⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.01.1999)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო 1971 წლის 9 მარტის დადგენილება №133 - საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.03.1971
ძალის დაკარგვა 14.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, -, 31/03/1971
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,772 სიტყვა · ~34 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.1971 მიღება
14.01.1999 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო 1971 წლის 9 მარტის დადგენილება №133 - საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო დადგენილება №133 1971 წლის 9 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინსტრუქცია საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1957 წლის 29 აგვისტოს №558 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია: „მმაჩის საქალაქო და რაიონული ბიუროს მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გ. ჯავახიშვილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე დ. ქიტიაშვილი ინსტრუქცია საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ თავი 1 ზოგადი დებულებანი 1. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია გულისხმობს დაბადების, გარდაცვალების, დაქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის და გვარის გამოცვლის აქტების ჩაწერას. 2. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 161 მუხლის შესაბამისად მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაცია ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ საქალაქო და რაიონულ ბიუროებში (განყოფილებებში), ხოლო სოფლად, მუშათა დაბებში და იმ ქალაქებში, სადაც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროები (განყოფილებები) არ არის, ‒ სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში. 3. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი საქალაქო და რაიონული ბიუროები (განყოფილებები) ახდენენ დაბადების, გარდაცვალების, დაქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის რეგისტრაციას, დაკარგული სააქტო ჩანაწერების აღდგენას, ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანას, მათ გაუქმებას, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნების შენახვას და განმეორებითი მოწმობების გაცემას. სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო და საქალაქო საბჭოების აღმასკომები, სადაც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) არ არის, ახდენენ მხოლოდ დაბადების, დაქორწინების, მამობის დადგენის და გარდაცვალების რეგისტრაციას. 4. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის დროს წარდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციო ფაქტის დამამტკიცებელი და განმცხადებლის პიროვნების დამადასტურებელი საბუთები. მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი საბუთებია: ა) პასპორტი; ბ) სოფლად ‒ არაპასპორტიზებულ ადგილებში მცხოვრებ პირთათვის დაბადების მოწმობა, ან სახალხო დეპუტატთა სასოფლო (სადაბო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული პიროვნების ვინაობის დამადასტურებელი ცნობა; გ) ოფიცრებისა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფ პირთათვის ‒ პირადობის მოწმობა; დ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ პირთათვის სამხედრო ბილეთი; ე) უცხოელთათვის ‒ ნაციონალური პასპორტი და უცხოელის ბინადრობის მოწმობა, ან მარტო ნაციონალური პასპორტი, თუ მათთვის მასში ნებადართულია სსრკ ფარგლებში ცხოვრება; ვ) მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ‒ ბინადრობის მოწმობა მოქალაქეობის არმქონე პირთათვის; 5. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 165 მუხლის შესაბამისად მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში შეტანილი ყოველი ჩანაწერი უნდა წაეკითხოს. განმცხადებელს და მისი, აგრეთვე აქტის ჩამწერი თანამდებობის პირის ხელისმოწერის შემდეგ დამოწმდეს ბეჭდის დასმით. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის შესახებ განმცხადებელს მიეცემა სათანადო მოწმობა. 6. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოს თანამშრომელს არა აქვს უფლება, რომ მოახდინოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის რეგისტრაცია თავისი, თავისი მეუღლის, მშობლის ან შვილების მიმართ. 7. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების უარი ჩანაწერის შესწორებისა ან შეცვლის შესახებ შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში. 8. დაბადებისა და გარდაცვალების სრული და დროული რეგისტრაციის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებს, ხოლო სოფლად და დაბებში ‒ სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს. 9. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოებში დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე ამ აქტების რეგისტრაციის შესახებ პირველადი მოწმობების გაცემა და მამობის დადგენასთან დაკავშირებით დაბადების ჩანაწერის აქტში შესწორებათა და ცვლილებათა შეტანა ხდება სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელად. დაქორწინების, განქორწინების, სახელის, მამის სახელის და გვარის გამოცვლის რეგისტრაციისათვის, ხოლო სათანადო შემთხვევაში განქორწინების მოწმობის გაცემის, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობების გაცემისა და სააქტო ჩანაწერების აღდგენისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება ხდება სსრ კავშირის კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთებით. თავი II დაბადების რეგისტრაცია დაბადების რეგისტრაციის წესი და ვადები 10. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად დაბადების რეგისტრაცია წარმოებს ბავშვის დაბადების ადგილის ან მშობლების, ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 11. თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მშობლების (მშობლის) საცხოვრებელი ადგილისა და არა დაბადების ადგილის მიხედვით, მაშინ ჩანაწერის მე-6 გრაფაში ‒ „დაბადების ადგილი“ ‒ უნდა იქნეს მითითებული მშობელთა (მშობლის) საცხოვრებელი ადგილი. 12. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები უზრუნველყოფენ დაბადების აქტის რეგისტრაციას საზეიმო ვითარებაში, ბავშვის მშობლებთან შეთანხმებით. დაბადების აქტების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს კეთილმოწყობილი შენობა, რომ ბავშვებისა და მშობლებისათვის შეიქმნას მაქსიმალურად საზეიმო და მოხერხებული ვითარება. დაბადების საზეიმო რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მშობელთა სამუშაო ადგილიდან, სასწავლებლის წარმომადგენლების, აგრეთვე მშობელთა ნათესავების და ნაცნობების დასწრებით. 13. განცხადება ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ კეთდება სიტყვიერი ან წერილობითი სახით, მშობელთა ან ერთ-ერთი მათგანის მიერ, ხოლო მათი ავადმყოფობის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზის გამო თუ არ შეუძლიათ განცხადების შეტანა, ‒ განცხადება შეაქვთ ნათესავებს, ან სხვა პირთა, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც ბავშვის დედამ იმშობიარა. 14. ნაპოვნი ბავშვის, რომლის მშობლები უცნობია, დაბადების რეგისტრაცია წარმოებს პოვნიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში. განცხადებას ბავშვის პოვნის შესახებ აკეთებს ის პირი, ვისთანაც ბავშვი იმყოფება, იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც ბავშვია მოთავსებული, ან შინაგან საქმეთა ორგანო. განცხადებას უნდა ერთვოდეს ქალაქის (რაიონის) მილიციის განყოფილების აქტი, ოქმი, ცნობა, რომელშიც უნდა აღინიშნოს, როდის, სად და რა ვითარებაშია ნაპოვნი ბავშვი, აგრეთვე სამედიცინო ცნობა ბავშვის ასაკის შესახებ. ნაპოვნ ბავშვს სახელი, მამის სახელი და გვარი დაბადების სააქტო ჩანაწერებში ეძლევა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა ორგანოს ან იმ პირის მითითებით, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად აიყვანა. დაბადების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემები არ შეივსება, ხოლო 22-ე გრაფაში „აღნიშვნებისათვის“ მიეთითება „ბავშვი ნაპოვნია, მშობლები უცნობია“, აგრეთვე საბავშვო დაწესებულებების მისამართი და იმ პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი, ვინც ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. 