,,ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის N3/165 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/65 |
|
2020 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი |
ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის №69-ში (საკადასტრო კოდი 05.22.39.004) მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კუთხის შენობას, ძეგლის სტატუსი მიენიჭა ,,ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანებით (დანართი 1, პუნქტი 92). ბრძანებაში შენობა დაფიქსირებულია მისამართით ფარნავაზ მეფის ქ. №69/ლ. ასათიანის ქ.№33.
შენობა, რომელსაც, მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, წარმოადგენს კონსტრუქციულად და არქიტექტურულად დამოუკიდებელ ნაგებობას და აგებულია თანამედროვე პერიოდში (1990-2000 წლების მიჯნაზე), თანამედროვე მასალით. იგი საკადასტრო გეგმაზე გამოსახულია, როგორც შენობა №1. ინვენტარიზაციისას, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემას, ასევე, 2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გაჩნია ისტორიული ღირებულება და წარმონადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე.
შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია, რაც ასევე დასტურდება სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2020 წლის 17 აგვისტოს №14 ოქმით.
ზემოაღნიშნული გარემოებები უპირობოდ მიუთითებენ, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანება, 92-ე პუნქტით განსაზღვრულ, ზემოაღნიშნული შენობის ნაწილში, გამოცემის მომენტიდანვე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთანავე, სააგენტომ 2020 წლის 31 ოქტომბრის №09/2900 წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის 69-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 16/09/2020წ MES7200000843429 მომართვით დგინდება, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების თანახმად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მინიჭებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებებისლებები, მათ შორის ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის უფლებამოსილება, სამინისტროს მიერ გადაცემული აქვს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრო უთითებს, რომ სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის 69-ში (ფარნავაზ მეფის ქ. №69/ასათიანის ქუჩა №33) მდებარე შენობასთან მიმართებაში.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 601 მუხლის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 03 თებერვლის №05/11 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 16/09/2020წ. MES7200000843429 წერილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების:
ა) №1 დანართის 92-ე პუნქტი;
ბ) №2 დანართის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის – ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. №69 ასათიანის ქ. №33 სააღრიცხვო ბარათი №0103161.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
3. ბრძანების გაცნობა დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.№52) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6.
გენერალური დირექტორინიკოლოზ ანთიძე