„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №611 |
|
2019 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდება“.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესდება ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.
|
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, აგრეთვე უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. უნივერსიტეტი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.
1. უნივერსიტეტი ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, შესაბამისი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და სხვა სპეციალობებში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებასა და დიპლომის/სერტიფიკატის გაცემას.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შემოკლებით – „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, აბრევიატურა – „ქსუ“.
4. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, შტამპი საკუთარი დასახელებით, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.
5. უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
1. უნივერსიტეტის მიზანია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
2. უნივერსიტეტის ამოცანებია:
ა) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
ბ) პიროვნების ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებლობების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანური კაპიტალის მომზადება;
დ) შიდა და გარე შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
ე) განათლებისა და სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;
ვ) საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, უნივერსიტეტი:
ა) ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სტუდენტთა და უნივერსიტეტის პერსონალის ურთიერთგაცვლას, რომელიც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებით;
გ) უზრუნველყოფს უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირებას;
დ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
ე) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხსა და კვალიფიკაციას;
ვ) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს;
ზ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით, ახორციელებს ნებისმიერი სახის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამას, პროფესიული მომზადების პროგრამას ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამას;
თ) აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც, მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, წარმართავენ სასწავლო პროცესს;
ი) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსებით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს;
კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვა
უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისგან.
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.
2. უნივერსიტეტის ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებია: სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი, განყოფილებები, კვლევითი ლაბორატორიები და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების პროცესში.
3. უნივერსიტეტის ძირითადი სამეცნიერო გამოყენებითი ერთეულებია: ადრონული თერაპიის ცენტრი და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევების პროცესში.
4. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა (ფაკულტეტები/სკოლები) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გარდაქმნის და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი დირექტორი.
5. საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფისა და ორგანიზების მიზნით, აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით ამტკიცებს სტრუქტურას, რომლის შესაბამისად იქმნება სტრუქტურული ერთეულები შემდეგი ფუნქციების განსახორციელებლად:
ა) უნივერსიტეტისთვის კვალიფიციური კადრების მოძიება, შემოწმება და დაკომპლექტების ორგანიზება;
ბ) უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება;
გ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
დ) მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება;
ე) საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
ვ) საერთაშორისო კონტაქტების დამყარება/განვითარება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით, და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
1. აღმასრულებელი დირექტორი არის უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი – რექტორი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას, ასრულებს უნივერსიტეტის რექტორის ფუნქციებს და წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს;
ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევით პროექტებს;
თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;
ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს უნივერსიტეტის სახსრებსა და ქონებას;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის თანამშრომლებს;
მ) განსაზღვრავს თანამშრომელთა მისაღები კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უნივერსიტეტში მოქმედ მარეგულირებელ წესებს;
ო) ზედამხედველობს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;
ჟ) ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
რ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების, კრედიტების, ასევე, ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ს) ამტკიცებს უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესებს და შესაბამისი კომისიების შემადგენლობას;
ტ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტის პროექტს/ბიუჯეტის ცვლილების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
უ) ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – დიპლომებსა და პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს − დიპლომებს/სერტიფიკატებს;
ფ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს;
ქ) უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, სათათბირო ორგანოების სახით, შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომიტეტები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აღმასრულებელ დირექტორს, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის შვებულება და უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
1. უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ერთ-ერთი მოადგილეს ან უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ სხვა პირს.
3. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეს ეზღუდება განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე – დიპლომებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
4. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1. სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან უნივერსიტეტის სამეცნიერო ან/და აკადემიური პერსონალი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას და მასში შესატან ცვლილებებს;
გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;
დ) შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ე) ამტკიცებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების, ასევე ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარების წესს;
ვ) ითანხმებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ მთავრობისათვის წარსადგენად მომზადებულ წლიურ ანგარიშს;
ზ) განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს;
თ) ამტკიცებს უნივერსიტეტის წლიური ბიუჯეტის პროექტს/ბიუჯეტის ცვლილებებს;
ი) ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ დებულებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
კ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის არჩევის წესს;
ლ) ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობებს;
მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და სამეცნიერო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული წესები განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს.
3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მეთვალყურეობს უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებას.
4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.
უნივერსიტეტის პერსონალი
1. უნივერსიტეტის პერსონალი შედგება აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით.
2. აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ: პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები და ასისტენტები, რომელთა შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საშტატო განრიგით და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. აკადემიური პერსონალის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1) აკადემიური თავისუფლება; 2) აკადემიური მიუკერძოებლობა; 3) აკადემიური ხარისხი.
4. სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები განისაზღვრება შრომის კანონმდებლობით, ამ წესდებითა და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
1. აკადემიურ თანამდებობაზე პირი ინიშნება კონკურსის წესით, კანდიდატის აკადემიური ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების გათვალისწინებით.
2. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომლის შექმნა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის არჩევის წესით, ხოლო საკონკურსო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი.
3. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევაზე უარი არ ნიშნავს კანდიდატის აკადემიური მოღვაწეობის გაგრძელებაზე უარს. კანდიდატმა შეიძლება გააგრძელოს მუშაობა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
აკადემიური პერსონალის უფლებებია:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლებისა და შეფასების მეთოდები;
გ) მოითხოვოს დამოუკიდებლობა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში;
დ) მოითხოვოს სასწავლო და კვლევითი მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ვ) პროფესორების განსაკუთრებული უფლებაა სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
აკადემიური პერსონალის მოვალეობებია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
გ) დაიცვას უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი;
დ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და მეცნიერულ ზრდაზე;
ე) იზრუნოს კვლევის განსაკუთრებული უნარის მქონე სტუდენტთა გამოვლენისა და მათში ამ უნარის გაღრმავებისათვის;
ვ) ხარისხიანად განახორციელოს კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამები;
ზ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობებია:
ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საკონკურსო მოთხოვნებით;
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
დ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის არჩევის წესით განსაზღვრული ვადითა და წესით.
2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო, საპატიო წოდებების შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით.
3. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო, თუკი პირს აქვს უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებული დამსახურება. სამეცნიერო საბჭო ხელმძღვანელობს საპატიო წოდებების შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით.
4. უნივერსიტეტს უფლება აქვს, უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში განსაკუთრებული როლისა და დამსახურებისათვის, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან/და პროფესორის წოდება.
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირებისგან: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი, სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები და მეცნიერის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამეცნიერო პერსონალის არჩევის წესით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: აღმასრულებელი დირექტორის (რექტორის), უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის), ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები, აგრეთვე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.
3. ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წესი, ადმინისტრაციული პერსონალის უფლება-მოვალეობები, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციული პერსონალის არჩევის წესით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.
4. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო განრიგით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი, რომელთა უფლება-მოვალეობანი და სხვა საკითხები განისაზღვრება დამხმარე პერსონალის არჩევის წესით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი.
5. პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე, ვადიანი ხელშეკრულებით.
6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
სტუდენტი
1. სტუდენტი არის პირი, რომელიც კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისათვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცებული უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესების შესაბამისად.
3. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
4. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს, ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო რესურსებით და სხვა საშუალებებით;
დ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსაგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
ზ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის შეფასებაში, დადგენილი წესით;
ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
1. სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით, ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც სავალდებულოა და რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია; დაიცვას უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი ნორმები, პერიოდულად ეცნობოდეს უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად იცავდეს მათ მოთხოვნებს.
2. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
აკადემიური ხარისხის მინიჭება და ხარისხის უზრუნველყოფა
1. უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას უნივერსიტეტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს.
2. უნივერსიტეტში იქმნება სადისერტაციო საბჭო, რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
3. უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოში იქმნება დარგობრივი სექციები, უნივერსიტეტში არსებული აკრედიტებული სადოქტორო პროგრამებით განსაზღვრული დარგის/სპეციალობის მიხედვით.
4. უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
1. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სისტემატური შეფასების მიზნით, უნივერსიტეტში იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით სამი წლის ვადით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
უნივერსიტეტის დაფინანსება, ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი.
2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს აღმასრულებელი დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა, საქართველოს მთავრობასთან ბიუჯეტის ამ ნაწილის წინასწარ შეთანხმება.
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტისთვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე) ან/და სტუდენტის მიერ;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი პროგრამული ან/და მიზნობრივი სახსრები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) გრანტები;
ე) შემოწირულობები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.
2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
3. უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებული ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.
4. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
3. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შემთხვევაში იმ მომენტისათვის არსებული ქონება უბრუნდება დამფინანსებელ მხარეებს, მათ მიერ უნივერსიტეტის დაფინანსებაში შეტანილი წვლილის პროპორციულად.
წესდებაში ცვლილების შეტანა
1. წესდებაში ცვლილების პროექტს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.