15. თუ ბავშვი მკვდარი დაიბადა, მაშინ განცხადების გაკეთება მკვდარშობილზე მმაჩის ბიუროში ევალება იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც იწვა დედა მშობიარობის დროს, ან უბნის ექიმს, თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე. მკვდარშობილი ბავშვი უნდა იქნას რეგისტრირებული დაბადების სააქტო წიგნში, სადაც კეთდება აღნიშვნა „მკვდარშობილი“. 16. თუ ბავშვი დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალა (რამდენიმე წუთიც თუ იცოცხლა), დგება ორი სააქტო ჩანაწერი: ცალკე დაბადებაზე და ცალკე ‒ გარდაცვალებაზე. გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა. ამ აქტების რეგისტრაციის შესახებ განცხადება ევალება იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დედა იწვა მშობიარობის დროს, ან უბნის ექიმს, თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე. 17. ტყუპების დაბადების რეგისტრაცია ხდება ცალ-ცალკე, თითოეულ ბავშვზე დგება ცალკე ჩანაწერი და გაიცემა დაბადების ცალკე მოწმობა. 18. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 170 მუხლის შესაბამისად განცხადება დაბადების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მკვდარი ბავშვის დაბადების შემთხვევაში ‒ არაუგვიანეს სამი დღე-ღამისა მისი შობის მომენტიდან. 19. სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად არაუგვიანეს 10 რიცხვისა გადააგზავნონ ბავშვის მშობელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მმაჩის ორგანოში საკონტროლო სიები იმ ახალშობილთა შესახებ, რომლებიც დაიბადნენ ამ დაწესებულებებში. დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები 20. დაბადების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები: ა) დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან (საავადმყოფოდან), თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე, მაშინ იმ ექიმის ცნობა, რომელმაც აღმოუჩინა დახმარება ქალს მშობიარობის დროს. თუ დაიბადა მკვდარი ბავშვი, საექიმო მოწმობა მკვდრადშობილის შესახებ; თუ ბავშვი გარდაიცვალა სამშობიარო სახლიდან დედის გამოწერამდე ცნობა დაბადების შესახებ და საექიმო მოწმობა ბავშვის გარდაცვალებაზე. ბ) მშობელთა (მშობლის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი; გ) მშობელთა ქორწინების ან მამობის დადგენის მოწმობა. ბავშვის სახელის, მამის სახელისა და გვარის ჩაწერა 21. ბავშვს სახელი ერქმევა მშობლების ან მათი კანონიერი შემცვლელი პირების სურვილით. 22. მამის სახელი მიეკუთვნება მამის სახელის მიხედვით. 23. ბავშვი იწერება მშობლების გვარზე, თუ მშობლები სხვადასხვა გვარს ატარებენ, მაშინ, მათი თანხმობით ბავშვი ერთ-ერთი მშობლის გვარზე იწერება, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მითითებით. მშობლების ჩაწერა დაბადების სააქტო ჩანაწერში 24. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედა და მამა დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნებში ბავშვის მშობლებად ჩაიწერებიან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით. 25. თუ ბავშვის მშობლები არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჩანაწერი დედის შესახებ კეთდება დედის განცხადებით, ხოლო მამისა ‒ დედისა და მამის ერთობლივი განცხადებით, ან მამა ჩაიწერება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. დედის გარდაცვალების, ან მისი საცხოვრებელი ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში, ჩანაწერი მამის შესახებ კეთდება მამობის დადგენის მოწმობის საფუძველზე, მამის განცხადებით. იმ პირის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელიც თავს ბავშვის მამად ცნობდა, ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ კეთდება მამობის დადგენის მოწმობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 26. იმ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დროს, რომლის დედაც არ არის ქორწინების რეგისტრაციაში და არა აქვს მამობის დადგენის მოწმობა, დაბადების აქტების სარეგისტრაციო წიგნში ჩანაწერი მამის შესახებ კეთდება დედის გვარის მიხედვით, ხოლო სახელი, მამის სახელი და ეროვნება მამისა, იწერება დედის მითითებით. ამ ინსტრუქციის 25 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მონაცემები მამის შესახებ შეიტანება მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის საფუძველზე. 27. თუ ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ შეტანილ იქნა განცხადება ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ, დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მმაჩის ბიუროში (განყოფილებაში) დაბადების შესახებ აღდგენილი აქტების სარეგისტრაციო წიგნში, საერთო წესის საფუძველზე, როგორც პირველადი რეგისტრაცია, მაგრამ დაბადების სააქტო ჩანაწერში რიგითი ნომრის შემდეგ მიეწერება სიტყვები: „ვადის გაშვებით რეგისტრაცია“. 28. თუ ბავშვი იმ პირის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, რომელიც ახალშობილის დედასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, დაბადების სააქტო ჩანაწერისა და დაბადების მოწმობაში გარდაცვალებული შეიძლება ჩაიწეროს ბავშვის მამად იმ პირობით, თუ მისი გარდაცვალების დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არაუმეტეს 10 თვისა. 29. იმ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, რომელიც ჩასახული იყო მშობელთა ქორწინებაში ყოფნის დროს, მაგრამ დაიბადა მათი განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შემდეგ, ხდება საერთო საფუძველზე, თუ განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არაუმეტეს 10 თვისა. დაბადების სააქტო ჩანაწერების 22-ე გრაფაში ‒ „აღნიშვნებისათვის“ ‒ მიეთითება როდის და სად არის რეგისტრირებული განქორწინება, ან როდის და რომელი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის ქორწინება ცნობილი ბათილად. ახალშობილი ბავშვის ჩაწერა მშობლების პირადობის დამადასტურებელ საბუთებში 30. დაბადების რეგისტრაციის შემდეგ მშობლების პასპორტებში (სამხედრო მსახურთა პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და სამხედრო ბილეთში) შეიტანება მშობელთა მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობის სერიის, ნომრისა და გაცემის თარიღის აღნიშვნით. ცნობები იმ ბავშვთა შესახებ, რომლებიც დაბადებული არიან საბჭოთა მოქალაქეებთან უცხოელების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ქორწინების შედეგად, აუცილებლად შეტანილ უნდა იქნეს იმ მშობლის პასპორტში, რომელიც საბჭოთა მოქალაქეა. თავი III გარდაცვალების რეგისტრაცია გარდაცვალების რეგისტრაციის წესი და ვადები 31. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 174 მუხლის შესაბამისად გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში გარდაცვალების ადგილის ან გარდაცვალებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გარდაცვალების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან პირის გარდაცვალებულად გამოცხადების შემთხვევაში, ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით. 32. განცხადება გარდაცვალების შესახებ შეიძლება გაკეთდეს სიტყვიერად და წერილობით, გარდაცვალებულის ნათესავების, მეზობლების, საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციათა მუშაკების, აგრეთვე სხვა პირებისა და იმ დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სადაც პირი გარდაიცვალა. 33. განცხადება გარდაცვალების შესახებ უნდა გაკეთდეს არაუგვიანეს 3 დღისა გარდაცვალების ან გვამის აღმოჩენის მომენტიდან. 34. გარდაცვალების ფაქტი უნდა დადასტურდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთით: ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობით ან საფერშლო ცნობით; ბ) ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლით, ან ამონაწერით გადაწყვეტილებიდან გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან გარდაცვალებულად გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ერთ-ერთი საბუთი დაერთვის გარდაცვალების აქტის მეორე ეგზემპლარს, მასზე აღინიშნება გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. 