„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის N01-54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-105/ნ

2020 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

მუხლი 1
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ  ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge; 23.07.2014; 470230000.22.035.016281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა  მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ (დანართი №1);

ბ) „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები“ (დანართი №2).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ყველა მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ხანდაზმულთა და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 24-საათიან მომსახურებას, ხოლო სარეკომენდაციო – 24-საათიანი მომსახურების განმახორციელებელი ყველა სხვა მიმწოდებლისათვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა).“.

2. ბრძანებას დაემატოს №2 დანართი (სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის   ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (1)
danarti-01-105.doc DOC

დანართი 2

სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში  ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები[1]

მუხლი 1. ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემა (სტანდარტი №1)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში მოქმედებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის კოორდინირებული სისტემა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ოფიციალურად გამოყოს ინფექციის პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი (იპკპპ), რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინირებას გაუწევს დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს. მის პასუხისმგებლობებში უნდა შედიოდეს:

ა.ა) ხელის სადეზინფექციო საშუალებების, პირბადეების, საპნის და ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი მარაგის კონტროლი და უზრუნველყოფა;

ა.ბ) ხელის სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტის პირობებში ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივად დამზადების ზედამხედველობა;

ა.გ) საპონზე და სუფთა წყალზე, ასევე სპირტის შემცველ ხელის სადეზინფექციო საშუალებებზე ხელიმისაწვდომობის უზრუნველყოფა (დაწესებულების ყველა შესასვლელში, გასასვლელსა და მოვლის ადგილებში განთავსება);

ა.დ) ერთჯერად ხელსახოცებზე და ნაგვის ურნებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ა.ე) დაწესებულებაში თანამშრომლებისთვის, ბენეფიციარებისა და მნახველებისთვის ხელის ჰიგიენის და რესპირაციული ეტიკეტის პოსტერების გაკვრა, ფლაერების, შემახსენებლების თვალსაჩინო ადგილებში განთავსება;

ა.ვ) თანამშრომლებში, ბენეფიციარებსა და მნახველებში თერმოსკრინიგის, ხელის ჰიგიენის და რესპირაციული ჰიგიენის მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ა.ზ) სამედიცინო ხელსაწყოების, ინვენტარის და დამხმარე საშუალებების ზედაპირების წმენდასა და დეზინფექციაზე ზედამხედველობა;

ა.თ) თეთრეულის და ნარჩენების მართვაზე ზედამხედველობა;

ა.ი) დაწესებულების თანამშრომლებისა და ბენეფიციარების აცრების ზედამხედველობა ვაქცინაციის ეროვნული კალენდაის შესაბამისად;

ა.კ) დაწესებულებაში იპკ-ის მიზნით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;

ბ) დაწესებულებაში შესაბამისი პერსონალის არსებობის შემთხვევაში შექმნას მულტიდისციპლინური საკონსულტაციო საბჭო (ექიმი/ექთანი, ფსიქოლოგი/სოც. მუშაკი, მომვლელი/ასისტენტი), ხოლო შესაბამისი პერსონალის არარსებობის შემთხვევაში, შეუთანხმდეს ოჯახის ექიმს/ექიმ-ინფექციონისტს/იმუნოლოგს და ფსიქოლოგს ან/და სხვა შესაბამის სპეციალისტს, საჭიროების შემთხვევაში, მათგან კონსულტაციის შეუფერხებლად მიღების შესახებ;

გ) უზრუნველყოს იპკპპ-ის და მულტიდისციპლინური საკონსულტაციო საბჭოს წევრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტრენინგი, აღჭურვოს შესაბამისი ცოდნითა და მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილებებით;

დ) უზრუნველყოს ინფექციის პრევენციისა და რეაგირების სისტემის რეგულარული ზედამხედველობა, თანამშრომლებთან უკუკავშირი და საჭიროებებზე რეაგირება;

ე) აწარმოოს სპეციალური ჟურნალი, მ.შ., შესაძლებელია ელექტრონული, სადაც დაფიქსირებული იქნება დაწესებულებაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად ინფექციის პრევენციისა კონტროლის მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით ყოველდღიურად განხორციელებული ღონისძიებები (მაგ., დეზინფექცია, ბენეფიციართა და პერსონალის პირველადი სკრინინგი);

ჟურნალის ნიმუში:

|N |შემოწმების დღე და საათი |პერსონალის/ ბენეფიციარის/ მნახველის/ |ტემპერატურა |კონტაქტი COVID19|რესპირატორული |

| | |ვიზიტორის მონაცემები | |ინფიცირებულთან |სიმპტომები (დიახ/არა) |

| | | | |(დიახ/არა) | |

|  | |  |  |  |  |

ვ) გააკეთოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ფორმალური და არაფორმალური საშუალებების მობილიზება ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით (ჯანდაცვის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში ბენეფიციართა და პერსონალის ჩართვა, ორგანიზაციისთვის, პერსონალისთვის და ბენეფიციარებისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათების გამოყენება, არაფორმალური ქსელისა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული დახმარებების და სერვისების გამოყენება და ა.შ.);

ზ) მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ არ მოხდეს COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საბაბით ბენეფიციართა უფლებების თვითნებური, გადაჭარბებული და გაუმართლებელი შეზღუდვა, რაც შეიძლება გამოიხატოს უგულებელყოფით, ძალადობით, გადაადგილების და სხვა უფლებების შეზღუდვით.

