შპს "იმპერიალი 2000-ის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1145-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 1145-19

საოქმო განჩინება

 საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2020 წლის 5 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე – ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი – ანა რობაქიძე

მეურვე: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე

მოვალე: შპს „იმპერიალი 2000“

წარმომადგენელი: ამირან მალაყმაძე (დირექტორი)

წარმომადგენელი – მირიან კვირიტიძე

კრედიტორი: სს „ბანკი ქართუ“

კრედიტორი: სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“

კრედიტორის წარმომადგენელი: ნათია ჩაჩანიძე

კრედიტორი: სსიპ შემოსავლების სამსახური

კრედიტორის წარმომადგენელი: თამთა ფორჩხიძე

 კრედიტორი: შპს „აგრიკომი“

კრედიტორის წარმომადგენელი: მიხეილ ვაშაკიძე

კრედიტორი: შპს „გალტამი“

 სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს "იმპერიალი 2000"-ის დირექტორის ამირან მალაყმაძის შუამდგომლობა შპს „იმპერიალი 2000"-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწტყვეტის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს:

2019 წლის 15 მაისს შპს „იმპერიალი 2000“-ის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ამირან მალაყმაძემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, შპს „იმპერიალი 2000“-ის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 21 ივნისს, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

2020 წლის 04 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს "იმპერიალი 2000"-ის დირექტორმა ამირან მალაყმაძემ და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რადგან დღეის მდგომარეობით მათი საწარმოს მხრიდან მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საფუძვლების აღმოფხვრა, ასევე შესაძლებელია ვადაგადაცილებული ვალი დაფარონ ეტაპობრივად, ისე რომ კრედიტორებს ზიანი არ მიადგეთ.

მეურვე სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე და კრების მონაწილე კრედიტორები (გარდა სსიპ − შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელისა) დაეთანხმნენ მოვალე შპს „იმპერიალი 2000"-ის დირექტორის მოთხოვნას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ შეამოწმა შპს "იმპერიალი 2000"-ის გადახდისუუნარობის საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ შპს „იმპერიალი 2000"-ის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობა – მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი მოვალე – მოვალე, რომელიც სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.

ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს, რომლის შესაბამისად მოვალის ქონებრივი მდგომარეობის და კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

დადგენილია, რომ შპს "იმპერიალი 2000"-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიღებული იქნა, ვინაიდან კომპანიის დირექტორი განმარტავდა, რომ შპს ,,იმპერიალი - 2000’’ დაფუძნდა 1993 წლის 01 აგვისტოს. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხორბლისა და ხორბლის პროდუქტების გადამუშავება და მისგან მიღებული პროდუქციის რეალიზება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ შეძლო მოკლე ხანში მოეპოვებინა მომხმარებლისა და კლიენტების ლოიალობა - ხარისხიანი პროდუქტით, დროული მოწოდებითა და მისაღები ფასებით. ფაქტობრივად, დღეის მდგომარეობით აჭარის ა/რ მასშტაბით კომპანია წარმოადგენს ერთადერთ ფქვილის ადგილობრივ წარმოებას, რომელიც მომხმარებლის ყველაზე მეტი ლოიალობით სარგებლობს და რომელსაც შეუძლია საკუთარი წარმადობით სრულად დააკმაყოფილოს მთელი ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მოთხოვნები. შესაბამისად კომპანია დაარსების დღიდან თანამშრომლობდა კონტრაქტორებთან და ყოველთვიურად უწყვეტი საწარმოო პროცესით ახდენდა თვეში საშუალოდ 1700 ტონა ხორბლის გადამუშავებას.

განმცხადებლის განმარტებით კომპანია ამ ფინანსურ სიძნელეებამდე მივიდა შემდეგი მიზეზების გამო:

1. პრობლემების სათავე გახდა 2006-2011 წლებში, როდესაც შპს „იმპერიალი  2000“-მა მიიღო ხელისუფლებისაგან თხოვნა/დავალება, 2500 ტონა უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილის უსასყიდლოდ მოსახლეობისათვის გადაცემის თაობაზე. კომპანიამ აღნიშნული ღონისძიების შედეგად მიიღო მილიონობით ზარალი, რომელიც უმძიმეს ტვირთად დააწვა.

2. შპს-ს საკუთრებაში ჰქონდა სარკინიგზო ჩიხი, საბალანსო ღირებულებით 2 მლნ. ლარი და რომლითაც ხდებოდა ძირითადი ნედლეულის ხორბლის შემოტანა ვაგონებით სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე 2011 წელს სახელმწიფოს მიერ აყრილი იქნა ერთ დღეში, ღამით, რამაც კომპანიას, ასევე გაუძვირა საწარმოო პროცესი (ავტომობილებით ტვირთის, მით უფრო ხორბლის გადაზიდვა გაცილებით ძვირია, ვიდრე ვაგონებით).

3. ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მიტაცებული იქნა ვისოლ პეტროლიუმისა და მერიის მიერ 2500 კვ.მ. კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი უკვე 8 წელია, მაგრამ ამ ეტაპისათვის პირველი ინსტანციაც კი არ არის დასრულებული. აღნიშნულ მიწაზე, კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო სარეალიზაციო-სასაწყობო პუნქტების მოწყობა, რაც საკუთრების ხელყოფის გამო ვერ განხორციელდა და რამაც, ასევე ზიანი მიაყენა კომპანიის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას.

4. 2011 წელს ფინანსური პოლიციის და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა სადამსჯელო ოპერაცია და დაუსაბუთებელი საფუძვლით საგადასახადო სანქციების დაკისრება, რომელთა სრულად გადახდამ მნიშვნელოვნად გააღრმავა კომპანიის ფინანსური კრიზისი (გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიის აქტივს „განიავების“ საფრთხე ექმნებოდა).

5. 2016 წელს ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა გამოიწვია რა ეროვნული ვალუტის დევალვაცია, აშშ დოლარის საკურსო ნიშნულმა 1.8-დან მიაღწია 2,5-მდე, რამაც კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირა შემოსავლები. ცნობის სახით ხორბლის შეძენა მუდმივად ხორციელდება აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის რეალიზება თავისთავად ხდება ლარში, ამ სხვაობამ კი 2.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა 2.5-წლიან პერიოდში.

6. გარდა წინა ფაქტისა, მოვალის სასაწყობო მეურნეობის საიჯარო შემოსავლებმა, სწორედ, ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო გამოიწვია არა კლება, არამედ განახევრება, რამდენადაც იჯარის ქირა კონტრაქტორებთან ურთიერთშეთანხმების შედეგად დადგენილია ლარში.

7. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2015-2016 წლების მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ხორბალთან მიმართებაში დღემდე გრძელდება, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრებზე გამძაფრდა მარცვლეული კულტურების კრიზისი, რამაც გამოიწვია ხორბლის ფასის მკვეთრად მატება. ფაქტობრივად ფასმა 55%-ით მოიმატა, შესაბამისად უნდა გაძვირებულიყო ფქვილის ფასიც, თუმცა საქართველოს ბაზარზე იმავე პროპორციით ვერ მოხერხდა ფქვილის გაძვირება (სახელმწიფო ზომიერი რეგულირების გამო, რამდენადაც ფქვილის გაძვირება მომენტალურად აისახება პურისა და პურპროდუქტების გაძვირებაზე) და რენტაბელობის შემცირების გამო კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი. შედეგად შეიქმნა საჭიროება იმისა, რომ განვითარების მაგივრად, დახარჯულიყო საბრუნავი სახსრები, რამაც კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გარეშე დატოვა. ამან კი გამოიწვია კომპანიის მომსახურებაში პრობლემების გაჩენა, კომპანიამ ვეღარ შეძლო სესხის მომსახურება.

8. ამას დაემატა ისიც, რომ მოვალეს თხოვნით, რამდენადაც კომპანიას არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ბანკის პრობლემური კლიენტი, ბანკმა განახორციელა რესტრუქტურიზაცია და ნაცვლად პირობების გაუმჯობესებისა, კომპანიას დაუმძიმდა სასესხო ვალდებულებები, ანუ 2017 წელს რესტრუქტურიზაციის შედეგად, იმის მაგივრად რომ სესხის პროცენტი შეემცირებინა და კომპანიისთვის დახმარება გაეწია პრობლემების დაძლევაში, პირიქით გაზრდილ იქნა საბანკო პროცენტი 8-დან 11-მდე, ეს იმ დროს როცა საკრედიტო ბაზარზე არსებობს საბანკო პროცენტები მხოლოდ 5-6%-მდე აშშ დოლარში.

 შპს ,,იმპერიალი 2000’’-ის წარმომადგენლის განმარტებით, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მოვალეს მიადგა შემდეგი ზარალი: 2016 წლის დასაწყისში მოვალის სესხის ოდენობა შეადგენდა 2.8 მლნ აშშ დოლარს ლართან მიმართებაში კურსით 1.9 ნიშნული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალეს სასესხო ვალდებულება ლარში სესხის აღებისთვის შეადგენდა 5.3 მლნ ლარს. 2016 წლის ბოლოს, ინფლაციის შედეგად 2.8 მლნ აშშ დოლარი, იმის გამო რომ ეროვნული ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში მიაღწია 2.5 ნიშნულს, სასესხო ვალდებულებამ ლარში, მთლიანობაში შეადგინა 7.140 მლნ-ს, ხოლო მათ შორის სხვაობამ დაიჭირა 1.840 მლნ. ლარი, ანუ გამოდის რომ ზემოაღნიშნული საყოველთაო და პრივატული კრიზისების ფონზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ სასესხო ვალდებულება მუდმივი დევალვაციის მიზეზით კომპანიას 1 მლნ 840 ათასი ლარით დაუმძიმდა. ყოველივე ამან კი შპს ,,იმპერიალი - 2000’’ ჩააგდო უმძიმეს ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაში. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებელი და მენეჯმენტი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ამ კრიზისიდან თავის დაღწევა და კრედიტორების სრულად დაკმაყოფილება. საამისოდ მენეჯმენტმა პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგა, რამაც განაპირობა უკუპროცესების ფაქტობრივი შეჩერება, კერძოდ, ხორბლის მიწოდებასა და გადამუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,პონტო ჯგუფთან“, რომლითაც ფაქტობრივად გამოინახა საბრუნავი კაპიტალი და პარტნიორმა კომპანიამ ვალდებულება აიღო თვეში მინიმუმ 1500 ტონა ხორბლის მიწოდებაზე. მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის განხორციელების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საწარმოო მოცულობას, ყოველივე ეს კი კომპანიის შემოსავლების გაზრდის საწინდარია.

შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ მოხდება ჯარიმების, საურავების და სარგებლის პროცენტების დარიცხვის შეჩერება საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, ასევე გონივრულ გარგლებში განხორციელდება საბანკო დავალიანების დაფარვის ახალი გრაფიკის გაწერა, კომპანიის სრული რეაბილიტაციის ჭრილში, რეალურია, ერთის მხრივ, კრედიტორული დავალიანების სრულად გასტუმრება/დაფარვა, მეორეს მხრივ, თანამშრომლების შენარჩუნება, რომელთა უკან მრავალრიცხოვანი ოჯახებია და რაღა თქმა უნდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესში საბიუჯეტო გადასახადების გადახდა, რაც სახელმწიფოს ხაზინის შევსების და კეთილდღეობის პირობაა. სწორედ აღნიშნული გარემოებები განაპირობებენ იმ ფაქტს, რომ მოვალის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ითხოვს კომპანიის გაკოტრებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნით და ითხოვს მხოლოდ გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რამდენადაც უახლოეს მომავალში მოვალის მიერ როგორც სასამართლოსათვის, ისე კრედიტორებისთვის და მომრიგებელი საბჭოსთვის წარმოდგენილი იქნება რეაბილიტაციის გეგმის პროექტი და ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული მიზნები და კომპანიის დროებითი კრიზისი დაძლეული. გამომდინარე აღნიშნულიდან მოითხოვეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში დადგინდა, რომ შპს „იმპერიალი - 2000“-ის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება: 1. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 28017 კვ.მ. ბათუმში - საბალანსო ღირებულება - 16 810 200 ლარი; 2. მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები 3 ერთეული, საერთო ფართით 4897.65 კვ.მ. - საბალანსო ღირებულება - 2 214 184.66 ლარი; 3. მიწის ნაკვეთზე განთავსებული დაუსრულებელი შენობები 7 ერთეული, საწყობი საერთო ფართით 3456 კვ.მ., - საბალანსო ღირებულება - 1 532 632.46 ლარი; 4. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა სამაცივრე დანადგარებით და საოფისე ფართებით, 1 ერთეული, საერთო ფართით 1726კვ.მ., - საბალანსო ღირებულებით - 1 103449.54 ლარი; 5. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები რეზერვუარები დანადგარ მოწყობილობებით და ინფრასტრუქტურით, საბალანსო ღირებულებით - 1 434319.38 ლარი. სულ ჯამური ღირებულებით 23 094 786.04 ლარი.

მოძრავი ქონება: 1. სხვადასხვა დასახელების ელექტრო-ტექნიკა და საოფისე ინვენტარი - საერთო საბალანსო ღირებულებით 1500 ლარი; 2. ავტოტრანსპორტი (1 ერთეული) - საერთო საბალანსო ღირებულებით 18560 ლარი; 3. თვითმტვირთავი (1 ერთეული) - საბალანსო ღირებულებით 6500 ლარი; სულ 32 362.15 ლარის ჯამური ღირებულებით.

მთლიანობაში კრედიტორების დავალიანების ჯამური ოდენობა შეადგენს 3 275449.73 აშშ დოლარს და 32 224.74 ლარს.

ამასთან მოვალემ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს თანამშრომლებზე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო.

ზემოთ სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე სასამართლოში გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების შესახებ განცხადების შეტანის მიზანი არის მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ანუ გადახდისუუნარობის მქონე ანდა მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი კომპანიის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანა ემსახურება არა მიზანს, რომ მოხდეს კომპანიის სამეწარმეო რეესტრში ამოშლა, არამედ ვალდებულებების შესრულების დროს არ დაირღვევს ერთის მხრივ კრედიტორების და მეორეს მხრივ მოვალის ინტერესები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ შპს "იმპერიალი 2000"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა გარემოებები, რაც განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, კერძოდ, შპს "იმპერიალი 2000"-ის ქონება საკმაოდ აღემატება კრედიტორის მიმართ არსებულ დავალიანებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „იმპერიალი 2000"-ის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით,

 დაადგინა:

1. შპს „იმპერიალი 2000“-ის (ს/კ 245406635, იურიდიული მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №133) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 2. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემის მეშვეობით და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებ.გვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).

მოსამართლე ციცინო მოსიძე

 სხდომის მდივანი ანა რობაქიძე