საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.021827
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №117
2020 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი“.
2. საქართველოს აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მიერ საზღვრის გადაკვეთისას კანონით დადგენილი კონტროლის ღონისძიებები განხორციელდეს შეუფერხებლად, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის გამარტივებული წესით საპასპორტო მომსახურების გაწევა შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის, საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და აეროპორტის ხელმძღვანელობისთვის გადაგზავნილი დელეგაციის წევრთა სიების საფუძველზე.
3. სსიპ − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი
1. საქართველოს აეროპორტებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრებისათვის გამოყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა მომსახურების დარბაზები და გასასვლელები. ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირების, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციებისა და სხვა საპატიო სტუმრების მომსახურებისათვის გამოყოფილია სამთავრობო დარბაზი, შესაბამისი სალონითა და გასასვლელით.
2. ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო დარბაზით, აგრეთვე საქართველოს სხვა აეროპორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა მომსახურების დარბაზებითა და გასასვლელებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
დ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს მთავრობის წევრები;
თ) საქართველოს გენერალური პროკურორი;
ი) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
ნ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
პ) ამ პუნქტის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოწვეული დელეგაციები, საპატიო და მაღალი რანგის სტუმრები;
ჟ) ამ პუნქტის „ა“ − „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა ოჯახის წევრები;
რ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საერთაშორისო მისიათა ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები მათთან ერთად მგზავრობისას;
ს) საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები;
ტ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური;
უ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ფ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები;
ქ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები;
ღ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
ყ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
შ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი − სახელმწიფო რწმუნებული;
ჩ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ერთჯერადად მისიის დაწყებისას და დასრულებისას;
ც) საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის გამოწვეული საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით ან დანაშაულის ჩადენით; აღნიშნულმა პირებმა ვადის გასვლის შემდეგ მითითებული უფლებით შეიძლება, ისარგებლონ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გაცემული სპეციალური საშვებით;
ძ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ოჯახის წევრები/თანმხლები პირები მათთან ერთად მგზავრობისას;
წ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მეთაურობით თანმხლები დელეგაციები, ამავე პირთა მიერ უცხოეთიდან მოწვეული დელეგაციები, საპატიო და მაღალი რანგის სტუმრები.
3. საქართველოს აეროპორტების სამთავრობო მომსახურების ზონაში ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“ − „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა დახვედრა-გაცილებისას შიდა ტერიტორიაზე დაიშვება მათი პერსონალური სარგებლობისათვის, აგრეთვე დაცვისა და მომსახურების სერვისის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.
4. საქართველოს აეროპორტების სამთავრობო მომსახურების ზონაში ამ წესის მე-2 პუნქტის „ზ“ − „წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა დახვედრა-გაცილებისას, მათი პერსონალური სარგებლობისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები შიდა ტერიტორიაზე ერთჯერადი ნებართვით შეიძლება, დაშვებულ იქნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან/და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშვებით, რომელიც გაიცემა ინიციატორი უწყების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ნებართვის გამცემი ან/და შუამდგომლობის ავტორი უწყება აეროპორტის ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს წერილობით აცნობებს სატრანსპორტო საშუალებების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებსა და მოსამსახურე პერონალის ვინაობას.
5. ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს სხვა აეროპორტების სამთავრობო მომსახურების ზონებში, სამთავრობო დარბაზების სალონებსა და გასასვლელებში წესრიგის დაცვასა და დასაცავი პირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
6. ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს სხვა აეროპორტების სამთავრობო მომსახურების ზონებში შესაბამისი სერვისის შექმნას, კვებისა და მომსახურების ობიექტების ფუნქციონირებასა და სათანადო მომარაგებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7. ამ წესის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს და მათთან ერთად მგზავრობისას მათი ოჯახის წევრებს აქვთ სამთავრობო სალონში გამასპინძლების სრული სერვისით უფასოდ სარგებლობის უფლება. აღნიშნულ პირთა მოთხოვნის შემთხვევაში, ამავე დონის მომსახურება ერთჯერადად შეიძლება, გაეწიოთ სამთავრობო დარბაზში მათთან ერთად დაშვებულ სხვა მოსარგებლეებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ამ წესის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს გამასპინძლების სრული სერვისით მოემსახურება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოთხოვნის/მიმართვის საფუძველზე.
8. ამ წესის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებს, რომლებსაც არ ითვალისწინებს ამავე წესის მე-7 პუნქტი, აქვთ გამასპინძლების სტანდარტული სერვისით უფასოდ სარგებლობის უფლება. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ მათ გამასპინძლების სრული სერვისით მომსახურება შეიძლება, გაუწიოს დაინტერესებული უწყების/ორგანიზაციის მოთხოვნით, მათივე ხარჯით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით, დაინტერესებულ უწყებას უფლება აქვს, სსიპ − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წარუდგინოს პროდუქციის საჭირო მარაგები.
9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ქ. ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს სხვა აეროპორტების სამთავრობო სალონების დაცული კავშირგაბმულობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვასა და სათანადო მომსახურების მიწოდებას.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და შპს „საქაერონავიგაცია“, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ ამ წესით გათვალისწინებული კატეგორიის მგზავრთა ფრენის უსაფრთხოების შემოწმებასა და შესაბამისი დონის საბაჟო, სასაზღვრო და საკონსულო მომსახურებას.
11. ამ დადგენილებაში მითითებული პირების გამასპინძლების სრული და სტანდარტული სერვისების პაკეტებს განსაზღვრავს სსიპ − საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო.