საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2020
ძალის დაკარგვა 01.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №519
სარეგისტრაციო კოდი 120050000.10.003.022238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.02.2024
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №519
2020 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი
სამსახურის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. შინაგანი სამსახურის წესდების რეგულირების სფერო
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების (შემდგომში – თავდაცვის ძალები) შინაგანი სამსახურის წესდება (შემდგომში – წესდება) განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთდამოკიდებულებას, ბრძანების გაცემისა და შესრულების წესს, ქვედანაყოფში განწესის ორგანიზებას და განწესში დანიშნულ პირთა უფლება-მოვალეობებს, იძულების ღონისძიებების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, ქვედანაყოფის გადაყვანისა და განლაგების წესს, ქვედანაყოფში განგაშის ორგანიზებას, ყოველდღიურ წესრიგს და სამუშაო დროის განაწილებას, სამხედრო ფიცის დადების წესს, სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ქვედანაყოფის სიმბოლოებს, წახალისების, დაჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემის წესს, საპატიო წიგნისა და ისტორიული ფორმულარის წარმოების წესს, ასევე, ქვედანაყოფში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს.
2. ამ წესდების მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე. სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ საქმიანობაში შეუძლიათ გამოიყენონ, ამ წესდებით განსაზღვრული რეგულაციები.
მუხლი 2🔗. წესდების მიზანი
წესდების მიზანია სამინისტროს სისტემაში შინაგანი სამსახურის ორგანიზების სამართლებრივი მოწესრიგება.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესდების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქვედანაყოფი – „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და საშტატოს ნუსხით განსაზღვრული მათი სტრუქტურული ერთეულები;
ბ) ქვედანაყოფის მეთაური – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის უფროსი;
გ) სტანდარტული სამოქმედო პროცედურა – ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურის მიერ, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები, მათი თანმიმდევრობა და შესრულების ორგანიზება, ასევე, ქვედანაყოფში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები;
დ) განწესი – დროებითი სამსახური, რომელიც სრულდება ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის მიერ და უზრუნველყოფს ქვედანაყოფის უსაფრთხოების, სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონების დაცვას, ასევე, გამოვლენილ დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
ე) პარკი – ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საარტილერიო, საჰაერო და სხვა ტექნიკის შენახვის, მომსახურებისა და რემონტისათვის მოწყობილი ტერიტორია.
თავი II
სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთდამოკიდებულება,
ბრძანების გაცემისა და შესრულების წესი
მუხლი 4🔗. უფროსები და დაქვემდებარებულები
1. თანამდებობრივი მდგომარეობისა და სამხედრო წოდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე სხვა სამხედრო მოსამსახურის მიმართ, შეიძლება იყოს უფროსი ან დაქვემდებარებული.
2. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან თანამდებობრივად, თუნდაც დროებით, არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურის მიმართ თანამდებობრივად უახლოეს პირდაპირ უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი.
3. უფროსი განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა მეორე სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მაღალია.
4. სამხედრო წოდების მიხედვით უფროსები არიან:
ა) ოფიცერთა შემადგენლობა:
ა.ა) არმიის გენერალი – უმაღლესი ოფიცრების, უფროსი ოფიცრების, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.ბ) გენერალ-ლეიტენანტი (ადმირალი) – გენერალ-მაიორის (ვიცე-ადმირალის) და ბრიგადის გენერალის (კონტრადმირალის) მიმართ, ასევე, უფროსი ოფიცრებისა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.გ) გენერალ-მაიორი (ვიცე-ადმირალი) – ბრიგადის გენერლის (კონტრადმირალის) მიმართ, ასევე, უფროსი ოფიცრებისა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.დ) ბრიგადის გენერალი (კონტრადმირალი) – უფროსი ოფიცრების, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.ე) პოლკოვნიკი (I რანგის კაპიტანი) – უფროსი ოფიცრების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.ვ) ვიცე-პოლკოვნიკი (II რანგის კაპიტანი) – მაიორის (III რანგის კაპიტანის), ასევე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.ზ) მაიორი (III რანგის კაპიტანი) – უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის მიმართ;
ა.თ) კაპიტანი (კაპიტან-ლეიტენანტი) – უფროსი ლეიტენანტის და ლეიტენანტის მიმართ;
ა.ი) უფროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტის მიმართ;
ბ) სერჟანტთა (მიჩმანთა), კაპრალთა და რიგითთა შემადგენლობა:
ბ.ა) მთავარი სერჟანტი (მიჩმანი) – უფროსი სერჟანტების (მიჩმანების), უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების), კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;
ბ.ბ) მასტერ სერჟანტი (მიჩმანი) – უფროსი სერჟანტის (მიჩმანის), უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების), კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;
ბ.გ) უფროსი სერჟანტი (მიჩმანი) – უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების), კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;
ბ.დ) სერჟანტი (მიჩმანი) – უმცროსი სერჟანტის (მიჩმანის), ასევე, კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;
ბ.ე) უმცროსი სერჟანტი (მიჩმანი) – კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;
ბ.ვ) კაპრალი (საზღვაო კაპრალი)/კაპრალ-სპეციალისტი (საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი) – რიგითთა შემადგენლობის მიმართ;
ბ.ზ) I კლასის რიგითი (I კლასის საზღვაო რიგითი) – რიგითის მიმართ.
5. ოფიცრები წოდებრივად უფროსები არიან ყველა სერჟანტთა (მიჩმანთა), კაპრალთა და რიგითთა შემადგენლობის მიმართ.
6. სამხედრო წოდებით უფროსებს, ეთიკის ნორმების დაცვით, უფლება აქვთ შენიშვნა მისცენ სამხედრო წოდებით უმცროსებს, მოსთხოვონ მათ დისციპლინის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების, აგრეთვე ქცევისა და მხედრული მისალმების წესების დაცვა, სამხედრო წოდებით უმცროსები ვალდებულნი არიან შეასრულონ წოდებით უფროსების მოთხოვნები.
7. ერთმანეთის მიმართ ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის ერთობლივად შესრულებისას, მათ შორის სამსახურებრივ ურთიერთდამოკიდებულებას, განსაზღვრავს საერთო უფროსი, თუ მათი სამსახურებრივი ურთიერთდამოკიდებულება არ არის განსაზღვრული საერთო უფროსის მიერ, უფროსად ითვლება მათ შორის თანამდებობით უფროსი, ხოლო თანამდებობით თანასწორ სამხედრო მოსამსახურეებში ან იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობით უფროსი ვერ დგინდება, უფროსად ითვლება სამხედრო წოდებით უფროსი.
მუხლი 5🔗. სამსახურებრივ და პირად საკითხებზე კომუნიკაცია
1. სამხედრო მოსამსახურე, სამსახურებრივ და პირად საკითხებთან დაკავშირებით, პირველ რიგში მიმართავს უშუალო უფროსს, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში, ზემდგომ უფროსს.
2. სამხედრო მოსამსახურე მისი უშუალო უფროსის გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗. ბრძანების გაცემისა და შესრულების წესი
1. ბრძანება გაიცემა ზეპირად ან წერილობით, ცალკეული სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის (ორი ან მეტი სამხედრო მოსამსახურე) ან ქვედანაყოფის მიმართ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, დასაბუთებული, ზუსტი და არ უნდა იძლეოდეს სხვადასხვაგვარი აღქმის შესაძლებლობას.
2. ბრძანების გაცემისას, უფროსს უფლება არ აქვს ბოროტად გამოიყენოს ან გადააჭარბოს მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასევე, გასცეს ისეთი ბრძანება, რომელსაც კავშირი არა აქვს სამხედრო სამსახურის შესრულებასთან. ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ზემდგომი ხელმძღვანელობის სამართლებრივ აქტებს.
3. ბრძანების გაცემისას, უფროსმა ყოველმხრივ უნდა შეაფასოს არსებული ვითარება და მიიღოს ზომები ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად.
4. უფროსს უფლება აქვს უბრძანოს მხოლოდ დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეს და შეამოწმოს ბრძანების შესრულება.
5. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია დაემორჩილოს უფროსს და შეასრულოს მის მიერ გაცემული კანონიერი ბრძანება.
6. პირდაპირ უფროსს შეუძლია დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეს უბრძანოს მის უშუალო უფროსთან შეუთანხმებლად. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურემ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს.
7. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით დაქვემდებარებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულება. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც არ ეთანხმება ბრძანებას, უფლება აქვს მიღებული ბრძანება გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ბრძანების გაცემისას, უფროსი და ის სამხედრო მოსამსახურე(ები), რომელიც იღებს ბრძანებას, გადადის დგომზე „სმენა“ და ინარჩუნებს ამ დგომს ბრძანების ტექსტის დასრულებამდე ან სანამ უფროსი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. სამხედრო მოსამსახურე, ბრძანების მიღებისას, ასრულებს მხედრულ მისალმებას და პასუხობს: „არის“, იგი ინარჩუნებს დგომს „სმენა“ და ელოდება მხედრულ სალამზე პასუხს, ამის შემდეგ, ასრულებს მიღებულ ბრძანებას. თუ უფროსს უნდა დარწმუნდეს, ხელქვეითის მიერ მიღებული ბრძანების სწორად გაგებაში, მხედრული სალმის დაბრუნებამდე, მას შეუძლია მოითხოვოს გაცემული ბრძანების მოკლე შინაარსის გამეორება.
9. მიღებული ბრძანების შესრულების შესახებ, სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია მოახსენოს უფროსს, რომელმაც გასცა აღნიშნული ბრძანება, აგრეთვე თავის უშუალო უფროსს.
10. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძანების შესრულებისას სხვა პირდაპირი უფროსისაგან მიიღებს ახალ ბრძანებას, რომელიც ხელს უშლის ან ეწინააღმდეგება მანამდე მიღებული ბრძანების შესრულებას, ამის შესახებ მოახსენებს უფროსს, რომელმაც გასცა ახალი ბრძანება და მისი თანხმობის შემთხვევაში, ასრულებს მის ბრძანებას. ახალი ბრძანების გამცემი ამის შესახებ ატყობინებს პირს, რომელმაც გასცა პირველი ბრძანება.
მუხლი 7🔗. უფროსთან წარდგენისა და პატაკის ჩაბარების წესი
1. უფროსთან წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურე იღებს დგომს „სმენა“, ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს, საჭიროების შემთხვევაში კი წარდგენის მიზეზს.
2. უფროსი ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფში მოსულ ზემდგომ უფროსს. ქვედანაყოფის სხვა მოსამსახურეები ზემდგომ უფროსს წარუდგებიან მხოლოდ უშუალოდ მათდამი მიმართვისას.
3. სამხედრო მოსამსახურეები წარუდგებიან თავიანთ უშუალო უფროსებს:
ა) თანამდებობაზე დანიშვნისას;
ბ) თანამდებობის მიღება-ჩაბარებისას;
გ) მივლინებაში ან შვებულებაში წასვლისას და უკან დაბრუნებისას.
4. მწყობრს გარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც მიმართავს უფროსი, იღებს დგომს „სმენა“, ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს, საუბრის დასრულების შემდეგ, ისინი გაცვლიან მხედრულ სალამს. მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს ამ პუნქტის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ საუბრის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე იღებს საწყის მდგომარეობას და ისინი არ გაცვლიან მხედრულ სალამს.
5. უფროსი ახლად დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს წარუდგენს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას.
6. სამხედრო მოსამსახურე პატაკს აბარებს:
ა) მიღებული ბრძანების ან სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდეგ;
ბ) სადღეღამისო განწესში სამსახურის შესრულების დროს;
გ) აღლუმებზე და სხვა სამხედრო ცერემონიების ჩატარების დროს;
დ) სამწყობრო დათვალიერების დროს;
ე) სამხედრო ფიცის მიღების დროს;
ვ) სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების დროს.
7. სამხედრო მოსამსახურე, უფროსისათვის პატაკის ჩაბარებისას, იღებს დგომს „სმენა“, აბარებს პატაკს და ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს.
8. მწყობრის ხელმძღვანელის მიერ უფროსისათვის პატაკის ჩაბარებისას, მომხსენებელი გასცემს კომანდას „სმენა“, რა დროსაც მწყობრის ხელმძღვანელი და მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ დგომს „სმენა“, მწყობრის ხელმძღვანელი უფროსს აბარებს პატაკს და ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს.
9. ქვედანაყოფის მეთაურს პატაკი ბარდება, როდესაც იგი ქვედანაყოფში დღის განმავლობაში პირველად შედის ან დღის განმავლობაში დატოვა დისლოკაციის ადგილი და ხელახლა ბრუნდება ქვედანაყოფში, თუ მის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
10. ქვედანაყოფში ინსპექტირების/მონიტორინგის მიზნით მისულ სამხედრო მოსამსახურეს, ქვედანაყოფის მეთაური წარუდგება იმ შემთხვევაში, თუ იგი მასზე სამხედრო წოდებით დაბალია ან მას უთანაბრდება, სხვა შემთხვევაში, ინსპექტირებაზე/მონიტორინგზე მისული სამხედრო მოსამსახურე უნდა წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს. თუ ქვედანაყოფის მეთაური და ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურე ერთდროულად ეწვევიან ქვედანაყოფს, პატაკი უნდა ჩაჰბარდეს ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელ სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სამხედრო წოდება ქვედანაყოფის მეთაურის სამხედრო წოდებაზე მაღალია ან მისი თანაბარია, სხვა შემთხვევაში, პატაკი ბარდება ქვედანაყოფის მეთაურს.
11. ინსპექტირების/მონიტორინგის მიმდინარეობისას, ქვედანაყოფში მისულ ზემდგომ მეთაურს პატაკს აბარებს ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ წარუდგება მას.
12. ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურის ყველა განკარგულება პირად შემადგენლობას გადაეცემა ქვედანაყოფის მეთაურის მეშვეობით და დავალების მიმღები პირები ვალდებულნი არიან მოახსენონ ქვედანაყოფის მეთაურს შესრულების შედეგების შესახებ.
13. ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს და დაასახელოს თანამდებობა, სახელი, გვარი და ქვედანაყოფში მისვლის მიზეზი.
14. ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულების მიზნით, ქვედანაყოფში მისულ სამხედრო მოსამსახურეს ქვედანაყოფის მეთაური წარუდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სამხედრო წოდება ქვედანაყოფის მეთაურის სამხედრო წოდებას აღემატება, სხვა შემთხვევაში, ქვედანაყოფში მისული სამხედრო მოსამსახურეები უნდა წარუდგნენ ქვედანაყოფის მეთაურს და მოახსენონ მისვლის მიზეზი.
15. ცალკეული სამსახურებრივი დავალების შესრულების მიზნით, ქვედანაყოფში მისული პირი, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს და დაასახელოს თანამდებობა, სახელი, გვარი და ქვედანაყოფში მისვლის მიზეზი.
მუხლი 8🔗. მხედრული თავაზიანობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვა
1. ყველა სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია, სხვა სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვისას იყოს თავაზიანი, თავშეკავებული და სამსახურებრივ საკითხებზე მიმართოს მხოლოდ თქვენობით.
2. უფროსი, დაქვემდებარებულის ან/და წოდებით უმცროსისადმი მიმართვისას, ასახელებს სამხედრო მოსამსახურის წოდებას და გვარს ან მხოლოდ წოდებას, ამასთან, ოფიცრისადმი მიმართვისას, სამხედრო წოდების წინ სიტყვა „ბატონო“-ს დამატება თავაზიანობის გამოხატვის ნიშნადაა მიჩნეული.
3. სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირისადმი მიმართვისას, უფროსი ასახელებს მათ წოდებას და გვარს ან მხოლოდ წოდებას, ასევე, დასაშვებია მიმართვისას სიტყვების „ბატონო იუნკერო/მსმენელო“-ს გამოყენება.
4. დაქვემდებარებულები უფროსებისადმი მიმართვისას, ასახელებენ მათ სამხედრო წოდებას და წოდების წინ ამატებენ სიტყვას „ბატონო“. სერჟანტთა შემადგენლობისადმი მიმართვისას, სიტყვა „ბატონო“-ს დამატება თავაზიანობის გამოხატვის ნიშნადაა მიჩნეული.
5. უფროსის შემოსვლისას, პასუხისმგებელი პირი ან სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველი შენიშნავს მას, ვითარების გათვალისწინებით:
ა) დამსწრე აუდიტორიის შემადგენლობის შესაბამისად, მიმართავს მათ „ბატონო ოფიცრებო/სერჟანტებო/ბატონებო და ქალბატონებო“ და ჩვეულებრივი ტერმინების გამოყენებით წინადადების ფორმით გასცემს მითითებას დამსწრე საზოგადოებისთვის ფეხზე წამოდგომის შესახებ;
ბ) გასცემს კომანდას „ადექ!“ და „სმენა!“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურეები უნდა შებრუნდნენ შემოსული უფროსისკენ და მიიღონ დგომი „სმენა“, როდესაც შემოსული უფროსი გასცემს კომანდას „თავისუფლად“, „სმენაზე“ მყოფი პირადი შემადგენლობის მიმართ პასუხისმგებელი პირის, ხოლო ასეთის არარსებობისას თანამდებობრივად ან წოდებრივად უფროსი სამხედრო მოსამსახურის მიერ, კვლავ გაიცემა კომანდა „თავისუფლად“, რის შემდეგაც დამსწრე პირები მოქმედებენ შემოსული უფროსის მითითების შესაბამისად.
7. კომანდა „სმენა“ გაიცემა ქვედანაყოფში მეთაურის ყოველი მისვლისას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ქვედანაყოფის მეთაურის ქვედანაყოფში მისვლისას არ გაიცემა კომანდა „სმენა“, თუ ადგილზე იმყოფება ზემდგომი მეთაური. ამ შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურს ბარდება მხოლოდ პატაკი. საკლასო მეცადინეობების ჩატარებისას, კომანდა „სმენა“ გაიცემა ყოველი მეცადინეობის დაწყებისას და დამთავრების შემდეგ.
8. კომანდა „სმენა“ არ გაიცემა:
ა) სამეთაურო (მართვის) პუნქტზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, კავშირგაბმულობის კვანძში და საბრძოლო მორიგეობის შესრულებისას;
ბ) საცეცხლე ზღუდესა და პოზიციაზე ყოფნის დროს;
გ) აეროდრომზე ფრენების მიმდინარეობისას და საჰაერო ხომალდის სადგომზე;
დ) სახელოსნოში, პარკში, ანგარში და ლაბორატორიაში სპეციალური მეცადინეობებისა და სამუშაოების შესრულების დროს;
ე) საკვების მიღებისას და „გასაყრისიდან“ – „ადგომამდე“ დროის პერიოდში;
ვ) სასადილოში და სამკურნალო დაწესებულებაში;
ზ) საზეიმო შეკრებაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე ყოფნისას;
თ) სპორტულ-მასობრივი ღონისძიების ჩატარების დროს;
ი) მიღებული ბრძანების ან დავალების შესრულების შემდეგ მოხსენებისას;
კ) პირდაპირ უფროსთან წარდგენისას ან მისი მოსვლისას, თუ ადგილზე იმყოფება ზემდგომი უფროსი;
ლ) თუ მოხსენებისას ადგილზე არ ესწრებიან სხვა სამხედრო მოსამსახურეები;
მ) თამბაქოს მოსაწევ ადგილებში;
ნ) ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც კომანდა „სმენა“ არ გაიცემა, უფროსს მხოლოდ წარუდგებიან და მას ბარდება მხოლოდ პატაკი.
10. უფროსთან საუბრისას, სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა შეწყვიტოს საუბარი სხვა სამხედრო მოსამსახურის მხედრული სალმის მისაცემად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მიესალმება სხვა სამხედრო მოსამსახურეს, აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე წყვეტს საუბარს და ისიც ასრულებს მხედრულ მისალმებას.
11. სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვის დროს, როცა იქ იმყოფება უფროსი, საჭიროა მისგან ნებართვის მიღება.
12. უფროსის შეკითხვაზე, დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემისას, სამხედრო მოსამსახურე პასუხობს „დიახ/არა ბატონო“ და ასახელებს უფროსის სამხედრო წოდებას.
13. უფროსთან შეხვედრისას, თუ შეუძლებელია თავისუფლად გვერდის აქცევა, მაშინ დაქვემდებარებული სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გზა დაუთმოს, მიესალმოს და გაატაროს უფროსი, ხოლო უფროსისთვის გასწრების საჭიროების შემთხვევაში, ნებართვა უნდა ითხოვოს მისგან.
14. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ჯიბეში ხელებჩაწყობილი ყოფნა და გადაადგილება, ასევე, უფროსის თანდასწრებით და მისი ნებართვის გარეშე, დაჯდომა/დაწოლა, მობილურ ტელეფონზე და სატრანსპორტო საშუალებიდან საუბარი, ასევე, თამბაქოს მოწევა (გარდა თამბაქოს მოსაწევ ადგილზე ყოფნისა).
თავი III
ბრძანებები და სტანდარტული სამოქმედო პროცედურები
მუხლი 9🔗. ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება
1. ქვედანაყოფის ამოცანებისა და ფუნქციების ფარგლებში, შიდა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით და ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს.
2. ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ზემდგომი თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებს.
მუხლი 10🔗. სტანდარტული სამოქმედო პროცედურის არსი
1. სტანდარტული სამოქმედო პროცედურებს გამოსცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
2. სტანდარტული სამოქმედო პროცედურები შეიძლება გამოიცეს გარკვეული ვადით ან/და კონკრეტული ვითარების დასარეგულირებლად. იგი შედგენილი უნდა იყოს მარტივი ენით, რათა სამხედრო მოსამსახურისათვის სრულად იყოს გასაგები და თუ რომელიმე საკითხი გაურკვეველია, აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს შემსრულებელთან ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით.
თავი IV
განწესი
მუხლი 11🔗. განწესის ორგანიზება
1. სამინისტროს სისტემაში განწესის ორგანიზებაზე და დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. განწესის სახეებია:
ა) სადღეღამისო განწესი;
ბ) სამუშაოების შემსრულებელი განწესი.
3. განწესი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება ქვედანაყოფის მეთაურს და ასრულებს მის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
4. განწესში დანიშვნის შესახებ ბრძანებაში უნდა მიეთითოს განწესის დაწყებისა და დასრულების დრო, სამხედრო მოსამსახურის წოდება, სახელი, გვარი, თანამდებობა და განწესის შემადგენლობაში დაკავებული პოზიცია (მაგალითად: მორიგე, მორიგის თანაშემწე, შიკრიკი და ა.შ.).
5. განწესის შემადგენლობაში მოსამსახურეთა რაოდენობას ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის, განლაგების, არსებული საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
6. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში, განწესის ხანგრძლივობა და მისი დასრულების შემდეგ დასვენების დრო განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური ამტკიცებს განწესის გრაფიკს. განწესის დრო და ვადები უნდა შეუთავსდეს ქვედანაყოფის სასწავლო პროგრამებისა და საბრძოლო მომზადების გეგმების შესრულებას.
8. განწესის პირადი შემადგენლობა პასუხისმგებელია შეიარაღებაზე, საბრძოლო მასალებზე, კავშირგაბმულობის და სპეციალურ საშუალებებზე, აღჭურვილობაზე, სამხედრო ტექნიკასა და სხვა ქონებაზე, ასევე, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე, რომელსაც ისინი იყენებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან აქვთ ჩაბარებული.
9. სადღეღამისო განწესში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა იცოდეს იმ იარაღის, სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები, რომელსაც იგი იყენებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.
10. დამატებითი მითითებები/დავალებები, რომლებსაც სადღეღამისო განწესში დანიშნული პირადი შემადგენლობა იღებს განწესში გასვლამდე ან განწესში ყოფნისას, უნდა გადაეცეს მათ შემცვლელებს. დამატებითი მითითებები/დავალებები შესაძლებელია იყოს წერილობითი ან სიტყვიერი.
11. ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესში გასვლის რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად უნდა განაწილდეს ქვედანაყოფის მთელ პირად შემადგენლობაზე. ქვედანაყოფში ყოველთვიურად ივსება გრაფიკი/განწესის ფურცელი, რომელშიც აღირიცხება სამხედრო მოსამსახურის განწესში გასვლის რაოდენობა თვის განმავლობაში.
12. განწესში დანიშნულ პირს უფლება აქვს, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დაწესებულ დროს დაისვენოს (დაიძინოს) ტანსაცმლის გაუხდელად. სადღეღამისო განწესიდან შეცვლილი სამხედრო მოსამსახურეები, შეცვლის დღეს თავისუფლდებიან ნებისმიერი მეცადინეობებისა და სამუშაოებისაგან და ეძლევათ დრო დასვენებისათვის.
13. ქვედანაყოფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ამავე ქვედანაყოფის განწესში დანიშნულ პირთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალონ მათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.
მუხლი 12🔗. განწესის პასუხისმგებლობა
1. განწესში დანიშნული პირადი შემადგენლობა დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ინდივიდუალურად, პირადი შემადგენლობის თითოეული წევრის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისად.
2. სადღეღამისო განწესში მყოფ პირს, დისციპლინური გადაცდომის გამო, პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრება განწესის დასრულების ან მისი სხვა სამხედრო მოსამსახურით შეცვლის შემდეგ.
მუხლი 13🔗. განწესში სამხედრო მოსამსახურის ჩანაცვლება და შეცვლა
1. სამხედრო მოსამსახურის განწესის დასრულებამდე სხვა სამხედრო მოსამსახურით ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ხოლო, მისი არყოფნის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მორიგის მიერ, რაც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა გაფორმდეს განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის წერილობითი ბრძანებით.
2. განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება არ აქვს თვითნებურად შეწყვიტოს ან სხვას გადასცეს თავისი მოვალეობის შესრულება.
3. განწესი იცვლება განწესის ვადის დასრულების შემდეგ, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურისათვის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირისათვის მოხსენების შემდეგ. განწესის ვადის დასრულების შემდეგ, თუ დროულად ვერ ხერხდება განწესის შეცვლა, სამხედრო მოსამსახურეები მათ შეცვლამდე აგრძელებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ქვედანაყოფის მორიგემ დაუყოვნებლივ უნდა მოახსენოს ამ პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს განწესის შეცვლის შეფერხების თაობაზე და მიღებულ უნდა იქნეს ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.
მუხლი 14🔗. განწესში დანიშვნის აკრძალვა
აკრძალულია განწესში იმ სამხედრო მოსამსახურის დანიშვნა:
ა) რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა;
ბ) რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მუხლი 15🔗. განწესის მომზადება
1. განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს განწესში გასვლამდე უტარდება ინსტრუქტაჟი შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით.
2. განწესში დანიშნულ პირთა ინსტრუქტაჟს, მათ დაგზავნასა და სამსახურის შესრულების ადგილზე დროულ გამოცხადებას, უზრუნველყოფს იმ ქვედანაყოფის მეთაური, საიდანაც გამოიყოფა განწესი ან/და განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პირი.
3. განწესში დანიშნული პირი, რომელსაც ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი, აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით.
4. განწესში გასვლამდე, დაგზავნის წინ, განწესში დანიშნულ პირად შემადგენლობას უნდა გაესაუბროს ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი და საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. სადღეღამისო განწესში გასვლის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები თავისუფლდებიან ფიზიკური სამუშაოებისგან.
მუხლი 16🔗. სადღეღამისო განწესი
1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შედის:
ა) ქვედანაყოფის მორიგე და მისი თანაშემწე;
ბ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე და მისი თანაშემწე;
გ) ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე და მისი თანაშემწე;
დ) კავშირგაბმულობის კვანძის მორიგე და მისი თანაშემწე;
ე) პარკის მორიგე და მისი თანაშემწე;
ვ) სასადილოს მორიგე;
ზ) მორიგე მძღოლი;
თ) შიკრიკი;
ი) უსაფრთხოების ჯგუფი;
კ) საყარაულო სამსახური.
2. არსებული ვითარებისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, დასაშვებია სადღეღამისო განწესში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე შემადგენლობის არყოფნა.
3. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის ქვედანაყოფში, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო პოლიციის პატრული, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
4. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებში, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობის გარდა, შეიძლება დაინიშნოს სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობაც. ამ შემთხვევაში, სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა და მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სადღეღამისო განწესში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მორიგისა და მორიგის თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ქვედანაყოფთა განლაგების, დაცვის უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის პირობების გათვალისწინებით.
6. ქვედანაყოფის მორიგე, რომელსაც ექვემდებარება სადღეღამისო განწესი, ვალდებულია უშუალოდ შეამოწმოს სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულება ან აღნიშნული დავალება მისცეს დაქვემდებარებულ მორიგეებს და მიიღოს მათგან მოხსენებები შემოწმების შედეგების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ არ არის განსაზღვრული სადღეღამისო განწესის შემოწმების რაოდენობა, ქვედანაყოფის მორიგე დაქვემდებარებულ სადღეღამისო განწესს ამოწმებს იმდენჯერ რამდენჯერაც ამას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა, ღამის განმავლობაში, სადღეღამისო განწესის სულ მცირე ერთხელ შემოწმება სავალდებულოა.
7. ქვედანაყოფების ერთობლივად განლაგებისას:
ა) მათი რაოდენობისა და განლაგების პირობების შესაბამისად, შეიძლება დაინიშნოს, ამ ქვედანაყოფების ერთი საერთო მორიგე;
ბ) დისლოკაციის ადგილზე განწესის ორგანიზება, მათი ზემდგომი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით შეიძლება დაევალოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურს. ასეთ შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, განწესის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს შეუძლია, განწესის დაკომპლექტების მიზნით, ამ დისლოკაციის ადგილზე მყოფი სხვა ქვედანაყოფის მეთაურ(ებ)თან კოორდინაციით, განწესის შემადგენლობაში შეიყვანოს სხვა ქვედანაყოფიდან გამოყოფილი პირადი შემადგენლობაც.
8. ყველა მორიგესა და მათ თანაშემწეებს უნდა ეკეთოთ საიდენტიფიკაციო სამკლაური ან სამკერდე ნიშანი შესაბამისი წარწერით. მათი ზომა, ფორმა, ფერი და განთავსების ადგილი განისაზღვრება განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ.
9. სადღეღამისო განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ, პერიოდულად ტარდება სადღეღამისო განწესში დანიშნული პირების შემოწმებები, რათა დარწმუნდნენ, რომ სადღეღამისო განწესში დანიშნულმა თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ სათანადო დონეზე იცის, ამ წესდებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, დამტკიცებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, ასევე, სათანადოდ არიან გაწვრთნილები და მზად არიან დასმული ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 17🔗. სადღეღამისო განწესის დაქვემდებარება
1. ქვედანაყოფის მორიგე ექვემდებარება:
ა) ქვედანაყოფის მეთაურს;
ბ) ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირ უფროსებს;
გ) ზემდგომი ქვედანაყოფის მორიგეს (მაგალითად: ასეულის მორიგე ექვემდებარება ბატალიონის მორიგეს, ბატალიონის მორიგე ბრიგადის მორიგეს და ა.შ.).
2. ქვედანაყოფის მორიგე ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.
3. ქვედანაყოფის მორიგეს ექვემდებარება, ამ ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში დანიშნული ყველა მორიგე და მათი თანაშემწეები, ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, უსაფრთხოების ჯგუფი, სწრაფი რეაგირების ჯგუფი და საყარაულო სამსახური (მაგალითად: ბრიგადის მორიგეს ექვემდებარებიან, ბრიგადის ბატალიონებისა და ასეულების მორიგეები, ასევე, ამ ბრიგადის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, უსაფრთხოების ჯგუფი, სწრაფი რეაგირების ჯგუფი და საყარაულო სამსახური).
4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის, ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის, კავშირგაბმულობის კვანძის, სასადილოს და პარკის მორიგე ექვემდებარება, იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელი ქვედანაყოფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში, კავშირგაბმულობის კვანძში, სასადილოში და პარკში ახორციელებს იგი დაკისრებულ მოვალეობას (მაგალითად: ბრიგადის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ან პარკის მორიგე ექვემდებარება ბრიგადის მორიგეს), თუ განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. მორიგე მძღოლი და შიკრიკი ექვემდებარებიან იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომლის მორიგე მძღოლად ან შიკრიკად არიან დანიშნულნი.
6. სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო პოლიციის პატრული ექვემდებარება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფის მორიგეს.
მუხლი 18🔗. სადღეღამისო განწესის შეიარაღება
1. ქვედანაყოფის ადგილსამყოფლის, არსებული საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო მოსამსახურეები, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აღიჭურვონ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით, აღჭურვილობით, ტექნიკით და სპეციალური საშუალებებით.
2. საყარაულო სამსახურის შეიარაღება განისაზღვრება საყარაულო წესდების შესაბამისად.
მუხლი 19🔗. სამუშაოების შემსრულებელი განწესი
1. სამუშაოების შემსრულებელი განწესი გამოიყოფა ქვედანაყოფისათვის საჭირო სამუშაოთა შესასრულებლად.
2. სამუშაოთა შემსრულებელ განწესში ინიშნებიან უფროსი და წევრები, ისინი ექვემდებარებიან იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომლის მხარდასაჭერადაც ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს ან განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ქვედანაყოფის მორიგეს.
3. სამუშაოთა შემსრულებელი განწესის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ის ქვედანაყოფი ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც გამოიყოფა სამუშაოების შესასრულებლად, მათი ხელმძღვანელი პირი, განწესის ხანგძლივობა, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების წოდება, სახელი და გვარი, რა სახის სამუშაოები უნდა შესრულდეს მათ მიერ, სად და როდის უნდა ჩაატარონ სამუშაოები, ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხები.
თავი V
სადღეღამისო განწესის ორგანიზება და მისი შემადგენლობის
ფუნქცია-მოვალეობები
მუხლი 20🔗. მორიგეობის ორგანიზება
1. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური ნიშნავს ქვედანაყოფის მორიგეს. ქვედანაყოფის მორიგის დანიშვნისას, შესაბამისი განწესის ბრძანებაში უნდა მიეთითოს იმ ქვედანაყოფის დასახელება, რომლის მორიგედ ინიშნება სამხედრო მოსამსახურე (მაგალითად: ბრიგადის მორიგე, ბატალიონის მორიგე, ასეულის მორიგე და ა.შ.).
2. ქვედანაყოფის მორიგედ ინიშნება სამხედრო მოსამსახურე ოფიცერთა, სერჟანტთა ან კაპრალთა შემადგენლობიდან. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განსაზღვრავს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში, რომელი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს მორიგედ ან მის თანაშემწედ.
3. ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულში, ქვედანაყოფის მორიგის მისვლისას, დაქვემდებარებული მორიგის მიერ არ გაიცემა კომანდა „სმენა“. დაქვემდებარებული მორიგე წარუდგება ქვედანაყოფის მორიგეს და მოახსენებს ქვედანაყოფში არსებული ვითარების შესახებ.
4. ქვედანაყოფის მორიგე ხვდება და დანიშნულების ადგილამდე აცილებს ქვედანაყოფში მისულ:
ა) საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;
დ) მინისტრს და მის მოადგილეებს;
ე) თავდაცვის ძალების მეთაურს და მის მოადგილეებს;
ვ) ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირ უფროსებს;
ზ) ინსპექტირების/მონიტორინგის ხელმძღვანელ პირს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირების ქვედანაყოფში მისვლისას, ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „სმენა“ და წარუდგება მათ. ასევე, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფში მათი მისვლის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურს.
6. ქვედანაყოფის მორიგე წარუდგება ქვედანაყოფში სამსახურებრივი დავალებით მოსულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ ქვედანაყოფის მორიგე თანამდებობით ან სამხედრო წოდებით მათზე უმცროსია, სხვა დანარჩენ სტუმრებს მორიგე მხოლოდ ხვდება და უზრუნველყოფს მათ გაცილებას დანიშნულების ადგილამდე.
7. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ქვედანაყოფის მეთაურის მისვლისას, თუ დახვედრის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „სმენა“ და მოახსენებს მას ქვედანაყოფში არსებული ვითარების, მომხდარი შემთხვევებისა და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ქვედანაყოფის მეთაურის მისვლისას, სამხედრო მოსამსახურეები დახვედრის ადგილზე არ იმყოფებიან, ქვედანაყოფის მორიგე, კომანდა „სმენას“ არ გასცემს, არამედ მხოლოდ წარუდგება და მოახსენებს მას. ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილეს და შტაბის უფროსს ქვედანაყოფის მორიგე მხოლოდ წარუდგება.
მუხლი 21🔗. მორიგეობის მიღება-ჩაბარება
1. დაგზავნის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის ახალი მორიგე:
ა) ძველი მორიგისაგან იბარებს მორიგეობას, რაც გულისხმობს საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების, კავშირგაბმულობის საშუალებების და სხვა ტექნიკური საშუალებების, მორიგის დაცვის ქვეშ არსებული იარაღის, საბრძოლო მასალების, ოპტიკური და ღამის ხედვის საშუალებების, აღჭურვილობის და სხვა ქონების ჩაბარებას. იარაღი მიიღება ცალობით ნომრებისა და დაკომპლექტების მიხედვით. ახალი მორიგე ამოწმებს საკეტების, კარადების, ყუთების, ლუქების, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სხვა მოწყობილობების, კავშირისა და მართვის სისტემების, ასევე, მისთვის ჩაბარებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ინვენტარის გამართულობას;
ბ) ამოწმებს დამცავი სიგნალიზაციის არსებობას და გამართულობას საიარაღო ოთახში (საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი) და საიდუმლო პაკეტების მდგომარეობას;
გ) ქვედანაყოფის ძველ მორიგესთან ერთად, ატარებს სამორიგეო ოთახში ან მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და იმ დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში მორიგე იყენებს, რათა დადგინდეს ამ ქონების საექსპლუატაციო ვარგისიანობა, ხოლო გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ ახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს, რათა მიღებულ იქნეს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
დ) მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ იღებს მოხსენებებს ახალ განწესში დანიშნული ყარაულის უფროსისაგან და დაქვემდებარებული მორიგეებისაგან;
ე) დადგენილ დროს ცხადდება ქვედანაყოფის მეთაურთან ან მისი ბრძანებით უფლებამოსილ პირთან ინსტრუქტაჟისათვის და პაროლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისაღებად;
ვ) იღებს ინფორმაციას ქვედანაყოფის განლაგების ადგილიდან გასული პირადი შემადგენლობის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკის შესახებ, ასევე, ინფორმაციას, თუ რომელი ქვედანაყოფი სად და რომელ მეცადინეობაზეა ან რა სამუშაოს ასრულებს.
2. ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მორიგეობის მიღება-ჩაბარებისა და ყარაულთა შეცვლის შემდეგ, ძველი და ახალი ქვედანაყოფის მორიგეები მიდიან ქვედანაყოფის მეთაურთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან მორიგეობის გადაბარების შესახებ მოხსენების მიზნით. ქვედანაყოფის ახალი მორიგე, ქვედანაყოფის მეთაურს მოახსნებს მორიგეობის მიღებისას გამოვლენილი ყველა იმ ნაკლოვანების შესახებ, რომელთა აღმოფხვრა არ შეეძლო შეცვლილ სადღეღამისო განწესს. ძველი მორიგე ქვედანაყოფის მეთაურისაგან შეცვლის ნებართვის მიღების შემდეგ, ასრულებს მხედრულ მისალმებას და ტოვებს ადგილს, ხოლო ახალი მორიგე იღებს ქვედანაყოფის მეთაურისაგან სადღეღამისო განწესის შესრულებასთან დაკავშირებულ მითითებებს და სხვა საჭირო იფორმაციას. როდესაც ქვედანაყოფის მეთაური დართავს ნებას, ახალი მორიგე ასრულებს მხედრულ მისალმებას, ტოვებს ადგილს და შეუდგება ქვედანაყოფის მორიგის მოვალეობის შესრულებას.
3. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი მორიგეების მიერ ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში, ფიქსირდება ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა სადღეღამისო განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
4. ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ადგილზე არყოფნისას, მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში, მორიგეობის მიღება-ჩაბარებას და შესაბამის ჟურნალში ხელმოწერას ახორციელებენ მხოლოდ ძველი და ახალი მორიგე, რის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ თანამდებობის პირს ახალი მორიგე ახსენებს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, ამ შემთხვევაში, მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ჩანაწერი არ კეთდება.
მუხლი 22🔗. ქვედანაყოფის მორიგის ფუნქცია-მოვალეობები
ქვედანაყოფის მორიგე:
ა) ამოწმებს ქვედანაყოფში დღის განრიგის შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს განკარგულებებს დაწესებული სიგნალების გაცემის შესახებ;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს ქვედანაყოფში მომხდარი ყველა შემთხვევის, მათ შორის გამოვლენილი გადაცდომების, ქვედანაყოფის თვითნებურად მიტოვების და პირადი შემადგენლობის დაშავების ფაქტების შესახებ;
გ) ვალდებულია მუდმივად იმყოფებოდეს სამორიგეო ოთახში ან სადღეღამისო განწესის მართვისა და/ან კონტროლის მიზნით, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ადგილის დატოვებისას (ან დასვენების დროს), მის შემცვლელად ტოვებს თანაშემწეს და უნდა აცნობოს მას, თუ სად და რა ხნით გავიდა, ასევე, თავისი ადგილსამყოფლისა და ქვედანაყოფის მორიგის მოვალეობის თანაშემწისათვის დაკისრების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს დაქვემდებარებულ მორიგეებს;
დ) აკონტროლებს სამორიგეოში პირთა შესვლას და არ უშვებს შესაბამისი დაშვების არმქონე პირებს;
ე) განგაშის ან შეკრების გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოქმედებს განსაზღვრული პროცედურების მიხედვით, დადგენილი წესით იძახებს სამსახურში არმყოფ ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას, რათა განხორციელდეს ღონისძიებები ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის მიზნით;
ვ) იცავს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფო ქონებას, უზრუნველყოფს ქვედანაყოფში წესრიგის შენარჩუნებას და სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულებას;
ზ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის ტერიტორიაზე ქვედანაყოფის მეთაურის ადგილსამყოფლის შესახებ, ასევე, უნდა იცოდეს ქვედანაყოფის პოლიგონის/სასროლეთის და სასწავლო ველის ადგილმდებარეობა, აგრეთვე, რომელი ქვედანაყოფი სად ატარებს მეცადინეობებს;
თ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ქვედანაყოფიდან გასვლისა და შემოსვლის შესახებ, ახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს სვლაგეზში მათი დაყოვნების შემთხვევათა შესახებ და დადგენილი წესით იღებს ზომებს პარკში მათ დასაბრუნებლად;
ი) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას, ასევე, უნაწილებს მათ მოვალეობებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ერთდროულად ადგომას შესაბამის სიგნალზე;
ლ) უზრუნველყოფს ქვედანაყოფიდან გასაგზავნი პირადი შემადგენლობის, ჯგუფის, ყარაულის, სამუშაოთა შესრულების განწესის დროულ დაგზავნას და დაუყოვნებლივ ახსენებს აღნიშნულს ქვედანაყოფის მეთაურს და/ან იმ პირებს, რომელთაც ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ევალებათ;
მ) დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას) მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ, ასრულებს მის დავალებებს და მითითებებს;
ნ) პასუხისმგებელია საიარაღო ოთახში შენახული იარაღის, საბრძოლო მასალების, აღჭურვილობის და სხვა ქონების დაცვაზე, უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) ვალდებულია მოახსენოს ქვედანაყოფის მეთაურს იმ ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესახებ, რომელიც მიიღო ზემდგომი ქვედანაყოფის მორიგის ან ხელმძღვანელობისაგან;
პ) ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის თაობაზე, პერიოდულად იღებდეს ინფორმაციას ქვედანაყოფში არგამოცხადებულთა და თვითნებურად წასულთა შესახებ, რომელსაც აწვდის ქვედანაყოფის მეთაურსა და ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას);
ჟ) ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ან მის მახლობლად, საგანგებო სიტუაციის დროს, დაუყოვნებლივ მოქმედებს დადგენილი წესის მიხედვით და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, სხვა ქონებისა და გარემოს დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების გატარებას;
რ) ხანძრის დროს, იძახებს სახანძრო-სამაშველო ჯგუფს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის თაობაზე ქვედანაყოფის მეთაურს და ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას);
ს) ქვედანაყოფის მეთაურის მითითებით, დროულად აგზავნის სამუშაოების შემსრულებელ განწესს, კოორდინაციაშია მათ ხელმძღვანელთან და იღებს პერიოდულ მოხსენებას;
ტ) რადიოაქტიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური დასნებოვნების საფრთხის შემთხვევაში, მოქმედებს არსებული ინსტრუქციების თანახმად;
უ) ქვედანაყოფში დადგენილ დროს, გასცემს ნებართვას პირადი შემადგენლობისათვის საკვების გაცემის თაობაზე, ორგანიზებას უწევს სასადილოში წესრიგის დაცვას, საკვების ვარგისიანობის თაობაზე დაეჭვებისას ან იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი მენიუს შესაბამისად არ ხდება პირადი შემადგენლობისათვის საკვების გაცემა, დაუყოვნებლივ ახსენებს აღნიშნულის თაობაზე ქვედანაყოფის მეთაურს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;
ფ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ მყოფი პირადი შემადგენლობისათვის საკვების გაგზავნის ღონისძიებებს;
ქ) ესწრება და აკონტროლებს საკვების სინჯების აღებას, დალუქვას და შენახვას დადგენილი წესით;
ღ) აკონტროლებს სისუფთავესა და წესრიგს შენობებსა (ყაზარმებსა) და ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილას, ითხოვს პირადი შემადგენლობის მხრიდან აღნიშნული წესების დაცვას, თვალყურს ადევნებს შენობების (განთავსების ადგილების) საგულდაგულო დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობას, ასევე, დაწესებული ჰაერის ტემპერატურის შენარჩუნებას, განათების წესის დაცვას, ოთახების გათბობასა და განიავებას, ავზებისა და ხელსაბანების წყლით მომარაგებას, აგრეთვე ტერიტორიის დასუფთავებას;
ყ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა არსებობასა და გამართულ მდგომარეობას, ქვედანაყოფში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
შ) თვალყურს ადევნებს, რომ თამბაქოს მოწევა, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შრობა/გაწმენდა განხორციელდეს მხოლოდ ამისათვის განსაზღვრულ ოთახებში ან ადგილებზე, ასევე, აკონტროლებს ღუმელების (ასეთის არსებობისას) გახურების, ალტერნატიული განათებისა და გათბობის ნებადართული საშუალებების გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების წესების შესრულებას;
ჩ) იარაღის მიღებისას, ამოწმებს მის ნომრებს და დაკომპლექტებას, ვალდებულია მუდმივად თან ჰქონდეს და არავის გადასცეს იარაღის შესანახი ოთახ(ებ)ის გასაღები;
ც) ნებას რთავს იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობისა და სხვა ქონების შეტანა/გატანაზე, ამოწმებს შესაბამის დოკუმენტაციას;
ძ) არ უშვებს შენობაში ან დისლოკაციის ადგილზე გარეშე პირებს, ასევე, ნებას არ რთავს მათ გაიტანონ ქონება;
წ) ქვედანაყოფში მომხდარი შემთხვევებს დროს, იღებს გადაუდებელ ზომებს და დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს და ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას);
ჭ) ახსენებს ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას) ქვედანაყოფის მეთაურისგან მიღებული ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესახებ;
ხ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 23🔗. ქვედანაყოფის მორიგის დოკუმენტაცია
1. ქვედანაყოფის მორიგეს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) განწესის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
გ) ქვედანაყოფის დღის განრიგი;
დ) ქვედანაყოფებისათვის ტერიტორიის მიმაგრების სქემა, ქვედანაყოფის განლაგებისა და ევაკუაციის გეგმა;
ე) დაცვისა და თავდაცვის გეგმა;
ვ) სწრაფი რეაგირების ჯგუფისა და უსაფრთხოების ჯგუფის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
ზ) საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმა;
თ) ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის კოდური სიგნალები და შესაბამისი ინსტრუქცია;
ი) სატელეფონო სადგურებისა და თანამდებობის პირთა სახმისების ცხრილები;
კ) ტერიტორიაზე ქონების შეტანისა და გატანის წესები;
ლ) იმ პირთა სია, რომლებსაც უფლება აქვთ გასცენ ნებართვა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შესასვლელად;
მ) განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული სხვა სამართლებრივი აქტები ან დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მორიგის ფუნქციის განხორციელებასთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
3. საიდუმლოობის გრიფის მქონე დოკუმენტაცია ქვედანაყოფის მორიგეს სახელმძღვანელოდ შეიძლება გადაეცეს იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება საიდუმლო დოკუმენტების შენახვისა და დაცვის მოთხოვნები.
4. ქვედანაყოფის მორიგის მიერ საწარმოებელი დოკუმენტაციის ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 24🔗. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე და მისი ფუნქცია-მოვალეობები
1. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე უნდა იყოს ქვედანაყოფის მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს ქვედანაყოფის მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. ქვედანაყოფის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, ქვედანაყოფის მორიგის დავალებით, მორიგის თანაშემწე ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მოვალეობას.
3. მორიგის თანაშემწე ვალდებულია ქვედანაყოფის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ განწესში დანიშნული პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ხელმძღვანელობისა და ზემდგომი მორიგისაგან.
4. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს სამორიგეო ოთახში ან სადღეღამისო განწესის მართვისა და/ან კონტროლის მიზნით ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
5. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს ქვედანაყოფის მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 22-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს სამორიგეო ოთახს ან სადღეღამისო განწესის მართვისა და კონტროლის მიზნით ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული ადგილს ქვედანაყოფის მორიგის თანხმობის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს ქვედანაყოფში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გაღვიძებას განგაშის გამოცხადებისას ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
დ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
ე) ქვედანაყოფის მორიგის თანხმობის გარეშე, არ უშვებს შენობაში ან დისლოკაციის ადგილზე გარეშე პირებს, ასევე, ნებას არ რთავს მათ გაიტანონ შენობიდან ან შეიტანონ შენობაში იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა და სხვა ქონება;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 25🔗. საკონტროლო-გამშვები პუნქტი
1. ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკის და ქონების დაშვება-გატარება და კონტროლი ხორციელდება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე.
2. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე ინიშნება სერჟანტთა ან კაპრალთა შემადგენლობიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხორციელდება:
ა) სამსახურებრივი დოკუმენტაციის (სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ტექნიკის გადაადგილების შესახებ ბრძანების და სხვა დოკუმენტების) შემოწმება და მფლობელთან იდენტიფიცირება;
ბ) ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის და ვიზიტორების ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე დაშვება და საჭიროების შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება;
გ) ვიზიტორებზე ერთჯერადი საშვის გაცემა;
დ) სამხედრო/სპეციალური ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალების საშვებისა და საგზურების/საგზაო ფურცლის კონტროლი;
ე) სამხედრო და სხვა სახის ქონების ქვედანაყოფში შეტანა-გატანისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის განლაგებას და მათ რაოდენობას განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური, ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის, უსაფრთხოების ზომების, შესასრულებელი ამოცანების, არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.
5. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საკონტროლო-გამშვები პუნქტის სტატუსი, მისი შენობისა და პერიმეტრის მოწყობა, საკონტროლო გამშვებ-პუნქტზე შესვლის, დაშვებისა და შემოწმების ჩატარების წესი, საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესის აღჭურვილობა და ჩაცმულობა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხა, ასევე, საკონტროლო გამშვები-პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
6. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:
ა) ახალი მორიგე ძველი მორიგისაგან იღებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტში არსებულ:
ა.ა) კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;
ა.ბ) დოკუმენტაციას;
ა.გ) ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით);
ა.დ) შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, აღჭურვილობას და სპეციალურ საშუალებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) სხვა ქონებას;
ბ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ;
გ) ძველი და ახალი მორიგეები ცხადდებიან იმ ქვედანაყოფის მორიგესთან ან მეთაურთან (ასეთის არსებობისას), რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგე და მოქმედებენ, ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი საკონტროლო გამშვები პუნქტის მორიგეების მიერ ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში ფიქსირდება შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის ან მორიგის ხელმოწერა საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
მუხლი 26🔗. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ფუნქცია-მოვალეობები
საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე:
ა) უზრუნველყოფს საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას, ასევე, უნაწილებს მათ მოვალეობებს;
ბ) უზრუნველყოფს ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების დაშვება-გატარებას და კონტროლს, ვალდებულია აღკვეთოს დაშვების არმქონე პირთა ქვედანაყოფში შესვლა ან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გატარება;
გ) ამოწმებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ახორციელებს სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების საშვებისა და საგზურების/საგზაო ფურცლის კონტროლს;
დ) ამოწმებს სურსათის მიწოდების, კომუნალური და სხვა მომსახურების მიზნით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შემსვლელი მუნიციპალური და კერძო კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე, მათი პერსონალის დოკუმენტაციას;
ე) ქონებისა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის თაობაზე ეჭვის არსებობისას, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;
ვ) მუდმივად იმყოფება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, აღნიშნული ადგილის დატოვება დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში ან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე, რომელსაც საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;
ზ) ხვდება და წარუდგება ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და მის ყველა პირდაპირ უფროსს. დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს მოსულთა შესახებ;
თ) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საგანგებო ვითარების შექმნის ან ტერიტორიაზე დაშვების უფლების არმქონე პირების მოსვლის შემთხვევაში, როდესაც განსახორციელებელი მოქმედებები საკონტროლო-გამშვები პუნქტის სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით არაა განსაზღვრული, დადგენილი წესით უნდა დაუკავშირდეს ქვედანაყოფის მორიგეს და იმოქმედოს მისგან მიღებული მითითებების შესაბამისად;
ი) ამოწმებს დოკუმენტაციას და ნებას რთავს უფლებამოსილ პირებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიტანონ ან გაიტანონ სამხედრო და სხვა სახის ქონება;
კ) ამოწმებს საკონტროლო-გამშვები პუნქტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხოლო გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;
ლ) ზედამხედველობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უსაფრთხოების ნორმებისა და წესრიგის დაცვას, თვალყურს ადევნებს ისეთ ვითარებებსა და გარემოებებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ქვედანაყოფს, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს და დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;
მ) ვალდებულია დადგენილი წესით მოამზადოს მოხსენება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ შემთხვევებთან და საეჭვო მოქმედებებთან დაკავშირებით და წარუდგინოს ქვედანაყოფის მორიგეს;
ნ) ვალდებულია ფლობდეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესებს;
ო) მოსულთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, დადგენილი წესით გასცემს ტერიტორიაზე დაშვების საშვებს, ასევე, ახორციელებს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და ვიზიტორების, ასევე, მათი პირადი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას;
პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 27🔗. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის დოკუმენტაცია
1. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს, უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) საკონტროლო-გამშვები პუნქტების სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
გ) განგაშისა და შეკრების შემთხვევებისათვის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების წესი;
დ) ქვედანაყოფის დღის განრიგი;
ე) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქცევის წესები;
ვ) ტერიტორიაზე ქონების შეტანისა და გატანის წესები;
ზ) იმ პირთა სია, რომლებსაც უფლება აქვთ გასცენ ნებართვა ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შესასვლელად;
თ) სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამივლინებო ბარათის, ტერიტორიაზე შესასვლელი ერთჯერადი საშვის, დროებითი საშვის, სატრანსპორტო საშუალების საშვისა და საგზურების, ასევე, ვიზიტორთა სამკერდე ნიშნის ნიმუში;
ი) აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხა;
კ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაური.
3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის მიერ საწარმოებელი დოკუმენტაციის ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 28🔗. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე და მისი ფუნქცია-მოვალეობები
1. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე უნდა იყოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის დავალებით, მისი თანაშემწე ახორციელებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის მოვალეობას.
3. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს და მონაწილეობს, ამ წესდების 26-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის მითითებებს და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ნებართვის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს ქვედანაყოფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) ფლობს ინფორმაციას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
დ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელისა და მისი პირდაპირი უფროსების მისვლისას, თუ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს დაუყოვნებლივ ატყობინებს მომსვლელთა შესახებ;
ე) ვალდებულია იცოდეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;
ვ) ამოწმებს ქონებისა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას, რაიმე ეჭვის არსებობის თაობაზე დაუყოვნებლივ ახსენებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის, ვიზიტორების, მათი პირადი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას;
თ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს დაუყოვნებლივ ახსენებს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობისა და მორიგისაგან;
ი) ახორციელებს ქვედანაყოფში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამოცემულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და სხვა სამართლებრივ აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 29🔗. ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი
1. პირადი შემადგენლობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა ხორციელდება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში.
2. ლაზარეთის მორიგედ ინიშნება ექიმი, მის თანაშემწედ კი ექთანი/საბრძოლო მედიკოსი, ხოლო სამედიცინო პუნქტის მორიგედ და მის თანაშემწედ ექიმი, უმცროსი ექიმი, ექთანი/მედდა ან საბრძოლო მედიკოსი.
3. ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:
ა) ახალი მორიგე ძველი მორიგისაგან იღებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში არსებულ:
ა.ა) კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;
ა.ბ) დოკუმენტაციას;
ა.გ) ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით);
ა.დ) შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, აღჭურვილობას და სპეციალურ საშუალებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) სხვა ქონებას;
ბ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ;
გ) ძველი და ახალი მორიგეები მიდიან ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელთან და მოქმედებენ ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეების მიერ ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში ფიქსირდება ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელის ხელმოწერა ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
5. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნისას, მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში, მორიგეობის მიღება-ჩაბარებას და შესაბამის ჟურნალში ხელმოწერას ახორციელებს მხოლოდ ძველი და ახალი მორიგე, რის შესახებ ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელს ახალი მორიგე ახსენებს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, ამ შემთხვევაში, მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში ქვედანაყოფის მეთაურის ჩანაწერი არ კეთდება.
მუხლი 30🔗. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ფუნქცია-მოვალეობები
ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე:
ა) მუდმივად იმყოფება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში ან სამედიცინო პუნქტის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის თანაშემწე, რომელსაც მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;
ბ) დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამოწმებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების, შესახვევი მასალისა და სამედიცინო ინსტრუმენტების არსებობას და მდგომარეობას. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ახსენებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის უფროსს, რათა მან მიიღოს შესაბამისი ზომები;
გ) ფლობს ინფორმაციას ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში სამკურნალოდ მოთავსებულ პირთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საერთო მდგომარეობისა და მათი სამედიცინო დანიშნულების შესახებ, ახორციელებს მათ მკურნალობას სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად. სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისას, დროულად და ზუსტად ასრულებს სამედიცინო მკურნალობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ) პირად შემადგენლობას უწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა, სხვა გადამდებ დაავადებათა და მიღებული ტრავმების შესახებ;
ე) აწარმოებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის დოკუმენტაციას, თვალყურს ადევნებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ვ) ქვედანაყოფის მორიგესთან ერთად აკონტროლებს მზა საკვების სინჯების აღებას, დალუქვას და შენახვას დადგენილი წესით;
ზ) დადგენილი პერიოდულობით, ამოწმებს სასადილოსა და სურსათის შესანახი ადგილების ზოგად სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სასადილოს პერსონალის მიერ ჰიგიენის წესების დაცვას საკვების მომზადებისა და გაცემის დროს, ასევე, სურსათის უვნებლობის კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს და აკეთებს აღნიშვნებს შესაბამის ჟურნალში. საკვების მომზადებისა და გაცემის დროს დარღვევების აღმოჩენის ან ყოველგვარი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;
თ) წარუდგება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მოსულ ქვედანაყოფის მეთაურს და მის პირდაპირ უფროსებს, პასუხობს მათ შეკითხვებს;
ი) აფრთხილებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში ქცევის წესების დამრღვევებს, უთითებს მათ დადგენილი ქცევის წესების დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, იღებს დადგენილ ზომებს;
კ) ამოწმებს სვლაგეზში წამსვლელი მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგზურის/საგზაო ფურცელში;
ლ) ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ასევე, მოახსენებს მას ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მომხდარი შემთხვევებისა და გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ;
მ) თვალყურს ადევნებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და ამოწმებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების არსებობას/გამართულობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 31🔗. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის დოკუმენტაცია
1. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
გ) განგაშისა და შეკრების შემთხვევებისათვის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების წესი;
დ) დღის განრიგი;
ე) ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში ქცევის წესები;
ვ) ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაური.
3. ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში იწარმოება სამკურნალო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ამასთან, მორიგის მიერ საწარმოებელ სხვა სახის დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ფუნქციონირებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 32🔗. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის თანაშემწე და მისი ფუნქცია-მოვალეობები
1. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ადგილზე არყოფნისას, ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის დავალებით, მისი თანაშემწე ახორციელებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მოვალეობას.
2. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 30-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს მორიგეობის ადგილს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ნებართვის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მომხდარი ყველა შემთხვევის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) ფლობს ინფორმაციას ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
დ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელისა და მისი პირდაპირი უფროსების ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მისვლისას, თუ ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს მომსვლელთა შესახებ;
ე) უნდა იცოდეს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, კომპიუტერული ტექნიკისა და კავშირგაბმულობის სისტემების ექსპლუატაციის წესები;
ვ) დაუყოვნებლივ ახსენებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობისა და მორიგისაგან;
ზ) ზედამხედველობას უწევს სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვას ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში;
თ) სამედიცინო დახმარებას უწევს ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას და ამზადებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში შემოსული პაციენტების სამედიცინო ბარათებს და სხვა დოკუმენტაციას;
ი) ეცნობა ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მოთავსებულ პირთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საერთო მდგომარეობას, მათ სამედიცინო დანიშნულებებს და ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მითითებებით ასრულებს მათ;
კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 33🔗. კავშირგაბმულობის კვანძი
1. ქვედანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძში ხორციელდება მიღებული და გადაცემული ინფორმაციის მართვა.
2. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგედ ინიშნება პირადი შემადგენლობა სერჟანტთა, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით კაპრალთა შემადგენლობიდან.
3. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:
ა) ახალი მორიგე ძველი მორიგისაგან იღებს კავშირგაბმულობის კვანძში არსებულ:
ა.ა) კავშირგაბმულობის საშუალებებს, ინფომაციულ სისტემებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;
ა.ბ) დოკუმენტაციას;
ა.გ) ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით);
ა.დ) შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, აღჭურვილობას და სპეციალურ საშუალებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) სხვა ქონებას;
ბ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს კავშირგაბმულობის კვანძში და კავშირებზე არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ;
გ) ძველი და ახალი მორიგეები ცხადდებიან იმ ქვედანაყოფის მორიგესთან, რომელსაც ექვემდებარება კავშირგაბმულობის კვანძი და მოქმედებენ ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეების მიერ ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში ფიქსირდება ქვედანაყოფის მორიგის ხელმოწერა კავშირგაბმულობის კვანძში განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
მუხლი 34🔗. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის ფუნქცია-მოვალეობები
კავშირგაბმულობის კვანძის მორიგე:
ა) მუდმივად იმყოფება კავშირგაბმულობის კვანძში, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში ან კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწე, რომელსაც მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს კავშირგაბმულობის კვანძის ელემენტების მიერ კავშირების ორგანიზების პროცესს;
გ) უზრუნველყოფს კავშირების მდგომარეობის შენარჩუნებას მუდმივ მზადყოფნაში;
დ) უზრუნველყოფს კავშირის შეწყვეტის მიზეზების დროულ დადგენას და ატარებს ღონისძიებებს კავშირის აღდგენის მიზნით;
ე) კავშირების მდგომარეობის შესახებ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;
ვ) კავშირგაბმულობის კვანძის მორიგე ცვლას უტარებს ინსტრუქტაჟს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ;
ზ) კონტროლს უწევს კავშირგაბმულობის კვანძის ელემენტების მუშაობას, ინფორმაციისა და კორესპონდენციის დროულ გადაცემას და მიღებას, ასევე, კავშირგაბმულობის კვანძში ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვას;
თ) აწარმოებს კავშირგაბმულობის კვანძის დოკუმენტაციას, თვალყურს ადევნებს კავშირგაბმულობის კვანძში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ი) თვალყურს ადევნებს კავშირგაბმულობის კვანძში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების არსებობას/გამართულობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) დეტალურად სწავლობს კავშირგაბმულობის კვანძის წინა ცვლის დროს არსებული კავშირების მდგომარეობას, გადაუცემელი ინფორმაციის და კორესპონდენციის არსებობას და იღებს შესაბამის ზომებს;
ლ) კონტროლს უწევს კავშირგაბმულობის ელემენტების მორიგე ცვლების მიერ მორიგეობის მიღება-ჩაბარებას, ასევე, მათ მიერ დისციპლინის დაცვას;
მ) აკონტროლებს კავშირგაბმულობის კვანძში პირთა შესვლას და არ უშვებს შესაბამისი დაშვების არმქონე პირებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 35🔗. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის დოკუმენტაცია
1. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეს უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) კავშირგაბმულობის კვანძის მორიგისა და თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) კავშირგაბმულობის კვანძის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
გ) განგაშისა და შეკრების შემთხვევებისათვის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების წესი;
დ) კავშირგაბმულობის კვანძის ევაკუაციის გეგმა;
ე) კავშირგაბმულობის კვანძში არსებული ქონებისა და მოწყობილობის ნუსხა;
ვ) კავშირგაბმულობის კვანძში დასაშვებ პირთა სია;
ზ) კავშირგაბმულობის კვანძში ქცევის წესები და უსაფრთხოების ნორმები;
თ) სატელეფონო სადგურებისა და ქვედანაყოფის ხელმძღვანელ პირთა სახმისები;
ი) კავშირების ორგანიზების დოკუმენტაცია;
კ) ქვედანაყოფის დღის განრიგი;
ლ) კავშირგაბმულობის კვანძის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შიდა საორგანიზაციო საკითხების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
3. კავშირგაბმულობის კვანძში საწარმოებელი დოკუმენტაციის ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 36🔗. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწე და მისი ფუნქცია-მოვალეობები
1. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწე უნდა იყოს მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის ადგილზე არყოფნისას, მისი დავალებით კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწე ახორციელებს მორიგის მოვალეობას.
3. კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 35-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს მორიგეობის ადგილს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის ნებართვის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეს კავშირგაბმულობის კვანძში მომხდარი ყველა შემთხვევის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) ფლობს ინფორმაციას კავშირგაბმულობის კვანძის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
დ) ქვედანაყოფის მეთაურისა და მისი პირდაპირი უფროსების კავშირგაბმულობის კვანძში მისვლისას, თუ კავშირგაბმულობის კვანძის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და დაუყოვნებლივ ატყობინებს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს მომსვლელთა შესახებ;
ე) უნდა იცოდეს კავშირგაბმულობის კვანძში არსებული აღჭურვილობის, კომპიუტერული ტექნიკისა და კავშირგაბმულობის სისტემების ექსპლუატაციის წესები;
ვ) დაუყოვნებლივ ახსენებს კავშირგაბმულობის კვანძის მორიგეს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობისა და მორიგისაგან;
ზ) ზედამხედველობას უწევს სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვას კავშირგაბმულობის კვანძში;
თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 37🔗. პარკის ორგანიზება
1. პარკის მორიგედ ინიშნება პირადი შემადგენლობა სერჟანტთა ან კაპრალთა შემადგენლობიდან.
2. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით განისაზღვრება პარკის განწესის აღჭურვილობა და ჩაცმულობა, ასევე, პარკის განწესის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები და მათი სტანდარტული სამოქმედო პროცედურები.
3. პარკის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:
ა) ახალი მორიგე ძველი მორიგისაგან იღებს:
ა.ა) კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;
ა.ბ) დოკუმენტაციას;
ა.გ) ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით);
ა.დ) შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, აღჭურვილობას და სპეციალურ საშუალებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ე) სხვა ქონებას;
ბ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს პარკში არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ.
გ) ძველი და ახალი მორიგეები ცხადდებიან იმ ქვედანაყოფის მორიგესთან ან მეთაურთან (ასეთის არსებობისას), რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება პარკი და მოქმედებენ, ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი პარკის მორიგეების ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში, ფიქსირდება შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის (ასეთის არსებობისას) ან მორიგის ხელმოწერა პარკში განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
5. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, პარკი შეიძლება დაიხუროს, დაილუქოს დადგენილი წესით და დასაცავად ჩაჰბარდეს სადღეღამისო განწესში დანიშნულ საყარაულო სამსახურს.
მუხლი 38🔗. პარკის მორიგის ფუნქცია-მოვალეობები
პარკის მორიგე:
ა) უზრუნველყოფს პარკში წესრიგის დაცვას, პარკში სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების შესვლისა და პარკიდან მათი გასვლის წესების დაცვას;
ბ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას, ასევე, უნაწილებს მათ მოვალეობებს;
გ) თვალყურს ადევნებს სისუფთავესა და წესრიგს პარკის ტერიტორიაზე;
დ) ფლობს პარკში არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესებს;
ე) ამოწმებს პარკის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების არსებობას და სახანძრო სიგნალიზაციის გამართულობას, თვალყურს ადევნებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
ვ) ამოწმებს, რომ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების გასაღებები იყოს ადგილზე, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი გადაადგილება;
ზ) მუდმივად იმყოფება პარკის ტერიტორიაზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით. აღნიშნულ შემთხვევაში ან პარკის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს პარკის მორიგის თანაშემწე, რომელსაც პარკის მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;
თ) დროულად ახდენს რეაგირებას შეტყობინების სიგნალებზე, საგანგებო სიტუაციის დროს, ახორციელებს დადგენილ ღონისძიებებს სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების პარკიდან გასაყვანად, ტექნიკისა და ქონების გადასარჩენად;
ი) ამოწმებს პარკში მოსული პირების საშვებს, მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ID ბარათებს) და აღნიშნავს ერთჯერად საშვებზე პარკში მისვლისა და პარკიდან გასვლის ზუსტ დროს, ცვლის შემდეგ, აბარებს საშვებს დადგენილი წესით;
კ) პარკის ძველ მორიგესთან ერთად ათვალიერებს პარკის შემოღობვას, პარკის ღია მოედნებზე მყოფ სამხედრო/სპეციალური ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რაიმე ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, ასევე, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს იმ ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც არ შეიძლება აღმოიფხვრას დაუყოვნებლივ, მორიგეობის მიღებისას;
ლ) არ უშვებს პარკის ტერიტორიიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყვანას, შესაბამისი ნებართვის გარეშე. პირადად რთავს ნებას პარკიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყვანის თაობაზე და აკონტროლებს პარკში მათ დროულ დაბრუნებას;
მ) დაუყოვნებლივ ატყობინებს ქვედანაყოფის მორიგეს პარკში მომხდარი და საეჭვო ყველა შემთხვევისა და ქონების დაზიანების შესახებ;
ნ) კონტროლს უწევს პარკიდან ქონების გატანას და პარკში ქონების შეტანას. თვალყურს ადევნებს, რომ პარკის ტერიტორიაზე არ დაუშვან გარეშე პირები;
ო) თვალყურს ადევნებს პარკში დღის განრიგის შესრულებას და ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა სამუშაოებს ასრულებს პარკში პირადი შემადგენლობა.
პ) აკონტროლებს, რომ პარკის შენობებსა და ტერიტორიაზე არ მოხდეს თამბაქოს მოწევა ან ცეცხლის დანთება, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი ადგილებისა;
ჟ) არ უშვებს პარკში ისეთი სამუშაოების წარმოებას, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებასა და რემონტთან ან პარკის მოწყობასთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ასეთი სამუშაოები ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის დავალებით;
რ) აფრთხილებს პარკში ქცევის წესების დამრღვევებს, უთითებს მათ დადგენილი ქცევის წესების დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, იღებს დადგენილ ზომებს;
ს) ამოწმებს პარკში დაბრუნებულ სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს, ნებისმიერი დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ატყობინებს ქვედანაყოფის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად, ასევე, კონტროლს უწევს პარკში დაბრუნებული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დროულ ტექნიკურ მომსახურებას, არ უშვებს მათ სადგომზე გაუმართავ მდგომარეობაში;
ტ) თვალყურს ადევნებს, რომ სამხედრო/სპეციალურ ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვა მოხდეს მხოლოდ საწვავით გასამართ პუნქტებში დადგენილი წესების დაცვით;
უ) თვალყურს ადევნებს, რომ საღამოს, პარკში ყველა სამუშაოს დამთავრების შემდეგ, გამოირთოს სინათლე და დარჩეს მხოლოდ მორიგე განათება, ასევე, პარკის გარეთა პერიმეტრზე ყველა შუქწერტილი იყოს ჩართული;
ფ) დაბალი ტემპერატურის დროს, ამოწმებს პარკის ღია სადგომზე განთავსებულ სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელდა თუ არა წყლის გამოშვება ძრავების გაციების სისტემებიდან და განთავსებულია თუ არა ფირფიტა წარწერით „წყალი გამოშვებულია“. ასევე, მოხსნილია თუ არა სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორული ბატარეები და გამოკრულია თუ არა ფირფიტები წარწერით „აკუმულიატორული ბატარეები მოხსნილია“;
ქ) პარკში ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მისი პირდაპირი უფროსების, ასევე, ქვედანაყოფის მორიგის მისვლისას, უნდა შეხვდეს მათ და უპატაკოს. პატაკის ჩაბარების შემდეგ, პარკის მორიგე თან ახლავს მოსულ პირებს პარკის განლაგებაში. პარკში ქვედანაყოფის მეთაურის ან მისი პირდაპირი უფროსების მისვლის შესახებ, პარკის მორიგე დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს. იმ შემთხვევაში, თუ პარკში მოსულ პირებს ხვდება და პატაკს აბარებს ქვედანაყოფის მეთაური, პარკის მორიგე მხოლოდ წარუდგება მოსულ პირებს;
ღ) პარკიდან სატრანსპორტო საშუალებებს უშვებს მხოლოდ გაფორმებული საგზურის/საგზაო ფურცლის საფუძველზე, ამოწმებს მძღოლების დოკუმენტაციას;
ყ) პარკში სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მოსვლისა და უფლებამოსილი პირის მიერ მისი დათვალიერების შემდეგ, პარკის მორიგე აღნიშნავს მათი დაბრუნების დროს და როდის იქნება ტექნიკა მომსახურებული და გაწყობილი, რის შემდეგაც მიიღებს მას მისთვის განკუთვნილ სადგომზე და ნებას რთავს ეკიპაჟს (მძღოლს) გავიდეს პარკიდან;
შ) პარკში სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, თვალყურს ადევნებს, რომ პარკის ყველა შენობა და ტერიტორია მოყვანილ იქნეს წესრიგში, დადგენილი წესით იღებს შესაბამისი პირებისაგან დალუქული პარკის შენობებს, ტექნიკასა და შეიარაღებას, რომლებიც ინახება ღია მოედნებზე და ფარდულებში, ამოწმებს და ლუქავს პარკში არსებულ გახსნილ შენობებს და აბარებს მათ სადღეღამისო განწესის საყარაულო სამსახურს;
ჩ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 39🔗. პარკის მორიგის დოკუმენტაცია
1. პარკის მორიგეს უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პარკის მორიგისა და თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) პარკის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
გ) განგაშისა და შეკრების შემთხვევებისათვის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმა;
დ) პარკის განლაგების სქემა;
ე) პარკში საშვებისა და ლუქების (ბეჭდების ტვიფრების) ნიმუშები;
ვ) ქვედანაყოფის დღის განრიგი;
ზ) პარკში არსებული ქონებისა და მოწყობილობის ნუსხა, პარკში მუშაობის განრიგი;
თ) საშვებისა და საგზურის ფურცლის ნიმუშები;
ი) პარკში ქცევის წესები და უსაფრთხოების ნორმები;
კ) პარკში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი;
ლ) ქვედანაყოფის ხელმძღვანელთა სახმისები;
მ) პარკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაური.
3. პარკის მორიგის მიერ საწარმოებელი დოკუმენტაციის ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 40🔗. პარკის მორიგის თანაშემწე და მისი ფუნქცია-მოვალეობები
1. პარკის მორიგის თანაშემწე უნდა იყოს პარკის მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პარკის მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს პარკის მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. პარკის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, პარკის მორიგის დავალებით, მისი თანაშემწე ახორციელებს პარკის მორიგის მოვალეობას.
3. პარკის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს პარკის მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 38-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს პარკის მორიგის მითითებებს და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს პარკის შენობას (ან ტერიტორიას) პარკის მორიგის ნებართვის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს პარკის მორიგეს პარკში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) ფლობს ინფორმაციას პარკის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
დ) ქვედანაყოფის მეთაურის და მისი პირდაპირი უფროსების, ასევე, ქვედანაყოფის მორიგის პარკში მისვლისას, თუ პარკის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და პარკის მორიგეს დაუყოვნებლივ ატყობინებს მომსვლელთა შესახებ;
ე) უნდა იცოდეს პარკში არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;
ვ) პარკის მორიგეს დაუყოვნებლივ ახსენებს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის ხელმძღვანელობისა და ქვედანაყოფის მორიგისაგან;
ზ) უშვებს პარკში პირად შემადგენლობას, ასევე, სამხედრო/სპეციალურ ტექნიკას და სატრანსპორტო საშუალებებს მხოლოდ პარკის მორიგის ნებართვით;
თ) აკონტროლებს პარკში სისუფთავესა და წესრიგს;
ი) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, იღებს ზომებს ხანძრის ჩასაქრობად და დაუყოვნებლივ ახსენებს ამის შესახებ პარკის მორიგეს;
კ) ახორციელებს ქვედანაყოფში პარკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამოცემულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 41🔗. სასადილოს მორიგე
1. ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის კვებითი უზრუნველყოფისა და სასადილოში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, შეიძლება დაინიშნოს სასადილოს მორიგე.
2. სასადილოს მორიგედ ინიშნება პირადი შემადგენლობა სერჟანტთა ან კაპრალთა შემადგენლობიდან.
3. სასადილოში მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:
ა) ახალი მორიგე ძველი მორიგისაგან იღებს მის სარგებლობაში არსებულ:
ა.ა) კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს;
ა.ბ) დოკუმენტაციას;
ა.გ) ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით) და სხვა ქონებას;
ბ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს სასადილოში არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ.
გ) ძველი და ახალი მორიგეები ცხადდებიან იმ ქვედანაყოფის მორიგესთან ან მეთაურთან (ასეთის არსებობისას), რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სასადილოს მორიგე და მოქმედებენ, ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი სასადილოს მორიგეების ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში ფიქსირდება შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის (ასეთის არსებობისას) ან მორიგის ხელმოწერა სასადილოში განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
5. სასადილოს მორიგე:
ა) ფლობს ინფორმაციას სასურსათე კმაყოფაზე მყოფი პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუდმივად იმყოფება სასადილოს მორიგისათვის განკუთვნილ შენობაში (ადგილზე), საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით;
გ) თვალყურს ადევნებს, სასადილოს მომსახურე პერსონალის მიერ, დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესრულებას, აკონტროლებს, რომ მათ ეცვათ სუფთად და დადგენილი წესების შესაბამისად, თმები ჰქონდეთ შეკრული, ეკეთოთ თავსაბურავი და ხელთათმანები;
დ) თვალყურს ადევნებს სასადილოში დაწესებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, აკონტროლებს აალებადი ნივთიერებების შენახვისა და გამოყენების წესებს, არ უშვებს თამბაქოს მოწევას სასადილოს შენობებსა და ტერიტორიაზე, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი ადგილებისა. დარღვევების შემთხვევაში, უთითებს დამრღვევ პირებს დადგენილი წესრიგის დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს;
ე) საგანგებო სიტუაციის დროს, გასცემს დადგენილ სიგნალს, იღებს შესაბამის ზომებს და დაუყოვნებლივ ახსენებს აღნიშნულის შესახებ ქვედანაყოფის მორიგეს;
ვ) არ უშვებს სასადილოში გარეშე პირებს, ხოლო სასურსათე კმაყოფაზე მყოფი პირები სასადილოში უნდა დაუშვას დადგენილი წესით;
ზ) აკონტროლებს სასადილოსა და სურსათის შესანახი ადგილების ზოგად სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, პროდუქტების შენახვისა და დამუშავების პირობების დაცვას;
თ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესის, საველე სწავლებებზე და საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი ქვედანაყოფების მიერ საკვების მიღების გრაფიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ. ზედამხედველობს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ მყოფი პირადი შემადგენლობისათვის გასაგზავნი საკვების ცალკე გამოყოფას და მისი გაგზავნისას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;
ი) მორიგეობის მიღებისას, ამოწმებს სასადილოში საშხაპეების, ხელსაბანებისა და სხვა სველი წერტილების გამართულობას, ხელის დასაბანი, გასამშრალებელი საშუალებების და მუნიციპალური ნარჩენების შემკრები კონტეინერების არსებობას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით;
კ) ესწრება პროდუქტების მიღებას და თვალყურს ადევნებს სურსათის შენახვის პირობებისა და ვადების დაცვას;
ლ) იცავს სასადილოში წესრიგს პირადი შემადგენლობის მიერ საკვების მიღების დროს, თვალყურს ადევნებს მაგიდების დროულად გაწყობასა და ალაგებას, აგრეთვე სასადილოში სისუფთავესა და წესრიგის დაცვას. მუდმივად აკონტროლებს სასადილოს ჭურჭლისა და ინვენტარის სუფთა მდგომარეობაში ყოფნას, ნარჩენების დროულად აღებას/გატანას და სასადილოს მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეს;
მ) აკონტროლებს, რომ სასადილოს შენობაში არსებული საპირფარეშოების, ტრაპების, მუნიციპალური ნარჩენებისათვის განკუთვნილი კონტეინერების და სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ინვენტარის წმენდის სამუშაობი არ ჩატარდეს საკვების მომზადებისა და გაცემის დროს;
ნ) ხვდება და წარუდგება ქვედანაყოფის მეთაურს, ქვედანაყოფის მორიგეს, ინსპექტირების/მონიტორინგის მიზნით მოსულ პირებს, სასადილოში მოსულ ხელმძღვანელ პირთა შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ქვედანაყოფის მორიგეს;
ო) ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ასევე, დაუყოვნებლივ ახსენებს მას სასადილოში მომხდარი შემთხვევებისა და გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ;
პ) ახორციელებს სასადილოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამოცემულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მუხლი 42🔗. მორიგე მძღოლი
1. მორიგე მძღოლი ინიშნება ქვედანაყოფის მძღოლთა შემადგენლობიდან.
2. მორიგე მძღოლი:
ა) მუდმივად იმყოფება განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია მხოლოდ ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით;
ბ) მართავს და ექსპლუატაციას უწევს მასზე მიმაგრებულ სატრანსპორტო საშუალებას;
გ) ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
დ) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისათვის მზადყოფნას;
ე) იცავს საგზაო მოძრაობის, სატრანსპორტო საშუალებით პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და ქონების გადაზიდვის წესებს;
ვ) ვალდებულია პირადად მართოს სატრანსპორტო საშუალება და არ გადასცეს ის სხვა პირებს;
ზ) ფლობს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების და რემონტის პერიოდულობისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
თ) ფლობს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული საწვავისა და საცხებ-საპოხი მასალების ხარჯვის შესახებ, იღებს ზომებს მათი ეკონომიურად მოხმარებისათვის;
ი) პარკს ტოვებს ტექნიკურად გამართული სამხედრო/სპეციალური ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით, შევსებული საგზურის/საგზაო ფურცლისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ;
კ) ვალდებულია გაუფრთხილდეს სატრანსპორტო საშუალებას და არ მიატოვოს იგი უმეთვალყურეოდ ისეთ ვითარებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება;
ლ) იცავს უსაფრთხოების წესებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და ევაკუაციის დროს;
მ) ფლობს ინფორმაციას სვლაგეზის მიმართულებისა და თავისებურების შესახებ;
ნ) სვლაგეზში ყოფნისას, ექვემდებარება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს;
ო) ახორციელებს მორიგე მძღოლისათვის დადგენილ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს.
3. ქვედანაყოფში შეიარაღების, საბრძოლო მასალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაუყოვნებლივი ევაკუაციისა და მორიგე საწევრის მუდმივი მზადყოფნის მიზნით, შეიძლება დაინიშნოს მორიგე გამწევის მძღოლი (მძღოლ-მექანიკოსი), რომელიც ვალდებულია:
ა) მუდმივად იმყოფებოდეს პარკის სადღეღამისო განწესისათვის განკუთვნილ ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ შენობაში (ადგილზე);
ბ) იცოდეს პარკის შენობებიდან და ტერიტორიიდან შეიარაღების, ტექნიკისა და ქონების საევაკუაციოდ მორიგე საწევრის გამოყენების წესები;
გ) თვალყური ადევნოს მორიგე საწევარზე არსებული შეიარაღების, ტექნიკის, ბუქსირებისა და ევაკუაციის საშუალებათა არსებობასა და მათ გამართულ მდგომარეობას;
დ) დაიცვას მორიგე საწევრის ძრავის დაწესებული ტემპერატურის რეჟიმი;
ე) საგანგებო სიტუაციის დროს, დაუყოვნებლივ მოჰყავს მორიგე საწევარი სამუშაო მდგომარეობაში და პარკის მორიგის მითითებით ახორციელებს შეიარაღებისა და ტექნიკის ევაკუაციას;
ვ) ახორციელებს მორიგე საწევრის მძღოლ-მექანიკოსისათვის სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
4. მორიგე მძღოლს, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ განსაზღვრული პირი უტარებს ინსტრუქტაჟს დავალების შესრულების მიზნის, წესის, ვადებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.
5. მორიგე მძღოლს, რომელიც არ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, უფლება აქვს ტანსაცმლის გაუხდელად დაისვენოს მისთვის განკუთვნილ ოთახში (ადგილზე).
6. მორიგეობის გადაბარების მიზნით, ახალი და ძველი მორიგე მძღოლები ცხადდებიან იმ ქვედანაყოფის მეთაურთან, საიდანაც გამოიყოფა სატრანსპორტო საშუალება და მოქმედებენ, ამ წესდების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7. მორიგეობის მიღება-ჩაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი მორიგე მძღოლების ხელმოწერით, ასევე, აღნიშნულ ჟურნალში ფიქსირდება შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის ხელმოწერა განწესის შეცვლაზე ნებართვის მიცემის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაურის ადგილზე არყოფნისას, მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში, მორიგეობის მიღება-ჩაბარებას და შესაბამის ჟურნალში ხელმოწერას ახორციელებენ მხოლოდ ძველი და ახალი მორიგე მძღოლები, რის შესახებ ქვედანაყოფის მეთაურს ახალი მორიგე ახსენებს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, ამ შემთხვევაში, მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში ქვედანაყოფის მეთაურის ჩანაწერი არ კეთდება.
მუხლი 43🔗. შიკრიკი
1. ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ქვედანაყოფში შეზღუდულია ან არ არსებობს კავშირისა და კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები ან/და შეიძლება საფრთხე შეექმნას ინფორმაციის უსაფრთხოებას, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შეიძლება დაინიშნოს შიკრიკი.
2. შიკრიკი ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს. იგი ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს შესრულებული დავალების, ხელშემშლელი გარემოებების ან ზემდგომი ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების შესახებ.
3. შიკრიკი ვალდებულია:
ა) იმყოფებოდეს მისთვის განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე და არ დატოვოს იგი ქვედანაყოფის მორიგის ნებართვის გარეშე;
ბ) დროულად მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, შეასრულოს მიღებული დავალებები სწრაფად და ხარისხიანად, რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი განმარტებები;
გ) დაიცვას სისუფთავე და დადგენილი წესრიგი სამსახურის შესრულების ადგილზე;
დ) შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები.
მუხლი 44🔗. უსაფრთხოების ჯგუფი
1. უსაფრთხოების ზომებისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაინიშნოს უსაფრთხოების ჯგუფი, რომლის დანიშნულებაა:
ა) ობიექტისა და ქონების დაცვა;
ბ) ქვედანაყოფის ტერიტორიაზე, სასწავლო რაიონში და პოლიგონზე/სასროლეთზე უსაფრთხოების წესებისა და დადგენილი წესრიგის დაცვის კონტროლი;
გ) დაცვისა და შეტყობინების სიგნალების მონიტორინგი;
დ) ქვედანაყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების განხორციელება.
2. უსაფრთხოების ჯგუფი გამოიყოფა იმ შემთხვევაში, როდესაც დასმული ამოცანის ან მიღებული დავალების შესრულება მიზანშეწონილი არ არის ან განსახორციელებლად შეუსაბამოა სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობისთვის.
3. უსაფრთხოების ჯგუფი, როგორც წესი, გამოიყოფა ერთი ქვედანაყოფის შემადგენლობიდან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია მისი დაკომპლექტება სხადასხვა ქვედანაყოფებიდან.
4. უსაფრთხოების ჯგუფი შედგება უფროსისა და წევრებისაგან, რომლებიც უნდა იყვნენ დასმული ამოცანის შესაბამისად მომზადებულნი და აღჭურვილნი, მათი რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ.
5. უსაფრთხოების ჯგუფის წევრები ექვემდებარებიან უსაფრთხოების ჯგუფის უფროსს და ასრულებენ მის მითითებებსა და დავალებებს.
6. უსაფრთხოების ჯგუფის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ ვითარებასა და გარემოებას. იგი შეიძლება გამოიცეს გარკვეული ვადით ან/და კონკრეტული ვითარების დასარეგულირებლად.
7. უსაფრთხოების ჯგუფი სამსახურს ასრულებს სტაციონარულად, სპეციალურად მოწყობილი ადგილიდან, ქვეითად ან ტრანსპორტით პატრულირების საშუალებით.
8. უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ჯგუფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) ზედამხედველობს უსაფრთხოების ჯგუფის წევრების მიერ სამსახურის შესრულებას და უნაწილებს მათ მოვალეობებს;
გ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. უსაფრთხოების ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია:
ა) იცოდეს უსაფრთხოების განწესის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;
ბ) თვალყური ადევნოს ისეთ ვითარებებსა და გარემოებებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ქვედანაყოფის უსაფრთხოებას;
გ) გააფრთხილოს სამსახურის შესრულების ადგილებზე ქცევის წესების დამრღვევი პირები და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოს დადგენილი წესით;
დ) იცოდეს უსაფრთხოების განწესისათვის განკუთვნილი კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;
ე) საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებზე და დასაცავ ობიექტებზე მყოფ პირთა ვინაობა და იმოქმედოს დადგენილი წესით;
ვ) განახორციელოს უსაფრთხოების ჯგუფის მიმართ გამოცემული სტანდარტულ სამოქმედო პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტები.
10. უსაფრთხოების ჯგუფი დადგენილი წესით ამოწმებს იმ ქვედანაყოფებს, ობიექტებსა და ტერიტორიას, რომლებიც საფრთხეებისა და მოწყვლადობის ანალიზის საფუძველზე მიჩნეულია ქონებისა და აღჭურვილობის შენახვისათვის სენსიტიურ ადგილად. შემოწმებები უნდა ჩატარდეს არარეგულარული დროის გრაფიკით და იმ მიზნით, რომ ამ რაიონში ან ობიექტებზე არ იმყოფებოდეს არაუფლებამოსილი პერსონალი, ხოლო უსაფრთხოების სისტემები იყოს ხელუხლებელი და გამართული.
11. უსაფრთხოების ჯგუფის მიერ შემოწმებების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს შეზღუდული ხილვადობის პირობებში, უქმე და დასვენების დღეებში, რათა მოხდეს დარღვევების პრევენცია და ადრეული გამოვლენა. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, უსაფრთხოების ჯგუფის უფროსმა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ქვედანაყოფის მორიგეს.
12. ობიექტისა და ქონების დაცვის შემთხვევაში, უსაფრთხოების ჯგუფის უფროსმა, განწესის დასრულების შემდეგ, დასაცავი ობიექტი და ქონება, ასევე, მისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებები უნდა ჩააბაროს შემცვლელი უსაფრთხოების ჯგუფის უფროსს, რაც ფორმდება შესაბამის ჟურნალში ძველი და ახალი უსაფრთხოების ჯგუფის უფროსების ხელმოწერით.
13. უსაფრთხოების ჯგუფის ახალი განწესის მიერ ძველი განწესის შეცვლის თაობაზე, ახალი განწესის უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი ახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც იგი ექვემდებარება, ასევე, მოახსენებს მას გამოვლენილი ნაკლოვანებისა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.
მუხლი 45🔗. საყარაულო სამსახური
საყარაულო სამსახური, მისი ორგანიზება და შესრულება ხორციელდება საყარაულო წესდების მიხედვით.
თავი VI
სადღეღამისო განწესის დაგზავნა,
ქვედანაყოფების მივლინება და გამგზავრება
მუხლი 46🔗. სადღეღამისო განწესის დაგზავნა
1. სადღეღამისო განწესის დაგზავნა ტარდება იმ მიზნით, რომ შემოწმდეს სადღეღამისო განწესში დანიშნულ პირთა შეიარაღება და აღჭურვილობა, განწესის დაკომპლექტება, სამხედრო მოსამსახურეთა გარეგანი იერი, ჩატარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი და განისაზღვროს განწესის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2. სადღეღამისო განწესის დაგზავნას, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დაწესებულ დროსა და განსაზღვრულ ადგილზე ატარებს ქვედანაყოფის ახალი მორიგე.
3. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში ყარაულის ყოფნისას, დაგზავნის წინ ყარაული ეწყობა სადღეღამისო განწესის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობის ადგილს და მათ თანმიმდევრობას განსაზღვრავს განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
4. სადღეღამისო განწესის მოწყობისათვის დადგენილ დროსა და განსაზღვრულ ადგილზე, სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობასთან ერთად ეწყობიან მოწყობის ხაზზე, მათთვის განკუთვნილ ადგილზე. ისინი უნდა იყვნენ დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის წინ ექვსი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში, ხოლო სადღეღამისო განწესის შემადგენლობებს შორის ინტერვალი უნდა იყოს ორი ნაბიჯი, აგრეთვე, მოწყობის ხაზზე მწყობრის მარცხენა ფლანგზე ეწყობა სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე იკავებს ადგილს მწყობრის ცენტრში, მწყობრიდან არაუმეტეს თექვსმეტი ნაბიჯის დაშორებით.
5. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირებისაგან (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) იღებს ინფორმაციას განწესის პირადი შემადგენლობის გამოცხადების, მათი რაოდენობისა და დაკომპლექტების შესახებ.
6. ქვედანაყოფის მორიგე გადაადგილდება და იკავებს ადგილს სადღეღამისო განწესის მოწყობის ხაზიდან არაუმეტეს თვრამეტი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში. მორიგის თანაშემწე გასცემს კომანდას „სმენა“, სადღეღამისო განწესი გაცემულ კომანდაზე მოქმედებს სამწყობრო წესდების შესაბამისად. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე ასახელებს ქვედანაყოფის ახალი მორიგის წოდებას და გვარს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს სადღეღამისო განწესის მოწყობასთან დაკავშირებით, ისინი გაცვლიან მხედრულ სალამს და მორიგის თანაშემწე დაიკავებს ადგილს ქვედანაყოფის მორიგისაგან ნახევარი ნაბიჯით უკან და მარცხნივ (მაგალითად: იხ. ნიმუში №1).
ნიმუში №1. სადღეღამისო განწესის მოწყობა და ქვედანაყოფის
მორიგის შემოსვლა
7. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწის მიერ თავისი ადგილის დაკავების შემდეგ, ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „განწესის მორიგეები და ყარაულის უფროსი, ცენტრისკენ ნაბიჯით, იარ!“. სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) გადაადგილდებიან და იკავებენ ადგილებს ქვედანაყოფის მორიგისაგან სამი ნაბიჯით წინ ერთ ხაზზე. ადგილის დაკავების შემდეგ, ისინი წარუდგებიან ქვედანაყოფის მორიგეს, ხოლო, სადღეღამისო განწესში დანიშნული სხვა შემადგენლობები რჩებიან ადგილებზე (მაგალითად: იხ.ნიმუში №2).
8. ქვედანაყოფის მორიგე, სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირების (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) გარეგანი იერის შემოწმებისა და მათთვის სადღეღამისო განწესთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ, გასცემს კომანდას „ადგილებზე ნაბიჯით, იარ!“. ამ კომანდაზე, აღნიშნული პირები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გადაადგილდებიან პირდაპირი მარშრუტით და იკავებენ თავიანთ ადგილებს მწყობრში.
9. მას შემდეგ, რაც სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „გახსნილი მწკრივებით ნაბიჯით, იარ!“. სადღეღამისო განწესი გახსნის მწკრივებს ისე, როგორც განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით. მწკრივების გახსნის შემდეგ, სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) შებრუნდებიან მწყობრისკენ და გასცემენ კომანდას „სწორება მარჯვნივ, სწორდი!“ და გაასწორებენ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ პირად შემადგენლობას ხაზში ისე, როგორც განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით და უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს, სახით ფრონტისკენ, ხოლო ქვედანაყოფის მორიგის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სადღეღამისო განწესში დანიშნული შემადგენლობა დამოუკიდებლად უსწორდება მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მას შემდეგ, რაც სადღეღამისო განწესის შემადგენლობა დაასრულებს მწკრივების გახსნას და ხაზში გასწორებას, ქვედანაყოფის მორიგე იწყებს ყარაულის პირადი შემადგენლობის დათვალიერებას და შემოწმებას. სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა შეიძლება დაათვალიეროს და შეამოწმოს ქვედანაყოფის მორიგემ ან მისი დავალებით მორიგის თანაშემწემ. ქვედანაყოფის მორიგის გადაწყვეტილებით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობის დათვალიერებისა და შემოწმების პერიოდში, მას შეიძლება თან ახლდეს ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე და ამავე სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი).
10. სადღეღამისო განწესის დათვალიერებისა და შემოწმების დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის მორიგე და სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი), დაიკავებენ თავიანთ ადგილებს და ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „დახურული მწკრივებით ნაბიჯით, იარ!“. მწკრივების დახურვის და მოწყობის ხაზზე გასწორების შემდეგ, თუ სადღეღამისო განწესის დაგზავნაზე წარმოდგენილია ყარაული, დადგენილია პაროლი და დათქმული სიტყვა, ქვედანაყოფის მორიგე გამოიძახებს ყარაულის უფროსს და გადასცემს მას პაროლს და დათქმულ სიტყვას, საჭიროების შემთხვევაში, მისცემს მას დამატებით ინსტრუქციებს და მითითებას, რის შემდეგაც ყარაულის უფროსი ქვედანაყოფის მორიგის კომანდის შესაბამისად, უბრუნდება თავის ადგილს მწყობრში. აღნიშნულის შემდეგ, ქვედანაყოფის მორიგე, საჭიროების შემთხვევაში, გააკეთებს დამატებით განცხადებას სადღეღამისო განწესის მთელი შემადგენლობისათვის, რის შემდეგაც გასცემს კომანდას „სადღეღამისო განწესი თქვენს განკარგულებაში!“, სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები, ყარაულის უფროსი და უსაფრთხოების ჯგუფის უფროსი) და ქვედანაყოფის მორიგე გაცვლიან მხედრულ სალამს და სადღეღამისო განწესის პირადი შემადგენლობა გადაადგილდება სამსახურის შესრულების ადგილებზე.
11. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, დასაშვებია ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულიდან გამოყოფილი სადღეღამისო განწესის დაგზავნა ჩატარდეს ამ სტრუქტურული ერთეულის მორიგის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით, წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე (მაგალითად: „ბრიგადის მორიგე განახორციელებს – ბრიგადის ყარაულის, ბრიგადის საკონტროლო-განშვები პუნქტის, ბრიგადის პარკის, ბრიგადის კავშირგაბმულობის კვანძის და ა.შ. დაგზავნას, ხოლო ბატალიონის მორიგე – ბატალიონს დაქვემდებარებული სადღეღამისო განწესის დაგზავნას.“).
მუხლი 47🔗. პირადი შემადგენლობის მივლინება და გამგზავრება
1. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მივლინება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მივლინებაში წარსაგზავნი პირადი შემადგენლობის დათვალიერება, მათი უზრუნველყოფის შემოწმება და ინსტრუქტაჟი ტარდება მივლინებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ან მისი ბრძანებით განსაზღვრული პირის მიერ.
3. სამსახურებრივ მივლინებაში, შეიძლება წარიგზავნოს მთლიანი ქვედანაყოფი, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი ან სამხედრო მოსამსახურე ინდივიდუალურად. მივლინებულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფს – ჯგუფის უფროსი.
4. ქვედანაყოფის ან ჯგუფის მივლინებაში წარგზავნისას, ქვედანაყოფის მეთაურს ან ჯგუფის უფროსს უნდა ეცნობოს, როგორია გზაში პირადი შემადგენლობის გადაადგილებისა და კვების წესი, რომელი დღისათვის, სად და რა ამოცანის შესასრულებლად იგზავნება ქვედანაყოფი ან ჯგუფი, ასევე, სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები. ქვედანაყოფის მივლინებაში წასვლისათვის მზადყოფნის შესახებ, მეთაური ან ჯგუფის უფროსი ახსენებს თავის უშუალო უფროსებს, ხოლო, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ახსენებს მათ მივლინებიდან დაბრუნებისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
5. ქვედანაყოფის მეთაურს ან ჯგუფის უფროსს ეკისრება პასუხისმგებლობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ სამხედრო დისციპლინის დაცვაზე, წესრიგზე და დავალების დროულად შესრულებაზე, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონების დაცვაზე, ასევე, ისინი უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებებზე პირადი შემადგენლობისა და ტვირთების, მოძრაობის წესებისა და პირადი შემადგენლობის სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხდომა-გადმოსხდომის წესების დაცვას.
6. აკრძალულია პირადი შემადგენლობის გადაყვანა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის სათანადოდ მოწყობილი პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. სატრანსპორტო საშუალებით პირადი შემადგენლობის გადაყვანის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
7. ღამით ქვეითად გადაადგილებისას, ქვედანაყოფებსა და ჯგუფებს თავსა და ბოლოში უნდა ჰქონდეთ სასიგნალო ფარნები, ხოლო, დღისით სასიგნალო ალმები, ასევე, დასაშვებია სხვა საშუალებების გამოყენება.
თავი VII
საბრძოლო მორიგეობა, პირველადი რეაგირება, სწრაფი რეაგირებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები
მუხლი 48🔗. საბრძოლო მორიგეობა
1. საქართველოზე უეცარი თავდასხმის დროულად გამოვლენისა და მოგერიების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დგინდება საბრძოლო მორიგეობა.
2. საბრძოლო მორიგეობა საბრძოლო ამოცანის შესრულებაა.
3. საბრძოლო მორიგეობაზე შეიძლება მიზიდულ იქნეს, პირადი შემადგენლობა და ტექნიკა, როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.
4. მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით განისაზღვრება საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი ქვედანაყოფის ამოცანები, ცვლების პერიოდულობა და ხანგრძლივობა, შეიარაღება, აღჭურვილობა, დასვენების დრო, საბრძოლო მორიგეობასთან დაკავშირებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და სხვა საკითხები.
5. მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი ქვედანაყოფი შეიძლება დაექვემდებაროს ქვედანაყოფის მორიგეს.
მუხლი 49🔗. პირველადი რეაგირება
1. ადგილმდებარეობის, მოსალოდნელი საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, ძირითადი ძალების ჩართვამდე, საფრთხეებზე პირველადი რეაგირებისა და საბრძოლო მზადყოფნის მიზნით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფში შეიძლება შეიქმნას არასაშტატო პირველადი რეაგირების ქვედანაყოფი.
2. პირველადი რეაგირების ქვედანაყოფის შემადგენლობა განისაზღვრება სამანევრო, საბრძოლო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან.
3. პირველადი რეაგირების ქვედანაყოფის ორგანიზებასთან და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. პირველადი რეაგირების ჯგუფზე შეიძლება გაიცეს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები.
5. პირველადი რეაგირების ქვედანაყოფი ექვემდებარება ქვედანაყოფის მორიგეს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
6. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, პირველადი რეაგირების ქვედანაყოფებიდან შეიძლება დაკომპლექტეს სწრაფი რეაგირებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მუხლი 50🔗. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
1. ქვედანაყოფის მუდმივი ან დროებითი დისლოკაციის ადგილებზე მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი და გადაუდებელი რეაგირებისა და მათი შედეგების აღმოფხვრის მიზნით, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ინიშნება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
2. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დანიშნულებაა:
ა) ქვედანაყოფის ობიექტზე ან ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძრის დროს, ქვედანაყოფის მოსამსახურეებისა და ქონების ევაკუაცია, დაზარალებულთა პირველადი დახმარების აღმოჩენის ორგანიზება.
3. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებს უტარდებათ პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებთან დაკავშირებით.
4. სახანძრო-სამაშველო ჯგუფში, როგორც წესი, ინიშნება ერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები (ქვედანაყოფის ერთიანობის დარღვევის გარეშე), თუმცა, დასაშვებია მის შემადგენლობაში სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების დანიშვნა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის შემადგენლობას, რაოდენობას, აღჭურვილობას, ტექნიკასა და სხვა საშუალებებს, ასევე, მათი განთავსების ადგილს განსაზღვრავს განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
5. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი და წევრები.
6. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრები ექვემდებარებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსს და ასრულებენ მის მითითებებსა და დავალებებს.
7. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი:
ა) აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვას;
ბ) ზედამხედველობს სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრების მიერ სამსახურის შესრულებას და უნაწილებს მათ მოვალეობებს;
გ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების, სახანძრო სიგნალიზაციის და წყალმომარაგების წყაროების გამართულობას, გაუმართაობისა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, რათა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები ნაკლოვანების გამოსასწორებლად;
დ) უფლებამოსილია აკრძალოს სახანძრო თვალსაზრისით გაუმართავი და საშიში დანადგარების, გათბობის, განათებისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენება და მოახსენოს აღნიშნულის შესახებ ქვედანაყოფის მორიგეს;
ე) ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ღონისძიებებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მიღების მიზნით, უკავშირდება შესაბამის სახანძრო-სამაშველო სამსახურს.
8. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ვალდებულია:
ა) იცოდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, აპარატურისა და აღჭურვილობის, ასევე, სამაშველო და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძლებლობები და მათი გამოყენება, რათა მოახდინოს პრევენცია, ჩააქროს ხანძარი და შეასრულოს სამაშველო სამუშაოები;
ბ) იცოდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, უსაფრთხოების, ევაკუაციისა და საშიში ნივთიერებების გაჟონვის/დაღვრის შემთხვევაში მოქმედების წესები;
გ) იცოდეს სახანძრო უსაფრთხოების წესები და სხვა რეგულაციები;
დ) იცოდეს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის გამოყენების წესები, ასევე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფისათვის განკუთვნილი კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;
ე) იცოდეს ქვედანაყოფში არსებული შენობა-ნაგებობების აგებულება, ელექტროგაყვანილობის, გაზისა და წყალგაყვანილობის სქემები;
ვ) განახორციელოს გამოცემული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტები;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება სახანძრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
მუხლი 51🔗. სწრაფი რეაგირების ჯგუფი
1. არსებული საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქვედანაყოფში შეიძლება შეიქმნას სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის დანიშნულებაა ქვედანაყოფის საყარაულო სამსახურის გაძლიერება.
2. სწრაფი რეაგირების ჯგუფი, როგორც წესი, გამოიყოფა ერთი ქვედანაყოფის შემადგენლობიდან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია მისი დაკომპლექტება სხადასხვა ქვედანაყოფებიდან.
3. სწრაფი რეაგირების ჯგუფი, შედგება უფროსისა და წევრებისაგან, რომლებიც უნდა იყვნენ დასმული ამოცანის შესაბამისად მომზადებულნი და აღჭურვილნი, მათი რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით.
4. სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრები ექვემდებარებიან სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსს და ასრულებენ მის მითითებებსა და დავალებებს.
5. სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უნდა იცოდეს საყარაულო სამსახურის დაცვის ქვეშ არსებული ობიექტების განლაგება და რაოდენობა, მათი საზღვრები, ყარაულის ცვლების გადაადგილებისა და გუშაგების მოძრაობის მარშრუტები, ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმები, ასევე, ქვედანაყოფის განლაგების გეგმა.
6. დასაცავ ობიექტზე თავდასხმისას ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების დაწყებამდე, სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი ამყარებს კავშირს ყარაულის უფროსთან და მოქმედებს ყარაულთან კოორდინირებულად.
7. სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სწრაფი რეაგირების ჯგუფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) ზედამხედველობს სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრების მიერ სამსახურის შესრულებას და უნაწილებს მათ მოვალეობებს;
გ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. სწრაფი რეაგირების ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს ისეთ ვითარებებსა და გარემოებებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ქვედანაყოფს;
ბ) გააფრთხილოს სამსახურის შესრულების ადგილებზე ქცევის წესების დამრღვევი პირები და საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედოს დადგენილი წესით;
გ) იცოდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფისათვის განკუთვნილი კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, განგაშისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;
დ) იცოდეს და განახორციელოს სწრაფი რეაგირების ჯგუფის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები.
თავი VIII
იძულების ღონისძიებები
მუხლი 52🔗. იძულების ღონისძიებები
იძულების ღონისძიებები არის სამხედრო მოსამსახურის მიერ, ფიზიკური ძალის, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თავდაცვის ძალებისათვის დაკისრებული ფუნქციების, ობიექტებისა და ქონების დაცვისა და თავდაცვის, ასევე, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
მუხლი 53🔗. თანაზომიერების პრინციპი იძულების ღონისძიებების გამოყენებისას
1. იძულების ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული იძულების ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.
2. სამხედრო მოსამსახურის მიერ შერჩეული იძულების ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
3. სამხედრო მოსამსახურის მიერ შერჩეული გამოსადეგი იძულების ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა, როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული აუცილებელი იძულების ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.
მუხლი 54🔗. კანონიერების პრინციპი იძულების ღონისძიებების გამოყენებისას
1. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული იძულების ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.
2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, იძულების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, იძულების ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
მუხლი 55🔗. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
3. იძულების ღონისძიების გამოყენებისას, სამხედრო მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.
4. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს, თუ ეს შესაძლებელია.
5. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია კანონმდებლობით.
მუხლი 56🔗. ფიზიკური ძალის გამოყენება
1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას კანონიერი მიზნის მისაღწევად, დასმული ამოცანიდან გამომდინარე გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას.
2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ აცნობოს მის უშუალო უფროსს. აღნიშნული ინფორმაცია შესაბამისმა ქვედანაყოფის მეთაურმა უნდა აცნობოს სამხედრო პოლიციას.
მუხლი 57🔗. დამრღვევი პირის სამხედრო პოლიციისათვის წარდგენა
1. სადღეღამისო განწესში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ, ქვედანაყოფის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დაცულ ტერიტორიაზე დადგენილი წესის დარღვევით შესული პირი, დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამხედრო პოლიციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას.
3. სამხედრო პოლიციისათვის წარდგენის დროს, პირის მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევისას, შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნეს ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალებები.
მუხლი 58🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენება
სამხედრო მოსამსახურე, კანონმდებლობის შესაბამისად, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალურ საშუალებებს.
მუხლი 59🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) ქვედანაყოფის დისლოკაციის (განთავსების) ადგილზე, შენობებზე, სამხედრო ეშელონებზე, კოლონებზე, ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკაზე ან დაცულ ობიექტებზე თავდასხმისას;
გ) იარაღის და სამხედრო ტექნიკის ძალისმიერი მეთოდით დაუფლების აღსაკვეთად, თუ სხვა საშუალებებითა და მეთოდებით მათი დაცვა შეუძლებელია;
დ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცულ ობიექტს ან/და ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მყოფ ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ მძღოლი არ ემორჩილება სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ;
ე) სამხედრო ტყვეების გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას, თუ ისინი არ ემორჩილებიან სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნას და მათი შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია.
2. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.
3. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
დ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
ე) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად.
4. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, ასევე, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სამხედრო პოლიციას, გარდა საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის ან საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევისა.
5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო მოსამსახურის მიერ საბრძოლო ამოცანის შესრულების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ხორციელდება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 60🔗. იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა
აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამხედრო მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.
თავი IX
შინაგანი წესრიგი პარკში
მუხლი 61🔗. პარკის ორგანიზება
1. განლაგების პირობების შესაბამისად, პარკი შეიძლება იყოს მუდმივი და საველე.
2. მუდმივი პარკი ეწყობა ქვედანაყოფების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. ამ შემთხვევაში, სამხედრო/სპეციალური ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალებები განლაგდება დახურულ შენობებში და/ან ფარდულებში.
3. მუდმივ პარკში ეწყობა:
ა) ოთახი პარკის მორიგისათვის;
ბ) საკონტროლო-ტექნიკური პუნქტი;
გ) გასაწმენდ-გასარეცხი, გასამართი, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის პუნქტები;
დ) სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების სადგომები და საცავები;
ე) მორიგე საწევრის და მორიგე სატრანსპორტო საშუალების ადგილი;
ვ) ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების საწყობები;
ზ) დაცვისა და სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებები;
თ) სხვა შენობები (ადგილები) ტექნიკის მომსახურებისათვის და საყოფაცხოვრებო მიზნით.
4. მუდმივი პარკის ტერიტორია უნდა შემოიღობოს და განათდეს, ხოლო საველე პარკის ტერიტორიის შემოღობვა და განათება ხორციელდება საჭიროების შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით.
5. საველე პარკი ეწყობა საველე პირობებში ქვედანაყოფის დროებითი განლაგებისას და ისინი, ჩვეულებრივ, იყოფა ყოველი ქვედანაყოფისთვის ცალ-ცალკე.
6. პარკების მოწყობამ და აღჭურვილობამ უნდა უზრუნველყოს სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების პარკის ტერიტორიიდან სწრაფად და მოხერხებულად გასვლა.
7. პარკის ტერიტორიაზე თითოეული ქვედანაყოფისათვის გამოიყოფა უბნები, რომლის საზღვრები აღინიშნება მაჩვენებლებით.
8. პარკში შინაგანი წესრიგის უზრუნველყოფისათვის, შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის შესანახად გამოყოფილი ნაგებობების და საწყობების მოვლა-პატრონობის, სისუფთავის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქვედანაყოფის მეთაურს.
9. პარკში ქვედანაყოფისათვის გამოყოფილი უბნების ტერიტორიის, ტექნიკისა და შენობების მოვლა-პატრონობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის უბანზე მიმაგრებული ქვედანაყოფის მეთაურს.
10. ქვედანაყოფის ტერიტორიაზე, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დატოვება პარკის გარეთ ქვედანაყოფის მეთაურის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
11. პარკთან, აგრეთვე პარკის შიგნით, შენობებთან და სპეციალურ ნაგებობებთან მისასვლელად გაყვანილ უნდა იქნეს გზები და ზუსტად განისაზღვროს მისასვლელები, რომლებიც უნდა იყოს მოძრაობისათვის ვარგის მდგომარეობაში. ზაფხულობით მშრალ ამინდში გზები უნდა მოირწყას, ხოლო ზამთარში – თოვლისაგან გაიწმინდოს.
12. პარკის ტერიტორიაზე გზების მიღმა მოძრაობა და სიარული აკრძალულია.
13. პარკში გაყვანილ ყველა გზაზე უნდა დაიდგას მოძრაობის მიმართულების/სიჩქარის მაჩვენებლები და სხვა საგზაო ნიშნები.
14. სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გასაღებები ინახება:
ა) ლუკების, ამნთების ჩასართავის: ერთი კომპლექტი – პარკის მორიგესთან და მეორე – ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ქვედანაყოფის მორიგესთან, დალუქულ ყუთში საგზურთან/საგზაო ფურცელთან ერთად, განგაშის ან შეკრების შემთხვევისათვის;
ბ) პარკის შენობებისა და შესასვლელი ჭიშკრების: ერთი კომპლექტი – პარკის მორიგესთან, მეორე – ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ქვედანაყოფის მორიგესთან დალუქულ ყუთში.
15. პარკებს დღე-ღამის განმავლობაში იცავს ყარაული, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დამტკიცებული საგუშაგო ტაბელის თანახმად.
16. პარკში არსებული ყველა შენობის, საცავის, ჭიშკრების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დალუქვის წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.
17. სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებში, პარკების ორგანიზებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 62🔗. ტექნიკური მომსახურება
1. სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური დათვალიერება/მომსახურება უნდა ჩაუტარდეს სვლაგეზში მათი ყოველი გასვლის წინ, აგრეთვე, ნორმატივებით დაწესებული გარბენის (შენახვის) შემდეგ, ასევე, ტარდება მათი სეზონური ტექნიკური მომსახურება.
2. ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საარტილერიო და სხვა ტექნიკის დათვალიერება და მომსახურება, აგრეთვე, ქვედანაყოფის ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა უნდა მოხდეს ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ დროს.
3. შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის დათვალიერების დროს, ქვედანაყოფის მეთაურმა უნდა შეამოწმოს პარკების მდგომარეობა.
მუხლი 63🔗. პარკიდან გასვლა
1. პარკიდან დასაშვებია მხოლოდ ტექნიკურად გამართული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა, ქვედანაყოფის მეთაურის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, რომელიც გადაეცემა პარკის მორიგეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანების შესაბამისად, სამხედრო/სპეციალურ ტექნიკაზე და სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა საგზური/საგზაო ფურცელი და გადაეცემა სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.
3. პარკიდან გასვლისას და სვლაგეზში ყოფნის დროს, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს უნდა ჰქონდეთ:
ა) შევსებული და ბეჭდით დამოწმებული საგზურის/საგზაო ფურცელი;
ბ) ბრძანება მძღოლის სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრების შესახებ;
გ) ბრძანება მძღოლის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შესახებ;
დ) სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი);
ე) სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა (ასეთის არსებობისას);
ვ) სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა).
4. პარკიდან გამსვლელი და პარკში შემომსვლელი სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობას და მძღოლების დოკუმენტაციას, აკონტროლებს საკონტროლო-ტექნიკური პუნქტის უფროსი, ხოლო, ქვედანაყოფში ასეთი თანამდებობის პირის არყოფნისას, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პირი, მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია პარკიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გასვლა ან პარკში მათი შესვლა. საკონტროლო-ტექნიკური პუნქტის უფროსის ან ასეთი თანამდებობის პირის არყოფნისას, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პირი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურს.
მუხლი 64🔗. სატრანსპორტო საშუალებების (მანქანის) უფროსი
1. სვლაგეზში გასვლისას, გადაადგილების მარშრუტისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, შეიძლება დაინიშნოს სატრანსპორტო საშუალების (მანქანის) უფროსი, რომელიც ზედამხედველობას უწევს:
ა) მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების სწორად გამოყენებას და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას;
ბ) სატრანსპორტო საშუალებაში (მანქანაში) მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ, დისციპლინისა და უსაფრთხოების ზომების დაცვას.
2. სამხედრო კოლონაში მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების (მანქანის) უფროსი ექვემდებარება სამხედრო კოლონის უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
3. სატრანსპორტო საშუალების (მანქანის) უფროსს, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ განსაზღვრული პირი, უტარებს ინსტრუქტაჟს დავალების შესრულების მიზნის, წესის, ვადების და მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.
მუხლი 65🔗. პარკის შინაგანაწესი
1. პარკში შინაგანაწესი დგინდება ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით. პარკში შესვლა და მუშაობა ბრძანებით გაუთვალისწინებელ დროს, დასაშვებია მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის ნებართვით.
2. შინაგანაწესით განისაზღვრება პარკის გახსნისა და დახურვის დრო, პარკში პირადი შემადგენლობის დაშვების, მათი გადაადგილებისა და პარკიდან გასვლის წესი, სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაშვების წესი (მათ შორის განგაშისა და შეკრების დროს), ასევე, პარკის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
3. პარკში მუშაობისა და მეცადინეობისათვის დაწესებულ დროს პირადი შემადგენლობა დაიშვება მხოლოდ პასუხისმგებელი პირის თანხლებით. ასევე, პირები, რომლებიც არ ეკუთვნიან ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას, პარკში დაიშვებიან მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ გამოყოფილი მოსამსახურის თანხლებით.
4. პარკში არსებულ სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასთან და სატრანსპორტო საშუალებებთან დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ამ სატრანსპორტო საშუალებებზე და ტექნიკაზე, ხოლო სხვა პირები დაიშვებიან მათი ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პირის თანხლებით.
თავი X
შინაგანი სამსახურის თავისებურებანი ქვედანაყოფის საველე ბანაკში,
სასწავლო ცენტრში და დასახლებულ პუნქტში განლაგებისას
მუხლი 66🔗. საველე ბანაკის ორგანიზება
1. საველე ბანაკში ქვედანაყოფი გაჰყავთ საბრძოლო მომზადების გეგმებით გათვალიწინებული ღონისძიებების ფარგლებში ან ზემდგომი მეთაურის ბრძანებით.
2. საველე ბანაკებში ქვედანაყოფები განლაგდებიან შენობებში ან/და კარვებში. შტაბი, ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი, სახელოსნო, საწყობი და სხვა სამეურნეო დაწესებულებები, ასევე, შეიარაღება და საბრძოლო მასალები უპირატესად უნდა განლაგდეს შენობებში (ასეთის არსებობისას). საბრძოლო და სხვა ტექნიკა უნდა განლაგდეს პარკებში, შენობების გარეთ განლაგებული ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. საველე ბანაკის ყველა გზაზე იდგმება საგზაო ნიშნები, რომლებზეც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დასაშვები სიჩქარე და მიმართულება. მუხლუხა ტექნიკისათვის ეწყობა ცალკე გზები.
4. საველე ბანაკის მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორია წინასწარ უნდა იქნეს გამოკვლეული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ტერიტორია უნდა დასუფთავდეს, მოეწყოს ადგილები ნარჩენების შესაგროვებლად და გასატანად. ღია წყალსატევებში პირადი შემადგენლობის ბანაობა დასაშვებია სპეციალურად გამოყოფილ, შემოწმებულ და შესაბამისად მოწყობილ ადგილებში, ბანაკის უფროსის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.
5. საველე ბანაკში მყოფ ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის ქცევისა და უსაფრთხოების წესები, დაიყვანება პირად შემადგენლობამდე შესაბამისი ხელმოწერებით და ამავდროულად გამოიკვრება საინფორმაციო დაფებზე, აგრეთვე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა შემუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმა.
მუხლი 67🔗. ბანაკად დაყოფის წესი
1. საველე ბანაკის მოწყობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით.
2. საველე ბანაკის ფრონტის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქარის მიმართულება და სიჩქარე.
3. საველე ბანაკს ან მის ფრონტს არ უნდა კვეთდეს საერთო სარგებლობის გზები და ბანაკის ფლანგები გზებიდან 50 მეტრზე ახლოს არ უნდა იყოს.
4. საველე ბანაკი ეწყობა მართკუთხა კვარტლებად განივი და გასწვრივი ხაზებით, რომელიც ამავე დროს მიმოსვლის გზებია.
5. საველე ბანაკი სიღრმეში იყოფა ბანაკის ფრონტის სამი პარალელური ხაზით: წინა, შუა და უკანა ზოლებად. ხაზებს შორის მანძილი სიღრმეში განისაზღვრება კარვების საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობის განლაგების სისტემით.
6. საველე ბანაკის გასწვრივ საბრძოლო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპოტო საშუალებების სამოძრაოდ, ეწყობა გზები ცალ-ცალკე თვლიანი და მუხლუხა ტექნიკისათვის.
7. საველე ბანაკის ფრონტის პერპენდიკულარულად, საველე ბანაკი იყოფა განივი ხაზებით. განივი ხაზები გადის ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის, საველე ბანაკის მონაკვეთის განივ ხაზებს შორის, წინა ხაზიდან ზურგის ხაზამდე გზა იღებს იმ ქვედანაყოფის სახელწოდებას, რომელიც განლაგებულია ნაკვეთის პირველ ზოლში.
8. პირველ ზოლში (წინა და შუა ხაზებს შორის), კარვებში ქვედანაყოფებს მათი ნუმერაციის რიგის მიხედვით განალაგებენ, მეორე ზოლში (შუა და უკანა ხაზებს შორის), როგორც წესი, განლაგდება ქვედანაყოფის შტაბი, ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი და სასადილო, ხოლო, მესამე ზოლში (უკანა ხაზსა და ზურგის გზას შორის) განთავსდება საპირფარეშოები, საწყობები, სახელოსნოები და სხვა სამეურნეო დანიშნულების დაწესებულებები.
9. საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების საწყობი უნდა განლაგდეს საველე ბანაკის ფარგლებს გარეთ.
10. კარვების ბუდეები უნდა განლაგდეს ქვედანაყოფის ფრონტის მიხედვით, სამ-სამ ან ორ-ორ ბუდედ, მომიჯნავე ბუდეების ბორტების ფუძეთა შორის მანძილი ფრონტის მიხედვით 2,5 მეტრია, ხოლო სიღრმეში 5 მეტრი.
11. ქვედანაყოფის სერჟანტთა შემადგენლობა უნდა განთავსდეს თავიანთი ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასთან ერთად, ხოლო, ოფიცერთა შემადგენლობა ცალკე კარავში (შენობაში) განთავსდება, მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის განლაგების მახლობლად.
12. კარვები პირადი შემადგენლობის ინფორმაციისა და დასვენების ოთახებისათვის, იდგმება ქვედანაყოფის კარვების უკანა მწკრივების ხაზზე, მათ გვერდით ეწყობა მოედან-კლასები ქვედანაყოფის საერთო შეკრებისათვის.
13. კარვების პირველი მწკრივის ხაზზე (მეორე და მესამე ქვედანაყოფს შორის ინტერვალში) იდგმება დროშის სადგარი და აღიმართება ქვედანაყოფის დროშა ან სახელმწიფო დროშა, რომლის უკან, კარვების მეორე მწკრივის ხაზზე იდგმება კარავი ქვედანაყოფის მორიგისა და მისი თანაშემწისათვის. კარვები ყარაულისათვის იდგმება ცალკე, მეორე ზოლში.
14. ქვედანაყოფის კარვების განლაგების უკან, პირველ ზოლში განლაგდება იარაღის შესანახი კარავი, კონტეინერი ან სხვა ნაგებობა, რომლის მახლობლად, ეწყობა იარაღის გასაწმენდი ადგილი, ხოლო, მათ უკან წყლის საცავები და ხელსაბანები. პარკები ეწყობა საველე ბანაკის უკანა ხაზსა და ზურგის ხაზს შორის. ასევე, დასაშვებია პარკების მოწყობა საველე ბანაკების გარეთ.
15. საველე ბანაკის ტერიტორია უნდა აღიჭურვოს მეხამრიდებით, იარაღის განსამუხტი ადგილებით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
16. ადგილმდებარეობის, პირადი შემადგენლობის რიცხოვნობისა და სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ ვერ ხორციელდება საველე ბანაკის მოწყობა, ამ მუხლით დადგენილი წესით, ქვედანაყოფის მეთაური უფლებამოსილია საველე ბანაკი მოაწყოს განსხვავებულად, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვის გათვალისწინებით.
მუხლი 68🔗. საველე ბანაკის დაშლა
1. საველე ბანაკის დაშლა ხდება დადგენილ დროს ან ზემდგომი მეთაურის მითითების საფუძველზე.
2. დაუშვებელია საველე ბანაკის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების, საბრძოლო მასალების ყუთების, განასროლი მასრების, დაზიანებული და უვარგისი აღჭურვილობის ელემენტების, ქიმიური ნივთიერებების, სამედიცინო და სხვა ნარჩენების დატოვება, ასევე, მათი ღია წესით დაწვა.
3. ბანაკად ყოფნის დროს, მომზადებული ორმოები და თხრილები უნდა ამოივსოს და ტერიტორია შეძლებისდაგვარად მოყვანილი იქნეს ქვედანაყოფის განლაგებამდე არსებულ მდგომარეობაში.
მუხლი 69🔗. შინაგანი წესრიგი საველე ბანაკებში
1. საველე ბანაკებში შინაგანი სამსახურის ორგანიზება ხორციელდება, ამ წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საველე ბანაკში ერთი ქვედანაყოფის განლაგებისას, საველე ბანაკის უფროსად ითვლება ამ ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო, საველე ბანაკში სხვადასხვა ქვედანაყოფების ერთობლივად განლაგებისას, მათი საერთო ზემდგომი მეთაური ნიშნავს საველე ბანაკის უფროსს, რომელიც არის საველე ბანაკში განლაგებული ყველა ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირი უფროსი.
3. საველე ბანაკის უფროსი ორგანიზებას უწევს საველე ბანაკში შინაგან სამსახურს და ამ მიზნით გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს, ასევე, იგი უზრუნველყოფს:
ა) საბრძოლო მომზადების ორგანიზებას;
ბ) საველე ბანაკებში სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
გ) საველე ბანაკის დღის განრიგისა და შინაგანაწესის განსაზღვრას, ზემდგომი მეთაურის მითითების საფუძველზე;
დ) უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების შემუშავებას;
ე) ახორციელებს საველე ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.
4. საველე ბანაკის უფროსი ნიშნავს საველე ბანაკის მორიგეს, რომელიც ახორციელებს ამ წესდებით განსაზღვრული ქვედანაყოფის მორიგის ფუნქცია-მოვალეობებს.
5. საველე ბანაკში ყოფნისას, შესაძლებელია აიკრძალოს პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილიდან გაშვება ან შემცირდეს გასაშვები პირადი შემადგენლობის რაოდენობა.
6. გარეშე პირები საველე ბანაკში დაიშვებიან მხოლოდ საველე ბანაკის უფროსის ან მისი ზემდგომი მეთაურის თანხმობით, საველე ბანაკის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 70🔗. შინაგანი წესრიგი სასწავლო ცენტრებში ქვედანაყოფის განლაგებისას
1. წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების მიზნით, ზემდგომი მეთაურის ბრძანებით, ქვედანაყოფი შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სასწავლო ცენტრში.
2. სასწავლო ცენტრში, ქვედანაყოფები განლაგდებიან შენობებში ან კარვებში. შტაბი, ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი, სახელოსნო, საწყობი და სხვა სამეურნეო დაწესებულებები, ასევე, შეიარაღება და საბრძოლო მასალები უპირატესად უნდა განლაგდეს შენობებში. საბრძოლო და სხვა ტექნიკა უნდა განლაგდეს პარკებში, შენობების გარეთ განლაგებული ტექნიკა უნდა შეიფუთოს დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სასწავლო ცენტრს ჰყავს უფროსი, რომელსაც ემორჩილება სასწავლო ცენტრში შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განლაგებული ყველა ქვედანაყოფი.
4. სასწავლო ცენტრში ქვედანაყოფების განლაგებისას, შინაგანი სამსახურის ორგანიზება ხორციელდება სასწავლო ცენტრის უფროსის ბრძანების საფუძველზე.
5. სასწავლო ცენტრის უფროსი, თავის დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობით და ლოჯისტიკური საშუალებებით, მხარს უჭერს სასწავლო ცენტრში განლაგებულ ქვედანაყოფს, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე.
6. სასწავლო ცენტრში მყოფ ქვედანაყოფში, პირადი შემადგენლობის ქცევისა და უსაფრთხოების წესები, დაიყვანება პირად შემადგენლობამდე შესაბამისი ხელმოწერებით და ამავდროულად გამოიკვრება საინფორმაციო დაფებზე, აგრეთვე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა შემუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმა.
7. სასწავლო ცენტრში ქვედანაყოფის შესვლისას, სასწავლო ცენტრის შენობა-ნაგებობები, ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა ქონება სასწავლო ცენტრის უფროსის მიერ, დადგენილი წესით შეიძლება ჩაჰბარდეს ქვედანაყოფის მეთაურს.
8. სასწავლო ცენტრის უფროსი უფლებამოსილია სასწავლო ცენტრში ინდივიდუალურად მოვლინებული პირადი შემადგენლობისა და სატრანსპორტო საშუალებისათვის გასცეს საჭირო დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას სასწავლო ცენტრის გარეთ.
9. სასწავლო ცენტრში შესული ქვედანაყოფის მეთაური უზრუნველყოფს ცენტრში დადგენილი წესრიგისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, დაუშვებელია სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ყუთების, განასროლი მასრების, დაზიანებული და უვარგისი აღჭურვილობის ელემენტების, ქიმიური ნივთიერებების, სამედიცინო და სხვა ნარჩენების დატოვება, ასევე, მათი ღია წესით დაწვა.
მუხლი 71🔗. განლაგება დასახლებულ პუნქტებში
1. მშვიდობიანობის დროს, ქვედანაყოფი შეიძლება განლაგდეს დასახლებულ პუნქტებში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებში, აგრეთვე, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაქირავებ ფართებში.
2. დასახლებულ პუნქტებში ქვედანაყოფის განლაგებისას, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შეტყობინება.
3. დასახლებულ პუნქტში განლაგების შემდეგ, თვითნებურად შენობების დაკავება აკრძალულია.
4. ქვედანაყოფების განლაგებისთვის გათვალისწინებული დასახლებული პუნქტები წინასწარ უნდა იქნეს გამოკვლეული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. განლაგება ამ თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია.
5. შენობების, ფარდულებისა და მოედნების დაკავებამდე, ქვედანაყოფის მეთაურები ათვალიერებენ მათ, ტარდება ადგილის დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, ასევე, საჭიროების მიხედვით, ტერიტორია მუშავდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო რეპელენტებით, რის შემდეგაც, განალაგებენ პირად შემადგენლობას, საბრძოლო და სხვა ტექნიკას.
6. მცირე ზომის ქვედანაყოფები (ოცეული, ასეული, ჯგუფი და სხვა) დასახლებულ პუნქტებში განლაგდებიან შეძლებისდაგვარად ერთად, სერჟანტთა შემადგენლობა უნდა იყოს თავიანთ ქვედანაყოფთან ერთად, ხოლო, ოფიცერთა შემადგენლობა ცალკე შენობებში მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის განლაგების მახლობლად. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით, პირადი შემადგენლობის განლაგების შეუძლებლობისას, განლაგების წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.
7. საბრძოლო და სხვა ტექნიკა განლაგდება ქვედანაყოფების განლაგების ადგილზე, შენობა-ნაგებობათა გარეთ, დახურულ (შენიღბულ) მოედნებზე ან ფარდულებში.
8. საწყობების განლაგებისათვის ისეთი შენობები შეირჩევა, რომლებიც აკმაყოფილებს სასაწყობე შენობებისთვის დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაცული იყოს დასაწყობებული მარაგი და ქონება, ასევე, იძლევა ქონების ადვილად შეტანისა და გამოტანის შესაძლებლობას. მათ მუდმივად უნდა იცავდეს სადღეღამისო განწესი. ღია ტერიტორიები და ღია სასაწყობე სივრცეები (მასალის შენახვის ადგილები, მანქანების სადგომები და პარკირების ადგილები) უნდა იყოს განათებული.
9. თითოეულ ქვედანაყოფს მიეთითება თავისი განლაგების საზღვარი, რომლის ფარგლებშიც, მას გამოეყოფა შენობები და ადგილები მეცადინეობების ჩასატარებლად, აგრეთვე, ინიშნება განგაშის (შეკრების) დროს შეკრების პუნქტები.
10. სამზარეულოები, აბანოები და სამრეცხაოები, თუ მათთვის არ არის გამოყოფილი ცალკე შენობები, ეწყობა შენობა-ნაგებობისაგან ისეთ მანძილზე, რომ დაცული იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და აგრეთვე, ქვედანაყოფების საველე პირობებში კვების სტანდარტები.
11. დასახლებულ პუნქტებში ქვედანაყოფთა განლაგებისას, დაუყოვნებლივ ეწყობა საპირფარეშოები, რომელთა დროულად მოწყობა-მოწესრიგებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
12. სასმელი და საკვების მოსამზადებელი წყლის აღება შეიძლება მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილი ჭებიდან (ან სხვა წყაროებიდან), საჭიროა ზომების მიღება მათი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, მათ დასაცავად გამოიყოფა სადღეღამისო განწესი.
13. თითოეულ შენობაში ინიშნება უფროსი, რომელიც პასუხს აგებს სამხედრო მოსამსახურეების ქცევაზე, შინაგან წესრიგზე და შენობაში არსებული ქონების მთლიანობაზე, ეზოს სისუფთავისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
14. ყველა სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შენობის მფლობელთა ნივთებით სარგებლობა მათი ნებართვის გარეშე. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა უნდა ეკიდოს საკიდებზე საამისოდ გამოყოფილ ადგილებში, პირადი ნივთები და თეთრეული ინახება სანივთე ჩანთებში.
15. დასახლებულ პუნქტებში განლაგებისას, ქვედანაყოფის მეთაური განსაზღვრავს:
ა) შინაგანი სამსახურის ორგანიზებას;
ბ) დღის განრიგს და პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილიდან დათხოვნის წესს;
გ) უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესებს;
დ) სხვა საორგანიზაციო ღონისძიებებს.
თავი XI
შინაგანი სამსახურის თავისებურებები ქვედანაყოფის გადაყვანისას
მუხლი 72🔗. სამხედრო ეშელონის ორგანიზება
1. რკინიგზით და წყლის ტრანსპორტით ქვედანაყოფებისა და ლოჯისტიკური ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვისათვის, იქმნება სამხედრო ეშელონი. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ სამხედრო ეშელონს ენიჭება ეშელონის ნომერი (კოდური სახელი), რომელიც მას დანიშნულების ადგილზე მისვლამდე უნარჩუნდება.
2. სამინისტროს სისტემაში სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურები განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. მოძრავი შემადგენლობის სახეობა, დგინდება ტვირთების გამგზავნი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, რომელიც შეიმუშავებს ტვირთების ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის გეგმებს.
4. სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, სამხედრო ეშელონს უნდა დაენიშნოს სამხედრო ეშელონის უფროსი, ამის შემდეგ, იქმნება სამხედრო ეშელონის მართვის პუნქტი.
5. დაკისრებული ამოცანისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, მართვის პუნქტის შემადგენლობას და ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს სამხედრო ეშელონის უფროსი.
6. მართვის პუნქტი ხელს უწყობს სამხედრო ეშელონის უფროსს, სამხედრო ეშელონის მართვისა და კონტროლის განხორციელებაში.
7. სამხედრო ეშელონის უფროსის სამხედრო წოდება და გვარი, ასევე, სამხედრო ეშელონის ნომერი (კოდური სახელი) უნდა ეცნობოს ეშელონში მყოფ პირად შემადგენლობას, რომლებსაც ევალებათ იყვნენ ყურადღებით, გაუფრთხილდნენ სახელმწიფო ქონებას, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დადგენილი ქცევის წესები.
8. სამხედრო ეშელონზე ტექნიკა განთავსდება და მაგრდება დადგენილი წესის შესაბამისად, ვაგონის (გემის) ტვირთამწეობისა და ტევადობის მაქსიმალური გამოყენებით.
9. ფეთქებადი ნივთიერება და საფრთხის შემცველი სხვა ტვირთი, სამხედრო ეშელონში შეიძლება მოთავსდეს ღია მოძრავ შემადგენლობაზე მოთავსებულ ტანკში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარში, საარტილერიო საწევარში, ჯავშანტრანსპორტიორში, ავტოცისტერნაში, სპეციალურ კონტეინერსა და ჭურჭელში, ავტომანქანის ძარასა და სამუხრუჭო მისაბმელში, აგრეთვე, სატრანსპორტო ურიკასა და ნახევარმისაბმელზე მოთავსებულ ავტომატარებელში, თუ იგი განლაგებულია ერთ მოძრავ შემადგენლობაზე.
10. იმ ფეთქებადი ნივთიერების დაცვა, რომელიც გადაადგილებისას დაკვირვებას საჭიროებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალისტით, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ტვირთის გადაზიდვის წესის, ტვირთის ხასიათის, გადაზიდვისას მისაღები უსაფრთხოების ზომების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე, შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები, სპეციალური მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის კვანძების შესაკეთებლად. სპეციალისტი და ტვირთის თანმხლები დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნენ მოცემული ტვირთის თანხლების რეგულირების ინსტრუქციით, აგრეთვე, ინდივიდუალური თავდაცვის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ხანძარსაქრობი და სიგნალიზაციის საშუალებებით, ელექტრული აკუმულატორული ფარნით, ხელსაწყოს კომპლექტით, საფენი მასალის მარაგით, ტარის, საკუთარი მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საჭირო საშუალებით. ამ საშუალებების, მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და მასალის ნუსხა და მათი მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და აღინიშნება ფეთქებადი ნივთიერების თანხლების ინსტრუქციაში.
მუხლი 73🔗. სამხედრო ეშელონის უფროსი
1. სამხედრო ეშელონის უფროსად შეიძლება დაინიშნოს გადასაყვანი ქვედანაყოფის მეთაური ან ზემდგომი ქვედანაყოფის წარმომადგენელი. ორი ან მეტი ქვედანაყოფის ერთობლივი გადაყვანისას, სამხედრო ეშელონის უფროსად ინიშნება ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური.
2. სამხედრო ეშელონის უფროსი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
3. სამხედრო ეშელონის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამხედრო ეშელონის დაცვასა და თავდაცვაზე, ასევე, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს სამხედრო ეშელონში ტვირთების დროულ ჩატვირთვას, გადმოტვირთვასა და გადატვირთვას;
გ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის მიერ, სამხედრო დისციპლინის, წესრიგისა და გადაყვანის დადგენილი წესების დაცვას;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს გადასაზიდი ქონების, აგრეთვე, მოძრავი შემადგენლობისა და მისი მოწყობილობის ყოველმხრივი უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით;
ე) თვალყურს ადევნებს ვაგონების (გემის სადგომების) უფროსთა მიერ, მოწყობილობის მიღებას და მის ჩაბარებას ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის ადგილებში;
ვ) ხელმძღვანელობს სამხედრო ეშელონის ყოველმხრივ უზრუნველყოფას, შინაგან და საყარაულო სამსახურებს, საჰაერო თავდაცვის საშუალების საბრძოლო მორიგეობას (ასეთის არსებობისას) და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას;
ზ) აკონტროლებს ეშელონზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების, საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკის მდგომარეობას (შეფუთვას და გარეგან იერს) და მის დამაგრებას, სადღეღამისო განწესისა და ტვირთის თანმხლები სპეციალისტის მიერ მოვალეობების შესრულებას;
თ) უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს სამხედრო ეშელონის პირად შემადგენლობას, ასევე, ატარებს ღონისძიებებს სამხედრო დისციპლინის გასამტკიცებლად და სამხედრო სამსახურისათვის უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად;
ი) უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონის მოულოდნელად გადმოტვირთვისა და შემდგომი ჩატვირთვისათვის მზადყოფნას. ითვალისწინებს საბრძოლო უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახმელეთო გზით ჩატარებაზე გადასვლის შემთხვევაში;
კ) ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების დროულად გაფორმებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
ლ) აწესებს სადღეღამისო განწესის ცვლის დროს, აგრეთვე, განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის კვების წესს;
მ) ხელმძღვანელობს კავშირგაბმულობის საკითხებს და ნიშნავს ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და სხვა ჯგუფების უფროსებს;
ნ) თვალყურს ადევნებს პირადი შემადგენლობის მიერ, გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა დაცვას;
ო) ატყობინებს თავის პირდაპირ უფროსს, სამხედრო ეშელონს, ჩამორჩენილი პირადი შემადგენლობის შესახებ;
პ) მოწინააღმდეგის ზემოქმედებით გამოწვეული მოძრაობის შეფერხების, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს, დადგენილი წესით, უწევს შესაბამის სამსახურებს დახმარებას შეფერხებული მოძრაობის აღდგენაში;
ჟ) სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას ვაგონში (კუპე, კაიუტა) სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გამოყოფილ ადგილზე ან თუ აღნიშნული შეუძლებელია უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში;
რ) აწესებს შეკრების ადგილებში, ლოდინის რაიონებსა და დასატვირთ-გადმოსატვირთ სადგურებში (ადგილებში), პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის საფრებით (შენიღბვის საშუალებებით) აღჭურვისა და მათი გამოყენების წესს;
ს) საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობას უწევს რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (ბაქტერიოლოგიურ) დაზვერვას, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის პირადი შემადგენლობით დაკავებული ძარებისა და მისაბმელების სანიტარიულ დამუშავებას;
ტ) თვალყურს ადევნებს სამხედრო ეშელონის პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას;
უ) ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის რაიონებში არეგულირებს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და შენიღბვის ოპერაციებს;
ფ) სამხედრო ეშელონის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, შეიმუშავებს ეშელონის ორგანიზებასთან, უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;
ქ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მატარებლით (გემით) რამდენიმე სამხედრო ეშელონი გადაჰყავთ, ერთ-ერთი სამხედრო ეშელონის უფროსი ინიშნება დანარჩენთა უფროსად, შესაბამისად, მას ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან სამხედრო ეშელონთა უფროსები.
5. სამხედრო ეშელონიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო ვაგონების მოხსნის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსმა უნდა მოითხოვოს მათი შეცვლა, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, პირადი შემადგენლობა დროებით განლაგდება მატარებლის სხვა ვაგონებში. საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკით დატვირთული ვაგონების მოხსნის შემთხვევაში, ამ ტექნიკასთან ერთად რჩება ყარაული და ტექნიკის ეკიპაჟები (მძღოლები, გათვლები), ხოლო, სხვა მატერიალურ საშუალებებთან მხოლოდ ყარაული. მიიღება ზომები იმისთვის, რომ გზაში ან დანიშნულების პუნქტში, ისინი შეუერთდნენ თავიანთ სამხედრო ეშელონს.
6. სამხედრო ეშელონის ზედამხედველობისა და ეფექტური კონტროლისათვის, სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფების მეთაურის ბრძანებით, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო ეშელონის უფროსის თანაშემწე. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსის დავალებით, თანაშემწე მონაწილეობს, ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში, თუმცა, საბოლოო პასუხისმგებლობა, აკისრია სამხედრო ეშელონის უფროსს.
მუხლი 74🔗. სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი
1. სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფების მეთაურის ბრძანებით გამოიყოფა სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი, რომელიც ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
2. სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი:
ა) უწევს სამხედრო ეშელონის პირად შემადგენლობას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, დაუყოვნებლივ ახსენებს სამხედრო ეშელონის უფროსს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა, სხვა გადამდებ დაავადებათა და მიღებული ტრავმების შესახებ;
ბ) ამოწმებს სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების, შესახვევი მასალისა და სამედიცინო ინსტრუმენტების არსებობას და მდგომარეობას. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს;
გ) თვალყურს ადევნებს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სამხედრო ეშელონში;
დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 75🔗. სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესი
1. სამხედრო ეშელონში შინაგანი და საყარაულო სამსახურის შესასრულებლად, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, ინიშნება სადღეღამისო განწესი, შემდეგი შემადგენლობით:
ა) სამხედრო ეშელონის მორიგე და მისი თანაშემწე;
ბ) ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე და თანაშემწე;
გ) სწრაფი რეაგირების ჯგუფი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) სახანძრო-სამაშველო ჯგუფი;
ე) საყარაულო სამსახური.
2. სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მორიგის თანაშემწეთა დანიშვნის საკითხს ან მათ რაოდენობას განსაზღვრავს სამხედრო ეშელონის უფროსი, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის პირობების შესაბამისად.
3. საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო ეშელონის მორიგეებზე, მათ თანაშემწეებზე და სახანძრო-სამაშველო ჯგუფზე, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გაიცეს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები.
მუხლი 76🔗. სამხედრო ეშელონის მორიგე
1. სამხედრო ეშელონის მორიგე ინიშნება ოფიცერთა შემადგენლობიდან, იგი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
2. სამხედრო ეშელონის მორიგეს ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულია სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის შემადგენლობა.
3. სამხედრო ეშელონის მორიგე:
ა) ამოწმებს სამხედრო ეშელონში დღის განრიგის შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს განკარგულებებს დაწესებული სიგნალების გაცემის შესახებ;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს სამხედრო ეშელონის უფროსს სამხედრო ეშელონში მომხდარი ყველა შემთხვევის, მათ შორის, გამოვლენილი გადაცდომების, სამხედრო ეშელონის თვითნებურად მიტოვებისა და პირადი შემადგენლობის დაშავების ფაქტების შესახებ;
გ) მუდმივად იმყოფება სადღეღამისო განწესის მართვისა და/ან კონტროლის მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, აღნიშნული ადგილის დატოვებისას (ან დასვენების დროს), მის შემცვლელად ტოვებს თანაშემწეს და უნდა აცნობოს მას, თუ სად და რა ხნით გავიდა, ასევე, თავისი ადგილსამყოფლისა და სამხედრო ეშელონის მორიგის მოვალეობის თანაშემწისათვის დაკისრების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეებს;
დ) განგაშის ან შეკრების გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოქმედებს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რათა განხორციელდეს ღონისძიებები ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის მიზნით;
ე) იცავს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფო ქონებას, უზრუნველყოფს ქვედანაყოფში წესრიგის შენარჩუნებას და სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულებას;
ვ) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონის უფროსის ადგილსამყოფლის შესახებ, ასევე, უნდა იცოდეს რომელი ქვედანაყოფი რომელ ვაგონში (გემის სადგომზე) იმყოფება ან ატარებს მეცადინეობებს;
ზ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას, ასევე, უნაწილებს მათ მოვალეობებს;
თ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონში მყოფი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ერთდროულად ადგომას სიგნალზე „ადექ!“;
ი) პასუხისმგებელია სამხედრო ეშელონში განთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალების, აღჭურვილობის და სხვა ქონების დაცვაზე, უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალების ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონში პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის, მათ შორის სამხედრო ეშელონის შემადგენლობიდან თვითნებურად წასულთა შესახებ;
ლ) სამხედრო ეშელონში ან მის მახლობლად საგანგებო სიტუაციის დროს, დაუყოვნებლივ მოქმედებს დადგენილი წესის მიხედვით და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, სხვა ქონებისა და გარემოს დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების გატარებას;
მ) ხანძრის დროს, იძახებს სახანძრო-სამაშველო ჯგუფს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, ამასთან, დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის თაობაზე სამხედრო ეშელონის უფროსს;
ნ) რადიოაქტიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური დასნებოვნების საფრთხის შემთხვევაში, მოქმედებს არსებული ინსტრუქციების თანახმად;
ო) დადგენილ დროს და წესით, გასცემს ნებართვას პირადი შემადგენლობისათვის საკვების გაცემის თაობაზე, ორგანიზებას უწევს საკვების მიღებისას წესრიგის დაცვას;
პ) აკონტროლებს სისუფთავესა და წესრიგს ვაგონებში (გემის სადგომზე), ითხოვს პირადი შემადგენლობის მხრიდან აღნიშნული წესების დაცვას, თვალყურს ადევნებს ვაგონის (გემის სადგომის) საგულდაგულო დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობას, ასევე, დაწესებული ჰაერის ტემპერატურის შენარჩუნებას, განათების წესის დაცვას, ვაგონის (გემის სადგომის) გათბობასა და განიავებას, ავზებისა და ხელსაბანების წყლით მომარაგებას;
ჟ) თვალყურს ადევნებს, რომ თამბაქოს მოწევა, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შრობა/გაწმენდა განხორციელდეს მხოლოდ ამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე, ასევე, აკონტროლებს ღუმელების გახურების (ასეთის არსებობისას), ალტერნატიული განათებისა და გათბობის ნებადართული საშუალებების გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების წესების შესრულებას;
რ) იარაღის მიღებისას, ამოწმებს მის ნომრებს და დაკომპლექტებას, ვალდებულია მუდმივად თან ჰქონდეს და არავის გადასცეს იარაღის შესანახი ადგილის გასაღები;
ს) აკონტროლებს სამხედრო ეშელონში გადასაყვანი ქვედანაყოფის მეთაურების მიერ საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკისა და ქონების ყარაულისათვის დასაცავად ჩაბარებას;
ტ) დადგენილი წესით, იღებს მოხსენებებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეებისაგან, ვაგონში (გემის სადგომში) პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ. აკონტროლებს სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის მიერ, სამსახურის შესრულებას, სახანძრო-სამაშველო და სწრაფი რეაგირების ჯგუფების მზადყოფნას, ასევე, ქონების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადატვირთვის სამუშაოების შესრულებისათვის დანიშნული ან ეშელონის უფროსის მითითებით გამოყოფილი სხვა ჯგუფების მდგომარეობას და მზადყოფნას;
უ) თვალყურს ადევნებს სამხედრო ეშელონში პირადი შემადგენლობის მიერ, წესრიგისა და დისციპლინის, გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ასევე, სამხედრო ეშელონში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა არსებობასა და გამართულ მდგომარეობას;
ფ) სამხედრო ეშელონის უფროსის მითითებით, უცხადებს გადასაყვანი ქვედანაყოფების მეთაურებს გაჩერებებს, სადაც, პირად შემადგენლობას ეძლევა გადასვლის ნება;
ქ) იღებს შესაბამის ზომებს, რათა სამხედრო ეშელონთან არ დაუშვას გარეშე პირები, გარდა მატარებლის (გემის) მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისა;
ღ) უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონის ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესრულების ორგანიზებას, ასევე, ასრულებს სამხედრო ეშელონის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;
ყ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 77🔗. სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე
1. სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე უნდა იყოს მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. სამხედრო ეშელონის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, მისივე დავალებით, სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე ასრულებს მორიგის მოვალეობას.
3. სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე, ვალდებულია სამხედრო ეშელონის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ განწესში დანიშნული პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე, იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ხელმძღვანელობისაგან.
4. სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს სამხედრო ეშელონის მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 76-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, ასევე, ასრულებს სამხედრო ეშელონის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს სადღეღამისო განწესის მართვისა და კონტროლის მიზნით განსაზღვრულ ადგილს სამხედრო ეშელონის მორიგის თანხმობის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს სამხედრო ეშელონის მორიგეს სამხედრო ეშელონში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გაღვიძებას დილის ადგომისას, აგრეთვე, განგაშის, შეკრების, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
დ) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 78🔗. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე
1. სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე ინიშნება სერჟანტთა/კაპრალთა შემადგენლობიდან, იგი ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია სამხედრო ეშელონის მორიგის წინაშე, ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
2. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე:
ა) ფლობს ინფორმაციას ვაგონში (გემის სადგომზე) განთავსებული პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის, განთავსებული შეიარაღებისა და სხვა მატერიალური საშუალებების რაოდენობის შესახებ;
ბ) ამოწმებს და იღებს დატვირთვის წინ ვაგონის (გემის სადგომის) მოწყობილობას, ხოლო, გადმოტვირთვის შემდეგ, აბარებს მას გამართულ მდგომარეობაში;
გ) ხელმძღვანელობს ვაგონში (გემის სადგომში) პირადი შემადგენლობის ჩასხდომას, გადმოსხდომას და განლაგებას, ახსენებს აღნიშნულის შესახებ სამხედრო ეშელონის მორიგეს;
დ) თვალყურს ადევნებს მისი თანაშემწის მიერ სამსახურის შესრულებას, გამოყოფს პირად შემადგენლობას საკვების, წყლის, სათბობის მისაღებად და სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად;
ე) თვალყურს ადევნებს ღუმელების გახურებას (ასეთის არსებობისას) და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, აგრეთვე, ავზებსა და სათლებში წყლის არსებობას, გადმოსხმა-გადმოტვირთვის წინ, წყვეტს ღუმელების გახურებას და აქრობს ცეცხლს;
ვ) ინარჩუნებს ვაგონში (გემის სადგომში) სისუფთავეს და პირადი შემადგენლობის გადმოსხმამდე უზრუნველყოფს მის დასუფთავებას;
ზ) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) წესრიგის, დისციპლინის, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
თ) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) მოწყობილობისა და ინვენტარის დაცვას;
ი) არ უშვებს პირადი შემადგენლობის, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ქონების გატანას ვაგონიდან (გემის სადგომიდან) სამხედრო ეშელონის მორიგის თანხმობის გარეშე ან შესაბამისი კომანდის გაცემამდე;
კ) არ უშვებს უნებართვოდ ვაგონში (გემის სადგომში) გარეშე პირთა მგზავრობას, აგრეთვე, იმ ქონების გადაზიდვას, რომელიც სამხედრო ეშელონს არ ეკუთვნის;
ლ) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
მ) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, იღებს ზომებს მის ჩასაქრობად, გადასცემს შესაბამის სიგნალს და დაუყოვნებლივ ახსენებს სამხედრო ეშელონის მორიგეს;
ნ) ამოწმებს გადმოსხდომა-გადმოტვირთვის დასრულების შემდეგ, წამოღებულია თუ არა მთელი ქონება და ჩამქრალია თუ არა ღუმელები (ასეთის არსებობისას);
ო) სამხედრო ეშელონის მორიგის მითითებით, ამოწმებს გაჩერებებზე საბრძოლო და სხვა ტექნიკისა და მატერიალურ საშუალებათა დამაგრების მდომარეობას და შენიღბვას, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, ახსენებს ამის შესახებ სამხედრო ეშელონის მორიგეს;
პ) დაწესებული კომანდის მიღებამდე და ფორმის ტანსაცმლის გარეშე, არ რთავს პირად შემადგენლობას ვაგონებიდან (გემის სადგომიდან) გასვლის ნებას;
ჟ) ახორციელებს ვაგონით (გემის სადგომით) პირადი შემადგენლობის ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს;
რ) ასრულებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 79🔗. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე
1. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე უნდა იყოს მორიგეზე სულ მცირე ერთი საფეხურით დაბალი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე. გამონაკლის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწედ დაინიშნოს მორიგის თანაბარი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე.
2. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, მისივე დავალებით ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე ასრულებს მორიგის მოვალეობას.
3. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე ვალდებულია ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ ვაგონში (გემის სადგომში) მყოფი პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე, იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ხელმძღვანელობისაგან.
4. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე ხელს უწყობს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს და მონაწილეობს ამ წესდების 78-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, ასევე, ასრულებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ამასთან:
ა) არ ტოვებს ვაგონს (გემის სადგომს), ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანხმობის გარეშე;
ბ) დაუყოვნებლივ ახსენებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს ვაგონში (გემის სადგომში) მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გაღვიძებას დილის ადგომისას, აგრეთვე, განგაშის, შეკრების, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
დ) ფლობს ინფორმაციას ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;
ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 80🔗. სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფი
1. არსებული საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სამხედრო ეშელონის საყარაულო სამსახურის გაძლიერება.
2. სწრაფი რეაგირების ჯგუფი, როგორც წესი, გამოიყოფა სამხედრო ეშელონით გადასაყვანი ქვედანაყოფის შემადგენლობიდან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, დასაშვებია სხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გამოყოფა.
3. სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფის შემადგენლობა, მისი წევრების დაქვემდებარება და მათი ფუნქციები განისაზღვრება ამ წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.
4. სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფი უნდა იყოს დასმული ამოცანის შესაბამისად მომზადებული და აღჭურვილი.
5. სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უნდა იცოდეს საყარაულო სამსახურის დაცვის ქვეშ არსებული ქონების განლაგება და რაოდენობა, სამხედრო ეშელონის დაცვისა და თავდაცვის გეგმა.
6. სამხედრო ეშელონზე თავდასხმისას ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების დაწყებამდე, სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი ამყარებს კავშირს ყარაულის უფროსთან და მოქმედებს ყარაულთან კოორდინირებულად.
მუხლი 81🔗. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
1. სამხედრო ეშელონში მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი და გადაუდებელი რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში ინიშნება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
2. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დანიშნულებაა:
ა) სამხედრო ეშელონზე ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძრის დროს ქვედანაყოფის მოსამსახურეებისა და ქონების ევაკუაცია, დაზარალებულთა პირველადი დახმარების აღმოჩენის ორგანიზება.
3. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებს უტარდებათ პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებთან დაკავშირებით.
4. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, როგორც წესი, გამოიყოფა სამხედრო ეშელონით გადასაყვანი ქვედანაყოფის შემადგენლობიდან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, დასაშვებია სხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გამოყოფა.
5. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის შემადგენლობა, მისი წევრების დაქვემდებარება და მათი ფუნქციები განისაზღვრება, ამ წესდების 46-ე მუხლის შესაბამისად.
6. სამხედრო ეშელონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი უნდა იყოს დასმული ამოცანის შესაბამისად მომზადებული და აღჭურვილი.
მუხლი 82🔗. სამხედრო ეშელონის საყარაულო სამსახური
1. სამხედრო ეშელონის პირადი შემადგენლობისა და ქონების დაცვის მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის მიერ, ინიშნება სამხედრო ეშელონის საყარაულო სამსახური.
2. სამხედრო ეშელონის საყარაულო სამსახურის ორგანიზება ხორციელდება საყარაულო წესდების შესაბამისად.
მუხლი 83🔗. სამხედრო კოლონის ორგანიზება
1. სახმელეთო ტრანსპორტით ქვედანაყოფებისა და ლოჯისტიკური ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვისათვის იქმნება სამხედრო კოლონა.
2. სამინისტროს სისტემაში სამხედრო კოლონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ კოლონას შეიძლება მიენიჭოს ნომერი (კოდური სახელი), რომელიც მას დანიშნულების ადგილზე მისვლამდე უნარჩუნდება. სამხედრო კოლონის უფროსის სამხედრო წოდება და გვარი, ასევე, სამხედრო კოლონის ნომერი (კოდური სახელი), ცხადდება კოლონაში შემავალი მთელი პირადი შემადგენლობისათვის.
4. ერთ სამხედრო კოლონაში შედის არანაკლებ ორი სამხედრო/სპეციალური ტექნიკა ან/და სატრანსპორტო საშუალება. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე კოლონა.
5. სამხედრო კოლონის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამხედრო კოლონის სიჩქარე და სამხედრო კოლონაში სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია განისაზღვრება ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სვლაგეზის რელიეფი, გზის საფარი, კლიმატური პირობები, დღის და ღამის საათები, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.
მუხლი 84🔗. სამხედრო კოლონის უფროსი
1. სამხედრო კოლონის უფროსი ინიშნება ოფიცერთა ან სერჟანტთა შემადგენლობიდან, იგი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომლის ბრძანებითაც შეიქმნა სამხედრო კოლონა, ასევე, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.
2. სამხედრო კოლონის უფროსს ექვემდებარება, მის მითითებებსა და დავალებებს ასრულებს სამხედრო კოლონის მთელი პირადი შემადგენლობა.
3. სამხედრო კოლონის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამხედრო კოლონის ორგანიზებულად გადაადგილებას;
ბ) ორგანიზებას უწევს სამხედრო კოლონაზე ტვირთის ჩატვირთვას, გადმოტვირთვას და გადატვირთვას;
გ) აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებების (მანქანის) უფროსთა მიერ ტვირთების მიღებასა და ჩაბარებას ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის ადგილებში, ასევე, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობას და ტვირთების დამაგრებას;
დ) ხელმძღვანელობს სამხედრო კოლონის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის კვების წესს;
ე) სამხედრო კოლონის მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებების (მანქანის) უფროსებს და სამხედრო კოლონაში მყოფ სხვა პირად შემადგენლობას უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს, ატარებს ღონისძიებებს დისციპლინის, პირადი შემადგენლობის გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ვ) უზრუნველყოფს სამხედრო კოლონის მოულოდნელად გადმოტვირთვისა და შემდგომი ჩატვირთვისათვის მზადყოფნას, ითვალისწინებს საბრძოლო უზრუნველყოფის ღონისძიებებს ქვეითად მარშის ჩატარებაზე გადასვლის შემთხვევაში;
ზ) აკონტროლებს სატრანსპორტო დოკუმენტების დროულად გაფორმებას;
თ) უზრუნველყოფს სამხედრო კოლონის შიდა და გარე კავშირგაბმულობას;
ი) საგანგებო სიტუაციების, ასევე, ავტოსაგზაო და სხვა შემთხვევებით გამოწვეული შეფერხების შემთხვევაში, სამხედრო კოლონას ჩამორჩენილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის, ასევე, გადაადგილების დროს მომხდარი ნებისმიერი სხვა შემთხვევის შესახებ, ატყობინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;
კ) თვალყურს ადევნებს სამხედრო კოლონის პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას;
ლ) ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის რაიონებში, არეგულირებს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების, შენიღბვის ოპერაციებს;
მ) ხელმძღვანელობს სამხედრო კოლონის ორგანიზებასთან, უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით, თვალყურს ადევნებს კოლონის ესკორტირების წესების დაცვას, მორიგე საცეცხლე საშუალებების მზადყოფნას და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამხედრო კოლონის უფროსმა, სამხედრო კოლონის გადაადგილებისას, უნდა გაითვალისწინოს:
ა) სვლაგეზის მანძილი;
ბ) გზის საფარის მდგომარეობა;
გ) სამხედრო კოლონის შეჩერებების/შესვენებების რაოდენობა;
დ) სვლაგეზში სხვა ტრანსპორტის მიერთების შესაძლებლობა და ადგილები;
ე) სვლაგეზში არსებული სახიფათო მონაკვეთები;
ვ) დამატებითი აღჭურვილობის და საშულებების არსებობა, დასმული ამოცანის, ადგილმდებარეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
5. ტექნიკური გაუმართაობის გამო, სამხედრო კოლონიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების მოხსნის შემთხვევაში, სამხედრო კოლონის უფროსმა უნდა მოითხოვოს მისი შეცვლა. თუ შეცვლა შეუძლებელია, პირადი შემადგენლობა განლაგდება სხვა სატრანსპორტო საშუალებებში, დადგენილი წესის შესაბამისად.
6. აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო კოლონის ზედამხედველობისა და ეფექტური კონტროლის მიზნით, სამხედრო კოლონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო კოლონის უფროსის თანაშემწე, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო კოლონის უფროსს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 85🔗. პირადი შემადგენლობისა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვა საჰაერო გზით
საჰაერო გზით ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვა ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 86🔗. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური
1. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება თავის პირდაპირ უფროსს და სამხედრო ეშელონის/კოლონის უფროსს.
2. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური შესაძლებელია დანიშნული იქნეს ეშელონის ან კოლონის უფროსად, ამ შემთხვევაში, იგი ასრულებს სამხედრო ეშელონის ან კოლონის უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს.
3. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური:
ა) ამზადებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირად შემადგენლობას, შეიარაღებას, საბრძოლო და სხვა ტექნიკას, ასევე, ლოჯისტიკურ საშუალებებს გადასაყვანად/გადასაზიდად, ასევე, ანაწილებს მათ მოძრავ შემადგენლობაში (ვაგონებში/გემის სადგომებში);
ბ) უტარებს ინსტრუქტაჟს პირად შემადგენლობას გადაყვანის წესებისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ, აცხადებს სამხედრო ეშელონის ან კოლონის ნომერს, სამხედრო ეშელონის ან კოლონის უფროსის სამხედრო წოდებას და გვარს;
გ) სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს პირად შემადგენლობის გამოყოფას სადღეღამისო განწესში და სხვადასხვა ჯგუფებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფს პირად შემადგენლობას ვაგონებში (გემის სადგომებში) გათბობის სისტემის მომსახურებისათვის;
დ) პირადად ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის ჩასხდომას, გადაყვანასა და გადმოსხმას, უზრუნველყოფს საბრძოლო და სხვა ტექნიკისა და მატერიალურ საშუალებათა სწორად განლაგებას, დამაგრებას და შენიღბვას, კონტროლს უწევს მათ მდგომარეობას გზაში;
ე) დადგენილი წესით, ყარაულს დასაცავად აბარებს სამხედრო ეშელონით გადასაზიდ საბრძოლო და სხვა ტექნიკას, ასევე, მატერიალურ საშუალებებს;
ვ) გეგმავს და უზრუნველყოფს ქვედანაყოფის პირად შემადგენლობასთან მეცადინეობების ჩატარებას;
ზ) უზრუნველყოფს თავის დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის მიერ, სამხედრო დისციპლინას, გადაყვანა-გადაზიდვისა და უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვას, აგრეთვე, თვალყურს ადევნებს ვაგონების (გემის სადგომების) მოწყობილობის დაცვას.
მუხლი 87🔗. უსაფრთხოების წესები ქვედანაყოფის გადაყვანისას და ტვირთების გადატანისას
1. ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად, გადმოსატვირთად და გადასატვირთად განკუთვნილი სამხედრო/სპეციალური ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და შეესაბამებოდეს ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის წესის მოთხოვნებს. თხევად საწვავზე მომუშავე სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების გამოსაბოლქვი მილი აღჭურვილი უნდა იყოს ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობით, ასევე, დამიწების საშუალებით.
2. აკრძალულია სამხედრო ეშელონით და სამხედრო კოლონით იმ პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სამხედრო ეშელონს და კოლონას არ ეკუთვნის, გარდა შესაბამისი ნებართვის არსებობისა.
3. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებისას და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, იკრძალება:
ა) ღია ცეცხლით, ნავთისა და სანთლის ფარნით სარგებლობა გასანათებლად. ამ მიზნით, ნებადართულია მხოლოდ გამართული აკუმულატორული ან საბატარეიო ფარნის გამოყენება;
ბ) ჩირაღდნის, გაზის ან ელექტრული შედუღების გამოყენება;
გ) თამბაქოს მოწევა ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან გადატვირთვის ადგილიდან 100 მ-ზე ახლო მანძილზე;
დ) ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად, გადმოსატვირთად ან გადასატვირთად არ დაიშვება პირი, რომელსაც თან აქვს ასანთი, სანთებელა ან სხვა ნივთი, რამაც შეიძლება შექმნას საფრთხე.
4. სამხედრო ეშელონის და სამხედრო კოლონის პირად შემადგენლობას ეკრძალება:
ა) სატრანსპორტო ორგანიზაციების მოსამსახურეთა მუშაობაში ჩარევა;
ბ) მატარებლის, გემის შეკავება დგომისთვის გათვალისწინებულ დროზე მეტ ხანს;
გ) შესაბამისი კომანდის გაცემამდე, ვაგონში ჩასხდომა ან გადმოსხმა, გემბანზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე ასვლა ან ჩამოსვლა (გადმოხტომა);
დ) მატარებლის თვითნებური გაჩერება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის მატარებლის მოძრაობას ან ადამიანთა სიცოცხლეს;
ე) სამხედრო ეშელონისა და კოლონის შესახებ, ყველანაირი ინფორმაციის გავრცელება;
ვ) ვაგონების სახურავებზე, პლატფორმებზე, სამუხრუჭე ბაქნებზე, ასევე, მათზე განთავსებულ სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების კაბინებსა და ძარაში, საბრძოლო ტექნიკის კოშკურებში ყოფნა. რკინიგზის ელექტროფიცირებულ უბნებზე ლითონის საყრდენებისა და საკონტროლო ქსელის ჩამამიწებელ მოწყობილობებზეს ხელით შეხება, საკონტაქტო სადენთან ორ მეტრზე ახლოს მისვლა;
ზ) გემის სამსახურებრივ სადგომებში, გემის ჯგუფის სამუშაო ადგილებში, სამაშველო კანჯოებში ყოფნა, რაბების კედლებზე აცოცება;
თ) ვაგონის კარებში, გემის ბორტზე ჯდომა ან დგომა, ვაგონის კარების სახელურებზე დაყრდნობა;
ი) ვაგონებში (გემებზე) განათებისა და გათბობის გაუთვალისწინებელი სახეობების გამოყენება;
კ) აუცილებლობის გარეშე, რკინიგზის ლიანდაგებზე (ნავსადგურის, აეროპორტის ტერიტორიაზე) სიარული, სადგურების (ნავსადგურების, აეროპორტების) ტერიტორიის დანაგვიანება და კოცონის დანთება, ასევე, ტრანსპორტის ქონების უნებართვოდ აღება;
ლ) მოძრაობის დროს ვაგონიდან (გემიდან) რამის გადაგდება.
5. სამხედრო ეშელონის და სამხედრო კოლონის პირადი შემადგენლობა, ასევე, ასრულებს სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებით განსაზღვრულ უსაფრთხოების ზომებს.
თავი XII
განგაში
მუხლი 88🔗. განგაშის ორგანიზება
1. საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად ან საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია ქვედანაყოფში გამოცხადდეს განგაში.
2. მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება განგაშის გამოცხადებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.
3. განგაშის გამოცხადება უნდა შეთანხმდეს ზემდგომი ქვედანაყოფის მეთაურთან.
4. ქვედანაყოფში განგაშის გამოცხადებისას, ღამის საათებში ხორციელდება პირადი შემადგენლობის ადგომა, ხოლო დღის საათებში მათი შეკრება, ასევე, დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ქვედანაყოფში არმყოფი პირადი შემადგენლობის გამოძახება.
5. განგაშის გამოცხადებისას, საბრძოლო მზადყოფნაში მოდის ქვედანაყოფის მთელი პირადი შემადგენლობა, დადგენილი წესით.
მუხლი 89🔗. განგაშის გეგმა
1. განგაშით ქვედანაყოფის ადგომის/შეკრების გეგმას შეიმუშავებს, განგაშის გამოცხადებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური და ამტკიცებს ზემდგომი მეთაური. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სიგნალები, მათი მიღებისა და მოქმედების წესები;
ბ) ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის შეტყობინების და შეკრების წესი;
გ) ქვედანაყოფის მორიგისა და სადღეღამისო განწესის სხვა პირთა მოვალეობები;
დ) შეკრების რაიონი, ქვედანაყოფთა შეკრების პუნქტები და მათში პირადი შემადგენლობის გასვლის, საბრძოლო და სხვა ტექნიკის გაყვანის წესი;
ე) თავმოყრის რაიონები და მასში ქვედანაყოფთა განლაგების ადგილები, აგრეთვე, თავმოყრის რაიონში გადაადგილების გზები და წესები;
ვ) განგაშის გამოცხადების შემდეგ ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დაცვის წესი;
ზ) საჰაერო თავდაცვის, მასობრივი დაზიანების იარაღისაგან თავდაცვის ორგანიზებისა და შენიღბვის ზომები, აგრეთვე, ქვედანაყოფის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები;
თ) შეკრების/თავმოყრის რაიონში გასვლის დროს მართვის, კონტროლისა და კავშირის ორგანიზების წესი;
ი) საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების გატანის წესი;
კ) დროშების გატანის წესი;
ლ) იარაღის, საბრძოლო მასალების, სურსათისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გაცემის, აგრეთვე, მათი დატვირთვისა და შეკრების/თავმოყრის რაიონში გატანის წესი;
მ) სხვა საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებები საჭიროებიდან გამომდინარე.
2. განგაში შეიძლება იყოს სასწავლო.
3. ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ უნდა იცოდეს განგაშით გამოცხადების შემთხვევაში მოქმედების წესები.
თავი XIII
სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვა
მუხლი 90🔗. ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი წესი
1. სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვა მიიღწევა სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით, პრევენციული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობით, ასევე, პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობით.
2. თითოეული სამხედრო მოსამსახურე, მკაცრად უნდა იცავდეს პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესებს და ყოველდღიურად იკაჟებდეს ორგანიზმს.
3. წლის ცივ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეთა გადაცივებისა და მოყინვის, ხოლო, წლის ცხელ პერიოდში კი ორგანიზმის გადახურების, მზით დამწვრობისა და სითბური დაკვრის პრევენციულ ღონისძიებებს.
4. პირადი ჰიგიენის წესების შესრულება მოიცავს:
ა) ხელ-პირის დაბანას და შხაპის მიღებას სათანადო სიხშირით;
ბ) პირის დროულ გაპარსვას, ფრჩხილებისა და ვარცხნილობის რეგულარულ მოწესრიგებას;
გ) საცვლების, წინდებისა და საწოლის თეთრეულის დროულ გამოცვლას;
დ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მოვლას.
5. საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები მოიცავს:
ა) სისუფთავის დაცვას საძინებელში, საპირფარეშოებსა და საერთო სარგებლობის სხვა ოთახებში;
ბ) ოთახების რეგულარულად განიავებას;
გ) სისუფთავის დაცვას საზოგადოებრივ ადგილებში, ქვედანაყოფის განლაგების ტერიტორიაზე.
6. ყველა სამხედრო მოსამსახურის ვარცხნილობა უნდა იყოს დადგენილი წესის შესაბამისი.
მუხლი 91🔗. სააბანოვე-სამრეცხაო მომსახურება
1. საველე პირობებში, პირადმა შემადგენლობამ აუცილებელია მიიღოს შხაპი კვირაში არანაკლებ ორჯერ.
2. აბანოში დადგენილი წესრიგის სამეთვალყუროდ, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი.
3. აბანოს შენობა ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს და ჩატარდეს დეზინფექცია დადგენილი წესით.
4. საწოლის თეთრეული, პირსახოცები, საცვლები უნდა გამოიცვალოს არანაკლებ კვირაში ერთხელ. ტანსაცმელი ირეცხება სამრეცხაოებში დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 92🔗. ქვედანაყოფის ახალწვეულთა სანიტარიული მომსახურება
1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები და/ან რეკრუტები საკარანტინო პერიოდში უნდა განთავსდნენ ქვედანაყოფის ძირითადი პირადი შემადგენლობისგან განცალკევებულად. ამ პერიოდში, მიმდინარეობს მათი სამედიცინო მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაცია, მათთვის შესაბამისი ზომის სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაცემა. ამასთან, მათ ძირითად საბრძოლო მომზადებასთან ერთად, უტარდებათ საინფორმაციო მეცადინეობები პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის საკითხებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეების პირადი ნივთები (საცვლები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელი და სხვა) უნდა შეიფუთოს და შეინახოს ქვედანაყოფში გამოყოფილ სპეციალურ სათავსოში ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
მუხლი 93🔗. სამედიცინო გამოკვლევა და გასინჯვა
1. სამედიცინო გამოკვლევა ტარდება სამხედრო მოსამსახურთა ფიზიკური განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით, ცალკეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით. ქვედანაყოფში ტარდება სამხედრო მოსამსახურეთა გეგმური სამედიცინო შემოწმება და/ან გამოკვლევა, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და წესით. გამოკვლევები ტარდება შესაბამისი სამედიცინო სამსახურისა და განსაზღვრული პირების მიერ.
2. სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება პირადი შემადგენლობა:
ა) პროფილაქტიკური აცრების ჩატარების წინ;
ბ) არახელსაყრელი ფაქტორების შესაძლო ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას;
გ) ავადმყოფობის გამო შვებულებიდან დაბრუნებისას;
3. აკრძალულია ქვედანაყოფში სამედიცინო გამოკვლევისა და/ან შემოწმების დანიშვნა უქმე და დასვენების დღეებში, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა.
4. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას სამედიცინო გამოკვლევისა და/ან შემოწმებისათვის სამედიცინო პერსონალთან წარადგენს ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
5. პირადი შემადგენლობის სამედიცინო გამოკვლევისა და შემოწმების შედეგები ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალს შეაქვს სამედიცინო წიგნაკში. სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო მეთვალყურეობა, აღრიცხვაზე იქნენ აყვანილნი და პერიოდულად ჩაუტარდეთ საკონტროლო სამედიცინო გამოკვლევა ან შემოწმება.
6. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც რაიმე მიზეზით სამედიცინო გამოკვლევა ან შემოწმება არ ჩატარებია, ამ მიზნით იგზავნება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში პირველივე შესაძლებლობისთანავე.
7. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის სამედიცინო გამოკვლევის ან შემოწმების შედეგებს, აგრეთვე, საჭირო გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისათვის აუცილებელ წინადადებებს ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი წარუდგენს ქვედანაყოფის მეთაურს.
მუხლი 94🔗. პროფილაქტიკური აცრები
1. პირად შემადგენლობას ვაქცინაცია უტარდება ეპიდჩვენების მიხედვით, ინფექციურ დაავადებათა პრევენციის მიზნით.
2. ვაქცინაცია იგეგმება ეპიდემიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ხოლო, საზღვარგარეთ სასწავლებლად სამხედრო მოსამსახურის წარგზავნის შემთხვევაში, მიმწვევი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად.
3. სამხედრო მოსამსახურეები ვაქცინაციისგან დროებით ან სრულად თავისუფლდებიან მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
4. ჩანაწერები ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ აღინიშნება შესაბამის დოკუმენტაციაში.
მუხლი 95🔗. სამედიცინო-პროფილაქტიკური დახმარება
1. სამხედრო მოსამსახურემ ავადმყოფობის შემთხვევაში, უნდა აცნობოს უშუალო უფროსს და მისი ნებართვით მიმართოს სამედიცინო სამსახურს. ქვედანაყოფის მეთაური ვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩივილების შემთხვევაში, იზრუნოს მის სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნაზე.
2. შემოწმების შემდგომ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ხდება სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალიზაცია ან ამბულატორული მკურნალობის დანიშვნა. ქვედანაყოფებში, სადაც შტატით არ არის გათვალისწინებული ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, საშუალო ან უმცროსი სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, პაციენტი იგზავნება ექიმთან საკონსულტაციოდ.
3. ქვედანაყოფის ექიმის დასკვნის საფუძველზე, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან ექიმის გადაწყვეტილებით მოთავსდეს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.
4. ქვედანაყოფში ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალს კავშირი აქვს ზემდგომ სამედიცინო რგოლთან. მოსახლეობაში ეპიდემიურ და სხვა მასობრივ დაავადებათა წარმოშობის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პირად შემადგენლობას, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი ახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს და ახორციელებს საჭირო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.
5. ქვედანაყოფში ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების აღმოჩენისას, სამედიცინო პერსონალი დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს, უზრუნველყოფს დაავადებულთა ადრეულ გამოვლენას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პირადი შემადგენლობის იზოლაციასა და ჰოსპიტალიზაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, დაკვირვებას დაავადებულებთან კონტაქტში მყოფ პირებზე და აძლიერებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. ქვედანაყოფში შეიძლება გამოცხადდეს კარანტინი, შეწყდეს ან შეიზღუდოს კონტაქტი მოსახლეობასთან, განლაგების შიგნით აიკრძალოს შეკრებები და მასობრივი ღონისძიებები, მოეწყოს დამატებითი იზოლატორები, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და ა.შ.
6. ტაქტიკური საველე სწავლებების ჩატარებისას, ეწყობა სწავლების მარშრუტებისა და მოქმედების რაიონების სამედიცინო დაზვერვა.
7. ერთ სივრცეში მყოფ ან ერთად მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა შორის, გადამდები დაავადების გაჩენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ თავის უშუალო უფროსს და მხოლოდ მისი ნებართვით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, შეუძლია განაგრძოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
8. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-საექიმო კომისიაზე იგზავნება მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით.
9. პაციენტების ამბულატორული მიღება ხდება სამედიცინო პუნქტში, ლაზარეთში და სამხედრო ჰოსპიტალში, შესაბამისი განრიგით გათვალისწინებულ საათებში.
10. სამედიცინო პუნქტში/ლაზარეთში პირადი შემადგენლობა იგზავნება ავადმყოფთა ჩაწერის წიგნით, ხოლო, ჰოსპიტალში სამედიცინო წიგნაკით და მიმართვით.
11. ავადმყოფთა გასინჯვისა და სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს შეაქვს შესაბამისი ინფორმაცია ავადმყოფთა სამედიცინო წიგნაკში და/ან ავადმყოფთა ჩაწერის წიგნში. ქვედანაყოფში დაბრუნების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე ავადმყოფის ჩაწერის წიგნს წარუდგენს ქვედანაყოფის მორიგეს, ექიმის ჩანაწერის საფუძველზე ქვედანაყოფის მეთაური ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
12. სამხედრო მოსამსახურე ჰოსპიტლიდან ან ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ცხადდება ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალთან და ბრუნდება შესაბამის ქვედანაყოფში.
მუხლი 96🔗. სტაციონარული მკურნალობა
1. სტაციონარული მკურნალობისათვის ქვედანაყოფის გარეთ სამხედრო მოსამსახურეები იგზავნებიან ექიმის გადაწყვეტილებით, ხოლო, გადაუდებელი დახმარების გასაწევად ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მიერ, რაც ამავე დროს მოხსენდება ქვედანაყოფის ზემდგომ სამედიცინო პერსონალს და ქვედანაყოფის მორიგეს.
2. მძიმე ავადმყოფთა თანმხლებად გამოიყოფა სამედიცინო პერსონალი.
3. ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურის მოთავსებისა და მკურნალობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის გამოჯანმრთელების შემდეგ, ჰოსპიტლიდან გამოწერის შესახებ, იმავე დღეს უნდა ეცნობოს შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურს.
4. გამოჯანმრთელებული სამხედრო მოსამსახურეები ჰოსპიტლიდან იგზავნებიან თავიანთ ქვედანაყოფებში შესაბამისი დოკუმენტებით.
თავი XIV
სამხედრო ფიცის დადება
მუხლი 97🔗. სამხედრო ფიცის დადების ორგანიზება
1. სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოს მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.
2. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი (რომელსაც ადრე არ დაუდია სამხედრო ფიცი) ფიცს დებს ზეპირად, ქართულ ენაზე და საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს მინისტრის მიერ დამტკიცებულ ინდივიდუალურ ბარათში.
3. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცს დებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
4. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცის დადებამდე, უნდა გაეცნოს ჯარისკაცის უფლება-მოვალეობებს და სამხედრო ფიცის მნიშვნელობას.
5. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცს, როგორც წესი, დებს საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაშვებია სამხედრო ფიცის დადება აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშეც.
6. სამხედრო ფიცის დადების დროს და ადგილს განსაზღვრავს ზემდგომი ქვედანაყოფის მეთაური. სამხედრო ფიცის დადების დღე სადღესასწაულოა.
მუხლი 98🔗. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია
1. სამხედრო ფიცის დადების აღსანიშნავად ტარდება სამხედრო ცერემონია.
2. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო ფიცი სხვადასხვა მიზეზის გამო სამხედრო ცერემონიაზე არ დაუდია, სამხედრო ფიცს დადებს შემდგომ დღეებში, სამხედრო ცერემონიის ჩატარების გარეშე, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის თანდასწრებით.
3. სამხედრო ფიცის დადების სამხედრო ცერემონია შესაძლებელია ჩატარდეს ისტორიულ ადგილებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ მეომართა საფლავებთან ან/და მემორიალთან.
4. სამხედრო ფიცის დადების სამხედრო ცერემონია მოიცავს:
ა) ქვედანაყოფის მოწყობას;
ბ) წარდგენას და პატივის მიგებას;
გ) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას;
დ) სიტყვით მიმართვას;
ე) ფიცის დადებას;
ვ) მისალოცი სიტყვის წარმოთქმას;
ზ) საზეიმო მარშს;
თ) ცერემონიის დასასრულს.
5. სამხედრო ფიცის დადების სამხედრო ცერემონიის ფარგლებში, შესაძლოა გაერთიანებული იყოს სამხედრო მოსამსახურეებისათვის ჯილდოების გადაცემისა და წახალისების ღონისძიება, სამხედრო მოსამსახურის რეზერვში დათხოვნა, აგრეთვე, ქვედანაყოფის საბრძოლო აღჭურვილობის, ტექნიკის, შეიარაღების გამოფენა და საზეიმო სადილი.
