აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-129/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016820
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-129/ნ

2020 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები (დანართი №1).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში რეგისტრირებული ყველა იმ მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომლებიც ახორციელებენ აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მათ შორის, დიაგნოსტიკასა და აბილიტაცია-რეაბილიტაციას. 

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მონიტორინგს განახორციელებს იმ უწყების/ორგანიზაციის შესაბამისი სამსახური, რომელშიც რეგისტრირებულია აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (1)
129-danarti.doc DOC

დანართი №1

აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები

მუხლი 1. შესავალი

1. ტერმინი „აუტიზმი“ ეწოდება რეციპროკული სოციალური ინტერაქციის და კომუნიკაციის ხარისხობრივ ცვლილებას, რომელსაც ახლავს შეზღუდული ინტერესები და რიგიდული, განმეორებადი ქცევები, რომლის ზეგავლენაც გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ამ ნიშნებთან ერთად აუტიზმის მქონე პირებს შეიძლება, ჰქონდეთ კოგნიტური, დასწავლის, ენის, სამედიცინო, ემოციური და ქცევითი პრობლემები, რუტინის მოთხოვნილება, სხვა ადამიანების სურვილებისა და გრძნობების გაგების პრობლემა. აუტიზმის მქონე პირების დაახლოებით 30%-ს აქვთ ინტელექტუალური უნარის შეზღუდვა (IQ <70), 30%-ის ვერბალური უნარი მინიმალურია, ხოლო 70%-ს შეიძლება, ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სხვა (ხშირად ამოუცნობი) ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის, ძილის დარღვევა, კვების აშლილობა, ეპილეფსია, შფოთვა, დეპრესია, ყურადღების პრობლემა, დისპრაქსია, მოტორული კოორდინაციის პრობლემა, სენსორული დარღვევები, თვითდამაზიანებელი ან სხვა რთული (ზოგჯერ აგრესიული) ქცევა. ამ პრობლემებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აუტიზმის მქონე პირის, მისი და-ძმის და ოჯახის ცხოვრების ხარისხზე და გამოიწვიოს სოციალური მოწყვლადობა.

2. აუტიზმის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია მისი სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის, თანმხლები მდგომარეობების განსხვავებულობის, კოგნიტური უნარების ფართო სპექტრის (ძალიან ღრმადან საშუალოზე მაღალი უნარის არსებობის) გამო.

3. აუტიზმის მომსახურების ხარისხის სტანდარტი ფოკუსირებულია იმისთვის, რომ სერვისები კოორდინირებული იყოს ყველა რელევანტურ უწყებებს შორის.

4. ფუნდამენტური მოთხოვნაა, რომ მიწოდებული სერვისი პიროვნებაზე ცენტრირებული და ხარისხიანია და ეფუძნება ინტეგრირებული მიდგომის პრინციპებს. ინტეგრირებული მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სერვისების ინტეგრაციას საერთო ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, რაც ამავე დროს არის ხარჯთეფექტური და მდგრადი.

5. საქართველოში 2018 წელს დამტკიცდა აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი). მოცემული ხარისხის სტანდარტიც ეფუძება ამ პროტოკოლს. ეს სტანდარტი გამოყენებული უნდა იყოს პროტოკოლთან ერთად არსებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2. სტანდარტების შინაარსი

მომსახურების მიწოდების სტანდარტების შემუშავება და ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მომსახურებების მოყვანა აუცილებელი ეტაპია ქვეყანაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების დაცვისა და მათზე ზრუნვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. დოკუმენტი მოიცავს მინიმალური სტანდარტების მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების ინდიკატორების აღწერას და შედგება შემდეგი სტანდარტებისგან:

ა) სტანდარტი N1: ინფორმაცია მომსახურების და ბენეფიციარის შესახებ;

ბ) სტანდარტი N2: მომსახურების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა;

გ) სტანდარტი N3: კონფიდენციალობის დაცვა;

დ) სტანდარტი N4: ძალადობისგან დაცვა და ფიზიკური უსაფრთხოება;

ე) სტანდარტი N5: მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა – ინდივიდუალური გეგმა;

ვ) სტანდარტი N6: მომსახურების კოორდინირება – შემთხვევის მართვა;

ზ) სტანდარტი N7: აუტიზმის ძირითადი ნიშნების სამედიცინო მონიტორინგი;

თ) სტანდარტი N8: აუტიზმის ძირითადი ნიშნების ფსიქო-სოციალური ინტერვენცია;

