ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2019
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.12.2019 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2019 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის, 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
3. ერედვის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ერედვის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება ისეთი გადასახდელები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. მათ შორის:
ა)ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ერედვის მუნიციპალიტეტის ქონებას;
ბ) ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;
გ) ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, რომელიც მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობის ჩასახლების ადგილას.
დ) ხარჯები იმ ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ჩასახლებულია ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა, ისეთი სამუშაოების დროულად ჩასატარებლად, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ნაგებობა, და სხვა), რომელიც აუცილებელია მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ვ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
მუხლი 3🔗.
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. ერედვის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ,, ჯგუფი“).
2. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას.
3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო ჯგუფის წევრთა შემადგენლობაში შედიან ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები/საჯარო მოხელეები და თანხმობის შემთხვევაში საკრებულოს წევრები.
4. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელის მოვალეობას, გამგებლის ბრძანებით, ასრულებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 4🔗.
მუშაობის წესი
1. სამუშო ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს ერედვის მუნიციპალიტეტში ფიზიკური ან ერედვის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.
2. საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ან სხვა საჯარო მოხელეს, რათა განცხადების შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
მუხლი 5🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან;
ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 6🔗.
სამუშაო ჯგუფის სხდომა
1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
5. სამუშაო ჯგუფის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, მდივანი და ყველა დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრი.
მუხლი 7🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა
ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხორციელდება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 8🔗.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება ინფორმაცია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ.
მუხლი 9🔗.
წესში ცვლილების შეტანა
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.