მუხლი 2. დაავადების შესახებ ბენეფიციართა და პერსონალის ინფორმირებულობა (სტანდარტი №2)

1. მოსალოდნელი შედეგი:

პერსონალი და ბენეფიციარები ფლობენ ინფორმაციას COVID-19-ის გადაცემის გზებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, შედეგებზე, უსაფრთხოების სტანდარტულ ზომებზე და იცავენ მას.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს (მ.შ., შესაძლოა იპკპპ-ის მიერ) ტრენინგი COVID-19-ის, მისი პრევენციისა და კონტროლის შესახებ. ტრენინგი უნდა მოიცავდეს:

ა.ა) COVID-19-ის გადაცემის გზებს და სიმპტომებს;

ა.ბ) ხელის ჰიგიენას და რესპირატორულ ეტიკეტს;

ა.გ) სიფრთხილის სტანდარტულ ზომებს;

ა.დ) რისკფაქტორებს;

ა.ე) დაავადების შესახებ გავრცელებულ მითებს და რეალობას;

ა.ვ) COVID19-ის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებით გამოწვეულ რისკებსა და მათი შემცირების სტრატეგიებს, მ.შ., პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას.

ბ) ბენეფიციარებს, მ.შ., ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს მიაწოდოს საინფორმაციო მასალები და მათთვის გასაგები საშუალებებითა და მეთოდებით (მაგ., ბრაილის შრიფტი, ჟესტების ენა, ვიზუალური მასალა, გაადვილებული ტექსტი და სხვა) საჭირო სიხშირით ჩაუტაროს საინფორმაციო საუბრები, ინსტრუქტაჟი/სემინარი, COVID-19 დაავადებისა და ახალი კორონავირუსის ინფექციისაგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) COVID-19-ის გადაცემის გზებს და სიმპტომებს;

ბ.ბ) ხელის ჰიგიენას და რესპირატორულ ეტიკეტს;

ბ.გ) სიფრთხილის სტანდარტულ ზომებს;

ბ.დ) რისკფაქტორებს;

ბ.ე) დაავადების შესახებ გავრცელებულ მითებს და რეალობას;

ბ.ვ) COVID19-ის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებით გამოწვეულ რისკებსა და მათი შემცირების სტრატეგიებს, მ.შ., პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას;

გ) დაწესებულებაში თანამშრომლების, ბენეფიციარებისა და მნახველებისთვის თვალსაჩინო ადგილას გააკრას პოსტერები, ფლაერები ან/და შემახსენებლები ხელის საპნით დაბანის ან სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, ასევე რესპირაციული ჰიგიენის შესახებ, კერძოდ, დაცემინებისა და ხველების დროს პირსა და ცხვირზე მოხრილი იდაყვის ან ერთჯერადი ხელსახოცის აფარების აუცილებლობას, რომელიც შემდგომ დაუყოვნებლივ უნდა ჩააგდონ სახურავიან სანაგვე ყუთში. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს სხვადასხვა, მ.შ. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთათვის ინფორმაციის გასაგები და ადაპტირებული ფორმით მიწოდების საშუალებები.

მუხლი 3. დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დასუფთავება და დეზინფექცია (სტანდარტი №3)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია COVID-19-თან დაკავშირებული ჰიგიენის, დეზინფექციისა და სანიტარიული ნორმების დაცვა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებების (60-დან 80%-მდე ალკოჰოლის შემცველი) საკმარისი მარაგი და სუფთა წყალსა და საპონზე ხელმისაწვდომობა. განათავსოს ხელის სადეზინფექციო საშუალება დაწესებულების ყველა შესასვლელში, გასასვლელსა და მოვლის ადგილებში, ხოლო დეზობარიერი დაწესებულების ყველა შესასვლელსა და გასასვლელში;

ბ) უზრუნველყოს ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცების სათანადო მარაგი და გამოყენებული ხელსახოცების სათანადო უტილიზაცია სახურავის მქონე სანაგვე ურნებში;

გ) უზრუნველყოს ჯანმოს მიერ რეკომენდებული სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებების ადგილზე დამზადების ინსტრუქციის ხელმისაწვდომობა (სადეზინფექციო საშუალების ადგილზე დამზადების შემთხვევაში);

დ) დაეხმაროს და მოსთხოვოს ბენეფიციარებსა და მნახველებს ხელის ჰიგიენის დაცვა, კერძოდ, ხელის ხილული დაბინძურებისას, სხვასთან შეხებისას (თუმცა ეს მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს), ჭამამდე და ჭამის შემდეგ, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, ხველების ან ცემინების შემდეგ;

ე) მოსთხოვოს თანამშრომლებს ხშირად ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა, მათ შორის, სამუშაო დღის დასაწყისში, ბენეფიციარებთან შეხებამდე და შეხების შემდეგ, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, საკვების მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, ასევე ჭამამდე და ჭამის შემდეგ;

ვ) რეგულარულად უზრუნველყოს ხელის დაბანა საპნითა და წყლით სულ მცირე 40 წამის განმავლობაში ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებებით 20 წამის განმავლობაში;

ზ) დააზუსტოს თანამშროლებისა და ბენეფიციარების გრიპისა და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრების ჩატარების სტატუსი, თუ არ აქვთ ჩატარებული, საჭირო ვაქცინაცია, დაუკავშირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პირველადი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრების წარმომადგენელს ვაქცინაციის განხორცილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის, რეკომენდაციებისა და სერვისის მისაღებად. სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და ბენეფიციარის (ან მისი მხარდამჭერისგან) ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდგომ უზრუნველყოს ვაქცინაცია.

მუხლი 4. ფიზიკური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვა (სტანდარტი №4)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია COVID-19-თან დაკავშირებული ფიზიკური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებაში უზრუნველყოს და განახორციელოს ფიზიკური დისტანცირება, კერძოდ:

ა.ა) მოსთხოვოს ბენეფიციარებს და პერსონალს სულ მცირე 1-მეტრიანი დაშორების დაცვა სადაც ეს ფიზიკურად შესაძლებელია და მაქსიმალურად შეზღუდოს მათ შორის ფიზიკური კონტაქტი (შეხება, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, კოცნა);

ა.ბ) კვება განხორციელდეს ცვლების მიხედვით (კვების მიწოდება ბენეფიციარებისათვის მოხდეს სხვადასხვა დროს), რათა ბენეფიციარებს შორის უზრუნველყოფილ იქნეს ფიზიკური დისტანცირება. სასადილოში სკამები და მაგიდები განლაგდეს არანაკლებ 1 მეტრის დაშორებით. თუ ეს არ არის შესაძლებელი, ბენეფიციარებს საკვები მიეწოდოს ინდივიდუალურად თავიანთ ოთახებში;

ა.გ) ჯგუფური აქტივობების დროს უზრუნველყოს ფიზიკური დისტანცირება. თუ აღნიშნული შეუძლებელია, გაუქმდეს ჯგუფური აქტივობა, მათ შორის ისეთი აქტივობები, რომელთა განხორციელება წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამით და/ან სტანდარტებით გათვალისწინებულ ვალდებულებას;

ა.დ) შეზღუდოს ბენეფიციარების დაწესებულებიდან გასვლა/ტრანსპორტირება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით;

ა.ე) ბენეფიციარის გადაადგილება ან ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში დიაგნოსტიკური ან თერაპიული ტესტირების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, გაფრთხილებული უნდა იქნეს ტრანსპორტის სერვისის მომწოდებელი და მიმღები დაწესებულების პერსონალი ბენეფიციარის ტრანსპორტირების, სიფრთხილის ზომებისა და ბენეფიციარის განსაკუთრებული საჭირობების შესახებ. ბენეფიციარები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში ტოვებენ საკუთარ ოთახებს, იცავენ რესპირატორული ჰიგიენის წესებს და ატარებენ ნიღაბს (მ.შ. გარკვეული კატეგორიის პირებისთვის პირბადის ტარების მოთხოვნაზე არსებული ოფიციალური გამონაკლისების გათვალისწინებით: მაგ., ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის და/ან განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო)[2];

ბ) მაქსიმალურად შეზღუდოს დაწესებულებაში მნახველების რაოდენობა. ბენეფიციარებთან მნახველების ვიზიტები ჩანაცვლდეს ალტერნატიული საშუალებებით, როგორიცაა ტელეფონი, ვიდეოზარი და სხვა;

გ) მნახველი/ვიზიტორი დაწესებულებაში დაშვებამდე უნდა შეამოწმოს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებზე და ჩაუტაროს თერმოსკრინინგი. სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე COVID-19-ით ინფიცირების რისკის მქონე ყველა მნახველი (ხანდაზმული ასაკი, ქრონიკული დაავადებების არსებობა (დიაბეტი, სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა), საეჭვო კონტაქტი, არ დაიშვას დაწესებულებაში;

რისკის შეფასების ფორმა:

|მნახველის/ვიზიტორის სახელი გვარი | |

|თარიღი | |

|მნახველის ტელეფონი | |

|მნახველის ასაკი | |

|სხეულის ტემპერატურა ≥38C |□ კი |□ არა |

|გქონდათ თუ არა კონტაქტი (ყოფილხართ თუ არა საერთო სივრცეში COVID ინფიცირებულთან ბოლო 14 |□ კი |□ არა |

|დღის განმავლობაში? | | |

|აღგენიშნება თუ არა რესპირატორული დაავადების ნიშნები: ხველება, სუნთქვის გაძნელება, |□ კი |□ არა |

|ქოშინი | | |

|გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადება (სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტი) |□ კი |□ არა |

|ვადასტურებ ხელმოწერით (მნახველი): |

დ) დაწესებულებაში შესვლის უფლება გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიეცეს იმ მნახველებს, რომლებმაც გაიარეს სკრინინგი და არ წარმოადგენენ საეჭვო შემთხვევას (მ.შ., ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ქონიათ შეხება კოვიდ ინფიცირებულ ადამიანთან), ისიც მაშინ, როდესაც ბენეფიციარი მძიმედაა ავად ან საჭიროებს ემოციურ მხარდაჭერას. ფიზიკური დისტანცირების დაცვის მიზნით, ერთ ჯერზე დასაშვებია მხოლოდ ერთი მნახველის მიღება. მნახველებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი რესპირატორული ეტიკეტის და ხელის ჰიგიენის, ასევე ბენეფიციარებთან სულ მცირე 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის თაობაზე;

ე) მნახველები უნდა დაეკონტაქტონ მხოლოდ ბენეფიციარს (თუ ეს შესაძლებელია ღია ან კარგად განიავებად სივრცეში) და მონახულების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვონ დაწესებულება. დაუშვებელია მნახველების პირდაპირი კონტაქტი იმ ბენეფიციართან, რომელთაც აქვთ COVID-19-ის საეჭვო სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი;

ვ) საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება სისტემის ან დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაძლოა სრულად დაიხუროს მნახველებისათვის;

ზ) ინფიცირებული ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა გატარდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ქვეყანაში დადგენილი რეგულაციების შესაბამისად[3];

თ) პერსონალთან შეთანხმებით დაწესებულებას შეუძლია დააწესოს ცვლებში მუშაობის ისეთი სამუშაო რეჟიმი, რომელიც შეამცირებს მათ რაოდენობას და მათ დაწესებულების გარეთ გადაადგილებასა და კონტაქტებს;

ი) პერსონალი და საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარები ქვეყანაში მოქმედი ეპიდემიოლოგიური რეჟიმის გათვალისწინებით დაწესებულების გარეთ გადაადგილდებიან და იცავენ ქვეყანაში მოქმედ იპკ-ის ზოგად წესებს (მ.შ. გარკვეული კატეგორიის პირებისთვის პირბადის ტარების მოთხოვნაზე არსებული ოფიციალური გამონაკლისების გათვალისწინებით: მაგ., ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის და/ან განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეზღუდვების რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, რომელიც ეხება მოქალაქეთა გადაადგილებას და შეკრებას.

