საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
120050000.10.003.024356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523 

2023 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდება“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №519 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
523-1.doc

  დანართი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო

სამსახურის წესდება

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. წესდების მიზანი

წესდების მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში საჯარისო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივი მოწესრიგება.

 

მუხლი 2. წესდების რეგულირების სფერო

1. სამინისტროს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) საჯარისო სამსახურის წესდება (შემდგომ – წესდება) განსაზღვრავს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, ორგანიზებას და შესრულების წესს, რომელიც ხორციელდება  თავდაცვის ძალების ქვედანაყოფში (შემდგომ – ქვედანაყოფი) საჯარისო სამსახურის უზრუნველყოფის მიზნით.

2. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე ამ წესდების მოქმედება ვრცელდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ საქმიანობაში შეუძლიათ გამოიყენონ, ამ წესდებით განსაზღვრული რეგულაციები. ამ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ითვლება მეთაურად და სარგებლობს ყველა იმ უფლებამოსილებით, რაც ამ წესდების მიხედვით ენიჭება მეთაურს, ამასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ახორციელებს საჯარისო სამსახურის ორგანიზებას.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესდების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარისო სამსახური - არეგულირებს ქვედანაყოფში განსახორციელებელ ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს პერსონალის ყოფა-ცხოვრებისა და სწავლისათვის საჭირო პირობებს, სამხედრო წესრიგისა და დისციპლინის დაცვას, ასევე ადგენს იმ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქვედანაყოფის პერსონალისა და ობიექტების უსაფრთხოებას;

ბ) ქვედანაყოფი – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და საშტატო ნუსხით განსაზღვრული მათი სტრუქტურული ერთეულები;

გ) ქვედანაყოფის მეთაური – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს  და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება, დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად  სავალდებულო მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება;

დ) ზემდგომი მეთაური – სამსახურებრივი მდგომარეობის მიხედვით ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელსაც ექვემდებარება ქვედანაყოფის მეთაური.

ე) ობიექტი – ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი, კონკრეტული რაიონი (ადგილმდებარეობა), შენობა-ნაგებობები, შეიარაღება და საბრძოლო მასალები, ფეთქებადი/ადვილად აალებადი ნივთიერებები, საცავები/საწყობები, სამხედრო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, ასევე სამხედრო და არასამხედრო დანიშნულების ქონება;

ვ) სადღეღამისო განწესი - წარმოადგენს დროებით სამსახურს, რომელიც სრულდება ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის მიერ, მისი დანიშნულებაა ქვედანაყოფში სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა, ინფორმაციის მართვა, პერსონალისა და ობიექტების დაცვა და თავდაცვა, ასევე, გამოვლენილ დარღვევებზე დროული რეაგირება;

ზ) დაცვის სამსახური - ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესის შემადგენლობა, რომლის ამოცანაა ობიექტების დაცვა და თავდაცვა;

თ) დაცვის ჯგუფი - დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დანიშნული შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე განთავსებული ობიექტების დაცვასა და თავდაცვას;

ი) სპეციალური დაცვის ჯგუფი - დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დანიშნული შეიარაღებული ან შეუიარაღებელი სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ არსებული ობიექტების, ეშელონების და კოლონების დაცვასა და თავდაცვას. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის შიგნით არსებული ობიექტების დასაცავად, სპეციალური დაცვის ჯგუფის გამოყოფა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურის შუამდგომლობისა და მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე;

კ) ცვლა - დაცვის ჯგუფის წევრთა შემადგენლობა. დაცვის ჯგუფში ცვლა შეიძლება იყოს, მორიგე, სწრაფი რეაგირების და დამსვენებელი;

ლ) მორიგე ცვლა - ცვლა, რომელიც სამსახურს ასრულებს საგუშაგოზე;

მ) სწრაფი რეაგირების ცვლა - ცვლა, რომელიც იმყოფება დაცვის ჯგუფის შენობაში ფხიზლად და ინარჩუნებს მუდმივ მზადყოფნას მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებისათვის;

ნ) დამსვენებელი ცვლა -  ცვლა, რომელიც ისვენებს დაცვის ჯგუფისათვის განკუთვნილ შენობაში (ადგილზე);

ო) ცვლის უფროსი - დაცვის ჯგუფში დანიშნული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ხელმძღვანელობს ცვლას და წარმოადგენს მათ უშუალო უფროსს;

პ) ცვლის წევრი - დაცვის ჯგუფის ცვლის შემადგენლობაში დანიშნული შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე;

ჟ) გუშაგი - შეიარაღებული დაცვის ჯგუფის წევრი, რომელიც ახორციელებს მისთვის ჩაბარებული საგუშაგოს დაცვასა და თავდაცვას;

რ) საგუშაგო - ობიექტი, რომელიც ჩაბარებული აქვს გუშაგს დასაცავად;  

ს) ოპერატორი - სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ახორციელებს დასაცავი ობიექტის მონიტორინგს;

ტ) დაცვის ჯგუფის შენობა - შენობა, კარავი ან სხვა ნაგებობა, სადაც განთავსებულია დაცვის ჯგუფის  შემადგენლობა;

უ) პაროლი - სიტყვათა კომბინაცია, რომელსაც გუშაგი იყენებს სამსახურის შესრულებისას დამატებითი უსაფრთხოების მიზნით. პაროლი შედგება „შეძახილისა“ და „საპასუხო სიტყვისაგან“;

ფ) შეძახილი - სიტყვა, რომელსაც გუშაგი იყენებს პირთა ვინაობის დასადგენად;

ქ) საპასუხო სიტყვა - სიტყვა, რომელიც შეძახი­ლის საპასუხოდ გამოიყენება;

ღ) სტანდარტული სამოქმედო პროცედურა – ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურის მიერ, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები, მათი თანმიმდევრობა და შესრულების ორგანიზება, ასევე, ქვედანაყოფში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები;

ყ) პარკი – ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო, საარტილერიო, საჰაერო და სხვა ტექნიკის შენახვის, მომსახურებისა და რემონტისათვის მოწყობილი ტერიტორია. პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია განთავსებული იყოს საწყობები/საცავები.

 

მუხლი 4. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი პირი და საწარმოებელი დოკუმენტაცია

მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფში საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე, ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური (შემდგომ – საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური);

ბ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათი ფორმები და წარმოების წესი;

გ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ წესდებით.

 

 

თავი II

სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთდამოკიდებულება, ბრძანების

გაცემისა და შესრულების წესი

 

მუხლი 5. უფროსები და დაქვემდებარებულები

1. თანამდებობრივი მდგომარეობის მიხედვით სამხედრო მოსამსახურე სხვა სამხედრო მოსამსახურის მიმართ, შეიძლება იყოს უფროსი ან დაქვემდებარებული, ხოლო სამხედრო წოდების მიხედვით უფროსი და უმცროსი.

2. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან თანამდებობრივად, თუნდაც დროებით, არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურის მიმართ თანამდებობრივად უახლოეს პირდაპირ უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი.

3. უფროსი განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის მიხედვით, ხოლო თუ თანამდებობა თანაბარია ან თუ თანამდებობით უფროსი ვერ დგინდება, უფროსად ითვლება სამხედრო წოდებით უფროსი.

4. ზემდგომი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე წოდებრივად უფროსია ყველა ქვემდგომი სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ამასთან:

ა) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა - წოდებრივად უფროსია უფროსი ოფიცრების, უმცროსი ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;

ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობა - წოდებრივად უფროსია უმცროსი ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;

გ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა - წოდებრივად უფროსია სერჟანტების, კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;

დ) სერჟანტების შემადგენლობა - წოდებრივად უფროსია კაპრალების და რიგითების შემადგენლობის მიმართ;

ე) კაპრალების შემადგენლობა - წოდებრივად უფროსია რიგითების შემადგენლობის მიმართ.

5. სამხედრო წოდებით უფროსებს, ეთიკის ნორმების დაცვით, უფლება აქვთ შენიშვნა მისცენ სამხედრო წოდებით უმცროსებს, მოსთხოვონ მათ დისციპლინის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების, აგრეთვე ქცევისა და მხედრული მისალმების წესების დაცვა, სამხედრო წოდებით უმცროსი ვალდებულია შეასრულოს სამხედრო წოდებით უფროსის კანონიერი მოთხოვნები და მითითებები.

6. ერთმანეთის მიმართ ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის ერთობლივად შესრულებისას, მათ შორის, სამსახურებრივ ურთიერთდამოკიდებულებას, განსაზღვრავს საერთო უფროსი, თუ მათი სამსახურებრივი ურთიერთდამოკიდებულება არ არის განსაზღვრული საერთო უფროსის მიერ, უფროსად ითვლება მათ შორის თანამდებობით უფროსი, ხოლო თანამდებობით თანასწორ სამხედრო მოსამსახურეებში ან იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობით უფროსი ვერ დგინდება, უფროსად ითვლება სამხედრო წოდებით უფროსი.

 

მუხლი 6. სამსახურებრივ და პირად საკითხებზე კომუნიკაცია

1. სამხედრო მოსამსახურე, სამსახურებრივ და პირად საკითხებთან დაკავშირებით, პირველ რიგში მიმართავს უშუალო უფროსს, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში, ზემდგომ უფროსს.

2. სამხედრო მოსამსახურე მისი უშუალო უფროსის გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ და პირად საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 7. ბრძანების გაცემისა და შესრულების წესი

1. ბრძანება გაიცემა ზეპირად ან წერილობით, ცალკეული სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის (ორი ან მეტი სამხედრო მოსამსახურე) ან ქვედანაყოფის მიმართ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, დასაბუთებული, ზუსტი და არ უნდა იძლეოდეს სხვადასხვაგვარი აღქმის ან ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

2. ბრძანების გაცემისას, უფროსს უფლება არ აქვს ბოროტად გამოიყენოს ან გადააჭარბოს მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასევე, გასცეს ისეთი ბრძანება, რომელსაც კავშირი არა აქვს სამხედრო სამსახურის შესრულებასთან. ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ზემდგომი ხელმძღვანელობის სამართლებრივ აქტებს.

3. ბრძანების გაცემისას, უფროსმა ყოველმხრივ უნდა შეაფასოს არსებული ვითარება და მიიღოს ზომები ბრძანების შესრულების უზრუნველსაყოფად.

4. უფროსს უფლება აქვს უბრძანოს მხოლოდ დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეს და შეამოწმოს ბრძანების შესრულება.

5. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია დაემორჩილოს უფროსს და შეასრულოს მის მიერ გაცემული კანონიერი ბრძანება.

6. პირდაპირ უფროსს შეუძლია დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეს უბრძანოს მის უშუალო უფროსთან  შეუთანხმებლად. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს მის უშუალო უფროსს.

7. მიღებული ბრძანების შესრულების შესახებ, სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის მეთაური ვალდებულია მოახსენოს უფროსს, რომელმაც გასცა აღნიშნული ბრძანება, აგრეთვე თავის უშუალო უფროსს.

8. აკრძალულია ისეთი ბრძანების გაცემა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან სცილდება ბრძანების გამცემის უფლებამოსილებას. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით დაქვემდებარებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულება. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც არ ეთანხმება ბრძანებას, უფლება აქვს მიღებული ბრძანება სიტყვიერად ან წერილობით გაასაჩივროს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ბრძანების გაცემისას, უფროსის კომანდაზე „სმენა“, სამხედრო მოსამსახურე, გადადის დგომზე „სმენა“ და ინარჩუნებს ამ დგომს იქამდე, ვიდრე უფროსი არ გასცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. სამხედრო მოსამსახურე, ბრძანების მიღების შემდეგ, ასრულებს მხედრულ მისალმებას და პასუხობს: „არის“. უფროსის მიერ მხედრული მისალმების დაბრუნების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებს მიღებულ ბრძანებას. თუ უფროსს უნდა დარწმუნდეს, ხელქვეითის მიერ მიღებული ბრძანების სწორად გაგებაში, მხედრული სალამის დაბრუნებამდე, მას შეუძლია მოითხოვოს გაცემული ბრძანების მოკლე შინაარსის გამეორება.

10. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ბრძანების შესრულებისას სხვა პირდაპირი უფროსისაგან მიიღებს ახალ ბრძანებას, რომელიც ხელს უშლის ან ეწინააღმდეგება მანამდე მიღებული ბრძანების შესრულებას, ამის შესახებ მოახსენებს უფროსს, რომელმაც გასცა ახალი ბრძანება და მისი თანხმობის შემთხვევაში, ასრულებს მის ბრძანებას. ახალი ბრძანების გამცემი ამის შესახებ ატყობინებს პირს, რომელმაც გასცა პირველი ბრძანება.

11. ქვედანაყოფის მეთაურის მიერ გაცემული ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს ზემდგომი მეთაურის ბრძანებას და უნდა გამოიცეს მის შესასრულებლად. ზემდგომი მეთაური უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს ქვემდგომი მეთაურის ბრძანება. ქვედანაყოფის მეთაური არ არის უფლებამოსილი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დაარეგულიროს ამ წესდებით განსაზღვრული რომელიმე საკითხი, თუ იგივე საკითხს შესაბამისი ბრძანებით არეგულირებს მისი ზემდგომი მეთაური.

 

მუხლი 8. უფროსთან წარდგენისა და პატაკის ჩაბარების წესი

1. უფროსთან წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურე გადადის დგომზე „სმენა“, ასრულებს მხედრულ მისალმებას, ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს, საჭიროების შემთხვევაში კი წარდგენის მიზეზს.

2. უფროსი ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფში მოსულ ზემდგომ უფროსს. ქვედანაყოფის სხვა მოსამსახურეები ზემდგომ უფროსს წარუდგებიან მხოლოდ უშუალოდ მათდამი მიმართვისას.

3. მწყობრს გარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც მიმართავს უფროსი, იღებს დგომს „სმენა“, ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს, საუბრის დასრულების შემდეგ, ისინი გაცვლიან მხედრულ სალამს. მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს ამ პუნქტის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ საუბრის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე იღებს საწყის მდგომარეობას და ისინი არ გაცვლიან მხედრულ სალამს.

4. უფროსი ახლად დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს წარუდგენს დაქვემდებარებულ პერსონალს.

5. სამხედრო მოსამსახურე პატაკს აბარებს:

ა) მიღებული ბრძანების ან სამსახურებრივი დავალების შესრულების შემდეგ;

ბ) სადღეღამისო განწესში სამსახურის შესრულების დროს;

გ) აღლუმებზე და სხვა სამხედრო ცერემონიების ჩატარების დროს;

დ) სამწყობრო დათვალიერების დროს;

ე) სამხედრო ფიცის მიღების დროს;

ვ) სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების დროს.

6. სამხედრო მოსამსახურე, უფროსისათვის პატაკის ჩაბარებისას, იღებს დგომს „სმენა“, აბარებს პატაკს და ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს.

7. მწყობრის მეთაურის მიერ უფროსისათვის პატაკის ჩაბარებისას, მომხსენებელი გასცემს კომანდას „სმენა“, რა დროსაც მწყობრის მეთაური და მწყობრში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ დგომს „სმენა“, მწყობრის მეთაური უფროსს აბარებს პატაკს, რის შემდეგაც ასახელებს დაკავებულ თანამდებობას, სამხედრო წოდებას და გვარს.

8. ქვედანაყოფის მორიგე ქვედანაყოფის მეთაურს პატაკს აბარებს, როდესაც  ქვედანაყოფის მეთაური ქვედანაყოფში პირველად მიდის ან დღის განმავლობაში ხელახლა ბრუნდება ქვედანაყოფში, თუ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

9. ქვედანაყოფში ინსპექტირების/მონიტორინგის მიზნით მისულ სამხედრო მოსამსახურეს, ქვედანაყოფის მეთაური ხვდება და წარუდგება იმ შემთხვევაში, თუ მეთაური მასზე სამხედრო წოდებით დაბალია ან მას უთანაბრდება, სხვა შემთხვევაში, ინსპექტირებაზე/მონიტორინგზე მისული სამხედრო მოსამსახურე უნდა წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს. თუ ქვედანაყოფის მეთაური და ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურე ერთდროულად ეწვევიან ქვედანაყოფს, ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელ სამხედრო მოსამსახურეს უნდა წარუდგნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სამხედრო წოდება ქვედანაყოფის მეთაურის სამხედრო წოდებაზე მაღალია ან მისი თანაბარია, სხვა შემთხვევაში, უნდა წარუდგენენ ქვედანაყოფის მეთაურს.

10. ინსპექტირების/მონიტორინგის მიმდინარეობისას, ქვედანაყოფში მისულ ზემდგომ მეთაურს პატაკს აბარებს ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ წარუდგება მას.

11. ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი სამხედრო მოსამსახურის ყველა განკარგულება პერსონალს გადაეცემა ქვედანაყოფის მეთაურის მეშვეობით და დავალების მიმღები პირები ვალდებულნი არიან მოახსენონ ქვედანაყოფის მეთაურს, შესრულების შედეგების შესახებ.

12. ინსპექტირების/მონიტორინგის განმახორციელებელი ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურე, ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს და დაასახელოს თანამდებობა, სახელი, გვარი და ქვედანაყოფში მისვლის მიზეზი.

13. ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულების მიზნით, ქვედანაყოფში მისულ სამხედრო მოსამსახურეს ქვედანაყოფის მეთაური წარუდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სამხედრო წოდება ქვედანაყოფის მეთაურის სამხედრო წოდებას აღემატება, სხვა შემთხვევაში, ქვედანაყოფში მისული სამხედრო მოსამსახურეები უნდა წარუდგნენ ქვედანაყოფის მეთაურს და მოახსენონ მისვლის მიზეზი.

14. ცალკეული სამსახურებრივი დავალების შესრულების მიზნით, ქვედანაყოფში მისული პირი, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურე, ვალდებულია წარუდგეს ქვედანაყოფის მეთაურს და დაასახელოს თანამდებობა, სახელი, გვარი და ქვედანაყოფში მისვლის მიზეზი.

 

მუხლი 9. მხედრული თავაზიანობისა და ურთიერთპატივისცემის  გამოხატვა

1. ყველა სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია, სხვა სამხედრო მოსამსახურისადმი  მიმართვისას იყოს თავაზიანი, თავშეკავებული და სამსახურებრივ საკითხებზე  მიმართოს მხოლოდ თქვენობით.

2. უფროსი, დაქვემდებარებულის ან/და წოდებით უმცროსისადმი მიმართვისას, ასახელებს სამხედრო მოსამსახურის წოდებას და გვარს ან მხოლოდ წოდებას, ამასთან, სამხედრო მოსამსახურისადმი მხოლოდ წოდებით  მიმართვისას, სიტყვა „ბატონო“-ს დამატება აუცილებელია.

3. დაქვემდებარებულები უფროსებისადმი მიმართვისას, ასახელებენ მათ სამხედრო წოდებას და წოდების წინ ამატებენ სიტყვას „ბატონო“.

4. სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვა ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ასევე, დასაშვებია მიმართვისას სიტყვების „ბატონო იუნკერო/მსმენელო“-ს გამოყენება.

5. უფროსის შემოსვლისას პასუხისმგებელი პირი ან სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველი შენიშნავს მას, ვითარების გათვალისწინებით:

ა) დამსწრე აუდიტორიის შემადგენლობის შესაბამისად, მიმართავს მათ „ბატონო ოფიცრებო/სერჟანტებო/ბატონებო და ქალბატონებო“ და ჩვეულებრივი ტერმინების გამოყენებით წინადადების ფორმით გასცემს მითითებას დამსწრე საზოგადოებისთვის ფეხზე წამოდგომის შესახებ;

ბ) გასცემს კომანდას „ადექ!“ და „სმენა!“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურეები უნდა შებრუნდნენ შემოსული უფროსისკენ და მიიღონ დგომი „სმენა“, როდესაც შემოსული უფროსი გასცემს კომანდას „თავისუფლად“, „სმენაზე“ მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ პასუხისმგებელი პირის, ხოლო ასეთის არარსებობისას თანამდებობრივად ან წოდებრივად უფროსი სამხედრო მოსამსახურის მიერ, კვლავ გაიცემა კომანდა „თავისუფლად“, რის შემდეგაც დამსწრე პირები მოქმედებენ შემოსული უფროსის მითითების შესაბამისად.

7. კომანდა „სმენა“ არ გაიცემა:

ა) ქვედანაყოფის შტაბის შენობაში, სამეთაურო (მართვის) პუნქტზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და საბრძოლო მორიგეობის შესრულებისას;

ბ) საცეცხლე ზღუდესა და პოზიციაზე ყოფნის დროს;

გ) აეროდრომზე ფრენების მიმდინარეობისას და საჰაერო ხომალდის სადგომზე;

დ) სახელოსნოში, პარკში, ანგარში და ლაბორატორიაში სპეციალური მეცადინეობებისა და სამუშაოების შესრულების დროს;

ე) სასადილოში და საკვების მიღების დროს;  

ვ) სამკურნალო დაწესებულებაში;

ზ) დღის განრიგით განსაზღვრულ ძილის/დასვენების პერიოდში;

თ) საზეიმო შეკრებაზე, კულტურულ ღონისძიებებზე და სპორტული  ღონისძიების ჩატარების დროს;

ი) მიღებული ბრძანების ან დავალების შესრულების შემდეგ მოხსენებისას;

კ) უფროსთან წარდგენისას ან მისი მოსვლისას, თუ ადგილზე იმყოფება მისი ზემდგომი მეთაური;

ლ) თუ მოხსენებისას ადგილზე არ ესწრებიან სხვა სამხედრო მოსამსახურეები;

მ) საპირფარეშოში, პირსაბანში და საშხაპეებში, ასევე თამბაქოს მოსაწევ ადგილებში;

ნ) ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფროსს მხოლოდ წარუდგებიან და მას ბარდება პატაკი, გარდა „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომანდა „სმენა“ გაიცემა ქვედანაყოფში მეთაურის ყოველი მისვლისას, თუ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ქვედანაყოფის მეთაურის ქვედანაყოფში მისვლისას, თუ ადგილზე იმყოფება ზემდგომი მეთაური, ქვედანაყოფის მეთაურს მხოლოდ წარუდგებიან და მოახსენებენ არსებული ვითარების შესახებ.

10. უფროსთან საუბრისას, სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა შეწყვიტოს საუბარი სხვა სამხედრო მოსამსახურის მხედრული სალმის მისაცემად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მიესალმება სხვა სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო მოსამსახურე წყვეტს საუბარს და ისიც ასრულებს მხედრულ მისალმებას.

11. სამხედრო მოსამსახურისადმი მიმართვის დროს, როცა ადგილზე იმყოფება უფროსი, საჭიროა მისგან ნებართვის მიღება.

12. უფროსის შეკითხვაზე, დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემისას, სამხედრო მოსამსახურე პასუხობს „დიახ/არა ბატონო“ და ასახელებს უფროსის სამხედრო წოდებას.

13. უფროსთან შეხვედრისას, თუ შეუძლებელია თავისუფლად გვერდის აქცევა, მაშინ სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გზა დაუთმოს, მიესალმოს და გაატაროს უფროსი, ხოლო გასწრების საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურემ ნებართვა უნდა ითხოვოს უფროსისგან.

14. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება სადღეღამისო განწესის შესრულებისას, მწყობრში ყოფნისას, უფროსთან საუბრისას და გადაადგილებისას სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ჯიბეში ხელებჩაწყობილი ყოფნა, ასევე, უფროსის თანდასწრებით და მისი ნებართვის გარეშე, დაჯდომა/დაწოლა, მობილურ ტელეფონზე და სატრანსპორტო საშუალებიდან საუბარი, ასევე, თამბაქოს მოწევა (გარდა თამბაქოს მოსაწევ ადგილზე ყოფნისა).

 

მუხლი 10. ბრძანებისა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების გამოცემის უფლებამოსილება

1. ქვედანაყოფის ამოცანებისა და ფუნქციების ფარგლებში, შიდა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით სრული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების მიზნით, მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს და სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს.

2. ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ზემდგომი ხელმძღვანელობის სამართლებრივ აქტებს.

3. სტანდარტული სამოქმედო პროცედურები შეიძლება გამოიცეს გარკვეული ვადით ან/და კონკრეტული ვითარების დასარეგულირებლად.

 

 

თავი III

ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის, შენობების მოწყობა და მათი ექსპლუატაცია

 

მუხლი 11. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის მოწყობა

1. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე, როგორც წესი ეწყობა:

ა) ქვედანაყოფის შტაბის ადმინისტრაციული შენობა;

ბ) საცხოვრებელი შენობები (ყაზარმა);

გ) საკონტროლო-გამშვები პუნქტი;

დ) პარკი;

ე) სასადილო;

ვ) ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი;

ზ) დაცვის ჯგუფის შენობა;

თ) საწყობი/საცავი;

ი) საკონფერენციო დარბაზი;

კ) სპორტული მოედანი/დარბაზი;

ლ) სამწყობრო მოედანი;

მ) შვეულმფრენის დასაჯდომი მოედანი (შესაძლებელია ასაფრენ-დასაფრენი ზოლი);

ნ) სასწავლო კლასები (ღია და დახურული);

ო) დამხმარე შენობა-ნაგებობები (სასტუმროს შენობა, სასროლი ტირი, აბანო, საქვაბე, სამრეცხაო, თამბაქოს მოსაწევი ადგილი, საინჟინრო ფორტიფიკაციული ნაგებობა, თავშესაფარი და ა.შ.) და დაცვის სამსახურის მომზადების ადგილი (საჭიროებისამებრ).

2. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებულ ყველა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობას ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებზე ამაგრებს ქვედანაყოფის მეთაური.

3. ადმინისტრაციულ შენობაში უნდა განთავსდეს ქვედანაყოფის მმართველობა და შტაბი, სადაც გამოიყოფა:

ა) მეთაურის, მისი მოადგილის, შტაბის უფროსის, ქვედანაყოფის სერჟანტის, სამსახურის უფროსებისა და სხვა პერსონალის სამუშაო ოთახები;

ბ) სათათბირო/ბრიფინგის ოთახი და მართვის ცენტრი/პუნქტი;

გ) სამორიგეო ოთახი/ადგილი;

დ) საჭიროებიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვა ოთახები.

4. სამხედრო მოსამსახურეები განთავსდებიან ყაზარმებში, სადაც შეიძლება გამოიყოს:

ა) მეთაურის სამუშაო ოთახი;

ბ) პერსონალის საძინებელი ოთახ(ებ)ი;

გ) სამუშაო ოთახი;

დ) სამორიგეო ოთახი/ადგილი;

ე) მოსასვენებელი ოთახი/ადგილი;

ვ) ქვედანაყოფების საჭიროებიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ოთახები და ადგილები.

5. ადმინისტრაციულ შენობაში და ყაზარმაში, ასევე ეწყობა საქმისწარმოების, საიარაღო,  საპირფარეშო, ხელსაბანი და საშხაპე ოთახები.

6. საძინებელ ოთახებში, პერსონალის განლაგებისათვის, გამოიყოფა 2,5-4მფართობი თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე. ამასთან, ჰაერის მოცულობა ერთ კაცზე უნდა იყოს არანაკლებ 9-12 კუბური მეტრისა.

7. სველ წერტილებში, საპირფარეშო უნდა მოეწყოს 10-12 პერსონაზე ერთი კაბინა. 5-7 პერსონაზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი ხელსაბანი, ხოლო ყოველ 12-15 პერსონაზე ერთი საშხაპე. სველი წერტილები აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი და დამოუკიდებელი ხელოვნური ვენტილაციის სისტემით. სველი წერტილები დროულად უნდა დასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. საპირფარეშო, საშხაპე და ხელსაბანი შეიძლება მოეწყოს აგრეთვე, ყაზარმის გარეთ სახელოსნოებთან, პარკში და სასადილოებში.

8. საყოფაცხოვრებო მომსახურების ოთახში უნდა მოეწყოს ტანსაცმლის დასაუთოებელი მაგიდები, სარკეები, სხვა საჭირო ინვენტარი და ხელსაწყოები.

9. აკრძალულია ცხოვრება სასადილოებში, საქვაბეებში, საწარმოო და სასაწყობე შენობებში, პარკებსა და ანგარებში, აგრეთვე სასწავლო შენობებში.

10. საძინებელ ოთახებში საწოლები ისე უნდა დაიდგას, რომ თითოეულის ან ორი ერთმანეთთან მიდგმული საწოლის მახლობლად დარჩეს საწოლთან მისადგმელი ტუმბოს ან/და ინდივიდუალური კარადის ადგილი, ხოლო საწოლების მწკრივთა შორის იყოს პერსონალის მოსაწყობად საჭირო თავისუფალი ადგილი. საწოლები უნდა დაიდგას კედლებიდან არა უახლოეს 10-15 სანტიმეტრის დაშორებით, სწორების ზუსტი დაცვით. საწოლები უნდა იყოს ერთნაირი (სტანდარტული). საძინებელ ოთახებში საწოლების განლაგება შეიძლება ერთ ან ორ იარუსად.

11. საწოლებთან მდგარი ტუმბო გამოიყენება პირადი ჰიგიენის ნივთების და დოკუმენტების შესანახად.

12. ყაზარმაში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების საწოლი უნდა შედგებოდეს  პლედის, მატრასის, თეთრეულის (ზეწარი), ბალიშისა და მისი პირებისგან. საწოლები უნდა იყოს ერთნაირად გასწორებული.

13. ინდივიდუალური კარადები შეიძლება დაიდგას საძინებელი ოთახის გარეთ. ისინი  მიემაგრება სამხედრო მოსამსახურეს და აღინიშნება იარლიყით, რომელზეც ნაჩვენებია მისი სამხედრო წოდება, სახელი და გვარი. ინდივიდუალურ კარადებში ინახება სამხედრო მოსამსახურეთა ტანსაცმელი და პირადი ნივთები. აკრძალული ნივთების ჩამონათვალი დგინდება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ და ტარდება პერიოდული შემოწმებები.

 

მუხლი 12. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის შემოღობვა

1. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის პერიმეტრი უნდა იყოს შემოღობილი.

2. შემოღობილი პერიმეტრის სახეებია:

ა) იზოლირებული - ღობის ხაზი, რომლის გარეთაც 30 მეტრის მანძილზე არ არის შენობა-ნაგებობები და სავალი გზა;

ბ) ნახევრად იზოლირებული - ღობის ხაზი, რომლის გარეთაც 15 მეტრის მანძილზე არ არის შენობა-ნაგებობები და სავალი გზა;

გ) არაიზოლირებული - ღობის ხაზი, რომლის გარეთ არის შენობა-ნაგებობები და სავალი გზა.

3. ობიექტების დასაცავად გამოიყენება შემდეგი სახის ღობე:

ა) რკინაბეტონის;

ბ) ლითონის (ბადე/გისოსი/ფირფიტა);

გ) სამშენებლო ბლოკის/აგურის;

დ) მავთულბადის, ეკლიანი მავთულის და ეკლიანი ლენტის სპირალის.

4. ღობის ტიპი და რაოდენობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ქვედანაყოფის ამოცანა, მოწინააღმდეგე, ადგილმდებარეობა, ამინდი, საკუთარი ძალები და არსებული დრო, ასევე ხელთარსებული მასალები.        

5. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დასაცავად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიწათხრილი, მიწაყრილი, გაბიონი ან მათი კომბინირება ერთმანეთთან ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ღობის სახეებთან.

6. შემოღობვის ზედა ნაწილზე უნდა გაკეთდეს ეკლიანი მავთული ან/და ეკლიანი სპირალი. დაჭიმული ეკლიანი მავთული უნდა გადაიწიოს კედლის გარე ან/და შიდა მხარეს 450-ით. ამ მიზნით გამოიყენება, სულ მცირე, სამი მავთული, რაც ზრდის ღობის სიმაღლეს დაახლოებით 30 სანტიმეტრით.

7. ქვედანაყოფის ღობის გარეთა მხარეს, თვალსაჩინო ადგილზე,  ქართულ და უცხოურ ენებზე შეიძლება განთავსდეს მაჩვენებლები წარწერით „სდექ! აკრძალული ზონა“, ამასთან ობიექტისათვის  გვერდის ავლის მიმართულება ისრით უნდა იყოს აღნიშნული. ნიშნები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყოს არა უმეტეს 30 მეტრით.  

8. თავისუფალი ზონები ქვედანაყოფის პერიმეტრთან უნდა გაიწმინდოს/გამეჩხერდეს მცენარეული საფარის, ნაგვისა და სხვა მასალისგან, რომელთა გამოყენებაც შეიძლება შესანიღბად ან დამრღვევი პირის მიერ ღობის გადასალახად.

 

მუხლი 13. ქვედანაყოფში საიარაღო ოთახისა და საწყობის/საცავის მოწყობა

1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის შენახვის მიზნით, ქვედანაყოფში განთავსებულია საიარაღო ოთახები და საწყობები/საცავები, რომელთა მოწყობის წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ.

2. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების და აღჭურვილობისათვის განკუთვნილ საიარაღო ოთახს იცავს ქვედანაყოფის მორიგე და მისი თანაშემწე, ხოლო საწყობებს/საცავებს იცავს დაცვის სამსახური.

 

მუხლი 14. შენობებისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობა

1. დისლოკაციის ადგილზე ყველა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, აგრეთვე, ტერიტორია უნდა იყოს დასუფთავებული და წესრიგში მოყვანილი. ქვედანაყოფის მეთაური პასუხისმგებელია მიმაგრებული შენობა-ნაგებობების სწორად გამოყენებაზე, მოწყობილობის, ინვენტარისა და ავეჯის მოვლა-პატრონობაზე.

2. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მათში არსებული ოთახები  უნდა დაინომროს. თითოეული შენობა-ნაგებობის და ოთახის შესასვლელი კარის გარეთა მხარეს უნდა გამოიკრას აბრა, რომელზეც აღინიშნება შენობის/ოთახის ნომერი და მისი დანიშნულება.

3. თითოეული ოთახის შიგნით უნდა გამოიკრას იქ არსებული ქონების (ავეჯის), ინვენტარისა და მოწყობილობის ნუსხა, ასევე მასზე პასუხისმგებელი პირი.

4. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი უნდა იყოს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შემოღობილი, ასევე ქვედანაყოფის  ტერიტორია შესაძლებლობის ფარგლებში გამწვანებული, დასუფთავებული,  მოწესრიგებული და ღამით განათებული. ტერიტორია უნდა იყოს უბნებად დაყოფილი და განაწილებული ქვედანაყოფებს შორის. მუნიციპალური ნარჩენები უნდა მოგროვდეს კონტეინერებში, რომელიც უნდა იყოს თავდახურული და მათი დაცლა უნდა ხდებოდეს დროულად.

5. ქვედანაყოფზე მიმაგრებული შენობებისა და ტერიტორიების  დასასუფთავებლად, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოიყონ სამხედრო მოსამსახურეები. მათ შეიძლება დაევალოთ საცხოვრებელი ყაზარმების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენის მითითებულ ადგილზე გატანა, წყლის მარაგის შევსება და სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოები. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები მეცადინეობებიდან არ თავისუფლდებიან.

6. ქვედანაყოფის ტერიტორიასა და შენობა-ნაგებობებში სისუფთავის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა მოსამსახურეს.

7. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით პერიოდულად ხორციელდება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებული ყველა შენობისა და ტერიტორიის საერთო დასუფთავება.

8. სასადილოებში უნდა იყოს სრული წესრიგი და სისუფთავე.

9. შენობის სხვენი  და  სარდაფები  იკეტება,  მათი  გასაღებები  ინახება იმ ქვედანაყოფის მორიგესთან, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ შენობის მოვლა-პატრონობაზე. ზამთარში შენობათა სამერცხულები უნდა ჩაიკეტოს, ხოლო ზაფხულში გაიღოს, ამასთან, ისინი სპეციალური გისოსებით ან წვრილი ბადეებით უნდა იყოს დაცული.

10. შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია შენობების ხელახლა დაგეგმარება, არსებულ ნაგებობათა დაშლა, ახლის აგება, რემონტი და სხვა სამუშაოების ჩატარება.

11.  საყაზარმო და სხვა შენობებში მწყობრის ფეხაწყობილი სიარული აკრძალულია.

 

მუხლი 15. შენობების გათბობა

1. შენობის გათბობის პერიოდის დაწყება-დამთავრება დამოკიდებულია წელიწადის დროზე და კლიმატურ პირობებზე.

2. ყველა საქვაბე, ცენტრალური გათბობის სისტემა, ღუმელი და კვამლსადენი, გათბობის პერიოდის დაწყებამდე, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს, გაიწმინდოს, ხოლო გაუმართავი შეკეთდეს.

3. ოთახებში ტემპერატურა მიზანშეწონილია იყოს არანაკლებ +18°C და არა უმეტეს +22°C. თერმომეტრები ოთახებში უნდა დაიკიდოს შიდა კედლებზე, გამათბობელი ხელსაწყოებისაგან მოშორებით, იატაკიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე.

4. აკრძალულია გაუმართავი ღუმლებით სარგებლობა, ღუმლების დასანთებად საწვავი სითხეების გამოყენება, დანთებული ღუმლების უმეთვალყურეოდ დატოვება, ღუმლებში ან ღუმლებთან სათბობი საშუალებების (შეშის და სხვა)  შრობა და საცხოვრებელ ოთახებში მისი შენახვა, აგრეთვე, შეშის დაწვა და დახერხვა ოთახებში, დერეფნებსა და კიბეებზე.

5. შენობაში (კარავში) ღუმლებით სარგებლობისას, ქვედანაყოფის მეთაური გამოყოფს პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, რომელმაც უნდა იცოდეს ღუმლების დანთებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ფუნქცია შეიძლება შეითავსოს სადღეღამისო განწესის შემადგენლობამ.

 

მუხლი 16. შენობების განიავება

1. საცხოვრებელ შენობებში (ყაზარმებში) ოთახების განიავებას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის მორიგე ან მისი თანაშემწე. საძინებელი ოთახების განიავება ძილის წინ და ძილის შემდეგ აუცილებელია, საკლასო ოთახების მეცადინეობების დაწყების წინ და შესვენებისას. ქვედანაყოფის ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაო და სხვა ოთახები უნდა გაანიავოს იქ მომუშავე პერსონალმა.

2. საწყობები, სათავსოები, სარდაფები და სხვა დახურული სივრცეები ეწყობა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი განიავება. განიავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იქ მომუშავე ან მიმაგრებულ პერსონალს.

3. შენობა-ნაგებობების სავენტილაციო სისტემებმა უნდა იმუშაოს ამ სისტემებზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ. არსებული სავენტილაციო სისტემები მუდამ გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

 

მუხლი 17. განათება

1. განათების სისტემა დამოკიდებულია უსაფრთხოების საერთო მოთხოვნებზე. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის პერიმეტრისა და მის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების განათების საჭიროებებს, ასევე, განათების წესს, არსებული პირობების გათვალისწინებით  განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.

2. ყაზარმის შესასვლელთან იარაღის შესანახ ოთახში, სამორიგეო ოთახში/ადგილზე, დერეფანში, კიბეებსა და საპირფარეშოში სიბნელის დადგომიდან გათენებამდე ჩართული უნდა იყოს განათება.

3. ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ შენობებში დაწესებული განათების დროულად ანთება-ჩაქრობის მიმართ მეთვალყურეობა ეკისრებათ მორიგეებსა და მათ თანაშემწეებს.

4.  განათება იყოფა, უსაფრთხოების განათებად და სამუშაო  განათებად.

5. უსაფრთხოებისათვის იყენებენ ოთხი ტიპის განათებას, ესენია:

ა) უწყვეტი განათება;

ბ) ლოდინის რეჟიმის განათება;

გ) პორტატული განათება;

დ) სათადარიგო განათება.

6. უწყვეტი განათება არის ფიქსირებული სინათლის სერია, რომელიც სიბნელის დროს კონუსისებური გამოსხივებით უწყვეტად ეფინება მოცემულ ზონას. არსებობს უწყვეტი განათების ორი სახეობა, თვალისმომჭრელი და კონტროლირებული:

ა) თვალისმომჭრელი განათების დროს სინათლის ძლიერი ნაკადი გარშემო ტერიტორიას ეფინება. ის დამაბრკოლებელი ფაქტორია პერიმეტრის უკანონოდ გადაკვეთის მსურველთათვის, რადგან მათ უძნელდებათ პერიმეტრის შიგნით რაიმეს დანახვა;

ბ) კონტროლირებული განათების დროს სინათლის ნაკადის სიგანეს არეგულირებენ კონკრეტული საჭიროებისათვის.