35. თუ გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ცნობილი გახდება, რომ მზრუნველობის გარეშე დარჩნენ გარდაცვალებულის არასრულწლოვანი შვილები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო მოვალეა იმავე დღეს აცნობოს ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გარდაცვალების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები 36. ერთ წელზე მეტი ხნის წინ გარდაცვალებულ და სასამართლოს მიერ გარდაცვალებულად გამოცხადებულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს სპეციალურად განკუთვნილ სარეგისტრაციო წიგნში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) გარდაცვალების უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 37. თუ სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი გარდაცვალებულად გამოცხადებული პირის გარდაცვალების დრო, მაშინ გარდაცვალების თარიღად ჩაიწერება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია პიროვნების გარდაცვალების ფაქტი განსაზღვრულ დროში, მაშინ გადაწყვეტილებაში მითითებული გარდაცვალების დროს ჩაიწერება გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში. ზემოხსენებულ შემთხვევაში, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის მე-12 გრაფაში ჩაიწერება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს დასახელება და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. 38. უცნობი (გამოუცნობი) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის დროს, სააქტო ჩანაწერში შეიტანება მხოლოდ რეგისტრაციისათვის საჭირო ის ცნობები, რომლებიც მოცემულია სამედიცინო დაწესებულების დასკვნაში. თუ მომავალში გარდაცვალებული ამოცნობილი იქნება, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში გამოტოვებული ცნობები შეიტანება საგამომძიებლო ორგანოების დასკვნის საფუძველზე. 39. სამხედრო მსახურთა გარდაცვალების რეგისტრაცია მშვიდობიან პერიოდში წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებში საერთო საფუძველზე. 40. გზად მიმავალთა (მატარებლით, გემით, თვითმფრინავით და ა. შ. გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ უახლოეს ორგანოში. 41. ექსპედიციაში, პოლარულ სადგურებსა და იმ ადგილებში გარდაცვალებულთა რეგისტრაცია, სადაც არ არის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები, წარმოებს ამ პირთა ყოფილი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 42. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) გარდაცვალებულის ყოფილი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადგილსამყოფელის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის შეტყობინების საფუძველზე. გარდაცვალების ჩანაწერის შევსების დროს მე-8 გრაფაში („გარდაცვალების მიზეზი“) იწერება გარდაცვალების ის მიზეზი, რაც მითითებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის შეტყობინებაში, თუ ხსენებულ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია არ მოხდა თავის დროზე, მაშინ გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს ერთ წელზე მეტი ხნის წინ გარდაცვალებულთა ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვალებულად ცნობილ პირთა სარეგისტრაციო წიგნში. გარდაცვალებულთა პირადობის საბუთების შესახებ 43. თუ გარდაცვალებულს ჰქონდა პასპორტი ან სამხედრო ბილეთი, იგი წარდგენილი უნდა იქნეს გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის დროს, რომელსაც პირველ გვერდზე უნდა გაუკეთდეს აღნიშვნა: „პასპორტის (სამხედრო ბილეთის) მფლობელი გარდაიცვალა 19 . . . . წ., გარდაცვალების  აქტი № . . . .“ გარდაცვალების აქტის მე-15 გრაფაში აღინიშნება პასპორტის (სამხედრო ბილეთის) ჩაბარების შესახებ. 44. გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ჩაბარებულ პასპორტებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო აბარებს თვეში ერთხელ სიით სახალხო დეპუტატთა იმ რაიონულ (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა განყოფილებას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია. სამხედრო ბილეთი ხუთი დღის განმავლობაში გადაეცემა იმ რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატს, სადაც გარდაცვალებული იმყოფებოდა აღრიცხვაზე. 45. უცხოელთა გარდაცვალების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ უნდა იქნეს უცხოელის ნაციონალური პასპორტი და ბინადრობის მოწმობა, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირთა გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ბინადრობის მოწმობა, რომლებიც გარდაცვალების მოწმობასთან ერთად გადაეცემა სახალხო დეპუტატების რაიონულ (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა განყოფილებას. 46. პასპორტის, ნაციონალური პასპორტის, ბინადრობის მოწმობის და სამხედრო ბილეთის ჩაუბარებლობა არ აფერხებს გარდაცვალების აქტის რეგისტრაციას. პასპორტის, ნაციონალური პასპორტის და ბინადრობის მოწმობის ჩაუბარებლობის შესახებ უნდა ეცნობოს სახალხო დეპუტატების რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა განყოფილებას, ხოლო სამხედრო ბილეთის ჩაუბარებლობის შესახებ რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისარიატს. თავი IV ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების რეგისტრაციის წესი და ვადები 47. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 177 მუხლის შესაბამისად ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის ან მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 48. ქორწინების რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები აწარმოებენ საზეიმო ვითარებაში დასაქორწინებელ პირთა თანხმობით. ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარების უზრუნველსაყოფად გამოიყოფა კეთილმოწყობილი ბინა. 49. ავადმყოფობის შემთხვევაში დასაქორწინებელ პირთა თხოვნით და მკურნალი ექიმის ნებართვით დასაშვებია ქორწინების რეგისტრაცია ბინაზე ან სამკურნალო დაწესებულებაში. 50. ქორწინების რეგისტრაციას იმ მსჯავრდადებულებთან, რომლებიც სასჯელს შრომა-გასწორების დაწესებულებებში იხდიან, ახორციელებს სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი განყოფილება (ბიურო), ხოლო სოფლებსა და დაბებში ‒ სახალხო დეპუტატთა სასოფლო (სადაბო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი შრომა-გასწორების დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსით გათვალისწინებული დაქორწინების პირობების დაცვით და სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროსა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. ქორწინების რეგისტრაციას იმ პირებთან, რომელთა მიმართაც გასამართლებამდე აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია პატიმრობა, ახორციელებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერი ბიურო საგამომძიებლო იზოლატორებში (საპატიმროებში) იმ პირის ან ორგანოს ნებართვით, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებულ პირებთან ქორწინების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების მიხედვით. ქორწინების რეგისტრაცია მსჯავრდადებულებთან, რომლებიც დისციპლინურ სასჯელს იხდიან, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასჯელის ამ ღონისძიების მოხდის შემდეგ. 51. განცხადებას დაქორწინების შესახებ დასაქორწინებელი პირები შეიტანენ ამ ინსტრუქციის 47-ე პუნქტით გათვალისწინებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ერთ-ერთ ორგანოში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ არ არსებობს ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებანი, გათვალისწინებული საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-18 მუხლით, ამასთან მიუთითონ თუ მერამდენე ქორწინებაში შედიან და რამდენი ბავშვი ჰყავთ. დადგენილი ფორმის განცხადებასთან ერთად დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 52. განცხადების მიმღები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო ვალდებულია გააცნოს დასაქორწინებელ პირებს ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი; დარწმუნდეს, რომ ისინი გაცნობილი არიან ერთმანეთის ჯანმრთელობასა და ოჯახურ მდგომარეობას, და ასევე განუმარტოს დასაქორწინებელ პირებს მათი, როგორც მომავალი მეუღლეებისა და მშობლების უფლება-მოვალეობანი და გააფრთხილოს ისინი იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მოჰყვება ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დამალვას. 53. დაქორწინების შესახებ განცხადების მიღების შემდეგ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო დასაქორწინებელ პირებთან შეთანხმებით ნიშნავს ქორწინების რეგისტრაციის დღეს და საათს და განცხადებაზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, ამავე დროს არკვევს, სურთ თუ არა დასაქორწინებელ პირებს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარება. 54. ქორწინების შესახებ განცხადება გატარდება ქორწინების განცხადებათა აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, დასაქორწინებელ პირთა გვარების, განცხადების მიღების და დაქორწინების რეგისტრაციისათვის დანიშნული თარიღების მითითებით. 55. ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა, მოწმეების ნათესავებისა და ნაცნობების თანდასწრებით. ქორწინების სააქტო ჩანაწერის მე-13 გრაფაში ჩაიწერება ორი მოწმის სახელი, მამის სახელი და გვარი, რასაც მოწმეები დაადასტურებენ თავიანთი ხელისმოწერით. 56. დაქორწინება ფორმდება ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც დასაქორწინებელი პირები განცხადებას შეიტანენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში. გამონაკლის შემთხვევაში, დასაქორწინებელ პირთა თხოვნით შესაძლებელია ამ ვადის შემცირება მშრომელთა დეპუტატების რაიონულ (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ. ქორწინების რეგისტრაციის პირობები 57. დაქორწინებისათვის საჭიროა: ა) ორივე მხარის თანხმობა; ბ) საქორწინო ასაკი. საქორწინო ასაკი დაწესებულია 18 წლიდან. გამონაკლის შემთხვევაში სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეუძლიათ შეამცირონ საქორწინო ასაკი, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლით. 58. დაქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ქორწინებაშია; ბ) პირდაპირ აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და არა ღვიძლ ძმებსა და დებს შორის; გ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; დ) იმ პირებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად. 59. თუ ქორწინების რეგისტრაციამდე ვინმესაგან შემოვიდა განცხადება ქორწინების რეგისტრაციისათვის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოს მიერ განცხადება მიჩნეულ იქნა ყურადსაღებად, თანამდებობის პირი, რომელიც ქორწინების აქტის რეგისტრაციას აწარმოებს, ვალდებულია შეაჩეროს ქორწინების რეგისტრაცია და მოითხოვოს განმცხადებლისაგან სათანადო დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა. დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა უნდა მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როცა შევიდა განცხადება ქორწინებისათვის დამაბრკოლებელი გარემოს არსებობის შესახებ. საჭირო შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო აწარმოებს აუცილებელი შეკითხვების დაგზავნას ამ განცხადებაში აღნიშნულ დამაბრკოლებელ გარემოებათა რეალობის შემოწმებას. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერმა ორგანომ დასაქორწინებელი პირები უნდა გააფრთხილოს ქორწინების რეგისტრაციის დღის გადადების შესახებ და გააცნოს მათ შემოსული განცხადება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზე. თუ წარმოდგენილი იქნება ქორწინების რეგისტრაციისათვის დამაბრკოლებელ გარემოებათა დამამტკიცებელი საბუთები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო დასაქორწინებელ პირებს წერილობით აცნობებს უარს ქორწინების რეგისტრაციაზე, ხოლო თუ ასეთი საბუთები არ იქნა წარმოდგენილი, მაშინ ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს საერთო საფუძველზე. 60. თუ შემდგომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოსათვის გახდება ცნობილი, რომ იმ პირებმა, რომელნიც დაქორწინდნენ, დამალეს ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებანი, ან წინასწარ თავიანთ შესახებ მიაწოდეს ყალბი ცნობები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო აცნობებს ამის შესახებ რაიონის (ქალაქის) პროკურორს, დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად და ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე საქმის აღსაძვრელად. 61. იმ პირებს, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ახლად დაქორწინება შეუძლიათ ადრინდელი ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ (განქორწინების ან გარდაცვალების მოწმობა). თუ დასაქორწინებელ უცხოელის პირადობის დამადასტურებელ საბუთში არ არის მითითებული მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაცემული ცნობის საფუძველზე, რომლის მოქალაქეა (ქვეშევრდომია) დასაქორწინებელი პირი. ცნობაში აღნიშნულ უნდა იყოს, რომ დასაქორწინებელი პირი არ იმყოფება ქორწინებაში. ქორწინების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები 62. იმ პირებს, რომლებიც ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იყვნენ, ‒ „ორსული ქალებისათვის, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის სახელმწიფო დახმარების გადიდების, დედისა და ბავშვის დაცვის, გაძლიერების, „გმირი დედის“ საპატიო წოდების, „სახელოვანი დედის“ ორდენისა და „დედობის მედლის“ დაწესების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 8 ივლისის ბრძანებულების გამოცემამდე, შეუძლიათ გააფორმონ თავიანთი ქორწინება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) საქორწინო ურთიერთობის აღმოცენების დროის ჩვენებით. საქორწინო ურთიერთობის აღმოცენების დრო იწერება ქორწინების სააქტო ჩანაწერის მე-15 გრაფაში დასაქორწინებელ პირთა სიტყვიერი განცხადების საფუძველზე. 63. იმ შემთხვევაში, როცა ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის გაფორმება შეუძლებელია ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების, ან უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო, მეორე მხარეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სახალხო სასამართლოს 1944 წლის 8 ივლისამდე ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის დადგენის თაობაზე. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აფორმებს ასეთ ქორწინებას, ქორწინების სააქტო ჩანაწერის მე-15 გრაფაში მითითებულ უნდა იქნეს ის სასამართლო, რომელმაც დაადგინა საქორწინო ურთიერთობის ფაქტი. 64. საქორწინო ასაკშემცირებული პირის ქორწინება წარმოებს საერთო საფუძველზე. ამ შემთხვევაში ქორწინების სააქტო ჩანაწერის მე-15 გრაფაში („აღნიშვნისათვის“) აღინიშნება: „სახალხო დეპუტატების ‒ რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასკომის 19 წ. „№ გადაწყვეტილებით მოქ. ‒ შეუმცირდა საქორწინო ასაკი .……… წლით“. ქორწინების შემდეგ მეუღლეთა გვარი 65. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად დაქორწინების დროს მეუღლენი თავიანთი სურვილებისამებრ აირჩევენ ერთ-ერთი მეუღლის გვარს თავიანთ საერთო გვარად, ან თითოეული მათგანი დაიტოვებს თავის ქორწინებამდელ გვარს, ან თავის გვარს შეუერთებს მეორე მეუღლის გვარს, გვარის შეერთება არ დაიშვება, თუ ორივე მათგანი ან ერთ-ერთი ატარებს ორმაგ გვარს. ქორწინების რეგისტრაციის აღნიშვნა პირადობის დამადასტურებელ საბუთებში 66. დაქორწინებულ პირთა საბუთებში ისმება ქორწინების რეგისტრაციის შტამპი, სადაც აღინიშნება მეუღლის გვარი, სახელი, მამის სახელი და დაბადების წელი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი და დრო, ქორწინების რეგისტრაციის შტამპი დაისმება: ა) პასპორტში გვერდზე „განსაკუთრებული აღნიშვნები“; მოწმობებში ‒ უკანასკნელ სუფთა გვერდზე. გ) ოფიცრებისა და ზევადიან სამხედრო სამსახურში მყოფთა პირადობის მოწმობებში – უკანასკნელ სუფთა გვერდზე. დ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფთა სამხედრო ბილეთებში ‒ განაყოფში ‒ „განსაკუთრებული აღნიშვნები“. 67. იმ პირის პასპორტის პირველ გვერდზე, რომელმაც ქორწინების რეგისტრაციის დროს მიიღო მეუღლის გვარი, კეთდება აღნიშვნა: „გვარის გამოცვლასთან დაკავშირებით პასპორტი უნდა შეიცვალოს ქორწინების რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში“. თავი V განქორწინების რეგისტრაცია განქორწინების რეგისტრაციის ადგილი და წესი 68. შესაბამისად საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 181-ე მუხლისა, განქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 69. განქორწინების რეგისტრაცია ხდება: ა) განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) იმ მეუღლეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები; გ) ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე იმ პირთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უკვალოდ დაკარგულად ან არაქმედუნარიანად, და იმ პირთან, რომელსაც სასამართლოს განაჩენით მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 70. ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) როგორც ორივე, ისე ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში, ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) განქორწინების რეგისტრაციის დღიდან, მეორე მეუღლეს განქორწინების მოწმობის მიღებამდე არა აქვს უფლება მოახდინოს ახალი ქორწინების რეგისტრაცია. 71. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ ანდა მისი ამონაწერი; ბ) ქვითარი სასამართლოს მიერ დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, თუ განქორწინების რეგისტრაციის მსურველ განმცხადებელ მეუღლეს სასამართლოს მიერ ჰქონდა ასეთი დაკისრებული. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების შემტანმა მეუღლემ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი, ან განთავისუფლებულია ამ ბაჟის გადახდისაგან, განქორწინების რეგისტრაცია ხდება განურჩევლად იმისა, მეორე მეუღლეს გადახდილი აქვს თუ არა სახელმწიფო ბაჟი. 72. განქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღებისას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო ჰკითხავს განმცხადებელს, ხომ არ ყოფილა რეგისტრირებული განქორწინება მმაჩის ორგანოში მეორე მეუღლის განცხადების საფუძველზე. თუ ასეთი რეგისტრაცია არ ყოფილა ან მეუღლემ ამის შესახებ არ იცის, მმაჩის ორგანო სპეციალურ ჟურნალში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში უგზავნის ქორწინების რეგისტრაციის ადგილზე მმაჩის ორგანოს შეკითხვას იმის შესახებ, რომ საჭიროა შეამოწმოს, ხომ არ არის ქორწინების სააქტო ჩანაწერში აღნიშვნა, რომ განქორწინება უკვე რეგისტრირებულია. განცხადების შემტან მეუღლეს განემარტება, რომ პასუხის მიღების შემდეგ განქორწინება რეგისტრირებული იქნება. მმაჩის ორგანომ, რომელიც ასეთ შეკითხვას მიიღებს, არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში უნდა აცნობოს, როდის და მმაჩის რომელმა ორგანომ გაატარა რეგისტრაციაში განქორწინება მეორე მეუღლის მიერ, ანდა იმის შესახებ, რომ ქორწინების სააქტო ჩანაწერში აღნიშნული არ არის განქორწინება. მმაჩის ორგანო, მიიღებს რა ცნობას, რომ არ არსებობს აღნიშვნა განქორწინების შესახებ, მიიწვევს განმცხადებელს განქორწინების სარეგისტრაციოდ და მისი თანდასწრებით ახდენს განქორწინების რეგისტრაციას. განქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ურთიერთთანხმობით 73. მეუღლეებს, რომელთაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები ურთიერთთანხმობით განქორწინების რეგისტრაციის დროს, განცხადება შეაქვთ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებას განქორწინების შესახებ უნდა დაერთოს ქორწინების მოწმობა. 74. განქორწინების რეგისტრაცია და განქორწინების მოწმობის გაცემა წარმოებს განცხადების შეტანის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. განქორწინების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ უნდა იქნეს ქვითარი განქორწინების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 მანეთის გადახდის შესახებ. 75. განცხადების მიღების შემდეგ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) ნიშნავს განქორწინების რეგისტრაციის დღესა და საათს და განცხადებას ატარებს განქორწინების განცხადებათა წიგნში. 76. განქორწინების აქტის რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი მეუღლის დაუსწრებლად საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, სამხედრო სამსახური, სხვადასხვა ადგილზე ცხოვრება), თუ წარმოდგენილი იქნება სათანადო წესით დამოწმებული ამ მეუღლის თანხმობა განქორწინების რეგისტრაციაზე. იმ მეუღლის განცხადებაზე ხელის მოწერა, რომელიც საპატიო მიზეზით არ ესწრება განქორწინების აქტის რეგისტრაციას, დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო ორგანოს, სამხედრო ნაწილის მეთაურის, სამკურნალო დაწესებულებების ადმინისტრაციის, ინვალიდთა სახლის, გემის კაპიტნის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის მიერ. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაცია უკვალოდ დაკარგულთან, არაქმედუნარიანთან და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთან 77. განქორწინების რეგისტრაცია უკვალოდ დაკარგულთან, სულით ავადმყოფობის ან გონებასუსტობის გამო არაქმედუნარიანთან და არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთან ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებას უნდა დაერთოს სათანადო წესით დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მეორე მეუღლის უკვალოდ დაკარგულად ან სულით ავადმყოფობის ან გონებასუსტობის გამო არაქმედუნარიანად ცნობის შესახებ, ან სასამართლოს განაჩენის ასლი, ან ამონაწერი განაჩენიდან იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლის ვადით. განმცხადებელმა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროს უნდა აცნობოს არაქმედუნარიანი მეუღლის მეურვის მისამართი ან მსჯავრდებული მეუღლის ადგილსამყოფელი. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) მიღებულ განცხადებაზე განქორწინების რეგისტრაციის შესახებ აცნობებს არაქმედუნარიან მეუღლის მეურვეს ან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს და ადგენს, ხომ არ არსებობს დავა ბავშვებზე, მეუღლეთა საერთო თანასაკუთარ ქონების გაყოფასა და შრომისუუნარო მეუღლისათვის, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, ალიმენტის გადახდის თაობაზე. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო ყველა შემთხვევაში განსაზღვრავს. მათგან პასუხის მიღების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) მიიღებს ცნობას დავის არარსებობის შესახებ, ანდა დანიშნულ ვადაში არ მიიღებს პასუხს, ახდენს განქორწინების აქტის რეგისტრაციას. განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლეთა გვარი 78. თუ მეუღლეს განქორწინების შემდეგ სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს განქორწინების რეგისტრაციის დროს, სხვა შემთხვევაში გვარის გამოცვლა ხდება კანონით დადგენილი წესით. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნება აღინიშნება ჩანაწერში განქორწინების შესახებ. განქორწინების აღნიშვნა მეუღლეთა საბუთებში 79. განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა განქორწინების მოწმობა და მეუღლეების პასპორტებში ან მათ შემცვლელ სხვა საბუთებში წარმოებს ჩაწერა (დაისმის შტამპი) იმის შესახებ, თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერ რომელ ორგანოში მოხდა განქორწინება, ვისთან და როდის. თუ განქორწინების რეგისტრაცია მოხდა ერთ-ერთი მეუღლის დაუსწრებლად, მაშინ ადგილზე არმყოფ მეუღლის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში განქორწინებაზე ჩანაწერს (შტამპის დასმას) აკეთებს მისი საცხოვრებელი ადგილის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო, განქორწინების მოწმობის გადაცემის დროს. თავი VI შვილად აყვანის რეგისტრაცია 80. შვილად აყვანის რეგისტრაცია, ნაშვილებთა დაბადების ჩანაწერში ცვლილებათა შეტანა, შვილად აყვანის სარეგისტრაციო წიგნების და სხვა მასალების შენახვა, რაც დაკავშირებულია შვილად აყვანასთან, წარმოებს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად მშვილებელის თანხმობის გარეშე, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის გარეშე, აკრძალულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნებიდან ისეთი ამონაწერების გაცემა, საიდანაც გაირკვევა, რომ მშვილებელი შვილობილის ღვიძლი მშობელი არ არის. ის პირი, რომელიც გაამჟღავნებს შვილად აყვანის საიდუმლოებას მშვილებელის ნების გარეშე, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. შვილად აყვანის რეგისტრაციის პირობები და წესი 81. შვილად აყვანა დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ. შვილად აყვანის რეგისტრაცია ხდება სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ პირის განცხადებით, რომელსაც სურს იშვილოს ბავშვი, ამ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინებით. შვილად აყვანა აუცილებლად რეგისტრირებულ უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება) სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახდენს შვილად აყვანის აქტის ჩასაწერ წიგნში შვილად აყვანის რეგისტრაციას და გასცემს შვილად აყვანის მოწმობას. 82. შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ შვილად აყვანილის დაბადების რეგისტრაციისა ან მისი დაბადების დაკარგული ჩანაწერის აღდგენის შემდეგ. 