მუხლი 5. COVID-19-ის პროსპექტული ზედამხედველობა ბენეფიციარებში, პერსონალში და მნახველებში (სტანდარტი №5)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია COVID-19-ის შემთხვევების ადრეული გამოვლენა, იზოლაცია და მოვლა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ორგანიზება გაუწიოს SARS-CoV-2-ზე უსიმპტომო ბენეფიციარების და თანამშრომლების სკრინინგს;

ბ) IgM/IgG ანტისხეულებზე[4] სწრაფი ტესტით ტესტირების შემთხვევაში, თუ პირი დადებითია IgM ანტისხეულებზე, გაუკეთოს იზოლაცია და შეტყობინება გაუგზავნოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (შემდგომ − დკსჯეც) (იმ შემთხვევაში თუ ტესტირება არ ტარდება აღნიშნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ);

გ) თუ პირი დადებითია მხოლოდ IgG ანტისხეულებზე, არ არის საჭირო რაიმე სახის რეაგირება; პერსონალს შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა ჩვეულ რეჟმში, ხოლო ბენეფიციარის იზოლაცია საჭირო არ არის;

დ) თუ პირი უარყოფითია, საჭიროა განმეორებითი ტესტირება ყოველ 2 კვირაში;

ე) დაწესებულებაში ახალი ბენეფიციარის (მ.შ., შესაძლოა, რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ კოვიდ 19-ის დიაგნოზით და მიღების მომენტში აქვთ ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა, რომელთა მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს იგივე უსაფრთხოების ზომები და შეზღუდვები, როგორიც იქნებოდა გამოყენებული მაცხოვრებლების დაწესებულებაში ყოფნისას COVID 19-ით დაავადების შემთხვევაში) მიღებისას შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა დადგინოს, აქვს თუ არა მას რესპირატორული დაავადებების ნიშნები, მათ შორის, ცხელება, ხველა ან ქოშინი. აღნიშნული ნიშნების შემთხვევაში არ დაუშვას ბენეფიციარი დაწესებულებაში, დაუყოვნებლივ დარეკოს 112-ზე და აცნობოს სააგენტოს და დკსჯეც-ს;

ვ) შეაფასოს თითოეული ბენეფიციარი ყოველდღიურად, აქვთ თუ არა ცხელება (≥38C), ხველა ან ქოშინი;

ზ) ცხელების ან რესპირატორული სიმპტომების გაჩენისთანავე, სამედიცინო სერვისის მისაღებად დაუყოვნებლივ დარეკოს 112-ზე;

თ) პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს/ჩანაცვლდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

თ.ა) მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონები ბოლო 12 დღის განმავლობაში;

თ.ბ) ბოლო 12 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ COVID-19-ის მქონე პირებთან (უნდა გაიარონ თვითიზოლაცია ან კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

თ.გ) ინფიცირებულია, აღენიშნება ცხელება ან დაავადების რომელიმე სიმპტომი;

თ.დ) მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს: 70 წელს გადაცილებული ან/და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ი) სამსახურში თანამშრომლის არგამოცხადების შემთხვევაში გამოიკვლიოს/მოიკითხოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა;

კ) ყველა თანამშრომელს დაწესებულების შესასვლელთან ჩაუტაროს თერმოსკრინინგი;

ლ) დაუყოვნებლივ დაატოვებინოს დაწესებულება ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს და გადაამისამართოს სამედიცინო პერსონალთან;

მ) აწარმოოს თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს შორის, განსაკუთრებით COVID-19-ის მქონე პირებთან კონტაქტის ზედამხედველობა;

ნ) თუ ბენეფიციარს ან პერსონალს ტესტირების შედეგად დაუდასტურდა COVID-19:

ნ.ა) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, COVID-19-ის მქონე პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს დაავადების მკურნალობისთვის განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. კერძოდ, იმ პაციენტების, რომელთაც აქვთ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკფაქტორები, როგორიცაა ასაკი 60 წელი და მეტი და თანმხლები დაავადებების არსებობა (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის პროტოკოლი)[5] სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა მოხდეს COVID-19-ის მქონე პაციენტების კლინიკური სურათის შეფასება და სიმძიმის გათვალისიწინებით, მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტიულების მიღება შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით[6];

ნ.ბ) თუ ეს შეუძლებელი, ან პაციენტი არ არის რისკჯგუფში და მისი სიმპტომები მსუბუქია (არ აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა), და თუკი საცხოვრისში მისი იზოლირება შესაძლებელია, COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტს შესაძლებელია ადგილზე ჩაუტარდეს მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

ნ.გ) რეკომენდებულია, კომუნიკაციის შესაძლო გაძნელების პირობებში, შეცვლილი თვითაღქმის პირობებში სუნთქვის უკმარისობა დადგინდეს პულსოქსიმეტრების გამოყენებით.

ო) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ხორციელდება ეპიდზედამხედველობის ღონისძიებები კონტაქტების მოძიებასა და იზოლაციურ-შემზღუდავ ღონისძიებებზე[7]:

ო.ა) შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე პაციენტი რჩება ოთახში, რომელსაც აქვს საკუთარი სანიტარიული კვანძი;

ო.ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაციისა და დაწესებულებაში კარანტინის გამოცხადების თაობაზე;

ო.გ) ხორციელდება დაწესებულების მთელი პერსონალისა და ბენეფიციარის ჯანმრთელობის შემოწმება და ტესტირება COVID-19-ით დაინფიცირების გამოსავლენად;

ო.დ) კარანტინის პირობებში იკრძალება დაწესებულებაში უცხო პირების (მათ შორის, მნახველებისა, თუ ბენეფიციართა ოჯახის წევრების) დაშვება;

ო.ე) ტესტირების შედეგების საფუძველზე საზოგადოებირვი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციით ხორციელდება პერსონალის, ბენეფიციარის თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმიდან გათავისუფლების საკითხი.

მუხლი 6. უსაფრთხოების ზომები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს) (სტანდარტი №6)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) დაწესებულებაში სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში უზრუნველყოს ინფიცირებული სივრცის/ობიექტების ყოველდღიური დასუფთავება და უსაფრთხოების ზომების დაცვა:

ა.ა) თანამშრომლების მიერ იდს-ის (სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, ხალათი და თვალის დამცავი საშუალებები-სათვალე ან სახის ფარი) სწორი გამოყენება, კერძოდ: ხელის ჰიგიენის ჩატარება იდს-ის ჩაცმამდე და გახდის შემდეგ, არ უნდა ხდებოდეს იდს-ის შეხება/შესწორება/მორგება პაციენტის მოვლის დროს ან სახესთან შეხება. იდს-ის გახდა უნდა მოხდეს უშუალოდ ბენეფიციარის ოთახის დატოვებამდე. გამოყენებული იდს-ს უნდა მოთავსდეს ნარჩენების (ბიოუსაფრთხოების) თავსახურიან ურნაში ან კონტეინერში. რეკომენდირებულია უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ თვითკონტამინაცია (თვითდაბინძურება):

ა.ა.ა) მომსახურების დამთავრების შემდგომ სამედიცინო ნიღაბი (2 ან 3-ფენიანი) უნდა გადაიყაროს ნარჩენების (ბიოუსაფრთხოების) ურნაში/კონტეინერში;

ა.ა.ბ) მომსახურების დასრულების შემდეგ, თვალის/სახის დამცავი საშუალება უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

ა.ა.გ) მომსახურების დასრულების შემდეგ, ერთჯერადი ხალათი (უკან შესაკრავით) უნდა გადაიყაროს ნარჩენების (ბიოუსაფრთხოების) ურნაში/კონტეინერში, ხოლო მრავალჯერადი ხალათი მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში ან სპეციალურ ყუთში შემდგომი რეცხვისა და ხელმეორედ გამოყენებისთვის;

ა.ა.დ) ხელთათმანი სამუშაოს დამთავრების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო ერთჯერადი ხელთათმანი უნდა გადაიყაროს ბიოუსაფრთხოების ურნაში/კონტეინერში;

ა.ა.ე) სითხეგაუმტარი ფეხსაცმელი უნდა დეზინფიცირდეს და ერთჯერადი ბახილები − გადაიყაროს;

ა.ა.ვ) ერთჯერადი ჩაჩი (აუცილებელი არ არის) გამოყენების შემთხვევაში გადაიყაროს ბიოუსაფრთხოების ურნაში/კონტეინერში სამუშაოს დამთავრებისთანავე;

ა.ა.ზ) ნარჩენებისთვის გამოიყენოს პოლიეთილენის 2 (ორი) გამძლე პაკეტი (ან კონტეინერი), ერთი გამოყენებული ინდივიდუალური დაცვის ერთჯერადი საშუალებებისა და მეორე − მრავალჯერადი საშუალებების შესაგროვებლად. შესაძლებელია ერთჯერადი საშუალებების პოლიეთილენის თავმოკრული პარკის გადაგდება ,,არასახიფათო“ (საყოფაცხოვრებო) საერთო სამედიცინო ნარჩენებთან.

|იდს-ის ოპტიმალური გამოყენება ლოკაციის, სამიზნე პოპულაციის და აქტივობის მიხედვით |

|  |სამიზნე პოპულაცია |აქტივობა |იდს-ის ტიპი ან პროცედურა |

|ინფიცირებულის ოთახი |პერსონალი (ჯანდაცვის|COVID-19-ის მქონე პაციენტების მოვლა |სამედიცინო ნიღაბი; |

| |მუშაკი/მომვლელი) | |ხალათი; |

| | | |ხელთათმანები; |

| | | |თვალის დამცავი საშუალება (სათვალე ან სახის ფარი) |

| | |აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურების ჩატარება |N95 ან FFP2 რესპირატორი ან ეკვივალენტური სტანდარტის; |

| | |COVID-19-ის მქონე პაციენტებზე |ხალათი; |

| | | |ხელთათმანები; |

| | | |თვალის დამცავი საშუალება; |

| | | |წინსაფარი |

| |დამლაგებელი |COVID-19-ის მქონე პირის ოთახში შესვლა |სამედიცინო ნიღაბი; |

| | | |ხალათი; |

| | | |საყოფაცხოვრებო ხელთათმანები; |

| | | |თვალის დამცავი საშუალება; დახურული სამუშაო ფეხსაცმელი|

| |მნახველი |COVID-19-ის მქონე პირის ოთახში შესვლა |სამედიცინო ნიღაბი; |

| | | |ხალათი; |

| | | |ხელთათმანები |

|სხვა ადგილები სადაც |პერსონალი |ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არ მოიცავს |იდს-ის გამოყენება არ არის საჭირო |

|პაციენტი გადაადგილდება| |COVID-19-ის მქონე პაციენტებთან კონტაქტს | |

|(მაგ, კორიდორი) | | | |

|ადმინისტრაციული |პერსონალი |ადმინ. აქტივობები, რაც არ მოიცავს კონტაქტს |იდს-ის გამოყენება არ არის საჭირო |

|ადგილები | |COVID-19 ინფიცირებულებთან | |

|დროებითი საიზოლაციო |პერსონალი (ჯანდაცვის|შედის საიზოლაციო სივრცეში, მაგრამ პირდაპირ |მინიმუმ 1 მეტრის დისტანციის დაცვა; |

|ადგილი |მუშაკი/მომვლელი) |დახმარებას არ უწევს პირს |სამედიცინო ნიღაბი; |

| | | |ხელთათმანები |

| |პერსონალი (ჯანდაცვის|ჯანდაცვის დაწესებულებაში ტრანსპორტირებული პირის |სამედიცინო ნიღაბი; |

| |მუშაკი/მომვლელი) |პირდაპირი დახმარება |ხალათი; |

| | | |ხელთათმანები; |

| | | |თვალის დამცავი საშუალება |

| |დამლაგებლები |საიზოლაციო ადგილის დალაგება/წმენდა |სამედიცინო ნიღაბი; |

| | | |ხალათი; |

| | | |საყოფაცხოვრებო ხელთათმანები; |

| | | |თვალის დამცავი საშუალება; ბოტები ან დახურული სამუშაო |

| | | |ფეხსაცმელი. |

ა.ბ) სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19-ის მქონე ბენეფიციარზე აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურების ჩატარების დროს (მაგ.: ტრაქეის ამოტუმბვა, ინტუბაცია) უზრუნველყოს წვეთოვანი, კონტაქტური და ჰაერის გზით გადამდები ინფექციების უსაფრთხოების ზომების დაცვა. ჰაერის გზით გადამდები ინფექციების უსაფრთხოების ზომები მოიცავს მორგების ტესტის დაცვით N95, FFP2 ან FFP3[8] რესპირატორების ან ეკვივალენტური დონის ნიღბის, ხელთათმანების, ხალათის და თვალის დამცავი საშუალებების (სათვალე ან სახის ფარი) გამოყენებას;

ა.გ) დამლაგებლებმა და პერსონალმა, რომლებიც შედიან დაავადებულთან ან რომლებსაც შეხება აქვთ დაბინძურებულ თეთრეულთან, სარეცხთან და ა.შ. უნდა მოიხმარონ შესაბამისი იდს: ნიღაბი, საყოფაცხოვრებო ხელთათმანი, გრძელსახელოებიანი წყალგაუმტარი ხალათი (თუ ხალათი არ არის წყალგაუმტარი, უნდა გამოიყენონ წინსაფარი), სათვალე ან სახის ფარი და დახურული ფეხსაცმელი ან ბოტები. უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა იდს-ის ჩაცმის და გახდის შემდეგ.

ბ) COVID-19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები და სათავსები გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ქვეყანაში დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად.[9] კერძოდ, წყლითა და საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით დასუფთავების ჩატარება და საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება პროფილაქტიკური დასუფთავების ჩასატარებლად საკმარისია;

გ) მიზანშეწონილია 0,1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტის (ნეიტრალური სარეცხი საშუალება) გამოყენება (განზავება 1:50 თუ გამოყენებულია საყოფაცხოვრებო მათეთრებელი 5%-იანი კონცენტრაციით) ზედაპირების გაუვნებელყოფის მიზნით. იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის გამოყენების შედეგად, გაუვნებელყოფისათვის შესაძლოა 60-70%-იანი კონცენტრაციის ეთანოლის, ან სხვა სპირტშემცველი საშუალებების გამოყენება:

გ.ა) განსაკუთრებით კარგად უნდა იწმინდებოდეს ისეთი ზედაპირები, რომლებთანაც ხშირად ხდება შეხება (კედლები, კარები, სახელურები, შუქის ჩამრთველები, საჭე, ფანჯრები, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირები). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) უნდა გაირეცხოს ცხელი წყლის ციკლის გამოყენებით (90°C) და საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალების დამატებით;

გ.ბ) ელექტრონული საშუალებების, განსაკუთრებით საერთო მოხმარების მოწყობილობების (როგორიცაა მობილური ტელეფონები, პლანშეტი და სხვ.), ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ხშირად − 70% სპირტის შემცველი საწმედი საშუალებებით და გაშრობის შემდგომ მოხდეს მათი გამოყენება.

დ) უზრუნველყოფილი იყოს შშმ პირებისთვის საჭირო ინვენტარის დასუფთავება-დეზინფექცია: ეტლი, კიდურების პროთეზი, სმენის აპარატი, სიარულის საყრდენი (,,ხადულკა“), პანდუსი, აბაზანის აქსესუარები, ხელჩასავლები, დასაკიდი ხელსაბანი, მოძრავი სარკე და ა.შ. პერსონალმა დასუფთავება უნდა განხორციელოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით;

ე) შესაძლებელია დასუფთავება-დეზინფექციისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ან სპეციალური დანიშნულების ინვენტარი და მოწყობილობები. მრავალჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამუშაოს დამთავრების შემდგომ უნდა იყოს დეზინფიცირებული (მაგ.: 0.1%-იანი ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ან 60-70%-იანი ეთანოლი);

ვ) ყველა ქიმიური ნაწარმის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის რეკომენდაციები. დასუფთავების მიზნით ქიმიური ნაწარმის გამოყენებისას, როგორც წესი, აუცილებელია ობიექტის განიავება;

ზ) თუ კომერციულად დამზადებული სადეზინფექციო საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი, სადეზინფექციოდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქლორის შემცველი საყოფაცხოვრებო ხსნარის განზავებული კონცენტრაცია. ქლორის მინიმალური კონცენტრაცია უნდა იყოს 5000 ppm ან 0.5% (5%-იანი ქლორის შემცველი თხევადი ხსნარის 1:9 განზავების ეკვივალენტი);

თ) დაბინძურებული თეთრეული უნდა მოთავსდეს გარკვევით მარკირებულ, წყალგაუმტარ ჩანთებში ან კონტეინერებში, მას შემდეგ, რაც ბლაგვი საგნით ფრთხილად იქნება მოცილებული ნებისმიერი მყარი ექსკრემენტი, რომელიც უნდა მოთავსდეს დახურულ ქოთანში, რომლის დაცლაც უნდა მოხდეს საპირფარეშოში:

თ.ა) რეკომენდებულია სარეცხი მანქანით რეცხვა 60-900C-ზე საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების გამოყენებით. სარეცხის გაშრობა უნდა მოხდეს საშრობში. თუ საშრობი არ არის დაწესებულებაში, რეკომენდებულია სარეცხის გაშრობა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ;

თ.ბ) თუ შეუძლებელია სარეცხი მანქანით რეცხვა, შესაძლებელია თეთრეულის დალბობა საპნიან ცხელ წყალში, დიდ ვარცლში, სადაც ჯოხის გამოყენებით ფრთხილად უნდა მოხდეს მორევა, რათა თავიდან ავიცილოთ შეშხეფება. ვარცლი უნდა დაიცალოს და თეთრეულის დალბობა უნდა მოხდეს 0.05% (500 ppm) ქლორის შემცველ ხსნარში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. და ბოლოს, სარეცხის გავლება უნდა მოხდეს სუფთა წყლით და თეთრეული უნდა გაშრეს საშრობი მანქანის საშუალებით ან მზეზე სრულყოფილად.

3. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება დაწესებულებაში სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირების დროს.

მუხლი 7. ინფექციის წყაროს (დაავადებულის (მ.შ., უსიმპტომო) კონტროლი-მკურნალობა და შიდა გადაცემის პრევენცია (სტანდარტი №7)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულებაში უზრუნველყოფილია COVID-19-ის ინფექციის წყაროს (დაავადებულის (მ.შ., უსიმპტომო) კონტროლი-მკურნალობის ორგანიზება და შიდა გადაცემის პრევენცია.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) თუ არსებობს ეჭვი ან ბენეფიციარს დაუდასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი, მიღებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა.ა) აცნობოს შესაბამის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას ან სპეციალურ დაწესებულებას და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბენეფიციარები გადაიყვანოს იზოლირებულ ადგილას;

ა.ბ) გაუკეთოს სამედიცინო ნიღაბი ბენეფიციარს და ოთახში მყოფ სხვა პირებს;

ა.გ) უზრუნველყოს საეჭვო ბენეფიციარისა და თანამშრომლის ტესტირება COVID-19 ინფექციაზე ქვეყნის ეპიდზედამხედველობის პოლიტიკის შესაბამისად.

ბ) თუ ეს შესაძლებელია, COVID-19-ის მქონე ბენეფიციარი უნდა განთვასდეს ცალკე ოთახში;

გ) თუ ინფიცირებული ბენეფიციარის ცალკე ოთახში განთავსება შეუძლებელია, განათავსეთ ბენეფიციარები COVID-19-ზე საეჭვო და დადასტურებული ჯგუფების შესაბამისად:

გ.ა) COVID-19-ზე საეჭვო ბენეფიციარები შესაძლებელია განთავსდნენ ერთად. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი შერევა COVID-19-ზე დადასტურებულ პაციენტებთან;

გ.ბ) COVID-19-ზე საეჭვო და დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარები არ უნდა განათავსდნენ დანარჩენ პირებთან ერთად;

დ) ასეთი ოთახები მოინიშნოს და მათ შესასვლელთან განათავსდეს საჭირო საშუალებები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციების მიხედვით (კონტაქტური და წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების უსაფრთხოების ზომები);

ე) ცალკე გამოიყოს სამედიცინო აღჭურვილობა, (მაგ. თერმომეტრები, წნევის საზომი აპარატები, პულსოქსიმეტრი და ა.შ.), რომელსაც პერსონალი გამოიყენებს მხოლოდ COVID-19–ზე საეჭვო ან დადასტურებული პაციენტებისათვის;

ვ) გაიწმინდოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია სამედიცინო აღჭურვილობას სხვა ინფიცირებულთან გამოყენებამდე;

ზ) შეიზღუდოს პირადი ნივთების (გადაადგილების საშუალებები, წიგნები, ტელეფონი, ელექტრონული მოწყობილობები) გაზიარება ბენეფიციარებს შორის;

თ) განხორციელდეს საერთო მოხმარების საგნების სათანადო დეზინფექცია;

ი) იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად COVID-19-ის მქონე პაციენტ(ებ)ის მოვლა ხდება ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში, დადასტურებული COVID-19-ის მქონე პაციენტმა არ უნდა დატოვოს საკუთარი ოთახი მანამ, სანამ ავადაა. თუ ოთახში არ არის ინდივიდუალური ტუალეტი, პაცინეტებისათვის გამოიყოს ერთი ტუალეტი ან საერთო მოხმარების ტუალეტის გამოყენების შემდგომ განხორციელდეს დეზინფექცია;

კ) COVID-19-ის მქონე პაციენტ(ებ)ის დაწესებულებაში მოვლის შემთხვევაში, პაციენტები იზოლაციაში უნდა დარჩნენ მანამ, სანამ სიმპტომების გაქრობის შემდეგ ექნებათ ლაბორატორიული ტესტირების ორი უარყოფითი შედეგი COVID-19-ზე მინიმუმ 24-საათიანი შუალედით. სადაც ტესტირება შეუძლებელია, ჯანმო-ს რეკომენდაციით, დადასტურებული COVID-19-ის მქონე პაციენტები, სიმპტომების ალაგების შემდეგ იზოლაციაში უნდა დარჩნენ დამატებით ორი კვირის განმავლობაში;

ლ) ბენეფიციარის დაავადების მკურნალობისთვის განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, მკურნალობის რეჟიმთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, დაწესებულებამ უზრუნველყოს ბენეფიციართან კავშირი, ზრუნვა, მეთვალყურეობა და სამედიცინო პერსონალის კონსულტაციებით დახმარება ბენეფიციარის თავისებურებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ.

