„სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 02.03.1998
ძალის დაკარგვა 03.06.2003
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/141
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.203
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 16/03/1998
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- “საქართველოს ეკონომიკის, მრწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.06.2003
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №1-3/141
1998 წლის 2 მარტი
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
თანახმად საქართველოს კანონისა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს“ დებულების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს უზრუნველყოს ამ ბრძანების სამართლებრივ ექსპერტიზაზე და სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.
3. დაევალოს სამინისტროს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნ რ. ოქრუაშვილს) ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს მისი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიული ორგანოებისათვის დაგზავნა.
4. დაევალოთ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს ტიპური დებულების შესაბამისად შეიმუშაონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოს (განყოფილების) დებულება, შეათანხმონ ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან და ამ ბრძანების გაზეთში გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროში დასამატკიცებლად.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნ რ. ოქრუაშვილს, და მინისტრის მოადგილეს (ბ-ნ მ. გაბუნიას).
მინისტრი ა. სილაგაძე
ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1.1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანო იმყოფება სამინისტროსა და სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს დაქვემდებარებაში.
1.2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულებითა და აგრეთვე ამ დებულებით.
1.3. ტერიტორიულ ორგანოს ეძლევა რაიონის (ქალაქის) ტერიტორიაზე მუნიციპალური და დელეგირებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის უფლება, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
1.4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო-მუნიციპალური (სახაზინო) საკუთრების საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი რგოლებისათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ინტერესებს სახელმწიფო-მუნიციპალური (სახაზინო) ქონების მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში.
1.5. ტერიტორიულ ორგანოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინის მომსახურე ბანკში და სავალუტო ანგარიში. სხვა ოფიციალური რეკვიზიტები და მრგვალი ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს გერბი.
1.6. ტერიტორიული ორგანო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წინაშე.
1.7. ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგის განსაზღვრა ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით. დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და პრივატიზაციის შედეგად შემოსული სახსრების ხარჯზე.
2. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები
ტერიტორიული ორგანო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
2.1. უზრუნველყოფს რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ქონების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების რეალიზაციასა და კონტროლს.
2.2. შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით შეიმუშავებს სახელმწიფო – მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზების რაიონულ (საქალაქო) პროგრამას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ წარადგენს დასამტკიცებლად ადგილობრივი მმართველობით ორგანოში.
2.3. ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს კანონით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით სახელმწიფო-მუნიციპალური ქონების პრივატიზაციას, ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საწარმოებში შექმნილი პრივატიზების სამუშაო კომისიების მიერ წარმოდგენილი მასალების შემოწმებას.
2.4. გასცემს სახელმწიფო – მუნიციპალური პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ მოწმობებს.
2.5. უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების საჯაროობასა და რეკლამირებას.
2.6. აღრიცხავს სახელმწიფო-მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და იღებს გადაწყვეტილებებს მისი მართვისა და განკარგვის შესახებ.
2.7. ახორციელებს პრივატიზაციის გარეშე დარჩენილი სახელმწიფო-მუნიციპალური საწარმოების ქონების მართვას და იღებს გადაწყვეტილებას ამ ქონების მართვის უფლების დელეგირების, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემისა და ვადაზე ადრე ჩამოწერის შესახებ.
2.8. იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო-მუნიციპალურ მფლობელობაში დარჩენილი ქონების განკარგვის შესახებ.
2.9. ორგანიზაციას უწევს კადრების მომზადებასა და გადამზადებას.
3. ტერიტორიული ორგანოს უფლებები და მოვალეობები
დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ტერიტორიულ ორგანოს აქვს შემდეგი უფლებები:
3.1. დადგენილი წესის მიხედვით განახორციელოს სახელმწიფო-მუნიციპალური და დელეგირებული სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა.
3.2. იყოს სახელმწიფოს უფლებამონაცვლე სახელმწიფო – მუნიციპალურ ქონებაზე ადრე დადებულ საიჯარო ხელშეკრულებათა შესრულებაში, ორგანიზაცია გაუწიოს სახელმწიფო-მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლს, მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალური და დელეგირებული სახელმწიფო ქონების იჯარით (მათ შორის, გამოსყიდვის უფლებით) გაცემის შესახებ.
3.3. პრივატიზაციის პროცესში მიიღოს გადაწყვეტილებები სახელმწიფო მუნიციპალური საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ, შეათანხმოს ან მიიღოს გადაწყვეტილება სახაზინო საწარმოს შექმნის შესახებ, რომლის დაფუძნება ხდება სახელმწიფო მუნიციპალური ქონების ბაზაზე.
3.4. მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო-მუნიციპალურ ან დელეგირებულ ქონებაზე, სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის № 1-3/687 ბრძანებით დამტკიცებული დებულების „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ შესაბამისად.
3.5. მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო-მუნიციპალური ქონებით ან ქონების წილით შექმნილი საწარმოების გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-4 მუხლის თანახმად.
3.6. მიიღოს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს კუთვნილი მუნიციპალური ქონებრივი შენატანების განსაზღვრაზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შესაქმნელ სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა საწესდებო კაპიტალში.
3.7. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან სათანადო ინფორმაცია კანონის გათვალისწინებით.
3.8. თავისი ფუნქციების შესრულების პროცესში მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის, სახელშეკრულებო საწყისებზე.
3.9. მიმართოს სათანადო ორგანოებს საპრივატიზაციო სახელმწიფო მუნიციპალური საწარმოთა ანგარიშგებისა და საბუღალტრო ბალანსების შედგენის სისწორის გადამოწმების მიზნით.
3.10. გამოვიდეს სასამართლოში მხარედ და სარჩელის აღძვრისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.
3.11. სახელმწიფო მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის შედეგად ამონაგები სახსრების 5% დაიტოვოს სპეციალურ ანგარიშზე, რომლის განაწილება მოახდინოს დადგენილი წესით.
4. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია
4.1. იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე ზიანი მიადგა სახელმწიფო ქონებრივ ინტერესებს სახელმწიფო-მუნიციპალური ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში, აღძრას სარჩელი სასამართლოში და ამ გარიგებათა გადასინჯვის ან გაუქმების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა
5.1. ტერიტორიულ ორგანოს (სამმართველოს, განყოფილებას) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოს წარდგინებით, თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-4 თავის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტისა.
5.2. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
5.2.1. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინდობილობის გარეშე მოქმედებს სამმართველოს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
5.2.2. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
5.2.3. შეაქვს ცვლილებები სამმართველოს სტრუქტურაში, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა რიცხოვნობის შესაბამისად ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს.
5.2.4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს შეუფარდებს სამმართველოს მუშაკებს.
5.2.5. ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბრძანებით გამოჰყოფს და წარადგენს შესათანხმებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს კონტროლს ადგილზე ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული ბრძანებულებებისა და სხვა დირექტიული დოკუმენტების შესრულებაზე და ორგანიზებას უკეთებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან გადაგზავნილ და კონტროლზე აყვანილ საკითხთა განხილვა-განხორციელებასა და პასუხის მომზადებას.
5.3. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე. იგი ინიშნება უფროსის ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით.
6. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
6.1. ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარდგინებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-4 თავის მე-2 მუხლის თანახმად.
ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურა
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული (საქალაქო) სამმართველო:
სამმართველოს უფროსი
სამმართველოს უფროსის მოადგილე
პრივატიზების ორგანიზაციის განყოფილება
ფასიანი ქაღალდებისა და აქციონირების განყოფილება
უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება
შენიშვნა: დაფინანსება წარმოებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანამშრომელთა რაოდენობა არანაკლებ 5 კაცისა.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს რაიონული განყოფილება:
განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსის მოადგილე-მთავარი სპეციალისტი
წამყვანი სპეციალისტი
სპეციალისტი
შენიშვნა: დაფინანსება წარმოებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანამშრომელთა რაოდენობა არანაკლებ 3 კაცისა.