7. ლოდინის რეჟიმის განათება იგივეა, რაც უწყვეტი განათება, იმ განსხვავებით, რომ სანათები მუდმივად არ არის ჩართული, ისინი ან ავტომატურად ირთვება ან ხელით რთავენ, როდესაც დაცვის სამსახური ან უსაფრთხოების სისტემა საეჭვო მოქმედებას დააფიქსირებს.

8. პორტატული განათება შედგება ხელით მართული მოძრავი პროჟექტორებისაგან, რომლებსაც სიბნელეში ან სხვა საჭიროების მიხედვით ანთებენ. ამ ტიპის განათებას, როგორც წესი, უწყვეტი ან ლოდინის რეჟიმის განათების დამხმარე საშუალებად იყენებენ.

9. სათადარიგო განათება განათების ისეთი ტიპია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ზემოაღნიშნული ყველა ან რომელიმე ტიპის განათება. მას მაშინ რთავენ, როდესაც ელექტროენერგია ითიშება ან მოქმედი განათება მწყობრიდან გამოდის. სათადარიგო განათება მუშაობს ალტერნატიულ კვების წყაროზე, როგორიცაა, დამონტაჟებული ან ხელით გადასატანი გენერატორები ან აკუმულატორები.

10. განათება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სადღეღამისო განწესს  სამსახურის შესრულებაში, ასევე, პერსონალისა და ქონების დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად.

11. განათება, როგორც წესი, უნდა დამონტაჟდეს ადმინისტრაციულ შენობაში, ყაზარმაში, პარკში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, საწყობში/საცავში და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობებში და მათ პერიმეტრზე.

12. განათებისთვის უნდა დამონტაჟდეს სათადარიგო კვების წყარო და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემა. სათადარიგო კვების წყარო ყოველთვის  უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და დაცული პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედებისაგან.

13. შენობა-ნაგებობებში სამუშაო განათება ირთვება და ითიშება განსაზღვრულ დროს იქ მომუშავე პერსონალის მიერ.

14. თითოეული შენობის ან პერიმეტრის განათების დაგეგმვისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის დამახასიათებელი ფაქტორები, კერძოდ, მისი განლაგება, ადგილმდებარეობა, ატმოსფერული და კლიმატური პირობები, ასევე, უსაფრთხოების მოთხოვნები.

15. ელექტროსადენების წრედი ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ ერთი ნათურის დაზიანებამ არ გამოიწვიოს პერიმეტრის ზოლის დიდი ნაწილის, მნიშვნელოვანი ან დაუცველი პოზიციის დიდი ფართობის ჩაბნელება. ელექტროსადენები მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს ან გადაიჭიმოს მიწის ზემოთ, პერიმეტრის სიღრმეში, ამასთან, მიღებული უნდა იქნეს ზომები, რათა შემცირდეს მისი დაზიანების საფრთხე და მასზე ცუდი ამინდის პირობების გავლენა.

16. პერიოდულად საჭიროა ყველა ელექტროწრედის შემოწმება, ძველი ნაწილების შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება, სადენების გაჭიმვა და იზოლაციის შემოწმება. აპარატურა ყოველთვის გაწმენდილი და სათანადოდ მომართული უნდა იყოს. ქვესადგურები უნდა განთავსდეს კონტროლირებულ ზონაში და სათანადოდ უნდა უზრუნველყოფდეს განათების მთელი სისტემის მომარაგებას.

17. ავარიის ან სხვა მიზეზების გამო ელექტროგანათების დროებით გათიშვის შემთხვევაში, ქვედანაყოფთა მორიგეებს უნდა ჰქონდეთ სათადარიგო განათება, რომელთა მოწყობისა და ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.

 

 

თავი IV

დროის განაწილება და ყოველდღიური წესრიგის ორგანიზება

 

მუხლი 18. დროის განაწილება და ყოველდღიური წესრიგი

1. ქვედანაყოფში სამუშაო დროის განაწილება და ყოველდღიური წესრიგი განისაზღვრება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ.  

2. ქვედანაყოფში მყოფ პერსონალს, გარდა სადღეღამისო განწესისა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ეძლევა არანაკლებ რვა საათი ძილისათვის/დასვენებისათვის. საგანგებო/საომარი მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციის დროს, ასევე, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე (ყაზარმულ მდგომარეობაზე) ყოფნის დროს, პერსონალის დასვენების დროს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.

3. ცალკეულ სამუშაოებზე მიზიდული პერსონალის შესვენების დროს განსაზღვრავს სამუშაოების შემსრულებელი ქვედანაყოფის ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის მეთაური.

4. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს დღის განმავლობაში შესვენების დრო გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ.

5. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს სამუშაო საათებში (ასევე შესვენების დროს) დატოვოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესით.

6. საკვების მიღებას შორის შუალედები არ უნდა აღემატებოდეს შვიდ საათს. საკვების მიღების შემდეგ, პერსონალს უნდა მიეცეს არანაკლებ 30 წუთი დასვენებისთვის.

7. ქვედანაყოფის პერსონალისათვის შეიძლება ჩატარდეს პატრიოტული, მორალურ-ფსიქოლოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, აგრეთვე, სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები.

 

მუხლი 19. დილის ადგომა და საღამოს შემოწმება

1. ქვედანაყოფის არანორმირებულ სამუშაო დროზე, მათ შორის, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე (ყაზარმულ მდგომარეობაზე) გადაყვანის დროს, ასევე, ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით სხვა შემთხვევებში, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სამხედრო მოსამსახურეთა დილის ადგომა. ამ შემთხვევაში, დილის ადგომას ორგანიზებას უწევს ქვედანაყოფის მორიგე. კომანდაზე „(ქვედანაყოფის დასახელება), ადექ!“ სამხედრო მოსამსახურეები დგებიან საწოლიდან, რის შემდეგაც მეთაურის გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებელია ჩაუტარდეს დილის ფიზიკური ვარჯიში, ასევე მათ ეძლევათ დრო მოსასვენებელი ადგილის დალაგებისა და პირადი ჰიგიენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება ჩაუტარდეთ დილის დათვალიერება, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის, გარეგანი იერის, პირადი ჰიგიენის წესების დაცვის შემოწმებას, რის შემდეგაც ქვედანაყოფის პერსონალი მიდის საუზმის მისაღებად. საუზმის შემდეგ, ქვედანაყოფის თითოეული სამხედრო მოსამსახურე ემზადება მეცადინეობისათვის, თუ იგი გათვალისწინებულია დღის განრიგით.

2. საღამოს შემოწმებას ატარებს ქვედანაყოფის მორიგე, ამ დროს სამხედრო მოსამსახურეები ეწყობიან  ამისათვის განსაზღვრულ ადგილზე და დადგენილი მწყობრით, რის შემდეგაც ხორციელდება პერსონალის სიის ამოძახება. თითოეული სამხედრო მოსამსახურე თავისი გვარის გაგონებაზე იღებს დგომს „სმენა“ და პასუხობს „ვარ!“. მწყობრში არმყოფთა ნაცვლად პასუხისმგებელმა პირმა უნდა უპასუხოს, თუ სად იმყოფება სამხედრო მოსამსახურე (მაგალითად: „დაცვის ჯგუფშია“, „შვებულებაშია“, „მივლინებაშია“ და ა.შ.). სიის ამოძახების დასრულების შემდეგ, პერსონალს ეცნობება საჭირო ინფორმაცია, რის შემდეგაც საღამოს ამოძახება მთავრდება და ცხადდება „გასაყრისი“, ამის შემდეგ, პერსონალს ეძლევა დრო დასვენებისათვის/ძილისათვის.

 

მუხლი 20. სასწავლო მეცადინეობები, წვრთნები და სწავლებები

1. ქვედანაყოფის სასწავლო მეცადინეობების, წვრთნების და სწავლებების ორგანიზება ხორციელდება დამტკიცებული გრძელვადიანი საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მითითებებისა და ძირითადი ღონისძიებების გეგმა-კალენდრის შესაბამისად.

2. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლებებისაგან სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის ან სხვა ობიექტური მიზეზის არსებობისას.

3. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლებებისაგან თავისუფლდება სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი.  

4. წვრთნებზე და სწავლებებზე ყოფნის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, განისაზღვრება შესაბამის პირობებთან და სწავლებასთან ადაპტირებული დღის განრიგი.

5. სასწავლო მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლების დაწყებისა და დამთავრების შემდეგ მოწმდება პერსონალის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სასწავლო საშუალებების მდგომარეობა, მათი რაოდენობა და დაკომპლექტება, ამასთან, დასრულების შემდეგ ხორციელდება იარაღის, აღჭურვილობისა და ინვენტარის წმენდა და ტექნიკის ტექნიკური მომსახურება.

 

მუხლი 21. სამუშაოების შესრულება

1. ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების და ტერიტორიის დალაგების, სისუფთავისა და წესრიგის დაცვის, აგრეთვე საჭირო სამსახურებრივ-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიზნით შესაძლებელია საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით გამოიყოს სამუშაოების შემსრულებელი ჯგუფი.

2. სამუშაოების შემსრულებელ ჯგუფში ინიშნებიან ჯგუფის უფროსი და წევრები, ისინი ექვემდებარებიან საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ პირს.

3. სამუშაოების შემსრულებელი ჯგუფის გამოყოფის შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, თუ სად, როდის და რა სახის სამუშაოები უნდა შესრულდეს, რომელი ქვედანაყოფი ან სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი გამოიყოფა ამ სამუშაოების შესასრულებლად, მათი მეთაურის და ჯგუფში დანიშნული სამხედრო მოსამსახურეების წოდება, სახელი და გვარი, ასევე სამუშაოებთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხები.

 

მუხლი 22. ქვედანაყოფის ტერიტორიაზე გადაადგილება

1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობა გადაადგილდება მწყობრით, სხვა სამხედრო მოსამსახურეთა მწყობრით გადაადგილების საკითხს არეგულირებს ქვედანაყოფის მეთაური.

2. მწყობრის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა) სადღეღამისო განწესის შემთხვევაში – სადღეღამისო განწესში დანიშნულ მორიგეს და დაცვის ჯგუფის უფროსს;

ბ) სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფის შემთხვევაში – სამხედრო მოსამსახურეებს შორის უფროსს, ხოლო ასეთის არარსებობისას, მათი საერთო მეთაურის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს.

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური დისლოკაციის ადგილზე განსაზღვრავს ადგილებს და/ან დროის პერიოდს, როდესაც მწყობრით გადაადგილება აუცილებელი არ არის, ასევე ადგენს ტერიტორიაზე ტექნიკის გადაადგილების მარშრუტებს, გაჩერების/დგომის ადგილებს და გადაადგილების სიჩქარეს.

 

მუხლი 23. საუზმე, სადილი და ვახშამი

1. საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო განისაზღვრება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი დღის განრიგით.

2. სასადილოში საკვების მიღების დროს:

ა) აკრძალულია სამხედრო მოსამსახურეს ეხუროს ქუდი, ეცვას ლაბადა/ქურთუკი, სამუშაო ფორმის ტანსაცმელი, შორტი,  ჩუსტები ან იყოს ფეხშიშველი;

ბ) სამხედრო მოსამსახურემ უნდა დაიცვას ჰიგიენის ნორმები.

3. სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი საკვებს იღებს სასადილოში დღის განრიგით დაწესებულ დროს. ქვედანაყოფის სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული პერსონალისათვის და ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საკვები მიაქვთ მათი განლაგების ადგილზე.

4. საველე ბანაკებში საკვების მიწოდება ხორციელდება ქვედანაყოფის სასადილოდან, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საკვების მომზადება საველე სამზარეულოში. ასევე პერსონალზე შეიძლება გაიცეს მშრალი ულუფა.

 

მუხლი 24. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, დისლოკაციის ადგილის  დატოვება

1. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის მიერ, დისლოკაციის ადგილის  დატოვება ხორციელდება შინაგანაწესის შესაბამისად.

2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, არ დატოვოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი და დასვენების უფლებით ისარგებლოს ქვედანაყოფში. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მისი სურვილით შეიძლება აყვანილ იქნეს სასურსათო კმაყოფაზე, ამასთან, მას უფლება აქვს დროებით დატოვოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი და დაბრუნდეს უკან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესით და განსაზღვრულ დროს.

3. პირად საკითხებთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილიდან დროებით გასვლა და სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით გათავისუფლება დასაშვებია ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ნებართვით და ქვედანაყოფის შინაგანაწესის შესაბამისად.

4. სამხედრო მოსამსახურის მიერ ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება ფიქსირდება ქვედანაყოფის შინაგანაწესის შესაბამისად.

 

მუხლი 25. მნახველების მიღება

1. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ შეიძლება განისაზღვროს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მნახველთა მიერ, წვრთნების, სწავლებისა და მეცადინეობებისაგან თავისუფალ დროს, სამხედრო მოსამსახურეთა მონახულების წესი.

2. სამხედრო მოსამსახურეთა მონახულების მიზნით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე  გამოიყოფა შესაბამისი ოთახი ან ადგილი.

3. მნახველები ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დაიშვებიან ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით და დადგენილი წესის საფუძველზე.

4. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მნახველები ქვედანაყოფში არ დაიშვებიან.

 

მუხლი 26. პერსონალის მივლინება და გამგზავრება

1. ქვედანაყოფის პერსონალის მივლინება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მივლინებაში წარსაგზავნი პერსონალის დათვალიერება, მათი უზრუნველყოფის შემოწმება და ინსტრუქტაჟი ტარდება მივლინებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ან მისი ბრძანებით განსაზღვრული პირის მიერ.

3. სამსახურებრივ მივლინებაში, შეიძლება წარიგზავნოს მთლიანი ქვედანაყოფი, სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი ან სამხედრო მოსამსახურე ინდივიდუალურად. მივლინებულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფს – ჯგუფის უფროსი.

4. ქვედანაყოფის ან ჯგუფის მივლინებაში წარგზავნისას ქვედანაყოფის მეთაურს ან ჯგუფის უფროსს უნდა ეცნობოს, როგორია გზაში გადაადგილებისა და კვების წესი, რომელი დღისათვის, სად და რა ამოცანის შესასრულებლად იგზავნება ქვედანაყოფი ან ჯგუფი, ასევე სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები. ქვედანაყოფის მივლინებაში წასვლისათვის მზადყოფნის შესახებ მეთაური ან ჯგუფის უფროსი მოახსენებს თავის უშუალო უფროსებს, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, მოახსენებს მათ მივლინებიდან დაბრუნებისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

5. ქვედანაყოფის მეთაურს ან ჯგუფის უფროსს ეკისრება პასუხისმგებლობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მიერ სამხედრო დისციპლინის დაცვაზე, წესრიგზე და დავალების დროულად შესრულებაზე, აგრეთვე იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონების დაცვაზე, ასევე, ისინი უზრუნველყოფენ  სატრანსპორტო საშუალებებზე პერსონალისა და ტვირთების განთავსების, მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხდომა-გადმოსხდომის წესების დაცვას.

 

 

თავი V

სამხედრო ფიცის დადებისა და დაჯილდოების წესი

 

მუხლი 27.  სამხედრო ფიცის დადების ორგანიზება

1. სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოს მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, ხოლო საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.

2. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი (რომელსაც ადრე არ დაუდია სამხედრო ფიცი) ფიცს დებს ზეპირად, ქართულ ენაზე და ადასტურებს მას ფიცის ტექსტზე ან საერთო უწყისში საკუთარი ხელმოწერით.

3. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცს დებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

4. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცის დადებამდე, უნდა გაეცნოს სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებს და სამხედრო ფიცის მნიშვნელობას.

5. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო ფიცს, როგორც წესი, დებს საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაშვებია სამხედრო ფიცის დადება აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშეც.

6. სამხედრო ფიცის დადების დროს და ადგილს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.

 

მუხლი 28. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია

1. სამხედრო ფიცის დადების აღსანიშნავად ტარდება სამხედრო ცერემონია.

2. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც სამხედრო ფიცი სხვადასხვა მიზეზის გამო სამხედრო ცერემონიაზე არ დაუდია, სამხედრო ფიცს დადებს შემდგომ დღეებში, სამხედრო ცერემონიის ჩატარების გარეშე, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურის  თანდასწრებით.

3. სამხედრო ფიცის დადების სამხედრო ცერემონია შესაძლებელია ჩატარდეს ისტორიულ ადგილებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას დაღუპულ მეომართა საფლავებთან ან/და მემორიალთან.

4. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია მოიცავს:

ა) ქვედანაყოფის მოწყობას;

ბ)  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას;

გ) წუთიერ დუმილს, დაღუპულთა პატივის მისაგებად;

დ) სამხედრო ფიცის დადებას;

ე) მისალოცი სიტყვის წარმოთქმას;

ვ) ცერემონიის დასასრულს.

5. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის ფარგლებში, შესაძლოა გაერთიანებული იყოს სამხედრო მოსამსახურეებისათვის ჯილდოების გადაცემისა და წახალისების ღონისძიება, სამხედრო მოსამსახურის რეზერვში დათხოვნა, აგრეთვე, ქვედანაყოფის საბრძოლო აღჭურვილობის, ტექნიკის, შეიარაღების გამოფენა და სადილი.

6. ქვედანაყოფების მოწყობა, წარდგენა და პატივის მიგება სრულდება სამწყობრო წესდების შესაბამისად. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიისთვის მწყობრის შერჩევა დამოკიდებულია თავისუფალ სივრცესა და ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებაზე.

7. ქვედანაყოფის მეთაურს უფლება აქვს შეცვალოს სამხედრო ცერემონიებისათვის დადგენილი მწყობრი და დადგენილი დისტანცია, რათა მწყობრი მოერგოს ადგილობრივ ვითარებას.

8. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია შეიძლება ჩატარდეს შენობაში. ამ შემთხვევაში საზეიმო მარში არ ჩატარდება.

9. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეულმა ზემდგომმა ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილი სახით ფიცის დამდები ქვედანაყოფისაკენ.

10. ქვედანაყოფის მეთაურის კომანდაზე „შეუდექით სამხედრო ფიცის დადებას“, დაქვემდებარებული ქვედანაყოფის მეთაური გასცემს კომანდას „დაიწყეთ სამხედრო ფიცის დადება“, რის შემდეგაც ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები დებენ სამხედრო ფიცს.

11. სამხედრო ფიცის დადების დროს ქვედანაყოფის მეთაურის მიერ წინასწარ გამოყოფილი სამხედრო მოსამსახურე დგება სახით მწყობრისკენ და წარმოთქვამს სამხედრო ფიცის თითოეულ სტროფს, რომელსაც მწყობრში მდგომი სამხედრო მოსამსახურეები ერთხმად იმეორებენ. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის დამთავრების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე ხელს აწერს ფიცის ტექსტს ინდივიდუალურად, ასევე ხელმოწერას აფიქსირებს საერთო უწყისში.

12. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო და ქვედანაყოფის დროშები ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით.

13. მისალოცი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეიძლება შესრულდეს საზეიმო მარში და ცერემონია დასრულდეს ისე, როგორც ეს განსაზღვრულია სამწყობრო წესდებით.

 

მუხლი 29. ცერემონიის ორგანიზება

1. მილოცვისას, წახალისების სახის გამოცხადებისას, ჯილდოს ან წარჩინების ნიშნების გადაცემისას, მწყობრში მყოფმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივად ან სამხედრო მოსამსახურემ ინდივიდუალურად უნდა უპასუხოს: „ვემსახურები საქართველოს!“.

2. ჯილდოს გადაცემისას სამხედრო მოსამსახურეები უნდა მოეწყონ სამწყობრო წესდების შესაბამისად. წინასწარ განისაზღვრება ჯილდოს გადამცემ პირთა შემადგენლობა და გამოიყოფა ჯილდოს გადამცემი პირის ასისტენტი. თუ ჯილდოს გადამცემი სამხედრო მოსამსახურეა, აუცილებელია, რომ იგი იყოს დასაჯილდოებელ პირ(ებ)ზე სამხედრო წოდებითა და თანამდებობით უფროსი. დასაჯილდოებელი პერსონალი უნდა მოეწყოს ისე, რომ მარჯვნივ იდგეს ყველაზე მაღალი ჯილდოს მიმღები, რომელიც დაჯილდოვდება პირველი. უფლებამოსილი პირი, ასახელებს ჯილდოს სახეობას და ჯილდოს გადამცემი პირის  თანამდებობას, წოდებას, სახელსა და გვარს, რის შემდეგაც ბრძანებიდან ამოიკითხავს დასაჯილდოებელი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებას, სახელს და გვარს, დასაჯილდოებელი პირი თავისი გვარის გაგონებისას პასუხობს: „ვარ“, ხოლო ჯილდოს გადამცემი პირი გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს დასაჯილდოებელი პირისგან ორი ნაბიჯით წინ, სახით მისკენ. ასისტენტი აიღებს შესაბამის ჯილდოს, გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს ჯილდოს გადამცემი პირის მარცხნივ, ახლო ინტერვალით, სახით ჯილდოს გადამცემისაკენ. მას შემდეგ, რაც ასისტენტი თავის ადგილს დაიკავებს, უფლებამოსილი პირი მოკლედ აღწერს  დასაჯილდოებელი პირის ღირსეულ საქციელს, რისთვისაც მან აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა. დასაჯილდოებელი პირის წარსადგენი სიტყვის დასრულების შემდეგ, ასისტენტი შესაბამის ჯილდოს მიაწოდებს ჯილდოს გადამცემ პირს. ჯილდოს გადამცემი პირი გადადგამს ერთ ნაბიჯს წინ და დასაჯილდოებელ პირს აღნიშნულ ჯილდოს მკერდზე დაუმაგრებს ან გადასცემს ხელში, რის შემდეგაც ჯილდოს გადამცემი პირი ხელს ჩამოართმევს დაჯილდოებულ პირს, დაჯილდოებული პირი ასრულებს მხედრულ სალამს და წარმოთქვამს სიტყვებს: „ვემსახურები საქართველოს!“. თუ ჯილდოს გადამცემი პირი სამხედრო მოსამსახურეა იგი პასუხობს მხედრულ სალამს, მხედრული მისალმების დასრულების შემდეგ, ჯილდოს გადამცემი პირი და ასისტენტი უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს. თუ ჯილდოს გადამცემი პირი აჯილდოებს რამდენიმე პირს, იგი ასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ, გადაადგილდება და დაიკავებს ადგილს შემდეგი დასაჯილდოებელი პირისგან ორი ნაბიჯით წინ, სახით მისკენ. ასისტენტი ჯილდოს გადამცემ პირთან ერთად შეასრულებს ბრუნს მარჯვნისაკენ, გადაადგილდება და დაიკავებს თავის ადგილს ჯილდოს გადამცემი პირისგან მარცხნივ, ახლო ინტერვალით. თუ დაჯილდოების ცერემონია ტარდება შენობაში დასაჯილდოებელი პირები უნდა მოეწყონ ან უნდა დასხდნენ სახით აუდიტორიისკენ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხორციელდება წახალისებისა და წარჩინების ნიშნის გადაცემის ცერემონია.

 

 თავი VI

ქვედანაყოფის მეთაურის უფლებამოსილებისა და თანამდებობის გადაბარება

 

მუხლი 30. ქვედანაყოფის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარება

ქვედანაყოფის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ტარდება სამწყობრო წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 31. ქვედანაყოფის მეთაურის თანამდებობის გადაბარება

1. ქვედანაყოფის მეთაურის შეცვლისას, მის მიერ დაკავებულ თანამდებობას იბარებს ახალი მეთაური.

2. თანამდებობის გადაბარება გულისხმობს ქვედანაყოფის ახალი მეთაურის მიერ ქვედანაყოფზე რიცხული და სახეზე არსებული პერსონალის, დოკუმენტაციის, შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების მიღებას.

3. თანამდებობის გადაბარების მიზნით, ზემდგომი მეთაურის, ხოლო ასეთის არარსებობისას ახლადდანიშნული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, შეიძლება შეიქმნას კომისია. კომისიის თავმჯდომარე ან წევრი არ შეიძლება იყოს ქვედანაყოფის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, თუმცა, აღნიშნულ პირებს ევალებათ ყოველმხრივ შეუწყონ ხელი კომისიას მუშაობის პროცესში.

4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კანდიდატების მოწვევა სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან.

5. კომისია ადგენს აქტს, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) ქვედანაყოფზე სიით რიცხული და სახეზე არსებული პერსონალის რაოდენობა;

ბ) ქვედანაყოფზე რიცხული და სახეზე არსებული დოკუმენტაცია და საქმეები;

გ) ქვედანაყოფზე რიცხული და სახეზე არსებული შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონების რაოდენობა, ასევე მათი ხარისხობრივი და ტექნიკური მდგომარეობა, შენახვისა და მოვლის პირობები;

დ) ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების მდგომარეობა;

ე) ქვედანაყოფისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების რაოდენობა;

ვ) სხვა საკითხები, რომელსაც ახლად დანიშნული ქვედანაყოფის მეთაური ან კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს თანამდებობის გადაბარებისას.

6. აქტს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი, ასევე, ქვედანაყოფის ძველი და ახალი მეთაურები. თუ თანამდებობის ჩამბარებელი ქვედანაყოფის მეთაური ვერ ახერხებს ახალი მეთაურისათვის თანამდებობის გადაბარებას, კომისიის აქტს ცალმხრივად ხელს აწერს ახლადდანიშნული ქვედანაყოფის მეთაური.      

7. თანამდებობის გადაბარება, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ქვედანაყოფის ახალი მეთაურის დანიშვნიდან არა უმეტეს თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება.

 

 

თავი VII

ქვედანაყოფის დროშა და სხვა სიმბოლოები

 

მუხლი 32. ქვედანაყოფის დროშა

1. ქვედანაყოფის დროშა არის ქვედანაყოფის აღმნიშვნელი, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.

2. მინისტრის მიერ განისაზღვრება თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ქვედანაყოფის დროშა.

3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქვედანაყოფის დროშას შეიძლება მიენიჭოს საბრძოლო დროშის სტატუსი.

 

მუხლი 33. ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა

1. საბრძოლო დროშა არის მხედრული ღირსებისა და დიდების სიმბოლო, რომელიც ასახავს ქვედანაყოფის საბრძოლო დანიშნულების, ისტორიისა და სამხედრო დამსახურების თავისებურებებს. საბრძოლო დროშა ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეახსენებს მის წმინდათაწმინდა მოვალეობას ერთგულად ემსახუროს სამშობლოს, საიმედოდ დაიცვას იგი, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

2. საბრძოლო დროშა ყოველთვის უნდა იყოს ქვედანაყოფთან. გამონაკლის შემთხვევაში, ზემდგომი მეთაურის გადაწყვეტილებით, ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა შეიძლება შენახულ იქნეს ზემდგომ ქვედანაყოფში.

3. ქვედანაყოფს, რომელსაც აქვს საბრძოლო დროშა, უფლება აქვს საჭირო რაოდენობით დაამზადოს საბრძოლო დროშის ასლი (საბრძოლო დროშის ასლს არ უნდა ჰქონდეს ზონრები, ფოჩები და ბუნიკი). საბრძოლო დროშის ასლი შეიძლება გამოიფინოს ქვედანაყოფის ტერიტორიაზე და შენობაში.

 

მუხლი 34. საბრძოლო დროშის მოვლა და შენახვა

1. საბრძოლო დროშის მოვლისა და შენახვის ორგანიზებას ახორციელებს ქვედანაყოფის მეთაური, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გამოირიცხოს საბრძოლო დროშის დაკარგვის, დაზიანებისა და განადგურების შესაძლებლობა.

2. საბრძოლო დროშა ინახება ქვედანაყოფის შტაბის შენობაში ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილზე შალითაშემოხვეულ მდგომარეობაში.

3. სასწავლო მიზნით, ქვედანაყოფის ველზე ყოფნისას, საბრძოლო დროშის ასლი შეიძლება გამოიფინოს ქვედანაყოფის მართვის პუნქტის განთავსების ადგილის წინ ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

4. ქვედანაყოფის მეთაური:

ა) უზრუნველყოფს საბრძოლო დროშის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას;

ბ) არანაკლებ სამ თვეში ერთხელ ახორციელებს საბრძოლო დროშის დათვალიერებას და ამოწმებს დროშის ქსოვილის, შალითის, ზონრების, ფოჩების, ტარისა და ბუნიკის მდგომარეობას/ვარგისიანობას;

გ) იღებს ზომებს საბრძოლო დროშის დათვალიერებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

5. საბრძოლო დროშის შემოწმებისა და დათვალიერების მიზნით, ქვედანაყოფის მეთაური უფლებამოსილია შექმნას კომისია და განსაზღვროს მისი მუშაობის წესი.

6. შალითაში შენახული საბრძოლო დროშის დათვალიერებისას, კომისიის ერთ-ერთი წევრი დროშას იკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო, კომისიის მეორე წევრი ხსნის დროშის შალითას, შალითის მოხსნის შემდეგ, კომისიის წევრი ნელ-ნელა ატრიალებს დროშის ტარს და შლის საბრძოლო დროშას, კომისიის სხვა წევრები ეხმარებიან მას და თვალყურს ადევნებენ, რომ დროშის ზონრები და ფოჩები არ დაიხლართოს, ხოლო ქსოვილი არ შეეხოს იატაკს (მიწას). აღნიშნულის შემდეგ, მოწმდება დროშის ქსოვილის, შალითის, ზონრების, ფოჩების, ტარისა და ბუნიკის მდგომარეობა/ვარგისიანობა. შემოწმების შემდეგ, ხორციელდება საბრძოლო დროშის დახვევა, რისთვისაც კომისიის ერთ-ერთი წევრი იკავებს საბრძოლო დროშას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო კომისიის მეორე წევრი ხელს ჰკიდებს ქსოვილს კუთხეებში და ოდნავ ჭიმავს მას, რის შემდეგაც კომისიის წევრი დროშის ტარის ნელი ტრიალით ახვევს დროშის ქსოვილს, ამასთან თვალს ადევნებს, რომ იგი არ დანაოჭდეს, ფოჩები და ზონრები არ დაიხლართოს. ფოჩები ეწყობა ქსოვილის გასწვრივ გაჭიმულ ზონრებზე. ქსოვილის დახვევის შემდეგ, კომისიის წევრები საბრძოლო დროშას ათავსებენ შალითაში. ამ წესით ხორციელდება საბრძოლო დროშის გაშლა და დახვევა ცერემონიალებზე გატანის, ზემდგომ ქვედანაყოფზე გადაცემის ან სპეციალური დაცვის ჯგუფისათვის დასაცავად ჩაბარების შემთხვევაში.

7. გაშლილ მდგომარეობაში გამოფენილი საბრძოლო დროშის დათვალიერება ხდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში არ ხდება დროშის დახვევა და შალითაში მოთავსება.

8. დაზიანებული საბრძოლო დროშა ექვემდებარება შეკეთებას ან შეცვლას. საბრძოლო დროშის შეკეთების ან შეცვლის თაობაზე რეკომენდაციას იღებს ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ადგენს დასკვნას. დასკვნაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია საბრძოლო დროშის დაზიანებებთან და დეფექტებთან დაკავშირებით, ასევე, რეკომენდაცია საბრძოლო დროშის შეკეთების ან შეცვლის შესახებ.  კომისიის დასკვნა შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქვედანაყოფის მეთაურს.

9. საბრძოლო დროშის შესაკეთებლად ან შესაცვლელად გადაცემისას ფორმდება დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მუხლი 35. საბრძოლო დროშის გადაცემა

1.  საბრძოლო დროშის გადაცემისას, ცერემონია ტარდება სამწყობრო წესდების შესაბამისად, იმ წესით, რაც დადგენილია ახალი ქვედანაყოფის ფორმირებისათვის.

2. ქვედანაყოფის გაუქმების შემთხვევაში, მისი საბრძოლო დროშა შეიძლება გადაეცეს ზემდგომ ქვედანაყოფს, საბრძოლო ტრადიციებისა და საბრძოლო დამსახურების უკვდავსაყოფად, ასევე, შესაძლებელია საბრძოლო დროშა შესანახად ჩაჰბარდეს შესაბამის სამსახურს.

3. საბრძოლო დროშას აქვს აღრიცხვის ბარათი, რომელიც იქმნება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ქვედანაყოფს, ხოლო, მეორე ეგზემპლარი ზემდგომ ქვედანაყოფს. აღრიცხვის ბარათში აღინიშნება საბრძოლო დროშის მდგომარეობა, მისი დახასიათება, მასზე არსებული წარწერები და იმ ბრძანების მონაცემები, რომლითაც იგი გადაეცა ქვედანაყოფს, ასევე, აღრიცხვის ბარათს უნდა დაერთოს საბრძოლო დროშის ფოტოსურათი. აღრიცხვის ბარათის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

 

მუხლი 36. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტა და ქვედანაყოფის დროშის სალტე

1. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტაზე აისახება უფლებამოსილი პირის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ნიშანი. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ სატრანსპორტო საშუალების ფირფიტები. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტები გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ ავტომობილებზე და უნდა მოიხსნას, როდესაც უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებაში არ იმყოფება.

2. საერთაშორისო მისიაში ან/და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, ქვედანაყოფის დროშის ტარზე დროშიდან ორი სანტიმეტრით დაბლა შეიძლება განთავსდეს ვერცხლისფერი სალტე, რომელზეც აღინიშნება ქვედანაყოფის საერთაშორისო მისიაში ან/და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა და მისი ხანგრძლივობა.

3. სატრანსპორტო საშუალების ფირფიტისა და ქვედანაყოფის დროშის სალტის ნიმუშსა და მათი განლაგების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 

 

თავი VIII

სადღეღამისო განწესი

 

მუხლი 37. სადღეღამისო განწესის ორგანიზება

1. არსებული საფრთხეების, დასმული ამოცანებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე, ქვედანაყოფში ინიშნება სადღეღამისო განწესი.

2. სადღეღამისო განწესის ჩამოყალიბებასა და მისი შემადგენლობის დანიშვნაზე უფლებამოსილება აქვს, იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელსაც მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარისო სამსახურის  ორგანიზების უფლებამოსილება.

3. დამატებითი მითითებები/დავალებები, რომლებსაც სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი იღებს სადღეღამისო განწესში გასვლამდე ან სადღეღამისო განწესში ყოფნისას, უნდა გადაეცეს მათ შემცვლელებს. დამატებითი მითითებები/დავალებები შესაძლებელია იყოს წერილობითი ან სიტყვიერი.

4. სადღეღამისო განწესში გასვლის რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანაბრად უნდა განაწილდეს ქვედანაყოფის მთელ პერსონალზე. ქვედანაყოფში დგება გრაფიკი, რომელშიც აღირიცხება სამხედრო მოსამსახურის სადღეღამისო განწესში გასვლის პერიოდულობა და რიგითობა.

5. ქვედანაყოფის ყველა მოსამსახურე, თანამდებობისა და წოდების მიუხედავად, ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს სადღეღამისო განწესის შემადგენლობის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალონ მათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, ამასთან მოსამსახურე, რომელიც შენიშნავს სადღეღამისო განწესში მყოფი პირის მიერ სამსახურის შესრულების წესების დარღვევას, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახსენოს აღნიშნულის თაობაზე ქვედანაყოფის მეთაურს ან იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ემორჩილება აღნიშნული სადღეღამისო განწესი.

6. სადღეღამისო განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს სამსახურის შესრულების პერიოდში ეკრძალებათ სამსახურის, მათ შორის, დისლოკაციის ადგილის თვითნებური მიტოვება. თუ სადღეღამისო განწესი სამსახურს ასრულებს დისლოკაციის ადგილის გარეთ, ქვედანაყოფის მორიგე სადღეღამისო განწესის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს კომუნიკაციის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

7. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ, პერიოდულად ტარდება სადღეღამისო განწესში დანიშნული პირების შემოწმებები, რათა დარწმუნდნენ, რომ სადღეღამისო განწესში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ სათანადო დონეზე იცის, ამ წესდებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, დამტკიცებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, ასევე, სათანადოდ არიან გაწვრთნილები და მზად არიან დასმული ამოცანების შესასრულებლად.

8. სადღეღამისო განწესის შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს ქვედანაყოფის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების გეგმებთან თავსებადობა და შენარჩუნდეს ქვედანაყოფის ერთიანობა, მაგრამ თუ ამ წესით სადღეღამისო განწესის დაკომპლექტება ვერ ხერხდება, დასაშვებია მისი დაკომპლექტება ქვედანაყოფის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 

მუხლი 38. სადღეღამისო განწესი

1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შედის:

ა) ქვედანაყოფის განწესი;

ბ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესი;

გ) სამედიცინო განწესი;

დ) კავშირგაბმულობის განწესი;

ე) პარკის განწესი;

ვ) დაცვის ტექნიკური საშუალებების განწესი;

ზ) სასადილოს განწესი;

თ) მორიგე მძღოლი;

ი) კურიერი;

კ) დაცვის სამსახური.

2. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სადღეღამისო განწესში არ იქნეს დანიშნული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე შემადგენლობა ან მორიგის თანაშემწე.

3. სადღეღამისო განწესში, მორიგის თანაშემწეების რაოდენობას განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ქვედანაყოფთა განლაგების, დაცვის უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის პირობების გათვალისწინებით.

4. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში დასანიშნი სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი შემადგენლობა, მათ შორის სამედიცინო განწესის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

5. მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ქვედანაყოფში შეიძლება დადგინდეს სამხედრო მოსამსახურეთა მორიგეობა სამ დღე-ღამეში ერთხელ 24 საათით ან საჭიროების შემთხვევაში, სხვა პერიოდულობით, აღნიშნული მორიგეობა წარმოადგენს სადღეღამისო განწესის შემადგენელ ნაწილს.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – სამხედრო პოლიცია) შესაბამის ქვედანაყოფში, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო პოლიციის პატრული, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

 

მუხლი 39. სადღეღამისო განწესის შემადგენლობის დაქვემდებარება

1. ქვედანაყოფის მორიგე ექვემდებარება:

ა) ქვედანაყოფის მეთაურს;

ბ)  ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირ უფროსებს;

გ) ზემდგომი ქვედანაყოფის მორიგეს (მაგალითად: ასეულის მორიგე ექვემდებარება ბატალიონის მორიგეს, ბატალიონის მორიგე ბრიგადის მორიგეს და ა.შ.).

2. ქვედანაყოფის მორიგე ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

3. ქვედანაყოფის მორიგეს ექვემდებარება ამ ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში დანიშნული სადღეღამისო განწესის შემადგენლობა (მაგალითად: ბრიგადის მორიგეს ექვემდებარება  ბატალიონებისა და ასეულების მორიგეები და მათი თანაშემწეები), ასევე სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი, თუ საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესი, სამედიცინო განწესი, კავშირგაბმულობის განწესი, სასადილოს მორიგე და პარკის მორიგე ექვემდებარება, იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელი ქვედანაყოფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სამედიცინო განწესში, კავშირგაბმულობის განწესში, სასადილოში და პარკში ახორციელებს იგი დაკისრებულ მოვალეობას (მაგალითად: ბრიგადის/ბატალიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ან პარკის მორიგე ექვემდებარება ბრიგადის/ბატალიონის მორიგეს), თუ საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. მორიგე მძღოლი და კურიერი ექვემდებარება იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომლის მორიგე მძღოლად ან  კურიერად არიან ისინი დანიშნულები.

6. სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო პოლიციის პატრული ექვემდებარება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის მორიგეს.

 

მუხლი 40. სადღეღამისო განწესში სამხედრო მოსამსახურის ჩანაცვლება და შეცვლა

1. სადღეღამისო განწესის დასრულებამდე სამხედრო მოსამსახურის სხვა სამხედრო მოსამსახურით ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მორიგის მიერ, რაც არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა გაფორმდეს წერილობითი ბრძანებით.

2. სადღეღამისო განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება არ აქვს თვითნებურად შეწყვიტოს ან სხვას გადასცეს თავისი მოვალეობის შესრულება.

3. სადღეღამისო განწესი იცვლება განსაზღვრული ვადის დასრულების შემდეგ, დადგენილი წესით. სადღეღამისო განწესის ვადის დასრულების შემდეგ, თუ დროულად ვერ ხერხდება სამხედრო მოსამსახურეების შეცვლა, ისინი შეცვლამდე აგრძელებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ქვედანაყოფის მორიგემ სადღეღამისო განწესის შეცვლის შეფერხების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა მოახსენოს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილ პირს და მიღებული უნდა იქნეს ზომები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად.

 

მუხლი 41. სადღეღამისო განწესში დანიშვნის აკრძალვა

1. აკრძალულია სადღეღამისო განწესში იმ სამხედრო მოსამსახურის დანიშვნა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

2. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, არ შეიძლება დაინიშნოს დაცვის სამსახურის შემადგენლობაში. სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობაში მისი დანიშვნა დასაშვებია საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეზე არ გაიცემა ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე მას არ უნდა ჰქონდეს დაშვება საიარაღო ოთახთან და საიდუმლო დოკუმენტაციასთან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (ქვედანაყოფის მზადყოფნაში მოყვანა, ქვედანაყოფის ფიზიკური უსაფრთხოების გეგმით განსაზღვრული შემთხვევები და ა.შ).

 

მუხლი 42. სადღეღამისო განწესის შეიარაღება

1. სადღეღამისო განწესში დანიშნულ პერსონალზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების გაცემა დასაშვებია საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, არსებული საფრთხეებისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე.

2. მორიგეზე და მის თანაშემწეზე შეიძლება გაიცეს – პისტოლეტი, შესაბამისი რაოდენობის საბრძოლო ვაზნებით დატენილი მჭიდ(ებ)ი, ხოლო ქვედანაყოფში მზადყოფნის დონის გამოცხადების შემთხვევაში, მორიგეზე და მის თანაშემწეზე დამატებით გაიცემა მათზე განსაზღვრული და მიმაგრებული საშტატო-ცეცხლსასროლი იარაღი შესაბამისი რაოდენობის საბრძოლო ვაზნებით. მორიგე და მისი თანაშემწე, განწესის შესრულების დროს პისტოლეტს და საბრძოლო ვაზნებით დატენილ მჭიდ(ებ)ს იღებს და სამსახურის დასრულების შემდეგ აბარებს ქვედანაყოფის იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომელ სტრუქტურულ ერთეულშიც მათ აქვთ მიმაგრებული საშტატო-ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებითა და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია სადღეღამისო განწესში დანიშნულ მორიგეზე და მის თანაშემწეზე მუდმივად განისაზღვროს პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნების რაოდენობა, რომელსაც ძველი მორიგე და მისი თანაშემწე სამსახურის დასრულების შემდეგ, გადააბარებს ახალ მორიგეს და მის თანაშემწეს.

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია სადღეღამისო განწესის შემადგენლობამ, მათ შორის დაცვის ჯგუფში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამსახური შეასრულოს მხოლოდ პისტოლეტებით, მაგრამ ქვედანაყოფში შესაბამისი მზადყოფნის დონის გამოცხადების შემთხვევაში მათზე დამატებით უნდა გაიცეს შესაბამისი ბრძანებით მიმაგრებული საშტატო-ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

4. სადღეღამისო განწესის:  

ა) დაცვის ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურის შესრულების დროს ყოველთვის უნდა იყოს შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით;

ბ) დაცვის ჯგუფში დანიშნული სამხედრო მოსამსახურე ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო ვაზნებს და აღჭურვილობას იღებს და სამსახურის დასრულების შემდეგ აბარებს ქვედანაყოფის იმ სტრუქტურულ ერთეულს, საიდანაც ინიშნება დაცვის ჯგუფი;

გ) საბრძოლო ვაზნების/მასალების მარაგი ბარდება დაცვის ჯგუფის უფროსს. საბრძოლო ვაზნების/მასალების მარაგის ყუთი იკეტება და ილუქება ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და მის გასაღებებთან ერთად ინახება დაცვის ჯგუფის უფროსის ოთახში. საბრძოლო ვაზნების/მასალების მარაგის ყუთს (დალუქულ ყუთს და მის გასაღებს) ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი აბარებს ახალი დაცვის ჯგუფის უფროსს;

დ) საბრძოლო ვაზნების/მასალების მარაგის ყუთის გახსნისა და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლით;

ე) დაცვის ჯგუფში დანიშნული თითოეული სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო ვაზნებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი წესით:

ე.ა) პისტოლეტზე, ავტომატზე და შაშხანაზე – საბრძოლო ვაზნებით დატენილი ორი მჭიდით;

ე.ბ) ხელის მსუბუქ ტყვიამფრქვევზე – საბრძოლო ვაზნებით დატენილი ოთხი მჭიდით.

ვ) დაცვის ჯგუფი, საბრძოლო ვაზნების/მასალების მარაგის რაოდენობით უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი წესით:

ვ.ა) პისტოლეტზე – ორი მჭიდის გაანგარიშებით;

ვ.ბ) ავტომატზე, შაშხანაზე და ხელის მსუბუქ ტყვიამფრქვევზე – 150 ვაზნის გაანგარიშებით;

ზ) დაცვის ჯგუფის საბრძოლო მასალების მარაგში, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საბრძოლო ხელყუმბარები, ამ შემთხვევაში დაცვის ჯგუფის თითოეულ წევრზე გათვლილი უნდა იყოს ორი ხელყუმბარა;  

თ) საბრძოლო მასალების მარაგი უნდა ინახებოდეს რკინის ყუთებში, საბრძოლო ხელყუმბარების ფალიები ინახება ხელყუმბარებისგან ცალკე, წყალგაუმტარ ყუთში;

ი) დაცვის ჯგუფის საბრძოლო მასალების მარაგის შემოწმება ხორციელდება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სადღეღამისო განწესში დანიშნულმა პერსონალმა უნდა იცოდეს მათთვის გადაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენება.

           

მუხლი 43. სადღეღამისო განწესის პასუხისმგებლობა

1. სადღეღამისო განწესის შემადგენლობა პასუხისმგებელია ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მყოფი მოსამსახურეების უსაფრთხოებაზე, ასევე შეიარაღებაზე, საბრძოლო ვაზნებზე/მასალებზე, კავშირგაბმულობის და სპეციალურ საშუალებებზე, აღჭურვილობაზე, სამხედრო ტექნიკასა და სხვა ქონებაზე, ასევე, შენობა-ნაგებობებსა და ობიექტებზე, რომელსაც ისინი იყენებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან აქვთ ჩაბარებული დასაცავად.

2. სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო მოსამსახურე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება ინდივიდუალურად, თითოეული წევრის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისად.

3. სადღეღამისო განწესში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ უნდა იცოდეს იმ იარაღის, საბრძლო მასალების, სპეციალური საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები, რომელსაც იგი იყენებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.

4. სადღეღამისო განწესში მყოფ პირს, დისციპლინური გადაცდომის გამო, პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრება სადღეღამისო განწესის დასრულების ან მისი სხვა სამხედრო მოსამსახურით შეცვლის შემდეგ.

 

მუხლი 44.  სადღეღამისო განწესის ხანგძლივობა და დასვენება

1. სადღეღამისო განწესის ხანგრძლივობა, პერიოდი და მისი დასრულების შემდეგ დასვენების დრო განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სადღეღამისო განწესის შესრულებისას, სამხედრო მოსამსახურეების დასვენების დროის ხანგრძლივობას და პერიოდს განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ამასთან:

ა) 24-საათიანი მორიგეობისას დასვენების დრო არ უნდა იყოს ოთხ საათზე ნაკლები;

ბ) თუ სადღეღამისო განწესი მოიცავს სამუშაოს დასრულებიდან სამუშაოს დაწყებამდე დროის პერიოდს, დასვენების დრო არ უნდა იყოს 2 საათზე ნაკლები;

გ) დასვენების დრო არ დგინდება, თუ სადღეღამისო განწესი მოიცავს დროის პერიოდს ქვედანაყოფში სამუშაოს დაწყებიდან დასრულებამდე;

დ) თუ სადღეღამისო განწესის ხანგრძლივობა აღემატება 24 საათს, დასვენების დროს განსაზღვრავს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

3.  დაცვის ჯგუფის ცვლა ისვენებს მხოლოდ დამსვენებელ ცვლაში გადასვლის დროს, ხოლო თუ დაცვის ჯგუფში ინიშნება ორი ცვლა დასვენების დროის ხანგძლივობას და პერიოდს განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.

4. სადღეღამისო განწესში დანიშნულ მძღოლს შეუძლია დაისვენოს ყოველ სვლაგეზში გასვლამდე დროის პერიოდში.

5. დასვენების დროს დაცვის ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს დაისვენოს (დაიძინოს) ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაუხდელად, აღჭურვილობის გარეშე, ხოლო სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა ისვენებს ტანსაცმლის გაუხდელად.

 

მუხლი 45. სადღეღამისო განწესის ჩაცმულობა

1. სადღეღამისო განწესში დანიშნული სამხედრო მოსამსახურე სამსახურს ასრულებს სამხედრო ფორმის ტანსაცმლით.

2. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია სადღეღამისო განწესში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამსახური შეასრულონ სამოქალაქო ან სპეციალური ტანსაცმლით.

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განსაზღვრავს სადღეღამისო განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, კლიმატური პირობების შესაბამისი სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების საკითხს.

 

მუხლი 46. სადღეღამისო განწესის აღჭურვილობა

1. სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი უნდა იყოს სადღეღამისო განწესის შემადგენლობის შესაბამისად აღჭურვილი. ქვედანაყოფში, სადღეღამისო განწესის შემადგენლობის აღჭურვილობას განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

2. სადღეღამისო განწესის შემადგენლობის აღჭურვილობაში შედის:  

ა) განტვირთვის ჟილეტი;

ბ) ჯავშანჟილეტი;

გ) ჩაფხუტი;

დ) ხელის რადიოსადგური;

ე) საწვიმარი ლაბადა;

ვ) ფანარი;

ზ) მათარა;

თ) აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა საშუალებები.

3. სადღეღამისო განწესი შეიძლება საჭიროების შემთხვევაში აღიჭურვოს:

ა) ხელბორკილით ან შებორკვის სხვა საშუალებით;

ბ) სპეციალური ხელკეტით;

გ) ცრემლსადენი გაზით ან წიწაკის გაზით;

დ) არალეტალური იარაღით (მათ შორის არალეტალური ვაზნით);

ე) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობით;

ვ) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებით;

ზ) სასამსახურო ძაღლით;

თ) უპილოტო საფრენი აპარატის საწინააღმდეგო საშუალებით;

ი) ღამის ხედვის ინფრაწითელი და თერმული ხელსაწყოებით;

კ) დურბინდით;

ლ) სხვა საჭირო აღჭურვილობითა და ტექნიკური საშუალებებით.

4. სადღეღამისო განწესის პერსონალი ჩაფხუტით და ჯავშანჟილეტით უნდა აღიჭურვოს იმ შემთხვევაში, თუ ქვედანაყოფი მოყვანილია შესაბამის მზადყოფნაში.

 

მუხლი 47. სადღეღამისო განწესის შერჩევა და მომზადება

1. სადღეღამისო განწესში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევას, მათ მომზადებას, ინსტრუქტაჟის ჩატარებას, ასევე სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს იმ ქვედანაყოფის მეთაური, საიდანაც გამოიყოფა სადღეღამისო განწესის შემადგენლობა.

2. სადღეღამისო განწესში გასვლამდე, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილ დროს, სამხედრო მოსამსახურეებს საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რაც გულისხმობს შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობათა შესწავლას და ცოდნის დონის შემოწმებას. სადღეღამისო განწესის მოსამზადებლად მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა, რაც დამოკიდებულია სადღეღამისო განწესის სახეობაზე, სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამსახურის შესრულების პერიოდულობაზე, დასაცავი ობიექტების მნიშვნელობასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. სადღეღამისო განწესში გასვლის წინა დღეს, სამხედრო მოსამსახურეები თავისუფლდებიან ღამის მეცადინეობებისაგან და სამუშაოებისაგან.  

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ, სადღეღამისო განწესში დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს დადგენილ დროს უტარდება ინსტრუქტაჟი შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

4. სადღეღამისო განწესში გამსვლელ პერსონალს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით შეიძლება დღის განმავლობაში სადღეღამისო განწესის (მათ შორის საგუშაგოზე) შესრულების ადგილზე, განემარტოს შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების თავისებურებანი, ამ შემთხვევაში სადღეღამისო განწესში მყოფ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოს თავისი უფლებამოსილების შესრულებაში. ასევე, დაცვის სამსახურის შემადგენლობასთან პრაქტიკული მეცადინეობები შეიძლება ჩატარდეს ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში (მათ შორის კლასებში, მაკეტზე და სხვა) ყოველი ობიექტის დაცვის თავისებურებათა გათვალისწინებით.

5. ქვედანაყოფის მეთაური, ვალდებულია ჩაანაცვლოს ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სათანადო დონეზე ვერ ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს, სპეციალური საშუალებების გამოყენებას ან მათი მოვალეობების ცოდნის დონე ვერ აკმაყოფილებს სადღეღამისო განწესში შესასრულებელ მოთხოვნებს.

6. ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შეცვლილი სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელი პირებისაგან იღებს მოხსენებას სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე დაცვის ჯგუფის უფროსისაგან (ასეთის არსებობისას) იბარებს დაცვის ჯგუფის უწყისს და სხვა დოკუმენტაციას, ეცნობა დაცვის ჯგუფის უწყისში შეტანილ ყველა შენიშვნას, ახორციელებს მის ანალიზს, იღებს შესაბამის ზომებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შესაბამის სამსახურს აბარებს დაცვის ჯგუფის უწყისს და სხვა დოკუმენტაციას.

7. ქვედანაყოფის მეთაურმა ან მის მიერ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა, სადღეღამისო განწესში გამსვლელი პერსონალის მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოს ამ წესდებისა და ზემდგომი მეთაურის მიერ სადღეღამისო განწესთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ასევე სადღეღამისო განწესის შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზები.

8. სადღეღამისო განწესის შემადგენლობის დაგზავნის ადგილზე გასვლის წინ ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოწმდება სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალის გარეგანი იერი, მათი მზადყოფნა დასმული ამოცანის შესასრულებლად. სადღეღამისო განწესის მზადყოფნის შესახებ უნდა ეცნობოს იმ ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირს, საიდანაც გამოიყოფა შესაბამისი პერსონალი, რის შემდეგაც დადგენილ დროს სადღეღამისო განწესში გამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები მიდიან სადღეღამისო განწესის დაგზავნის ადგილზე.

 

მუხლი 48. სადღეღამისო განწესის დაგზავნა

1. სადღეღამისო განწესის დაგზავნა ტარდება იმ მიზნით, რომ შემოწმდეს სადღეღამისო განწესში დანიშნულ პირთა შეიარაღება და აღჭურვილობა, სადღეღამისო განწესის დაკომპლექტება, სამხედრო მოსამსახურეთა გარეგანი იერი, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს დამატებითი ინსტრუქტაჟი და განისაზღვროს სადღეღამისო განწესის შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. სადღეღამისო განწესის დაგზავნას, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე და დროს ატარებს ქვედანაყოფის ახალი მორიგე.

3. სადღეღამისო განწესის დაგზავნა არ ტარდება იმ ქვედანაყოფში, სადაც ქვედანაყოფის მორიგეს არ ჰყავს ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის სხვა სადღეღამისო განწესის შემადგენლობა.

4. სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში დაცვის ჯგუფის ყოფნისას, დაგზავნის ადგილზე დაცვის ჯგუფი ეწყობა სადღეღამისო განწესის მარჯვენა ფლანგზე (დაცვის ჯგუფის წევრებს ეწყობა ცვლების მიხედვით მწკრივებში), ხოლო სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობის ადგილს და მათ თანმიმდევრობას განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

5. სადღეღამისო განწესისათვის განსაზღვრულ ადგილზე, ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები და უფროსები) დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ეწყობიან მოწყობის ხაზზე, მათთვის განკუთვნილ ადგილზე. ისინი უნდა იყვნენ დაქვემდებარებული პერსონალის მარჯვენა მხარეს, ხოლო სადღეღამისო განწესის შემადგენლობებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა უმეტეს ორი ნაბიჯი. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე ადგილს იკავებს მწყობრის ცენტრში, მწყობრიდან არა უმეტეს ექვსი ნაბიჯის დაშორებით, სახით მწყობრისკენ.

6. ქვედანაყოფის ახალი მორიგის თანაშემწე სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირებისაგან იღებს ინფორმაციას სადღეღამისო განწესის პერსონალის გამოცხადების, მათი რაოდენობისა და დაკომპლექტების შესახებ, ასევე ახორციელებს სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალის გამოკითხვას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის ქვედანაყოფის ლაზარეთში ან სამედიცინო პუნქტში. სადღეღამისო განწესის პერსონალს, ასევე შეიძლება გაესაუბროს ქვედანაყოფის სამედიცინო განწესის ახალი მორიგე ან/და ქვედანაყოფის ექიმი.

7. ქვედანაყოფის ახალი მორიგე გადაადგილდება და ადგილს იკავებს სადღეღამისო განწესის მოწყობის ხაზიდან არა უმეტეს რვა ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში. მორიგის თანაშემწე გასცემს კომანდას „სმენა“, სადღეღამისო განწესი გაცემულ კომანდაზე მოქმედებს სამწყობრო წესდების შესაბამისად. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე ასახელებს ქვედანაყოფის ახალი მორიგის წოდებას და გვარს, ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და მოახსენებს ქვედანაყოფის ახალ მორიგეს სადღეღამისო განწესის მოწყობასთან და სადღეღამისო განწესის შემადგენლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ისინი გაცვლიან მხედრულ სალამს და მორიგის თანაშემწე დაიკავებს ადგილს ქვედანაყოფის მორიგისაგან ნახევარი ნაბიჯით უკან და მარცხნივ.

8. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწის მიერ თავისი ადგილის დაკავების შემდეგ, ქვედანაყოფის ახალი მორიგე იწყებს დაცვის ჯგუფში დანიშნული სამხედრო მოსამსახურეების დათვალიერებას და შემოწმებას. სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა შეიძლება დაათვალიეროს და შეამოწმოს ქვედანაყოფის მორიგემ ან მისი დავალებით მორიგის თანაშემწემ. ქვედანაყოფის მორიგის გადაწყვეტილებით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობის დათვალიერებისა და შემოწმების პერიოდში, მას შეიძლება თან ახლდეს მისი თანაშემწე და ამავე ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები.

9. სადღეღამისო განწესის დათვალიერებისა და შემოწმების დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის მორიგე და ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს და ქვედანაყოფის მორიგე საჭიროების შემთხვევაში გასცემს კომანდას „სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელი პირები, ცენტრისკენ ნაბიჯით, იარ!“. ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელი პირები გადაადგილდებიან და ადგილებს იკავებენ ქვედანაყოფის მორიგისაგან სამი ნაბიჯით წინ ერთ ხაზზე. ადგილის დაკავების შემდეგ, ისინი წარუდგებიან ქვედანაყოფის მორიგეს, ხოლო სადღეღამისო განწესში დანიშნული სხვა შემადგენლობები რჩება მოწყობის ხაზზე.

10. ქვედანაყოფის ახალი მორიგე, სტრუქტურული ერთეულის სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელ პირებს (მორიგეებს და უფროს(ებ)ს) აძლევს დამატებით მითითებებს სადღეღამისო განწესის შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ქვედანაყოფის მორიგე მათზე გასცემს კომანდას „ადგილებზე ნაბიჯით, იარ!“. ამ კომანდაზე, აღნიშნული პირები გაცვლიან მხედრულ სალამს, ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გადაადგილდებიან პირდაპირი მარშრუტით და იკავებენ თავიანთ ადგილებს მწყობრში. მას შემდეგ, რაც სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს. ქვედანაყოფის მორიგე, საჭიროების შემთხვევაში, გააკეთებს დამატებით განცხადებას სადღეღამისო განწესის მთელი პერსონალისათვის, რის შემდეგაც სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელ პირებზე (მორიგეებზე და უფროს(ებ)ზე) გასცემს კომანდას „სადღეღამისო განწესი თქვენს განკარგულებაში!“. სადღეღამისო განწესში დანიშნული ხელმძღვანელი პირები (მორიგეები და უფროს(ებ)ი) და ქვედანაყოფის მორიგე გაცვლიან მხედრულ სალამს და სადღეღამისო განწესის პერსონალი გადაადგილდება სამსახურის შესრულების ადგილებზე.

11. თუ ქვედანაყოფის ახალი მორიგის თანაშემწედ დანიშნული სამხედრო მოსამსახურე, ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის სადღეღამისო განწესში დანიშნულ ხელმძღვანელ პირზე (მორიგეებზე და უფროს(ებ)ზე) წოდებით უმცროსია, ამ მუხლით განსაზღვრული ახალი მორიგის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს სადღეღამისო განწესში დანიშნული წოდებით უფროსი ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურე.  ამ შემთხვევაში, ახალი მორიგის თანაშემწე იკავებს ადგილს მწყობრის ბოლოს მარცხენა ფლანგზე.

12. სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი, სადღეღამისო განწესის დაგზავნის ადგილზე უნდა გამოცხადდეს დაგზავნის დაწყებამდე 10 წუთით ადრე. სადღეღამისო განწესში დანიშნული პერსონალი ქვედანაყოფის მორიგის დაქვემდებარებაში გადადის იმ მომენტიდან, როდესაც სადღეღამისო განწესის დაგზავნის დროს, ქვედანაყოფის მორიგის შესახვედრად გაიცემა კომანდა „სმენა“ ან/და ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელი პირი (მორიგეები და უფროს(ებ)ი) ქვედანაყოფის მორიგეს მოახსენებს მორიგეობის მიღების შესახებ და მისი დაქვემდებარებიდან გამოდის, როდესაც მორიგეობას გადააბარებს შეცვლაზე მოსულ ახალ საღეღამისო განწესის ხელმძღვანელ პირს (მორიგეებს და უფროს(ებ)ს). სადღეღამისო განწესის დაგზავნა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

 

თავი IX

ქვედანაყოფის განწესი

 

მუხლი 49. ქვედანაყოფის განწესის ორგანიზება

1. ქვედანაყოფის განწესის შემადგენლობაში ინიშნება ქვედანაყოფის მორიგე და მისი თანაშემწე.

2. ქვედანაყოფების ერთობლივად განლაგებისას:

ა) მათი რაოდენობისა და განლაგების პირობების შესაბამისად, შეიძლება დაინიშნოს ამ ქვედანაყოფების ერთი საერთო მორიგე;

ბ) ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე სადღეღამისო განწესის ორგანიზება, მათი ზემდგომი მეთაურის ბრძანებით შეიძლება დაევალოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურს. ასეთ შემთხვევაში, სადღეღამისო განწესის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს შეუძლია, სადღეღამისო განწესის დაკომპლექტების მიზნით, ამ დისლოკაციის ადგილზე მყოფი სხვა ქვედანაყოფის მეთაურ(ებ)თან კოორდინაციით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შეიყვანოს სხვა ქვედანაყოფიდან გამოყოფილი პერსონალიც.

3. ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულში ქვედანაყოფის მორიგის მისვლისას, დაქვემდებარებული მორიგის მიერ არ გაიცემა კომანდა „სმენა“. სტრუქტურული ერთეულის მორიგე წარუდგება ქვედანაყოფის მორიგეს და მოახსენებს მას ქვედანაყოფში არსებული ვითარების შესახებ.

4. ქვედანაყოფის მეთაურის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მორიგე, ხვდება, გასცემს კომანდა ,,სმენას“, წარუდგება და დანიშნულების ადგილამდე აცილებს ქვედანაყოფში მისულ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

დ) მინისტრს და მის მოადგილეებს;

ე) თავდაცვის ძალების მეთაურს და მის მოადგილეებს;

ვ) ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირ უფროსებს.

5. ქვედანაყოფის მორიგე წარუდგება ქვედანაყოფში სამსახურებრივი დავალებით მოსულ სამხედრო მოსამსახურეებს, თუ ქვედანაყოფის მორიგე სამხედრო წოდებით მათზე უმცროსია, სხვა შემთხვევაში მორიგე მხოლოდ ხვდება მათ და უზრუნველყოფს დანიშნულების ადგილამდე გაცილებას.

6. ქვედანაყოფში, ქვედანაყოფის მეთაურის მისვლისას, თუ დახვედრის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფის მორიგე გასცემს კომანდას „სმენა“, რის შემდეგაც მოახსენებს მეთაურს ქვედანაყოფში არსებული ვითარების, მომხდარი შემთხვევებისა და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ქვედანაყოფის მეთაურის მისვლისას, სამხედრო მოსამსახურეები დახვედრის ადგილზე არ იმყოფებიან, ქვედანაყოფის მორიგე, კომანდა „სმენას“ არ გასცემს, არამედ მხოლოდ წარუდგება და მოახსენებს მას. ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილეს და შტაბის უფროსს ქვედანაყოფის მორიგე მხოლოდ წარუდგება.

7. ქვედანაყოფის მორიგე დაქვემდებარებულ სადღეღამისო განწესს ამოწმებს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას საჭიროდ მიიჩნევს, თუ საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ არ არის განსაზღვრული სადღეღამისო განწესის შემოწმების რაოდენობა, თუმცა, ღამის განმავლობაში, სადღეღამისო განწესის ერთხელ შემოწმება სავალდებულოა.

8. ყველა მორიგესა და მათ თანაშემწეებს უნდა ეკეთოთ საიდენტიფიკაციო სამკლაური ან სამკერდე ნიშანი შესაბამისი წარწერით. მათი ზომა, ფორმა, ფერი და განთავსების ადგილი განისაზღვრება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ.

 

მუხლი 50. ქვედანაყოფის მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. დაგზავნის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის ახალი მორიგე:

ა) ძველი მორიგისაგან იბარებს მორიგეობას, რაც გულისხმობს საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების (ასეთის არსებობისას), კავშირგაბმულობის საშუალებების და სხვა ტექნიკური საშუალებების, მორიგის დაცვის ქვეშ არსებული შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ოპტიკური და ღამის ხედვის საშუალებების, აღჭურვილობის და სხვა ქონების ჩაბარებას. იარაღი მიიღება ცალობით ნომრებისა და დაკომპლექტების მიხედვით. ახალი მორიგე ამოწმებს საკეტების, კარადების, ყუთების, ლუქების, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალებების, სხვა მოწყობილობების, კავშირისა და მართვის სისტემების, ასევე, მისთვის ჩაბარებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ინვენტარის გამართულობას;

ბ) ამოწმებს დამცავი სიგნალიზაციის არსებობას და გამართულობას საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიარაღო ოთახებში;

გ) ქვედანაყოფის ძველ მორიგესთან ერთად ატარებს სამორიგეო ოთახში ან მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და იმ დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში მორიგე იყენებს;

დ) მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ იღებს მოხსენებებს დაქვემდებარებული სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელი პირებისაგან (მორიგე, უფროსი), ასევე იღებს ინფორმაციას მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რაც ფიქსირდება შესაბამის ჟურნალში;

ე) იღებს ინფორმაციას, თუ რომელი ქვედანაყოფი სად და რომელ მეცადინეობაზეა გასული ან რა სამუშაოს ასრულებს, ასევე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილიდან გასული პერსონალის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკის შესახებ.

2. ქვედანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მორიგეობის მიღება-ჩაბარებისა და დაქვემდებარებული სადღეღამისო განწესის შეცვლის შემდეგ, ძველი და ახალი ქვედანაყოფის მორიგეები მიდიან ქვედანაყოფის მეთაურთან ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირთან მორიგეობის გადაბარების შესახებ მოხსენების მიზნით. ქვედანაყოფის ახალი მორიგე, ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირს მოახსენებს მორიგეობის მიღებისას გამოვლენილი ყველა იმ ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ, რომელთა აღმოფხვრა არ შეეძლო შეცვლილ სადღეღამისო განწესს, რათა მიღებულ იქნეს ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ძველი მორიგე ქვედანაყოფის მეთაურისაგან ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირისგან ნებართვის მიღების შემდეგ, ასრულებს მხედრულ მისალმებას და ტოვებს ადგილს, ხოლო ახალი მორიგე იღებს სადღეღამისო განწესის შესრულებასთან დაკავშირებულ მითითებებს და სხვა საჭირო ინფორმაციას. როდესაც ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი დართავს ნებას, ახალი მორიგე ასრულებს მხედრულ მისალმებას, ტოვებს ადგილს და შეუდგება ქვედანაყოფის მორიგის მოვალეობის შესრულებას.

3. მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი მორიგეების ხელმოწერით.

4. ქვედანაყოფის მეთაურის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ადგილზე არყოფნისას, მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში, მორიგეობის მიღება-ჩაბარების თაობაზე ახალი მორიგე მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ თანამდებობის პირს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

 

მუხლი 51. ქვედანაყოფის მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები

1. ქვედანაყოფის მორიგე:

ა) აკონტროლებს ქვედანაყოფში დღის განრიგის შესრულებას;

ბ) დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს და ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას) ქვედანაყოფთან და პერსონალთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის (ინციდენტის) თაობაზე და მოქმედებს განსაზღვრული პროცედურების მიხედვით;

გ) ვალდებულია მუდმივად იმყოფებოდეს სამორიგეო ოთახში ან განსაზღვრულ ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოთახი/ადგილის დატოვებისას (ან დასვენების დროს), მის შემცვლელად ტოვებს თანაშემწეს და უნდა აცნობოს მას, თუ სად და რა ხნით გავიდა;

დ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, უნაწილებს მათ მოვალეობებს და განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას;

ე) ვალდებულია ამ წესდების ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი პერიოდულობით შეამოწმოს დაქვემდებარებული სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულება და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება სადღეღამისო განწესის ხელმძღვანელ პირებს, ასევე გასცეს მითითებები სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით;

ვ) ქვედანაყოფის მზადყოფნაში მოყვანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოქმედებს განსაზღვრული პროცედურების მიხედვით;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ქვედანაყოფის პერსონალის საერთო ადგომას შესაბამის სიგნალზე;

თ) აკონტროლებს სამორიგეო ოთახში პირთა შესვლას და არ უშვებს შესაბამისი დაშვების არმქონე პირებს;

ი) იცავს ქვედანაყოფის პერსონალის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფო ქონებას, უზრუნველყოფს ქვედანაყოფში წესრიგის შენარჩუნებას და სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულებას;

კ) ფლობს ინფორმაციას დისლოკაციის ადგილზე ქვედანაყოფის მეთაურის ყოფნის შესახებ;

ლ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის პერსონალის რიცხოვნობის თაობაზე, ასევე ინფორმაციას, თუ რომელი ქვედანაყოფი სად ატარებს მეცადინეობებს/სწავლებებს და წვრთვნებს;

მ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დისლოკაციის ადგილიდან გასვლისა და შემოსვლის შესახებ, მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს სვლაგეზში მათი დაყოვნების თაობაზე და დადგენილი წესით იღებს ზომებს მათ დასაბრუნებლად;

ნ) პასუხისმგებელია საიარაღო ოთახში შენახული იარაღის, საბრძოლო მასალების, აღჭურვილობის დაცვაზე და სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემასა და მიღებაზე, დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) ვალდებულია მუდმივად თან იქონიოს და არავის გადასცეს იარაღის შესანახი ოთახის გასაღები. იარაღის მიღებისას, ამოწმებს მის ნომრებს და დაკომპლექტებას, ასევე შესაბამისი ბრძანების/დოკუმენტის საფუძველზე ნებას რთავს იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობისა და სხვა ქონების შეტანა/გატანაზე;

პ) დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომ მორიგეს (ასეთის არსებობისას) მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ, ასრულებს მის სამსახურებრივ დავალებებსა და მითითებებს;

ჟ) ვალდებულია მოახსენოს ქვედანაყოფის მეთაურს იმ ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესახებ, რომელიც მიიღო ზემდგომი ქვედანაყოფის მორიგის ან ხელმძღვანელობისაგან;

რ) ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ან მის მახლობლად, საგანგებო სიტუაციის და საფრთხეების დროს, დაუყოვნებლივ მოქმედებს დამტკიცებული პროცედურების მიხედვით;

ს) ქვედანაყოფის მეთაურის მითითებით, დროულად აგზავნის სამუშაოების შემსრულებელ ჯგუფს სამუშაოების შესრულების ადგილზე, კოორდინაციაშია მათ ხელმძღვანელთან და იღებს პერიოდულ ინფორმაციას სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით;

ტ) ამოწმებს საკვები რაციონი შეესაბამება თუ არა დამტკიცებულ მენიუს საკვების ვარგისიანობის თაობაზე ეჭვის არსებობისას, ან იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი მენიუს შესაბამისად არ ხდება პერსონალისათვის საკვების გაცემა, დაუყოვნებლივ მოახსენებს აღნიშნულის თაობაზე ქვედანაყოფის მეთაურს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;

უ) სამედიცინო განწესის მორიგესთან ერთად ესწრება საკვების სინჯების აღებას და ლუქავს აღებული სინჯების შესანახ საშუალებას. დადგენილ დროს, გასცემს ნებართვას პერსონალისათვის საკვების გაცემის თაობაზე, ორგანიზებას უწევს სასადილოში წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ მყოფი პერსონალისათვის საკვების გაგზავნის ღონისძიებებს;

ფ) აკონტროლებს სისუფთავესა და წესრიგს სამორიგეო ოთახში/ადგილზე და საცხოვრებელ შენობებში, ითხოვს პერსონალის მხრიდან აღნიშნული წესების დაცვას, თვალყურს ადევნებს სამორიგეო ოთახის/ადგილის და საცხოვრებელი შენობების დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობას, ასევე, დაწესებული ჰაერის ტემპერატურის შენარჩუნებას, განათების წესის დაცვას, ოთახების გათბობასა და განიავებას, ავზებისა და ხელსაბანების წყლით მომარაგებას;

ქ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა არსებობასა და გამართულ მდგომარეობას, ქვედანაყოფის სამორიგეო ოთახში/ადგილზე და საცხოვრებელ შენობებში,  სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;

ღ) აკონტროლებს ღუმელების (ასეთის არსებობისას) გახურების, ალტერნატიული განათებისა და გათბობის ნებადართული საშუალებების გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების წესების შესრულებას;

ყ) შესაბამისი ნებართვის გარეშე არ უშვებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ან შენობაში გარეშე პირებს, ასევე, აკონტროლებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ქონების შეტანა-გატანას;

შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ქვედანაყოფის მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს ქვედანაყოფის მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სამორიგეო ოთახში ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, არ ტოვებს სამორიგეო ოთახს ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული ადგილს ქვედანაყოფის მორიგის თანხმობის გარეშე;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს ქვედანაყოფში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს პერსონალის გაღვიძებას ქვედანაყოფის მზადყოფნაში მოყვანისას;

ე) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;

ვ) ქვედანაყოფის მორიგის თანხმობის გარეშე, არ უშვებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ან შენობაში გარეშე პირებს, ასევე, აკონტროლებს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ქონების შეტანა-გატანას;

ზ) ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მოვალეობას მისი ადგილზე არყოფნისას ან დასვენების საათებში;

თ) ვალდებულია ქვედანაყოფის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ სადღეღამისო განწესში დანიშნული პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ხელმძღვანელობისა და ზემდგომი მორიგისაგან;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგეს შესასრულებლად განესაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფუნქცია-მოვალეობების ნაწილი, თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, არ არსებობს ყველა ფუნქცია-მოვალეობის შესრულების აუცილებლობა.

 

 

თავი X

საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესი

 

მუხლი 52. საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესის ორგანიზება

1. პერსონალის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკის და ქონების დაშვება-გატარებისა და კონტროლის მიზნით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე იქმნება საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

2. საკონტროლო-გამშვები პუნქტის რაოდენობა და განლაგება განისაზღვრება შესასრულებელი ამოცანებიდან გამომდინარე, ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის, არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.

3. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხორციელდება:

ა) სამსახურებრივი დოკუმენტაციის (სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ტექნიკის გადაადგილების და სხვა დოკუმენტების) შემოწმება და მფლობელთან იდენტიფიცირება;

ბ) ქვედანაყოფის პერსონალის და ვიზიტორების ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე დაშვება და საჭიროების შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება;

გ) ვიზიტორებზე და მათ სატრანსპორტო საშუალებებზე საშვის გაცემა;

დ) სამხედრო/სპეციალური ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალების ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შესვლის და გასვლის კონტროლი;

ე) სამხედრო და სხვა სახის ქონების ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შეტანა-გატანის კონტროლი.

4. საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესის შემადგენლობაში ინიშნება საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე და მისი თანაშემწე.

5. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ორგანიზებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 53. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:

ა) ძველი მორიგისაგან იბარებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებულ კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დოკუმენტაციას, ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით), აღჭურვილობასა და სხვა ქონებას;

ბ)  ძველ მორიგესთან ერთად, ატარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში საკონტროლო-გამშვები პუნქტის განწესი იყენებს;

გ) იღებს ინფორმაციას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარების და კავშირების  მდგომარეობის შესახებ.

2. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეების ხელმოწერით. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, საკონტროლო გამშვები პუნქტის ახალმა მორიგემ უნდა მოახსენოს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც საკონტროლო გამშვები პუნქტის განწესი ექვემდებარება, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 54. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები

1. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე:

ა) უზრუნველყოფს საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში, უნაწილებს მათ მოვალეობებს და დასვენების რიგითობას;

ბ) უზრუნველყოფს ქვედანაყოფში პერსონალის, ვიზიტორების, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების დაშვება-გატარებას და კონტროლს, ვალდებულია აღკვეთოს დაშვების არმქონე პირთა ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე შესვლა ან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და ქონების საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გატარება;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევების თაობაზე;

დ) ამოწმებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ დოკუმენტაციას,  ახორციელებს სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების საშვების  კონტროლს;

ე) ამოწმებს სურსათის მიწოდების, კომუნალური და სხვა მომსახურების მიზნით, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე შემსვლელი მუნიციპალური და კერძო კომპანიების  სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე, მათი პერსონალის დოკუმენტაციას;

ვ) ქონებისა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის თაობაზე ეჭვის არსებობისას, ადგილზე აყოვნებს მოსულ ვიზიტორს/პირს, დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;

ზ) მუდმივად იმყოფება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, აღნიშნული ადგილის დატოვება დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში ან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე, რომელსაც საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;

თ) ხვდება და წარუდგება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს და მის ყველა პირდაპირ უფროსს. დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს ქვედანაყოფში მოსულ პირთა შესახებ;

ი) ქვედანაყოფის მორიგესთან შეთანხმებით, ნებას რთავს უფლებამოსილ პირებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიტანონ ან ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილიდან გაიტანონ სამხედრო და სხვა სახის ქონება;

კ) ამოწმებს საკონტროლო-გამშვები პუნქტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხოლო გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;

ლ) აკონტროლებს უსაფრთხოების ნორმებისა და წესრიგის დაცვას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, თვალყურს ადევნებს ისეთ ვითარებებსა და გარემოებებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან საკონტროლო-გამშვები პუნქტის ნორმალურ ფუნქციონირებას, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს და დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;

მ) ვალდებულია ვიზიტად მყოფ პირს მოსთხოვოს აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ჩაბარება (გარდა შესაბამისი დაშვების არსებობის შემთხვევისა), აღრიცხოს საგანი/ნივთიერება, აღნიშნოს ნებართვის გამცემის ვინაობა და შეინახოს იგი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ხოლო მათ მფლობელს გადასცეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი/ჟეტონი;

ნ) ვალდებულია ფლობდეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, ექსპლუატაციისა და გამოყენების წესებს;

ო) მოსულთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, დადგენილი წესით გასცემს ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დაშვების საშვებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ქვედანაყოფის ტერიტორიაზე შესვლისას ახორციელებს მოსამსახურეებისა და ვიზიტორების, პირადი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას;

პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის თანაშემწე:

ა) მონაწილეობს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის მითითებებს და დავალებებს;

ბ) არ ტოვებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ნებართვის გარეშე;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს ქვედანაყოფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

დ) ფლობს ინფორმაციას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;

ე) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მისვლისას, თუ ადგილზე არ არის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე, წარუდგება მას და  დაუყოვნებლივ ატყობინებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს აღნიშნულის თაობაზე;  

ვ) ვალდებულია იცოდეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არსებული კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;

ზ) ამოწმებს ქონებისა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას, რაიმე ეჭვის არსებობის თაობაზე დაუყოვნებლივ მოახსენებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად;

თ) საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენებს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის მეთაურისაგან და  მორიგისაგან;

ი) საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, ასრულებს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგის მოვალეობას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

თავი XI

სამედიცინო განწესი

 

მუხლი 55. სამედიცინო განწესის შემადგენლობა

1. ქვედანაყოფის პერსონალისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით იქმნება სამედიცინო განწესი.