ი) სტანდარტი N9: აუტიზმის ძირითადი ნიშნები და მედიკამენტური მკურნალობა;

კ) სტანდარტი N10: რთული ქცევის სავარაუდო ტრიგერის შეფასება და გამწვავების პრევენცია;

ლ) სტანდარტი N11: ინტერვენცია რთული ქცევისთვის/კრიზისის მართვა;

მ) სტანდარტი N12: სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემო, უსაფრთხოება და ინკლუზიურობა;

ნ) სტანდარტი N13: უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები;

ო) სტანდარტი N14: პერსონალთან დაკავშირებული მოთხოვნები – კომპეტენციები;

პ) სტანდარტი N15: მომსახურების შეწყვეტის/ტრანზიციის პროცედურები;

ჟ) სტანდარტი N16: მშობელთა/მზრუნველთა ჩართულობა და მხარდაჭერა.

მუხლი 3. სტანდარტების სამიზნე ჯგუფები

აუტიზმის ხარისხის სტანდარტი გამიზნულია აუტიზმის მქონე ბავშვებზე, მოზარდებზე, ზრდასრულებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც საჭიროებენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებს.

მუხლი 4. სტანდარტების სამიზნე დაწესებულებები და მომსახურებები

1. სტანდარტების სამიზნე დაწესებულებებია:

ა) სპეციალიზებული ცენტრები და კლინიკები, რომლებიც ახორციელებენ აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მათ შორის დიაგნოსტიკასა და აბილიტაცია-რეაბილიტაციას;

ბ) სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

2. სტანდარტების სამიზნე მომსახურებებია:

ა) მომსახურებები, რომლებიც მიეწოდება აუტიზმის მქონე პირებს სახელმწიფო უწყებების მიერ;

ბ) მომსახურებები, რომელთაც სახელმწიფო უწყებები შეისყიდიან აუტიზმის მქონე პირებისთვის არასამთავრობო და/ან კერძო სექტორისგან;

გ) მომსახურებები, რომელთაც სახელმწიფო უწყებები უსასყიდლოდ იღებენ აუტიზმის მქონე პირებისთვის არასამთავრობო და/ან კერძო სექტორისგან მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

დ) მომსახურებები, რომელთაც არასახელმწიფო უწყებები/ერთეულები აწოდებენ აუტიზმის მქონე პირებს მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

მუხლი 5. სტანდარტების გავრცელების სფერო

1. რეკომენდებულია, რომ შემუშავებული სტანდარტები გავრცელდეს ქვემოთ მოცემულ ოთხივე ფორმის მომსახურებაზე:

ა) მომსახურებები, რომლებიც ხორციელდება აუტიზმის მქონე პირებისთვის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უწყებების მიერ;

ბ) მომსახურებები, რომელთაც ზემოაღნიშნული სახელმწიფო უწყებები შეისყიდიან აუტიზმის მქონე პირებისთვის არასამთავრობო და/ან კერძო სექტორისგან;

გ) მომსახურებები, რომელთაც ზემოაღნიშნული სახელმწიფო უწყებები უსასყიდლოდ იღებენ აუტიზმის მქონე პირებისთვის არასამთავრობო და/ან კერძო სექტორისგან მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

დ) მომსახურებები, რომელთაც არასახელმწიფო უწყებები/ერთეულები აწოდებენ აუტიზმის მქონე პირებს მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

2. შესაძლებელია, რომ ყველა სტანდარტი ერთდროულად არ შევიდეს ძალაში და შინაარსიდან გამომდინარე გაკეთდეს დათქმები კონკრეტული სტანდარტის ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით.

მინიმალური სტანდარტები მომსახურებათა მიმწოდებლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აუტიზმის მქონე პირებთან

მუხლი 6. სტანდარტი N1 - ინფორმაცია მომსახურების და ბენეფიციარის შესახებ

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებელს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად აქვს:

ა.ა) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს:

ა.ა.ა) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;

ა.ა.ბ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს;

ა.ა.გ) ბენეფიარის და მისი ოჯახის/კანონიერი წარმომადგენლის კონფიდენციალობის დაცვის საკითხებს;

ა.ა.დ) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების/პირების ქცევის წესებს;

ა.ა.ე) ბენეფიციარისა და სპეციალისტის უსაფრთხოების დაცვის ზომებს.

