„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №15 |
|
2020 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) 2020 წლის 1 მაისიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება (ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით):
ვ.ა) რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:
ვ.ა.ა) ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე;
ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საოჯახო მედიცინის ცენტრებზე;
ვ.ა.გ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;
ვ.ბ) უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში:
ნ.ა) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდება აწარმოოს პჯდ გუნდის (ოჯახის ან უბნის ექიმი და ექთანი) მეშვეობით;
ნ.ბ) 1 პჯდ გუნდთან მიმაგრებული მოსახლეობის საერთო (პროგრამული და არაპროგრამული ბენეფიციარების ჯამი) რაოდენობა შეადგენდეს არაუმეტეს 2,500 მოსახლეს;
ნ.გ) მონაწილეობა მიიღოს (დადგენილი წესით) პრევენციულ და სკრინინგის პროგრამებში (მ. შ., C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, იმუნიზაცია);
ნ.დ) უზრუნველყოს ოჯახის/უბნის ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. ამასთან, უწყვეტი სამედიცინო განათლების თემატიკა და ოჯახის/უბნის ექიმის მიერ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის საშუალებით ყოველწლიურად დაგროვებული კრედიტქულების რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“.
3. 23-ე მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე პუნქტი:
„52. ამ დანართის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით:
ა) 2020 წლის 1 მაისამდე იზღუდება:
ა.ა) ბენეფიციარების გადინება/შედინება იმ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს (რეგისტრირებული ჰყავთ 13,000 და მეტი ბენეფიციარი). გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;
ა.ბ) ბენეფიციარების გადინება იმ დაწესებულებებიდან, რომლებსაც რეგისტრირებული ჰყავთ 7,000 და მეტი ბენეფიციარი. გამონაკლისი დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიზნით (საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის შეცვლა) დაწესებულებების შეცვლის შემთხვევებში;
ბ) ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, 2020 წლის 1 მაისიდან მიიღოს მონაწილეობა პროგრამის გეგმური ამბულატორიის კომპონენტში, ვალდებულია, 2020 წლის 1 თებერვლამდე განმახორციელებელთან წარადგინოს ინფორმაცია სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური კითხვარის შესაბამისად;
გ) თუ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი კითხვარის ანალიზის შედეგად დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კითხვარით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაწესებულებას ეძლევა ვადა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, განმეორებით, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 1 აპრილისა, წარუდგინოს განმახორციელებელს განახლებული კითხვარი;
დ) დაწესებულებებმა გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა);
ე) იმ დაწესებულებებში რეგისტრირებული ბენეფიციარების მოძრაობის მართვას, რომლებიც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ვერ აკმაყოფილებენ ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს, უზრუნველყოფს განმახორციელებელი. კერძოდ, განხორციელდება ბენეფიციარების ავტომატური გადამაგრება გეოგრაფიულად ახლოს მყოფ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში. ამასთან, აღნიშნულ ბენეფიციარებს 2 თვის შემდეგ მიეცემათ გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება;
ვ) პჯდ დაწესებულებებს გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის სააგენტოს მიერ გადამაგრებული ახალი მოსარგებლეების სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა) რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ 2020 წლის 1 ნოემბრამდე.“.
|