ მმაჩის ბიუროს გამგე ადგენს შუამდგომლობას (დასკვნას), რაც ყველა მასალასთან ერთად ეგზავნება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობებსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომს.

143. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს რევიზორ-ინსპექტორები განიხილავენ შემოსულ მასალებს. იძლევიან თავიანთ დასკვნას, რასაც დასამტკიცებლად წარუდგენენ ბიუროს უფროსს, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის რევიზორ-ინსპექტორები მმაჩის ხაზით განიხილავენ შემოსულ მასალებს, ადგენენ დასკვნებს და წარუდგენენ დასამტკიცებლად შესაბამისად: საქმეთა მმართველებს და საოლქო აღმასკომის მდივნებს.

მასალები დამტკიცებული დასკვნითურთ ეგზავნება მმაჩის ბიუროს, იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მოხედვით, ვინც აღძრა შუამდგომლობა გვარის და სახელის შეცვლის შესახებ.

მმაჩის ბიურო დასკვნის საფუძველზე მოახდენს სათანადო აქტის ჩაწერას და გასცემს გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ მოწმობას, შეიტანს შესწორებას დაბადების სააქტო ჩანაწერში და გასცემს დაბადების მოწმობას, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, შეატყობინებს განმცხადებელს.

განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილებისა და გამოცვლილი გვარით (სახელით) დაბადების მოწმობის გაცემის შემდეგ მას უნდა ჩამოერთვას დაბადების ძველი მოწმობა და გაუქმდეს.

144. გვარის ან სახელის გამოცვლის რეგისტრაცია უნდა მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, რის შესახებაც მმაჩის ბიურო აცნობებს განმცხადებელს.

თუ ამ დროისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციოდ არ გამოცხადდება, რეგისტრაცია აღარ შედგება. თუ გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ერთი თვის გასვლის შემდეგაც, თუ ამ ხნის მანძილზე არ გამოჩნდა გვარის ან სახელის გამოცვლის დამაბრკოლებელი მიზეზები.

145. იმ შემთხვევაში, თუ გვარი ან სახელი სამხედრო ვალდებულმა გამოიცვალა, მმაჩის ბიურო ამის შესახებ აცნობებს იმ სამხედრო-სააღრიცხვო ორგანოს, სადაც აღრიცხვაზეა სამხედრო ვალდებული, რათა სააღრიცხვო ბარათში შეტანილი იქნეს სათანადო აღნიშვნა.

146. დაქორწინებული პირის გვარის გამოცვლა არ იწვევს მისი მეუღლის გვარის გამოცვლის საჭიროებას. არასრულწლოვანი ბავშვის გვარის გამოცვლა ხდება ორივე მშობლის მიერ გვარის გამოცვლის დროს. თუ გვარი ერთმა მშობელმა გამოიცვალა, მაშინ მისი არასრულწლოვანი ბავშვების გვარის გამოცვლის საკითხი წყდება მშობლების ურთიერთშეთანხმებით.

მამის მიერ სახელის გამოცვლა იწვევს მამის სახელის შეცვლას არასრულწლოვანი შვილებისთვის, აგრეთვე მისი სრულწლოვანი შვილებისათვის, ამ უკანასკნელთა მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

147. გვარის ან სახელის გამოცვლის გაფორმება უნდა მოხდეს არაუმეტეს სამი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან. მასალები გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ უნდა ინახებოდეს მმაჩის ბიუროში ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგ ისპობა.

გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ სააქტო ჩანაწერების

ბლანკისა და მოწმობების შევსება

148. გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ სააქტო ჩანაწერების ბლანკებისა და მოწმობების შევსება ხდება თანახმად თანდართული ნიმუშებისა (დანართები № 22 და № 23).

შესწორების შეტანა გვარის ან სახელის გამოცვლასთან დაკავშირებით

149. გვარის ან სახელის გამოცვლის რეგისტრაციის საფუძველზე დაბადების სააქტო ჩანაწერში შეიტანება შესწორება. შესწორების შესახებ სააქტო ჩანაწერში კეთდება აღნიშვნა: „გვარის (სახელი) შესწორება მოხდა . . . . . . . . 19 . . . წ . . . დასკვნის საფუძველზე“ აღნიშვნა მოწმდება მმაჩის ბიუროს გამგის (საქმის მწარმოებლის) ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით.

შეტანილი შესწორების შესახებ ეცნობება მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში შესწორების შესატანად.

150. თუ დაბადების რეგისტრაცია სხვა მმაჩის ბიუროში მოხდა, იქ იგზავნება ცნობა სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის შესახებ (დანართი №24).

151. მიიღებს რა ცნობას, მმაჩის ბიუროს შეაქვს შესწორება სააქტო ჩანაწერში, რის შემდეგ ამ ცნობას გადაგზავნის მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივში სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში შესწორების შესატანად.

152. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებამ დაქორწინების დროს თავისი გვარი დაიტოვა, ხოლო შემდეგ მეუღლის გვარზე დაეწერა, გვარის შესწორება ხდება არა დაბადების სააქტო ჩანაწერში, არამედ ქორწინების სააქტო ჩანაწერში.

ქორწინების სააქტო ჩანაწერში ხდება გვარის შეწორება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იცვლება დაქორწინების დროს მიღებული გვარი.

სახელმწიფო ბაჟი გვარისა და სახელის გამოცვლის რეგისტრაციისთვის

153. გვარის (სახელის), ან გვარისა და სახელის გამოცვლის რეგისტრაციისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 150 მანეთის ოდენობით, რაც განმცხადებელს შეაქვს სახბანკის განყოფილებაში.

154. მშობლებისა და მათი სრულწლოვანი შვილების მიერ გვარის გამოცვლის დროს მასალები ფორმდება თითოეულზე ცალ-ცალკე და თითოეული იხდის სახელმწიფო ბაჟს.

155. გვარის ან სახელის გამოცვლის რეგისტრაციის დროს სახბანკის ქვითარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ ჩაეკერება საქმეში.

ნაწილი X

სააქტო ჩანაწერების შესწორება, შევსება

და გაუქმება

სააქტო ჩანაწერების შესწორებისა და შევსების შემთხვევები

156. სააქტო ჩანაწერების შესწორება და შევსება წარმოებს მმაჩის ბიუროში შემდეგ შემთხვევებში:

ა) შვილად აყვანის რეგისტრაციის დროს, თუ მას გამოეცვალა გვარი, სახელი, მამის სახელი, ან შვილად ამყვანები დაბადების სააქტო ჩანაწერებში შვილად აყვანილის მშობლებად დაეწერნენ;

ბ) გვარის ან სახელის გამოცვლის დროს;

გ) თუ დაბადების სააქტო ჩანაწერში საჭიროა ცნობების შეტანა ბავშვის მამის შესახებ, რაც დაბადების რეგისტრაციის დროს არ იყო ჩაწერილი;

ე) სააქტო (მეტრიკულ) წიგნებში გამორჩენილი გვარების შეტანის დროს;

ვ) თუ სააქტო ჩანაწერებში ცალკეული ცნობების შესწორებების შესახებ გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება;

გ) მშობლების მიერ გვარის ან სახელის გამოცვლის დროს ისეთ შემთხვევებში, რაც აღნიშნულია ამ ინსტრუქციის 146 მუხლში;

თ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბავშვის სახელის ან გვარის გამოცვლის შესახებ.

157. დაბადების სააქტო ჩანაწერის შესწორება ცალკეულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ორივე მშობლის შუამდგომლობით არასრულწლოვანი ბავშვის გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ, თუ ეს გამოცვლა გამოწვეულია ბავშვის ინტერესებით.

10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერებში გვარის ან სახელის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობა.

დაბადების სააქტო ჩანაწერებში შესწორების შეტანა აღნიშნულ შემთხვევაში ხდება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქობრივი მდომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს უფროსის, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველების და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის მდივნის მიერ დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე.

სააქტო ჩანაწერი გვარის ან სახელის გამოცვლის შესახებ ამ შემთხვევაში არ სდგება.

სააქტო ჩანაწერებში დამატებებისა და შესწორებების შეტანის წესი

158. სააქტო ჩანაწერების შესწორება და შევსება ხდება წერილობითი განცხადებისა და იმ საბუთების საფუძველზე, რომლებითაც მტკიცდება შესწორების ან შევსების საჭიროება (დადგენილება შვილად აყვანის შესახებ, გვარის ან სახელის გამოცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა მმაჩის ბიუროს ცნობა ა. შ.).

სააქტო ჩანაწერების შესწორების ან დამატების შესახებ მოქალაქეებს განცხადება შეაქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმაჩის ბიუროში.

159. სააქტო ჩანაწერების შესწორება და შევსება წარმოებს არსებულის გადახაზვისა და ახალი ან დამატებითი ცნობების შეტანის გზით.

160. თუ შესასწორებელი სააქტო ჩანაწერი მმაჩის სხვა ბიუროში ინახება, მაშინ იქიდან წინასწარ ხდება სააქტო ჩანაწერის ასლის გამოთხოვა. მოწმობა გაიცემა განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მმაჩის ბიუროს მიერ, ხოლო იმ მმაჩის ბიუროში, სადაც სააქტო ჩანაწერი ინახება, იგზავნება სააქტო ჩანაწერის შესწორების შესახებ დასკვნის ასლი სათანადო შესწორების შესატანად.

161. გასული წლების სააქტო წიგნებში შეტანილი შესწორებებისა და დამატების შესახებ უნდა ეცნობოს მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს. მიმდინარე წლის სააქტო წიგნებში შეტანილი შესწორებებისა და დამატების შესახებ ცნობები იგზავნება წლის ბოლოს ამ ინსტრუქციის 182-ე მუხლის შესაბამისად.

162. თუ სააქტო ჩანაწერის შესწორება გამოწვეულია შვილად აყვანით ან გვარის და სახელის გამოცვლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.

163. ყველა სხვა შემთხვევაში სააქტო ჩანაწერებში შესწორების ან დამატების შეტანისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 5 მანეთის ოდენობით.

164. სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს ახალი მოწმობის გაცემის დროს.

165. სახელმწიფო ბაჟის მარკები უნდა დაეკრას განცხადება სააქტო ჩანაწერების შესწორების შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაუქმდეს მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერით და გაუქმების თარიღის აღნიშვნით.

სააქტო ჩანაწერების გაუქმება

166. სააქტო ჩანაწერების გაუქმება წარმოებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

სააქტო ჩანაწერის გაუქმებისას ჩანაწერის დიაგონალებზე მელნით კეთდება აღნიშვნა:

„სააქტო ჩანაწერი გაუქმებულია . . . . . ოლქის (მხარის, რესპუბლიკის) რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით . . . . . 19 _____წ.“ აღნიშვნა მოწმდება მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით.

სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარის გასაუქმებლად მმაჩის საოლქო (სამხარეო, რესპუბლიკურ) არქივს ეგზავნება ცნობა გაუქმების საფუძვლის აღნიშვნით.

167. სააქტო ჩანაწერების გაუქმების შესახებ ეცნობებათ რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მიღებული მოწმობები უნდა ჩააბარონ მოსასპობად. ერთდროულად პირადობის დამადასტურებელ საბუთებში უქმდება მმაჩის ბიუროს აღნიშვნები აქტების რეგისტრაციის შესახებ. ამ მიზნით რეგისტრაციის შტამპის დიაგონალზე კეთდება აღნიშვნა – „გაუქმებულია“, რომელიც მოწმდება მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით.

168. იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდა სააქტო ჩანაწერი ქორწინების შესახებ, ხოლო ქორწინების რეგისტრაციის დროს პიროვნებამ გვარი გამოიცვალა, ქორწინების გაუქმებული შტამპის ქვეშ პასპორტში ისმება შტამპი: „გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით, პასპორტი უნდა გამოიცვალოს სააქტო ჩანაწერების გაუქმებიდან ათი დღის განმავლობაში“.

169. მასალები სააქტო ჩანაწერების შესწორების, შევსებისა და გაუქმების შესახებ ინახება ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგ ისპობა.

ნ ა წ ი ლ ი XI

სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების წარდგენა და ყოველთვიური ანგარიშგება მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის შესახებ

ანგარიშგების წარდგენა სასოფლო (სადაბო) საბჭოების მიერ

170. ყოველი თვის არაუგვიანეს ორი რიცხვისა სასოფლო (სადაბო) საბჭოს მდივანი გასულ თვეში შედგენილ გარდაცვალების სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებს ექიმის მოწმობასთან ერთად, აგრეთვე დაბადებისა და ქორწინების სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებს აღწერის ფორმა №30-ის თანხლებით აბარებს რაიონის მმაჩის ბიუროს მიღებული მოწმობების ბლანკების გახარჯვაზე ანგარიშის შესადგენად (დანართი №25).

გარდაცვალების შესახებ ექიმის მოწმობის ჩაკერება სააქტო ჩანაწერებში დაუშვებელია.

171. სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების მიღების შესახებ მმაჩის ბიუროს გამგე (საქმისმწარმოებელი) სასოფლო (სადაბო) საბჭოს მდივანს აძლევს ხელწერილს.

172. თუ სასოფლო (სადაბო) საბჭოს მდივანს არ შეუძლია პირადად წარადგინოს სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები, მაშინ ასეთები იგზავნება სპეციალურად გამოყოფილი პირის მეშვეობით.

173. თუ საანგარიშო პერიოდში სასოფლო (სადაბო) საბჭოს ტერიტორიაზე არ ყოფილა ბავშვის დაბადების, გარდაცვალების ან ქორწინების შემთხვევები, ამის შესახებ იგზავნება ცნობა, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი და ამოწმებს ბეჭდით.

174. სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების მიღებისას მოწმდება მათი შედგენის სისწორე და შეესაბამება თუ არა მათი რაოდენობა თანდართულ აღწერაში აღნიშნულ რაოდენობას.

175. არასწორად ან არასრულად შედგენილი სააქტო ჩანაწერები შესასწორებლად უბრუნდება სასოფლო (სადაბო) საბჭოს მდივანს. ცნობები შესასწორებლად დაბრუნებული სააქტო ჩანაწერების შესახებ ფორმა №30 უწყისიდან არ ამოიშლება.

176. შესწორებული სააქტო ჩანაწერები უკანვე უნდა დაუბრუნდეს მმაჩის ბიუროს სამი დღის განმავლობაში.

ანგარიშგების წარდგენა მმაჩის ბიუროს მიერ

177. სასოფლო და სადაბო საბჭოების სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებისა და მმაჩის ბიუროში წარმოებული დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების სააქტო ჩანაწერების საფუძველზე მთელი რაიონის მიხედვით დგება ყოველთვიური უწყისი ფ. №97 4 ცალად (დანართი №26) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

უწყისში აღინიშნება ყველა სააქტო ჩანაწერის ნომრები და რაოდენობა მმაჩს ბიუროსა და თითოეული სასოფლო (სადაბო) საბჭოს მიხედვით ცალ-ცალკე, მათ რიცხვში გასასწორებლად დაბრუნებულებისაც.

178. დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები და ფორმა №97 უწყისი ორ ცალად არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა ეგზავნება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომს, რათა შემოწმებულ იქნეს სააქტო ჩანაწერების შედგენის სისწორე და დასამუშავებლად გადაეცეს ისინი საქართველოს სსრ სტატისტიკური სამმართველოს სათანადო ორგანოებს.

179. დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების სააქტო ჩანაწერებთან ერთად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომს ეგზავნებათ შვილად აყვანის, გვარისა და სახელის გამოცვლის და აღდგენილი სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები დასამუშავებლად და რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკის და ავტონომიური ოლქის მმაჩის არქივებში შესანახად.

180. ფორმა №97 უწყისის მესამე ეგზემპლარი ხელწერის ქვეშ გადაეცემა ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს რაიონულ ინსპექტორს, ხოლო მეოთხე რჩება მმაჩის ბიუროში.

ნ ა წ ი ლ ი XII

მმაჩის ორგანოების არქივები და მათი მუშაობა

მმაჩის ბიუროს არქივები

181. მმაჩის ბიუროს არქივები შედგება სასოფლო და სადაბო საბჭოებისა და მმაჩის ბიუროს სააქტო ჩანაწერების პირველი ეგზემპლარების წიგნებისაგან.

182. მმაჩის ბიუროს სააქტო წიგნები წლის ბოლოს თავსდება არქივში. არქივში შენახულ წიგნებში შეტანილი შევსება-შესწორების შესახებ ცნობები ეგზავნება მმაჩის არქივს, სადაც ინახება პირვანდელი ჩანაწერები, სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებში შესწორებების და დამატების შესატანად. ცნობაში ჩამოთვლილია ყველა შესწორება და დამატება, აგრეთვე მათი შეტანის საფუძვლები.

ცნობის გაგზავნის შესახებ სააქტო წიგნის ყდის მეორე ფურცლის შიგნითა გვერდზე კეთდება აღნიშვნა: „შესწორებებისა და დამატებების შესახებ, რომლების შეტანილია სააქტო ჩანაწერებში № . . . ცნობა გაეგზავნა . . . . . მმაჩის არქივს „ . . . . . . .“ . . . . 19 . . . წ. № . . . -ით“. აღნიშვნა მოწმდება მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით.

183. სასოფლო და სადაბო საბჭოები წლის ბოლოს, არაუგვიანეს ორი იანვარისა, სააქტო ჩანაწერების პირველი ეგზემპლარებისაგან შედგენილ წიგნებს აბარებენ რაიონის მმაჩის ბიუროს. წიგნების მიღების შესახებ გაიცემა ხელწერილი.

184. სასოფლო და სადაბო საბჭოებისგან მიღებულ, აგრეთვე მმაჩის ბიუროს სააქტო წიგნებს აღრიცხავენ საარქივო ფონდის აღმრიცხავის წიგნში (დანართი №27).

185. სააქტო წიგნები საცავებში ეწყობა ქრონოლოგიურად ჩანაწერების სახეებისა და თითოეული სასოფლო (სადაბო) საბჭოსა და სარაიონო ცენტრის მიხედვით ცალ-ცალკე.

186. ქალაქისა და რაიონის მმაჩის ბიუროებში სააქტო ჩანაწერების პირველი ეგზემპლარებისაგან შედგენილი წიგნები ინახება მუდმივად, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ქ. თბილისში, აგრეთვე სხვა ქალაქებსა და რაიონებში, სადაც არსებობს მმაჩის საქალაქო და სარაიონო არქივი, სააქტო ჩანაწერების პირველი ეგზემპლარებისაგან შედგენილი წიგნები ხუთი წლის შემდეგ გადაეცემა აღნიშნულ არქივს.

187. საარქივო სააქტო წიგნები ინახება ცალკე. იზოლირებულ ოთახში, რომელშიც მოწყობილია თაროები. თუ მმაჩის ბიუროს შენობაში არქივისათვის ცალკე ოთახი არ არის, წიგნები ინახება სამუშაო ოთახში, კარადებში. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კარადები ილუქება.

არქივის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მმაჩის ბიუროს გამგეს (საქმისმწარმოებელს).

მმაჩის რესპუბლიკური და საოლქო არქივები

188. საქართველოს სსრ-ში არსებობს: მმაჩის რესპუბლიკური არქივი, აფხაზეთის და აჭარის ასსრ რესპუბლიკური არქივები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო არქივი. მათში თავმოყრილია სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებისა და შესაბამის ტერიტორიაზე შედგენილი მეტრიკული წიგნების შენახვისა და დაცვის საქმე.

189. სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები გადაეცემა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მმაჩის საოლქო არქივს, ავტონომიური რესპუბლიკების მმაჩის არქივებს და საქართველოს სსრ მმაჩის რესპუბლიკურ არქივს შესაბამისი სტატისტიკური სამმართველოებიდან წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 დეკემბრისა.

190. სტატისტიკური სამმართველოებიდან სააქტო ჩანაწერები უნდა შემოვიდეს ცალ-ცალკე დაწყობილი–ქალაქებისა და თითოეული რაიონის სასოფლო და სადაბო საბჭოების მიხედვით, აგრეთვე რეგისტრაციის სახეებისა და ნუმერაციის მიხედვით.

191. სააქტო ჩანაწერების მიღების დროს ექიმის მოწმობები გარდაცვალების შესახებ გამოიყოფა და ისპობა აქტით.

192. სტატისტიკური სამმართველოებიდან შემოსული სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები წიგნებად უნდა აიკინძოს და დაინომროს.

ერთი სახის აქტები წიგნში ჯგუფდება რაიონის მიხედვით ალფაბეტის წესით. წიგნში უნდა იყოს დასათაურება სასოფლო და სადაბო საბჭოების სახელწოდებათა მიხედვით.

193. შვილად აყვანისა და გვარის ან სახელის გამოცვლის სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები არ იკინძება, არამედ ალფაბეტის წესით ეწყობა კარტოთეკაში შვილად აყვანილებისა და იმ პირთა გვარების მიხედვით, რომლებსაც ისინი ამ აქტების რეგისტრაციამდე ატარებდნენ.

194. სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების წიგნები და მეტრიკული წიგნები აღირიცხება საარქივო ფონდის აღრიცხვის წიგნში (დანართი №27).

195. სააქტო და მეტრიკული წიგნები ეწყობა ქრონოლოგიურად თითოეული რაიონისა და აქტების სახეობათა მიხედვით.

არქივებში სააქტო ჩანაწერების შენახვის ვადა

196. სააქტო და მეტრიკული წიგნები მმაჩის საოლქო და რესპუბლიკურ არქივებში ინახება 75 წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წიგნები გადაეცემა სახელმწიფო არქივს. სახელმწიფო არქივში წიგნების გადაცემა წარმოებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მმაჩის ბიუროს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველების და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის განკარგულებით.

მმაჩის საოლქო და რესპუბლიკური არქივების შენობები

197. მმაჩის არქივის შენობა უნდა იყოს მშრალი და სახანძრო თვალსაზრისით უსაფრთხო. მას უნდა ჰქონდეს საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები.

მმაჩის არქივის მოწყობა სარდაფში ან სხვენში დაუშვებელია. მმაჩის არქივს უნდა ჰქონდეს მოქალაქეთა მოსაცდელი ოთახი. არქივ-საცავში უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მმაჩის არქივის შენობა მუშაობის დამთავრების შემდეგ უნდა დაილუქოს.

განმეორებითი მოწმობების გაცემა

198. მმაჩის ბიუროების სააქტო და მეტრიკული წიგნების საფუძველზე მმაჩის საოლქო და რესპუბლიკური არქივები მოქალაქეებს, მათი განცხადების მიხედვით, აძლევენ განმეორებით მოწმობებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

199. განცხადებაში განმეორებითი მოწმობის გაცემის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, მამის სახელი და მისამართი;

ბ) გვარი, სახელი და მამის სახელი იმ პირისა, ვის სახელზედაც მოწმობის გაცემა ხდება;

გ) რა სახის მოწმობას მოითხოვს;

დ) როდის და მმაჩის რომელ ბიუროში ან სასოფლო (სადაბო) საბჭოში (ქალაქის, სოფლის, რაიონის, ოლქის, მხარის რესპუბლიკის დასახელება) მოხდა აქტის ჩაწერა;

ე) რა მიზნით ხდება განმეორებითი მოწმობის გამოთხოვა.

თუ მოითხოვენ დაბადების მოწმობას, მაშინ ჩამოთვლილი ცნობების გარდა, საჭიროა დედის და მამის გვარისა და სახელის აღნიშვნაც. ქორწინების ან განქორწინების მოწმობის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, ვისთანაა რეგისტრირებული ქორწინება ან განქორწინება.

200. განმეორებითი მოწმობები ამოიწერება სააქტო (მეტრიკული) ჩანაწერების შესაბამისად.

მეტრიკული წიგნების მიხედვით მოწმობების გაცემისას რიცხვი აღნიშნული უნდა იქნეს ახალი სტილით, მეტრიკულ წიგნში აღნიშნულ თარიღზე 13 დღის მიმატებით. ადგილის სახელწოდება აღინიშნება არსებული ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილად-მოცემული რაიონის მმაჩის ბიურო.

თუ სააქტო (მეტრიკულ) ჩანაწერებში არ არის მოცემული ცნობა ეროვნული კუთვნილების შესახებ, მაშინ განმეორებითი მოწმობის სათანადო გრაფა არ შეივსება (გადაიხაზება).

201. მოქალაქეების მოთხოვნები განმეორებითი მოწმობების გაცემაზე სრულდება არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში მოთხოვნის დღიდან.

მოქალაქეებს, რომლებიც პირადად მიმართავენ, განმეორებითი მოწმობები უნდა მიეცეთ მიმართვიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში. ამასთან მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პიროვნების დამადასტურებელი საბუთები.

სხვა ქალაქში მცხოვრებს განმეორებითი მოწმობა ეგზავნება სათანადო მიმართვასთან ერთად განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მმაჩის ბიუროში. მოწმობა იგზავნება სპეცკავშირის საშუალებით. მოწმობის გაკერვა გაგზავნის დროს დაუშვებელია.

202. განმეორებითი მოწმობები მოქალაქეებს ეძლევათ პირადად, ან სხვა პირთ მათი მინდობლობით. 16 წლის ასაკამდე ბავშვების დაბადების განმეორებით მოწმობებს აძლევენ მშობლებს, მეურვეს, შვილად ამყვანს, ან მზრუნველს.

გარდაცვალების მოწმობები ეძლევათ გარდაცვალებულთა ნათესავებს.

203. განმეორებით გაცემული მოწმობების მესამე გვერდზე, ზემოთ, ისმება შტამპი „განმეორებითი“.

თუ განმეორებითი მოწმობა გაცემულია მმაჩის რესპუბლიკური (საოლქო) არქივის მიერ, მაშინ მასზე სიტყვების -„მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს გამგე“ ზემოთ იწერება: „მმაჩის რესპუბლიკური (საოლქო) არქივის გამგე“.

204. სააქტო (მეტრიკული) ჩანაწერების შესახებ მიღებული განცხადებების შემოწმება ხდება შესაბამის წიგნებში განცხადებაში მითითებული რეგისტრაციის დროიდან სამი წლის შემდეგ და სამი წლით ადრე წარმოებული ჩანაწერების მიხედვით.

205. თუ სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდა, მმაჩის ბიურო განმცხადებელს, რომელმაც პირადად მიმართა, ურჩევს განცხადება შეიტანოს მმაჩის რესპუბლიკურ ან საოლქო არქივში სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებით შესამოწმებლად. ასეთ შემთხვევაში, სხვა ქალაქების მცხოვრებთაგან შემოსული განცხადება გადაეგზავნება არქივს უშუალოდ მმაჩის ბიუროს მიერ.

თუ სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდა მმაჩის არც საოლქო და არც რესპუბლიკურ არქივში, განმცხადებელს ეძლევა ცნობა სააქტო ჩანაწერების არარსებობის შესახებ (დანართი №28).

206. სააქტო ჩანაწერების ასლები ეგზავნებათ მხოლოდ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, მილიციის, პროკურატურის, სასამართლოს და მმაჩის ორგანოების მათი მოთხოვნით. სააქტო ჩანაწერების ასლების გაცემა მოქალაქეებზე აკრძალულია.

სახელმწიფო ბაჟი განმეორებითი მოწმობების გაცემისათვის

207. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის გაცემისას იხდიან სახელმწიფო ბაჟს 5 მანეთის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის მარკები უნდა დაეკრას განცხადებას და გაუქმდეს მმაჩის ბიუროს გამგის (საქმისმწარმოებლის) ან არქივის გამგის ხელის მოწერით, გაუქმების თარიღის აღნიშვნით.

208. მოქალაქეთა განცხადებებზე, რომელთაც მოწმობები სხვა მმაჩის ბიუროს მეშვეობით ეგზავნებათ, კეთდება წარწერა მოწმობის გაგზავნის შესახებ, მოწმობის ნომრისა და სერიის ჩვენებით, აღინიშნება მმაჩის ბიუროს დასახელება, სადაც ის გაიგზავნა და გაგზავნის თარიღი.

209. სხვა მმაჩის ბიუროდან გამოგზავნილი განმეორებითი მოწმობების გაცემისას სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მმაჩის ბიუროს მიერ.

სახელმწიფო ბაჟის მარკები უნდა დაეკრას მიმართვებს, რომლებიც ინახება განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებთან ერთად.

210. სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ წარმოებს: სისხლის სამართლის საქმეებთან, ან ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებით მოწმობის გაცემის დროს, აგრეთვე მრავალშვილიანი დედებისათვის დახმარების დანიშვნის ან გაცემის, მეურვის მიჩენის, შვილად აყვანის, მცირეწლოვანთა სოციალურ-უფლებრივი დაცვის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწმობების გაცემის დროს.

211. იმ მოქალაქეთა საქმის გაადვილების მიზნით, რომლებიც თხოულობენ განმეორებით მოწმობების მიღებას, ან ქორწინების რეგისტრაციას, მმაჩის ყველა ბიუროსა და არქივში წარმოებს სახელმწიფო ბაჟის მარკების გაყიდვა.

საბაჟო მარკების გაყიდვა ეწყობა იმ წესით, რომელიც აღნიშნულია სსრ კავშირის ფინანსთა სახალხო კომისარიატისა და სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1945 წ. 2 მარტის ინსტრუქციაში.

საზღვარგარეთიდან მიღებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა

212. უშუალოდ საზღვარგარეთიდან, სსრ კავშირში უცხოეთის საელჩოების, საკონსულოებისა და მისიებისაგან მიღებული განცხადებები განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ არ უნდა შესრულდეს.

სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უცხოეთის იურიდიული კოლეგიისაგან მმაჩის ბიუროში შემოსული შეკითხვები საზღვარგარეთ გასაგზავნი განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ, შეკითხვაში აღნიშნულ პირთა სააქტო ჩანაწერების ასლებთან ერთად ეგზავნება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს. დაინტერესებული დაწესებულებებისათვის გადასაგზავნად.

განცხადებებისა და საჩივრის აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი

213. მოქალაქეთა განცხადებები განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ აღირიცხება ჟურნალში ალფაბეტის წესით (დანართი №29).

214. მმაჩის ბიუროებისა და არქივების თანამშრომლები, რომლებიც განცხადებათა შესრულებას დააბრკოლებენ, მიეცემიან დისციპლინარულ პასუხისგებაში.

215. მოქალაქეების განცხადებები განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ ინახება ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგ ისპობა.

ნ ა წ ი ლ ი XIII

მოწმობათა ბლანკების აღრიცხვა, შენახვა, ხარჯვა და ძალადაკარგული მოწმობების მოსპობა

216. მოქალაქეობრივი მდგომარების აქტების რეგისტრაციის ბლანკებს ადგილებზე გზავნის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო.

ღერბიან მოწმობათა ბლანკების მიღება წარმოებს მისაღები აქტებით, რომლის ერთი ცალი ეგზავნება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს; აფხაზეთისა და აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მმაჩის ბიუროები აქტებს ბლანკების მიღების შესახებ შესაბამისად უგზავნიან აფხაზეთისა და აჭარის ასსრ საქმეთა მმართველობებსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომს.

217. მოწმობათა ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს, ამიტომ მათი აღრიცხვა და შენახვა ისე უნდა მოეწყოს, რომ გამორიცხული იყოს დაკარგვის ან დატაცების ყოველგვარი შესაძლებლობა.

მოწმობათა ბლანკების მიღება

218. მოწმობათა ბლანკების მიღების დროს ბლანკების დასტას ხსნის კომისია, რომელიც ამოწმებს მიღებული ბლანკების რაოდენობას დანართ დოკუმენტებთან შედარებით. ამ მიზნით თითოეული ბლანკი ცალ-ცალკე გადაისინჯება.

მოწმობათა ბლანკების მიღებაზე დგება აქტი.

219. დეფექტური ბლანკების აღმოჩენის შემთხვევაში (დაბეჭდილი ტექსტის დაზიანება, დუბლირებული ნომრის არსებობა, ბლანკები ირიბად ნაბეჭდი შრიფტით, არასწორად ჩამოჭრილი, არასწორი ფორმატის, დანაკლისი, სერიისა და ნომრების შეუსაბამობა დასტაზე დაკრულ სახელმწიფო ნიშნის იარლიყზე აღნიშნულ სერიასა და ნომრებთან) აქტი დგება ორ ცალად. აქტის ერთი ეგზემპლარი სახელმწიფო ნიშნის იარლიყთან და დეფექტურ ბლანკებთან ერთად იგზავნება შესაბამისად: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომში.

მოწმობათა ბლანკების აღრიცხვა და ხარჯვა

220. მოწმობათა ბლანკების აღრიცხვისათვის შემოღებულია შემდეგი წიგნები:

ა) ქალაქებისა და რაიონების მმაჩის ბიუროებში – მოწმობათა ბლანკების შემოსავლის წიგნი (დანართი №30), ხოლო სასოფლო და სადაბო საბჭოებში – პირადი ანგარიშების წიგნები (დანართი №31);

ბ) მმაჩის რესპუბლიკურ და საოლქო არქივებში და ქალაქისა და რაიონების მმაჩის ბიუროებში მიღება-გაცემის უწყისი განმეორებითი მოწმობების აღრიცხვისა და გაცემისათვის.

სასოფლო და სადაბო საბჭოების მდივნები ბლანკების დახარჯვის შესახებ ანგარიშს აბარებენ სააქო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების წარდგენით. ამავე გზით აბარებენ ანგარიშს მმაჩის ბიუროები პირველადი მოწმობების გაცემის შესახებ.

221. შემოსავლის წიგნები, პირადი ანგარიშების წიგნები და მიღება-გაცემის უწყისები ივსება მელნით, მკაფიო, გარკვეული ხელით. წიგნებში უწყისებში რაიმეს წაშლა დაუშვებელია. შეცდომების გასწორების შესახებ კეთდება სათანადო აღნიშვნა.

222. წიგნები უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და შემოწმებული მშრომელთა დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ლუქის ბეჭდით.

223. მოწმობების ბლანკები გაიცემა:

ა) მმაჩის ბიუროებსა და სასოფლო და სადაბო საბჭოებზე – თვიური მოთხოვნილების რაოდენობით;

ბ) მმაჩის ბიუროებზე, რომლებსაც ცეცხლგამძლე კარადები და რკინის ყუთები არა აქვთ, დღიური მოთხოვნილების რაოდენობით.

ასეთ მმაჩის ბიუროებში დარჩენილი დაუხარჯავი ბლანკები, აგრეთვე ღერბიანი ბეჭდები და შტამპები, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ შესანახად ბარდება მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების აღმასკომებს.

224. მოწმობათა ბლანკები გაიცემა ადრე მიღებული ბლანკების დახარჯვისა და გამამართლებელი დოკუმენტების (სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების და მიღება-გაცემის უწყისის) წარდგენის შემდეგ.

225. მოწმობათა ბლანკების გაცემა სასოფლო და სადაბო საბჭოების მდივნებზედ მმაჩის ბიუროს გამგეებზე (საქმისმწარმოებლებზე) აღინიშნება პირადი ანგარიშების წიგნებში (დანართი №34).

ბლანკების შენახვა

226. მოწმობათა ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადებში ან რკინის ყუთებში.

მუშაობის დამთავრების შემდეგ ცეცხლგამძლე კარადები და რკინის ყუთები, სადაც ეს ბლანკებია მოთავსებული, ილუქება.

227. მოწმობათა ბლანკების საცავში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ მათი დაცვისთვის პასუხისმგებელ პირებს. მათ გარდა, მაგრამ მათი დასწრებით, ბლანკსაცავში შესვლა შეუძლიათ დასახელებულ პირთა უშუალო უფროსებს.

228. მოწმობათა ბლანკებისა და სააქტო ჩანაწერების დაკარგვის (ან დატაცების) შესახებ იმავე დღეს უნდა ეცნობოს მილიციის საქალაქო (რაიონული) განყოფილების უფროსს. მომხდარი შემთხვევის შესახებ შესაბამისად უნდა ეცნობოს აგრეთვე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომს.