2. სამედიცინო განწესში ინიშნება ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი, იგი უნდა განთავსდეს ლაზარეთში ან/და სამედიცინო პუნქტში. სამედიცინო განწესის შემადგენლობაში შედის ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე და მისი თანაშემწე, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანის (ამბულანსის) მძღოლი, თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალება გამოეყო ქვედანაყოფს.

           

მუხლი 56. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას ახალი მორიგე:

ა) ძველი მორიგისაგან აღწერილობის ნუსხის მიხედვით იბარებს სამედიცინო საშუალებებს, აღჭურვილობას, ინვენტარს (აღწერილობის ნუსხის მიხედვით), კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დოკუმენტაციას და სხვა ქონებას;  

ბ)  ძველ მორიგესთან ერთად ატარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში სამედიცინო განწესი იყენებს;

გ) ძველი მორიგისაგან იღებს ინფორმაციას პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

2. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეების ხელმოწერით. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ, ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის ახალი მორიგე მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის განწესი, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 57. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის, მისი თანაშემწისა და სასწრაფო დახმარების მანქანის (ამბულანსის) მძღოლის ფუნქცია-მოვალეობები

1. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე:

ა) მუდმივად იმყოფება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მოვალეობას ასრულებს მისი თანაშემწე, რომელსაც მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;

ბ) დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამოწმებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების, შესახვევი მასალისა და სამედიცინო ინსტრუმენტების არსებობას და მდგომარეობას. ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, მოახსენებს სამედიცინო ქვედანაყოფის უფროსს, რათა მან მიიღოს შესაბამისი ზომები;

გ) ფლობს ინფორმაციას ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში სამკურნალოდ მოთავსებულ პირთა საერთო მდგომარეობისა და მათი სამედიცინო დანიშნულების შესახებ, ახორციელებს მათ მკურნალობას სამედიცინო დანიშნულების შესაბამისად;

დ) პერსონალს უწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ასევე, დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა, სხვა გადამდებ დაავადებათა და მიღებული  ტრავმების შესახებ;

ე) აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას, თვალყურს ადევნებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;

ვ) ქვედანაყოფის მორიგესთან ერთად ესწრება უფლებამოსილი პირის მიერ მზა საკვების სინჯების აღებას, დალუქვას და შენახვას;

ზ) დადგენილ დროს და პერიოდულობით, ამოწმებს სასადილოსა და სურსათის შესანახი ადგილების ზოგად სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სასადილოს პერსონალის მიერ ჰიგიენის წესების დაცვას. დარღვევების აღმოჩენის ან ყოველგვარი ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;

თ) წარუდგება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში მოსულ ქვედანაყოფის მეთაურს და მის პირდაპირ უფროსებს, პასუხობს მათ შეკითხვებს;

ი) აფრთხილებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში ქცევის წესების დამრღვევ პირებს, უთითებს მათ დადგენილი ქცევის წესების დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, იღებს დადგენილ ზომებს;

კ) ამოწმებს სვლაგეზში წამსვლელი მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადგენილი წესით აკეთებს შესაბამის ჩანაწერს;

ლ) ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ასევე, მოახსენებს მას მომხდარი შემთხვევებისა და გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ;

მ) თვალყურს ადევნებს ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში  სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს და მონაწილეობს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის  მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ)  ფლობს ინფორმაციას ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ადგილსამყოფელის შესახებ;

გ) ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების დროს, ახორციელებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ფუნქცია-მოვალეობას;

დ) არ ტოვებს მორიგეობის ადგილს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის ნებართვის გარეშე;

ე) დაუყოვნებლივ მოახსენებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს მომხდარი შემთხვევების, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

ვ) ქვედანაყოფის მეთაურისა და მისი პირდაპირი უფროსების სამედიცინო ქვედანაყოფში მისვლისას, თუ ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, დადგენილი წესით წარუდგება მათ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს მომსვლელთა შესახებ;

ზ) უნდა ფლობდეს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტისათვის გამოყოფილი სამედიცინო აღჭურვილობის, კომპიუტერული ტექნიკისა და კავშირგაბმულობის სისტემების ექსპლუატაციის წესებს;

თ) დაუყოვნებლივ მოახსენებს ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის მეთაურისა და მორიგისაგან;

ი) ზედამხედველობას უწევს სისუფთავის,  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვას  სამედიცინო ქვედანაყოფში;

კ) სამედიცინო დახმარებას უწევს ქვედანაყოფის პერსონალს, ამზადებს პაციენტების სამედიცინო ბარათებს და სხვა დოკუმენტაციას;

ლ) ეცნობა პაციენტთა საერთო მდგომარეობას, მათ სამედიცინო დანიშნულებებს და ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის  მორიგის მითითებით ასრულებს მათ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სასწრაფო დახმარების მანქანის (ამბულანსის) მძღოლი ექვემდებარება ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგეს და ახორციელებს, ამ წესდების შესაბამისად მორიგე მძღოლისათვის განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს.     

 

 

თავი XII

კავშირგაბმულობის განწესი

 

მუხლი 58. კავშირგაბმულობის განწესის ორგანიზება

1. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, ქვედანაყოფის მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის მიზნით, ქვედანაყოფში იქმნება კავშირგაბმულობის განწესი.

2. კავშირგაბმულობის განწესის შემადგენლობაში ინიშნება:

ა) რადიოკავშირების მორიგე;

ბ)  რადიოკავშირების მორიგის თანაშემწე.

3. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, კავშირგაბმულობის განწესის შემადგენლობაში შეიძლება დამატებით დაინიშნოს შესაბამისი საჭიროების მქონე სპეციალისტ(ებ)ი, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება დადგენილი წესით.

 

მუხლი 59. რადიოკავშირების მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. რადიოკავშირების მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას ახალი მორიგე:

ა) აღწერილობის ნუსხის მიხედვით ძველი მორიგისაგან იბარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებულ კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დოკუმენტაციას, ინვენტარს, აღჭურვილობასა და სხვა ქონებას;  

ბ) ძველ მორიგესთან ერთად ატარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში კავშირგაბმულობის განწესი იყენებს;

გ) იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების და კავშირების მდგომარეობის შესახებ.

2. რადიოკავშირების მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი კავშირების მართვის მორიგეების ხელმოწერით. რადიოკავშირების მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ, რადიოკავშირების ახალი მორიგე, მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება კავშირგაბმულობის განწესი, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 60. რადიოკავშირების მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები

1. რადიოკავშირების მორიგე:

ა) მუდმივად იმყოფება კავშირგაბმულობის განწესისათვის განკუთვნილ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში რადიოკავშირების მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს მისი თანაშემწე, რომელსაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს კავშირების ორგანიზების პროცესს;

გ) უზრუნველყოფს კავშირების მდგომარეობის შენარჩუნებას და მუდმივ მზადყოფნას;

დ) უზრუნველყოფს კავშირის შეწყვეტის მიზეზების დროულ დადგენას და ატარებს ღონისძიებებს კავშირის აღდგენის მიზნით;

ე) კავშირების მდგომარეობის შესახებ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;

ვ) აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას და კონტროლს უწევს ინფორმაციის დროულ მიღებას და გადაცემას, ასევე, კავშირგაბმულობის ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვას;

ზ) თვალყურს ადევნებს კავშირგაბმულობის განწესის სამორიგეო ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;

თ) დეტალურად სწავლობს ძველი განწესის მორიგეობის დროს არსებული კავშირების მდგომარეობას, გადაუცემელი ინფორმაციის არსებობას და იღებს შესაბამის ზომებს;

ი) აკონტროლებს კავშირგაბმულობის განწესის სამორიგეო ადგილზე პირთა შესვლას და არ უშვებს შესაბამისი დაშვების არმქონე პირებს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. რადიოკავშირების მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს კავშირების მართვის მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს რადიოკავშირების მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) არ ტოვებს მორიგეობის ადგილს რადიოკავშირების მორიგის ნებართვის გარეშე;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს რადიოკავშირების მორიგეს მომხდარი ყველა შემთხვევის და კავშირგაბმულობის კუთხით გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

დ) ფლობს ინფორმაციას რადიოკავშირების მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;

ე) რადიოკავშირების მორიგის ადგილზე არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას;

ვ) ქვედანაყოფის მეთაურისა და მისი პირდაპირი უფროსების კავშირგაბმულობის განწესისათვის განკუთვნილ ადგილზე მისვლისას, თუ რადიოკავშირების მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და დაუყოვნებლივ ატყობინებს რადიოკავშირების მორიგესა და ქვედანაყოფის მორიგეს მომსვლელთა შესახებ;

ზ) უნდა იცოდეს კავშირგაბმულობის განწესში არსებული აღჭურვილობის, კომპიუტერული ტექნიკისა და კავშირგაბმულობის სისტემების ექსპლუატაციის წესები;

თ) დაუყოვნებლივ მოახსენებს რადიოკავშირების მორიგეს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის მეთაურისა და მორიგისაგან;

ი) ზედამხედველობას უწევს სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვას  კავშირგაბმულობის განწესის სამორიგეო ადგილზე;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი XIII

პარკის განწესი

 

მუხლი 61. პარკის განწესის ორგანიზება

1. პარკში განლაგებული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვება-გატარებისა და კონტროლის მიზნით, ასევე პარკში პერსონალის დაშვების, პარკის ტერიტორიაზე  სისუფთავის დაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად, ქვედანაყოფში იქმნება პარკის განწესი.

2. პარკის განწესის შემადგენლობაში ინიშნება პარკის მორიგე და მისი თანაშემწე.

3. ქვედანაყოფში სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების დაუყოვნებლივი ევაკუაციის მიზნით, პარკის განწესში შეიძლება დაინიშნოს მორიგე გამწეს მძღოლი (მძღოლ-მექანიკოსი).

4. სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებში პარკების მოწყობის, ორგანიზებისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 62. პარკის მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. პარკის მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას ახალი მორიგე:

ა) ძველი მორიგისაგან აღწერილობის ნუსხის მიხედვით, იბარებს პარკის სამორიგეო ოთახში არსებულ კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს, დოკუმენტაციას, ინვენტარს აღჭურვილობასა და სხვა ქონებას;

ბ)  ძველ მორიგესთან ერთად, ატარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში პარკის განწესი იყენებს;

გ) იღებს ინფორმაციას პარკში არსებულ ვითარებისა და პარკიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკის შესახებ.

2. პარკის მორიგეობის გადაბარება ფორმდება პარკის მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი პარკის მორიგეების ხელმოწერით. პარკის მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ პარკის ახალი მორიგე მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება პარკის განწესი, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 63. პარკის მორიგის, მისი თანაშემწისა და მორიგე გამწეს მძღოლის (მძღოლ-მექანიკოსი) ფუნქცია-მოვალეობები

1. პარკის მორიგე:

ა) უზრუნველყოფს პარკში წესრიგის დაცვას, პარკში სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების შესვლისა და პარკიდან მათი გასვლის წესების დაცვას;

ბ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, ერთზე მეტი თანაშემწის დანიშვნის შემთხვევაში განსაზღვრავს მათი დასვენების რიგითობას, ასევე, უნაწილებს მათ მოვალეობებს;

გ) თვალყურს ადევნებს სისუფთავესა და წესრიგს პარკის ტერიტორიაზე;

დ) ფლობს პარკში არსებული კომპიუტერული, კავშირგაბმულობის, შეტყობინების და სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესებს;

ე) ამოწმებს პარკის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების არსებობას და სახანძრო სიგნალიზაციის გამართულობას, თვალყურს ადევნებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;

ვ) ამოწმებს, რომ ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების გასაღებები იყოს ადგილზე, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი დროული ევაკუაცია;

ზ) მუდმივად იმყოფება პარკის ტერიტორიაზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით. აღნიშნულ შემთხვევაში ან პარკის მორიგის დასვენების დროს, მორიგის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს პარკის მორიგის თანაშემწე, რომელსაც  პარკის მორიგემ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;

თ) დროულად ახდენს რეაგირებას შეტყობინების სიგნალებზე. საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედებს დამტკიცებული პროცედურების მიხედვით, ახორციელებს ღონისძიებებს სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების პარკიდან გასაყვანად, ტექნიკისა და ქონების გადასარჩენად;

ი) ამოწმებს პარკში მოსული პირების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ID ბარათებს) და აღნიშნავს მათი პარკში მისვლისა და პარკიდან გასვლის დროს;

კ) პარკის ძველ მორიგესთან ერთად ათვალიერებს პარკის შემოღობვას, პარკის ღია მოედნებზე მყოფ სამხედრო/სპეციალური ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს, რაიმე ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, ასევე, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს იმ ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც არ შეიძლება აღმოიფხვრას დაუყოვნებლივ, მორიგეობის მიღებისას;

ლ) არ უშვებს პარკის ტერიტორიიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყვანას, შესაბამისი ნებართვის გარეშე. ნებართვას გასცემს პარკიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაყვანის  თაობაზე და აკონტროლებს პარკში მათ დროულ დაბრუნებას;

მ) საავტომობილო ტექნიკის პარკიდან გასვლისას და შემოსვლისას პირადად ამოწმებს  მოტოსაათების ან მანძილის მრიცხველის ჩვენებას და აკეთებს ჩანაწერს შესაბამის დოკუმენტაციაში, აფიქსირებს  პარკიდან ტექნიკის გასვლისა და პარკში  შემოსვლის თარიღს და დროს;

ნ) დაუყოვნებლივ ატყობინებს ქვედანაყოფის მორიგეს პარკში მომხდარი და საეჭვო ყველა შემთხვევისა და ქონების დაზიანების შესახებ;

ო) ფლობს ინფორმაციას პარკიდან ქონების გატანისა და პარკში ქონების შეტანის თაობაზე. თვალყურს ადევნებს, რომ პარკის ტერიტორიაზე არ დაუშვან გარეშე პირები;

პ) თვალყურს ადევნებს პარკში დღის განრიგის შესრულებას და ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა სამუშაოებს ასრულებს პარკში პერსონალი;

ჟ) აკონტროლებს, რომ პარკის ტერიტორიაზე არ მოხდეს თამბაქოს მოწევა ან ცეცხლის დანთება, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი ადგილებისა;

რ) არ უშვებს პარკში ისეთი სამუშაოების წარმოებას, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებასა და რემონტთან ან პარკის მოწყობასთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ  ასეთი სამუშაოები ხორციელდება ქვედანაყოფის მეთაურის დავალებით;

ს) აფრთხილებს პარკში ქცევის წესების დამრღვევებს, უთითებს მათ დადგენილი ქცევის წესების დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილ ზომებს;

ტ) ამოწმებს პარკში დაბრუნებულ სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს, ნებისმიერი დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ატყობინებს ქვედანაყოფის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად;

უ) თვალყურს ადევნებს, რომ საღამოს, პარკში ყველა სამუშაოს დამთავრების შემდეგ გამოირთოს სინათლე და დარჩეს მხოლოდ მორიგე განათება, ასევე, აკონტროლებს, რომ პარკის პერიმეტრზე ყველა შუქწერტილი იყოს ჩართული;

ფ) პარკში ქვედანაყოფის მეთაურის ან მისი პირდაპირი უფროსების, ასევე, ქვედანაყოფის მორიგის მისვლისას უნდა შეხვდეს მათ და უპატაკოს. პატაკის ჩაბარების შემდეგ, პარკის მორიგე თან ახლავს მოსულ პირებს პარკის განლაგებაში გადაადგილებისას. პარკში ქვედანაყოფის მეთაურის ან მისი პირდაპირი უფროსების მისვლის შესახებ პარკის მორიგე დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს. იმ შემთხვევაში, თუ პარკში მოსულ პირებს ხვდება და პატაკს აბარებს ქვედანაყოფის მეთაური, პარკის მორიგე მხოლოდ წარუდგება მოსულ პირებს;

ქ) პარკიდან სატრანსპორტო საშუალებებს უშვებს მხოლოდ გაფორმებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ამოწმებს მძღოლების დოკუმენტაციას;

ღ) პარკში სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, თვალყურს ადევნებს, რომ პარკის ყველა შენობა და ტერიტორია მოყვანილ იქნეს წესრიგში, დადგენილი წესით იღებს შესაბამისი პირებისაგან დალუქული პარკის შენობებს, ტექნიკასა და შეიარაღებას, რომლებიც ინახება ღია მოედნებზე და ფარდულებში, ამოწმებს და ლუქავს პარკში არსებულ გახსნილ შენობებს და აბარებს მათ სადღეღამისო განწესის დაცვის ჯგუფს;

ყ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პარკის მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს პარკის მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს პარკის მორიგის მითითებებს და დავალებებს;

ბ) არ ტოვებს პარკის შენობას (ან ტერიტორიას) პარკის მორიგის ნებართვის გარეშე;

გ) პარკის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში ახორციელებს პარკის მორიგის მოვალეობას;

დ) დაუყოვნებლივ მოახსენებს პარკის მორიგეს პარკში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

ე) ფლობს ინფორმაციას პარკის მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;

ვ) ქვედანაყოფის მეთაურის და მისი პირდაპირი უფროსების, ასევე, ქვედანაყოფის მორიგის პარკში მისვლისას, თუ პარკის მორიგე ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და პარკის მორიგეს დაუყოვნებლივ ატყობინებს  მომსვლელთა შესახებ;

ზ) უნდა იცოდეს პარკში არსებული კომპიუტერული, კავშირგაბმულობის, შეტყობინების და სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესები;

თ) პარკის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენებს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის მეთაურისა და ქვედანაყოფის მორიგისაგან;

ი) უშვებს  პარკში პერსონალს, ასევე, სამხედრო/სპეციალურ ტექნიკას და სატრანსპორტო საშუალებებს მხოლოდ პარკის მორიგის ნებართვით;

კ) აკონტროლებს პარკში სისუფთავესა და წესრიგს;

ლ) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში იღებს ზომებს ხანძრის ჩასაქრობად და დაუყოვნებლივ მოახსენებს ამის შესახებ პარკის მორიგეს;

მ) ახორციელებს ქვედანაყოფში პარკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამოცემულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. მორიგე გამწეს მძღოლი (მძღოლ-მექანიკოსი):

ა) მუდმივად იმყოფება პარკის სადღეღამისო განწესისათვის განკუთვნილ ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ შენობაში (ადგილზე);

ბ) უნდა ფლობდეს მორიგე საწევრის გამოყენების წესებს;

გ) თვალყურს ადევნებს მორიგე საწევარზე არსებული შეიარაღების, ტექნიკის, ბუქსირებისა და ევაკუაციის საშუალებათა არსებობასა და მათ გამართულ მდგომარეობას;

დ) საგანგებო სიტუაციის დროს, უზრუნველყოფს მორიგე საწევარის სამუშაო მდგომარეობაში დაუყოვნებლივ მოყვანას და პარკის მორიგის მითითებით ახორციელებს შეიარაღებისა და ტექნიკის ევაკუაციას;

ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

თავი XIV

ტექნიკური საშუალებებით დაცვის ორგანიზება

 

მუხლი 64. ტექნიკური საშუალებებით დაცვის ორგანიზება

1. დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ან/და დისლოკაციის ადგილის გარეთ არსებული ობიექტების უწყვეტი მონიტორინგი.

2. დაცვის ტექნიკური საშუალებები მოიცავს:

ა) შესვლის კონტროლის ელექტრონულ მოწყობილობებს;

ბ) შეღწევის დამდგენ სენსორებს;

გ) ვიდეომონიტორინგის სისტემებს;

დ) განგაშის სიგნალის გამოცხადების სისტემას.

3. დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას ვიდეომონიტორინგის სისტემით სარგებლობისას თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ვიდეოთვალთვალის წარმოების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები. გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემები მუშავდება, ინფორმირებულია მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე;

4. დაცვის ტექნიკური საშუალებების განწესის შემადგენლობაში ინიშნება მორიგე-ოპერატორი და მისი თანაშემწე.

5. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები შეითავსოს ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობამ.

 

მუხლი 65. დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. დაგზავნის დასრულების შემდეგ დაცვის ტექნიკური საშუალებების ახალი მორიგე-ოპერატორი:

ა) ძველი მორიგე-ოპერატორისაგან აღწერილობის ნუსხის მიხედვით, იბარებს დაცვის ტექნიკურ საშუალებებს, კავშირგაბმულობისა და სხვა საშუალებებს, დოკუმენტაციას, ინვენტარს აღჭურვილობასა და სხვა ქონებას;

ბ) ძველ მორიგე-ოპერატორთან ერთად, ატარებს მორიგეობისათვის განსაზღვრულ ადგილზე არსებული ქონების, კავშირისა და მართვის სისტემების, ასევე დაცვის ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რომელთაც სამსახურის შესრულების პერიოდში დაცვის ტექნიკური საშუალებების განწესი იყენებს;

გ) იღებს ინფორმაციას დაცვის ტექნიკური საშუალებების  მდგომარეობის შესახებ.

2. დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორების ხელმოწერით. დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ დაცვის ტექნიკური საშუალებების ახალი მორიგე-ოპერატორი მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება დაცვის ტექნიკური საშუალებების განწესი, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 66. დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები

1. დაცვის ტექნიკური საშუალების  მორიგე-ოპერატორი:

ა) მუდმივად იმყოფება მისთვის გამოყოფილ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით, ამ შემთხვევაში მორიგე-ოპერატორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს მორიგე-ოპერატორის თანაშემწე, რომელსაც მორიგე-ოპერატორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ სად და რა ხნით გავიდა;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფში დაცვის ტექნიკური საშუალებების ორგანიზების პროცესს;

გ) დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ახორციელებს მონიტორინგს და კონტროლს, ხოლო გამოვლენილი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც იგი ექვემდებარება;

დ)  მუდმივ მზადყოფნაში უზრუნველყოფს დაცვის ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში ატარებს ღონისძიებებს მათი  აღდგენის მიზნით;

ე) ქვედანაყოფში დაცვის ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს;

ვ) უზრუნველყოფს  დაცვის  ტექნიკური საშუალებების უსაფრთხოების წესების დაცვას;

ზ) აწარმოებს დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს მორიგეობის ადგილზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;

თ) აკონტროლებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე პირთა შესვლას და არ უშვებს შესაბამისი დაშვების არმქონე პირებს;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის  თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორს  და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის  მითითებებსა და დავალებებს;

ბ) დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის  ადგილზე არყოფნისას, მისი დავალებით ახორციელებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის მოვალეობას;

გ) არ ტოვებს მორიგეობის ადგილს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის  ნებართვის გარეშე;

დ) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორს მომხდარი ყველა შემთხვევის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

ე) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორის  ადგილსამყოფელის შესახებ;

ვ) ქვედანაყოფის მეთაურისა და მისი პირდაპირი უფროსების მისვლისას, თუ დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორი ადგილზე არ იმყოფება, წარუდგება მათ და დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორს  და ქვედანაყოფის მორიგეს მომსვლელთა შესახებ;

ზ) ფლობს დაცვის ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესებს;

თ) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ტექნიკური საშუალებების მორიგე-ოპერატორს იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ქვედანაყოფის მეთაურისა და ქვედანაყოფის მორიგისაგან;

ი) უზრუნველყოფს სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესრიგის დაცვას მორიგეობისათვის გამოყოფილ ადგილზე;

კ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

თავი XV

სადღეღამისო განწესის სხვა შემადგენლობა და მათი

ფუნქცია-მოვალეობები

 

მუხლი 67. სასადილოს განწესი

1. ქვედანაყოფში პერსონალის კვებითი უზრუნველყოფისა და სასადილოში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, შეიძლება დაინიშნოს სასადილოს მორიგე და მისი თანაშემწე.

2. სასადილოში მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:

ა) დაგზავნის დასრულების შემდეგ, ახალი სასადილოს მორიგე  ძველი მორიგესგან იბარებს მორიგეობას, რაც გულისხმობს კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკურ საშუალებების, დოკუმენტაციის, ინვენტარის (აღწერილობის ნუსხის მიხედვით) და სხვა ქონების ჩაბარებას;

ბ) ძველ მორიგესთან ერთად, ატარებს სასადილოში არსებული მატერიალური საშუალებების საერთო დათვალიერებას, გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, რათა მიღებულ იქნეს ზომები მათ აღმოსაფხვრელად;

გ) ძველი მორიგე ახალ მორიგეს აცნობს სასადილოში არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ.

3. სასადილოს მორიგეობის გადაბარება ფორმდება მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი სასადილოს მორიგეების ხელმოწერით. მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ,  სასადილოს ახალი მორიგე მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სასადილოს განწესი, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

4. სასადილოს მორიგე:

ა) ფლობს ინფორმაციას სასურსათე კმაყოფაზე მყოფი პერსონალის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუდმივად იმყოფება სასადილოს მორიგისათვის განკუთვნილ შენობაში (ადგილზე), საიდანაც გასვლა დასაშვებია ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით;

გ) თვალყურს ადევნებს,  სასადილოს მომსახურე პერსონალის მიერ, დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესრულებას,  აკონტროლებს, რომ მათ ეცვათ სუფთად და  დადგენილი წესების შესაბამისად, თმები ჰქონდეთ შეკრული,  ეკეთოთ თავსაბურავი და ხელთათმანები;

დ) თვალყურს ადევნებს სასადილოში დაწესებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, აკონტროლებს აალებადი ნივთიერებების შენახვისა და გამოყენების წესებს, არ უშვებს თამბაქოს  მოწევას სასადილოს  შენობებსა და ტერიტორიაზე, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი ადგილებისა. დარღვევების შემთხვევაში უთითებს დამრღვევ პირებს დადგენილი წესრიგის დაცვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს;

ე) საგანგებო სიტუაციის დროს, გასცემს დადგენილ სიგნალს, იღებს შესაბამის ზომებს და დაუყოვნებლივ მოახსენებს აღნიშნულის შესახებ ქვედანაყოფის მორიგეს;

ვ) არ უშვებს სასადილოში გარეშე პირებს, ხოლო სასურსათე კმაყოფაზე მყოფი პირები სასადილოში უნდა დაუშვას დადგენილი წესით;

ზ) აკონტროლებს სასადილოსა და სურსათის შესანახი ადგილების ზოგად სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, პროდუქტების შენახვისა და დამუშავების პირობების დაცვას;

თ) ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის სადღეღამისო განწესის, საველე სწავლებებზე და საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი  ქვედანაყოფების მიერ საკვების მიღების გრაფიკისა და პერსონალის რაოდენობის შესახებ. ზედამხედველობს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის გარეთ მყოფი პერსონალისათვის  გასაგზავნი საკვების ცალკე გამოყოფას და მისი გაგზავნისას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას;

ი) მორიგეობის მიღებისას ამოწმებს სასადილოში საშხაპეების, ხელსაბანებისა და სხვა სველი წერტილების გამართულობას, ხელის დასაბანი, გასამშრალებელი საშუალებების და მუნიციპალური ნარჩენების შემკრები კონტეინერების არსებობას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით;

კ) ესწრება პროდუქტების მიღებას და თვალყურს ადევნებს სურსათის შენახვის პირობებისა და ვადების დაცვას;

ლ) იცავს სასადილოში წესრიგს პერსონალის მიერ საკვების მიღების დროს, თვალყურს ადევნებს მაგიდების დროულად გაწყობასა და ალაგებას, აგრეთვე სასადილოში სისუფთავესა და წესრიგის დაცვას. მუდმივად აკონტროლებს სასადილოს ჭურჭლისა და ინვენტარის სუფთა მდგომარეობაში ყოფნას, ნარჩენების დროულად აღებას/გატანას და სასადილოს მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეს;

მ) აკონტროლებს, რომ სასადილოს შენობაში არსებული საპირფარეშოების, ტრაპების, მუნიციპალური ნარჩენებისათვის განკუთვნილი კონტეინერების და სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ინვენტარის წმენდის სამუშაოები არ ჩატარდეს საკვების მომზადებისა და გაცემის დროს;

ნ) ხვდება და წარუდგება ქვედანაყოფის მეთაურს, ქვედანაყოფის მორიგეს, ინსპექტირების/მონიტორინგის მიზნით მოსულ პირებს, სასადილოში მოსულ ხელმძღვანელ პირთა შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ქვედანაყოფის მორიგეს;

ო) ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს, ასევე, დაუყოვნებლივ მოახსენებს მას სასადილოში მომხდარი შემთხვევებისა და გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ;

პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სასადილოს მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს სასადილოს მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, იგი ასრულებს სასადილოს მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სასადილოს განწესისათვის განკუთვნილ ადგილზე, არ ტოვებს სამორიგეო ადგილს სასადილოს მორიგის თანხმობის გარეშე;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს სასადილოს მორიგეს სასადილოში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

დ)  ფლობს ინფორმაციას ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სასადილოს მორიგის ადგილსამყოფლის შესახებ;

ე) ასრულებს სასადილოს მორიგის მოვალეობას მისი ადგილზე არყოფნისას;

ვ) ვალდებულია სასადილოს მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ხელმძღვანელობისა და ზემდგომი მორიგისაგან;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 68. მორიგე მძღოლი

1. მორიგე მძღოლი ინიშნება ქვედანაყოფის მძღოლთა შემადგენლობიდან.

2. მორიგე მძღოლი:

ა) მუდმივად იმყოფება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია მხოლოდ ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით;

ბ) მართავს და ექსპლუატაციას უწევს მასზე მიმაგრებულ სატრანსპორტო საშუალებას;

გ) ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას;

დ) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისათვის მზადყოფნას;

ე) იცავს საგზაო მოძრაობის, სატრანსპორტო საშუალებით პერსონალის გადაყვანისა და ქონების გადაზიდვის წესებს;

ვ) ვალდებულია პირადად მართოს სატრანსპორტო საშუალება და არ გადასცეს ის  სხვა პირებს;

ზ) ფლობს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების შესახებ და ახორციელებს  შესაბამის ღონისძიებებს;

თ) ფლობს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული საწვავისა და საცხებ-საპოხი მასალების ხარჯვის შესახებ, იღებს ზომებს მათი ეკონომიურად მოხმარებისათვის;

ი) მორიგე მანქანის სადგომს ტოვებს ტექნიკურად გამართული სამხედრო/სპეციალური ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით, ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ;

კ) ვალდებულია გაუფრთხილდეს სატრანსპორტო საშუალებას და არ მიატოვოს იგი უმეთვალყურეოდ ისეთ ვითარებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება;

ლ) იცავს უსაფრთხოების წესებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურების და ევაკუაციის დროს;

მ) ფლობს ინფორმაციას სვლაგეზის მიმართულებისა და თავისებურების შესახებ;

ნ) სვლაგეზში ყოფნისას, ექვემდებარება სატრანსპორტო საშუალების უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს;

ო) უფლებამოსილია დაისვენოს მისთვის განკუთვნილ ოთახში (ადგილზე) ტანსაცმლის გაუხდელად, თუ არ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას;

პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მორიგე სატრანსპორტო საშუალების გადაბარება ფორმდება მორიგე სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი მორიგე მძღოლების ხელმოწერით. ახალი მორიგე მძღოლი ძველი მორიგე მძღოლისგან იბარებს მორიგე სატრანსპორტო საშუალების მიერ გავლილ კილომეტრაჟს, მასში საწვავის რაოდენობას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობას. მორიგე მანქანის გადაბარება ხორციელდება პარკის მორიგესთან, რომელსაც ხსენდება მორიგე მანქანის გადაბარებისას გამოვლენილი ყველა ხარვეზისა და ნაკლოვანების შესახებ, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. თუ ქვედანაყოფს არ ჰყავს პარკის მორიგე, მორიგე მანქანის გადაბარების შესახებ უნდა მოხსენდეს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ექვემდებარება მორიგე მძღოლი. ამ შემთხვევაში, მორიგე მანქანის გადაბარების შესახებ ახალმა მორიგე მძღოლმა ქვედანაყოფის მორიგეს შეიძლება მოახსენოს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

4. მორიგე მძღოლს, შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ განსაზღვრული პირი დადგენილი წესით უტარებს ინსტრუქტაჟს დავალების შესრულების მიზნის, წესის, ვადებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.

 

მუხლი 69. კურიერი

1. ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ქვედანაყოფში შეზღუდულია ან არ არსებობს კავშირისა და კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები ან/და შეიძლება საფრთხე შეექმნას ინფორმაციის უსაფრთხოებას, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სადღეღამისო განწესის შემადგენლობაში შეიძლება დაინიშნოს კურიერი.

2. კურიერი ასრულებს ქვედანაყოფის მორიგის მითითებებსა და დავალებებს.

3. კურიერი ვალდებულია:

ა) იმყოფებოდეს მისთვის განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე და არ დატოვოს იგი ქვედანაყოფის მორიგის ნებართვის გარეშე;

ბ) დროულად მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, შეასრულოს მიღებული დავალებები სწრაფად და ხარისხიანად, რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი განმარტებები;

გ) დაიცვას სისუფთავე და დადგენილი წესრიგი სამსახურის შესრულების ადგილზე;

დ) მოახსენოს ქვედანაყოფის მორიგეს შესრულებული დავალების, ხელშემშლელი გარემოებების ან ზემდგომი ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების შესახებ;

ე) შეასრულოს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

თავი XVI

დაცვის სამსახურის ორგანიზება

 

მუხლი 70. დაცვის სამსახურის ორგანიზება

1. ობიექტების უსაფრთხოების მიზნით, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ ქვედანაყოფში ყალიბდება დაცვის სამსახური, რომელიც ასრულებს საბრძოლო ამოცანას.

2. დაცვის სამსახურის შემადგენლობაში შედის დაცვის ჯგუფი და სპეციალური დაცვის ჯგუფი.

3. დაცვისა და სპეციალური დაცვის ჯგუფების შემადგენლობაში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობას, ქვედანაყოფის/ობიექტების განლაგების, არსებული საფრთხეების, საგუშაგოების რაოდენობისა და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

 

მუხლი 71. ობიექტის დაცვის განხორციელება დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით

1. ობიექტის დაცვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს დაცვის ტექნიკური საშუალებები.

2. დასაცავი ობიექტის მხოლოდ დაცვის ტექნიკური საშუალებით მონიტორინგის დროს დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს დასაცავი ობიექტის შემოწმება.

3. ობიექტის უსაფრთხოებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით ობიექტის დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ტექნიკური საშუალებებით (გუშაგის/წევრის გარეშე) ან/და კომბინირებულად გუშაგის/წევრის და ტექნიკური საშუალებების მეშვეობით. 

4. ტექნიკური საშუალებების გაუმართაობისას ან ცუდი ხილვადობის პირობებში, თუ ვერ ხდება დასაცავი ობიექტების მონიტორინგი, ხორციელდება საპატრულო ან/და ფიქსირებული საგუშაგოების ამოქმედება და ფუნქციონირება.

 

მუხლი 72. ობიექტის დაცვის განხორციელება სასამსახურო ძაღლის გამოყენებით

1. ობიექტის დაცვის გაძლიერების მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სპეციალურად გაწვრთნილი სასამსახურო ძაღლი.

2. სასამსახურო ძაღლის გამოყენების პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 73.  დაცვის სამსახურში პაროლის დადგენა

1. დაცვის სამსახურის შესრულებისას, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით (ცუდი ხილვადობის, გუშაგის/წევრის შეცვლაზე ან შემოწმებაზე მოსული პირის ამოსაცნობად, ან/და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს) შეიძლება დადგინდეს პაროლი. პაროლი შედგება „შეძახილისა“ და „საპასუხო სიტყვისაგან“.

2. შეძახილი არის სიტყვა, რომელსაც გუშაგი/წევრი იყენებს პირთა ვინაობის დასადგენად, ხოლო  საპასუხო სიტყვა გამოიყენება შეძახი­ლის საპასუხოდ.

3. პაროლს შეიმუშავებს დაცვის/სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი, იგი ფიქსირდება შესაბამის უწყისში და მას უნდა გაეცნოს დაცვის სამსახურის პერსონალი, რაც დასტურდება მათი ხელმოწერით. პაროლის გამოყენების დროს და პერიოდს განსაზღვრავს დაცვის/სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი.

4. პაროლის გამოყენების, გამჟღავნების ან ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში უქმდება დადგენილი პაროლი და დგინდება ახალი.

5. პაროლის გამოყენების ინიციატორი ყოველთვის არის გუშაგი/ცვლის წევრი. პაროლის გამოყენებისას აუცილებელია ორმხრივი ამოცნობა.

6. პირის ამოსაცნობად დაწინაურების შემდეგ გუშაგი/ცვლის წევრი წარმოთქვამს შეძახილს, ხოლო დაწინაურებული პირი, შეძახილზე წარმოსთქვამს საპასუხო სიტყვას. ამოსაცნობმა პირმა არ უნდა თქვას საპასუხო სიტყვა, თუ ის ვერ ამოიცნობს გუშაგის/ცვლის წევრის შეძახილს.

7. შეძახილიც და საპასუხო სიტყვაც წარმოითქმება ისე, რომ იგი არ გაიგოს გარეშე პირმა.

 

 

თავი XVII 

დაცვის ჯგუფის ორგანიზება

 

მუხლი 74. დაცვის ჯგუფის შემადგენლობა

1. დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ინიშნება:

ა) დაცვის ჯგუფის უფროსი;

ბ) დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე;

გ) ცვლის უფროსი;

დ) ცვლის წევრი/გუშაგი.

2. თუ დაცვის ჯგუფს გამოეყოფა სატრანსპორტო საშუალება, დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ინიშნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

3.  თუ დაცვის ჯგუფს გამოეყოფა დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატი, დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ინიშნება დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი.

4. დაცვის ჯგუფში ცვლის უფროსთა რაოდენობა განისაზღვრება საგუშაგოების რაოდენობისა და განლაგების გათვალისწინებით. თუ დასაცავი ობიექტი ითვალისწინებს მხოლოდ ერთი საგუშაგოს მოწყობას, ამ შემთხვევაში დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ცვლის უფროსი არ ინიშნება და მის მოვალეობას ითავსებს დაცვის ჯგუფის უფროსი ან/და მისი თანაშემწე.

5. დაცვის ჯგუფში ორი ცვლის უფროსის დანიშვნის შემთხვევაში მათ ენიჭებათ შესაბამისი ნომერი და ეწოდებათ ცვლის უფროსი №1 და ცვლის უფროსი №2.

6. ერთი ცვლის უფროსი ახორციელებს ცვლის შეცვლას არა უმეტეს ხუთ საგუშაგოზე.

7. დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ან ცუდი ხილვადობის პირობებში, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია ერთ საგუშაგოზე ორი ან მეტი გუშაგის დანიშვნა.

 

მუხლი 75. დაცვის ჯგუფის დაქვემდებარება

1. დაცვის ჯგუფის პერსონალი ექვემდებარება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილ ქვედანაყოფის მეთაურს და ქვედანაყოფის მორიგეს.

2. დაცვის ჯგუფის უფროსს ექვემდებარება დაცვის ჯგუფში დანიშნული ყველა სამხედრო მოსამსახურე.

3. დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ექვემდებარება ცვლის უფროსები და დაცვის ჯგუფის წევრები.

4. ცვლის უფროსს ექვემდებარება თავისი ცვლის წევრები.

5. გუშაგი ექვემდებარება მხოლოდ დაცვის ჯგუფის უფროსს, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს და თავისი ცვლის უფროსს.

 

მუხლი 76. დაცვის ჯგუფის ცვლა და საგუშაგოზე ყოფნის ხანგძლივობა

1. დაცვის ჯგუფის წევრთა პერსონალი იყოფა ცვლებად. თითოეულ ცვლაში არის საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა.

2. დღე-ღამის განმავლობაში თითოეული საგუშაგოს დასაცავად დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში ინიშნება სამი ცვლა (მორიგე, სწრაფი რეაგირების და დამსვენებელი), ხოლო საგუშაგოს მხოლოდ ღამით (შებინდებიდან – გათენებამდე) ან კონკრეტული ობიექტის დაკეტვიდან გახსნამდე პერიოდით ან ობიექტის დაცვის ტექნიკური საშუალებებით დაცვის შემთხვევაში, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაინიშნოს ორი ცვლა.

3. დაცვის ჯგუფში სამი ცვლის არსებობისას, საგუშაგოზე მყოფ გუშაგებს ცვლის დამსვენებელი ცვლა, საგუშაგოდან შეცვლილი ცვლის წევრები დაცვის ჯგუფის შენობაში დაბრუნების შემდეგ გადადიან სწრაფი რეაგირების ცვლაში, ხოლო ყოფილი სწრაფი რეაგირების ცვლა გადადის დამსვენებელ ცვლაში.

4. დაცვის ჯგუფში ორი ცვლის არსებობის შემთხვევაში ცვლების შემადგენლობას (მორიგე, სწრაფი რეაგირების, დამსვენებელი) და მათი შეცვლის წესს განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

5. თუ ობიექტების დაცვის ორგანიზებისთვის, საჭირო გახდა გაძლიერებული მეთვალყურეობა და კონტროლი, დაცვის ჯგუფის უფროსი, დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლის შესაბამისად, გამოყოფს დაცვის ჯგუფის წევრებს და აძლიერებს საგუშაგოს.

6. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე მომსვლელ პირთა გადაადგილების კონტროლის მიზნით, შესაძლებელია დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან განმწესდეს დაცვის ჯგუფის ერთი წევრი სწრაფი რეაგირების ცვლის შემადგენლობიდან.

7. დაცვის ჯგუფის შეცვლის პროცესის მიმდინარეობისას, როდესაც ახალი და ძველი დაცვის ჯგუფები შენობაში იმყოფებიან, საბრძოლო გათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი, ხოლო ახალი დაცვის ჯგუფის უფროსი დახმარებას უწევს მას დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში.

8. გუშაგის საგუშაგოზე ყოფნის დრო, არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორ) საათს. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცვის ჯგუფის უფროსის მიერ ქვედანაყოფის მორიგესთან შეთანხმებით, გუშაგის საგუშაგოზე ყოფნის ხანგძლივობა შეიძლება შემცირდეს და იგი არ უნდა იყოს 1 (ერთი) საათზე ნაკლები, რაც უნდა დაფიქსირდეს დაცვის ჯგუფის უწყისში.

9. საგუშაგოზე გასვლა, გუშაგთა ცვლა და დაცვის ჯგუფის შენობაში დაბრუნება არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) საათს. თუ საგუშაგოებზე ქვეითად შეცვლა ნახევარ საათზე მეტ დროს მოითხოვს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დაცვის ჯგუფს შეიძლება გამოეყოს ტრანსპორტი.

 

მუხლი 77. საგუშაგოების ორგანიზება

1. ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ იქმნება საპატრულო ან/და ფიქსირებული საგუშაგოები.

2. საპატრულო საგუშაგოზე გუშაგები ახორციელებენ პატრულირებას, რაც გულისხმობს დასაცავ ობიექტზე ქვეითად ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას, ხოლო ფიქსირებულ საგუშაგოზე გუშაგი არ ახორციელებს პატრულირებას, იმყოფება განსაზღვრულ ადგილზე და მას არ გამოეყოფა სატრანსპორტო საშუალება.

3. დაცვის ჯგუფისათვის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყოფისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უპილოტო საფრენი აპარატის სამოქმედო სივრცის განსაზღვრა, შესაბამისი შეზღუდვების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. დასაშვებია დასაცავი ობიექტისა და მასთან მისასვლელების დაცვა გუშაგის მიერ  განხორციელდეს სპეციალურად მოწყობილი საგუშაგო კოშკიდან.

5. საგუშაგოებზე მყოფ გუშაგებსა და დაცვის ჯგუფის შენობაში მყოფ ხელმძღვანელ პირებს შორის კომუნიკაცია მყარდება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებით.

6. ადგილმდებარეობის რელიეფის, ბუნებრივი საფარის და დასაცავი ობიექტის სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, გუშაგს ქვეითად პატრულირებისათვის განესაზღვრება მანძილი თვალთახედვის არის შესაბამისად დღისით არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი), ხოლო  ღამით არა უმეტეს 1000 (ათასი) მეტრისა. ცუდი ხილვადობის პირობებში ობიექტის დაცვის გასაძლიერებლად დასაშვებია გუშაგების რაოდენობის გაზრდა. სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას პატრულირების მანძილს განსაზღვრავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

 

მუხლი 78. ცეცხლსასროლი იარაღის დატენა და განმუხტვა

1. ცეცხლსასროლი იარაღის დატენა და განმუხტვა ხორციელდება დაცვის ჯგუფის პერსონალის საგუშაგოებზე გასვლის წინ და საგუშაგოებიდან დაბრუნებისას, დაცვის ჯგუფის შენობაში შესვლამდე.

2. დაცვის ჯგუფის შენობის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ცეცხლსასროლი იარაღის დატენისა და განმუხტვის ადგილი, რომელიც უნდა იყოს ღამით განათებული და ტყვიადამჭერით აღჭურვილი, ასევე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს იარაღის დატენისა და განმუხტვის თანმიმდევრობის წესი.

3. ცეცხლსასროლი იარაღის დატენა და განმუხტვა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ცვლის უფროსს ცვლა გამოჰყავს დაცვის ჯგუფის შენობიდან და მოაწყობს იარაღის დატენა-განმუხტვის ადგილთან, ორი-სამი ნაბიჯის დაშორებით. თავდაპირველად იარაღს დატენის ცვლის უფროსი. მის კომანდაზე „ცვლა, მარჯვნიდან თითო-თითოდ იარაღი დატენე“, ცვლის წევრები რიგრიგობით გამოდიან მწყობრიდან, მიდიან იარაღის დატენა-განმუხტვის ადგილზე და ახორციელებენ იარაღის დატენას შემდეგი თანმიმდევრობით: იარაღის ლულას მიმართავენ ლულით ტყვიადამჭერისაკენ, ხსნიან იარაღის მცველს, გადმოწევენ საკეტის ჩარჩოს უკან, ამოწმებენ ვაზნის არსებობას სავაზნეში, საკეტის ჩარჩოს აბრუნებენ საწყის მდგომარეობაში, ამასთან ვაზნა სავაზნეში არ შეიტანება, ახორციელებენ საკონტროლო გასროლას (თუ აღნიშნული ხელს არ უშლის იარაღის მცველის დაკეტვას), კეტავენ იარაღის მცველს, იარაღს არგებენ საბრძოლო ვაზნებით დატენილ მჭიდს და მოახსენებენ ცვლის უფროსს: „იარაღზე მჭიდი მორგებულია და დაყენებულია მცველზე“, რის შემდეგაც იღებენ დგომს „იარაღი ქამარზე“ და ბრუნდებიან მწყობრში, რის შემდეგაც ცვლის უფროსს ცვლა გადაჰყავს საგუშაგოზე;

ბ) საგუშაგოებიდან დაბრუნებისას ცვლის უფროსი ცვლას მოაწყობს დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე არსებულ იარაღის დატენა-განმუხტვის ადგილთან, ორი-სამი ნაბიჯის დაშორებით. თავდაპირველად იარაღს განმუხტავს ცვლის უფროსი. მის კომანდაზე „ცვლა, მარჯვნიდან თითო-თითოდ იარაღი განმუხტე“ ცვლის წევრები რიგრიგობით გამოდიან მწყობრიდან, მიდიან იარაღის დატენა-განმუხტვის ადგილზე და ახორციელებენ იარაღის განმუხტვას შემდეგი თანმიმდევრობით: იარაღის ლულას მიმართავენ ტყვიადამჭერისაკენ, იარაღს ხსნიან საბრძოლო ვაზნებით დატენილ მჭიდს და ინახავენ მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ხსნიან იარაღის მცველს, გადმოწევენ საკეტის ჩარჩოს უკან, ამოწმებენ ვაზნის არსებობას სავაზნეში, საკეტის ჩარჩოს აბრუნებენ საწყის მდგომარეობაში, ახორციელებენ საკონტროლო გასროლას (თუ აღნიშნული ხელს არ უშლის იარაღის მცველის დაკეტვას), კეტავენ იარაღის მცველს და ცვლის უფროსს მოახსენებენ „იარაღი განმუხტულია და დაყენებულია მცველზე“, რის შემდეგაც იღებენ დგომს „იარაღი ქამარზე“ და ბრუნდებიან მწყობრში, რის შემდეგაც ცვლა შედის დაცვის ჯგუფის შენობაში.

4. საგუშაგოების გადაბარებისას ახალი დაცვის ჯგუფის ცვლას თან უნდა ახლდეს ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსი, რომელიც საგუშაგოზე გასვლის წინ და უკან დაბრუნებისას ცეცხლსასროლი იარაღის დატენა-განმუხტვას ახორციელებს დამოუკიდებლად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.

5. საგუშაგომდე და უკან დაცვის ჯგუფის წევრების ტრანსპორტირებისას, ცეცხლსასროლი იარაღის დატენვა-განმუხტვა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამასთან, სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლსასროლი იარაღი მიმართული უნდა ჰქონდეს ლულით ქვემოთ.

6. დაცვის ჯგუფის უფროსის ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დატენა-განმუხტვა ხორციელდება დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული იარაღის დატენა-განმუხტვის თანმიმდევრობის დაცვით.

7. ცეცხლსასროლი იარაღის დატენა-განმუხტვა დაცვის ჯგუფის წევრების მიერ ხორციელდება მხოლოდ დაცვის ჯგუფის უფროსის, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის ან ცვლის უფროსის მეთვალყურეობით და მათი კომანდების შესაბამისად. დაცვის ჯგუფის წევრების მიერ დამოუკიდებლად ცეცხლსასროლი იარაღის დატენა-განმუხტვა დაშვებულია მხოლოდ, საბრძოლო გათვლით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი თანმიმდევრობის დაცვით.

8. შეცვლაზე მისული ახალი დაცვის ჯგუფი ტერიტორიაზე დაშვების შემდეგ დაცვის ჯგუფის შენობაში შესვლამდე ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღის განმუხტვას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, რის შემდეგაც დაიშვებიან დაცვის ჯგუფის შენობაში.

 

მუხლი 79. დაცვის ჯგუფის რეაგირება საფრთხეებზე და ინციდენტებზე

1. დაცვის ჯგუფის მზადყოფნაში მოყვანა ხორციელდება, დასაცავ ობიექტზე (საგუშაგოზე) ან ქვედანაყოფში საფრთხის წარმოშობის ან მომხდარი ინციდენტების შესაბამისად.

2. დაცვის ჯგუფი მზადყოფნაში მოყავს:

ა) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს;

ბ) ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ექვემდებარება დაცვის ჯგუფი;

გ) დაცვის ჯგუფის უფროსს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული კომანდის/სიგნალის საფუძველზე ან არსებული ვითარების გათვალისწინებით დაცვის ჯგუფის უფროსი მზადყოფნის გამოცხადების მიზნით, გასცემს კომანდას „დაცვის ჯგუფო იარაღით!“ და ასახელებს მზადყოფნის გამოცხადების მიზეზს (მაგ: „დაცვის ჯგუფო იარაღით! თავდასხმა ქვედანაყოფზე ან თავდასხმა პირველ საგუშაგოზე“) აღნიშნულ კომანდაზე, დაცვის ჯგუფის შენობაში მყოფი პერსონალი, იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს, რის შემდეგაც მოქმედებს დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლის შესაბამისად.

4. მზადყოფნის გამოცხადებისას, შენობიდან დაცვის ჯგუფის სრული შემადგენლობის გაყვანისას, შენობაში რჩება დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა.

5. დასაცავ ობიექტზე ტექნიკური საშუალებებით მონიტორინგის ყოველ გამოვლენილ შემთხვევაზე დაცვის ჯგუფის მიერ ხორციელდება რეაგირება ამ მუხლის შესაბამისად.

6. გუშაგის მიერ დადგენილ დროს სამსახურის შესრულების შესახებ მოხსენების მიუღებლობისას, გუშაგთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში, გუშაგის მიერ დაცვის ჯგუფის გამოძახებისას ან საგუშაგოების შემოწმებისას დაცვის ჯგუფის უფროსს, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ან ცვლის უფროსს თან უნდა ახლდეს საჭირო რაოდენობის სწრაფი რეაგირების  ცვლის შეიარაღებული წევრები.

 

მუხლი 80. დაცვის ჯგუფის შენობა

1. დაცვის ჯგუფის შენობაში, როგორც წესი, უნდა იყოს:                                        

ა) დაცვის ჯგუფის უფროსის ოთახი (ადგილი);

ბ) დასასვენებელი ოთახი (ადგილი) დამსვენებელი ცვლისათვის;

გ) ოთახი (ადგილი) სწრაფი რეაგირების ცვლისათვის;

დ) სასადილო ოთახი (ადგილი);

ე) პირსაბანი და საპირფარეშო;  

ვ) საშრობი ადგილი;

ზ) დაცვის ტექნიკური საშუალებების ოთახი/ადგილი (საჭიროების შემთხვევაში).

2. დაცვის ჯგუფის უფროსის ოთახში უნდა იყოს:

ა) სამუშაო ადგილი დაცვის ჯგუფის უფროსისათვის, მისი თანაშემწისათვის და დაცვის ტექნიკური საშუალებების ოპერატორისათვის, თუ დაცვის ტექნიკური საშუალებების ოთახი (ადგილი) ცალკე არ არის გამოყოფილი;

ბ) დასასვენებელი ადგილი დაცვის ჯგუფის უფროსისა და მისი თანაშემწისათვის;

გ) კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ტექნიკური საშუალებები;

დ) დაცვის ტექნიკური საშუალებები და  მონიტორები, თუ დაცვის ტექნიკური საშუალებების ოთახი (ადგილი) ცალკე არ არის გამოყოფილი;  

ე) საათი;

ვ) შიდა და გარე თერმომეტრები;

ზ) ტანსაცმლის საკიდი;

თ) დაცვის ჯგუფის საბრძოლო მასალების მარაგ(ებ)ი;

ი) დაცვის ჯგუფის უფროსის დოკუმენტაცია;

კ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით სხვა ინვენტარი, რომელიც ხელს შეუწყობს დაცვის ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

3. სწრაფი რეაგირების ცვლის ოთახში (ადგილზე) უნდა იყოს:

ა) ადგილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შესანახად;  

ბ) საათი;

გ) აფთიაქი პირველადი დახმარებისთვის;  

დ) საჭირო რაოდენობის მაგიდა და სკამი;

ე) ტანსაცმლის საკიდი;

ვ) დოკუმენტაცია, მათ შორის ობიექტის დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;

ზ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სხვა ინვენტარი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაცვის ჯგუფის პერსონალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

4. დასასვენებელ ოთახში (ადგილზე) დამსვენებელი ცვლისათვის უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის საწოლი (გარდა ორ იარუსიანი საწოლებისა). საჭიროების შემთხვევაში, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საველე საწოლებისა და ინდივიდუალური საძილე აღჭურვილობის გამოყენება.

5. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით განისაზღვრება სასადილო ოთახში (ადგილზე), საშრობ ადგილზე, პირსაბანსა და საპირფარეშოში განსათავსებელი ინვენტარი.

6. თუ დაცვის ჯგუფი განთავსდება კარავში ან სხვა დროებითი კონსტრუქციის ნაგებობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოთახების/ადგილების გათვალისწინება აუცილებელია, ხოლო სხვა ოთახების/ადგილების მოწყობა ხორციელდება არსებული ვითარებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით.

7. დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელი კარი შიგნიდან უნდა იკეტებოდეს და მის გაღება-დაკეტვას ახორციელებს დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე გამწესებული სწრაფი რეაგირების ცვლის წევრი, ხოლო თუ მისი გამოყოფა არ ხორციელდება ტერიტორიის შესასვლელი კარის გაღება-დაკეტვა უნდა განხორციელდეს დისტანციურად დაცვის ჯგუფის შენობიდან.

8. დაცვის ჯგუფის შენობის (გარდა კარავისა და სხვა დროებითი ნაგებობებისა) შესასვლელი კარი შიგნიდან უნდა იკეტებოდეს, ამასთან აღნიშნულ კარზე უნდა მოეწყოს სათვალთვალო.

9. უსაფრთხოების მიზნით, დაცვის ჯგუფის შენობა და მიმდებარე ტერიტორია შესაძლებელია აღიჭურვოს დაცვის ტექნიკური საშუალებებით.

10. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, დასაშვებია დაცვის ჯგუფის პირადმა შემადგენლობამ საკვები მიიღოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებულ სასადილოში, თუ დაცვის ჯგუფის შენობაში ვერ ხერხდება სასადილო ოთახის (ადგილის) მოწყობა ან საკვების შენახვის პირობების დაცვა.  

11. დაცვის ჯგუფის შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო დენის წყაროთი და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.

       

 

მუხლი 81. დასაცავი ობიექტის შემოღობვა და აკრძალული ზონის დადგენა

1. დასაცავი ობიექტი უნდა იყოს შემოღობილი, ამასთან, შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი/ადვილად აალებადი ნივთიერებების საწყობებს/საცავებს და სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებს უნდა ჰქონდეს ორმაგი (შიდა და გარე) შემოღობვა.

2. დასაცავი ობიექტის შიდა და გარე შემოღობვას შორის მანძილი ადგილმდებარეობის პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა არ უნდა იყოს 3 მეტრზე ნაკლები. შემოღობვის სიმაღლე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები, ამასთან, თუ ობიექტი შემოღობილია ეკლიანი მავთულით, მავთულებს შორის მანძილი უნდა იყოს არა უმეტეს 15 სანტიმეტრი, ხოლო ბოძებს შორის მანძილი - არა უმეტეს 2,5 მეტრი.

3. შემოღობვის ზედა ნაწილზე უნდა გაკეთდეს ეკლიანი მავთული ან/და ეკლიანი სპირალი. დაჭიმული ეკლიანი მავთული უნდა გადაიწიოს კედლის გარე ან/და შიდა მხარეს 450-ით. ამ მიზნით გამოიყენება, სულ მცირე, სამი მავთული, რაც ზრდის ღობის სიმაღლეს დაახლოებით 30 სანტიმეტრით.

4. ობიექტის მავთულბადით შემოღობვის შემთხვევაში, ღობე უნდა აიგოს მაგარი მავთულისგან, ბადის უჯრედების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 სანტიმეტრს თითოეულ მხარეს. მისი ზედა და ქვედა ბოლოები უნდა გადაიწნიხოს და საიმედოდ დამაგრდეს ბეტონში ან მყარი ზედაპირიდან უნდა იყოს არა უმეტეს 5 სანტიმეტრის დაშორებით. მიწის შემთხვევაში, ღობე მჭიდროდ უნდა ეხებოდეს მიწის ზედაპირს.

5. ეკლიანი ლენტის სპირალით შემოღობვის შემთხვევაში, ეკლიანი სპირალი უნდა განთავსდეს ბოძებს შორის, ზევით ერთმანეთის მიყოლებით ან პირამიდისებური ფორმით (სულ მცირე, სამი რგოლი).

6. დასაცავი ობიექტების ტერიტორიის მისადგომებთან, თვალსაჩინო ადგილზე  ქართულ და უცხოურ ენაზე შეიძლება განთავსდეს მაჩვენებლები წარწერით „სდექ! აკრძალული ზონა“, ამასთან, ობიექტისათვის გვერდის ავლის მიმართულება ისრით უნდა იყოს აღნიშნული. ეს ნიშნები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყოს არა უმეტეს 30 მეტრით.  

7. თავისუფალი ზონები დასაცავ ობიექტთან უნდა გაიწმინდოს და გამეჩხერდეს მცენარეული საფარის, ნაგვისა და სხვა მასალისგან, რომელთა გამოყენებაც შეიძლება შესანიღბად ან დამრღვევი პირის მიერ ღობის გადასალახად.

 

 

მუხლი 82. საგუშაგოს მოწყობა

1. საგუშაგოზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, გუშაგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხედვისა და სროლის ფართო თვალსაწიერით. საგუშაგოს ირგვლივ ტერიტორია მაქსიმალურად უნდა გასუფთავდეს ბუჩქნარისაგან, ხეები გამეჩხერდეს, ბალახი უნდა მოითიბოს და ზედმეტი საგნები აღებულ უნდა იქნეს  იმ მანძილამდე, სადამდეც საგუშაგოსთან უცხო პირთა მიახლოება აკრძალულია.

2. გუშაგს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს შეუფერხებლად შემოუაროს დასაცავ ობიექტს ან თვალყური ადევნოს მას ადგილიდან.

3.  ობიექტებისა და დაცვის ჯგუფის შენობის დასაცავად უნდა მოეწყოს საცეცხლე წერტილები იმ გაანგარიშებით, რომ ცეცხლის წარმოება შეიძლებოდეს საგუშაგოს ან დაცვის ჯგუფის შენობის პერიმეტრზე ან/და მისადგომებთან, ასევე სასურველია გუშაგს შეეძლოს მეზობელ საგუშაგოზე მყოფი გუშაგის მხარდაჭერა.  

4. ღამით საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიის მისადგომები, უნდა იყოს განათებული. განათება უნდა მოეწყოს ისე, რომ საგუშაგოს ტერიტორიაზე მყოფი გუშაგი სინათლის შუქზე არ ჩანდეს.

5. საჭიროების შემთხვევაში, საგუშაგოზე შეიძლება დამონტაჟდეს სასიგნალო საშუალება, რაც გუშაგს აძლევს დაცვის ჯგუფის უფროსის, მისი თანაშემწის ან ცვლის უფროსის დაუყოვნებლივი გამოძახების საშუალებას.

6. ობიექტების მისასვლელების მოხერხებულად მეთვალყურეობისათვის განკუთვნილი  საგუშაგო კოშკი შეიძლება აღიჭურვოს სიგნალიზაციითა და საჭირო მიმართულებით გასანათებელი მოწყობილობით.

7. კლიმატური პირობებისაგან დაცვის მიზნით, შესაძლებელია საგუშაგოზე მოეწყოს საგუშაგო სოკო ან საგუშაგო ჯიხური.

8. ყველა დასაცავ ობიექტზე უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები.

9. დასაცავ ობიექტზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ხმოვანი გამაფრთხილებელი საშუალება.

 

მუხლი 83. დაცვის ჯგუფის შენობისა და ობიექტების მოწყობა

დაცვის ჯგუფის შენობის, საგუშაგოების და სხვა ობიექტების მოწყობას, შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას, სიგნალიზაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და კავშირგაბმულობის საშუალებებით აღჭურვას, შემოღობვას და ობიექტების მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს უზრუნველყოფს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

 

მუხლი 84. დაცვის ჯგუფის შენობაში და დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე დაშვება

1. დაცვის ჯგუფზე დასაცავად ჩაბარებული ობიექტის გასახსნელად/დასაკეტად, ასევე ღია სადგომებზე მდგომ სატრანსპორტო საშუალებებთან და სამხედრო ტექნიკასთან (თვითმფრინავებთან, ქვემეხებთან და სხვა სამხედრო ტექნიკასთან) დაიშვებიან მხოლოდ საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

2. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განსაზღვრავს სამუშაო და არასამუშაო (მათ შორის უქმე და დასვენების დღეებში) დროის პერიოდში დაცვის ჯგუფზე დასაცავად ჩაბარებული ობიექტის გახსნა/დაკეტვის წესს.  

3. დასაცავი ობიექტის გასახსნელად უფლებამოსილი პირი საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ დროს მიდის დაცვის ჯგუფის შენობაში, დაცვის ჯგუფის უფროსს წარუდგენს სამსახურებრივ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ID ბარათი), ხოლო მისი არქონის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. დაცვის ჯგუფის უფროსი ახდენს ობიექტის გახსნაზე მოსული პირის იდენტიფიცირებას. თუ აღნიშნული დოკუმენტი წესრიგშია, დაცვის ჯგუფის უფროსი ვალდებულია ობიექტის გახსნაზე მოსული უფლებამოსილი პირი დაუშვას ობიექტის გასახსნელად, პირზე გასცემს ობიექტზე დაშვების საშვს, ჩანაწერს აკეთებს დაცვის ჯგუფის უწყისში ობიექტის გახსნის შესახებ და ხელს აწერს მას ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილ პირთან ერთად. დაცვის ჯგუფის უფროსი აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციის საშუალებით ატყობინებს საგუშაგოზე მყოფ გუშაგს უფლებამოსილი პირის ობიექტზე დაშვების ნებართვის შესახებ.  

4. ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირი ობიექტზე დაშვების საშვის მიღების შემდეგ გადაადგილდება საგუშაგოზე, ობიექტთან ჩერდება წინასწარ განსაზღვრულ მანძილზე ან გუშაგის შეძახილზე და გუშაგს წარუდგენს დაცვის ჯგუფის უფროსის მიერ გაცემულ ობიექტზე დაშვების საშვს. გუშაგის მიერ ობიექტზე დაშვების საშვის გადამოწმების შემდეგ ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირი გადაადგილდება გასახსნელი ობიექტის მიმართულებით, ამოწმებს ობიექტის დაკეტვისა და დალუქვის (დაპლომბვის) გამართულობას, აღნიშნულ პროცესს ესწრება გუშაგი. თუ ყველაფერი წესრიგშია, უფლებამოსილი პირი ხსნის აღნიშნულ ობიექტს, ხოლო თუ აღნიშნული ობიექტის დაკეტვისა და დალუქვის (დაპლომბვის) გამართულობა დარღვეულია, ამ შემთხვევაში არ ხსნის ობიექტს, აღნიშნულის შესახებ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს და ელოდება შემდგომ რეაგირებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამისი პირი გახსნილ ობიექტს კეტავს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ დროს.

5. ობიექტის გახსნაზე უფლებამოსილი პირის მიერ გახსნილი ობიექტი გუშაგს დასაცავად უნდა ჩაბარდეს დაკეტილ და დალუქულ (დაპლომბილ) მდგობარეობაში. გუშაგის მიერ ობიექტის დაკეტილ და დალუქულ (დაპლომბილ) მდგომარებაში მიღების შემდეგ ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირი მიდის დაცვის ჯგუფის შენობაში, დაცვის ჯგუფის უფროსს უბრუნებს ობიექტზე დაშვების საშვს, დაცვის ჯგუფის უფროსი ობიექტის დაკეტვის შესახებ ჩანაწერს აკეთებს დაცვის ჯგუფის უწყისში და ხელს აწერს მას ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილ პირთან ერთად.

6. თუ დაცვის ჯგუფის მიერ დასაცავი ობიექტის დაცვა ხორციელდება, მხოლოდ დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ამ შემთხვევაში ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირი ობიექტზე დაიშვება ამ მუხლის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ობიექტის გასახსნელად/დასაკეტად მოსულ უფლებამოსილ პირზე არ გაიცემა ობიექტზე დაშვების საშვი და დაცვის ჯგუფის უფროსი გააყოლებს მას ცვლის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ან/და დაცვის ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, რომელთა თანდასწრებით ხორციელდება ობიექტის გახსნა/დაკეტვა.

7. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის ჯგუფის მიერ დასაცავ საგუშაგოზე ობიექტის გახსნა/დაკეტვა ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, ამ შემთხვევაში ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირი ობიექტზე დაიშვება ამ მუხლის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ობიექტის გასახსნელად/დასაკეტად მოსულ უფლებამოსილ პირზე არ გაიცემა ობიექტზე დაშვების საშვი და დაცვის ჯგუფის უფროსი არ მიყვება და არ აყოლებს მას ცვლის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს.

8. დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე, ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე, ასევე დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე მოსული უფლებამოსილი პირი, დაიშვება დაცვის ჯგუფის უფროსის ნებართვით, ხოლო  მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  განსაზღვრული პირები, დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე დაიშვებიან დაუყოვნებლივ და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დაცვის ჯგუფის უფროსს.

9. დაცვის ჯგუფის უფროსი არ იძლევა ობიექტზე დაშვების ნებართვას:

ა) თუ უფლებამოსილი პირი არ მოვა მასთან განსაზღვრულ დროს ან არ ექნება შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) თუ დაცვის ჯგუფის, დაცვის ქვეშ არსებული ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილ პირთა სიაში მითითებული პირის ნაცვლად გამოცხადდება სხვა პირი.

გ) თუ პირი არ წარუდგენს მას, ობიექტის გახსნა/დაკეტვის შესაბამის დოკუმენტს (ობიექტის გახსნა/დაკეტვის აქტი).

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის ჯგუფის უფროსი ადგილზე აყოვნებს მოსულ პირს, დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებების შესაბამისად. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი შეაქვს დაცვის ჯგუფის უწყისში.

11. ობიექტზე დაშვების საშვები, მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ბარდება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ სამსახურს და ნადგურდება დადგენილი წესით.  

 

მუხლი 85. დაცვის ჯგუფის შემოწმება

1. დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირებია:

ა) თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ბ) თავდაცვის ძალების მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

გ) ზემდგომი მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

დ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;

ე) ქვედანაყოფის მორიგე, ხოლო მისი დავალებით მორიგის თანაშემწე, თუ მას აქვს დაცვის ჯგუფის უფროსზე მაღალი ან თანაბარი სამხედრო წოდება;

ვ) ქვედანაყოფის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საიდანაც გამოიყოფა დაცვის ჯგუფის პერსონალი.

2. დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია შეამოწმოს, დაცვის ჯგუფის (მათ შორის გუშაგის) მიერ სამსახურის შესრულება, დოკუმენტაცია, შიდა წესრიგი და დისციპლინა, კავშირგაბმულობის და სხვა მატერიალური ტექნიკური საშუალებების არსებობა და გამართულობა.

3. დაცვის ჯგუფის შემოწმებისას აკრძალულია:

ა) დაცვის ჯგუფის მზადყოფნაში მოყვანის ან შემოწმების დროს არასაწესდებო ან კანონსაწინააღმდეგო ბრძანებების/დავალებების გაცემა;

ბ) გუშაგის შემოწმება, საგუშაგოსთან ფარული მიახლოებით;

გ) გუშაგის შემოწმება, დაცვის ჯგუფის უფროსის, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის ან ცვლის უფროსის გარეშე;

დ) გუშაგის შემოწმებისას დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის მოთხოვნა ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმების მიზნით ან მის მიმართ სხვა არასაწესდებო ქმედების განხორციელება;

ე) პირი, რომელიც ამოწმებს საგუშაგოს, გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ადგილზე შენიშვნებს აძლევს არა გუშაგს არამედ, დაცვის ჯგუფის უფროსს, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ან ცვლის უფროსს.

4. მოსამსახურეს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ მინიჭებული აქვს დაცვის ჯგუფის შემოწმების უფლებამოსილება, შემოწმების განხორციელებისათვის ესაჭიროება დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი, რომელსაც გასცემს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო ადგილზე მისი არყოფნისას ქვედანაყოფის მორიგე.

5. დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც ესაჭიროება დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი, ვალდებულია საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს წარუდგინოს შესაბამისი ბრძანება, დაცვის ჯგუფის შემოწმების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ქვედანაყოფის მეთაური ვალდებულია გასცეს ქვედანაყოფის ბეჭდით დამოწმებული დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი, აღნიშნულის შესახებ ეცნობება ქვედანაყოფის მორიგეს, რის შემდეგაც დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი მიდის დაცვის ჯგუფის შენობაში. ადგილზე მისვლისას, დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვს წარუდგენს დაცვის ჯგუფის უფროსს, რომელიც ახდენს ამ საშვისა და შემოწმებაზე მოსული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის იდენტიფიცირებას. თუ აღნიშნული დოკუმენტები წესრიგშია, დაცვის ჯგუფის უფროსი ვალდებულია შემოწმებაზე მოსული უფლებამოსილი პირი დაუშვას დაცვის ჯგუფის შენობაში, აღმოუჩინოს ყოველგვარი დახმარება შემოწმების პროცესში და უპასუხოს მის შეკითხვებს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის წესრიგში, დაცვის ჯგუფის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს ქვედანაყოფის მორიგეს და ვითარების გარკვევამდე ადგილზე აყოვნებს დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე მოსულ პირს. იმ შემთხვევაში თუ დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ქვედანაყოფში მისვლისას, ადგილზე არ იმყოფება საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური, ბრძანება დაცვის ჯგუფის შემოწმების თაობაზე წარედგინება ქვედანაყოფის მორიგეს, რომელიც ვალდებულია გასცეს დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი და იგი ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენებს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს და დაცვის ჯგუფის უფროსს.

6. გუშაგის შემოწმების შემთხვევაში, ამ მუხლით განსაზღვრულ შემმოწმებელ პირებს სავალდებულოა თან ახლდეს დაცვის ჯგუფის უფროსი ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე, ასევე, სწრაფი რეაგირების ცვლის შეიარაღებული წევრები.

7. დაცვის ჯგუფის უფროსი გუშაგებს ამოწმებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, ამასთან მის მიერ ერთხელ დღისით და ერთხელ ღამით შემოწმება აუცილებელია. დაცვის ჯგუფის უფროსი უფლებამოსილია გუშაგების შემოწმება დაავალოს დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ან ცვლის უფროსს და მიიღოს მათგან მოხსენებები არსებული ვითარების შესახებ.

8. დაცვის ჯგუფის შემოწმების შედეგები უნდა აისახოს დაცვის ჯგუფის უწყისში, რომლის განხილვა ხორციელდება დაცვის ჯგუფის სამსახურის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც გამოიყო დაცვის ჯგუფის პერსონალი, რის შემდეგაც მიიღება ზომები დაცვის ჯგუფის შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

9. დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი გაიცემა განსაზღვრული ვადით. შემოწმების დასრულების შემდეგ რჩება დაცვის ჯგუფის უფროსთან, რომელიც მას დაცვის ჯგუფის უწყისთან ერთად აბარებს ქვედანაყოფის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, საიდანაც დანიშნულია დაცვის ჯგუფის შემადგენლობა. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დაცვის ჯგუფის უწყისს და დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვს აბარებს საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/სამსახურს.  

10. დაცვის ჯგუფის შემოწმების საშვი, ვადის გასვლის ან დაცვის ჯგუფის შემოწმების დასრულების შემდეგ ითვლება ძალადაკარგულად და ნადგურდება დადგენილი წესით.

11. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური დაცვის ჯგუფი მუდმივად განწესდება ობიექტის დასაცავად, სპეციალური დაცვის ჯგუფის შემოწმება განხორციელდება ამ მუხლით დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ ქვედანაყოფის მორიგე და მისი თანაშემწე უშუალოდ არ ამოწმებენ სპეციალური დაცვის ჯგუფს.

 

მუხლი 86. დაცვის ჯგუფის შეცვლა და მორიგეობის მიღება - ჩაბარება

1. სადღეღამისო განწესის დაგზავნის დასრულების შემდეგ, დაცვის ჯგუფის უფროსი დაქვემდებარებულ პერსონალთან ერთად გადაადგილდება დაცვის ჯგუფის შენობისაკენ,  ჩერდება დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან და ძველი დაცვის ჯგუფის უფროსს ატყობინებს, რომ გამოცხადდა დაცვის ჯგუფის შესაცვლელად. აღნიშნულის თაობაზე ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი ინფორმაციას მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს და მიღებული თანხმობის (ინფორმაციის დადასტურების) შემდეგ, შეცვლაზე მოსულ დაცვის ჯგუფს უშვებს დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე, წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე.

2. ძველი დაცვის ჯგუფის უფროსს, დაცვის ჯგუფის შეცვლის დროს დასაშვები კლიმატური პირობების შემთხვევაში, შენობიდან გამოჰყავს თავისი პერსონალი, გარდა მისი თანაშემწისა და ცვლის უფროსისა, მათ განალაგებს წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, შეცვლაზე მოსული სამხედრო მოსამსახურეებისაგან განცალკევებით.

3. დაცვის ჯგუფის შენობისა და დასაცავი ობიექტების გადაბარების დაწყებამდე, ახალი დაცვის ჯგუფის უფროსმა სწრაფი რეაგირების ცვლის წევრით უნდა შეცვალოს, დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან გამწესებული სამხედრო მოსამსახურე (ასეთის არსებობისას), რის შემდეგაც ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი, შეცვლაზე მოსული დაცვის ჯგუფის შემადგენლობასთან ერთად შედის შენობაში.

4. დაცვის ჯგუფის შეცვლის დროს გაუარესებული კლიმატური პირობების (დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი, წვიმა და ა.შ.) ან სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ დაცვის ჯგუფის შენობაში ვერ ხერხდება ძველი და ახალი დაცვის ჯგუფის პერსონალის ერთად განლაგება, ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების და დამსვენებელი ცვლის წევრებს, მისი თანაშემწის მეშვეობით აგზავნის ქვედანაყოფის განლაგებაში, მას შემდეგ, რაც წესრიგში იქნება მოყვანილი და გადაბარებული დაცვის ჯგუფის შენობა და ტერიტორია.

5. ახალი დაცვის ჯგუფის პერსონალის დამსვენებელი და სწრაფი რეაგირების ცვლა, დაცვის ჯგუფის შენობაში შესვლისთანავე ცეცხლსასროლ იარაღს ათავსებენ იარაღის შესანახ ადგილზე.

6. ახალი დაცვის ჯგუფის უფროსის კომანდაზე „მორიგე ცვლა მოეწყვეთ!“, ახალი მორიგე ცვლის შემადგენლობა ეწყობა საგუშაგოების ნომრების მიხედვით, რაოდენობიდან გამომდინარე ერთ ან ორ მწკრივად მარჯვნიდან მარცხნივ. ახალი დაცვის ჯგუფის უფროსი ამოწმებს მორიგე ცვლის  მზადყოფნას ამოცანის შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, უტარებს დამატებით ინსტრუქტაჟს და საგუშაგო ტაბელის შესაბამისად უხსნის მათ საგუშაგოზე სამსახურის შესრულების თავისებურებებს, ცეცხლსასროლი იარაღისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესს, მოახსენებს მათ თავიანთი უფლება-მოვალეობის შესრულებას, რის შემდეგაც ცვლის უფროსს გადასცემს დასაცავი ობიექტის საგუშაგო ტაბელს და ახალ ცვლას ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსთან ერთად უშვებს საგუშაგოების გადასაბარებლად.

7. დაცვის ჯგუფის შენობიდან ახალი ცვლის გასვლის შემდეგ, დაცვის ჯგუფის უფროსი ან მისი თანაშემწე სწრაფი რეაგირების და დამსვენებელ ცვლას უსახავს ამოცანებს, დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლისა და საგუშაგო ტაბელის მოთხოვნების შესაბამისად. დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლისა და საგუშაგო ტაბელის დაყვანის შემდეგ, დამსვენებელი ცვლა გადის მათთვის განკუთვნილ დასასვენებელ ოთახში, ხოლო სწრაფი რეაგირების ცვლის წევრები რჩებიან ადგილზე და ახორციელებენ მორიგეობას.

8. საგუშაგოების გადაბარების შემდეგ, ძველი დაცვის ჯგუფის შეცვლილი ცვლა და ახალი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსი, ბრუნდებიან დაცვის ჯგუფის შენობაში და ცვლის უფროსები  რიგრიგობით მოახსენებენ თავიანთი დაცვის ჯგუფის უფროსებს, საგუშაგოების მიღება-ჩაბარების, გუშაგების შეცვლის, საგუშაგოებზე გამოვლენილი ხარვეზებისა და წამოჭრილი პრობლემების თაობაზე.