ა.ბ) აუტიზმის დიაგნოსტიკასა და მართვაზე მომუშავე ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონიტორინგის განმახორციელებლისთვის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

ბ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე/პაციენტის ისტორია, რაც მოიცავს:

ბ.ა.ა) შეფასების ანგარიშებსა და ინდივიდუალურ გეგმებს იმ რაოდენობით, რომელიც უნდა ჰქონდეს განხორციელებული სტანდარტის მიხედვით იმ პერიოდში, რა პერიოდითაც იყო ბენეფიციარი ჩართული მომსახურებაში;

ბ.ა.ბ) დაბადების მოწმობის ასლს;

ბ.ა.გ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელ საბუთს და მის ასლს, მზრუნველის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლს;

ბ.ა.დ) ბენეფიციარის შეფასების შესახებ ჩანაწერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა);

ბ.ა.ე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, თუ ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა;

ბ.ბ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელსაც ახლავს სამუშაო აღწერილობა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (თითოეული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული ფორმით);

ბ.გ) აუტიზმის მქონე პირზე ძალადობის და/ან უსაფრთხოების ხელმყოფი ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა;

ბ.დ) კანონიერ წარმომადგენელთან/მზრუნველთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დანართიც არის ინფორმირებული თანხმობა მომსახურების პროცესში თანამშრომლობაზე (თითოეული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული ფორმით).

მუხლი 7. სტანდარტი №2 – მომსახურების ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარს და მის კანონიერ წარმომადგენელს/მზრუნველს მიეწოდა მომსახურება რასობრივი, სქესობრივი, ენობრივი, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

2. ბენეფიციარის ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მომსახურების მიმწოდებელი ზრუნავს, იმაზე რომ ბენეფიციარმა მიიღოს თემში არსებული, მისთვის შესაბამისი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური თუ სოციალური მომსახურება(ები). მომსახურების მიმწოდებელი აღიარებს რა ბავშვის უფლებათა კონვენციითა და შშმპ უფლებათა კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების პროცესში იცავს თითოეული ბენეფიციარის უფლებებსა და თავისუფლებებს.

3. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებელი ბენეფიციარებს აწვდის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებულ მომსახურებას, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისგან, რამაც შეიძლება, თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან;

ბ) ბენეფიციარს მიეწოდება მომსახურება, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის ან სხვა რამ ვითარებისა;

გ) მომსახურების მიმწოდებელი ხელს უწყობს ბენეფიციარებს თემში/ქვეყანაში არსებულ სხვა მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა და სხვა) დაკავშირებაში.

მუხლი 8. სტანდარტი №3–კონფიდენციალობის დაცვა

1. სტანდარტის მიზანი: დაცულია ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. კანონიერი წარმომადგენელი/მზრუნველი ინფორმირებულია იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებელს:

ა.ა) შინაგანაწესში გაწერილი აქვს კონფიდენციალობის დაცვისა და ინფორმაციის გაცემის შესახებ გასახორციელებელი წესები, მათ შორის:

ა.ა.ა) მომსახურების ფარგლებში კანონიერი წარმომადგენლის/მზრუნველის კორესპონდენციის, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვა;

ა.ა.ბ) ბენეფიციარის და მისი კანონიერი წარმომადგენლის/მზრუნველის პირადი ინფორმაციის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების და სხვა) საჯაროდ განხილვისგან დაცვის წესები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა, მაგ.: სამედიცინო დაწესებულება, სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ (ები), საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პოლიცია);

ბ) მომსახურების მიმწოდებელი:

ბ.ა) ბენეფიციართა პირად საქმეებს (მათ შორის შემთხვევის განხილვის ჩანაწერებს) ინახავს სათავსში, რომელიც იკეტება, ხოლო ელექტრონული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, მასზე წვდომა აქვს მხოლოდ სერვისის ადმინისტრატორსა და სერვისის განხორცილებაში ჩართულ სპეციალისტებს;

ბ.ბ) მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, ბენეფიციარის პირად საქმეს ინახავს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, შიდა სტანდარტის და ორგანიზაციის შინაგანაწესის შესაბამისად. თითოეული შეწყვეტილი შემთხვევა აღრიცხული იქნება ორგანიზაციის შინაგანაწესის მიხედვით;

ბ.გ) ბენეფიციარის პირად საქმეში/ისტორიაში ინახება კანონიერი წარმომადგენლის/მზრუნველისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება ამ ბენეფიციარის პირადი საქმის ასლის სხვა ორგანიზაციაზე გაცემის შესახებ და მიღებული წერილობითი თანხმობა.

მუხლი 9. სტანდარტი N4 – ძალადობისგან დაცვა და ფიზიკური უსაფრთხოება

1. სტანდარტის მიზანი: მომსახურებაში ბენეფიციარი დაცულია ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულებელყოფა); ბენეფიციარზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროულადაა გამოვლენილი და განხორციელებულია მათზე სათანადო რეაგირება.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) ბენეფიციარი დაცულია ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულებელყოფა) მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან;

ბ) მომსახურების მიმწოდებელს აქვს შიდა რეგულაციები ბენეფიციართა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ხელმძღვანელობს ამ რეგულაციებით;

გ) მომსახურების მიმწოდებელი იცნობს ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებითა და ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხელმძღვანელობს ამ კანონმდებლობით;

დ) მომსახურების მიმწოდებელი ბენეფიციარზე ნებისმიერი ფორმით ძალადობის გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის პერსონალის მხრიდან, დაუყოვნებლივ რეაგირებს შიდა რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად (ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოს, როგორიცაა, შესაბამისი უწყების/დაწესებულების ადმინისტრაცია ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ან/და საპატრულო პოლიცია);

ე) მომსახურების მიმწოდებელი ხელს უწყობს დახმარების მიზნით იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც ესაჭიროება ძალადობის მსხვერპლ ან ძალადობრივი ქცევის მქონე ბენეფიციარს;

ვ) მომსახურების მიმწოდებელი დაუყონებლივ რეაგირებს დახმარების აღმოსაჩენად, როდესაც სახეზეა ბენეფიციარის მხრიდან თვითდაზიანების, ან სხვათა დაზიანების ქმედება/მაღალი რისკი;

ზ) მომსახურების მიმწოდებელი აწარმოებს ჟურნალს, სადაც აღრიცხულია ძალადობის ყველა შემთხვევა და მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები;

თ) მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას ბენეფიციართა ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის უსაფრთხო, ჯანსაღ ფიზიკურ გარემოში, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესახებ საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 10. სტანდარტი N5 – მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა – ინდივიდუალური გეგმა

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარებს აქვთ ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შემუშავდა და ხორციელდება აუტიზმის გუნდის მიერ ამ პირებთან, მათ (საჭიროების შემთხვევაში) მზრუნველებთან პარტნიორული ურთიერთობით.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) ყველა ბენეფიცირს აქვს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც შემუშავდა და ხორციელდება აუტიზმის გუნდის მიერ ამ პირებთან, მათ (საჭიროების შემთხვევაში) მზრუნველებთან პარტნიორული ურთიერთობით;

ბ) ინდივიდუალური გეგმა ეყრდნობა სრულ დიაგნოსტიკურ შეფასებას და საჭიროებების განსაზღვრას, ითვალისწინებს ბენეფიციარის ძლიერ მხარეებსა და რესურსებს, მოიცავს სერვისების კოორდინირებას და მიზნად ისახავს ბენეფიციარის საჭიროებათა დაკმაყოფილებისა და საუკეთესო გამოსავალის მიღწევას;

გ) უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გეგმის პერიოდული გადახედვა, რადგან პირის საჭიროებები და გარემოებები შეიძლება შეიცვალოს;

დ) ინდივიდუალურ გეგმაში გათვალისწინებულია ყველა ის საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სერვისი, რომელსაც პირი იღებს;

ე) ინდივიდუალური გეგმა მოიცავს:

ე.ა) ნებისმიერ პოსტ-დიაგნოსტიკურ მხარდაჭერას, რასაც პირი ან მისი ოჯახი და მზრუნველი საჭიროებს;

ე.ბ) ინტერვენციას და მხარდაჭერას ვადის მითითებით, რაც რელევანტურია კონკრეტული ბენეფიციარისთვის, მათ შორის კლინიკურ ინტერვენციას და სოციალურ მხარდაჭერას, განათლებასთან, დასაქმებასთან და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას;

ე.გ) იმ ტრიგერის პრევენციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რთული ქცევა;

ე.დ) ასაკის შესაბამისად (არაუგვიანეს 14 წლის ასაკიდან) ზრდასრულთა სერვისში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტრანზიციის მართვას;

ე.ე) ნებისმიერ სხვა დამატებით ინტერვენციას, რაც საჭიროა გამოვლენილი თანმხლები მდგომარეობის გამო.

