განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №403
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.022117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ენერგოეფექტურობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №403
2020 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა (ჰიდროელექტროსადგურები)“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა (ჰიდროელექტროსადგურები)
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა (ჰიდროელექტროსადგურები)“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) განსაზღვრავს კერძო ინიციატორის მიერ საქართველოში 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (შემდგომში − სადგური) მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავებულ იქნეს ამ მხარდაჭერის სქემისაგან განსხვავებული მხარდაჭერის პირობები.
3. მხარდაჭერის სქემაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2🔗. საინიციატივო შეთავაზების დასაშვებობა
1. კერძო ინიციატორის მიერ სადგურის მშენებლობისა და ოპერირების მხარდაჭერისთვის წარდგენილი საინიციატივო შეთავაზება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო შეთავაზება არ სცილდება მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებულ ფარგლებს, მისი თითოეული კომპონენტის მიხედვით.
2. საინიციატივო შეთავაზების განხილვა და სადგურის მშენებლობისა და ოპერირებისთვის მხარდაჭერის სქემის გამოყენებაზე შეთანხმების (შემდგომში − შეთანხმება) გაფორმება კერძო ინიციატორს, საქართველოს მთავრობას და ამ სქემის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციას (საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა შესაბამის ორგანიზაციებს) შორის ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. მხარდაჭერის სქემა
1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) მხარდაჭერის პერიოდი;
ბ) პრემიალური ტარიფი.
2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, ხოლო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განსაზღვრის შედეგ, ამ ორგანიზაციის მიერ, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4🔗. მხარდაჭერის პერიოდი
1. მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 8 თვეა: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.
მუხლი 5🔗. პრემიალური ტარიფი
1. პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიალური ტარიფი გადაიხდება როგორც ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.
3. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით.
4. პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.