სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №142/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.07.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№142/04
2020 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-7 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი თებერვლიდან.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი, კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ლიკვიდური სავალუტო ბაზრის ჩამოყალიბებას და სავალუტო ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას.
3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოს სავალუტო ბაზარზე მონაწილე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის, ლიცენზირებული საბროკერო კომპანიებისთვის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის“ შესაბამისად (შემდგომში „ორგანიზებული ბაზარი“).
4. ამ წესის მოქმედება ვრცელდება სავალუტო გარიგებებზე, რომელიც იდება სავალუტო ბაზრის მონაწილესა და კლიენტს შორის, გარდა ბაზრის მონაწილის მიერ წინასწარ შეთავაზებული გაცვლითი კურსით დადებული გარიგებებისა, რომლის აღსრულებაც ხდება დაუყოვნებლივ და რომელზეც ბაზრის მონაწილესა და კლიენტს შორის არ მიმდინარეობს გარიგების ფასთან დაკავშირებული დამატებითი მოლაპარაკებები.
5. ამ წესის ნორმების ინტერპრეტაციისას საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს გლობალური სავალუტო კოდექსის დებულებებით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სავალუტო ბაზარი – სისტემებისა და წესების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით სავალუტო ბაზრის მონაწილეები რეგულარულად დებენ სავალუტო გარიგებებს;
ბ) სავალუტო ბაზარზე მონაწილეობა – სავალუტო ბაზარზე მონაწილეობად მიიჩნევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიების და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთთან ან კლიენტებთან სავალუტო გარიგების რეგულარული განხორციელება;
გ) სავალუტო ბაზრის მონაწილე – სავალუტო ბაზრის მონაწილედ მიიჩნევა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ სავალუტო გარიგებებს;
დ) სავალუტო გარიგება – სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ, კლიენტთან ან/და სავალუტო ბაზრის სხვა მონაწილესთან ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებით დადებული ნებისმიერი გარიგება;
ე) წინსწრებით ვაჭრობა – წინსწრებით ვაჭრობა არის ისეთი ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, სადაც სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელსაც აქვს წინასწარი ინფორმაცია მისი კლიენტის დავალების შესახებ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ (მესამე პირის მეშვეობით), წინასწარ, კლიენტის დავალების აღსრულებამდე დებს გარიგებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით;
ვ) წინარე ჰეჯირება – სავალუტო პოზიციის გახსნა ან სხვაგვარი ისეთი ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება კლიენტის მოსალოდნელ დავალებას და რომელიც მიზნად არ ისახავს კლიენტისთვის მდგომარეობის გაუარესებას და არ იწვევს სავალუტო ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას;
ზ) ანგარიშსწორების ინსტრუქციები – სავალუტო ბაზრის მონაწილესა და მის კლიენტს შორის წინასწარ შეთანხმებული წესებისა და პირობების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ ანგარიშსწორების დროს;
თ) პრინციპალი მოვაჭრე – სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელიც კლიენტთან სავალუტო გარიგებას დებს საკუთარი სახელით და საკუთარი რისკით;
ი) აგენტი მოვაჭრე – სავალუტო ბაზრის მონაწილე, რომელიც კლიენტის დავალების აღსრულების მიზნით, სავალუტო ბაზრის სხვა მონაწილესთან შედის სავალუტო გარიგებაში, სავალუტო რისკის აღების გარეშე;
კ) კლიენტის დავალება – სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ, სავალუტო გარიგებასთან დაკავშირებით კლიენტისგან მიღებული დავალება;
ლ) კონტრაჰენტი – სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ დადებული სავალუტო გარიგების მეორე მხარე.
მუხლი 3🔗.
გამჭვირვალობა და ინფორმაციის გამჟღავნება
1. სავალუტო ბაზრის მონაწილე (შემდგომში – ბაზრის მონაწილე) ვალდებულია კლიენტს გარიგების დადებამდე გაუმჟღავნოს (მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნებით) შემდეგი ინფორმაცია ან მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მომსახურების პირობები – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქმიანობის სტანდარტულ წესებსა და პირობებს კლიენტთან ურთიერთობაში, ასევე აყალიბებს ბაზრის მონაწილის მიერ საკომისიოს მიღებისა და კლიენტის დავალებების აღსრულების ძირითად საფუძვლებს;
ბ) ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შემდეგი პირობების დაცვით:
ბ.ა) ბაზრის მონაწილემ ცხადად უნდა გაუმჟღავნოს კლიენტს ინფორმაცია იმ სტატუსის შესახებ, რა სტატუსითაც მოქმედებს ბაზრის მონაწილე კლიენტთან მიმართებაში (პრინციპალი მოვაჭრე, თუ აგენტი მოვაჭრე);
ბ.ბ) ინფორმაციის გამჟღავნების დოკუმენტი დეტალურად უნდა ადგენდეს კლიენტის დავალების მიღების, დამუშავების და აღსრულების პროცედურას, აგრეთვე სხვადასხვა დავალებების პრიორიტეტიზაციას (დავალებების აღსრულების დრო და მათი თანმიმდევრულობა);
ბ.გ) ინფორმაციის გამჟღავნების დოკუმენტი ასევე უნდა ადგენდეს იმ გარემოებებს, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს კლიენტის დავალების აღსრულებაზე;
გ) ფასდადების პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი კლიენტისთვის. ფასდადება უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული, შეესაბამებოდეს გასაწევი მომსახურების ეკონომიკურ ხარჯებს და სავალუტო ბაზრის მონაწილის მიერ აღებულ რისკებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებში/ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილებების განხორციელებისას ბაზრის მონაწილე ვალდებულია განახლებული ფორმით მიაწოდოს აღნიშნული დოკუმენტები/ინფორმაცია კლიენტს.
3. ბაზრის მონაწილე ვალდებულია წინარე ჰეჯირების შესახებ შეატყობინოს კლიენტს. ბაზრის მონაწილემ კლიენტს უნდა აუხსნას ყველა ის რისკი, რომელიც ამ ქმედებასთან არის დაკავშირებული. წინარე ჰეჯირება უნდა განხორციელდეს იმ განზრახვით, რომ არ გაუარესდეს კლიენტის მდგომარეობა. წინარე ჰეჯირებისას მიღებული ნებისმიერი მატერიალური სარგებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს.
მუხლი 4🔗.
ბაზრის მონაწილის მიერ კლიენტისთვის ინფორმაციის გაზიარებისა და კომუნიკაციის წესი
ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან:
ა) ნათლად და ეფექტურად განსაზღვრონ კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა და ეს უკანასკნელი დაიცვან მესამე პირების უნებართვო წვდომისგან;
ბ) კლიენტთან კომუნიკაცია აწარმოონ ზუსტად, ნათლად, პროფესიონალურად და ისე, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ კლიენტი;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზრის მონაწილე კლიენტთან აწარმოებს კომუნიკაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სწორად მოახდინოს სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის (არსებული ან მოსალოდნელი ბაზრის აქტივობა, რომელმაც შეიძლება დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს კლიენტის დავალების აღსრულებაზე) შესახებ კლიენტის ინფორმირება ისე, რომ არ მოხდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება. სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ბაზრის მონაწილის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ბაზრის ზოგად ტენდენციებს, განზოგადებულ ინფორმაციებს, რომელიც არ იძლევა კონკრეტული სუბიექტის ან კონკრეტული გარიგების იდენტიფიცირების საშუალებას;
დ) ჰქონდეთ ინფორმაციის დაცვის შესაბამისი მექანიზმები/ბარიერები, რომელიც იცავს კლიენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას ნებისმიერი უნებართვო წვდომისაგან როგორც მესამე პირების, ასევე ბაზრის მონაწილის არაუფლებამოსილი პირებისგან;
ე) უზრუნველყონ, მათ შორის, ფრონტ და ბექ ოფისების ფუნქციების სეგრეგირება. ხაზინის ფრონტ ოფისის თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ამავე კლიენტზე ბექ ოფისში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის, კლიენტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაციაზე.
მუხლი 5🔗.
სავალუტო გარიგების აღსრულება
1. ბაზრის მონაწილე, კლიენტის დავალების აღსრულებისას, უნდა მოქმედებდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ, იმ სტატუსის შესაბამისად, რომლითაც ის მოქმედებს (პრინციპალი მოვაჭრე, აგენტი მოვაჭრე) და კლიენტის კონკრეტული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი და გამჭვირვალე მოქმედება, მათ შორის მოიცავს სავალუტო გარიგების დროულ/სწრაფ აღსრულებას, დადასტურებასა და ანგარიშსწორებას.
3. როდესაც კლიენტი ბაზრის მონაწილეს აძლევს უფლებამოსილებას გარიგების აღსრულებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ქმედებაზე (მაგალითად, აარჩიოს რამდენიმედან ერთი სავალუტო გაცვლითი კურსი, ან გარიგების აღსრულების დრო ან სხვა), ასეთი სავალუტო გარიგების აღსრულების დროსაც, ბაზრის მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კლიენტის საუკეთესო ინტერესებით და იმოქმედოს ისე, რომ კლიენტისთვის მიიღოს ყველაზე ხელსაყრელი პირობები.
მუხლი 6🔗.
სავალუტო ბაზარზე შეზღუდული და აკრძალული ქმედებები
1. აკრძალულია წინსწრებით ვაჭრობა.
2. აკრძალულია სავალუტო ბაზრის მანიპულაცია. ბაზრის მონაწილეებს ეკრძალებათ დადონ ისეთი გარიგებები ან განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ბაზრის ფასებით ხელოვნურად მანიპულირებას, მათ შორის ოფიციალური გაცვლითი კურსით ხელოვნურად მანიპულირებას. სავალუტო ბაზრის მანიპულაციად განიხილება, მათ შორის, ისეთი ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს:
ა) სავალუტო ბაზრის თავისუფალი და სამართლიანი ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას;
ბ) ეკონომიკური სარგებლის მიღებას საბაზრო ფასზე ხელოვნურად ზემოქმედების გზით.
3. ბაზრის მონაწილეების მიერ აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სავალუტო ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას. დაუშვებელია ბაზრის მონაწილემ, ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, კლიენტს შეუზღუდოს სავალუტო გარიგებების დადების ან მომსახურების მიღების უფლება ბაზრის სხვა მონაწილესთან ან მასთან სხვაგვარ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა.
4. პროდუქტებისა და მომსახურების ფასდადება უნდა განხორციელდეს მათი ეკონომიკური დანახარჯების გათვალისწინებით. ამ პრინციპის პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ბაზრის მონაწილეები ვალდებულნი არიან:
ა) რამდენიმე პროდუქტის ერთ პაკეტად შეთავაზების შემთხვევაში, კლიენტს მიაწოდონ ინფორმაცია პროდუქტების როგორც ჯამური ფასის, ასევე პაკეტის თითოეული შემადგენელი პროდუქტის ცალკეული ფასის შესახებ;
ბ) გაამჟღავნონ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაკეტის იმ კომპონენტის შესახებ, რომელიც არ მონაწილეობს პაკეტის ფასდადებაში, ასევე მიაწოდონ ინფორმაცია დაკავშირებული რისკების შესახებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) განუმარტონ კლიენტს, შესაძლებელია თუ არა პაკეტის ცალკეული შემადგენელი მომსახურების/პროდუქტის დამოუკიდებლად შეძენა;
დ) გაყიდვების ჯგუფს ჩაუტარონ სათანადო სწავლება და უზრუნველყონ მათი ანაზღაურების სისტემა ისე, რომ არ იქნას წახალისებული კლიენტისთვის შეუსაბამო ან ამ წესის დარღვევით პროდუქტების მიყიდვა;
ე) თუ შესაძლებელია, უზრუნველყონ კლიენტის უფლება, სურვილისამებრ შეწყვიტოს პაკეტის ცალკეული მომსახურებით/პროდუქტით სარგებლობა.
5. ბაზრის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ გარიგებების დადება სამსახურებრივი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გარიგების შესახებ კომუნიკაციისა და ინფორმაციის შენახვას შემდგომი აუდიტის მიზნით. თუ ბაზრის მონაწილის შიდა პოლიტიკით დაშვებულია სადილინგო ოთახში სამსახურებრივი მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, ბაზრის მონაწილე ვალდებულია აღნიშნულ საშუალებებზეც უზრუნველყოს სავალუტო გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაციის ჩაწერა და შენახვა. ტელეფონით (ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) დადებული გარიგებები სავალდებულო წესით უნდა აღირიცხოს ბაზრის მონაწილის შესაბამის სისტემაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ბაზრის მონაწილეებმა უნდა შეიმუშავონ შესაბამისი პოლიტიკა.
6. ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას, ბაზრის მონაწილემ არ უნდა გაამჟღავნოს სხვა პირების არასაჯარო კონკრეტული და მოსალოდნელი გარიგების დეტალები: კლიენტის სახელები და ვალუტის გაცვლითი კურსისა და გარიგების თანხის ზუსტი ოდენობები.
მუხლი 7🔗.
რისკების მართვა
1. რისკების მართვისათვის, ბაზრის მონაწილე ვალდებულია ჰქონდეს სათანადო შიდა პოლიტიკა და პროცედურები, პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა და ადეკვატური რაოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო და საკრედიტო რისკების ზუსტ და დროულ გაზომვას, მართვას და ანგარიშგებას.