3. აღნიშნული მუხლი მოქმედებს დაწესებულებაში სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირების დროს.

მუხლი 8. ანგარიშგება და კოორდინაცია პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან (სტანდარტი №8)

1. მოსალოდნელი შედეგი:

დაწესებულება/ორგანიზაცია ახორციელებს COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების კოორდინაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს COVID-19-ის ნებისმიერი სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის, ასევე მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება/ანგარიშგება შესაბამისი უწყებებისთვის;

ბ) თვალი მიადევნოს და შეასრულოს ქვეყანაში იპკ-ზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული რეკომენდაციები, სტანდარტები და რეგულაციები (მ.შ. ცვლილებები);

გ) მათი შესრულების მიზნით ითანამშრომლოს/მიმართოს და გამოიყენოს სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლების და დონორი ორგანიზაციების შესაძლებლობები, მ.შ. ტესტირების, სკრინინგის, ინდივიდუალური დაცვის და სადეზინფეციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით;

დ) იპკ-თან დკავშირებულ საკითხებში გასარკვევად მიმართოს კონსულტაციებისთვის შესაბამის უწყებებს და/ან საინფორმაციო წყაროებს.

მუხლი 9. ბენეფიციარებისა და პერსონალის მხარდაჭერა (სტანდარტი №9)

1. მოსალოდნელი შედეგი:

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის უარყოფითი ზეგავლენა ბენეფიციართა და თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე შემცირებულია (იპკ ღონისძიებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ბენეფიციარებისა და პერსონალის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით იდს-ის გამოყენებამ, მნახველებისა და ჯგუფური აქტივობების შეზღუდვამ. ხანდაზმულ და შშმ ადამიანებს, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფებს და მათ, რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა, ეპიდაფეთქების ან იზოლაციაში ყოფნის დროს შეიძლება გაუძლიერდეთ შფოთვა, სიბრაზე, აგზნება, ჩაიკეტონ საკუთარ თავში ან მიიღონ სტრესი).

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს ეპიდაფეთქების და იზოლაციაში ყოფნის დროს ბენეფიციართა პრაქტიკულ და ემოციურ მხარდაჭერას ოჯახებისგან (არსებობის შემთხვევაში), პერსონალისგან და ჯანდაცვის მუშაკებისგან;

ბ) რეგულარულად მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია ბენეფიციარებს, თანამშრომლებსა და პერსონალს COVID-19-ის შესახებ;

გ) კომუნიკაციის გაუმჯობესების, ინფორმირებულობის გაზრდისა და სტრესის მართვის მიზნით, ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოს დამატებითი ელეტრონული საშუალებების (ტელევიზორი, რადიო, კომპიუტერი, ტელეფონი, სხვ.) მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში სწავლება და ინტერნეტზე წვდომა. ასევე ინტერესების შესაბამისად ხატვის, კითხვის, ინტელექტუალური და სამაგიდე თამაშების ხელშეწყობა;

დ) იზრუნოს პერსონალის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური სტრესისგან დასაცავად, რაც განპირობებულია გადატვირთული სამუშაოთი და უსიამოვნო მოვლენებით, ასევე სტიგმატიზაციით, მათ მიმართ დაავადების მაღალი რისკის გამო ოჯახებსა და საზოგადოებაში არსებული შიშით და სხვა, რათა მათ შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება;

ე) პერსონალის კეთილდღეობის რეგულარული და მხარდამჭერი მონიტორინგი, დროული კომუნიკაცია და ზრუნვის განხორციელება;

ვ) გაითვალისწინოს პერსონალის დასვენების, ანაზღაურებისა და აღდგენის საჭიროება, ასევე, ალტერნატიული კადრების ხელმისაწვდომობა საჭიროებისამებრ;

ზ) უზრუნველყოს პერსონალისთვის მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;

თ) პერსონალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დაცულია უსაფრთხოების ზომები, რითაც თავიდან იქნება აცილებული მათი ზედმეტი ნერვიულობა და შფოთვა.

-----------------------

[1] შემუშვებულია ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით,

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331508/WHO-2019-nCoV-IPC_long_term_care-2020.1-eng.pdf

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896616?publication=1

[3] NCDC ,,ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების დროს“ https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=5c3c1f34-e56c-41fe-a0e0-001b7e15d868

[4] https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Brdzaneba_01-144_COVID_19__Danarti.pdf

[5] ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვაhttps://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Protokoli_covid-19_-24.03.2020.pdf

[6] NCDC-ინფექციების პრევენცია და კონტროლი პოტენციურად COVID 19 -ის მქონე პაციენტებისთვის.  - ტრიაჟი https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=841120c8-c570-40f6-b3d1-19e5f6e702fa

[7] რეკომენდაციები სახელმწიფო ზრუნვის 24 საათიან დაწესებულებებში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=f73430ed-2bcf-4a8b-a2d0-4cb133192d2c

[8] https://fastlifehacks.com/n95-vs-ffp/#N95_vs_FFP3_FFP2;

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public/when-and-how-to-use-masks

[9] NCDC ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) სავარაუდოდ ექსპოზირებული შშმ პირთა განთავსების ობიექტებში დასუფთავება- დეზინფექციისა და იზოლირებულ პირთა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მომსახურების (დასუფთავება, საკვების/პროდუქტის დარიგება-მიწოდება) განმახორციელებელი პერსონალისთვის“; https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=cd102acb-90c8-40fe-b45a-f70b42ee5522