83. იმ შემთხვევაში, როცა სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ნაშვილების დაბადების სააქტო ჩანაწერში იცვლება სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, ან მშვილებელნი იწერებიან ნაშვილების მშობლებად, დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში ხდება სათანადო ცვლილებათა შეტანა და გაიცემა დაბადების ახალი მოწმობა, ხოლო მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების იმ არქივში, სადაც ინახება დაბადების სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი, გაიგზავნება შეტყობინება მასში სათანადო ცვლილებათა შესატანად. თუ ნაშვილების დაბადების სააქტო ჩანაწერი ინახება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სხვა ბიუროში (განყოფილებაში), მაშინ შეტყობინება ნაშვილების დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებათა შეტანის შესახებ უნდა გადაიგზავნოს მმაჩის იმ ბიუროში (განყოფილებაში), სადაც ინახება დაბადების სააქტო ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი. ხსენებული ბიურო შეიტანს ცვლილებებს შვილად აყვანილის დაბადების სააქტო ჩანაწერში და გადაუგზავნის დაბადების ახალ მოწმობას იმ ბიუროს, ვინც გამოუგზავნა შეტყობინება, ხოლო შეტყობინებას დაბადების ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში ცვლილებათა შეტანის შესახებ, გადაუგზავნის მმაჩის ორგანოების იმ არქივს, სადაც ინახება შვილად აყვანილის დაბადების ჩანაწერის ეს ეგზემპლარი. იმ შემთხვევაში, როცა შვილად აყვანასთან დაკავშირებით ნაშვილების დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილი იქნება ცვლილებანი და გაიცემა დაბადების ახალი მოწმობა, ადრე გაცემული დაბადების მოწმობა უნდა გაუქმდეს. 84. თუ სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით შვილად აყვანის შესახებ შეიცვალა შვილად აყვანილის დაბადების ადგილი და ეს ვერ უზრუნველყოფს შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვას, მაშინ, მშვილებელთა თხოვნით დასაშვებია შედგეს შვილად ასაყვანის დაბადების ახალი აქტი აღმასკომის გადაწყვეტილებაში ნაჩვენებ დაბადების ადგილის მიხედვით რაიონის, ქალაქის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში). აქტის ჩაწერა მოხდება დაბადების აღდგენილი აქტების სარეგისტრაციო წიგნში. დაბადების სააქტო ჩანაწერის მე-16 გრაფაში მითითებულ უნდა იქნეს დაბადების პირველადი ჩანაწერის ადგილი, ნომერი და თარიღი. დაბადების ახალი ჩანაწერის შედგენის შესახებ უნდა ეცნობოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ იმ ორგანოებს, სადაც ინახება შვილობილის დაბადების სააქტო ჩანაწერების ორივე ეგზემპლარი. ასეთ შემთხვევაში შვილობილის დაბადების პირველადი ჩანაწერი უნდა გაუქმდეს სათანადო აღნიშვნით. 85. შვილად აყვანის გაუქმება ან ბათილად ცნობა შეიძლება მოხდეს სასამართლო წესით. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიურო (განყოფილება), რომელმაც მოახდინა შვილად აყვანის აქტის რეგისტრაცია, აუქმებს შვილად აყვანის აქტს, ხოლო გაუქმების შემთხვევაში შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერზე აკეთებს შენიშვნას შვილად აყვანის გაუქმების შესახებ. ორივე შემთხვევაში აღდგება პირვანდელი (შვილად აყვანამდე) მონაცემები. შვილად აყვანისა და დაბადების მოწმობები, რომლებიც მიეცემა მშვილებელს მმაჩის ორგანოების მიერ, ჩამოერთმევა მას და გაუქმდება. თავი VII მამობის დადგენის რეგისტრაცია 86. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 190-ე მუხლის შესაბამისად, მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში, ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის ან მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით. 87. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მშობლების ერთობლივი განცხადების, ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო დედის გარდაცვალების ან მისი საცხოვრებელი ადგილის დაუდგენლობის შემთხვევაში ‒ მამის განცხადებით. 88. თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოხდა მამობის დადგენის რეგისტრაციამდე, მაშინ მშობელთა ერთობლივ განცხადებას მამობის დადგენის შესახებ, უნდა დაერთოს ბავშვის დაბადების მოწმობა. 89. იმ შემთხვევაში, როცა მამობის დადგენის შესახებ განცხადების შეტანა ხდება ბავშვის დაბადების რეგისტრაციაში გატარებამდე, დაბადების და მამობის დადგენის აქტის რეგისტრაცია ხდება ერთდროულად. 90. მამობის დადგენის განცხადებას სრულწლოვანი შვილის მიმართ უნდა დაერთოს შვილის წერილობითი თანხმობა, რომელშიც აგრეთვე მითითებულ უნდა იქნეს სურს თუ არა მას მიიღოს მამის გვარი, თუ დაიტოვოს ძველი გვარი, თანხმობა მამობის დადგენაზე აღინიშნება მამობის დადგენის აქტის მე-19 გრაფაში. 91. თუ ერთ-ერთ მშობელს საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია პირადად გამოცხადდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში, მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის განცხადებაზე მისი ხელის მოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს სანოტარო ორგანოს, სამხედრო ნაწილის მეთაურის, სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციის, ინვალიდთა სახლის, გემის კაპიტნის და თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის მიერ. 92. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მამობის დადგენის აქტების სარეგისტრაციო წიგნში. 93. მამობის დადგენის აქტის ჩაწერის საფუძველზე მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო შეიტანს სათანადო ცვლილებებს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, გასცემს დაბადების ახალ მოწმობას და შეტყობინებას დაბადების ჩანაწერში ცვლილებათა შეტანის შესახებ მამობის დადგენის აქტის შესაბამისად გადაგზავნის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების იმ არქივში, სადაც ინახება დაბადების სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი. ადრე გაცემული დაბადების მოწმობა უქმდება. თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ინახება სხვა ადგილას, მაშინ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო, სადაც მოხდა მამობის დადგენის აქტის რეგისტრაცია, შეტყობინებას დაბადების სააქტო ჩანაწერში მამობის დადგენის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გადაუგზავნის იმ ორგანოს, სადაც ინახება დაბადების ჩანაწერის პირველი ეგზემპლარი. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანო მიიღებს რა შეტყობინებას დაბადების ჩანაწერში ცვლილებების შეტანის შესახებ, გააკეთებს სათანადო აღნიშვნებს დაბადების ჩანაწერის პირველ ეგზემპლარში, გადაგზავნის დაბადების ახალ მოწმობას განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში და შეტყობინებას დაბადების ჩანაწერის მეორე ეგზემპლარში ანალოგიური ცვლილებების შესატანად გადაუგზავნის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოს იმ არქივში, სადაც ინახება ეს ჩანაწერი. 94. თუ მშობლები ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ ბავშვის დაბადების შემდეგ და დედამ მიიღო მეუღლის გვარი, მაშინ მამობის დადგენის აქტის რეგისტრაციის დროს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში იცვლება დედის გვარიც. თ ა ვ ი VIII​1 თავი 1X მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნების შევსების წესები 103. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნები შედგება სააქტო ჩანაწერის ბლანკების პირველი და მეორე (მოსახევი) ეგზემპლარებისაგან. 104. აქტების რეგისტრაციის დროს ორივე ეგზემპლარი ერთდროულად ივსება და ინომრება ერთი და იგივე რიგითი ნომრით. სააქტო ჩანაწერების ნუმერაცია იწყება პირველი ნომრით და თანმიმდევრობით ტარდება მთელი წლის განმავლობაში 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. თითოეული სახის სააქტო ჩანაწერების ბლანკებზე წარმოებს ცალკე ნუმერაცია. 105. სააქტო ჩანაწერების გაფუჭების შემთხვევაში, ივსება სხვა (მომდევნო) ბლანკი, გაუქმებული ბლანკი (ორივე ეგზემპლარი) გადაიხაზება და რჩება სააქტო წიგნში. გაფუჭებულ ბლანკზე აღნიშნული სააქტო ჩანაწერის ნომერი გადაიტანება მომდევნო ბლანკზე, რომელზეც წარმოებს აქტის ჩაწერა. 106. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნებში ბლანკების შევსება ხდება ავტოკალმის შავი მელნით და გარკვეული ხელით. სააქტო ჩანაწერების ყველა გრაფა ივსება ამომწურავი პასუხებით. ცალკეული სიტყვების გამოტოვება, შემოკლება, აგრეთვე შესწორება ან ამოშლა დაუშვებელია, უარყოფითი პასუხი გრაფაში აღინიშნება სიტყვით „არა“. სახელი, მამის სახელი და გვარი წარმოდგენილ საბუთებთან შედარების შემდეგ ჩაიწერება სრულად. 107. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერის გრაფაში „ეროვნება“ აღინიშნება პასპორტის მიხედვით. პასპორტის უქონლობის შემთხვევაში, ეროვნება განისაზღვრება მშობლების ეროვნების მიხედვით. თუ მშობლები სხვადასხვა ეროვნების არიან, ჩაიწერება ერთ-ერთი მშობლის ეროვნება განმცხადებლის სურვილის თანახმად. უცხოელების მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დროს, ეროვნების გარდა, აღინიშნება იმ სახელმწიფოს სახელწოდება, რომლის მოქალაქეც (ქვეშევრდომიც) არის, მაგალითად „რუმინელი ‒ რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქე“. მოქალაქეობის არმქონე პირის ეროვნება აღინიშნება სიტყვების „მოქალაქეობის მქონეს“ მიმატებით, მაგალითად „ირანელი ‒ მოქალაქეობის არმქონე“. 