9. ახალი დაცვის ჯგუფის მორიგე ცვლის, დაცვის ჯგუფის შენობიდან გასვლის შემდეგ, ძველი დაცვის ჯგუფის უფროსი ახალი დაცვის ჯგუფის უფროსს აბარებს დაცვის ჯგუფის შენობას, მასში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს,  მოწყობილობას, ინვენტარსა  და სხვა ქონებას. ახალი დაცვის ჯგუფის უფროსი ამოწმებს ნუსხის შესაბამისად დაცვის ჯგუფის შენობაში არსებული ქონების რაოდენობასა და მათ გამართულობას, ამასთან ძველი დაცვის ჯგუფის უწყისში შეაქვს ყველა გამოვლენილი ნაკლოვანებები, რომელიც იქნა აღმოჩენილი დაცვის ჯგუფის შენობისა და საგუშაგოების გადაბარების დროს. ახალი დაცვის ჯგუფის უფროსი ამოწმებს დაცვის ჯგუფის გადაბარებამდე გახსნილი ობიექტების გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილი პირების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობას, ხელს აწერს ძველი დაცვის ჯგუფის უფროსთან ერთად ძველი დაცვის ჯგუფის უწყისში.

10. დაცვის ჯგუფის მორიგეობის გადაბარება ფორმდება დაცვის ჯგუფის მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი დაცვის ჯგუფის უფროსების ხელმოწერით. დაცვის ჯგუფის მორიგეობის გადაბარების, ასევე გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, ახალი დაცვის ჯგუფის უფროსი მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ექვემდებარება დაცვის ჯგუფი, რათა მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები. მოხსენება შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.

11. დაცვის ჯგუფის შეცვლის შემდეგ ძველი დაცვის ჯგუფის უფროსს შეცვლილი დაცვის ჯგუფის პერსონალი მიჰყავს ქვედანაყოფის იმ სტრუქტურულ ერთეულში, საიდანაც გამოიყო დაცვის ჯგუფი, ამასთან დაცვის ჯგუფის უფროსი ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მოახსენებს ამოცანის შესრულების შესახებ გამოვლენილი ნაკლოვანებების თაობაზე და აბარებს შესაბამის დოკუმენტაციას.

 

მუხლი 87. საგუშაგოების გადაბარება და გუშაგის შეცვლა

1. საგუშაგოების გადაბარებისა და გუშაგის შეცვლის მიზნით:

ა) ცვლის გადაადგილება საგუშაგოზე და საგუშაგოდან უკან, ხორციელდება მწყობრით ერთ ან ორ რიგად, ცვლაში დაცვის ჯგუფის წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე, ამ დროს ცეცხლსასროლი იარაღის მდგომარეობაა „იარაღი ქამარზე“. ცვლის უფროსი ადგილს იკავებს მწყობრის მარჯვენა მხარეს და მის კომანდაზე  „ნაბიჯით იარ!“ ცვლას დაცვის ჯგუფის შენობიდან გადაადგილებს საგუშაგოსკენ ან საგუშაგოდან დაცვის ჯგუფის შენობისკენ;

ბ) კარგი ხილვადობის პირობებში, ცვლის უფროსი წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე აჩერებს ცვლას და თავად გადაადგილდება გუშაგისკენ, ხოლო გუშაგი საგუშაგოზე ცვლის უფროსის დანახვისთანავე მიდის მისკენ და ჩერდება ორი-სამი ნაბიჯის დაშორებით, რის შემდეგაც მოახსენებს მას საგუშაგოზე არსებული ვითარების შესახებ. გუშაგის მოხსენების დასრულების შემდეგ,  ცვლის უფროსი ასახელებს ცვლაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებას და გვარს, რის შემდეგაც გასცემს კომანდას „საგუშაგოს გადასაბარებლად, ნაბიჯით იარ“. გამოძახებული ცვლის წევრი გამოდის მწყობრიდან, გადაადგილდება და ჩერდება გუშაგის წინ, დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით. ცვლის უფროსის კომანდაზე „გუშაგო, ჩააბარე საგუშაგო“, გუშაგი იღებს დგომს „იარაღი ქამარზე“, რის შემდეგაც ისინი გადაადგილდებიან საგუშაგოზე არსებული ობიექტების გადასაბარებლად, ხოლო ცვლის დანარჩენი წევრები რჩებიან ადგილზე და ცვლის უფროსის მითითებით აკონტროლებენ საგუშაგო პერიმეტრს. გუშაგი შემცვლელ ცვლის წევრს აბარებს საგუშაგო ტაბელით განსაზღვრულ ობიექტს, შემოღობვას და ტექნიკური საშუალებების გამართულობას. გადაბარების პროცესში ერთვება ცვლის უფროსი. საგუშაგოს მიღება-ჩაბარების დროს, თუ გამოვლინდება რაიმე გაუმართაობა ან შეუსაბამობა ცვლის უფროსი აჩერებს საგუშაგოს მიღება-გადაბარების პროცესს და დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს, ამ შემთხვევაში საგუშაგოს გადაბარება შეიძლება გაგრძელდეს დაცვის ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით, რაც უნდა შეთანხმდეს ქვედანაყოფის მორიგესთან;

გ) ცუდი ხილვადობის პირობებში, საგუშაგოზე ცვლის მოახლოებისას გუშაგი ახორციელებს შეძახილს „სდექ, ვინ მოდის!“  ცვლის უფროსი აჩერებს ცვლას და პასუხობს „ცვლა!“. გუშაგის კომანდაზე „ცვლის უფროსი ჩემთან! დანარჩენები ადგილზე!“, ცვლა რჩება ადგილზე და გუშაგთან მიდის ცვლის უფროსი, რომელსაც გუშაგი მოახსენებს საგუშაგოზე არსებული ვითარების შესახებ. გუშაგის მიერ ცვლის უფროსზე მოხსენების დასრულების შემდეგ, ცვლის უფროსი ცვლას გადააადგილებს, აჩერებს გუშაგისაგან დაახლოებით ექვსი ნაბიჯის დაშორებით და ასახელებს ცვლაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებას და გვარს, რის შემდეგაც გასცემს კომანდას „საგუშაგოს გადასაბარებლად, ნაბიჯით იარ“. გამოძახებული ცვლის წევრი გამოდის მწყობრიდან, გადაადგილდება და ჩერდება გუშაგის წინ, დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით. ცვლის უფროსის კომანდაზე „გუშაგო, ჩააბარე საგუშაგო“, გუშაგი იღებს დგომს „იარაღი ქამარზე“, რის შემდეგაც ისინი გადაადგილდებიან საგუშაგოზე არსებული ობიექტების გადასაბარებლად, ხოლო ცვლის დანარჩენი წევრები რჩებიან ადგილზე და ცვლის უფროსის მითითებით აკონტროლებენ საგუშაგო პერიმეტრს. გუშაგი შემცვლელ ცვლის წევრს აბარებს საგუშაგო ტაბელით განსაზღვრულ ობიექტს, შემოღობვას და ტექნიკური საშუალებების გამართულობას. გადაბარების პროცესში ერთვება ცვლის უფროსიც. საგუშაგოს მიღება-ჩაბარების დროს, თუ გამოვლინდება რაიმე გაუმართაობა ან შეუსაბამობა ცვლის უფროსი აჩერებს საგუშაგოს მიღება-გადაბარების პროცესს და დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს, ამ შემთხვევაში საგუშაგოს გადაბარება შეიძლება გაგრძელდეს დაცვის ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებით, რაც უნდა შეთანხმდეს ქვედანაყოფის მორიგესთან;

დ) საგუშაგოს მიღება-ჩაბარების დასრულების შემდეგ, გუშაგი და მისი შემცვლელი ცვლის წევრი ცვლის უფროსთან ერთად ბრუნდება ცვლის ჩატარების ადგილზე. ამ შემთხვევაში გუშაგი და მისი შემცვლელი ცვლის წევრი ერთმანეთის გვერდით იკავებენ ადგილს ფრონტით ცვლის შემადგენლობისკენ, ხოლო ცვლის უფროსი დგება სამი ნაბიჯის დაშორებით სახით მათკენ. ამის შემდეგ გუშაგი ცვლის უფროსს მოახსენებს საგუშაგოს ჩაბარების შესახებ (მაგ.: „ბატონო სერჟანტო, (სამხედრო მოსამსახურის წოდება და გვარი) №1 საგუშაგო ჩავაბარე), რის შემდეგაც მას ეხსნება გუშაგის სტატუსი და ცვლის უფროსის კომანდაზე საგუშაგოზე შეცვლილი ცვლის წევრი გადაადგილდება და იკავებს ადგილს მწყობრში ცვლის შემადგენლობის უკან, ხოლო მისი შემცვლელი ცვლის წევრი ცვლის უფროსს მოახსენებს საგუშაგოს მიღების თაობაზე (მაგ.: „ბატონო სერჟანტო (სამხედრო მოსამსახურის წოდება და გვარი) №1 საგუშაგო ჩავიბარე), რის შემდეგაც იგი ხდება გუშაგი. მოხსენების დასრულების შემდეგ, ცვლის უფროსი არკვევს ხომ არ აქვს გუშაგს რაიმე სახის კითხვები სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით და ასეთის არსებობისას აძლევს მას შესაბამის განმარტებებს, რის შემდეგაც, ცვლის უფროსის მითითებით გუშაგი იწყებს საგუშაგოზე თავისი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას და ცვლის უფროსის კომანდაზე „ცვლა, ნაბიჯით იარ“, ცვლა გადაადგილდება შემდეგი საგუშაგოს გადასაბარებლად.

2. ძველი დაცვის ჯგუფის მიერ ახალ დაცვის ჯგუფზე საგუშაგოების გადაბარებისა და გუშაგის შეცვლის მიზნით, ცვლა გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ამასთან ახალი დაცვის ჯგუფის ცვლას თან უნდა ახლდეს ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსი, რომელიც დაცვის ჯგუფის შენობიდან პირველად შესაცვლელ საგუშაგომდე ცვლის გადაადგილებისას  იკავებს ადგილს ახალი დაცვის ჯგუფის ცვლის მწყობრის მარცხენა მხარეს. საგუშაგოების გადაბარება ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო შეცვლილი გუშაგი ადგილს იკავებს  ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსთან. შემდეგი საგუშაგოების გადაბარების მიზნით პირველი გადაადგილდება ძველი დაცვის ჯგუფის ცვლა, ხოლო მის უკან ახალი დაცვის ჯგუფის ცვლა. ბოლო საგუშაგოს გადაბარებისა და გუშაგის შეცვლის შემდეგ, საგუშაგოდან დაცვის ჯგუფის შენობამდე ახალი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსი ადგილს იკავებს ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის მწყობრის მარცხენა მხარეს და ძველი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსის კომანდაზე  „ნაბიჯით იარ!“ ცვლას გადაადგილებს დაცვის ჯგუფის შენობისაკენ.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის ჯგუფში განსაზღვრულია ერთი ცვლის უფროსი, საგუშაოების რაოდენობა არ აღემატება 5 საგუშაგოს და საგუშაგოები დაცვის ჯგუფის შენობიდან ორივე მხარეს არის განლაგებული და მათი ცვლა არ მოითხოვს იმაზე მეტ დროს, რაც დადგენილია ამ წესდებით, ცვლის უფროსი საგუშაგოზე გუშაგის შეცვლას აწარმოებს საგუშაგოების ნომრების მიხედვით რიგრიგობით თითოეულ მხარეზე დამოუკიდებლად. ცვლის უფროსს დაცვის ჯგუფის შენობიდან გაჰყავს მხოლოდ ცვლის ის წევრები, რომლებიც უნდა განმწესდნენ დაცვის ჯგუფის შენობის ერთ მხარეს მდებარე საგუშაგო(ებ)ზე. ერთ მხარეზე საგუშაგოების შეცვლის შემდეგ ცვლის უფროსი შეცვლილი ცვლის წევრებთან ერთად ბრუნდება დაცვის ჯგუფის შენობაში, რის შემდეგაც ცვლის დანარჩენი წევრები შესაცვლელად მიჰყავს დაცვის ჯგუფის შენობის მეორე მხარის საგუშაგო(ებ)ზე.

4. უფლებამოსილი პირების მიერ, საგუშაგოზე არსებული ყველა ობიექტის გახსნის შემთხვევაში ამ ობიექტის დაკეტვამდე, საგუშაგოზე გუშაგის დატოვების ან საგუშაგოდან დროებით მოხსნის წესს განსაზღვრავს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური. ასევე, საგუშაგოზე არსებული ყველა ობიექტის გახსნიდან მის დაკეტვამდე შესაძლებელია საპატრულო საგუშაგოზე მყოფი გუშაგი გადაყვანილ იქნეს ფიქსირებულ საგუშაგოზე, საიდანაც განახორციელებს აღნიშნული საგუშაგო პერიმეტრის მეთვალყურეობასა და დაცვას.

5. ახალ საგუშაგოზე გუშაგის დაყენება ან გაუქმებული საგუშაგოდან გუშაგის მოხსნა წარმოებს დაცვის ჯგუფის უფროსის მიერ საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანების საფუძველზე, დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ობიექტზე გუშაგის დაყენებისა და მოხსნის შესახებ ჩანაწერები კეთდება დაცვის ჯგუფის უწყისში. ახალ საგუშაგოზე გუშაგების დაყენება ან გაუქმებული საგუშაგოდან გუშაგის მოხსნის თაობაზე, უნდა ეცნობოს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ექვემდებარება დაცვის ჯგუფი.

6. საგუშაგო კოშკზე მყოფი გუშაგის შეცვლისას, გუშაგი ჩამოდის საგუშაგო კოშკიდან, საგუშაგოს აბარებს ტაბელით განსაზღვრული წესით შემცვლელი ცვლის წევრს, ხოლო რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში გუშაგი შემცვლელ წევრთან ერთად ადის საგუშაგო კოშკზე და ადგილზე ხორციელდება საგუშაგოსთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა და აღნიშნულ პროცესში ერთვება ცვლის უფროს(ებ)ი. საგუშაგო კოშკზე საგუშაგოს გადაბარება და მოხსენებები ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

7. ცვლის საგუშაგოებზე წასაყვანად სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, გუშაგების ცვლა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოდიან მხოლოდ ცვლის უფროს(ებ)ი და ცვლის ის წევრი, რომელმაც უნდა შეცვალოს გუშაგი. საგუშაგოს გადაბარების პერიოდში ცვლის უფროსი გამოყოფს საჭირო რაოდენობის ცვლის წევრებს საგუშაგოს პერიმეტრის უსაფრთხოების მიზნით.

8. დაცვის ჯგუფის დაცვის ტექნიკური საშუალებების ოპერატორის შეცვლა ხორციელდება დაცვის ჯგუფის უფროსის ან მისი დავალებით დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის თანდასწრებით. გადაბარებისას დაცვის ჯგუფის ოპერატორმა მის შემცვლელს უნდა აცნობოს არსებული ვითარება და ჩააბაროს დაცვის ტექნიკური საშუალებების ოთახში (ადგილზე) არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებები შესაბამისი ნუსხის მიხედვით.

 

 

მუხლი 88. დაცვის ჯგუფის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები

დაცვის ჯგუფის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია დაცვის ჯგუფისათვის დასმული ამოცანების შესრულებაზე, ჩაბარებული ობიექტების უსაფრთხოებაზე, დაცვის ჯგუფის საბრძოლო მზადყოფნაზე, მათ მიერ დისციპლინისა და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვაზე, დაცვის ჯგუფის მიერ სამსახურის სწორად შესრულებაზე, აგრეთვე დაცვის ჯგუფზე გაცემული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მარაგის მოვლა-შენახვაზე, დაცვის ჯგუფისათვის გამოყოფილი სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო სხვა ტექნიკური საშუალებების მოვლასა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე;

ბ) ვალდებულია, იცოდეს დაცვის ჯგუფის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და დაცვის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობები;

გ) ამოწმებს იციან თუ არა დაცვის ჯგუფის შემადგენლობამ თავიანთი ფუნქცია - მოვალეობები და პაროლის (ასეთის არსებობისას) გამოყენების წესი;

დ) დაცვის ჯგუფის შენობას ტოვებს ქვედანაყოფის მორიგის ნებართვით. აღნიშნულის თაობაზე, მან უნდა აცნობოს დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს და მიაწოდოს მას ინფორმაცია თავისი ადგილსამყოფელისა და დაბრუნების სავარაუდო დროის შესახებ;

ე) ძველი დაცვის ჯგუფის უფროსთან ერთად, ატარებს დაცვის ჯგუფის სარგებლობაში გადაცემული ქონებისა და დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო დათვალიერებას, შესაბამის დოკუმენტაციაში აკეთებს ჩანაწერებს დასაცავი ობიექტების შემოღობვის, კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციისა და სხვა ტექნიკურ საშუალებების გაუმართაობისა და აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ, ასევე აღნიშნულის თაობაზე მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს, რათა მათ აღმოსაფხვრელად დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები;

ვ) იბარებს ძველი დაცვის ჯგუფის უფროსისაგან დაცვის ჯგუფისათვის განსაზღვრულ დოკუმენტებს, ასევე დაცვის ჯგუფის შენობაში არსებულ სამხედრო და არასამხედრო დანიშნულების ქონებას და სხვა საშუალებებს;

ზ) უზრუნველყოფს განსაზღვრულ დროს საგუშაგოებზე ცვლების დროულ გაგზავნას;

თ) ორგანიზებას უწევს დაცვის ჯგუფის მუდმივ მზადყოფნას, სატრანსპორტო საშუალების გამართულობას, ცეცხლსასროლი იარაღის დატენისა და განმუხტვის წესების შესრულებას და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვას;

ი) საგუშაგოდან ცვლის დაბრუნების შემდეგ ზედამხედველობს დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლის დაყვანას სწრაფი რეაგირებისა და დამსვენებელი ცვლების პერსონალზე;

კ) გუშაგის მიერ გამოძახებისას, დადგენილ დროს მისგან სამსახურის შესრულების შესახებ მოხსენების მიუღებლობისას ან გუშაგთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აგზავნის საგუშაგოზე ცვლის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ან ცხადდება თავად;

ლ) არ უშვებს დაცვის ჯგუფის შენობაში და დასაცავ ობოექტზე გარეშე პირებს, ასევე უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ შესული პირის სამხედრო პოლიციისათვის წარდგენას;  

მ) უფლებამოსილია მოხსნას გუშაგი საგუშაგოდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში;

ნ) არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გახსნას საბრძოლო მასალების მარაგის ყუთი და გასცეს იგი დაცვის ჯგუფის პერსონალზე, აღნიშნულს აფიქსირებს დაცვის ჯგუფის უწყისში;  

ო) დაცვის ჯგუფის უწყისში აფიქსირებს მონაცემებს დაცვის ჯგუფში დანიშნული იმ სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, რომლებმაც მაღალხარისხოვნად შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა ან ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა;

პ) მოახსენებს ქვედანაყოფის მორიგეს:

პ.ა) დაცვის ჯგუფის მიღებას, ასევე მიღებისას გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ინფორმაციას;

პ.ბ) საგუშაგოებზე ან დაცვის ჯგუფის შენობაში მომხდარი ყველა შემთხვევის (ინციდენტის) შესახებ ინფორმაციას;

პ.გ) დაცვის ჯგუფის შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მათი ჩანაცვლების შესახებ;

პ.დ) გუშაგების შემოწმების შედეგების შესახებ, ასევე მის მიერ დაცვის ჯგუფისათვის გაცემული  განკარგულების შესახებ;

პ.ე) იმ ბრძანებებისა და მითითებების თაობაზე, რომელიც მიიღო დაცვის ჯგუფმა უფლებამოსილი პირებისაგან.

ჟ) აცნობს დაცვის ჯგუფის თითოეულ წევრს მათთვის განკუთვნილი პროცედურებს, ამოწმებს მათი იარაღისა და აღჭურვილობის გამართულობას;

რ) ამოწმებს საგუშაგოზე მყოფ გუშაგებს ამ წესდებით დადგენილი წესით;

ს) წარუდგება დაცვის ჯგუფის შენობაში მოსულ ქვედანაყოფის მეთაურს, ქვედანაყოფის მორიგეს და დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე მოსულ პირებს, მოახსენებს მათ სამსახურის მიმდინარეობისა და მომხდარი შემთხვევების შესახებ;

ტ) ხელმძღვანელობს და მართავს დაცვის ჯგუფის გაძლიერების მიზნით გამოყოფილ ჯგუფს ან სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე იმყოფება კოორდინაციაში ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის  დაცვის გაძლიერების მიზნით განსაზღვრულ ქვედანაყოფთან/ჯგუფთან;

უ) ქვედანაყოფის მორიგესთან შეთანხმებით, უფლებამოსილია დაცვის ჯგუფის შენობაში მყოფ პერსონალთან ჩაატაროს სასწავლო ვარჯიშები დაცვის ჯგუფის საბრძოლო გათვლის შესაბამისად;  

ფ) საჭიროების შემთხვევაში, ქვედანაყოფის მორიგესთან შეთანხმებით, უფლებამოსილია დაცვის ჯგუფის შენობის დროებითი დატოვების ნება დართოს დაცვის ჯგუფის წევრს;

ქ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 89. დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები

დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე:

ა) დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ხელს უწყობს დაცვის ჯგუფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში;

ბ) პასუხისმგებელია დაცვის ჯგუფის შენობაში და მის მიმდებარედ წესრიგის, სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე, დაცვის ჯგუფის ქონების სათანადო მოვლაზე და შენახვაზე;

გ) აგზავნის ცვლებს საგუშაგოზე დაცვის ჯგუფის უფროსის განკარგულების შესაბამისად;

დ) ამოწმებს გუშაგების მიერ დაცვის ჯგუფის სამსახურის შესრულებას, დაცვის ჯგუფის უფროსის დავალების შესაბამისად;

ე) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის ფუნქციებს, დაცვის ჯგუფის უფროსის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების დროს;

ვ) ზედამხედველობს ცვლის უფროსების მიერ თავიანთი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას და გუშაგების დროულად შეცვლას;

ზ) უფლებამოსილია დაესწროს ცვლის უფროსებისა და წევრების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დატენა/განმუხტვის პროცესს;

თ) ნებისმიერი ინციდენტის ან გადაცდომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მოახსენებს ინფორმაციას დაცვის ჯგუფის უფროსს;

ი) ზედამხედველობს ცვლის მიერ წესრიგისა და დისციპლინის დაცვას;

კ) დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელში ცვლის წევრის დანიშვნის ან დაცვის ტექნიკური საშუალებების ოპერატორის გამოყოფის შემთხვევაში ადგენს მორიგეობის გრაფიკს და ახორციელებს მათ შეცვლას;

ლ) უზრუნველყოფს დაცვის ჯგუფის პერსონალის შეიარაღებისა და საბრძოლო ვაზნების შენახვის წესების დაცვას;

მ) ცვლას უტარებს ინსტრუქტაჟს და რწმუნდება, რომ ცვლის წევრებმა სწორად გაიგეს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 90. ცვლის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები

ცვლის უფროსი:

ა) ფლობს ინფორმაციას საგუშაგოების რაოდენობის, მათი განლაგების, საზღვრების, გადაადგილების მარშრუტებისა და დაცვის პირობების (მეთვალყურეობა, სროლის სექტორი, შემოღობვა და ა.შ.) თაობაზე;

ბ) ანაწილებს ცვლის წევრებს საგუშაგოების მიხედვით, ახორციელებს საგუშაგოებზე გუშაგების დაყენებას და შეცვლას;

გ) ყოველი ცვლის დასრულების შემდეგ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს, ასევე აწვდის მათ ინფორმაციას საგუშაგოების მდგომარეობის, გამოვლენილი ნაკლოვანებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით მიღებული ზომების თაობაზე;

დ) მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან/და დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს ნებისმიერი სახის დარღვევისა და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ, ასევე ინფორმაციას საგუშაგოზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყველა საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის თაობაზე;

ე) გუშაგის მიერ გამოძახების შემთხვევაში, დაცვის ჯგუფის უფროსის ბრძანებაზე დაუყოვნებლივ გადის საგუშაგოზე;

ვ) ამოწმებს დასაცავ ობიექტზე, გუშაგის მიერ შეჩერებულ პირებს და უზრუნველყოფს მათ დროულ მიყვანას დაცვის ჯგუფის უფროსთან;

ზ) შეცვლის დროს ახალი დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსს აცნობს მიღებულ ბრძანებებს და საგუშაგოებთან დაკავშირებულ ყველა სახის ინფორმაციას;

თ) პირადად ხელმძღვანელობს ცვლის წევრების მიერ იარაღის დატენისა და განმუხტვის პროცესს;

ი) გარეგანი დათვალიერებით ამოწმებს დასაცავი ობიექტის განათებასა და შემოღობვას;

კ) თვალყურს ადევნებს გუშაგისა და მისი შემცვლელი ცვლის წევრის მიერ საგუშაგოს სწორად გადაბარებას, მათ მიერ ლუქების (პლომბების), კავშირგაბმულობის საშუალებების, სიგნალიზაციის, განათებისა და სხვა საშუალებების შემოწმებას;

ლ) ადარებს ლუქებს (პლომბებს) შესაბამის ანაბეჭდებს;

მ) უთითებს საგუშაგოზე ახლად დამდგარ გუშაგს იმ გარემოებების შესახებ, რასაც უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება საგუშაგოზე ყოფნის დროს;

ნ) ამოწმებს გუშაგის მიერ დაცვის ჯგუფის შენობასთან დამაკავშირებელი სიგნალების ცოდნას;

ო) ცვლის უფროსი ისვენებს ცვლების განხორციელების შუალედში, დაცვის ჯგუფის უფროსის გადაწვეტილებით;

პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 91. დაცვის ჯგუფის ცვლის წევრის ფუნქცია-მოვალეობები

1. დაცვის ჯგუფის ცვლის წევრი:

ა) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის და ცვლის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ვალდებულია დაიცვას დისციპლინა და წესრიგი დაცვის ჯგუფის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე;

გ) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს და მის თანაშემწეს დაცვის ჯგუფის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყველა საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის თაობაზე;

დ) საგუშაგოს მიღებამდე ამოწმებს ყველაფერს, რაც საგუშაგო ტაბელის თანახმად, დასაცავად უნდა ჩაიბაროს;

ე) უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი განმარტებები დაცვის ჯგუფის სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით;

ვ) საგუშაგოზე ყოფნისას ასრულებს გუშაგის მოვალეობებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცვლის წევრი, რომელიც არის დაცვის ტექნიკური საშუალებების ოპერატორი:

ა) ინიშნება დამოუკიდებლად ან სწრაფი რეაგირების ცვლის შემადგენლობიდან და მორიგეობს დაცვის ჯგუფის უფროსის მიერ განსაზღვრული დროის ხანგრძლივობით;

ბ) იმყოფება წინასწარ განსაზღვულ ოთახში (ადგილზე) და მისი დატოვება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვლიან დადგენილი წესით;

გ) დაცვის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მუდმივად ახორციელებს დასაცავი ობიექტის მონიტორინგს და ყოველი საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან მის თანაშემწეს;  

დ) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის და მისი თანაშემწის მითითებებსა და დავალებებს;

ე) იცავს დისციპლინას, წესრიგს და დადგენილ უსაფრთხოების წესებს;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცვლის წევრი, რომელიც განწესებულია დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან:

ა) გამოიყოფა სწრაფი რეაგირების ცვლის შემადგენლობიდან;

ბ) იმყოფება დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან განსაზღვრულ ადგილზე და მისი დატოვება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვლიან დადგენილი წესით;

გ)  ვალდებულია დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე დაუშვას მხოლოდ დაცვის ჯგუფის პერსონალი და ის პირები, რომლებსაც დაცვის ჯგუფი ექვემდებარება, ხოლო სხვა პირების დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიაზე დაშვებას ახორციელებს დაცვის ჯგუფის უფროსის ნებართვით;

დ) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს დაცვის ჯგუფის შენობის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყველა საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის თაობაზე;

ე) ვალდებულია დაიცვას დაცვის ჯგუფის შენობა და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამ წესდებით დადგენილი წესით;

ვ) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის და დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის მითითებებსა და დავალებებს;

ზ) იცავს დისციპლინას, წესრიგს და დადგენილ უსაფრთხოების წესებს;

თ) ისვენებს მისთვის დადგენილ ან დამსვენებელ ცვლაში გადასვლის დროს;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 92. გუშაგის ფუნქცია-მოვალეობები

1. გუშაგი ხელშეუხებელი პირია. კანონი იცავს გუშაგის უფლებებსა და პირად ღირსებას. ყველა პირის მოვალეობაა შეასრულოს გუშაგის კანონიერი მოთხოვნა.

2. გუშაგი:

ა) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწეს საგუშაგოზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყველა საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის თაობაზე და მოქმედებს მიღებული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გუშაგმა შეიძლება მოახსენოს დაცვის ჯგუფის ცვლის უფროსს, თუ დაცვის ჯგუფის უფროსს არ ჰყავს თანაშემწე;

ბ) უფლებამოსილია შეაჩეროს დასაცავ ობიექტზე ან აკრძალულ ტერიტორიაზე უნებართვოდ შესული პირი, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენოს დაცვის ჯგუფის უფროსს და იმოქმედოს ამ წესდების შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევისას უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები და ცეცხლსასროლი იარაღი, ამ წესდებით დადგენილი წესით;

დ) საგუშაგოზე ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისას დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს;

ე) ფლობს ინფორმაციას დაცვის ჯგუფისათვის გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტის და გრაფიკის, ასევე მისი ამოსაცნობი ნიშნის თაობაზე;

ვ) არ ტოვებს საგუშაგოს მანამ, სანამ არ შეცვლიან დადგენილი წესით;

ზ) საგუშაგოზე გადაადგილდება დადგენილი მარშრუტით, აკეთებს ხანმოკლე გაჩერებებს დასაცავი ობიექტის, მისი მისადგომებისა და შემოღობვის შემოწმების მიზნით;

თ) დადგენილი პერიოდულობით, ამოწმებს დაცვაზე ჩაბარებული ობიექტის დაკეტვისა და დალუქვის (დაპლომბვის) მდგომარეობას და აღნიშნულის შესახებ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს;  

ი) დასაცავი ობიექტის გასახსნელად მოსულ პირს უმოწმებს დასაცავი ობიექტზე დაშვების საშვს, აღნიშნულის შესახებ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს ან მის თანაშემწეს და მათი ნებართვის შემთხვევაში ნებას რთავს ობიექტის გახსნა/დაკეტვაზე უფლებამოსილ პირს გახსნას ობიექტი, ხოლო ობიექტის დაკეტვისას დაცვის ქვეშ ჩაიბაროს უფლებამოსილი პირისგან დაკეტილ/დალუქულ (დაპლომბილ) მდგომარეობაში და აღნიშნულის შესახებ მოახსენოს დაცვის ჯგუფის უფროსს;

კ) დაუყოვნებლივ მოახსენებს დაცვის ჯგუფის უფროსს დასაკეტი ობიექტების დაცვაზე ჩაუბარებლობის შესახებ, ასევე დასაცავი ობიექტის შემოწმების დროს მისი დაკეტვის/დალუქვის (დაპლომბვის) გაუმართაობის გამოვლინების შესახებ;

ლ) ვალდებულია შეცვლაზე მოსულ ცვლის წევრს აცნობოს ინფორმაცია საგუშაგოზე მომხდარი ცვლილებების ან შემთხვევების თაობაზე;

მ) არ უშვებს საგუშაგოსთან არავის, საგუშაგო ტაბელში მითითებულ მანძილზე ახლოს, გარდა იმ პირებისა, რომელთაც იგი ექვემდებარება, ასევე მათი თანმხლები პირებისა;

ნ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ან გაუფრთხილებლობით გასროლის თაობაზე;

ო) ცეცხლსასროლ იარაღს გადასცემს იმ პირებს, ვისაც იგი ექვემდებარება დაცვის ჯგუფში ყოფნის დროს, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;  

პ) იცავს საგუშაგოზე დადგენილ, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო ვაზნებთან/მასალებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს;

ჟ) საგუშაგოზე ან მის სიახლოვეს საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს და მოქმედებს დადგენილი წესის შესაბამისად;

რ) უნდა ფლობდეს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების წესებს;

ს) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გუშაგს ეკრძალება ძილი, ჭამა, ჯდომა (ქვეითად პატრულირებისას), წერა, კითხვა, თამბაქოს მოწევა, ცეცხლის დანთება, თამაში, სიმღერა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვინმესგან რამე საგნის მიღება ან  გადაცემა, საუბარი, თუ ეს არ უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აუცილებლობის გარეშე სავაზნეში ვაზნის შეტანა, არასამსახურებრივი დანიშნულების ელექტრონული ან სხვა ტიპის მოწყობილობების გამოყენება, ასევე სხვა ისეთი ქმედების ჩადენა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაცავ ობიექტს ან გამოიწვიოს მისი დაზიანება/განადგურება.

 

მუხლი 93. დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები

დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი:

ა) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) მუდმივად იმყოფება წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია მხოლოდ დაცვის ჯგუფის უფროსის თანხმობით;

გ) უზრუნველყოფს დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატის დადგენილი წესით ექსპლუატაციას და დასაცავი ობიექტების საჰაერო მონიტორინგს;

დ) დისტანციური საფრენი აპარატის გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ მყოფი პირების გამოვლენას ან/და მათ საჰაერო მონიტორინგს, მიღებული ინფორმაციის დაზუსტებას და შემთხვევის (ინციდენტის) ადგილიდან ინფორმაციის უწყვეტ მიწოდებას;

ე) უზრუნველყოფს მასზე მიმაგრებული დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის მუდმივ მზადყოფნას, ვალდებულია პირადად მართოს იგი და არ გადასცეს სხვა პირებს;

ვ) ფლობს ინფორმაციას დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის გადაადგილების მიმართულებისა და თავისებურების შესახებ;

ზ) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის ან მისი თანაშემწის მითითებებს საგუშაგოების საჰაერო მონიტორინგს დროს;

თ) ისვენებს მისთვის დადგენილ დროს;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 94. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ფუნქცია-მოვალეობები

დაცვის ჯგუფისათვის გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი:

ა) ასრულებს დაცვის ჯგუფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) მუდმივად იმყოფება წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე, საიდანაც გასვლა დასაშვებია მხოლოდ დაცვის ჯგუფის უფროსის თანხმობით;

გ) დადგენილი მარშრუტით ახორციელებს საგუშაგოებზე ცვლებისა და დაცვის ჯგუფის  შემმოწმებელი პირების ტრანსპორტირებას;

დ) ასრულებს ცვლის უფროსის მითითებებს ცვლების ტრანსპორტირებისას;

ე) უზრუნველყოფს მასზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების მუდმივ მზადყოფნას და ექსპლუატაციას;

ვ) ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციას;

ზ) იცავს საგზაო მოძრაობის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებით დაცვის ჯგუფის პერსონალის გადაყვანის წესებს;

თ) ვალდებულია პირადად მართოს სატრანსპორტო საშუალება და არ გადასცეს იგი  სხვა პირებს;

ი) ფლობს ინფორმაციას გადაადგილების მიმართულებისა და თავისებურების შესახებ;

კ) უფლებამოსილია დაისვენოს მისთვის განკუთვნილ ადგილზე ტანსაცმლის გაუხდელად, თუ არ ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას და მის მომსახურებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 95. წესრიგი დაცვის ჯგუფის შენობაში

1. დაცვის ჯგუფის შემადგენლობიდან არავის არა აქვს უფლება დატოვოს დაცვის ჯგუფის შენობა დაცვის ჯგუფის უფროსის ნებართვის გარეშე.

2. დაცვის ჯგუფის შენობაში დაცული უნდა იყოს წესრიგი, დასაშვებია კითხვა, წერა, ჭადრაკისა და შაშის თამაში. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით დასაშვებია დაცვის ჯგუფის შენობაში ტელევიზორის ან რადიოს განთავსება, თუ ეს ხელს არ შეუშლის დაცვის ჯგუფს სამსახურის შესრულებაში.

3. თამბაქოს მოწევა ნებადართულია მხოლოდ დაცვის ჯგუფის შენობის გარეთ, ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში.

4. დაცვის ჯგუფის შეიარაღება ინახება პირამიდაში ან ცეცხლსასროლი იარაღის შესანახ ღია კარადაში, საბრძოლო ვაზნებით დატენილი მჭიდის გარეშე, განმუხტულ მდგომარეობაში, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღი შენახულ იქნეს ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ ყუთებში. პირამიდაში ან ცეცხლსასროლი იარაღის შესანახ ღია კარადაში (ყუთში) განთავსებული დაცვის ჯგუფის პერსონალის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებით დატენილი მჭიდების ჩაკეტვა ან დალუქვა დაუშვებელია.  პისტოლეტით შეიარაღებული დაცვის ჯგუფის უფროსი, მისი თანაშემწე ან ცვლის უფროსი დაცვის ჯგუფის შენობაში პისტოლეტს არ იხსნიან, ხოლო დაცვის ჯგუფის სხვა პერსონალი დაცვის ჯგუფის შენობაში ყოფნისას პისტოლეტს ინახავს პირამიდაში ან ცეცხლსასროლი იარაღის შესანახ ღია კარადაში (ყუთში).

5. საბრძოლო ვაზნებით დატენილი მჭიდები მოთავსებული უნდა იყოს განტვირთვის ჟილეტში ან მჭიდჩანთაში, რომელსაც იხსნიან მხოლოდ დასვენების დროს. ტყვიამფრქვევის მჭიდები ინახება ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ამისათვის განსაზღვრულ ადგილზე.

6. დაცვის ჯგუფის პერსონალი პირამიდიდან (ყუთიდან) იარაღს მხოლოდ დაცვის ჯგუფის უფროსის ან დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის ნებართვით იღებენ. იარაღის წმენდა მიმდინარეობს მათი ხელმძღვანელობით. დაუშვებელია გასაწმენდად იარაღის დაშლა.

7. დაცვის ჯგუფის შენობაში დაცვის ჯგუფის თავისუფალ ცვლას შეუძლია გაიხადოს ქურთუკი, ასევე მოიხსნას ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი (ასეთის არსებობისას).  

8. დაცვის ჯგუფის პერსონალს, დაცვის ჯგუფის უფროსისა და დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის გარდა, ეკრძალება დაცვის ჯგუფის შენობაში მოსულებთან საუბარი, მათ უფლება აქვთ უპასუხონ მხოლოდ იმ პირთა კითხვებს, რომლებიც დაცვის ჯგუფს ამოწმებენ.

9. თამბაქოს მოსაწევი და ფეხსაცმლის გასაწმენდი ადგილები უნდა მოეწყოს დაცვის ჯგუფის შენობის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მოეწყოს პირსაბანი და საპირფარეშო, თუ მათი მოწყობა დაცვის ჯგუფის შენობაში ვერ ხერხდება.

 

მუხლი 96. გუშაგის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება

1. საგუშაგოს მიღების შემდეგ, გუშაგს ცეცხლსასროლი იარაღი გადმოაქვს  მკერდთან, ისე, რომ იგი ქამრით გადაკიდებული აქვს კისერზე და მარჯვენა ან მარცხენა მხარზე, ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის ლულა მიმართული უნდა იყოს 450-ით ქვევით. საგუშაგოზე ყოფნის დროს გუშაგი ცეცხლსასროლ იარაღს ინარჩუნებს აღნიშნულ მდგომარეობაში. საგუშაგოზე მომხდარ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, გუშაგს უფლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღი გადაიტანოს ზურგზე, ისე, რომ იარაღის ლულა მიმართული უნდა იყოს 450-ით ქვევით.

2. პისტოლეტით შეიარაღებულ გუშაგს, იარაღი მოთავსებული უნდა ჰქონდეს პისტოლეტის შესანახ კაბურაში, უსაფრთხოების ღვედთან ერთად.

 

მუხლი 97. ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა

დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში დანიშნული პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა დასაშვებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისას:

ა) საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის და ქვედანაყოფის მორიგის მიერ – დაცვის ჯგუფში დანიშნულ ყველა შემადგენლობაზე, გარდა საგუშაგოზე მყოფი გუშაგისა;

ბ) დაცვის ჯგუფის უფროსის მიერ – დაცვის ჯგუფში დანიშნულ ყველა შემადგენლობაზე;

გ) დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწის მიერ – დაცვის ჯგუფში დანიშნულ ყველა შემადგენლობაზე, გარდა დაცვის ჯგუფის უფროსისა;

დ) ცვლის უფროსის მიერ – ცვლის წევრთა შემადგენლობაზე, მათ შორის დაქვემდებარებულ გუშაგებზე.

 

მუხლი 98. მხედრული მისალმება

1. დაცვის ჯგუფის პერსონალი, გარდა გუშაგისა, მხედრულ მისალმებას ასრულებს სამწყობრო წესდებით დადგენილი წესით.