შევსების დროს გაფუჭებული, დეფექტური და ჩაბარებული მოწმობების მოსპობა

229. ისპობა სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის გამო გამოსაცვლელად ჩაბარებული მოწმობები, აგრეთვე გაცვეთილი და ნაპოვნი მოწმობები.

მოსპობა ხდება კვარტალში ერთხელ მაინც უფლებამოსილი კომისიის მიერ, დაწვის გზით, რაზედაც დგება აქტი.

230. ისპობა აგრეთვე განმეორებითი მოწმობები, რომლებიც გამოგზავნილია სხვა მმაჩის ბიუროებიდან და არ მიუღიათ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში.

231. შევსების დროს გაფუჭებულ მოწმობათა ბლანკები ისპობა აქტით, კვარტალში ერთხელ, უფლებამოსილი კომისიის მიერ.

ნ ა წ ი ლ ი XIV

მმაჩის ბიუროს რევიზიები

232. საქართველოს სსრ ქალაქებისა და რაიონების მმაჩის ბიუროების, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის რევიზორ-ინსპექტორების მუშაობა მმაჩის ხაზით პერიოდულად მოწმდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, აფხაზეთისა და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოების საქმეთა მმართველობებისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო აღმასკომის მიერ, ხოლო მმაჩის ბიუროსი--ექვს თვეში ერთხელ მაინც მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისაგან გამოყოფილი კომისიის მიერ.

233. რევიზიის დროს მოწმდება:

ა) მმაჩის ბიუროში მოწმობათა ბლანკების აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობა;

ბ) გარდაცვალებულთა პასპორტებისა და სამხედრო ბილეთების ამოღების, გაუქმების, აღრიცხვისა და ჩაბარების წესი;

გ) განმეორებითი მოწმობების გაცემის, ქორწინების რეგისტრაციის, სააქტო ჩანაწერების აღდგენისა და გასწორებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების სისწორე; აგრეთვე არის თუ არა დაკრული განცხადებებზე სახელმწიფო ბაჟის გაუქმებული მარკები;

დ) სხვა მმაჩის ბიუროებიდან მიღებული განმეორებითი მოწმობების აღრიცხვის, შენახვისა და თავის დროზე გაცემის საქმე;

ე) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვა, მათზე მიღებული ზომები და ამ განცხადებებისა და საჩივრების შენახვის საქმე.

განმეორებითი მოწმობების გაცემისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების სისწორის შემოწმების შემდეგ, განმეორებითი მოწმობების მისაღებად შეტანილი განცხადებები, აგრეთვე ქორწინების შესახებ განცხადებები იკვრება დასტებად, ილუქება და ამ სახით ინახება მოსპობამდე.

საჭირო შემთხვევაში ხდება დასტის გახსნა, რაზედაც დგება აქტი გახსნის მიზეზების აღნიშვნით.

რევიზიის შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელიც წარედგინება იმ ორგანოს, რომელმაც დანიშნა რევიზია.

თ ა ვ ი II

ქორწინების პირობები

(ამონაკრები საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსიდან)

მ უ ხ ლ ი 4. დაქორწინებისათვის საჭიროა:

ა) ორივე მხარის თანხმობა;

ბ) საქორწინო ასაკი და

გ) ამა კოდექსის 140 მუხლში აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა.

მ უ ხ ლ ი 5. საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: სარაიონო და საქალაქო, აგრეთვე, ქალაქის რაიონების მშრომელთა დეპუტატების საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეუძლიათ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცალკეული შუამდგომლობებით შეამცირონ ქალებისათვის ამ მუხლში დაწესებული საქორწინო ასაკი, მაგრამ არა უმეტესი, ვიდრე ერთი წლისა.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება 1956 წლის 16 ივნისი).

მ უ ხ ლ ი 6. არ შეიძლება დაქორწინება:

ა) იმ პირისა, რომელიც უკვე დაქორწინებულია რეგისტრაციაში გატარებული ქორწინებით;

ბ) იმ პირისა, რომელიც კანონით დადგენილი წესისამებრ ცნობილია ჭკუანაკლებად ან სულით ავადმყოფად, ანდა რომელიც დროებით ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ შეუძლია შეიგნოს თავისი საქციელის მნიშვნელობა;

გ) მეურვისა–მეურვეობაში მყოფთან და შვილად ამყვანისა–შვილად აყვანილთან, იმ დრომდე, ვიდრე მათ შორის არ მოისპობა მეურვეობიდან და შვილად აყვანიდან გამომდინარე იურიდიული ურთიერთობა;

დ) პირდაპირი აღმავალი ან შთამომავალი შტოს ნათესავების (მამისა ქალიშვილთან, დედისა ვაჟიშვილთან, პაპისა შვილიშვილთან და სხვა) ძმებისა და დებისა, მიუხედავად იმისა, ერთნი არიან ისი დედითაც და მამითაც, თუ მამით ერთნი არიან და დედით სხვადასხვა, ანდა დედით ერთნი და მამით სხვადასხვა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისა და მმაჩის ორგანოებში ყალბი ცნობების წარდგენისათვის

(ამონაკრები საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსიდან)

მ უ ხ ლ ი 98. ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დამალვა, აგრეთვე ტყუილი ცნობების მიცემა იმ ორგანოსათვის, რომელიც აწარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ან იძულებით მუშაობას ერთ წლამდე ან ჯარიმას ხუთას მანეთამდე.