2. საკრედიტო რისკების მართვისათვის, ბაზრის მონაწილე ვალდებულია შეაფასოს კონტრაჰენტის საკრედიტო რისკი, განსაზღვროს ვაჭრობის ლიმიტები და პერიოდულად მოახდინოს მათი განახლება.
3. დერივატივებით ვაჭრობისთვის, გააფორმოს მოდალური ჩარჩო ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის გამოყენებას.
4. საბაზრო რისკის მართვისთვის, ბაზრის მონაწილე ვალდებულია ჰქონდეს პროცედურები და სისტემები, რომლის გამოყენებითაც შეფასდება როგორც სავაჭრო პოზიციების შესაბამისობა ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან, ასევე სავაჭრო პოზიციებიდან სავარაუდო მოგების ან ზარალის ზომა.
5. საოპერაციო რისკის მართვისთვის, ბაზრის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, რომელიც შეესაბამება ბაზრის მონაწილის სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ბუნებას, მასშტაბსა და კომპლექსურობას. ფართომასშტაბიანი კატასტროფის, მნიშვნელოვან სავაჭრო პლატფორმებთან ხელმისაწვდომობის, ანგარიშსწორების და სხვა კრიტიკული მომსახურებების მიმართ ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ან ბაზრის ნორმალური ფუნქციონირების სხვაგვარი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული გეგმის სწრაფად და ეფექტურად იმპლემენტაცია.
6. ბაზრის მონაწილე ვალდებულია უზრუნველყოს ფრონტ და ბექ ოფისების ორგანიზაციული გაყოფა და შესაბამისი თანამშრომლებით დაკომპლექტება. თანამშრომლების რაოდენობა უნდა იყოს ბაზრის მონაწილის მიერ წარმოებული საქმიანობის სირთულისა და მასშტაბურობის ადეკვატური, ისე რომ, სულ მცირე, ძირითადი საქმიანობის წარმართვისას ნებისმიერი მოქმედება ხორციელდებოდეს არანაკლებ 2 პირის მიერ (ოთხი თვალის პრინციპი). თანამშრომლების კვალიფიკაცია დადასტურებული უნდა იყოს პროფესიული სერტიფიკატებით, რაც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
7. ბაზრის მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემები, რომლის მეშვეობითაც იგი შეძლებს სპოტ ფორექსით, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებით, ფასიანი ქაღალდებით, დერივატივებით ვაჭრობის, ანგარიშსწორების, ბუღალტრული აღრიცხვის, რისკების გაზომვისა და ანგარიშგების მხარდაჭერას.
8. პროცედურულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის რისკის მართვისათვის სავალუტო ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან:
ა) შეინახონ კლიენტთან გარიგების დადებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის და ბაზარზე განხორციელებული ქმედებების დროული, თანმიმდევრული და ზუსტი ჩანაწერები, რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს გადამოწმებას (აუდიტს). ჩანაწერები უნდა ინახებოდეს ტრანზაქციის დასრულებიდან სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში. ბაზრის მონაწილემ ასევე უნდა უზრუნველყოს სათანადო შიდა პოლიტიკისა და პროცედურების არსებობა, რომლითაც ის არაავტორიზებული ტრანზაქციების განხორციელებას აიცილებს თავიდან;
ბ) შეიმუშაონ სათანადო სახელმძღვანელოები, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის თანამშრომლებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან არასამუშაო დროს ან არასამუშაო ადგილიდან დადონ სავალუტო გარიგებები. ასევე, უნდა განისაზღვროს ამგვარად დადებული გარიგებების მაქსიმალური ლიმიტები და ტიპოლოგია. ასეთ შემთხვევაში დადებული გარიგებების ამსახველი დროული წერილობითი მოხსენება/ანგარიში უნდა გაიგზავნოს და შეინახოს შესაბამის ადგილას.
9. ანგარიშსწორების პროცესთან მიმართებით ბაზრის მონაწილე ვალდებულია:
ა) ზომავდეს ანგარიშსწორების პროცესებთან დაკავშირებულ რისკს და შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდეს ამ რისკის შემცირებას;
ბ) შემუშავებული ჰქონდეს სტანდარტული ანგარიშსწორების ინსტრუქციები და იყენებდეს მათ სავალუტო გარიგების განხორციელების დროს.
მუხლი 8🔗.
საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები
1. სავალუტო ბაზრის მონაწილის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე კონსულტაციები გაიაროს პროფესიულ ასოციაციასთან.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო სავალუტო ბაზრის მონაწილეს მიეცემა წერილობითი გაფრთხილება ან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე გამოიწვევს ორგანიზებულ ბაზარზე მისი წვდომის დროებით შეჩერებას.