შპს ,,ოპელ სერვისის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე N 2/ 24384-19 |
|
განჩინება საქართველოს სახელით გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ |
|
201 9 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
დირექტორი: თორნიკე რობაქიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ განიხილა შპს ,,ოპელ სერვისის“ დირექტორის განცხადება გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ და
გამოარკვია:
2019 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ოპელ სერვისის“ დირექტორმა და შპს „ოპელ სერვისის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ოპელ სერვისის“ საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია. საწარმომ ზარალი განიცადა და ვეღარ შესძლო მაღალი საიჯარო ქირის, ბანკებიდან აღებული სესხებისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარიცხული ჯარიმების გადახდა, რამაც 2019 წლის 4 მარტს, საწარმოს საქმიანობის შეწყვიტა გამოიწვია. საწარმოს კრედიტორები არიან შემოსავლების სამსახური, შპს ,,გიო ავტო ექსპორტი“ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური. შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 8926,15 ლარს, შპს ,,გიო ავტო ექსპორტის“ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 22 000 აშშ დოლარს, ხოლო, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა - 10 000 ლარს. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მოვალე საწარმოს სასაქონლო მატერიალური მარაგების ჯამური ღირებულება შეადგენს 258 260 ლარს. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები). ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი განმარტავს და შპს „ოპელ სერვისის“ სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის აქტით დასტურდება, რომ საწარმოს ბალანსზე ერიცხება მატერიალური ფასეულობები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 258260 ლარს (ს. ფ. 15-24). ამასთან, საწარმოს დავალიანება კრედიტორების მიმართ ჯამში შეადგენს დაახლოებით 84926,15 ლარს ($22.000+8926.15 ლ+10 000 ლარი).
ვინაიდან შპს „ოპელ სერვისის“ ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 173333 ლარით აღემატება კრედიტორების მიმართ საწარმოს დავალიანების ოდენობას და, შესაბამისად, სახეზე არ არის საწარმოს უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, წარმოდგენილ განცხადებას შპს „ოპელ სერვისის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე და განმცხადებელ საწარმოს უნდა განემარტოს, რომ ის უფლებამოსილია, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ზემომითითებული დანაწესის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ოპელ სერვისს“ უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი), განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე.