წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა რეგულარული გადაყვანა;
ბ) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
გ) ავტობუსის გაჩერება – მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის სპეციალურად მონიშნული ადგილი;
დ) M2 კატეგორია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;
ე) M3 კატეგორია – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;
ზ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურსის მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;
თ) მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი;
ი) მძღოლი – პირი, რომელიც მართავს ავტობუსს საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით;
კ) GPS მონიტორინგის სისტემა – GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე;
ლ) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალება – მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება;
მ) ნებართვა – კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება;
ნ) ნებართვის გამცემი – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
ო) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;
პ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;
ჟ) ნებართვის გაცემის ფასი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე, თვეზე გაანგარიშებით;
რ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ს) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ტ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
უ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;
ფ) ფორსმაჟორი – მოვლენები, რომლებიც ცდება მხარეთა გონივრულ კონტროლს, შეუძლებელია მისი თავიდან აცილება და ამასთან აფერხებს ან შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შემდგომ შესრულებას და არ არის გამოწვეული იმ მხარის დაუდევარი მოქმედებით, რომლის ვალდებულების შესრულების უნარიც შეიზღუდა. ფორსმაჟორად ჩაითვლება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მასობრივი ეპიდემიები და სხვა მასობრივი სტიქიური კატაკლიზმები, ტერორიზმი, ბლოკადა, ემბარგო, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, საგანგებო მდგომარეობა, ომი, სამოქალაქო ომი, ლოკაუტი, გაფიცვა;
ქ) ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც ფორმდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის და რომლითაც ზუსტდება მხარეთა გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
ღ) „ლოტი“ – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 ან/და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული ან რამდენიმე მარშრუტის შესაბამისად;
ყ) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა