შპს "იმპერიალი 2000-ის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/1145-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2019 წლის 5 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
მეურვე: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“
წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
მოვალე: შპს "იმპერიალი 2000"
წარმომადგენელი: ამირან მალაყმაძე (დირექტორი)
წარმომადგენელი - მირიან კვირიტიძე
კრედიტორი: სს "ბანკი ქართუ"
კრედიტორი: სს "დაზღვევის კომპანია ქართუ"
კრედიტორის წარმომადგენელი: ნათია ჩაჩანიძე
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
კრედიტორის წარმომადგენელი: მადონა გეწაძე
კრედიტორი: შპს "აგრიკომი"
კრედიტორის წარმომადგენელი: მიხეილ ვაშაკიძე
კრედიტორი: შპს "გალტამი"
მოთხოვნა - კრედიტორის მოთხოვნის აღიარება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განხილვაშია შპს „იმპერიალი 2000"-ის გადახდისუუნარობის საქმე.
2019 წლის 15 მაისს შპს „იმპერიალი 2000"-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ამირან მალაყმაძემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით შპს „იმპერიალი 2000“-ის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 21 ივნისს.
2019 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,იმპერიალი-2000“-ის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო და მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 2. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეული იქნა 2019 წლის 29 ოქტომბერს 13:00 საათზე;
2019 წლის 29 ოქტომბერს გადადებული კრება ვერ ჩატარდა, ვინაიდან 2019 წლის 9 ოქტომბერს (ფოსტის მეშვეობით გადმოგზავნილია 8 ოქტომბერს) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა მოვალე შპს „იმპერიალი 2000“-ის დირექტორმა და მოითხოვა 2019 წლის 03 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება სს ,,ბანკი ქართუს“ მოთხოვნის 9 069 095.14 ლარის აღიარების ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 379 087.57 ლარამდე.
2019 წლის 15 ნოემბერს, 28 ნოემბერს და 29 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „იმპერიალი 2000"-ის წარმომადგენელმა და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა ნებართვის გაცემა დანართის სახით წარმოდგენილი დამატებით თანამშრომლებზე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება 6 თვის ვადით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს "იმპერიალი 2000"-ის გადახდისუუნარობის საქმეზე მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება 2019 წლის 23 დეკემბერს 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) სხდომის დარბაზი №5, შემდეგი დღის წესრიგით:
1) კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;
2) კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება;
3) მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში;
3. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდებზე. განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ. გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს გაკოტრების მმართველს;
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე