№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.05.2020
ძალაში შესვლა 05.08.2020
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №537
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- №10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №537
2020 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
№10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 52-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს №10 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „№10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ავჭალა, ქ. თბილისი) შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 12 ივლისის №1215 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
№10 პენიტენციური დაწესებულების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) №10 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა და ყველა იმ პირისათვის, ვინც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. ამ დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. ეს დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. დაწესებულება
1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციის შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. დაწესებულებაში განთავსებული არიან მსჯავრდებულები, რომელთაც სამსახურის გენერალური დირექტორის (შემდგომ – გენერალური დირექტორი) ბრძანებით განესაზღვრათ დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, ან რისკების შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრათ საშიშროების მომეტებული რისკი და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით გადაყვანილ იქნენ ამ დაწესებულებაში.
3. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.
5. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ერთიან მართვასა და გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
7. დაწესებულების მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი.
მუხლი 3🔗. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები
1. დაწესებულების ამოცანებია:
ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;
ბ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
2. დაწესებულების ფუნქციებია:
ა) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისათვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;
გ) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის – ახლო ნათესავებთან შეხვედრის (პაემნების), სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისადმი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, ამ დებულების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ – დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;
ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებებისა და ადგილსამყოფლის შემოწმება;
თ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;
ლ) პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;
მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
ნ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;
ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით, წინადადებების შემუშავება და გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;
პ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადება;
ჟ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება;
რ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი II
დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულებას მართავს და ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით.
3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციულ დარგებში მოადგილეები, რომლებსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.
4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილე ზედამხედველობს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.
5. ადმინისტრაციულ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე ზედამხედველობს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.
6. უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.
7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.
8. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
9. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების და მათდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 5🔗. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:
ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;
გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
თ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე – განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე ბრძანების გამოცემა;
ი) საერთო საცხოვრებლის/საკნის, დეესკალაციის ოთახის, მოსაცდელი, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნების განსაზღვრა;
კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით, განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობასა და დაწესებულებისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.
3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗. დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება
1. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) უსაფრთხოების განყოფილება;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
2. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება კანონმდებლობით.
3. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, საბუღალტრო-საფინანსო სფეროში დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების სამსახურისთვის გადაგზავნა;
ე) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
თ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
კ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
მ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) ყოველი თვის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს წერილობით ინფორმირება;
ო) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს წერილობითი ფორმით ინფორმირება;
პ) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
რ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ს) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗. უსაფრთხოების განყოფილება
1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
გ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ე) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებებისა და ადგილსამყოფლის შემოწმება, ასევე აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა ამანათების მიღება-გაგზავნაზე ზედამხედველობა; ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამანათებისა და გზავნილების გაგზავნის ორგანიზება, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ი) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 9🔗. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;
გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;
დ) მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსჯავრდებულთა შეხვედრებისა და პაემნებისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების მიღება-გაგზავნის ორგანიზება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ზ) მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;
თ) მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე, სხვადასხვა ნაგებობის, მოწყობილობის, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;
ი) მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;
კ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;
ლ) დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ნ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლი;
ო) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;
პ) დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
ჟ) დაწესებულებაში არსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
რ) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ერთი დანაყოფიდან მეორე დანაყოფში მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნების/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ფ) დაწესებულების ხელმძღვანელებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;
ღ) დაწესებულების დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 10🔗. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.
3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომ – სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 11🔗. საექიმო-სამედიცინო პუნქტი
1. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 12🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია, განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულებაში არამწეველი მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულისაგან განცალკევებით.
მუხლი 13🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების, უსაფრთხოების განყოფილების, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების/გადაყვანის თაობაზე სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება;
დ) რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული რისკის განსაზღვრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის საფუძველზე გამოცემული გენერალური დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ე) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა;
ვ) პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.
4. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც, თავის მხრივ, ამის შესახებ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე ექიმს), დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში – მორიგე მოსამსახურეს).
5. ოპერატიული მორიგის ნებართვით, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა ესკორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ სივრცეში.
6. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.
7. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა და მას დაწესებულებაში მიღებისას არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება სხვა საბუთების მეშვეობით, დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, ამის შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელიც მიეწოდება დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორი მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს მსჯავრდებულისათვის ათი დღის ვადაში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადების მოთხოვნით.
8. მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი საბუთი/საბუთები ინახება მის პირად საქმეში.
9. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესით“ გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისათვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
10. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.
11. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა სპეციალურ საკანში მათი სრული შემოწმების/დათვალიერების და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.
12. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას, ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე, სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
13. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
14. შემოწმების/დათვალიერების დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე ან/და მისი დავალებით სამორიგეო ცვლის შესაბამისი მოსამსახურეები განათავსებენ მსჯავრდებულს შიდა კლასიფიკაციის საკანში. აღნიშნული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
15. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
16. ის კვების პროდუქტები, ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები და დოკუმენტები, რომელთა შენახვა/გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1) (შემდგომ – აკრძალული ნივთები), მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების თუ სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს მსჯავრდებულს (დებულების დანართი №2, №3, №4) და არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
17. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ ექიმის მიერ დგება შესაბამისი ცნობა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების არსებობის შემთხვევაში ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რაზეც პასუხს აგებს დაწესებულების შესაბამისი ექიმი. დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით, რის თაობაზეც ასევე ეცნობება მსჯავრდებულს.
18. თუ ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი აღმოაჩენს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, იგი ადგენს შესაბამის ოქმს და ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
19. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
20. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
21. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად სახეზე არ არის ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მსჯავრდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების მიზნით.
22. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, მის უფლებებს და მისადმი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს. მსჯავრდებული აგრეთვე გაფრთხილდება ამ დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების სხვა უფლებამოსილი მოსამსახურე.
23. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ, ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე, მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონით საუბრის წესის თაობაზე.
24. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში. თუ მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.
25. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
26. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი და დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
27. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) პირველად მსჯავრდებულებს;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
დ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
28. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
მუხლი 14🔗. დღის განრიგი
1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი მსჯავრდებულთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, ასევე, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში, მსჯავრდებულთათვის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილისა და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფის აუცილებელობა.
3. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
4. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 15🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი
1. დაწესებულებაში დღის განრიგით დადგენილი წესით მსჯავრდებულს შეუძლია გადაადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე.
2. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების წარმომადგენლის ზედამხედველობით მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში.
3. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საცხოვრებლის (საერთო საცხოვრებელი/საკანი) ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში), დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დაწესებულების დღის განრიგით.
4. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
5. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება.
6. სამარტოო საკანში მოთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
7. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 16🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში, არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ტარდება საკანში დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება უკან.
მუხლი 17🔗. მსჯავრდებულის, მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება
1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საკნიდან გამოდის ყველა მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირადი შემოწმების შემდეგ ბრუნდება საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებას/დათვალიერებას.
2. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე, რომლებიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს. მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.
3. გამოყენებისა და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, პატიმრობის მიზნის საწინააღმდეგოდ;
გ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების იმ ჩამონათვალში, რომელთა ამანათით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს მსჯავრდებულს;
დ) აჭარბებს საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტით.
4. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. დაუშვებელია, ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) სხვა საკანში გადაყვანისას;
დ) აბაზანაში გაყვანისას;
ე) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.
8. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას;
დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას;
ვ) მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;
ზ) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ მსჯავრდებულისა, რომელიც ჩართულია მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);
თ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.
9. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სრული პირადი შემოწმებისას დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
10. პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფისგულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმა თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.
11. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.
12. პირადი შემოწმების შედეგად მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში.
13. მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის:
ა) დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;
ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას;
ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთები შეიძლება შემოწმდეს მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. სხვა შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის თანდასწრებით.
15. მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
16. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება მონაცემები ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია, თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალმძებნი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
მუხლი 18🔗. ამანათების მიღება-შემოწმება
1. დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.
2. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომელთა ამანათით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს მსჯავრდებულს(დანართი №2 და №4). დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
3. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ხორციელდება ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმება ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში, გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები, რომელთა ქონა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
7. შემოწმების შემდეგ ამანათი ილუქება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა მსჯავრდებულისათვის გადასაცემად, ხოლო გადატანის შემდეგ ამანათი იხსნება შესაბამისი დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურის მიერ მსჯავრდებულის თანდასწრებით.
8. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
9. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებული.
მუხლი 19🔗. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება
1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოსა და ტერიტორიის დათვალიერება შესაძლოა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა, ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ, ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მსჯავრდებულების დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.
7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.
მუხლი 20🔗. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება
1. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.
2. ამ დებულების დანართი №1-ით გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები,რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით – მის ახლო ნათესავს. დაწესებულებისათვის შესანახად გადაცემული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის შემთხვევაში, გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები და ნივთიერებები მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთებისა და ნივთიერებების თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
მუხლი 21🔗. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვა პირის ან ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მსჯავრდებულის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებები;
ბ) სხვა მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა ეს ღონისძიება.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებულ იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში – ოპერატიული მორიგე, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად, მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. მსჯავრდებულისათვის სხვა მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმწუთიერი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.
2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას არაუმეტეს 90 დღით მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე,ხოლო დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
3. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.
4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
მუხლი 23🔗. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე, თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია, გაგრძელდეს გონივრული ვადით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრამდე.
3. მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე გენერალურ დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება და არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 24🔗. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გენერალურ დირექტორს. თუ გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
მუხლი 25🔗. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 26🔗. მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა
1. მსჯავრდებულები დაწესებულების მოსამსახურეებს მიმართავენ „თქვენობით“.
2. დაწესებულების მოსამსახურეები მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 27🔗. მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.
2. დაწესებულების მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 28🔗. მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით.
2. მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე, დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
თავი IV
მსჯავრდებულის ძირითადი უფლება-მოვალეობანი
მუხლი 29🔗. მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) პაემნით (ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით), სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;
ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;
ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით;
გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;
ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება;
მ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (გასეირნების უფლება);
ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მსჯავრდებული დამატებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:
ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.
3. მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
4. მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში ჰქონდეს განთავსების ადგილი, ტანსაცმელი, საწოლიდა სამუშაო ადგილი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.
5. მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;
ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;
ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;
მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;
ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;
ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ, საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;
პ) სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა ნაკეთობები;
ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;
რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო- ან მექანიკური მოწყობილობა;
ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;
უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;
ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.
მუხლი 30🔗. საცხოვრებელი პირობები
1. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საკანი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
4. საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
5. დაუშვებელია მსჯავრდებულის ისეთ სპეციალურ საკანში/საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა სპეციალურ საკანზე/საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით, რაც ობიექტური პირის მიერ აღიქმება მსჯავრდებულის დასჯად.
6. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით – ღამის საათებში.
7. საკანში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
8. მსჯავრდებულის საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.
9. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს 65 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეთ სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
10. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს/შეიძინონ საკუთარი ხარჯით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100 სმ X 60 სმ X 60 სმ.
11. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის სპეციალურ საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე, ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), მსჯავრდებულის (მსჯავრდებულების) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
12. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია, ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით სარგებლობისას მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის ან სხვა მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
13. მაცივრით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
14. თუ მაცივარი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია, ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით დამრღვევს შეიძლება ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 31🔗. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულს, როგორც წესი, კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.
3. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება, მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
4. თუ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
5. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
6. აუცილებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
7. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.
8. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.
9. დაწესებულება უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებული ვალდებულია, ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
10. მსჯავრდებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საკანი/საერთო საცხოვრებელი.
მუხლი 32🔗. მსჯავრდებულთა კვება
1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.
3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
4. მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
5. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს (65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
7. საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების და სხვა სამრეწველო საქონლის შეძენის მსურველი მსჯავრდებული შესაბამისი განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ჩაბარდება დაწესებულების წარმომადგენელს ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება საკნების/საერთო საცხოვრებლის მიხედვით და მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.
8. გენერალური დირექტორის ნებართვით მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
9. მსჯავრდებულები დღის განრიგით დადგენილ საათებში საკვებს იღებენ საკნებში.
10. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 33🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია
1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, რომელშიც მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მსჯავრდებულს შეუძლია, მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე.
მუხლი 34🔗. ამანათის/ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის წესი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.
2. მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი ამ დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.
4. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
5. მსჯავრდებულის მიერ ამანათის/ფულადი გზავნილის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში.
6. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/ფულადი გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/ფულადი გზავნილის მიღება.
7. მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/ფულად გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების დანართი №2-ით, №3-ით და №4-ით.
9. ამანათის/ფულადი გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/ფულადი გზავნილი და ამანათის/ფულადი გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს.
10. ამანათის/ფულადი გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით.
11. ამანათის/ფულადი გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/ფულადი გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს ურთავს მსჯავრდებულის პირად საქმეს მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
12. ამანათი/ფულადი გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს, თუ:
ა) მსჯავრდებული გათავისუფლდა ან დაწესებულებიდან გაყვანილია სამ დღეზე მეტი ვადით;
ბ) მსჯავრდებული გარდაიცვალა;
გ) მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა, პირადად მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;
დ) ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
ე) ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;
ზ) არსებობს მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.
14. ამანათი/ფულადი გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე დაწესებულების ხარჯით.
15. იმ მსჯავრდებულის მიერ ამანათის/ფულადი გზავნილის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გათვალისწინებული უნდა იქნეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
16. ამანათის/ფულადი გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/ფულად გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება მსჯავრდებულის თანდასწრებით.
17. ამანათი/ფულადი გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში მოთავსებული მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
18. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/ფულადი გზავნილის შემცველობის შენახვას. ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე დაწესებულებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
19. ამანათი/ფულადი გზავნილი უნდა გადაეცეს მსჯავრდებულს მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა, ხოლო მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში – მისი დაბრუნებისთანავე.
20. ამანათის/ფულადი გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
21. ამანათიდან/ფულადი გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დაწესებულების დირექტორს.
მუხლი 35🔗. მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები.
2. დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა შორის მიმოწერა აკრძალულია.
3. ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის მსჯავრდებულს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით.
5. პირადი ხასიათისაა ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) სასამართლო;
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) სამსახური;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
კ) სახელმწიფო ინსპექტორი;
ლ) მსჯავრდებულის ადვოკატი;
მ) პროკურორი;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო;
ო) კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
ჟ) სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“.
6. დაწესებულება მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
7. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ, წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ქვეყნების მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ, წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას – სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
8. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
9. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე, გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად წერილს. იგივე წესი მოქმედებს ფასიანი წერილების გაგზავნისას.
10. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
11. მსჯავრდებულისაგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე, შემოსული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვასა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
12. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის, მოთხოვნებისა და საჩივრების, გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მეშვეობით არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
13. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
14. ცნობებს ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე გადასცემს დაუყოვნებლივ.
15. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
16. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/ფულადი გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე, ამ ხასიათის სხვა საკითხებს, ადგილზე განიხილავს და გადაწყვეტს დაწესებულების დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ დროს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატს.
17. მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
18. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
19. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
20. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
ე) სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი;
კ) ადვოკატი;
ლ) პროკურორი;
მ) სამსახური;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
მუხლი 36🔗. სატელეფონო საუბარი
1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე.
2. აკრძალულია დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არაუმეტეს 15 წუთისა.
მუხლი 37🔗. ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
4. მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-3 პუნქტებში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება, აგრეთვე, მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 38🔗. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.
2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ამ დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში თანაცხოვრებისა და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია, განცხადება მიიღოს 5-დღიანი ვადის დაუცველად.
3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირი.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
5. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება შუშის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. ამ დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
8. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.
10. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომლებსაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
11. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია, დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
12. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
13. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებსა და ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს.
14. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს, შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდება მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
15. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
16. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.
17. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 39🔗. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას; სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას; ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 40🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის ხანმოკლე პაემნით და ხანმოკლე გასვლისა და ხანმოკლე პაემნის სატელეფონო საუბრით შეცვლა
1. მსჯავრდებული, რომელსაც უფლება აქვს, ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, ამ უფლების ხანმოკლე პაემნით შეცვლის მოთხოვნით მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. ამ მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს, თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადებაში აღინიშნება ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მიღებული ხანმოკლე პაემნის უფლება განხორციელდება ზოგადი წესით.
5. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს, ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით, უფლება აქვს, აღნიშნული უფლებების ნაცვლად მიიღოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
6. დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მისაღებად მსჯავრდებული მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება ზოგადი წესით.
მუხლი 41🔗. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის“ შესაბამისად.
მუხლი 42🔗. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის“ შესაბამისად.
მუხლი 43🔗. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები, აგრეთვე, მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესით“.
მუხლი 44🔗. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
მუხლი 45🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.
2. მსჯავრდებულს, გარდა იმ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
4. ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
5. მსჯავრდებულს შეუძლია, საკუთარი სახსრებით გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.
მუხლი 46🔗. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს საამისოდ საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.
2. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) ხატწერა/ხატის შექმნა;
ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;
გ) ხატვა;
დ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.
5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომლებიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებას.
მუხლი 47🔗. მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ, დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. მსჯავრდებულს შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრები არ შედის ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნებში.
4. დამცველი/პირი უნდა ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. სამსახურმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის წესით უნდა უზრუნველყონ მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია, დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთებისა და ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
9. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ დამცველს/ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, დამცველის/ადვოკატის, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
მუხლი 48🔗. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულს, ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია, დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრაზე მოსული პირის, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 49🔗. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა მსჯავრდებულთან
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, გენერალური დირექტორის თანხმობით დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ვიზიტის შესახებ. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის გენერალურ დირექტორს მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზე.
მუხლი 50🔗. მსჯავრდებულთა განათლება
1. დაწესებულება ვალდებულია, შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.
2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის, მხატვრული), ისე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება.
4. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
6. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლებაში.
7. დაწესებულებაში მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.
8. მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
9. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულის ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
მუხლი 51🔗. მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება
1. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე, ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.
2. მსჯავრდებული შეიძლება დაწესებულების ტერიტორიაზე დასაქმდეს საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულებს არ აქვთ, მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულების მომზადება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (პირი, რომელიც არ არის მსჯავრდებული).
4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულს, რაც აისახება მსჯავრდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების დირექტორის მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან, მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.
8. მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებს ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორი ადგენს მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია მსჯავრდებულთა მუშაობა, განისაზღვრება ამ დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.
11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისად.
თავი V
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 52🔗. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
5. მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე.
6. ექიმი ვალდებულია, დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში, აცნობოს დაწესებულების სამედიცინო პუნქტის უფროსს, მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.
8. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
9. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – საცხოვრებელ სექტორში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლის თანდასწრებით სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. მსჯავრდებულისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
12. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ნებართვით მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.
14. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
15. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
16. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 53🔗. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება
1. დაწესებულებაში უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომლებიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვასა და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მსჯავრდებულებისათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა (ყოველდღე);
გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია, მიმართოს სამსახურს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
მუხლი 54🔗. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება
1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.
თავი VI
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია
მუხლი 55🔗. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამები;
გ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
დ) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
მუხლი 56🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;
ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;
გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;
ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.
მუხლი 57🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის შესაბამისი მოადგილე, სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტთან ერთად.
2. დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VII
დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 58🔗. დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროსა და სამსახურის მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.
4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.
5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმებას/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს გენერალური დირექტორი. მსჯავრდებულის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მსჯავრდებულის ფოტო-ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
9. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.
10. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.
მუხლი 59🔗. დაწესებულებაში შესვლის წესი
1. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მოსამსახურე (შემდგომ – გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს:
ა) სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებლებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს, დაწესებულების მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ აქვთ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე, ამ დებულების 58-ე მუხლის საფუძველზე გაცემული საშვი;
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავიანთი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოკითხავს პირს, აქვს თუ არა მას იარაღი. თუ პირს იარაღი აქვს, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს, მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება სათანადო ჟურნალში;
დ) სთავაზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები; გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს. თუ გუშაგს გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, იგი საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით;
ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში სამზე მეტი პირის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.
3. პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შემსვლელ პირს, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გამსვლელ პირს განზრახული აქვს, შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
5. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.
6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს, ვინ როდის რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.
8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 60🔗. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია, გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 61🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე მსჯავრდებულს შეუძლია, მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა მსჯავრდებულს.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია, წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 62🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სისტემაში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება, აგრეთვე, აქვს მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 63🔗. საჩივრის ადრესატი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს გენერალურ დირექტორს.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 64🔗. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.
3. საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 65🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. დაწესებულებამ, მსჯავრდებული მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი და სხვა საშუალებებით.
2. დაუშვებელია მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა, ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნა.
მუხლი 66🔗. საჩივრების ყუთი
1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე, ყველა მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით – „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ამ დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
6. დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი.
7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 67🔗. საჩივრის წარდგენის ენა
1. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.
2. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 68🔗. კონფიდენციალური საჩივარი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზეც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან მსჯავრდებულის მიერ დადგენილი წესით არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია, შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.
4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. ამის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.
5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
მუხლი 69🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. დაწესებულება ვალდებულია, შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი შეუფერხებლად ამ დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით მიეწოდება.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 70🔗. საჩივრის განხილვის ვადები
1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 71🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 72🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგები მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
3. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 73🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 74🔗. მსჯავრდებულის დისციპლინა
1. მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომ – დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, გენერალური დირექტორის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულება.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 75🔗. მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
1. მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;
დ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობა;
ე) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა;
ვ) დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
ზ) დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
თ) დამატებითი ვიდეოპაემანი;
ი) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
კ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
მუხლი 76🔗. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე, სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელში ან დაწესებულების გარეთ;
მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე, საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მტკიცებულებების შეგროვების მიზნით დაწესებულებას შეუძლია, გამოიყენოს ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალა/ტექნიკა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება, რომელ საქმეზე როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვის განმავლობაში, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში – სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 77🔗. დისციპლინური სახდელი
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ე) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
თ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ი) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
მ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ნ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
ო) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
5. დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სამსახური, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
6. მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.
მუხლი 78🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვთ, წერილობით წარადგინონ ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე, გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ დებულების 77-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დანართი №10).
მუხლი 79🔗. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე, მისი გამოვლენის დროს. თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
9. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.
მუხლი 80🔗. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.
მუხლი 81🔗. მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მუხლი 82🔗. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც პირი, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით, გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია, უზრუნველყოს იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 83🔗. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე, ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. მას უფლება აქვს, ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.
3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 84🔗. დისციპლინური პატიმრობა
1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა, თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.
2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
მუხლი 85🔗. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის პრევენციის მიზნით და მის თავიდან ასაცილებლად.
2. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი X
მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 86🔗. მსჯავრდებულთა გათავისუფლება
1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან თავისუფლდება პატიმრობის კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
5. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
6. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს ამის შესახებ.
7. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
8. დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
9. დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პატიმრობის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
თავი XI
სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
მუხლი 87🔗. სამორიგეო ცვლა
1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიანი) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეოს ცვლაში განწესებული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;
ბ) მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ე) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას;
ვ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციების და ამ დებულების დაცვაზე კონტროლს;
ზ) საკნების/საერთო საცხოვრებლის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილურია. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურე განწესდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები.
4. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია, დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.
5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და სხვა ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.
6. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე, საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – ოპერატიულ მორიგესთან.
8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე. ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, აგრეთვე, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
9. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შტაბთან (სამმართველოსთან).
მუხლი 88🔗. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ყოველ დილას ახალი სამორიგეო ცვლა დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისათვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.
4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას, წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.
11. პირველ რიგში, ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.
12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა/საერთო საცხოვრებლების და მსჯავრდებულების შემოწმება-გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის/საერთო საცხოვრებლების კარის გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს, მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის კარს და საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. შესაბამისი დანაყოფების წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე, წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს (დანაყოფების მიხედვით), კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები.
16. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, ამის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.
17. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს მსჯავრდებულებს საკანში.
18. საკნების და მსჯავრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
19. მსჯავრდებულის საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
20. მსჯავრდებულის საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.
21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს საკნისა და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს. ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც, თავის მხრივ, მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შტაბს (სამმართველოს).
24. წინა ცვლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
26. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.
27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და, საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.
მუხლი 89🔗. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია, იმყოფებოდეს თავის საკანში.
2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საკანი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.
3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.
4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს, დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.
7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 90🔗. სარეზერვო ჯგუფი
1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.
2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას.
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში.
გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.
მუხლი 91🔗. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა), დაცვის გაძლიერების მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.