6. ქვედანაყოფების მოწყობა, წარდგენა და პატივის მიგება სრულდება სამწყობრო წესდების შესაბამისად. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიისთვის მწყობრის შერჩევა დამოკიდებულია თავისუფალ სივრცესა და ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებაზე.
7. ქვედანაყოფის მეთაურს უფლება აქვს შეცვალოს სამხედრო ცერემონიებისათვის დადგენილი მწყობრი და დადგენილი დისტანცია, რათა მწყობრი მოერგოს ადგილობრივ ვითარებას.
8. სამხედრო ფიცის დადების სამხედრო ცერემონია შეიძლება ჩატარდეს შენობაში. ამ შემთხვევაში, საზეიმო მარში და ცერემონიის დასასრული არ ჩატარდება.
9. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეულმა ზემდგომმა მეთაურმა, საპატიო სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა (ახლო ნათესავებმა) უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილი. მოწვეულმა სტუმრებმა, ცერემონიის დასრულებამდე, თავი უნდა შეიკავონ სამხედრო მოსამსახურეთა მისალმებისა და მოკითხვისაგან. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვეულმა ზემდგომმა მეთაურმა და საპატიო სტუმრებმა, ადგილები უნდა დაიკავონ სახით ფიცის დამდები ქვედანაყოფისაკენ.
10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები, უნდა შესრულდეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მაგრამ, სამხედრო მოსამსახურეებთან სიტყვით მიმართვამდე.
11. ქვედანაყოფის მეთაური სიტყვით მიმართვის შემდეგ გასცემს კომანდას „სააღლუმოდ, თავისუფლად!“ და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მეთაურებს აძლევს დირექტივას, რათა სამხედრო მოსამსახურეები შეუდგნენ სამხედრო ფიცის დადებას.
12. სამხედრო ფიცის ინდივიდუალურად დადების დროს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვედანაყოფების მეთაურები მწყობრიდან რიგ-რიგობით იძახებენ. მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე ხმამაღლა წარმოთქვამს სამხედრო ფიცის ტექსტს და ხელს აწერს ინდივიდუალურ ბარათში, რის შემდეგაც შესაბამის კომანდაზე ბრუნდება მწყობრში.
13. სამხედრო ფიცის ჯგუფურად დადების დროს, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, გამოყოფილი სამხედრო მოსამსახურე დგება სახით მწყობრისკენ და წარმოთქვამს სამხედრო ფიცის თითოეულ სტროფს, რომელსაც მწყობრში მდგომი სამხედრო მოსამსახურეები ერთხმად იმეორებენ. ფიცის დადების ცერემონიის დამთავრების შემდეგ, ქვედანაყოფის განლაგების ადგილზე დაბრუნებისას, თითოეული სამხედრო მოსამსახურე ხელს აწერს ინდივიდუალურ ბარათში.
14. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო და ქვედანაყოფის დროშები ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით.
15. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ცერემონია გრძელდება მისალოცი სიტყვის წარმოთქმით.
16. მისალოცი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, შეიძლება შესრულდეს საზეიმო მარში და ცერემონია დასრულდეს ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით.
თავი XV
სამხედრო მოსამსახურეთა განთავსება
მუხლი 99🔗. შენობებში განთავსება
1. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებულ ყველა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ტერიტორიას ანაწილებს და ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებზე ამაგრებს ქვედანაყოფის მეთაური.
2. სამხედრო მოსამსახურეები განთავსდებიან ყაზარმებში.
3. ყაზარმაში შეიძლება გამოიყოს:
ა) საძინებელი ოთახ(ებ)ი;
ბ) ბრიფინგის ოთახი;
გ) ოთახი კანცელარიისათვის;
დ) სამუშაო ოთახები;
ე) საიარაღო ოთახი;
ვ) საკუჭნაო, ასეულის ქონებისა და სამხედრო მოსამსახურეთა პირადი ნივთების შესანახად;
ზ) საპირფარეშო და ხელსაბანი ოთახი, ასევე საშხაპეები;
თ) იარაღის გასაწმენდი ოთახი (ადგილი);
ი) სარეცხი მანქანებით და საშრობებით აღჭურვილი სამრეცხაო ოთახი;
კ) ქვედანაყოფების საჭიროებიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა ოთახები.
4. ყველა ქვედანაყოფში მეცადინეობების ჩასატარებლად ეწყობა სათანადო საკლასო ოთახები.
5. საძინებელ ოთახებში, პირადი შემადგენლობის განლაგებისათვის, გამოიყოფა 2,5-4 მ2 ფართობი თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე. ამასთან, ჰაერის მოცულობა ერთ კაცზე უნდა იყოს არანაკლებ 9-12 კუბური მეტრისა.
6. სველ წერტილებში, საპირფარეშო უნდა მოეწყოს 10-12 პერსონაზე ერთი კაბინა. 5-7 პერსონაზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი ხელსაბანი, ხოლო ყოველ 12-15 პერსონაზე ერთი საშხაპე. სველი წერტილები აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი და დამოუკიდებელი ხელოვნური ვენტილაციის სისტემით. საშხაპეები და ხელსაბანები შეიძლება მოეწყოს აგრეთვე, ყაზარმის გარეთ სახელოსნოებთან, პარკში და სასადილოებში.
7. იმ შემთხვევაში, თუ წყალსადენი მილები არ არის გაყვანილი, უნდა დაიდგას ჩასასხმელი ხელსაბანები, რომლებშიც წყალი მთელი დღე-ღამის განმავლობაში უნდა იყოს. ახალი წყლის ჩასხმამდე, შიგნით დარჩენილი წყალი უნდა გადმოიღვაროს საამისოდ განკუთვნილ ადგილებში და ხელსაბანები უნდა გაიწმინდოს.
8. საყოფაცხოვრებო მომსახურების ოთახი უნდა მოეწყოს ტანსაცმლის დასაუთოებელი მაგიდებით, სარკეებით, სხვა საჭირო ინვენტარით და ხელსაწყოებით.
9. აკრძალულია ცხოვრება სასადილოებში, საქვაბეებში, საწარმოო და სასაწყობე შენობებში, კლუბებში, პარკებსა და ანგარებში, აგრეთვე სასწავლო შენობებში.
10. საძინებელ ოთახებში საწოლები ისე უნდა დაიდგას, რომ თითოეულის ან ორი ერთმანეთთან მიდგმული საწოლის მახლობლად დარჩეს საწოლთან მისადგმელი ტუმბოს (ინდივიდუალური კარადის) ადგილი, ხოლო, საწოლების მწკრივთა შორის იყოს პირადი შემადგენლობის მოსაწყობად საჭირო თავისუფალი ადგილი. საწოლები უნდა დაიდგას კედლებიდან არა უახლოეს 50 სანტიმეტრის დაშორებით, სწორების ზუსტი დაცვით. საწოლები უნდა იყოს ერთნაირი (სტანდარტული). საძინებელ ოთახებში საწოლების განლაგება შეიძლება ერთ ან ორ იარუსად.
11. საწოლებთან მდგარი ტუმბო (ინდივიდუალური კარადა) გამოიყენება პირადი ჰიგიენის ნივთების და დოკუმენტების შესანახად.
12. ყაზარმაში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების ლოგინი უნდა შედგებოდეს საბნის, ლეიბის, ბალიშისა და მათი პირებისგან. ლოგინები უნდა იყოს ერთნაირად გასწორებული.
13. ყაზარმებში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს იმ სამხედრო მოსამსახურეთა სურათები, რომლებმაც გამოიჩინეს გმირობა, გმირული საქციელის აღწერით.
14. ინდივიდუალური კარადები შეიძლება დაიდგას საძინებელი ოთახის გარეთ. ისინი მიემაგრება სამხედრო მოსამსახურეს და აღინიშნება იარლიყით, რომელზეც ნაჩვენებია მისი სამხედრო წოდება, სახელი და გვარი. ინდივიდუალურ კარადებში ინახება სამხედრო მოსამსახურეთა აღჭურვილობა, ტანსაცმელი და პირადი ნივთები. აკრძალული ნივთების ჩამონათვალი დგინდება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ და ტარდება პერიოდული შემოწმებები.
მუხლი 100🔗. საიარაღო ოთახი
1. საიარაღო ოთახის მოწყობა და იარაღის შენახვის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. საირაღო ოთახს, როგორც წესი, იცავს ქვედანაყოფის მორიგე და თანაშემწე, განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, დასაშვებია საიარაღო ოთახის დაცვა ყარაულის ან უსაფრთხოების ჯგუფის მიერ.
3. განწესის დანიშვნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, განისაზღვრება დაცვის მეთოდები, საშუალებები და საიარაღო ოთახში მოქმედების წესი განგაშის გამოცხადების დროს, ასევე, საგანგებო და განსაკუთრებულ შემთხვევებში, საიარაღო ოთახის ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები, ხმოვანი სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში მოქმედების წესები.
4. ორი ან მეტი ქვედანაყოფისთვის შეიძლება მოეწყოს ერთი საიარაღო ოთახი. ამ შემთხვევაში, მათი ზემდგომი მეთაურის მიერ, განისაზღვრება საიარაღო ოთახზე პასუხისმგებელი პირი. ასევე, ქვედანაყოფი, რომლიდანაც განწესდება საიარაღო ოთახზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის მორიგე და შემუშავდება იარაღის აღრიცხვიანობის, მიღება-ჩაბარებისა და შემოწმების პროცედურები. ქვედანაყოფებმა, რომელთაც აქვთ მცირე რაოდენობის შეიარაღება, იარაღისა და საბრძოლო მასალების შესანახად შეიძლება გამოიყენონ იარაღის შესანახი ყუთები, რომლებიც დაიკეტება, დაილუქება და მიემაგრება იარლიყი შესაბამისი ქვედანაყოფის დასახელებით.
5. ქვედანაყოფის შტაბის პირადი შემადგენლობის იარაღი, საბრძოლო მასალები და აღჭურვილობა, შეიძლება შენახულ იქნეს ქვედანაყოფის შტაბის შენობაში არსებულ საიარაღო ოთახში ან ამ ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით სხვა დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში.
მუხლი 101🔗. შენობათა მოვლა-პატრონობა
1. სამხედრო ბაზებზე ყველა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, აგრეთვე, ტერიტორია უნდა იყოს დასუფთავებული და წესრიგში მოყვანილი. თითოეული ქვედანაყოფის მეთაური პასუხს აგებს შენობა-ნაგებობების სწორად გამოყენებაზე, მოწყობილობის, ინვენტარისა და ავეჯის მოვლა-პატრონობაზე.
2. შენობებში ყველა ოთახი უნდა დაინომროს, თითოეული ოთახის შესასვლელი კარის გარეთა მხარეს გამოიკრას აბრა, რომელზეც აღინიშნება ოთახის ნომერი და მისი დანიშნულება. თითოეული ოთახის შიგნით უნდა გამოიკრას იქ არსებული ქონების (ავეჯის), ინვენტარისა და მოწყობილობის ნუსხა. ოთახის ავეჯი, ინვენტარი და მთელი მოწყობილობა ინომრება და აღირიცხება დადგენილი წესით.
3. ავეჯი, ინვენტარი და მოწყობილობა ერთი ქვედანაყოფიდან მეორეს გადაეცემა ზემდგომი მეთაურის ნებართვით.
4. შენობაში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფაზე უნდა გამოიკრას დღის განრიგი, მეცადინეობათა ცხრილი, განწესის გრაფიკები და შინაგან სამსახურთან დაკავშირებული სხვა ინსტრუქციები.
5. შენობის გარეთა შესასვლელებთან უნდა დაიდგას ფეხსაცმლის გასაწმენდი მოწყობილობა, თამბაქოს მოსაწევ ადგილებში წყლიანი ურნები, ხოლო, შენობაში საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ნარჩენებისათვის განკუთვნილი კონტეინერები.
6. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა იყოს გამწვანებული, ასევე, დასუფთავებული და მოწესრიგებული, ღამით განათებული, ხოლო ტერიტორია შემოღობილი. ტერიტორია უნდა იყოს უბნებად დაყოფილი და განაწილებული ქვედანაყოფებს შორის. მუნიციპალური ნარჩენები უნდა მოგროვდეს კონტეინერებში, რომელიც უნდა იყოს თავდახურული და მათი დაცლა უნდა ხდებოდეს დროულად.
7. ყოველდღიურად, ქვედანაყოფზე მიმაგრებული შენობებისა და ტერიტორიების დასასუფთავებლად, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობიდან შეიძლება გამოიყოს შესაბამისი განწესი. მათ შეიძლება დაევალოთ საცხოვრებელი ყაზარმების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენის მითითებულ ადგილზე გატანა, წყლის მარაგის შევსება და სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოები. ისინი მეცადინეობიდან არ თავისუფლდებიან. შენობაში სისუფთავის დაცვაზე კონტროლი ეკისრება სადღეღამისო განწესს.
8. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, აუცილებელია კვირაში ერთხელ ყველა შენობისა და ტერიტორიის საერთო დასუფთავება.
9. სასადილოებში უნდა იყოს სრული წესრიგი და სისუფთავე.
10. შენობის სხვენი და სარდაფები იკეტება, მათი გასაღებები ინახება იმ ქვედანაყოფის მორიგესთან, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შენობის მოვლა-პატრონობაზე. ზამთარში შენობათა სამერცხულები უნდა ჩაიკეტოს, ხოლო ზაფხულში გაიღოს, ამასთან, ისინი სპეციალური გისოსებით ან წვრილი ბადეებით უნდა იყოს დაცული.
11. შენობაში საპირფარეშოს უნდა ჰქონდეს ვენტილაცია და განათება. საპირფარეშოების სისუფთავეზე მეთვალყურეობა ეკისრება ქვედანაყოფის მორიგეს.
12. გარე საპირფარეშოები დროულად უნდა დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია.
13. შესაბამისი ნებართვის გარეშე, აკრძალულია შენობების ხელახლა დაგეგმარება, არსებულ ნაგებობათა დაშლა, ახლის აგება, რემონტი და სხვა სამუშაოების ჩატარება.
14. საყაზარმო შენობებში მწყობრის ფეხაწყობილი სიარული აკრძალულია.
მუხლი 102🔗. შენობების გათბობა
1. შენობის გათბობის პერიოდის დაწყება-დამთავრება დამოკიდებულია წელიწადის დროზე და ამინდზე. შენობაში გათბობისა და გაგრილების სისტემა ირთვება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, დადგენილი წესით.
2. ყველა საქვაბე, ცენტრალური გათბობის სისტემა, ღუმელი და კვამლსადენი, გათბობის პერიოდის დაწყებამდე, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს, გაიწმინდოს, ხოლო გაუმართავი შეკეთდეს.
3. ქვედანაყოფში გათბობის სისტემის მეთვალყურეობა ევალება შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამსახურს.
4. ოთახებში ტემპერატურა მიზანშეწონილია იყოს არანაკლებ +18°C და არაუმეტეს +22°C. საცხოვრებელ ოთახებში ტემპერატურის კონტროლი ევალება ქვედანაყოფის სერჟანტსა და ქვედანაყოფის მორიგეს. თერმომეტრები ოთახებში უნდა დაიკიდოს შიდა კედლებზე, გამათბობელი ხელსაწყოებისაგან მოშორებით, იატაკიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე.
5. აკრძალულია გაუმართავი ღუმელებით სარგებლობა, ღუმელების დასანთებად საწვავი სითხეების გამოყენება, დანთებული ღუმელების უმეთვალყურეოდ დატოვება, ღუმელებში ან ღუმელებთან სათბობი საშუალებების (შეშის და სხვ.) შრობა და საცხოვრებელ ოთახებში მისი შენახვა, აგრეთვე, შეშის დაწვა და დახერხვა ოთახებში, დერეფნებსა და კიბეებზე.
6. გათბობის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყველა ღუმელი და კვამლსადენი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს და დათვალიერდეს, ამის შემდეგ, ღუმელების კარები უნდა დაიპლომბოს და დაილუქოს.
7. შენობაში (კარავში) ღუმელებით სარგებლობისას, ქვედანაყოფის მეთაური ნიშნავს მეცეცხლურ(ებ)ს, რომელმაც უნდა იცოდეს ღუმელების დანთებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, მეცეცხლურის ფუნქცია შეიძლება შეითავსოს განწესის შემადგენლობამ.
მუხლი 103🔗. შენობების განიავება
1. ყაზარმებში ოთახების განიავებას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე, ქვედანაყოფის მორიგის მეთვალყურეობით. საძინებელი ოთახების განიავება ძილის წინ და ძილის შემდეგ აუცილებელია, საკლასო ოთახების მეცადინეობების დაწყების წინ და შესვენებისას. შტაბებში სამუშაო და სხვა ოთახები უნდა გაანიავოს იქ მომუშავე პერსონალმა.
2. საწყობები, სათავსოები, სარდაფები და სხვა დახურული სივრცეები ეწყობა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი განიავება. განიავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იქ მომუშავე ან მიმაგრებულ პერსონალს.
3. შენობა-ნაგებობების სავენტილაციო სისტემებმა უნდა იმუშაოს ამ სისტემებზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. არსებული სავენტილაციო სისტემები მუდამ გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
მუხლი 104🔗. განათება
1. განათების სისტემა ქვედანაყოფის საერთო უსაფრთხოების მოთხოვნებზეა დამოკიდებული. ქვედანაყოფის პერიმეტრისა და შენობა-ნაგებობების განათების საჭიროებებს, ასევე, განათების წესს, არსებული პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.
2. ყაზარმის შესასვლელთან იარაღის შესანახ ოთახში, სამორიგეო ოთახში, დერეფანში, კიბეებსა და საპირფარეშოში სიბნელის დადგომიდან გათენებამდე ჩართული უნდა იყოს განათება.
3. დაწესებული განათებისა და შუქის დროულად ანთება-ჩაქრობის მიმართ მეთვალყურეობა ეკისრებათ მორიგეებსა და მათ თანაშემწეებს.
4. განათება იყოფა, უსაფრთხოების განათებად და სამუშაო განათებად.
5. უსაფრთხოებისათვის იყენებენ ოთხი ტიპის განათებას, ესენია: უწყვეტი განათება, ლოდინის რეჟიმის განათება, პორტატული განათება და სათადარიგო განათება.
ა) უწყვეტი განათება არის ფიქსირებული სინათლის სერია, რომელიც სიბნელის დროს კონუსისებური გამოსხივებით უწყვეტად ეფინება მოცემულ ზონას;
ბ) ლოდინის რეჟიმის განათება იგივეა, რაც უწყვეტი განათება, იმ განსხვავებით, რომ სანათები მუდმივად არ არის ჩართული, ისინი ან ავტომატურად ირთვება ან ხელით რთავენ, როდესაც უსაფრთხოების ჯგუფი ან განგაშის სისტემა საეჭვო მოქმედებას დააფიქსირებს;
გ) პორტატული განათება შედგება ხელით მართული მოძრავი პროჟექტორებისაგან, რომლებსაც სიბნელეში ან სხვა საჭიროების მიხედვით ანთებენ. ამ ტიპის განათებას, როგორც წესი, უწყვეტი ან ლოდინის რეჟიმის განათების დამხმარე საშუალებად იყენებენ;
დ) სათადარიგო განათება განათების ისეთი ტიპია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ზემოაღნიშნული ყველა ან რომელიმე ტიპის განათება. მას მაშინ რთავენ, როდესაც ელექტროენერგია ითიშება ან მოქმედი განათება მწყობრიდან გამოდის. სათადარიგო განათება მუშაობს ალტერნატიულ კვების წყაროზე, როგორიცაა, დამონტაჟებული ან ხელით გადასატანი გენერატორები ან აკუმულატორები.
6. უსაფრთხოების განათება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სადღეღამისო განწესს სამსახურის შესრულებაში, ასევე, პერსონალისა და ქონების დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად.
7. უსაფრთხოების განათება, როგორც წესი, უნდა დამონტაჟდეს ყაზარმებში, შტაბებში, სასაწყობე რაიონებში, ავტოპარკებში, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის კვანძებში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობებში და მათ პერიმეტრზე.
8. უსაფრთხოების განათებისთვის უნდა დამონტაჟდეს სათადარიგო კვების წყარო და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემა. სათადარიგო კვების წყარო ყოველთვის უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და დაცული პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედებისაგან.
9. შენობა-ნაგებობებში სამუშაო განათება ირთვება და ითიშება განსაზღვრულ დროს იქ მომუშავე პერსონალის მიერ, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პირის მეთვალყურეობით.
10. თითოეული შენობის ან პერიმეტრის განათების დაგეგმვისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის დამახასიათებელი ფაქტორები, კერძოდ, მისი განლაგება, ადგილმდებარეობა, ატმოსფერული და კლიმატური პირობები, ასევე, უსაფრთხოების მოთხოვნები.
11. ელექტროსადენების წრედი ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ ერთი ნათურის დაზიანებამ არ გამოიწვიოს პერიმეტრის ზოლის დიდი ნაწილის, მნიშვნელოვანი ან დაუცველი პოზიციის დიდი ფართობის ჩაბნელება. ფიდერის ხაზები მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს (ან გადაიჭიმოს თავს ზემოთ, პერიმეტრის სიღრმეში), რათა შემცირდეს მისი დაზიანების საფრთხე და მასზე ცუდი ამინდის პირობების გავლენა.
12. პერიოდულად საჭიროა ყველა ელექტროწრედის შემოწმება, ძველი ნაწილების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება, სადენების გაჭიმვა და იზოლაციის შემოწმება. აპარატურა ყოველთვის გაწმენდილი და სათანადოდ მომართული უნდა იყოს. ქვესადგურები უნდა განთავსდეს კონტროლირებულ ზონაში და სათანადოდ უნდა უზრუნველყოფდეს განათების მთელი სისტემის მომარაგებას.
13. ავარიის ან სხვა მიზეზების გამო ელექტროგანათების დროებით გათიშვის შემთხვევაში, ქვედანაყოფთა მორიგეებს უნდა ჰქონდეთ სათადარიგო განათება, რომელთა მოწყობისა და ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.
თავი XVI
დროის განაწილება და ყოველდღიური წესრიგი
მუხლი 105🔗. დროის განაწილება და ყოველდღიური წესრიგი
1. ქვედანაყოფის მეთაური ამტკიცებს ქვედანაყოფის დღის განრიგს, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამწყობრო დათვალიერების დრო;
ბ) მეცადინეობებზე დაგზავნის დრო;
გ) მეცადინეობების ხანგძლივობა;
დ) საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო;
ე) შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის მოვლის დრო;
ვ) ფიზიკური ვარჯიშის დრო;
ზ) თვითმომზადების დრო;
თ) შესვენების დრო;
ი) დღის განმავლობაში განსახორციელებელი სხვა სახის ღონისძიებები.
2. ქვედანაყოფში მყოფ პირად შემადგენლობას, გარდა სადღეღამისო განწესისა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ეძლევა არანაკლებ რვა საათი ძილისათვის. საგანგებო/საომარი მდგომარეობის და საგანგებო სიტუაციის დროს, ასევე, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე (ყაზარმულ მდგომარეობაზე) ყოფნის დროს, პირადი შემადგენლობის დასვენების დროს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.
3. ცალკეულ სამუშაოებზე მიზიდული პირადი შემადგენლობის მიერ, შესვენების წესს განსაზღვრავს სამუშაოების შემსრულებელი ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შესვენების დრო გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
5. დღის განრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები იწყება სამუშაოს დაწყების დროს და მთავრდება სამუშაო საათების დასრულებისთანავე.
6. საკვების მიღებას შორის შუალედები არ უნდა აღემატებოდეს შვიდ საათს. საკვების მიღების შემდეგ, პირად შემადგენლობას უნდა მიეცეს არანაკლებ 30 წუთი დასვენებისთვის.
7. მეცადინეობებისაგან თავისუფალ დროს ან დასვენების დღეებში, პირადი შემადგენლობისთვის შეიძლება ჩატარდეს პატრიოტული, მორალურ-ფსიქოლოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, აგრეთვე, სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.
8. საველე სწავლებაზე (წვრთნებზე) ყოფნის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, შეიძლება დამტკიცდეს შესაბამის პირობებთან და სწავლებასთან ადაპტირებული დღის განრიგი.
მუხლი 106🔗. დილის ადგომა და საღამოს ამოძახება
1. ქვედანაყოფის არანორმირებულ სამუშაო დროზე, მათ შორის, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე (ყაზარმულ მდგომარეობაზე) გადაყვანის დროს, ასევე, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით სხვა შემთხვევებში, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სამხედრო მოსამსახურეთა დილის ადგომა და/ან საღამოს ამოძახება.
2. ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დილის ადგომას ორგანიზებას უწევს ქვედანაყოფის მორიგე. კომანდაზე „(ქვედანაყოფის დასახელება), ადექ!“ პირადი შემადგენლობა დგება ლოგინიდან და მოეწყობა განსაზღვრულ ადგილზე, დადგენილი მწყობრით, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება ჩაუტარდეთ ფიზიკური მომზადება, რომლის დასრულების შემდეგ, მათ ეძლევათ დრო პირადი ჰიგიენისთვის, ოთახებისა და ქვედანაყოფზე მიმაგრებული ტერიტორიის დასუფთავება-დალაგებისათვის. აღნიშნულის შემდეგ, პირადი შემადგენლობა მიდის საუზმის მისაღებად. საუზმის შემდეგ, ქვედანაყოფის თითოეული ჯარისკაცი ემზადება მეცადინეობისათვის, რომელიც ამ დღის მეცადინეობის ცხრილით არის გათვალისწინებული.
3. ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საღამოს ამოძახების დროის დაწესებისას, საღამოს ამოძახებას ატარებს ქვედანაყოფის მორიგე. საღამოს ამოძახებისთვის ქვედანაყოფი მოეწყობა ამისათვის განსაზღვრულ ადგილზე და განსაზღვრული მწყობრით. კომანდაზე „მოეწყვეთ!“ ქვედანაყოფი მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“, რის შემდეგაც ხორციელდება პირადი შემადგენლობის სიის ამოძახება. თითოეული სამხედრო მოსამსახურე თავისი გვარის გაგონებაზე მიიღებს დგომს „სმენა“ და უპასუხებს „ვარ!“. არმყოფთა ნაცვლად პასუხისმგებელმა პირმა უნდა უპასუხოს, თუ სად იმყოფება სამხედრო მოსამსახურე (მაგალითად: „ყარაულშია“, „შვებულებაშია“, „მივლინებაშია“ და სხვა.). სიის ამოძახების დასრულების შემდეგ, პირად შემადგენლობას ეცნობება საჭირო ინფორმაცია, რის შემდეგაც საღამოს ამოძახება მთავრდება და ცხადდება „გასაყრისი“, ამის შემდეგ, პირად შემადგენლობას ეძლევა დრო დასვენებისათვის/ძილისათვის.
მუხლი 107🔗. სამწყობრო დათვალიერება
1. მეცადინეობების დაწყებამდე, დღის განრიგით დადგენილ დროს და დანიშნულ ადგილზე ქვედანაყოფის სერჟანტი ატარებს სამწყობრო დათვალიერებას, რა დროსაც მოწმდება პირადი შემადგენლობის რაოდენობა, გარეგანი იერი, პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, შეიარაღება, აღჭურვილობა და სხვა გარემოებები, ასევე, გამოავლენენ იმ პირად შემადგენლობას, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.
2. სამწყობრო დათვალიერების შემდეგ, ქვედანაყოფის სერჟანტი ცალკე გამოყოფს იმ პირად შემადგენლობას, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. აძლევს მათ მითითებას, რომ დაბრუნდნენ ყაზარმაში და წარუდგნენ ქვედანაყოფის მორიგეს, რათა ჩააბარონ იარაღი და აღჭურვილობა (არსებობის შემთხვევაში) და მოემზადონ ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში გადასაყვანად.
3. სამწყობრო დათვალიერებაზე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ქვედანაყოფს ეძლევა დრო, რის შემდეგაც ტარდება ქვედანაყოფების დაგზავნა, მეცადინეობების ჩატარების ადგილებზე.
მუხლი 108🔗. სასწავლო მეცადინეობები, წვრთნები და სწავლებები
1. ქვედანაყოფის სასწავლო მეცადინეობების, წვრთნების და სწავლებების ორგანიზება ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით.
2. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლებებისაგან სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლებებისაგან სადღეღამისო განწესის პირადი შემადგენლობის გათავისუფლების საკითხს წყვეტს ქვედანაყოფის მეთაური.
3. სასწავლო მეცადინეობები იწყება და მთავრდება, ასევე, მეცადინეობებს შორის შესვენების დრო განისაზღვრება დღის განრიგის შესაბამისად, ხოლო წვრთნები და სწავლებები ტარდება დამტკიცებული საბრძოლო მომზადების გეგმების შესაბამისად.
4. სასწავლო მეცადინეობებზე, წვრთნებზე და სწავლებებზე გასვლის წინ უნდა შემოწმდეს სამხედრო მოსამსახურეთა ჩაცმულობა, აღჭურვილობა და იარაღი.
5. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლების დამთავრების შემდეგ, ქვედანაყოფის მეთაურები პირადად ამოწმებენ პირადი შემადგენლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სასწავლო საშუალებების მდგომარეობას, მათ რაოდენობას და დაკომპლექტებას, ასევე, საბრძოლო და სხვა ტექნიკის მდგომარეობას. გაუხარჯავი საბრძოლო მასალები და გასროლილი მასრები უნდა ჩაჰბარდეს დადგენილი წესით.
6. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლების დამთავრების შემდეგ, ეწყობა იარაღისა და სასანგრო ინსტრუმენტების წმენდა აგრეთვე, ტექნიკის მომსახურება.
მუხლი 109🔗. ქვედანაყოფის ტერიტორიაზე გადაადგილება
1. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი (არანაკლებ ოთხი სამხედრო მოსამსახურე), ათეული, ოცეული და უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფი, ასევე, განწესი გადაადგილდება მწყობრით. მწყობრის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის შემთხვევაში – სამხედრო მოსამსახურეებს შორის უფროსს, ხოლო, ასეთის არარსებობისას, მათი საერთო უფროსის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს, ქვედანაყოფის გადაადგილებისას, ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო განწესის შემთხვევაში, განწესში დანიშნულ ხელმძღვანელ პირს.
2. ქვედანაყოფის მეთაურს შეუძლია ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დაადგინოს ადგილები, მარშრუტები დროის პერიოდები, როდესაც მწყობრით გადაადგილება არაა აუცილებელი, ასევე, განსაზღვროს იმ სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორია, რომლებიც ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მწყობრით არ გადაადგილდება.
მუხლი 110🔗. საუზმე, სადილი და ვახშამი
1. საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო განისაზღვრება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი დღის განრიგით.
2. დაწესებულ დროს ქვედანაყოფის მორიგე იძლევა საკვების გაცემის ნებართვას.
3. სასადილოში საკვების მიღების დროს, აკრძალულია სამხედრო მოსამსახურეს ეხუროს ქუდი, ეცვას ლაბადა/ქურთუკი ან/და სპეციალური (სამუშაო) ფორმის ტანსაცმელი. ასევე, ეცვას ჩუსტები ან იყოს ფეხშიშველი, შესაბამისი ნებართვის გარეშე.
4. სადღეღამისო განწესის პირადი შემადგენლობა საკვებს იღებს სასადილოში დღის განრიგით დაწესებულ დროს, ასევე, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილას. საკვები მიაქვთ ქვედანაყოფის სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული პირადი შემადგენლობისათვის.