2. გუშაგი არ ასრულებს მხედრულ მისალმებას. ქვედანაყოფის მეთაურის, ზემდგომი მეთაურებისა და დაცვის ჯგუფის შემოწმებაზე უფლებამოსილი პირების  მიახლოებისას გუშაგი ცეცხლსასროლ იარაღს ინარჩუნებს მკერდზე და იღებს დგომს „სმენა“.

 

 

თავი XVIII

სპეციალური დაცვის ჯგუფი

 

მუხლი 99. სპეციალური დაცვის ჯგუფის საორგანიზაციო საკითხები

1. ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით სპეციალური დაცვის ჯგუფის პერსონალი, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს შეიარაღებული ან შეიარაღების გარეშე.

2. სპეციალური დაცვის ჯგუფის მომზადება, სამუშაო დროის/მორიგეობის ხანგრძლივობა, დასვენების დროის პერიოდი, ჩაცმულობა, აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების მიღება-გაცემა, მათი განთავსება და ტარება, საწარმოებელი დოკუმენტები, ობიექტის მოწყობა (საჭიროების შემთხვევაში), საფრთხეებზე და ინციდენტებზე რეაგირება, დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე დაშვება, სპეციალური დაცვის ჯგუფის შემოწმების ორგანიზება, დაცვის მეთოდი და სამსახურის შესრულების თავისებურება, ასევე ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო საკითხები რეგულირდება, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით.

3. სპეციალური დაცვის ჯგუფი სამსახურს ასრულებს სტაციონარულად, სპეციალურად მოწყობილი ადგილიდან, ქვეითად ან ტრანსპორტით პატრულირების საშუალებით.

4. სპეციალური დაცვის ჯგუფის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისას საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს უფლება აქვს იხელმძღვანელოს დაცვის ჯგუფისათვის დადგენილი რეგულაციებით.

5. სპეციალური დაცვის ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დატენა და განმუხტვა ხორციელდება ამ წესდების 78-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. სპეციალური დაცვის ჯგუფის პერსონალს სამსახურის შესრულების პერიოდში უფლება აქვს გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, ამ წესდების 112-ე და 113-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7.  გამონაკლის შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაურის შუამდგომლობითა და მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაშვებია ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებული ობიექტების დასაცავად სპეციალური დაცვის ჯგუფის გამოყოფა.

 

 მუხლი 100. სპეციალური დაცვის ჯგუფის შემადგენლობა და დაქვემდებარება

1. სპეციალური დაცვის ჯგუფის შემადგენლობაში შედის:

ა) სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი;

ბ) სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე;

გ) სპეციალური დაცვის ჯგუფის წევრები.

2. საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, დასაშვებია სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსს არ ჰყავდეს თანაშემწე.

3. სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე და წევრები ექვემდებარებიან სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსს და ასრულებენ მის მითითებებსა და დავალებებს.

4. სპეციალური დაცვის ჯგუფი ექვემდებარება ქვედანაყოფის მეთაურს, მორიგეს ან/და საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ თანამდებობის პირს და ასრულებს მათ ბრძანებებსა და მითითებებს.

 

მუხლი 101. სპეციალური დაცვის ჯგუფის განთავსება

საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, სპეციალური დაცვის ჯგუფი შეიძლება განთავსდეს შენობაში, შენობის ნაწილში, დროებითი კონსტრუქციის ნაგებობაში (კარავი, საცხოვრებელი სენდვიჩ-პანელი და სხვა), ასევე კოლონაში ყოფნის დროს ტექნიკაზე, ხოლო ეშელონში ყოფნის დროს შესაბამის ვაგონში ან სადგომზე.

 

მუხლი 102. სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის, მისი თანაშემწის და წევრის ფუნქცია-მოვალეობები

1. სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია სპეციალური დაცვის ჯგუფისათვის ჩაბარებული ობიექტების დაცვაზე და თავდაცვაზე, პერსონალის მზადყოფნაზე, მათ მიერ დისციპლინისა და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვაზე, სამსახურის სწორად შესრულებაზე, აგრეთვე სამსახურის შესრულების პერიოდში გაცემული შეიარაღებისა და საბრძოლო ვაზნების შენახვაზე (ასეთის არსებობისას), გამოყოფილი სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციის და სხვა ტექნიკური საშუალებების მოვლასა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე;

ბ) ამოწმებს იციან თუ არა სპეციალური დაცვის ჯგუფში დანიშნულმა სამხედრო მოსამსახურებმა თავიანთი ფუნქცია - მოვალეობები და სტანდარტული სამოქმედო პროცედურები;

გ) თვალყურს ადევნებს სპეციალური დაცვის ჯგუფზე გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალების გამართულობას, ცეცხლსასროლი იარაღის დატენისა და განმუხტვის წესების შესრულებას და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვას;

დ) ზედამხედველობს წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვას;

ე) უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტზე დამრღვევი პირის სამხედრო პოლიციისათვის დაუყოვნებლივ წარდგენას;

ვ) არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, ამ წესდების შესაბამისად;

ზ) სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესაბამისად მოახსენებს უფლებამოსილ პირს:

ზ.ა) მომხდარი ყველა შემთხვევის და ინციდენტის შესახებ;

ზ.ბ) სპეციალური დაცვის ჯგუფის შემადგენლობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მათი ჩანაცვლების შესახებ;

ზ.გ) სპეციალური დაცვის ჯგუფისათვის გაცემული ნებისმიერი განკარგულების შესახებ;

თ) წარუდგება ქვედანაყოფის მეთაურს და ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს და მოახსენებს მათ სამსახურის მიმდინარეობისა და მომხდარი შემთხვევების შესახებ;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე:

ა) სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ხელს უწყობს სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში;

ბ) პასუხისმგებელია სპეციალური დაცვის ჯგუფის პერსონალის მიერ წესრიგის, სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე, ასევე სპეციალური დაცვის ჯგუფზე განკუთვნილი ქონების სათანადო მოვლაზე და შენახვაზე;

გ) ზედამხედველობს სპეციალური დაცვის ჯგუფის წევრების მიერ სამსახურის შესრულებას, სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის დავალების შესაბამისად;

დ) ასრულებს სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის ფუნქციებს, მისი ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების დროს;  

ე) უფლებამოსილია დაესწროს სპეციალური დაცვის ჯგუფის წევრების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დატენა/განმუხტვის პროცესს;

ვ) ნებისმიერი ინციდენტის ან გადაცდომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მოახსენებს ინფორმაციას სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სპეციალური დაცვის ჯგუფის წევრი:

ა) ვალდებულია იცოდეს სპეციალური დაცვის ჯგუფის სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით განსაზღვრული მოქმედებები;

ბ) თვალყურს ადევნებს ისეთ ვითარებებსა და გარემოებებს, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასაცავი ობიექტის უსაფრთხოებას;

გ) აფრთხილებს სამსახურის შესრულების ადგილებზე ქცევის წესების დამრღვევ პირებს და საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს დადგენილი წესით;

დ) იცავს სპეციალური დაცვის ჯგუფისათვის განკუთვნილი კომპიუტერული და კავშირგაბმულობის სისტემების, მზადყოფნისა და შეტყობინების სხვა სისტემების ექსპლუატაციისა და გამოყენების წესებს;

ე) უფლებამოსილია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს დასაცავი ობიექტის მონიტორინგი და ყოველი საეჭვო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენოს სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსს ან მის თანაშემწეს;

ვ) ასრულებს სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსის და მისი თანაშემწის მითითებებსა და დავალებებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 103. მორიგეობის მიღება-ჩაბარება

1. სპეციალური დაცვის ჯგუფის მიერ მორიგეობის მიღება-ჩაბარებისას:

ა) დაგზავნის დასრულების შემდეგ, ახალი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი ძველი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსისაგან იბარებს მორიგეობას, რაც გულისხმობს აღწერილობის ნუსხის მიხედვით კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებების, დოკუმენტაციის, ინვენტარის, სხვა ქონებისა და საშუალებების ჩაბარებას;

ბ) ახალი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი ძველ სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსთან ერთად, ატარებს იმ მატერიალური საშუალებების საერთო დათვალიერებას, რაც გადაცემული აქვს სპეციალური დაცვის ჯგუფს;

გ) ძველი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი მის შემცვლელს აცნობს არსებულ ვითარებას, მოწმდება ქვედანაყოფის მორიგესთან კავშირი, ასევე, ხსენდება მას მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ.

2. სპეციალური დაცვის ჯგუფის მორიგეობის გადაბარება ფორმდება შესაბამის ჟურნალში განხორციელებული ჩანაწერით, რაც დასტურდება ახალი და ძველი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსების ხელმოწერით. მორიგეობის გადაბარების შესახებ, ახალი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი მოახსენებს იმ ქვედანაყოფის მორიგეს, რომელსაც ექვემდებარება სპეციალური დაცვის ჯგუფი, მოხსენება შეიძლება განხორციელდეს, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. ახალი სპეციალური დაცვის ჯგუფის უფროსი ქვედანაყოფის მორიგეს ასევე მოახსენებს მორიგეობის მიღებისას გამოვლენილი ხარვეზისა და ნაკლოვანებების შესახებ, რათა მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები.

 

 

თავი XIX

იძულების ღონისძიებების გამოყენების წესი და პრინციპები

 

მუხლი 104. იძულების ღონისძიებები

იძულების ღონისძიებები არის სამხედრო მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თავდაცვის ძალებისათვის დაკისრებული ფუნქციების, ობიექტებისა და ქონების დაცვისა და თავდაცვის, ასევე, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

 

მუხლი 105. თანაზომიერების პრინციპი იძულების ღონისძიებების გამოყენებისას

1. იძულების ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული იძულების ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ შერჩეული იძულების ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

3. სამხედრო მოსამსახურის მიერ შერჩეული გამოსადეგი იძულების ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა, როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.

4. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული აუცილებელი იძულების ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.

 

მუხლი 106. კანონიერების პრინციპი იძულების ღონისძიებების გამოყენებისას

1. სამხედრო მოსამსახურის მიერ განხორციელებული იძულების ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.

2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, იძულების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.

3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, იძულების ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

 

მუხლი 107. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

1. თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია, პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

3. იძულების ღონისძიების გამოყენებისას, სამხედრო მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

4. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიების გამოყენების შედეგად დაზიანებულ პირს, თუ ეს შესაძლებელია.

5. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია  კანონმდებლობით.

 

მუხლი 108. ფიზიკური ძალის გამოყენება

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, საკუთარი თავის ან/და სხვისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ მოსამსახურე არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.

 

მუხლი 109. დამრღვევი პირის სამხედრო პოლიციისათვის წარდგენა

1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია, ქვედანაყოფის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დაცულ ტერიტორიაზე დადგენილი წესის დარღვევით შესული პირი, დროებით დააყოვნოს ადგილზე და მიიღოს ზომები რათა დამრღვევი დაუყოვნებლივ წარედგინოს  სამხედრო პოლიციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია გამოიყენოს იძულების ღონისძიებები, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ვერ  უზრუნველყოფს მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას.

3. სამხედრო პოლიციისათვის წარდგენის დროს, პირის მიერ სამხედრო მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევისას, შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნეს ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალებები.

 

მუხლი 110. სპეციალური საშუალებების გამოყენება

1. სადღეღამისო განწესის შესრულებისას დასაშვებია სამხედრო მოსამსახურემ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური  საშუალებები, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი წესით.

2. არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ვაზნა) გამოიყენება:

ა) თუ  ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მოთხოვნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა პირს (პირებს);

ბ) პირის (პირების) იძულების მიზნით, დატოვოს (დატოვონ) დასაცავი ობიექტის ტერიტორია ან დასაცავი ობიექტის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ქმედებაც საფრთხეს უქმნის სამხედრო მოსამსახურეს ან დასაცავ ობიექტს;

გ)  მატერიალური საშუალებების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით;

დ)  მძღოლის გაფრთხილების და/ან ავტომანქანის გაჩერების მიზნით.

 

 

მუხლი 111. იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა

აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამხედრო მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

 

 

თავი XX

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

 

მუხლი 112. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) სამინისტროს სისტემის დაცულ ობიექტებზე პირის უნებართვო შეღწევისას;

გ) ქვედანაყოფის დისლოკაციის (განთავსების) ადგილზე, შენობებზე, სამხედრო ეშელონებზე, კოლონებზე, ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკაზე ან დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

დ) იარაღის და სამხედრო ტექნიკის ძალისმიერი მეთოდით დაუფლების აღსაკვეთად, თუ სხვა საშუალებებითა და მეთოდებით მათი დაცვა შეუძლებელია;

ე) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის დაცულ ობიექტს ან/და ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მყოფ ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ მძღოლი არ ემორჩილება სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ;

ვ) სამხედრო ტყვეების გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას, თუ ისინი არ ემორჩილებიან სამხედრო მოსამსახურის მოთხოვნას და მათი შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია;

ზ) საშიში ცხოველის თავდასხმისგან ადამიანის დასაცავად.

2. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება  −  „სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

3. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე  საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

დ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

ე) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად.

4.  სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, ასევე, ინფორმაცია უნდა ეცნობოს სამხედრო პოლიციას, გარდა საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის ან საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევისა.

 

მუხლი 113. გუშაგის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

1. გუშაგი ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს ამ მუხლისა და 112-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

2. ყველა პირს, რომელიც გუშაგის მიერ დასაცავ ობიექტს ან აკრძალულ ზონას მიუახლოვდება, გარდა იმ პირებისა, რომელსაც იგი დაცვის ჯგუფში ყოფნისას ექვემდებარება, გუშაგი აჩერებს შეძახილით: „სდექ, უკან!“ ან „სდექ, მოუარე მარჯვნიდან (ან მარცხნიდან)!“. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გუშაგი აფრთხილებს დამრღვევ პირს შეძახილით „სდექ, თორემ გესვრი!“, აღნიშნულის თაობაზე გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს  დაცვის ჯგუფის უფროსს, თუ მას აქვს ამის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი პირი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და ახორციელებს გამაფრთხილებელ გასროლას ჰაერში. თუ დამრღვევი კვლავ არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას და შეეცდება შეაღწიოს დაცულ ობიექტზე ან აკრძალულ ზონაში გუშაგი მის მიმართ ახორციელებს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან.

3. იმ პირს, რომელმაც უნებართვოდ შეაღწია დასაცავ ობიექტზე ან აკრძალულ ზონაში, გუშაგი აფრთხილებს შეძახილით „სდექ, თორემ გესვრი!“, აღნიშნულის თაობაზე გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს დაცვის ჯგუფის უფროსს, თუ მას აქვს ამის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი არ დაემორჩილება გუშაგის მოთხოვნებს, გუშაგს შეაქვს ვაზნა სავაზნეში და ახორციელებს გამაფრთხილებელ გასროლას ჰაერში. თუ დამრღვევი კვლავ არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას ან გაიქცევა გუშაგი მის მიმართ ახორციელებს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან.

4. შეზღუდული ხილვადობის პირობებში, როდესაც საგუშაგო ტაბელში მითითებულ მანძილზე ობიექტურად შეუძლებელია საგუშაგოსთან ან აკრძალულ ზონასთან მიახლოებული პირის ამოცნობა, გუშაგი აჩერებს შეძახილით „სდექ!“, როდესაც პირი გაჩერდება გუშაგი კითხულობს „ვინ მოდის”:

ა) თუ გუშაგმა პასუხი არ მიიღო ან პირი არ ემორჩილება გუშაგის მოთხოვნას, გუშაგი აფრთხილებს მას „სდექ, თორემ გესვრი!“. აღნიშნულის თაობაზე გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს  დაცვის ჯგუფის უფროსს, თუ მას აქვს ამის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი არ შეჩერდა და ცდილობს დასაცავ ობიექტზე ან აკრძალულ ზონაში შეღწევას, გუშაგს ვაზნა შეაქვს სავაზნეში და აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ჰაერში. თუ დამრღვევი არც ამის შემდეგ არ შეასრულებს გუშაგის მოთხოვნას და შეეცდება საგუშაგოზე ან აკრძალულ ზონაში შეღწევას, გუშაგი მის მიმართ ახორციელებს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან;

ბ) თუ გუშაგის კითხვას მოჰყვება პასუხი, რომ მოსულია დაცვის ჯგუფის უფროსი, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ან ცვლის უფროსი, გუშაგმა უნდა მოითხოვოს „დაცვის ჯგუფის უფროსი, (დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ან ცვლის უფროსი) დაწინაურდი ამოსაცნობად, დანარჩენები ადგილზე!“, მოსული პირის დაწინაურების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში გუშაგს შეუძლია დაწინაურებულ პირს მოსთხოვოს სახის განათება, როდესაც გუშაგი დარწმუნდება, რომ დაწინაურებული პირი ნამდვილად არის ის პირი, რომელსაც გუშაგი ექვემდებარება, გუშაგი დართავს მას საგუშაგოზე ან აკრძალულ ზონაში შესვლის უფლებას თანმხლებ პირებთან ერთად, ხოლო თუ დაწინაურებული უცხო პირი აღმოჩნდება ან მან და მისმა თანმხლებმა პირებმა არ შეასრულეს გუშაგის მოთხოვნები, გუშაგი აფრთხილებს დაწინაურებულ პირს ან მის თანხმლებ პირებს შეძახილით „სდექ, თორემ გესვრი!“, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გუშაგი მის მიმართ ახორციელებს  გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულის თაობაზე გუშაგი დაუყოვნებლივ ატყობინებს  დაცვის ჯგუფის უფროსს.

5. პაროლის გამოყენებისას, საგუშაგოსთან მისულ პირებს გუშაგი აჩერებს შეძახილით „სდექ!“, როდესაც ისინი გაჩერდებიან, გუშაგი კითხულობს „ვინ მოდის”, თუ გუშაგის კითხვას მოჰყვება პასუხი დაცვის ჯგუფის უფროსი, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ან ცვლის უფროსი, გუშაგი მოითხოვს „დაცვის ჯგუფის უფროსი, (დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ან ცვლის უფროსი) დაწინაურდი ამოსაცნობად, დანარჩენები ადგილზე!“, მოსული პირის დაწინაურების შემდეგ, გუშაგი წარმოთქვამს პაროლის შეძახილს და თუ მან მიიღო დადგენილი პაროლის საპასუხო სიტყვა, გუშაგი საგუშაგოზე დაუშვებს დაწინაურებულ პირს და მის თანხმლებ პირებს. იმ შემთხვევაში, თუ გუშაგის შეძახილზე დაწინაურებული პირის მიერ გაცემული პაროლის საპასუხო სიტყვა აღმოჩნდება არასწორი ან მან ვერ მიიღო საპასუხო სიტყვა, გუშაგი აფრთხილებს დაწინაურებულ პირს ან მის თანხმლებ პირებს შეძახილით „სდექ, თორემ გესვრი!“, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას, გუშაგი მის მიმართ ახორციელებს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან.

6. დაცვის ტექნიკური საშუალებებით და/ან დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებისას, თუ საგუშაგოზე არ დგას გუშაგი, შემთხვევის ადგილზე გასული დაცვის ჯგუფის  შემადგენლობა ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს ამ მუხლის შესაბამისად და ამ შემთხვევაში გამაფრთხილებელი კომანდების გაცემისა და გამაფრთხილებელი გასროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირია დაცვის ჯგუფის უფროსი, დაცვის ჯგუფის უფროსის თანაშემწე ან ცვლის უფროსი ან/და ის ცვლის წევრი, რომელიც პირველად დაინახავს საგუშაგოსთან ან აკრძალულ ზონასთან მიახლოებულ ან შემოსულ დამრღვევ პირს.

7. დაცვის ჯგუფის წევრი, რომელიც დგას დაცვის ჯგუფის შენობის ტერიტორიის შესასვლელთან ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს ამ მუხლისა და 112-ე მუხლით განსაზღვრული წესით.  

 

თავი XXI

საბრძოლო მორიგეობა და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი

 

მუხლი 114. საბრძოლო მორიგეობა

1. საქართველოზე უეცარი თავდასხმის დროულად გამოვლენისა და მოგერიების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებში მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დგინდება საბრძოლო მორიგეობა.

2. საბრძოლო მორიგეობა საბრძოლო ამოცანის შესრულებაა.

3. საბრძოლო მორიგეობაზე შეიძლება მიზიდულ იქნეს, პერსონალი და ტექნიკა, როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.

4. მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით განისაზღვრება საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი ქვედანაყოფის ამოცანები, ცვლების პერიოდულობა და ხანგრძლივობა, შეიარაღება, აღჭურვილობა და საბრძოლო მორიგეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

მუხლი 115. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი

1. თავდაცვის ძალებში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფში საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ გამოიყოფა/ინიშნება სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი, რომლის დანიშნულებაა:

ა) ოპერატიულ გეგმებში, ინიცირებულ საფრთხეებზე დროული რეაგირება, ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად;

ბ) დაცვისა და სპეციალური დაცვის ჯგუფების გაძლიერება/მხარდაჭერა;

გ) დისლოკაციის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება;

დ) ქვედანაყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

2. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის შემადგენლობა, აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების გაცემა, საფრთხეებზე, ინციდენტებზე და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და სამსახურის შესრულების თავისებურება რეგულირდება, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურებითა და შესაბამისი გეგმებით.

3. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის შეიარაღებისა და მზადყოფნაში მოყვანის სტატუსს, ასევე სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფისათვის საჭირო ტექნიკურ და სპეციალურ საშუალებებს განსაზღვრავს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური.

 

თავი XXII

მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვა

 

მუხლი 116. ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი წესი

1. მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვა მიიღწევა სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით, პრევენციული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობით, ასევე, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობით.

2. თითოეული სამხედრო მოსამსახურე, მკაცრად უნდა იცავდეს პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესებს და ყოველდღიურად იკაჟებდეს ორგანიზმს.

3. პირადი ჰიგიენის წესების შესრულება მოიცავს:

ა) ხელ-პირის დაბანას და შხაპის მიღებას სათანადო სიხშირით;

ბ) პირის დროულ გაპარსვას, ფრჩხილებისა და ვარცხნილობის რეგულარულ მოწესრიგებას;

გ) საცვლების, წინდებისა და საწოლის თეთრეულის დროულ გამოცვლას;

დ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მოვლას.

4. საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები მოიცავს:

ა) სისუფთავის დაცვას საძინებელში, საპირფარეშოებსა და საერთო სარგებლობის სხვა ოთახებში;

ბ) ოთახების რეგულარულად განიავებას;

გ) სისუფთავის დაცვას საზოგადოებრივ ადგილებში, ქვედანაყოფის განლაგების ტერიტორიაზე.

5. სამხედრო მოსამსახურის ვარცხნილობა უნდა იყოს დადგენილი წესის შესაბამისი.

6. წლის ცივ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო მოსამსახურეთა გადაცივებისა და მოყინვის, ხოლო წლის ცხელ პერიოდში კი ორგანიზმის გადახურების, მზით დამწვრობისა და სითბური დაკვრის პრევენციულ ღონისძიებებს.

 

მუხლი 117. სააბანოვე-სამრეცხაო მომსახურება

1. საველე პირობებში, პირადმა შემადგენლობამ აუცილებელია მიიღოს შხაპი.

2. აბანოში დადგენილი წესრიგის სამეთვალყუროდ, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი.

3. აბანოს შენობა ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს და ჩატარდეს დეზინფექცია დადგენილი წესით.

4. საწოლის თეთრეული, პირსახოცები, საცვლები უნდა გამოიცვალოს არანაკლებ კვირაში ერთხელ. ტანსაცმელი შეიძლება გაირეცხოს სამრეცხაოებში დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 118. ქვედანაყოფის ახალწვეულთა სანიტარიული  მომსახურება

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები და/ან რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში უნდა განთავსდნენ ქვედანაყოფის ძირითადი პერსონალისაგან განცალკევებულად. ამ პერიოდში, მიმდინარეობს მათი სამედიცინო მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინაცია, მათთვის შესაბამისი ზომის სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაცემა. ამასთან, მათ ძირითად საბრძოლო მომზადებასთან ერთად, უტარდებათ საინფორმაციო მეცადინეობები პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის საკითხებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეების პირადი ნივთები (საცვლები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელი და სხვა) უნდა შეიფუთოს და შეინახოს ქვედანაყოფში გამოყოფილ სპეციალურ სათავსოში ან ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

 

მუხლი 119. სამედიცინო გამოკვლევა და გასინჯვა

1. სამედიცინო გამოკვლევა ტარდება სამხედრო მოსამსახურთა ფიზიკური განვითარების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით, ცალკეული სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით.  ქვედანაყოფში ტარდება სამხედრო მოსამსახურეთა გეგმური სამედიცინო შემოწმება და/ან გამოკვლევა, ქვედანაყოფის მეთაურის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და წესით. გამოკვლევები ტარდება შესაბამისი სამედიცინო სამსახურისა და განსაზღვრული პირების მიერ.

2. სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება პირადი  შემადგენლობა:

ა)   პროფილაქტიკური აცრების ჩატარების წინ;

ბ) არახელსაყრელი ფაქტორების შესაძლო ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას;

გ) ავადმყოფობის გამო შვებულებიდან დაბრუნებისას.

3. აკრძალულია ქვედანაყოფში სამედიცინო გამოკვლევისა და/ან შემოწმების დანიშვნა უქმე და დასვენების დღეებში, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა.

4. ქვედანაყოფის პერსონალს სამედიცინო გამოკვლევისა და/ან შემოწმებისათვის წარადგენს ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

5. სამედიცინო გამოკვლევისა და შემოწმების შედეგები ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალს შეაქვს სამედიცინო წიგნაკში. სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო მეთვალყურეობა, აღრიცხვაზე უნდა იქნენ აყვანილნი და პერიოდულად უნდა ჩაუტარდეთ საკონტროლო სამედიცინო გამოკვლევა ან შემოწმება.

6. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც რაიმე მიზეზით სამედიცინო გამოკვლევა ან შემოწმება არ ჩატარებია, ამ მიზნით იგზავნება ლაზარეთში/სამედიცინო პუნქტში პირველივე შესაძლებლობისთანავე.

7.  სამედიცინო გამოკვლევის ან შემოწმების შედეგებს, აგრეთვე, საჭირო გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისათვის აუცილებელ წინადადებებს ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი წარუდგენს ქვედანაყოფის მეთაურს.

 

მუხლი 120. პროფილაქტიკური აცრები

1. პერსონალს ვაქცინაცია უტარდება ეპიდჩვენების მიხედვით, ინფექციურ დაავადებათა პრევენციის მიზნით.

2. ვაქცინაცია იგეგმება ეპიდემიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ხოლო, საზღვარგარეთ სასწავლებლად სამხედრო მოსამსახურის წარგზავნის შემთხვევაში, მიმწვევი ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად.

 

მუხლი 121. სამედიცინო-პროფილაქტიკური დახმარება

1. სამხედრო მოსამსახურემ ავადმყოფობის შესახებ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს და მისი ნებართვით მიმართოს სამედიცინო სამსახურს. ქვედანაყოფის მეთაური ვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩივილების შემთხვევაში, იზრუნოს მის სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნაზე.

2. შემოწმების შემდგომ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ხდება სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალიზაცია ან ამბულატორული მკურნალობის დანიშვნა. ქვედანაყოფებში, სადაც შტატით არ არის გათვალისწინებული ექიმი, საჭიროების შემთხვევაში, საშუალო ან უმცროსი სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, პაციენტი იგზავნება ექიმთან საკონსულტაციოდ.

3. ქვედანაყოფის ან სამხედრო ჰოსპიტლის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, დადგენილი წესით, სამხედრო მოსამსახურე თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

4. ექიმის რეკომენდაციით სამხედრო მოსამსახურე შეიძლება მოთავსდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ან მისი მკურნალობა განხორციელდეს მის საცხოვრებელ ადგილზე (ბინაზე) სამინისტროს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

5. საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა ხორციელდება  შესაბამისი პროფილის მქონე, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან სხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

6. ქვედანაყოფში ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალს კავშირი აქვს ზემდგომ სამედიცინო რგოლთან. მოსახლეობაში ეპიდემიურ და სხვა მასობრივ დაავადებათა წარმოშობის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალს, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალი მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს და  ახორციელებს საჭირო  ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს.

7. ქვედანაყოფში ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების აღმოჩენისას ან პრევენციის მიზნით, სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას დაუყოვნებლივ მოახსენებს ქვედანაყოფის მეთაურს, უზრუნველყოფს დაავადებულთა ადრეულ გამოვლენას, ხოლო საჭიროების  შემთხვევაში, პერსონალის იზოლაციასა და ჰოსპიტალიზაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, დაკვირვებას დაავადებულებთან კონტაქტში მყოფ პირებზე და აძლიერებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. ასევე ქვედანაყოფში შეიძლება გამოცხადდეს კარანტინი, შეწყდეს ან შეიზღუდოს კონტაქტი მოსახლეობასთან, აიკრძალოს დისლოკაციის ადგილის დატოვება, განლაგების შიგნით აიკრძალოს შეკრებები და მასობრივი ღონისძიებები, მოეწყოს დამატებითი იზოლირებული სივრცეები, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და ა.შ.

8. ტაქტიკური საველე სწავლებების ჩატარებისას, ეწყობა სწავლების მარშრუტებისა და მოქმედების რაიონების სამედიცინო დაზვერვა.

9. ერთ სივრცეში მყოფ ან ერთად მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა შორის, გადამდები დაავადების გაჩენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ თავის უშუალო უფროსს და მხოლოდ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, შეუძლია განაგრძოს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

10. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო-საექიმო კომისიაზე იგზავნება ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, ქვედანაყოფის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით.

11. პაციენტების ამბულატორული მიღება ხდება სამედიცინო პუნქტში, ლაზარეთში და სამხედრო ჰოსპიტალში.

12. სამედიცინო პუნქტს/ლაზარეთს პერსონალი წარედგინება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო წიგნაკით და შესაბამისი მიმართვით.

13. ავადმყოფთა გასინჯვისა და სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს შეაქვს შესაბამისი ინფორმაცია ავადმყოფთა სამედიცინო დოკუმენტაციაში, რომელიც  ქვედანაყოფში დაბრუნების შემდეგ, უნდა წარედგინოს ქვედანაყოფის მორიგეს, ექიმის ჩანაწერის საფუძველზე ქვედანაყოფის მეთაური უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით გათავისუფლებას ან სხვა შესაბამის ღონისძიებებს.

 

მუხლი 122. სტაციონარული მკურნალობა

1. სტაციონარული მკურნალობისათვის სამხედრო მოსამსახურეები იგზავნებიან ექიმის გადაწყვეტილებით, ხოლო გადაუდებელი დახმარების გასაწევად ლაზარეთის/სამედიცინო პუნქტის მორიგის მიერ, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს ქვედანაყოფის ზემდგომ სამედიცინო სამსახურს და ქვედანაყოფის მორიგეს.

2. მძიმე ავადმყოფთა თანმხლებ პირებად შეიძლება გამოიყოს სამედიცინო პერსონალი.

3. სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურის მოთავსებისა და მკურნალობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის გამოჯანმრთელების შემდეგ, სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოწერის თაობაზე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურს.

4. გამოჯანმრთელებული სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო ჰოსპიტლიდან იგზავნებიან თავიანთ ქვედანაყოფებში შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტებით.

 

 

თავი XXIII

სამხედრო ეშელონი

 

მუხლი 123. სამხედრო ეშელონის ორგანიზება

1. რკინიგზით და წყლის ტრანსპორტით ქვედანაყოფებისა და ლოჯისტიკური ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვისათვის, იქმნება სამხედრო ეშელონი.

2. სამინისტროს სისტემაში სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურები განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოძრავი შემადგენლობის სახეობა, დგინდება ტვირთების გამგზავნი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, რომელიც შეიმუშავებს ტვირთების ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის გეგმას.

4. სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, სამხედრო ეშელონს უნდა დაენიშნოს სამხედრო ეშელონის უფროსი.

5. სამხედრო ეშელონის უფროსის სამხედრო წოდება და გვარი უნდა ეცნობოს ეშელონში მყოფ პერსონალს, რომლებსაც ევალებათ იყვნენ ყურადღებით, გაუფრთხილდნენ სახელმწიფო ქონებას, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დადგენილი ქცევის წესები.

6. სამხედრო ეშელონის შექმნაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური შეიმუშავებს ეშელონის ორგანიზებასთან, უსაფრთხოებასა და  გადაადგილებასთან დაკავშირებულ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს.

7. სამხედრო ეშელონზე ტექნიკა განთავსდება და მაგრდება დადგენილი წესის შესაბამისად, ვაგონის (გემის) ტვირთამწეობისა და ტევადობის მაქსიმალური გამოყენებით.

8. ფეთქებადი ნივთიერება და საფრთხის შემცველი სხვა ტვირთი, სამხედრო ეშელონში  შეიძლება მოთავსდეს ღია მოძრავ შემადგენლობაზე მოთავსებულ ტანკში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარში, საარტილერიო საწევარში, ჯავშანტრანსპორტიორში, საწვავმზიდში, სპეციალურ კონტეინერსა და ჭურჭელში, ავტომანქანის ძარასა და სამუხრუჭო მისაბმელში, აგრეთვე, სატრანსპორტო ურიკასა და ნახევარმისაბმელზე მოთავსებულ ავტომატარებელში, თუ იგი განლაგებულია ერთ მოძრავ შემადგენლობაზე.

9. იმ ფეთქებადი ნივთიერების დაცვა, რომელიც გადაადგილებისას დაკვირვებას საჭიროებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალისტით, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა ტვირთის გადაზიდვის წესის, ტვირთის ხასიათის, გადაზიდვისას მისაღები უსაფრთხოების ზომების და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე, შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები, სპეციალური მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის კვანძების შესაკეთებლად. სპეციალისტი და ტვირთის თანმხლები დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნენ მოცემული ტვირთის თანხლების რეგულირების ინსტრუქციით, აგრეთვე, ინდივიდუალური თავდაცვის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ხანძარსაქრობი და სიგნალიზაციის საშუალებებით, ელექტრული აკუმულატორული ფარნით, ხელსაწყოს კომპლექტით, საფენი მასალის მარაგით, ტარის, საკუთარი მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის გაუმართაობის აღმოსაფხვრელად საჭირო საშუალებით. ამ საშუალებების, მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და მასალის ნუსხა და მათი მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და აღინიშნება ფეთქებადი ნივთიერების თანხლების ინსტრუქციაში.

 

მუხლი 124. სამხედრო ეშელონის უფროსი

1. სამხედრო ეშელონის უფროსად შეიძლება დაინიშნოს გადასაყვანი ქვედანაყოფის მეთაური ან ზემდგომი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ორი ან მეტი ქვედანაყოფის ერთობლივი გადაყვანისას, სამხედრო ეშელონის უფროსად, ინიშნება ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური.

2. სამხედრო ეშელონის ზედამხედველობისა და ეფექტური კონტროლისათვის, სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფების მეთაურის ბრძანებით, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო ეშელონის უფროსის თანაშემწე. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსის დავალებით, თანაშემწე მონაწილეობს, ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში, თუმცა, საბოლოო პასუხისმგებლობა, აკისრია სამხედრო ეშელონის უფროსს.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მატარებლით (გემით) რამდენიმე სამხედრო ეშელონი გადაჰყავთ, ერთ-ერთი სამხედრო ეშელონის უფროსი ინიშნება დანარჩენთა უფროსად, შესაბამისად, მას ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან სხვა სამხედრო ეშელონთა უფროსები.

4. სამხედრო ეშელონის უფროსი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

5. სამხედრო ეშელონის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია სამხედრო ეშელონის დაცვასა და თავდაცვაზე;

ბ) ორგანიზებას უწევს სამხედრო ეშელონში ტვირთების დროულ ჩატვირთვას,   გადმოტვირთვასა და გადატვირთვას;

გ) უზრუნველყოფს პერსონალის მიერ, სამხედრო დისციპლინის, წესრიგისა და გადაყვანის დადგენილი წესების დაცვას;

დ) ახორციელებს ღონისძიებებს გადასაზიდი ქონების, აგრეთვე, მოძრავი შემადგენლობისა და მისი მოწყობილობის ყოველმხრივი უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით;

ე) თვალყურს ადევნებს ვაგონების (გემის სადგომების) უფროსთა მიერ, მოწყობილობის მიღებას და მის ჩაბარებას ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის ადგილებში;

ვ) ხელმძღვანელობს სამხედრო ეშელონის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას;

ზ) აკონტროლებს ეშელონზე მყოფი სატრანსპორტო საშუალებების,  საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკის მდგომარეობას (შეფუთვას და გარეგან იერს) და მის დამაგრებას, სადღეღამისო განწესისა და ტვირთის თანმხლები სპეციალისტის მიერ მოვალეობების შესრულებას;

თ) უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს სამხედრო ეშელონის პერსონალს უსაფრთხო პირობების უზრუნველსაყოფად, ასევე, თვალყურს ადევნებს პერსონალის მიერ, გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა დაცვას;

ი) უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონის მოულოდნელად გადმოტვირთვისა და შემდგომი ჩატვირთვისათვის მზადყოფნას. ითვალისწინებს საბრძოლო უზრუნველყოფის ღონისძიებებს სახმელეთო გზით ჩატარებაზე გადასვლის შემთხვევაში;

კ) ახორციელებს დოკუმენტების დროულად გაფორმებისათვის საჭირო ღონისძიებებს;

ლ) აწესებს სადღეღამისო განწესის ცვლის დროს, აგრეთვე, განსაზღვრავს პერსონალის კვების წესს;

მ) ატყობინებს თავის პირდაპირ უფროსს, სამხედრო ეშელონთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

ნ) მოძრაობის  შეფერხებისას დადგენილი წესით, უწევს შესაბამის სამსახურებს დახმარებას მოძრაობის აღდგენაში;

ო) სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პერსონალის გადაყვანას სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გამოყოფილ ადგილზე ან თუ აღნიშნული შეუძლებელია უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში;

პ) აწესებს შეკრების ადგილებში, ლოდინის რაიონებსა და დასატვირთ-გადმოსატვირთ სადგურებში (ადგილებში), პერსონალის, შეიარაღებისა და ტექნიკის საფრებით (შენიღბვის საშუალებებით) აღჭურვისა და მათი გამოყენების წესს;

ჟ) ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის რაიონებში არეგულირებს  შეიარაღებისა და  სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და შენიღბვის ოპერაციებს;

რ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სამხედრო ეშელონიდან ტექნიკური გაუმართაობის გამო ვაგონების მოხსნის შემთხვევაში, სამხედრო ეშელონის უფროსმა უნდა მოითხოვოს მათი შეცვლა, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, პერსონალი უნდა განალაგოს მატარებლის სხვა ვაგონებში. საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკით დატვირთული ვაგონების მოხსნის შემთხვევაში, ამ ტექნიკასთან ერთად რჩება დაცვა და ტექნიკის ეკიპაჟები (მძღოლები, გათვლები), ხოლო, სხვა მატერიალურ საშუალებებთან მხოლოდ დაცვა, ამასთან მიიღება ზომები იმისთვის, რომ გზაში ან დანიშნულების პუნქტში, ისინი შეუერთდნენ თავიანთ სამხედრო ეშელონს.

 

მუხლი 125. სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესი

1. სამხედრო ეშელონში საჯარისო სამსახურის ორგანიზების მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, ინიშნება სადღეღამისო განწესი, შემდეგი შემადგენლობით:

ა) სამხედრო ეშელონის მორიგე და მისი თანაშემწე;

ბ) ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე და თანაშემწე;

გ) სპეციალური დაცვის ჯგუფი.

2. სამხედრო ეშელონის განწესი ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს.

3. სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის შემადგენლობა უშუალოდ ექვემდებარება სამხედრო ეშელონის მორიგეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

4. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე და მისი თანაშემწე ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ეშელონით ხორციელდება პერსონალის გადაყვანა.

5. საჭიროებიდან გამომდინარე, სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესში დანიშნულ პირებზე შეიძლება გაიცეს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები.