108. გრაფაში „დაბადების ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ აღინიშნება ახალი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით. 109. გრაფაში „სად და რა თანამდებობაზე მუშაობს“ და „სად და რა თანამდებობაზე მუშაობდა“ აღინიშნება საწარმოს, დაწესებულებების, ორგანიზაციის, კოლმეურნეობის სახელწოდება, თანამდებობა ან მოსაქმეობა. მაგალითად „ქუთაისის ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხანა ‒ „ზეინკალი“. „სამგორის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ‒ „მემინდვრე“. სამხედრო მსახურთა მიმართ, ამ გრაფაში აღინიშნება სამხედრო ნაწილის ან დაწესებულების სახელწოდება. თუ განმცხადებელი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის რეგისტრაციის მომენტში არ მუშაობს, უნდა აღინიშნოს მისი არსებობის წყარო (პენსიონერი“, „მოსამსახურე ქმრის კმაყოფაზე“ და ა. შ.),  პენსიონერის გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის დროს გრაფაში „სად და რა თანამდებობაზე მუშაობდა“. დამატებით აღინიშნება გარდაცვალებული პენსიონერის ადრინდელი ძირითადი მოსაქმეობა („პენსიონერი-ექიმი“, „პენსიონერი-მკერავი“ და ა. შ.). 110. გრაფაში ‒ „პირადობის დამადასტურებელი წარმოდგენილი საბუთები“ ‒ აღინიშნება საბუთის სერია და ნომერი. ვის მიერ და როდის არის გაცემული, მაგალითად: „პასპორტი VI-ოფ №715289, გაცემული 1969 წლის 4 მაისს, ქ. თბილისის ლენინის რაიონის მილიციის განყოფილების მიერ“. 111. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის მოწმობაში აღნიშნული მონაცემები უნდა ემთხვეოდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერებს. თავი X მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობების გაცემა 112. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების განმეორებითი მოწმობების გაცემა წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული (საქალაქო) ბიუროების (განყოფილებების), თბილისის ქალაქის მმაჩის არქივის, მმაჩის საოლქო და რესპუბლიკური არქივების მიერ მოქალაქეთა განცხადებების ან სახელმწიფო სანოტარო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. 113. განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ განცხადების მიხედვით სააქტო ჩანაწერების შემოწმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების წიგნებსა და მეტრიკულ წიგნებში. შემოწმება ხდება 7 წლის წიგნებში (განცხადებაში აღნიშნული წელი, ასევე წინა სამი და მომდევნო სამი წელი). განცხადება განმეორებითი მოწმობის გაცემაზე გატარდება განცხადებათა აღრიცხვის წიგნში. 114. განმეორებითი მოწმობა განმცხადებელს ეძლევა პირადად ან სხვა პირს, განმცხადებლის მონდობილობით. 16 წლის ასაკამდე ბავშვის დაბადების მოწმობა ეძლევა მშობლებს, მეურვეს, მშვილებელს ან მზრუნველს. გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა მიეცემა გარდაცვალებულის ნათესავებს. სხვა ქალაქთა მოთხოვნებზე განმეორებითი მოწმობები გადაეგზავნება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში (განყოფილებაში) განმცხადებელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო შორს მდებარე დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებთა განცხადებებზე განმეორებითი მოწმობები გაიგზავნება მშრომელთა დეპუტატების სასოფლო (სადაბო) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საშუალებით. სამხედრო მსახურთა განმეორებითი მოწმობა გადაეგზავნება სამხედრო ნაწილის მეთაურს. 115. მეტრიკული წიგნების მიხედვით მოწმობების გაცემის დროს რიცხვი აღნიშნული უნდა იქნეს ახალი სტილით, მეტრიკულ წიგნში აღნიშნულ თარიღზე 12 დღის მიმატებით იმ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა 1901 წლის 1 იანვრამდე და 13 დღის მიმატებით იმ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა 1901 წლის 1 იანვრიდან. თუ მეტრიკულ წიგნში არ არის მონაცემი ეროვნების შესახებ, მაშინ განმეორებითი მოწმობის შესაბამის გრაფას ხაზი უნდა გაესვას. 116. მოქალაქეობრივი მდგომარეობის განმეორებითი მოწმობების გაცემის დროს, მოწმობას თავში უნდა დაერტყას შტამპი „განმეორებითი“. 117. განმეორებითი მოწმობები გადაიგზავნება შეკვეთილი ფოსტით, გადაგზავნის დროს მათი შეკერვა, გადაკეცვა აკრძალულია. 118. თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერი არ აღმოჩნდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ რაიონულ, საქალაქო ბიუროში (განყოფილებაში) ან თბილისის ქალაქის მმაჩის არქივში, განმცხადებელს, რომელმაც პირადად მიმართა ამ ორგანოებს, უნდა ურჩიონ, რომ განცხადება შეიტანოს მმაჩის რესპუბლიკურ (საოლქო) არქივში, სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარების შესამოწმებლად. სხვა ქალაქების მცხოვრებთაგან შემოსული განცხადებები ზემოხსენებულ შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული, საქალაქო ბიუროს (განყოფილების) და თბილისის მმაჩის არქივის მიერ გადაეგზავნება მმაჩის საოლქო, რესპუბლიკურ არქივს. ორივე შემთხვევაში უკეთდება აღნიშვნა, რომ მმაჩის ბიუროში (არქივში) მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერი ან ამ ჩანაწერების წიგნი არ არსებობს, რაც მოწმდება ბეჭდის დასმით და გამგის ან საქმისმწარმოებლის ხელმოწერით. თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერი საოლქო, რესპუბლიკურ არქივშიც არ აღმოჩნდა, განმცხადებელს მიეცემა ცნობა ჩანაწერის არარსებობის შესახებ იმ წესის დაცვით, რაც გათვალისწინებულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერის შეცვლისა და აღდგენის წესების მე-9 პუნქტში. 119. მოქალაქეთა თხოვნა განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ სრულდება 7 დღის ვადაში, ხოლო იმ მოქალაქეებისა, რომლებიც პირადად მიმართავენ არქივს, იმავე დღეს. 120. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების მოწმობის გაცემის შესახებ ჩანაწერზე კეთდება აღნიშვნა გაცემული მოწმობის სერიის, ნომერისა და გაცემის თარიღის ჩვენებით, ანალოგიური აღნიშვნა უკეთდება განცხადებას განმეორებითი მოწმობის გაცემის შესახებ. 121. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების ასლები ეგზავნებათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოებს, პროკურატურას, სასამართლოს, სანოტარო, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებს და საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს მათი მოთხოვნით. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების ასლების მოქალაქეებისათვის მიცემა აკრძალულია. თავი XI ანგარიშგება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ 122. ყოველი თვის არაუგვიანეს ორი რიცხვისა სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები გასულ თვეში შედგენილი დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარებს აღწერის ფორმა №30-ის თანხლებით აბარებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ რაიონული საქალაქო ბიუროს (განყოფილებას). გარდაცვალების აქტებს თან ერთვის საექიმო მოწმობა ან საფერშლო ცნობა გარდაცვალების შესახებ, რომელთა დაწებება სააქტო ჩანაწერებზე დაუშვებელია. არასწორად ან არასრულად (ხელმოუწერავი, ბეჭედ და შტამბ დაურტყმელი, ცალკეული გრაფები შეუვსებელი და ა. შ.) შედგენილი სააქტო ჩანაწერები შესასწორებლად უბრუნდება სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, შესწორებული სააქტო ჩანაწერები უკანვე უნდა დაუბრუნდეს მმაჩის ბიუროს სამი დღის განმავლობაში. 123. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული, საქალაქო ბიურო (განყოფილება) ყოველთვიურად მთელი რაიონის მიხედვით 4 ცალად ადგენს უწყისს (ფორმა №97) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ, მმაჩის ბიუროსა და თითოეული სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიხედვით ცალ-ცალკე. დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების სააქტო ჩანაწერის მეორე ეგზემპლარები და უწყისი (ფორმა № 97) ორ ცალად არაუგვიანეს მომდევნო თვის 4 რიცხვისა ეგზავნება შესაბამისად საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, რათა შემოწმდეს სააქტო ჩანაწერების შედგენის სისწორე და დასამუშავებლად გადაეცეს ისინი საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს სათახადო ორგანოებს. ზემოაღნიშნულ ორგანოებს ეგზავნებათ აგრეთვე მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის, ერთი წლის წინ გარდაცვალებულთა, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად ცნობილ პირთა და აღდგენილი სააქტო ჩანაწერების მეორე ეგზემპლარები მათი შედგენის სისწორის შესამოწმებლად. უწყისის (ფორმა №97) მესამე ეგზემპლარი გადაეგზავნება ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს რაიონულ ინსპექტურას, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება მმაჩის ბიუროში. თავი XII მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო მოწმობათა ბლანკების აღრიცხვა, შენახვა, გამოყენება 124. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ბლანკებს ადგილებზე გზავნის საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრო. 125. მოწმობათა ბლანკები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებია და ინახება ცეცხლგამძლე კარადებსა და რკინის ყუთებში. სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოწმობათა ბლანკებიანი ცეცხლგამძლე კარადა და რკინის ყუთი ილუქება. ბლანკსაცავში შესვლა შეუძლია მხოლოდ მის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო მათი არყოფნის დროს ‒ ამ პირთა უშუალო უფროსებს. 126. მოწმობათა ბლანკების მიღებას აწარმოებს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისია. მოწმობათა ბლანკების მიღების შედეგებზე დგება აქტი. ბლანკების დანაკლისის ან დეფექტური ბლანკების აღმოჩენის შემთხვევაში (დაბეჭდილი ტექსტის დაზიანება, დუბლირებული ნორმების არსებობა, ბლანკები ირიბად ნაბეჭდი შრიფტით, არასწორად ჩამოჭრილი, არასწორი ფორმატის, სერიისა და ნომრების შეუსაბამობა დასტაზე დაკრულ სახელმწიფო ნიშნის იარლიყზე აღნიშნულ სერიასა და ნომრებთან). აქტი დგება ორ ცალად. აქტის ერთი ეგზემპლარი სახელმწიფო ნიშნის იარლიყთან და დეფექტურ ბლანკებთან ერთად ეგზავნება საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს. 127. მოწმობათა ბლანკების აღრიცხვისათვის შემოღებული უნდა იქნეს: ა) აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებში, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში ‒ მოწმობათა ბლანკების შემოსავალ-გასავლის და პირადი ანგარიშების წიგნები სახალხო დეპუტატთა რაიონული (საქალაქო) საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტებზე და მმაჩის შესაბამის არქივზე გაცემული მოწმობების ბლანკების აღსარიცხავად; ბ) სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში მოწმობათა ბლანკების შემოსავალ-გასავლის აღსარიცხავი წიგნი და პირადი ანგარიშების წიგნები ‒ მმაჩის ბიუროსა და სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებზე გაცემულ მოწმობათა ბლანკების აღსარიცხავად; გ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ რაიონულ (საქალაქო) ბიუროში (განყოფილებაში), ქალაქის, ოლქის, რესპუბლიკურ არქივებში; სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში ‒ მოწმობათა ბლანკების შემოსავლისა და გასავლის წიგნი. აღნიშნული წიგნები ივსება მელნით, გარკვეულად. წაშლა, ამოფხეკა დაუშვებელია, შეცდომების გასწორების შესახებ კეთდება სათანადო აღნიშვნა. 128. სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტები მოწმობების ბლანკებს მისცემენ მმაჩის ბიუროებს, სასოფლო, სადაბო და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს, ადრე მიცემული ბლანკების გამოყენებაზე გამამართლებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. 129. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული (საქალაქო) ბიუროები (განყოფილებები) და სახალხო დეპუტატების სასოფლო, სადაბო, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები ყოველკვარტალურად არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, სახალხო დეპუტატთა რაიონულ, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს წარუდგენენ ანგარიშს დადგენილი ფორმით მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების მოწმობების ბლანკების გამოყენების შესახებ, ხოლო თავის მხრივ სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები მოწმობათა ბლანკების გამოყენების შესახებ კვარტალურ ნაკრებ ანგარიშებს არაუგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 13 რიცხვისა უდგენენ შესაბამისად: საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოები, სამხერთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ყოველკვარტალურად თავის მხრივ უდგენენ საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს ნაკრებ ანგარიშებს მოწმობების ბლანკების ხარჯვის შესახებ. 130. მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების მოწმობათა ბლანკების დაკარგვის ან დატაცების შესახებ იმავე დღეს უნდა ეცნობოს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა განყოფილებას, და შესაბამისად საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. 131. სააქტო ჩანაწერებში ცვლილებათა შეტანის გამო გამოსაცვლელად ჩაბარებული მოწმობები, გაცვეთილი და ნაპოვნი მოწმობები, აგრეთვე შევსების დროს გაფუჭებული მოწმობები ინახება და მათი განადგურება (დაწვა) ხდება უფლებამოსილი კომისიის მიერ, რაზედაც დგება აქტი. ნადგურდება აგრეთვე სხვა მმაჩის ბიუროდან გადმოგზავნილი მოწმობები, რომლებიც მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში არ მიუღიათ. თავი XIII მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების რევიზია 132. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს მიერ პერიოდულად მოწმდება: მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი რაიონული (საქალაქო) ბიუროების (განყოფილებების) და სახალხო დეპუტატთა სასოფლო, სადაბო და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მუშაობა (მმაჩის ხაზით); ქორწინების სახლის, მმაჩის რესპუბლიკური და თბილისის ქალაქის არქივების მუშაობა; აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (მმაჩის ხაზით). მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების მუშაობის შემოწმებას აწარმოებენ აგრეთვე შესაბამისი სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტები წელიწადში ერთხელ. 133. რევიზიის დროს მოწმდება: ა) დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის აქტების რეგისტრაციის სისწორე; ბ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების აღდგენის სისწორე; გ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების შესწორებათა და ცვლილებათა შეტანის სისწორე და სათანადო ორგანოებში შეტყობინებათა გადაგზავნის დროულობა; დ) მოწმობათა ბლანკების აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობა; ე) გარდაცვალებულთა პასპორტებისა და სამხედრო ბილეთების ამოღების, გაუქმების, აღრიცხვისა და ჩაბარების წესის შესრულება; ვ) სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების სისწორე, აგრეთვე არის თუ არა დაკრული განცხადებებზე სახელმწიფო ბაჟის გაუქმებული მარკები და მათი გაუქმების სისწორე; ზ) სხვა მმაჩის ბიუროებიდან მიღებული განმეორებითი მოწმობების აღრიცხვის, შენახვისა და თავის დროზე გაცემის საკითხი; თ) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვა, მათზე მიღებული ზომები, განცხადებებისა და საჩივრების შენახვის საქმე. 134. შემოწმების ჩატარების შემდეგ ყველა საბუთი, რომლებზეც დაკრულია სახელმწიფო ბაჟის მარკები, იკერება დასტებად, ილუქება და ასე ინახება გაუქმებამდე. საჭირო შემთხვევაში ხდება დასტის გახსნა, რაზედაც დგება აქტი გახსნის მიზეზის აღნიშვნით. 135. დაქორწინების შესახებ განცხადებები, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, განქორწინების, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის, დაკარგული სააქტო ჩანაწერების აღდგენისა და სააქტო ჩანაწერებში შესწორებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ მასალები ინახება მმაჩის ბიუროში 5 წლის განმავლობაში, ხოლო განცხადებები განმეორებითი მოწმობების გაცემაზე, საკონტროლო სიები დაბადების შესახებ, ჯანმრთელობის ორგანოების ცნობები და სხვა მასალები ინახება 2 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მათი განადგურება (დაწვა). 136. რევიზიის შედეგების შესახებ დგება აქტი 2 ეგზემპლარად ‒ ერთი წარედგინება იმ ორგანოს, რომელმაც ჩაატარა შემოწმება, ხოლო მეორე რჩება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში. p style'text-align: justify;'/p p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} p style'text-align: justify;' 1971 9 133 - /p