„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№974
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №974 

2020 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული გზამკვლევის:

ა) 3.2.4.3 პარაგრაფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.2.4.3. კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის კანონმდებლობაში შეიტანეს მკაფიო და ყოვლისმომცველი წესები, რომლითაც რეგულირდება კონცესიური ხელშეკრულებების დადების წესი და რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივასთან[1] კონცესიების შესახებ. აღნიშნული წესები განისაზღვრა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მხარი დაუჭირა კანონპროექტის შემუშავებას, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კი უზრუნველყო ტექნიკური დახმარება მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. ამასთან, კონცესიების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, OECD-SIGMA-ს ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და კომენტარები „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აქტიურად იყო ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში და მან საქართველოს მთავრობას მოაწოდა მთელი რიგი რეკომენდაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის შემუშავების თაობაზე, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებული კონცესიების რეგულირების წესები, რომელიც განისაზღვრა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით[2], საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2018 წლის მაისში. ახალი კანონი, რომელიც არეგულირებს კონცესიებს, შემუშავებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული და საკანონმდებლო სისტემის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მიღებული კანონისა და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირება ერთიანი ეროვნული საკანონმდებლო სისტემის ფარგლებში. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონის დებულებების სრულად ამოქმედების მიზნით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – №426 დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

კონცესიების რეგულირება, როგორც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის“ ცალკეული კატეგორია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონცესიების გამოყენების უფრო ფართო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის, რაც ერთგვარი მექანიზმია კერძო სექტორის ჩასართავად საჯარო პროექტებში.

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, კონცესია წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმას და განისაზღვრება, როგორც გრძელვადიანი თანამშრომლობა საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის სამუშაოს განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მიზნით, რის საფუძველზეც, კონცესიონერი მის მიერ გაწეული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას პირდაპირ ან ირიბად იღებს საბოლოო მომხმარებლისგან ან საჯარო პარტნიორისა და საბოლოო მომხმარებლისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რომელიც მოიცავს მოთხოვნის რისკს ან/და მიწოდების რისკს; თუმცა, საქართველოს მთავრობა მოამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა კონცესიის დეფინიცია თანხვედრაში იყოს კონცესიების განსაზღვრების ევროკავშირისეულ კონცეფციასთან (დეფინიციასთან), როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივაში 2014/23/EU კონცესიური ხელშეკრულებების დადების თაობაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში.

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ფუნდამენტური პრინციპებია: გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აკრძალვა, ხარისხის ფასთან თანაფარდობა, რისკების ოპტიმალური განაწილება, ფისკალური პასუხისმგებლობა, გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა.

კონცესიების შესახებ დირექტივის შესაბამისად კონცესიების მარეგულირებელი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონის საკანონმდებლო ცვლილებების ზემოქმედება შემდეგში მდგომარეობს:

1. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონი შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისათვის, ინვესტორებისა და სხვა სუბიექტებისთვის ქმნის განსაკუთრებული შესყიდვების რეჟიმს კონცესიური ხელშეკრულებების დასადებად.

2. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონი აწესებს ახალ მონეტარულ ზღვრებს − კონცესიებისთვის 5 მილიონი ლარის ოდენობით, რომლითაც წესდება კონცესიების შესახებ დირექტივაში მაღალი ღირებულების მქონე ხელშეკრულებებისთვის დადგენილი წესების ანალოგიური წესები.

3. განსხვავებული წესების დადგენა აუცილებელია კონცესიური ხელშეკრულებების დასადებად როგორც ევროკავშირის მიერ დადგენილი მონეტარული ზღვრების ქვემოთ, ასევე რომელთა ღირებულებაც შეადგენს ან აღემატება ამ ზღვრებს. „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ახალი კანონი ადგენს უფრო მარტივ წესებს ეროვნული მონეტარული ზღვრების[3] ქვემოთ, რაც უფრო მეტად თანაზომიერია დაბალი ღირებულების მქონე კონცესიებთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესები არ გულისხმობს გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპებიდან გადახვევას.

4. კონცესიური ხელშეკრულებების დადების თაობაზე მკაფიო და ნათელი წესები ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალისა და „ნოუ-ჰაუს“ მობილიზებას და შესაძლებელს გახდის, სახელმწიფო ვალის ზრდის გარეშე განხორციელდეს ინვესტიციები საჯარო ინფრასტრუქტურასა და სერვისებში.

5. არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებში კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობით.“;

ბ) 4.1 პარაგრაფის ნაწილი – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება შესაბამისი ორგანო − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავების პროცესში და დახმარებას უწევს უფლებამოსილ ორგანოებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებით, ასევე,  ინსტიტუციებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სხვა ფუნქციებს შორისაა ასევე: შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, მისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში; სტანდარტული დოკუმენტების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების ფორმების შემუშავება; მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი გახარია

 

 

 

 

 

 


[1] https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32014L0023&from=EN

[2] https://matsne.gov.ge/document/view/4193442?publication=0

[3] გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ევროკავშირის ზღვარია