5. საველე ბანაკებში, როგორც წესი, საკვები მზადდება საველე სამზარეულოებში, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია სურსათის მიწოდება ქვედანაყოფის სასადილოდან, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით. კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირად შემადგენლობაზე შეიძლება გაიცეს მშრალი ულუფა.
მუხლი 111🔗. ქვედანაყოფის განლაგების ადგილის დატოვება
1. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის მიერ, ქვედანაყოფის განლაგების ადგილის დატოვება ხორციელდება ქვედანაყოფის შინაგანაწესის შესაბამისად.
2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, არ დატოვოს ქვედანაყოფი და დასვენების უფლებით ისარგებლოს ქვედანაყოფის განლაგების ადგილზე. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მისი სურვილით შეიძლება აყვანილ იქნეს სასურსათო კმაყოფაზე და მას ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესით უფლება აქვს გავიდეს/შევიდეს ქვედანაყოფში.
3. პირად საკითხებთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილიდან სამხედრო მოსამსახურის დროებითი გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ნებართვით და ქვედანაყოფის შინაგანაწესის შესაბამისად.
4. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება ფიქსირდება ქვედანაყოფის შინაგანაწესის შესაბამისად.
მუხლი 112🔗. მნახველების მიღება
1. ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, შეიძლება განისაზღვროს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მნახველთა მიერ, წვრთნებისა და სწავლებისაგან თავისუფალ დროს, სამხედრო მოსამსახურეთა მონახულების წესი.
2. სამხედრო მოსამსახურეთა მონახულების მიზნით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შეიძლება გამოიყოს შესაბამისი ოთახი ან ტერიტორია.
3. მნახველები ქვედანაყოფში დაიშვებიან ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით და დადგენილი წესის საფუძველზე.
4. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მნახველები ქვედანაყოფში არ დაიშვებიან. ასევე, დაუშვებელია მათ მიერ ქვედანაყოფში სპირტიანი სასმელებისა და საკვების შეტანა.
5. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე, გარეშე პირების შეყვანა შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
თავი XVII
სახანძრო უსაფრთხოების წესები
მუხლი 113🔗. ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა
1. ყოველი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იცოდეს და შეასრულოს სახანძრო უსაფრთხოების წესები.
2. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გამოსაძახებლად და არსებული საშუალებებით ხანძრის ჩასაქრობად, შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკისა და სხვა ქონების გადასარჩენად.
3. ყველა ქვედანაყოფში უნდა შემუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმა, რომელიც მტკიცდება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ. გეგმას უნდა გაეცნოს ქვედანაყოფის მთელი პირადი შემადგენლობა.
4. ქვედანაყოფის მეთაური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის მიერ, სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩასაქრობად მოქმედების წესების შესწავლა;
ბ) უზრუნველყოს სახანძრო უსაფრთხოების წესების დროულად შესრულება, ასევე, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე წყლისა და სხვა ხანძარსაქრობ საშუალებათა მარაგის ქონა;
გ) არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, შეამოწმოს ქვედანაყოფის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მდგომარეობა, ასევე, ჩაატაროს მეცადინეობები და პრაქტიკული ვარჯიშები;
დ) დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში განსაზღვროს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
ე) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
5. ქვედანაყოფში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი:
ა) უზრუნველყოფს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისათვის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებისა და ხანძარსაქრობი საშუალებების გამოყენების შესწავლას, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას;
ბ) აკონტროლებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
გ) აკონტროლებს ხანძარსაქრობი საშუალებების, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალმომარაგების წყაროების გამართულობას და უზრუნველყოფს მათ მუდმივ მზადყოფნას;
დ) უფლებამოსილია აკრძალოს სახანძრო თვალსაზრისით გაუმართავი და საშიში დანადგარების, გათბობის, განათებისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენება;
ე) ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებს;
ვ) ახორციელებს ქვედანაყოფში სახანძრო უსაფრთხოების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
6. ქვედანაყოფების მეთაურები, სამსახურის, სახელოსნოს, საამქროს, კლუბის, ლაბორატორისა და სხვა ობიექტების უფროსები უზრუნველყოფენ დანაყოფებში, სამსახურებსა და ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას.
7. სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნები.
მუხლი 114🔗. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქვედანაყოფში
1. სამხედრო ბაზის ტერიტორია ყოველთვის გაწმენდილი უნდა იყოს მუნიციპალური ნარჩენებისა და ხმელი ბალახისაგან.
2. სახანძრო წყალმომარაგების წყაროებთან, შენობებთან მისასვლელები და ტერიტორიაზე ყველა გასასვლელი გზა სახანძრო მანქანების მოძრაობისათვის ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს.
3. სახანძრო უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია:
ა) 40 მეტრზე ახლოს ცეცხლის დანთება შენობა-ნაგებობებთან, სამხედრო ქონების მოედნებსა და მანქანებთან, აგრეთვე, თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის ხელსაწყოების გამოყენება პარკებში, საცავებში, ანგარებსა და სხვა მსგავს სადგომებში;
ბ) გაუმართავი ღუმელებით სარგებლობა, ცეცხლწაკიდებული მასალებისა და ქონების დატოვება ღუმელების მახლობლად, დანთებული ღუმელების დატოვება უმეთვალყურეოდ, ტანსაცმლის შრობა ღუმელებზე, კვამლსადენებზე, აგრეთვე, საცეცხლე ნახვრეტების მოპირდაპირე მხარეს;
გ) გაყინული წყალსადენისა და სხვა მილების გათბობა-გაცხელება შენობებში ღია ცეცხლით;
დ) შენობის სარდაფებში იმ სახელოსნოებისა და საწყობების მოწყობა, რომლებიც განკუთვნილია ცეცხლსაშიში სითხეებისა და მასალების დამუშავებისათვის ან შენახვისათვის;
ე) ხანძარჩასაქრობ საშუალებებთან მისასვლელი გზის ჩახერგვა, სხვენზე, კიბის უჯრედებსა და დერეფნებში საწვავი მასალებისა და ქონების შენახვა, ტიხრების მოწყობა, დამხმარე სახელოსნოებისა და ლაბორატორიების განლაგება, აგრეთვე, საცხოვრებლის მოწყობა ამ შენობებში;
ვ) ხანძარჩასაქრობ საშუალებათა არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
ზ) გაუმართავი ელაქტროგაყვანილობითა და მოწყობილობით სარგებლობა;
თ) ხანძარსაწინააღმდეგო თვალსაზრისით შეუმოწმებელი შენობების (საცავების) გადაცემა დასაცავად.
4. ტანსაცმლის გაშრობა დასაშვებია სათანადოდ მოწყობილ საშრობებში, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.
5. ქვედანაყოფის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა ნებადართულია ქვედანაყოფის მეთაურის მიერ სპეციალურად გამოყოფილ და მოწყობილ ადგილებში.
6. დერეფნები, გასასვლელები, ძირითადი და სათადარიგო გამოსასვლელები, კიბის უჯრედები მუდამ თავისუფალი უნდა იყოს და არ ჩაიხერგოს. სათადარიგო გამოსასვლელების ჩაკეტვა აკრძალულია.
7. ხანძარსაქრობი საშუალებები, წყალსატევები, სახანძრო ჰიდრანტები და ონკანები გამართული უნდა იყოს, ხოლო, მათი განლაგების ადგილი აღინიშნოს შესაბამისი მაჩვენებლით.
8. ხანძარჩასაქრობი საშუალებები თავსდება ხანძარსაწინააღმდეგო დაფებზე.
მუხლი 115🔗. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები პარკებსა და ანგარებში
1. პარკში და ანგარში სამხედრო/სპეციალური ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და საფრენი აპარატები, ისე უნდა განლაგდეს, რომ მათ შორის საკმარისი ადგილი იყოს ხანძრის შემთხვევაში სწრაფი გაყვანისათვის (ევაკუაციისათვის).
2. პარკებსა და ანგარებში ხანძრის გაჩენის თავიდან აცილებისთვის აკრძალულია:
ა) სადგომზე მყოფი ტექნიკის (გარდა საჰაერო ხომალდებისა) საწვავით გამართვა, ასევე, ისეთი ტექნიკის დაყენება, რომელთა საწვავის ავზები და საწვავსადენები გაფუჭებულია (ატარებს სითხეს);
ბ) ტექნიკის (გარდა საჰაერო ხომალდებისა) სადგომ ადგილებში საწვავ-საპოხი მასალებისა და ცარიელი ტარის შენახვა;
გ) შალითების, კაპოტებისა და ტანსაცმლის გარეცხვა და გაწმენდა ნავთით, ბენზინითა და სხვა საწვავი სითხეებით;
დ) ტექნიკაში გარეშე საგნების, განსაკუთრებით ჩვრების, შალითების, სპეცტანსაცმლის შენახვა;
ე) საწვავიანი ცისტერნების შეყვანა და იქ მათი დაყენება;
ვ) ხანძრის თვალსაზრისით საშიში გამათბობლების გამოყენება;
ზ) ღია ცეცხლისა და ნავთის ფარნების გამოყენება ტექნიკის სადგომებსა და ავზების საწვავით გამართვის დროს;
თ) შესადუღებელი სამუშაოების შესრულება ტექნიკის სადგომ შენობებში;
ი) საჰაერო ხომალდების ძრავების გახურება და ამუშავება, გარდა სპეციალურად მოწყობილი ანგარებისა;
კ) კარების ჩახერგვა ტექნიკის სადგომ შენობებში, ასევე, ამ შენობებში საკუჭნაოებისა (გარდა მარაგ-ნაწილებისა და ხელსაწყოების შესანახი ადგილისა) და საცხოვრებლის მოწყობა;
ლ) ტექნიკის სადგომისა და შესანახი შენობების ჭიშკრის ჩაკეტვა შიდა გასაღებით.
მუხლი 116🔗. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები სახელოსნოებში
1. შენობები, სადაც ტარდება სამუშაოები ადვილად აალებადი სითხეების გამოყენებით და იმუხტება აკუმულატორული ბატარეები, უნდა აღიჭურვოს სპეციალური ვენტილაციით, დაიდგას უსაფრთხო ელექტროძრავები, სანათები და ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობები. სამუხტავი აგრეგატები და აირშემდუღებელი აპარატების გენერატორები იდგმება ცალკე სათავსოებში. ამ შენობებში აკრძალულია ღუმელების მოწყობა.
2. ადვილადაალებადი სითხეები ჩასხმული უნდა იყოს კარგად დახურულ შესაბამის ჭურჭლებში ერთი დღის მოხმარებისათვის განსაზღვრული რაოდენობით და სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, აუცილებლად უნდა გაიტანონ სპეციალურად აღჭურვილ სასაწყობო შენობაში.
3. საწმენდი მასალებისა და ჩვრების დასაწყობად ყველა შენობაში იდგმება ხუფიანი ლითონის ყუთები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცალოს სამუშაოების დამთავრების შემდეგ.
4. სპეციალური ტანსაცმელი უნდა ინახებოდეს საწარმოო შენობების (საამქროების) გარეთ, სპეციალურ კარადებში ჩამოკიდებული. სპეციალური ტანსაცმლის ჯიბეებში საწმენდი მასალების დატოვება აკრძალულია.
5. ღუმელები სამუშაოების დამთავრების დროს, უნდა იყოს გამორთული და უნდა გამორთოს (ჩაქრეს) სახელოსნოების დაკეტვამდე არანაკლებ ორი საათით ადრე.
6. სამუშაოების დამთავრების შემდეგ, აუცილებლად უნდა გაიტანონ სახელოსნოებიდან დღის განმავლობაში დაგროვილი მთელი საწარმოო და სხვა ნარჩენები.
მუხლი 117🔗. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები საწყობებში (საცავებში)
1. აკრძალულია საწყობების (საცავების) ტექნიკურ ტერიტორიაზე შესვლა ასანთითა და რაიმე ცეცხლგამჩენი საშუალებით.
2. ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია საწყობები, ბალახი დროულად უნდა გაითიბოს. დაუშვებელია ტერიტორიაზე მოთიბული ბალახის დატოვება, გახმობა ან დაწვა.
3. საწყობში (საცავში) ნებადართულია მხოლოდ იმ სახის ქონების შენახვა, რომლისთვისაც ის გათვალისწინებულია.
4. აკრძალულია საწყობში (საცავში) გასასვლელის ჩახერგვა, კარების შიდა გასაღებით ჩაკეტვა, აგრეთვე, თაროებზე შპალერის, ქაღალდის, მუყაოს, პოლიმერული მასალებისა და ქსოვილების აკვრა და ფანჯრის დაბნელება დაუმუშავებელი ცეცხლდამცავი შემადგენლობის მასალით.
5. ღუმელების საცეცხლეები და გამწოვი ნახვრეტები ეწყობა საწყობის (საცავის) გარეთ, ხოლო მილებზე კეთდება ნაპერწკალდამჭერები. საწყობების დაკეტვამდე ღუმელები უნდა გამოირთოს (ჩაქრეს).
6. ფეთქებადი ნივთიერებები და საბრძოლო მასალები მცირე ხნითაც კი არ უნდა დარჩეს მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ.
7. ყველა საწყობი (საცავი), ფარდული, მოედანი, ძირითადი და დამხმარე საწარმოთა საამქროები, ლაბორატორიები, მაღალი ძაბვის ხაზები, ელექტროსადგურები და ტრანსფორმატორული ქვესადგურები, საქვაბეთა მილები, წყალსაწნევები, საწვავ-საპოხი მასალებისა და სამხედრო ქონების საწყობები აღჭურვილი უნდა იყოს მეხამრიდებით.
8. ცეცხლსაშიშ (აფეთქებასაშიშ) საწყობებში (საცავებში) აკრძალულია შესვლა იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და გასანათებელი ხელსაწყოებით (გარდა აკუმულატორული ფარნებისა), აგრეთვე, შესაბამისი ფეხსაცმლის გარეშე.
9. საწყობის (საცავის) ტერიტორიაზე დაღვრილი საწვავი დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს ქვიშით.
10. აკრძალულია ლითონის ტარის საცობის გახსნისას ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს ნაპერწკლებს, საცობი უნდა ამოიხრახნოს მხოლოდ სპეციალური გასაღებით.
11. საწყობის (საცავის) ელექტროგაყვანილობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს, სამუშაოების დამთავრების შემდეგ, საწყობში (საცავში) მთელი ელექტროგაყვანილობა უნდა გამოირთოს გარეთა ჩამრაზით.
თავი XVIII
წახალისება, დაჯილდოება ან წარჩინების ნიშნების გადაცემა
მუხლი 118🔗. წახალისების, დაჯილდოების ან წარჩინების ნიშნების გადაცემის ცერემონიის ორგანიზება
1. ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, პირადი შემადგენლობისათვის მილოცვისას, წახალისების სახის გამოცხადებისას, ჯილდოს ან წარჩინების ნიშნების გადაცემისას, მწყობრში მყოფმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივად ან სამხედრო მოსამსახურემ ინდივიდუალურად უნდა უპასუხოს: „ვემსახურები საქართველოს!“.
2. წახალისების სახის გამოცხადებისას, დაჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემისას, ცერემონია ტარდება სამწყობრო წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, დასაჯილდოებელი პირადი შემადგენლობის მოწყობის ადგილთან იდგმება მაგიდა და გამოიყოფა ჯილდოს გადამცემი პირის ასისტენტი. წინასწარ განისაზღვრება ჯილდოს გადამცემ პირთა შემადგენლობა. აუცილებელია, ჯილდოს გადამცემი პირი იყოს დასაჯილდოებელ პირებზე სამხედრო წოდებით უფროსი. დაჯილდოებისას, დასაჯილდოებელი პირადი შემადგენლობა უნდა მოეწყოს ისე, რომ მარჯვნივ იდგეს ყველაზე მაღალი ჯილდოს მიმღები, რომელიც დაჯილდოვდება პირველი. უფლებამოსილი პირი ბრძანებიდან ამოიკითხავს დასაჯილდოებელი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებას, სახელს და გვარს, დაასახელებს ჯილდოს სახეობას და ჯილდოს გადამცემი პირის წოდებას, თანამდებობას, სახელსა და გვარს. დასაჯილდოებელი პირი თავისი გვარის გაგონებისას უპასუხებს: „ვარ“, ხოლო ჯილდოს გადამცემი პირი გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს დასაჯილდოებელი პირისგან ორი ნაბიჯით წინ, სახით მისკენ. ასისტენტი აიღებს შესაბამის ჯილდოს, გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს ჯილდოს გადამცემი პირის მარცხნივ, ახლო ინტერვალით, სახით ჯილდოს გადამცემისაკენ. მას შემდეგ, რაც ასისტენტი თავის ადგილს დაიკავებს, უფლებამოსილი პირი წარადგენს და მოკლედ აღწერს დასაჯილდოებელი პირის ღირსეულ საქციელს, რისთვისაც მან აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა. დასაჯილდოებელი პირის წარსადგენი სიტყვის დასრულების შემდეგ, ასისტენტი შესაბამის ჯილდოს მიაწოდებს ჯილდოს გადამცემ პირს. ჯილდოს გადამცემი პირი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ და აღნიშნულ ჯილდოს მკერდზე დაუმაგრებს. ჯილდოს დამაგრების შემდეგ, ჯილდოს გადამცემ პირს ასისტენტი მიაწოდებს ჯილდოს მოწმობას და თვითონ გადადგამს ერთ ნაბიჯს უკან. ჯილდოს გადამცემი პირი ხელს ჩამოართმევს დაჯილდოებულ პირს და მარცხენა ხელით გადასცემს ჯილდოს მოწმობას, გადადგამს ერთ ნაბიჯს უკან და დაჯილდოებული პირისადმი პატივისცემის გამოხტვის ნიშნად, შეასრულებს მხედრულ მისალმებას. დაჯილდოებული პირი დაუბრუნებს მხედრულ სალამს და წარმოთქვამს სიტყვებს: „ვემსახურები საქართველოს!“ და დაუშვებს ხელს. მხედრული მისალმების დასრულების შემდეგ, ჯილდოს გადამცემი პირი და ასისტენტი უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს. თუ ჯილდოს გადამცემი პირის მიერ დაგეგმილია რამდენიმე პირის დაჯილდოება, იგი ასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ, გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს შემდეგი დასაჯილდოებელი პირისგან ორი ნაბიჯით წინ, სახით მისკენ. ასისტენტი ჯილდოს გადამცემ პირთან ერთად შეასრულებს ბრუნს მარცხნისაკენ, გადაადგილდება და დაიკავებს თავის ადგილს ჯილდოს გადამცემი პირისგან მარცხნივ, ახლო ინტერვალით. თუ დასაჯილდოებელი პირი ჯილდოვდება ისეთი ჯილდოთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული მკერდზე დასამაგრებლად (ცეცხლსასროლი იარაღი, ფასიანი საჩუქარი, სიგელი, სერტიფიკატი და სხვა), მოქმედებები სრულდება, ამ პუნქტის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ასისტენტი ჯილდოს გადამცემი პირისთვის შესაბამისი ჯილდოს მიწოდების შემდეგ გადადგამს ერთ ნაბიჯს უკან.
მუხლი 119🔗. წახალისების, დაჯილდოების ან წარჩინების ნიშნების გადაცემის ცერემონიის ჩატარება შენობაში
წახალისების, დაჯილდოებისა და წარჩინების ნიშნების გადაცემის ცერემონია შეიძლება ჩატარდეს შენობაში, ამ წესდების 118-ე მუხლის შესაბამისად, ამ შემთხვევაში, პირადი შემადგენლობა, რომელიც უნდა წახალისდეს, დაჯილდოვდეს ან რომელსაც უნდა გადაეცეს წარჩინების ნიშანი უნდა მოეწყოს სახით აუდიტორიისკენ.
თავი XIX
მეთაურის უფლებამოსილებისა და თანამდებობის გადაბარება
მუხლი 120🔗. მეთაურის უფლებამოსილების გადაბარება
მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ტარდება სამწყობრო წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 121🔗. მეთაურის თანამდებობის გადაბარება
1. ქვედანაყოფის მეთაურის შეცვლისას, მის მიერ დაკავებულ თანამდებობას იბარებს ახალი მეთაური.
2. თანამდებობის გადაბარება გულისხმობს ქვედანაყოფის ახალი მეთაურის მიერ, ქვედანაყოფზე რიცხული და სახეზე არსებული პირადი შემადგენლობის, დოკუმენტაციის, შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა ქონების მიღებას.
3. თანამდებობის გადაბარების მიზნით, ზემდგომი მეთაურის, ხოლო ასეთის არარსებობისას ახლადანიშნული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, იქმნება კომისია. კომისიის თავმჯდომარე ან წევრი არ შეიძლება იყოს ქვედანაყოფის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, თუმცა, აღნიშნულ პირებს ევალებათ ყოველმხრივ შეუწყონ ხელი კომისიას მუშაობის პროცესში.
4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კანდიდატების მოწვევა სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან.
5. კომისია ადგენს აქტს თანამდებობის მიღება-ჩაბარების თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) ქვედანაყოფზე რიცხული და სახეზე არსებული დოკუმენტაცია და საქმეები;
ბ) შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ხარისხობრივი და ტექნიკური მდგომარეობა, შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით და ფაქტობრივად არსებული რაოდენობა, მათი შენახვისა და მოვლის პირობები;
გ) ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების რაოდენობა და მდგომარეობა;
დ) ქვედანაყოფში სიით რიცხული და სახეზე არსებული ინვენტარის რაოდენობა და მდგომარეობა;
ე) სიით რიცხული და სახეზე არსებული პირადი შემადგენლობის რაოდენობა, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობა;
ვ) ქვედანაყოფში ფულადი სახსრების რაოდენობა და მათი შენახვის წესი;
ზ) სანივთე, საწვავ-საპოხი და სხვა ქონების რაოდენობა და მდგომარეობა;
თ) სხვა საკითხები, რომელსაც კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამდებობის გადაბარებისას.
6. აქტს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი, ასევე, ქვედანაყოფის ძველი და ახალი მეთაურები. თუ თანამდებობის ჩამბარებელი ქვედანაყოფის მეთაური ვერ ახერხებს ახალი მეთაურისათვის თანამდებობის გადაბარებას, კომისიის აქტს ცალმხრივად ხელს აწერს ახლად დანიშნული ქვედანაყოფის მეთაური და იღებს თანამდებობას.
7. თანამდებობის გადაბარება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ქვედანაყოფის ახალი მეთაურის დანიშვნიდან არაუმეტეს თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება.
თავი XX
ქვედანაყოფის დროშა და სხვა სიმბოლოები
მუხლი 122🔗. ქვედანაყოფის დროშა
1. ქვედანაყოფის დროშა არის ქვედანაყოფის აღმნიშვნელი, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.
2. მინისტრის მიერ განისაზღვრება თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ქვედანაყოფის დროშა.
3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვედანაყოფის დროშას შეიძლება მიენიჭოს საბრძოლო დროშის სტატუსი.
მუხლი 123🔗. ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა
1. საბრძოლო დროშა არის მხედრული ღირსებისა და დიდების სიმბოლო, რომელიც ასახავს ქვედანაყოფის საბრძოლო დანიშნულების, ისტორიისა და სამხედრო დამსახურების თავისებურებებს. საბრძოლო დროშა ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეახსენებს მის წმინდათაწმინდა მოვალეობას ერთგულად ემსახუროს სამშობლოს, ვაჟკაცურად და საიმედოდ დაიცვას იგი, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
2. საბრძოლო დროშა ყოველთვის უნდა იყოს ქვედანაყოფთან, როგორც მშვიდობიანობის, ისე საბრძოლო მოქმედებების დროს. გამონაკლის შემთხვევაში, ზემდგომი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა შეიძლება შენახულ იქნეს ზემდგომ ქვედანაყოფში.
მუხლი 124🔗. საბრძოლო დროშის მოვლა და შენახვა
1. საბრძოლო დროშის მოვლისა და შენახვის ორგანიზებას ახორციელებს ქვედანაყოფის მეთაური, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გამოირიცხოს საბრძოლო დროშის დაკარგვის, დაზიანებისა და განადგურების შესაძლებლობა. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, დასაშვებია საბრძოლო დროშა გამოიფინოს ქვედანაყოფის შტაბში ან შეიძლება ინახებოდეს ქვედანაყოფის შტაბის შენობაში ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე შალითაშემოხვეულ მდგომარეობაში.
2. ქვედანაყოფის ველზე ყოფნისას, საბრძოლო დროშა შეიძლება გამოიფინოს სამუშაო დროის დაწყებიდან დასრულებამდე მართვის პუნქტის განთავსების ადგილის წინ ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
3. ქვედანაყოფის მეთაური:
ა) უზრუნველყოფს საბრძოლო დროშის მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას;
ბ) არანაკლებ სამ თვეში ერთხელ ახორციელებს საბრძოლო დროშის დათვალიერებას და ამოწმებს დროშის ქსოვილის, შალითის, ზონრების, ფოჩების, ტარისა და ბუნიკის მდგომარეობას/ვარგისიანობას;
გ) იღებს ზომებს საბრძოლო დროშის დათვალიერებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
4. საბრძოლო დროშის შემოწმებისა და დათვალიერების მიზნით, ქვედანაყოფის მეთაური უფლებამოსილია შექმნას კომისია და განსაზღვროს მისი მუშაობის წესი.
5. შალითაში შენახული საბრძოლო დროშის დათვალიერებისას, გამოიყოფა მედროშეთა ჯგუფი, ერთი მედროშე დროშას იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო, მეორე მედროშე ხსნის შალითას, შალითის მოხსნის შემდეგ, მედროშე ნელ-ნელა ატრიალებს დროშის ტარს და შლის საბრძოლო დროშას, სხვა მედროშეები ეხმარებიან მას და თვალყურს ადევნებენ, რომ დროშის ზონრები და ფოჩები არ დაიხლართოს, ხოლო ქსოვილი არ შეეხოს იატაკს (მიწას). აღნიშნულის შემდეგ, მოწმდება დროშის ქსოვილის, შალითის, ზონრების, ფოჩების, ტარისა და ბუნიკის მდგომარეობა/ვარგისიანობა. შემოწმების შემდეგ, ხორციელდება საბრძოლო დროშის დახვევა, რისთვისაც მედროშე იკავებს საბრძოლო დროშას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მეორე მედროშე ხელს ჰკიდებს ქსოვილს კუთხეებში და ოდნავ ჭიმავს მას, რის შემდეგაც მედროშე დროშის ტარის ნელი ტრიალით ახვევს დროშის ქსოვილს, ამასთან თვალს ადევნებს, რომ იგი არ დანაოჭდეს, ფოჩები და ზონრები არ დაიხლართოს. ფოჩები ეწყობა ქსოვილის გასწვრივ გაჭიმულ ზონრებზე. ქსოვილის დახვევის შემდეგ, მედროშეები საბრძოლო დროშას ათავსებენ შალითაში. ამ წესით ხორციელდება საბრძოლო დროშის გაშლა და დახვევა ყარაულისათვის/უსაფრთხოების ჯგუფისათვის დასაცავად მისი ჩაბარებისას.
6. გაშლილ მდგომარეობაში გამოფენილი საბრძოლო დროშის დათვალიერება ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება დროშის დახვევა და შალითაში მოთავსება.
7. დაზიანებული საბრძოლო დროშა ექვემდებარება შეკეთებას ან შეცვლას. საბრძოლო დროშის შეკეთების ან შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ადგენს აქტს. აქტში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია საბრძოლო დროშის დაზიანებებთან და დეფექტებთან დაკავშირებით, ასევე, რეკომენდაცია საბრძოლო დროშის შეკეთების ან შეცვლის შესახებ. კომისიის აქტი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქვედანაყოფის მეთაურს.
8. საბრძოლო დროშის შესაკეთებლად ან შესაცვლელად გადაცემისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
მუხლი 125🔗. საბრძოლო დროშის გადაცემა
1. საბრძოლო დროშას ქვედანაყოფს გადასცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
2. საბრძოლო დროშის გადაცემისას, ცერემონია ტარდება სამწყობრო წესდების შესაბამისად, იმ წესით, რაც დადგენილია ახალი ქვედანაყოფის ფორმირებისათვის.
3. ქვედანაყოფის გაუქმების შემთხვევაში, მისი საბრძოლო დროშა შეიძლება გადაეცეს ზემდგომ ქვედანაყოფს, საბრძოლო ტრადიციებისა და საბრძოლო დამსახურების უკვდავსაყოფად, ასევე, შესაძლებელია საბრძოლო დროშა შესანახად ჩაჰბარდეს შესაბამის სამსახურს.
4. საბრძოლო დროშას აქვს აღრიცხვის ბარათი, რომელიც იქმნება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ქვედანაყოფს, ხოლო, მეორე ეგზემპლარი ზემდგომ ქვედანაყოფს. აღრიცხვის ბარათში აღინიშნება საბრძოლო დროშის მდგომარეობა, მისი დახასიათება, მასზე არსებული წარწერები და იმ ბრძანების მონაცემები, რომლითაც იგი გადაეცა ქვედანაყოფს, ასევე, აღრიცხვის ბარათს უნდა დაერთოს საბრძოლო დროშის ფოტოსურათი. აღრიცხვის ბარათის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 126🔗. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტა და ქვედანაყოფის დროშის სალტე
1. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტაზე აისახება უფლებამოსილი პირის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ნიშანი. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ სატრანსპორტო საშუალების ფირფიტები. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტები გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ ავტომობილებზე და უნდა მოიხსნას, როდესაც უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებაში არ იმყოფება.
2. საერთაშორისო მისიაში ან/და საბრძოლო ოპრაციებში მონაწილეობისათვის, ქვედანაყოფის დროშის ტარზე დროშიდან ორი სანტიმეტრით დაბლა შეიძლება განთავსდეს ვერცხლისფერი სალტე, რომელზეც აღინიშნება ქვედანაყოფის საერთაშორისო მისიაში ან/და საბრძოლო ოპრაციებში მონაწილეობა და მისი ხანგრძლივობა.
თავი XXI
საპატიო წიგნი და ისტორიული ფორმულარი
მუხლი 127🔗. საპატიო წიგნი
1. ქვედანაყოფს აქვს საპატიო წიგნი, რომელშიც აღინიშნება ქვედანაყოფის იმ სამხედრო მოსამსახურეთა ფოტოსურათი, წოდება, სახელი და გვარი, რომლებმაც გამოიჩინეს გმირობა და მამაცობა ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო მისიებში, ასევე, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში.
2. საპატიო წიგნში აღწერილი უნდა იყოს სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ქმედების მოკლე შინაარსი.
3. საპატიო წიგნის მოვლისა და შენახვის წესს, ასევე, მისი განთავსების ადგილს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას შესაძლებლობა ჰქონდეს გაეცნოს მის შინაარს.
4. საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის შეტანა ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით.
5. საპატიო წიგნის ფორმას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 128🔗. ისტორიული ფორმულარი
1. ქვედანაყოფს აქვს ისტორიული ფორმულარი, რომელშიც აღინიშნება მისი ორგანიზაციული განვითარების ისტორია, დისლოკაცია და დაქვემდებარება, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, ჯილდოები და მედლები, საერთაშორისო მისიებში და სწავლებებში მონაწილეობა, ასევე, ქვედანაყოფისათვის მნიშვნელოვანი სხვა მოვლენები.
2. ისტორიულ ფორმულარს ენიჭება საიდუმლოობის გრიფი.
3. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს ისტორიული ფორმულარი შესანახად ბარდება ზემდგომი ქვედანაყოფის შტაბში. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა ისტორიულ ფორმულარში აისახება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.
4. ისტორიული ფორმულარის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.