6. სამხედრო ეშელონის მორიგედ და მის თანაშემწედ დასანიშნი სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 126. სამხედრო ეშელონის მორიგისა და მისი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობა

1. სამხედრო ეშელონის მორიგე:

ა) ამოწმებს სამხედრო ეშელონში დღის  განრიგის შესრულებას;

ბ) დაუყოვნებლივ მოახსენებს სამხედრო ეშელონის უფროსს სამხედრო ეშელონში მომხდარი ყველა შემთხვევის, მათ შორის, გამოვლენილი გადაცდომების, სამხედრო ეშელონის თვითნებურად მიტოვებისა და პერსონალის დაშავების ფაქტების შესახებ;

გ) მუდმივად იმყოფება სამხედრო ეშელონის უფროსის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, აღნიშნული ადგილის დატოვებისას (ან დასვენების დროს), მის შემცვლელად ტოვებს თანაშემწეს და უნდა აცნობოს მას, თუ სად და რა ხნით გავიდა;

დ) იცავს ქვედანაყოფის პერსონალის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სახელმწიფო ქონებას, უზრუნველყოფს წესრიგის შენარჩუნებას და სადღეღამისო განწესის მიერ სამსახურის შესრულებას;

ე) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონის უფროსის ადგილსამყოფლის შესახებ, ასევე, უნდა იცოდეს რომელი ქვედანაყოფი რომელ ვაგონში (გემის სადგომზე) იმყოფება;

ვ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მისი თანაშემწის მიერ დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონში მყოფი ქვედანაყოფის პერსონალის ერთდროულად ადგომას სიგნალზე „ადექ!“;

თ) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონში პერსონალის რიცხოვნობის, მათ შორის სამხედრო ეშელონის შემადგენლობიდან თვითნებურად წასულთა შესახებ;

ი) სამხედრო ეშელონში საგანგებო სიტუაციის დროს, დაუყოვნებლივ მოქმედებს დადგენილი წესის მიხედვით და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, შეიარაღების, საბრძოლო და სხვა ტექნიკის, საბრძოლო მასალების, სხვა ქონებისა და გარემოს დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების გატარებას;

კ) საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედებს დამტკიცებული პროცედურის მიხედვით და ორგანიზებას უწევს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, ამასთან, დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის თაობაზე სამხედრო ეშელონის უფროსს;

ლ) დადგენილ დროს გასცემს ნებართვას პერსონალისათვის საკვების გაცემის თაობაზე;

მ) აკონტროლებს სისუფთავესა და წესრიგს ვაგონებში (გემის სადგომზე), ითხოვს პერსონალის  მხრიდან აღნიშნული წესების დაცვას, თვალყურს ადევნებს ვაგონის (გემის სადგომის) საგულდაგულო დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობას,  ასევე, ჰაერის დაწესებული ტემპერატურის შენარჩუნებას, განათების წესის დაცვას, ვაგონის (გემის სადგომის) გათბობასა და განიავებას, ავზებისა და ხელსაბანების წყლით მომარაგებას;

ნ) თვალყურს ადევნებს, რომ თამბაქოს მოწევა, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შრობა/გაწმენდა განხორციელდეს მხოლოდ ამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე, ასევე, აკონტროლებს ღუმელების გახურების (ასეთის არსებობისას), ალტერნატიული განათებისა და გათბობის ნებადართული საშუალებების გამოყენებისა და სხვა უსაფრთხოების წესების შესრულებას;

ო) აკონტროლებს სამხედრო ეშელონში გადასაყვანი ქვედანაყოფის მეთაურების მიერ საბრძოლო/სპეციალური და სხვა ტექნიკისა და ქონების დასაცავად ჩაბარებას;

პ) დადგენილი წესით, იღებს მოხსენებებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეებისაგან, ვაგონში (გემის სადგომში) პერსონალის რაოდენობის შესახებ. აკონტროლებს სამხედრო ეშელონის სადღეღამისო განწესის მიერ, სამსახურის შესრულებას, ასევე, ქონების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადატვირთვის სამუშაოების შესრულებისათვის დანიშნული ან ეშელონის უფროსის მითითებით გამოყოფილი სხვა ჯგუფების მდგომარეობას და მზადყოფნას;

ჟ) თვალყურს ადევნებს სამხედრო ეშელონში პერსონალის მიერ, წესრიგისა და დისციპლინის, გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ასევე, სამხედრო ეშელონში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა არსებობასა და გამართულ მდგომარეობას;

რ) სამხედრო ეშელონის უფროსის მითითებით, უცხადებს გადასაყვანი ქვედანაყოფების მეთაურებს გაჩერებებს, სადაც, პერსონალს ეძლევა გადასვლის ნება;

ს) იღებს შესაბამის ზომებს, რათა სამხედრო ეშელონთან არ დაუშვას გარეშე პირები, გარდა მატარებლის (გემის) მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისა;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო ეშელონის ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესრულების ორგანიზებას, ასევე, ასრულებს  სამხედრო ეშელონის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

უ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სამხედრო ეშელონის მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს სამხედრო ეშელონის მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, ასევე, ასრულებს სამხედრო ეშელონის მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) სამხედრო ეშელონის მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, მისივე დავალებით, ასრულებს სამხედრო ეშელონის მორიგის მოვალეობას;

გ) ვალდებულია სამხედრო ეშელონის მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ სამხედრო ეშელონის განწესში დანიშნული პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე, იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ზემდგომი ხელმძღვანელობისაგან;

დ) არ ტოვებს სადღეღამისო განწესისათვის განსაზღვრულ ადგილს სამხედრო ეშელონის მორიგის თანხმობის გარეშე;

ე) დაუყოვნებლივ მოახსენებს სამხედრო ეშელონის მორიგეს სამხედრო ეშელონში მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს პერსონალის გაღვიძებას დილის ადგომისას, აგრეთვე, განგაშის, შეკრების, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;

ზ) ფლობს ინფორმაციას სამხედრო ეშელონის მორიგის ადგილსამყოფელის შესახებ;

თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 127. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის და მისი თანაშემწის ფუნქცია - მოვალეობები

1.  ვაგონის (გემის სადგომის) მორიგე:

ა) ფლობს ინფორმაციას ვაგონში (გემის სადგომზე) განთავსებული პერსონალის რიცხოვნობის, განთავსებული შეიარაღებისა და სხვა მატერიალური საშუალებების რაოდენობის შესახებ;

ბ) ხელმძღვანელობს ვაგონში (გემის სადგომში) პერსონალის ჩასხდომას, გადმოსხდომას და განლაგებას, მოახსენებს აღნიშნულის შესახებ სამხედრო ეშელონის მორიგეს;

გ) თვალყურს ადევნებს მისი თანაშემწის მიერ სამსახურის შესრულებას;

დ) ინარჩუნებს ვაგონში (გემის სადგომში) სისუფთავეს და პერსონალის გადმოსხმამდე უზრუნველყოფს მის დასუფთავებას;

ე) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) წესრიგის, დისციპლინის, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვას;

ვ) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) მოწყობილობისა და ინვენტარის დაცვას;

ზ) არ უშვებს პერსონალის იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ქონების გატანას ვაგონიდან (გემის სადგომიდან) სამხედრო ეშელონის მორიგის თანხმობის გარეშე ან შესაბამისი კომანდის გაცემამდე;

თ) არ უშვებს უნებართვოდ  ვაგონში (გემის სადგომში) გარეშე პირთა მგზავრობას, აგრეთვე, იმ ქონების გადაზიდვას, რომელიც სამხედრო ეშელონს არ ეკუთვნის;

ი) თვალყურს ადევნებს ვაგონში (გემის სადგომზე) ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;

კ) საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედებს დამტკიცებული პროცედურის მიხედვით და დაუყოვნებლივ მოახსენებს სამხედრო ეშელონის მორიგეს;

ლ) სამხედრო ეშელონის მორიგის მითითებით, ამოწმებს გაჩერებებზე  საბრძოლო და სხვა ტექნიკისა და მატერიალურ საშუალებათა დამაგრების მდგომარეობას და შენიღბვას, გაუმართაობის გამოვლენის  შემთხვევაში, მოახსენებს ამის შესახებ სამხედრო ეშელონის მორიგეს;

მ) დაწესებული კომანდის მიღებამდე და ფორმის ტანსაცმლის გარეშე, არ რთავს პერსონალს  ვაგონებიდან (გემის სადგომიდან) გასვლის ნებას;

ნ) ასრულებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის თანაშემწე:

ა) ხელს უწყობს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს და მონაწილეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებაში, ასევე, ასრულებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის ადგილზე არყოფნისას ან მისი დასვენების საათებში, მისივე დავალებით ასრულებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგის მოვალეობას;

გ) ვალდებულია ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს დაუყოვნებლივ მოახსენოს მის მიერ ვაგონში (გემის სადგომში) მყოფი პირებისადმი გაცემული ნებისმიერი მითითებისა და დავალების შესახებ, აგრეთვე, იმ ბრძანებისა და დავალების შესახებ, რომელიც მან მიიღო ზემდგომი ხელმძღვანელობისაგან;

დ) არ ტოვებს ვაგონს (გემის სადგომს), ვაგონის (გემის სადგომის)  მორიგის თანხმობის გარეშე;

ე) დაუყოვნებლივ მოახსენებს ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს ვაგონში (გემის სადგომში) მომხდარი ყველა შემთხვევის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის, გამოვლენილი გაუმართაობისა და დარღვევების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს პერსონალის გაღვიძებას დილის ადგომისას, აგრეთვე, განგაშის, შეკრების, სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;

ზ) ფლობს ინფორმაციას ვაგონის (გემის სადგომის)  მორიგის ადგილსამყოფელის შესახებ;

თ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 128. სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი

1. სამხედრო ეშელონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფების მეთაურის ბრძანებით გამოიყოფა სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი, რომელიც ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

2. სამხედრო ეშელონის სამედიცინო პერსონალი:

ა) უწევს სამხედრო ეშელონის სამხედრო მოსამსახურეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, დაუყოვნებლივ მოახსენებს სამხედრო ეშელონის უფროსს და ეშელონის მორიგეს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა, სხვა გადამდებ დაავადებათა და მიღებული  ტრავმების შესახებ;

ბ) ამოწმებს სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტების, შესახვევი მასალისა და სამედიცინო ინსტრუმენტების არსებობას და მდგომარეობას. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, იღებს შესაბამის ზომებს;

გ) თვალყურს ადევნებს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სამხედრო ეშელონში;

დ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 129. სამხედრო ეშელონის სპეციალური დაცვის ჯგუფი

1. სამხედრო ეშელონის პერსონალისა და ქონების დაცვის მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის მიერ, ინიშნება სპეციალური დაცვის ჯგუფი.

2. სამხედრო ეშელონის სპეციალური დაცვის ჯგუფი ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს და მორიგეს, ასევე ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.

3. სამხედრო ეშელონის სპეციალური დაცვის ჯგუფის ორგანიზება, შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები, იძულებითი ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხორციელდება სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესაბამისად.

 

მუხლი 130. სამხედრო ეშელონში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

1. სამხედრო ეშელონში მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ეშელონის უფროსის ბრძანებით, სამხედრო ეშელონში ინიშნება სწრაფი რეაგირების ჯგუფი.

2. სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფის დანიშნულება:

ა) სამხედრო ეშელონის სპეციალური დაცვის ჯგუფის  გაძლიერება/მხარდაჭერა;

ბ) სამხედრო ეშელონზე მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება;

გ) სამხედრო ეშელონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. სწრაფი რეაგირების ჯგუფი, ექვემდებარება სამხედრო ეშელონის უფროსს, ეშელონისა და ვაგონის (გემის სადგომის) მორიგეს, ასრულებს მათ დავალებებს და მითითებებს.

4.  სამხედრო ეშელონის სწრაფი რეაგირების ჯგუფი უნდა იყოს დასმული ამოცანის შესაბამისად მომზადებული და აღჭურვილი.

 

თავი XXIV

  სამხედრო კოლონა

 

მუხლი 131. სამხედრო კოლონის ორგანიზება

1. სახმელეთო ტრანსპორტით ქვედანაყოფებისა და ლოჯისტიკური ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვისათვის იქმნება სამხედრო კოლონა.

2. სამინისტროს სისტემაში სამხედრო კოლონის შექმნაზე და ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაური განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამხედრო კოლონის უფროსის სამხედრო წოდება და გვარი, ცხადდება კოლონაში შემავალი მთელი პერსონალისათვის.

4. ერთ სამხედრო კოლონაში შედის არანაკლებ სამი სამხედრო/სპეციალური ტექნიკა ან/და სატრანსპორტო საშუალება. ქვედანაყოფის მეთაურის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე კოლონა.

5. სამხედრო კოლონის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამხედრო კოლონის სიჩქარე და სამხედრო კოლონაში სამხედრო/სპეციალურ ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებს შორის დისტანცია განისაზღვრება ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სვლაგეზის რელიეფი, გზის საფარი, კლიმატური პირობები, დღის და ღამის საათები, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.

6. აკრძალულია პერსონალის გადაყვანა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის სათანადოდ მოწყობილი მის გადასაყვანად. სატრანსპორტო საშუალებით პერსონალის გადაყვანის წესს განსაზღვრავს მინისტრი.

 

მუხლი 132. სამხედრო კოლონის უფროსი

1. სამხედრო კოლონის უფროსად შეიძლება დაინიშნოს გადასაყვანი ქვედანაყოფის მეთაური ან მისი ზემდგომი ქვედანაყოფის წარმომადგენელი. ორი ან მეტი ქვედანაყოფის ერთობლივი გადაყვანისას, სამხედრო კოლონის უფროსად ინიშნება ზემდგომი მეთაურის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

2. სამხედრო კოლონის უფროსი ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომლის ბრძანებითაც შეიქმნა სამხედრო კოლონა, ასევე, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.

3. სამხედრო კოლონის უფროსს ექვემდებარება, მის მითითებებსა და დავალებებს ასრულებს სამხედრო კოლონის მთელი პერსონალი.

4. სამხედრო კოლონის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამხედრო  კოლონის ორგანიზებულად გადაადგილებას;

ბ) ორგანიზებას უწევს სამხედრო კოლონაზე  ტვირთის ჩატვირთვას, გადმოტვირთვას და გადატვირთვას;

გ) აკონტროლებს სატრანსპორტო საშუალებების (მანქანის) უფროსთა მიერ ტვირთების მიღებასა და  ჩაბარებას ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის ადგილებში, ასევე, სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობას და ტვირთების დამაგრებას;

დ) ხელმძღვანელობს სამხედრო კოლონის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, განსაზღვრავს პერსონალის კვების წესს;

ე) სამხედრო კოლონის მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალებების (მანქანის) უფროსებს და სამხედრო კოლონაში მყოფ სხვა პერსონალს უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს, ატარებს ღონისძიებებს დისციპლინის, პერსონალის გადაყვანა-გადაზიდვის წესებისა და უსაფრთხოების დაცვის  უზრუნველსაყოფად;

ვ) უზრუნველყოფს სამხედრო კოლონის მოულოდნელად გადმოტვირთვისა და შემდგომი ჩატვირთვისათვის მზადყოფნას, ითვალისწინებს საბრძოლო უზრუნველყოფის ღონისძიებებს ქვეითად მარშის ჩატარებაზე გადასვლის შემთხვევაში;

ზ) აკონტროლებს სატრანსპორტო დოკუმენტების დროულად გაფორმებას;

თ) უზრუნველყოფს სამხედრო კოლონის კავშირგაბმულობის ორგანიზებას;

ი) საგანგებო სიტუაციების, ავტოსაგზაო და სხვა შემთხვევებით გამოწვეული შეფერხების შემთხვევაში, სამხედრო კოლონას ჩამორჩენილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის, ასევე, გადაადგილების დროს მომხდარი ნებისმიერი სხვა შემთხვევის შესახებ, ატყობინებს ქვედანაყოფის მეთაურს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;

კ) თვალყურს ადევნებს სამხედრო კოლონის პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას;

ლ) ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის რაიონებში, ასევე კოლონის გადაადგილების დროს ორგანიზებას უწევს შეიარაღების,  სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო ქონების შენიღბვისათვის საჭირო ღონისძიებებს;

მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამხედრო კოლონის უფროსმა, სამხედრო კოლონის გადაადგილებისას, უნდა გაითვალისწინოს:

ა) სვლაგეზის მანძილი;

ბ) გზის საფარის მდგომარეობა;

გ) სამხედრო კოლონის შეჩერებების/შესვენებების რაოდენობა;

დ) სვლაგეზში სხვა ტრანსპორტის მიერთების შესაძლებლობა და ადგილები;

ე) სვლაგეზში არსებული სახიფათო მონაკვეთები;

ვ) დამატებითი აღჭურვილობის და საშულებების არსებობა, დასმული ამოცანის, ადგილმდებარეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

6. ტექნიკური გაუმართაობის გამო, სამხედრო კოლონიდან სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების მოხსნის შემთხვევაში, სამხედრო კოლონის უფროსმა უნდა მოითხოვოს მისი შეცვლა. თუ შეცვლა შეუძლებელია, პერსონალის განლაგდება სხვა სატრანსპორტო საშუალებებში, დადგენილი წესის შესაბამისად.

7. აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო კოლონის ზედამხედველობისა და ეფექტური კონტროლის მიზნით, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის მიერ, შეიძლება დაინიშნოს სამხედრო კოლონის უფროსის თანაშემწე, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო კოლონის უფროსს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებაში და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

 

მუხლი 133. სამხედრო კოლონის უსაფრთხოება

1. სამხედრო კოლონის გაცილებისას უსაფრთხოების მიზნით, საჯარისო სამსახურის ორგანიზებაზე უფლებამოსილი ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით შესაძლებელია გამოიყოს სპეციალური დაცვის ჯგუფი.

2. სამხედრო კოლონის სპეციალური დაცვის ჯგუფი ექვემდებარება სამხედრო კოლონის უფროსს და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

3. სამხედრო კოლონის სპეციალური დაცვის ჯგუფის ორგანიზება, შემადგენლობა, ფუნქცია-მოვალეობები, იძულებითი ღონისძიებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხორციელდება ამ წესდების შესაბამისად.

 

 

თავი XXV

პერსონალისა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვა

 

მუხლი 134. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური

1. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური ანგარიშვალდებულია და ექვემდებარება თავის პირდაპირ უფროსს და სამხედრო ეშელონის/კოლონის უფროსს.

2. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური შესაძლებელია დანიშნული იქნეს  ეშელონის ან კოლონის უფროსად, ამ შემთხვევაში, იგი ასრულებს სამხედრო ეშელონის ან კოლონის უფროსის ფუნქცია-მოვალეობებს.

3. გადამზიდავი/გადამყვანი ქვედანაყოფის მეთაური:

ა) ამზადებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს, შეიარაღებას, საბრძოლო და სხვა ტექნიკას, ასევე, ლოჯისტიკურ საშუალებებს გადასაყვანად/გადასაზიდად, ასევე, ანაწილებს მათ მოძრავ შემადგენლობაში (ვაგონებში/გემის სადგომებში);

ბ) უტარებს ინსტრუქტაჟს პერსონალს გადაყვანის წესებისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ, აცხადებს სამხედრო ეშელონის ან კოლონის უფროსის წოდებას, სახელს და გვარს;

გ) სამხედრო ეშელონის/კოლონის უფროსის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს პერსონალის გამოყოფას სადღეღამისო განწესში და სხვადასხვა ჯგუფებში;

დ) პირადად ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის ჩასხდომას, გადაყვანასა და გადმოსხმას, უზრუნველყოფს საბრძოლო და სხვა ტექნიკისა და მატერიალურ საშუალებათა სწორად განლაგებას, დამაგრებას და შენიღბვას, კონტროლს უწევს მათ მდგომარეობას გზაში;

ე) დადგენილი წესით, დასაცავად აბარებს გადასაზიდ საბრძოლო და სხვა ტექნიკას, ასევე, მატერიალურ საშუალებებს;

ვ) უზრუნველყოფს თავის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მიერ, სამხედრო დისციპლინის,  გადაყვანა-გადაზიდვისა და  უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვას, აგრეთვე, თვალყურს ადევნებს ვაგონების (გემის სადგომების) მოწყობილობის დაცვას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 135. ქვედანაყოფის გადაყვანისა და ტვირთების გადატანის უსაფრთხოების წესები

1. ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად, გადმოსატვირთად და გადასატვირთად განკუთვნილი სამხედრო/სპეციალური ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და შეესაბამებოდეს ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის წესის მოთხოვნებს. თხევად საწვავზე მომუშავე სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალების გამოსაბოლქვი მილი აღჭურვილი უნდა იყოს ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობით, ასევე, დამიწების საშუალებით.

2. აკრძალულია სამხედრო ეშელონით და სამხედრო კოლონით იმ პირებისა და ტვირთების გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც სამხედრო ეშელონს და კოლონას არ ეკუთვნის, გარდა შესაბამისი ნებართვის არსებობისა.

3. ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებისას და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, იკრძალება:

ა) ღია ცეცხლით, ნავთისა და სანთლის ფარნით სარგებლობა გასანათებლად. ამ მიზნით, ნებადართულია მხოლოდ გამართული აკუმულატორული ან საბატარეიო ფარნის გამოყენება;

ბ) ჩირაღდნის, გაზის ან ელექტრული შედუღების გამოყენება;

გ) თამბაქოს მოწევა ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან გადატვირთვის ადგილიდან 100 მ-ზე ახლო მანძილზე;

დ) ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთად, გადმოსატვირთად ან გადასატვირთად არ დაიშვება პირი, რომელსაც თან აქვს ასანთი, სანთებელა ან სხვა ნივთი, რამაც შეიძლება შექმნას საფრთხე.

4. სამხედრო ეშელონის და სამხედრო კოლონის პერსონალს ეკრძალება:

ა) სატრანსპორტო ორგანიზაციების მოსამსახურეთა მუშაობაში ჩარევა;

ბ) მატარებლის და გემის შეკავება დგომისთვის გათვალისწინებულ დროზე მეტ ხანს;

გ) შესაბამისი კომანდის გაცემამდე, ვაგონში ჩასხდომა ან გადმოსხმა, გემბანზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე  ასვლა ან ჩამოსვლა (გადმოხტომა);

დ) მატარებლის თვითნებური გაჩერება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის მატარებლის მოძრაობას ან ადამიანთა სიცოცხლეს;

ე) სამხედრო ეშელონისა და კოლონის შესახებ, ყველანაირი ინფორმაციის გავრცელება;  

ვ) ვაგონების სახურავებზე, პლატფორმებზე, სამუხრუჭე ბაქნებზე, ასევე, მათზე განთავსებულ სამხედრო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების კაბინებსა და ძარაში, საბრძოლო ტექნიკის კოშკურებში ყოფნა. რკინიგზის ელექტროფიცირებულ უბნებზე ლითონის საყრდენებისა და საკონტროლო ქსელის ჩამამიწებელ მოწყობილობებზე ხელით შეხება, საკონტაქტო სადენთან ორ მეტრზე ახლოს მისვლა;

ზ) გემის სამსახურებრივ სადგომებში, გემის ჯგუფის სამუშაო ადგილებში, სამაშველო კანჯოებში ყოფნა,  რაბების კედლებზე  აცოცება;

თ) ვაგონის კარებში, გემის ბორტზე ჯდომა ან დგომა, ვაგონის კარების სახელურებზე დაყრდნობა;

ი) ვაგონებში (გემებზე) განათებისა და გათბობის გაუთვალისწინებელი სახეობების გამოყენება;

კ) აუცილებლობის გარეშე, რკინიგზის ლიანდაგებზე (ნავსადგურის, აეროპორტის ტერიტორიაზე) სიარული, სადგურების (ნავსადგურების, აეროპორტების) ტერიტორიის დანაგვიანება და კოცონის დანთება, ასევე, ტრანსპორტის ქონების უნებართვოდ აღება;

ლ) მოძრაობის დროს ვაგონიდან (გემიდან) რამის გადაგდება.

 

მუხლი 136. პერსონალისა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვა საჰაერო გზით

საჰაერო გზით ქვედანაყოფის პერსონალისა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვა ხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

თავი XXVI

ქვედანაყოფის საველე ბანაკში, სასწავლო ცენტრში და დასახლებულ

პუნქტში განლაგება

 

მუხლი 137. საველე ბანაკის ორგანიზება

1.  საველე ბანაკში ქვედანაყოფი გაჰყავთ საბრძოლო მომზადების გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების  ფარგლებში ან ზემდგომი მეთაურის ბრძანებით.

2.  საველე ბანაკებში ქვედანაყოფები განლაგდებიან შენობებში ან/და კარვებში. საბრძოლო და სხვა ტექნიკა უნდა განლაგდეს პარკებში, შენობების გარეთ განლაგებული ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საველე ბანაკის ყველა გზაზე იდგმება საგზაო ნიშნები, რომლებზეც აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დასაშვები სიჩქარე და მიმართულება. მუხლუხა ტექნიკისათვის ეწყობა ცალკე გზები.

4. საველე ბანაკის მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორია წინასწარ უნდა იქნეს გამოკვლეული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ტერიტორია უნდა დასუფთავდეს, მოეწყოს ადგილები ნარჩენების შესაგროვებლად და გასატანად. ღია წყალსატევებში პერსონალის ბანაობა დასაშვებია  სპეციალურად  გამოყოფილ, შემოწმებულ და შესაბამისად მოწყობილ ადგილებში, ბანაკის უფროსის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.

5. საველე ბანაკში მყოფ ქვედანაყოფში პერსონალის ქცევისა და უსაფრთხოების წესები, დაიყვანება შესაბამისი ხელმოწერებით, აგრეთვე, უნდა შემუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო და შესაბამისი უსაფრთხოების გეგმები.  

 

მუხლი 138. ბანაკად დაყოფის წესი

1. საველე ბანაკის მოწყობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის მეთაურის ბრძანებით.

2. საველე ბანაკის ფრონტის განსაზღვრისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქარის მიმართულება და სიჩქარე.

3. საველე ბანაკს ან მის ფრონტს არ უნდა კვეთდეს საერთო სარგებლობის გზები და ბანაკის ფლანგები გზებიდან 50 მეტრზე ახლოს არ უნდა იყოს.

4. საველე ბანაკი ეწყობა მართკუთხა კვარტლებად განივი და გასწვრივი ხაზებით, რომელიც ამავე დროს მიმოსვლის გზებია.

5. საველე ბანაკი სიღრმეში იყოფა ბანაკის ფრონტის სამი პარალელური ხაზით: წინა, შუა და უკანა ზოლებად. ხაზებს შორის მანძილი სიღრმეში განისაზღვრება კარვების საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობის განლაგების სისტემით.

6. საველე ბანაკის გასწვრივ საბრძოლო/სპეციალური ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაოდ, ეწყობა გზები ცალ-ცალკე თვლიანი და მუხლუხა ტექნიკისათვის.

7. საველე ბანაკის ფრონტის პერპენდიკულარულად, საველე ბანაკი იყოფა განივი ხაზებით. განივი ხაზები გადის ცალკეულ ქვედანაყოფებს შორის, საველე ბანაკის მონაკვეთის განივ ხაზებს შორის, წინა ხაზიდან ზურგის ხაზამდე გზა იღებს იმ ქვედანაყოფის სახელწოდებას, რომელიც განლაგებულია ნაკვეთის პირველ ზოლში.

8. პირველ ზოლში (წინა და შუა ხაზებს შორის), კარვებში ქვედანაყოფებს მათი ნუმერაციის რიგის მიხედვით განალაგებენ, მეორე ზოლში (შუა და უკანა ხაზებს შორის), როგორც წესი, განლაგდება ქვედანაყოფის შტაბი, ლაზარეთი/სამედიცინო პუნქტი და სასადილო, ხოლო, მესამე ზოლში (უკანა ხაზსა და ზურგის გზას შორის) განთავსდება საპირფარეშოები, საწყობები, სახელოსნოები და სხვა სამეურნეო დანიშნულების დაწესებულებები.

9. საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების საწყობი უნდა განლაგდეს საველე ბანაკის ფარგლებს გარეთ.

10. კარვების ბუდეები უნდა განლაგდეს ქვედანაყოფის ფრონტის მიხედვით, სამ-სამ ან ორ-ორ ბუდედ, მომიჯნავე ბუდეების ბორტების ფუძეთა შორის მანძილი ფრონტის მიხედვით 2,5 მეტრია,   ხოლო სიღრმეში 5 მეტრი.

11. ქვედანაყოფის სერჟანტთა შემადგენლობა უნდა განთავსდეს თავიანთი ქვედანაყოფის პერსონალთან ერთად, ხოლო ოფიცერთა შემადგენლობა ცალკე კარავში (შენობაში) განთავსდება, მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის განლაგების მახლობლად.

12. კარვები პერსონალის, ინფორმაციისა და დასვენების ოთახებისათვის, იდგმება ქვედანაყოფის კარვების უკანა მწკრივების ხაზზე, მათ გვერდით ეწყობა მოედან-კლასები ქვედანაყოფის საერთო შეკრებისათვის.

13. კარვების პირველი მწკრივის ხაზზე (მეორე და მესამე ქვედანაყოფს შორის ინტერვალში) იდგმება დროშის სადგარი და აღიმართება ქვედანაყოფის დროშა ან სახელმწიფო დროშა, რომლის უკან, კარვების მეორე მწკრივის ხაზზე იდგმება კარავი ქვედანაყოფის მორიგისა და მისი თანაშემწისათვის. კარვები დაცვის ჯგუფისათვის იდგმება ცალკე, მეორე ზოლში.

14. ქვედანაყოფის კარვების განლაგების უკან, პირველ ზოლში განლაგდება იარაღის შესანახი კარავი, კონტეინერი ან სხვა ნაგებობა, რომლის მახლობლად, ეწყობა იარაღის გასაწმენდი ადგილი, ხოლო, მათ უკან წყლის საცავები და ხელსაბანები. პარკები ეწყობა საველე ბანაკის უკანა ხაზსა და ზურგის ხაზს შორის. ასევე, დასაშვებია პარკების მოწყობა საველე ბანაკების გარეთ.

15. საველე ბანაკის ტერიტორია უნდა აღიჭურვოს მეხამრიდებით, იარაღის განსამუხტი ადგილებით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.

16. ადგილმდებარეობის, პერსონალის რიცხოვნობისა და სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას, თუ ვერ ხორციელდება საველე ბანაკის მოწყობა, ამ მუხლით დადგენილი წესით, ქვედანაყოფის მეთაური უფლებამოსილია საველე ბანაკი მოაწყოს განსხვავებულად, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაცვის გათვალისწინებით.

 

მუხლი 139. საველე ბანაკის დაშლა

1. საველე ბანაკის დაშლა ხდება დადგენილ დროს ან ზემდგომი მეთაურის მითითების საფუძველზე.

2. დაუშვებელია საველე ბანაკის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების, საბრძოლო მასალების ყუთების, განასროლი მასრების, დაზიანებული და უვარგისი აღჭურვილობის ელემენტების, ქიმიური ნივთიერებების, სამედიცინო და სხვა ნარჩენების  დატოვება, ასევე, მათი ღია წესით დაწვა.

3. ბანაკად ყოფნის დროს, მომზადებული ორმოები და თხრილები უნდა ამოივსოს და ტერიტორია შეძლებისდაგვარად მოყვანილი იქნეს ქვედანაყოფის განლაგებამდე არსებულ მდგომარეობაში.

 

მუხლი 140. შინაგანი წესრიგი საველე ბანაკებში

1. საველე ბანაკებში საჯარისო სამსახურის ორგანიზება ხორციელდება, ამ წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საველე ბანაკში ერთი ქვედანაყოფის განლაგებისას, საველე ბანაკის უფროსად ითვლება ამ ქვედანაყოფის მეთაური, ხოლო, საველე ბანაკში სხვადასხვა ქვედანაყოფების ერთობლივად განლაგებისას, მათი საერთო ზემდგომი მეთაური ნიშნავს საველე ბანაკის უფროსს, რომელიც არის საველე ბანაკში განლაგებული ყველა ქვედანაყოფის მეთაურის პირდაპირი უფროსი.

3. საველე ბანაკის უფროსი ორგანიზებას უწევს საველე ბანაკში საჯარისო სამსახურს, ამ მიზნით იგი გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს და უზრუნველყოფს:

ა) საბრძოლო მომზადების ორგანიზებას;

ბ) საველე ბანაკებში სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საველე ბანაკის დღის  განრიგისა და შინაგანაწესის განსაზღვრას, ზემდგომი მეთაურის მითითების საფუძველზე;

დ) უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების შემუშავებას;

ე) ახორციელებს საველე ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს.

4. საველე ბანაკის უფროსი ნიშნავს საველე ბანაკის მორიგეს, რომელიც ახორციელებს ამ წესდებით განსაზღვრული ქვედანაყოფის მორიგის ფუნქცია-მოვალეობებს.

5. საველე ბანაკში ყოფნისას, შესაძლებელია აიკრძალოს პერსონალის დისლოკაციის ადგილიდან გაშვება ან შემცირდეს გასაშვები პერსონალის რაოდენობა.

6. გარეშე პირები საველე ბანაკში დაიშვებიან  მხოლოდ საველე ბანაკის უფროსის ან მისი ზემდგომი მეთაურის თანხმობით, საველე ბანაკის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 141. შინაგანი წესრიგი სასწავლო ცენტრებში ქვედანაყოფის განლაგებისას

1. წვრთნებისა და სწავლებების ჩატარების მიზნით, ზემდგომი მეთაურის ბრძანებით, ქვედანაყოფი შესაძლებელია გაყვანილ იქნეს სასწავლო ცენტრში.

2.  სასწავლო ცენტრში, ქვედანაყოფები განლაგდებიან შენობებში ან კარვებში.  საბრძოლო და სხვა ტექნიკა უნდა განლაგდეს პარკებში, შენობების გარეთ განლაგებული ტექნიკა უნდა შეიფუთოს დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სასწავლო ცენტრს ჰყავს უფროსი, რომელსაც ემორჩილება სასწავლო ცენტრში შესაბამისი ბრძანების საფუძველზე განლაგებული ყველა ქვედანაყოფი.

4.  სასწავლო ცენტრში ქვედანაყოფების განლაგებისას, საჯარისო სამსახურის ორგანიზება ხორციელდება სასწავლო ცენტრის უფროსის ბრძანების საფუძველზე.

5. სასწავლო ცენტრის უფროსი, თავის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალით და ლოჯისტიკური საშუალებებით, მხარს უჭერს სასწავლო ცენტრში განლაგებულ ქვედანაყოფს, შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე.

6. სასწავლო ცენტრში მყოფ ქვედანაყოფში, პერსონალის ქცევისა და უსაფრთხოების წესები, დაიყვანება შესაბამისი ხელმოწერებით და ამავდროულად გამოიკვრება საინფორმაციო დაფებზე, აგრეთვე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა შემუშავდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმა.

7. სასწავლო ცენტრში ქვედანაყოფის შესვლისას, სასწავლო ცენტრის შენობა-ნაგებობები, ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა ქონება სასწავლო ცენტრის უფროსის მიერ, დადგენილი წესით შეიძლება ჩაჰბარდეს ქვედანაყოფის მეთაურს.

8. სასწავლო ცენტრის უფროსი უფლებამოსილია სასწავლო ცენტრში ინდივიდუალურად მოვლინებული პერსონალისა და სატრანსპორტო საშუალებისათვის გასცეს საჭირო დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ გადაადგილებას  სასწავლო ცენტრის გარეთ.

9. სასწავლო ცენტრში შესული ქვედანაყოფის მეთაური უზრუნველყოფს ცენტრში დადგენილი წესრიგისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, დაუშვებელია სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ყუთების, განასროლი მასრების, დაზიანებული და უვარგისი აღჭურვილობის ელემენტების, ქიმიური ნივთიერებების, სამედიცინო და სხვა ნარჩენების დატოვება, ასევე, მათი ღია წესით დაწვა.

 

მუხლი 142.  განლაგება დასახლებულ პუნქტებში

1. ქვედანაყოფი შეიძლება განლაგდეს დასახლებულ პუნქტებში არსებულ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებში, აგრეთვე, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაქირავებ შენობებში (ფართებში).

2. დასახლებულ პუნქტებში ქვედანაყოფის განლაგებისას, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შეტყობინება.

3. დასახლებულ პუნქტში განლაგების შემდეგ, თვითნებურად შენობების დაკავება აკრძალულია.

4. ქვედანაყოფების განლაგებისთვის გათვალისწინებული დასახლებული პუნქტები წინასწარ უნდა იქნეს გამოკვლეული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. განლაგება ამ თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია.

5. შენობების, ფარდულებისა და მოედნების დაკავებამდე, ქვედანაყოფის მეთაურები ათვალიერებენ მათ, ტარდება ადგილის დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, ასევე, საჭიროების მიხედვით, ტერიტორია მუშავდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო რეპელენტებით, რის შემდეგაც, განალაგებენ პერსონალს, საბრძოლო და სხვა ტექნიკას.

6. მცირე ზომის ქვედანაყოფები (ოცეული, ასეული, ჯგუფი და სხვა) დასახლებულ პუნქტებში განლაგდებიან შეძლებისდაგვარად ერთად, სერჟანტთა შემადგენლობა უნდა იყოს თავიანთ ქვედანაყოფთან ერთად, ხოლო, ოფიცერთა შემადგენლობა ცალკე შენობებში მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფის განლაგების მახლობლად. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით, პერსონალის განლაგების შეუძლებლობისას, განლაგების წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის მეთაური.

7. საბრძოლო და სხვა ტექნიკა განლაგდება ქვედანაყოფების განლაგების ადგილზე, შენობა-ნაგებობათა გარეთ, დახურულ (შენიღბულ) მოედნებზე ან ფარდულებში.

8. საწყობების განლაგებისათვის ისეთი შენობები შეირჩევა, რომლებიც აკმაყოფილებს სასაწყობე შენობებისთვის დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაცული იყოს დასაწყობებული მარაგი და ქონება, ასევე, იძლევა ქონების ადვილად შეტანისა და გამოტანის შესაძლებლობას. მათ მუდმივად უნდა იცავდეს სადღეღამისო განწესი. ღია ტერიტორიები და ღია სასაწყობე სივრცეები (მასალის შენახვის ადგილები, მანქანების სადგომები და პარკირების ადგილები) უნდა იყოს განათებული.

9. თითოეულ ქვედანაყოფს მიეთითება თავისი განლაგების საზღვარი, რომლის ფარგლებშიც, მას გამოეყოფა შენობები და ადგილები მეცადინეობების ჩასატარებლად, აგრეთვე, ინიშნება განგაშის (შეკრების) დროს შეკრების პუნქტები.

10. სამზარეულოები, აბანოები და სამრეცხაოები, თუ მათთვის არ არის გამოყოფილი ცალკე შენობები, ეწყობა შენობა-ნაგებობისაგან ისეთ მანძილზე, რომ დაცული იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და აგრეთვე, ქვედანაყოფების საველე პირობებში კვების სტანდარტები.

11. დასახლებულ პუნქტებში ქვედანაყოფთა განლაგებისას, დაუყოვნებლივ ეწყობა საპირფარეშოები, რომელთა დროულად მოწყობა-მოწესრიგებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

12. სასმელი და საკვების მოსამზადებელი წყლის აღება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილი ჭებიდან (ან სხვა წყაროებიდან), საჭიროა ზომების მიღება მათი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, მათ დასაცავად  გამოიყოფა სადღეღამისო განწესი.

13. თითოეულ შენობაში ინიშნება უფროსი, რომელიც პასუხს აგებს სამხედრო მოსამსახურეების ქცევაზე, შინაგან წესრიგზე და შენობაში არსებული ქონების მთლიანობაზე, ეზოს სისუფთავისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

14. ყველა სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება შენობის მფლობელთა ნივთებით სარგებლობა მათი ნებართვის გარეშე. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და აღჭურვილობა  უნდა ეკიდოს საკიდებზე საამისოდ გამოყოფილ ადგილებში, პირადი ნივთები და თეთრეული ინახება სანივთე ჩანთებში.

15. დასახლებულ პუნქტებში განლაგებისას, ქვედანაყოფის მეთაური ახორციელებს საჯარისო სამსახურის ორგანიზებას.