ვ) იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ რთული ქცევა ან მრავლობითი საჭიროება, ინდივიდუალური გეგმა მოიცავს რისკის მართვის გეგმასაც.

მუხლი 11. სტანდარტი N6 – მომსახურების კოორდინირება - შემთხვევის მართვა

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარებისა და სოციალური ინკლუზიის საჭიროებები დადგენილია და უზრუნველყოფილია სათანადო მხარდამჭერი მომსახურებები.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) ყველა ბენეფიციარს ჰყავს შემთხვევის მენეჯერი, რომელიც კოორდინირებას უწევს იმ სერვისებსა და მხარდაჭერას, რაც გაწერილია ინდივიდუალურ გეგმაში;

ბ) შემთხვევის მენეჯერი უზრუნველყოფს ბენეფიციარის საწყისი შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და შეფასების განხორციელებას;

გ) შემთხვევის მენეჯერი სათანადო ვადებში უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრებს ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შესამუშავებლად და ბენეფიციარის პროგრესის განსახილველად; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს შემთხვევის კონფერენციებს;

დ) შემთხვევის მენეჯერი უზრუნველყოფს ჩარევის ინდივიდუალური გეგმის შესრულების მონიტორინგს და მის გადასინჯვას;

ე) შემთხვევის მენეჯერი მჭიდროდ თანამშრომლობს ბენეფიციარის მშობელთან/მზრუნველთან და ბენეფიციარის ზრუნვაში ჩართულ სხვა სპეციალისტთან/უწყებასთან/პირთან;

ვ) შემთხვევის მართვა წარმოებს იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს მომსახურებათა ეფექტიან მიწოდებას, უწყვეტობას და მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას;

ზ) მომსახურების ინდივიდუალური მიწოდების ყველა ჩანაწერი და დოკუმენტაცია თავმოყრილი და განახლებულია შემთხვევის მენეჯერის მიერ;

თ) შემთხვევის მენეჯერი ბენეფიციარის მზრუნველთან ერთად კოორდინაციას უწევს ბენეფიციარის დაგეგმილ ტრანზიციას, შემთხვევის დახურვას, მომსახურებიდან გასვლას და სხვა მომსახურებაში გადამისამართებას;

ი) შემთხვევის მენეჯერი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვა საჭირო მომსახურებების (განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ა.შ.) შესახებ და ეხმარება ბენეფიციარს მათ წვდომაში;

კ) შემთხვევის მენეჯერი ბავშვებისა და მოზარდებისთვის შეიძლება იყოს აუტიზმის გუნდის წევრი ან ადგილობრივი, თემზე დაფუძნებული სერვისის წარმომადგენელი, რომელიც შეარჩია აუტიზმის გუნდმა ბენეფიციარის მზრუნველთან ერთად და მისთვის ბავშვი/მოზარდი და მისი ოჯახი/მზრუნველი ხელმისაწვდომია სერვისების კოორდინირებისთვის;

ლ) ზრდასრულებს, რომლებიც იღებენ მომსახურებას აუტიზმის გუნდისგან, უნდა ჰყავდეთ შემთხვევის მენეჯერი ამ გუნდიდან. იმ ზრდასრულებისთვის, რომლებიც არ იღებენ სერვისს აუტიზმის გუნდისგან, ფსიქიკური ჯანმრთელობის ან დასწავლის უნარის შეზღუდვის სერვისისგან, შემთხვევის მენეჯერი შეიძლება შეირჩეს პირველადი ჯანდაცვის გუნდიდან.

მუხლი 12. სტანდარტი N7 – აუტიზმის ძირითადი ნიშნების სამედიცინო მონიტორინგი

1. სტანდარტის მიზანი: ექიმი ფსიქიატრისა და აუტიზმის გუნდის მიერ ბენეფიციარის აუტიზმის ძირითადი ნიშნების რეგულარული სამედიცინო მონიტორინგი უზრუნველყოფილია.

2. შესრულების ინდიკატორი

ა) ექიმი ფსიქიატრი და/ან ოჯახის ექიმი/პედიატრი აუტიზმის გუნდის სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად:

ა.ა) ატარებს ბენეფიციარის ფიზიკურ გასინჯვას და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სპეციფიკურ ნიშნებზე:

ა.ა.ა) ნეიროფიბრომატის ან ტუბეროზული სკლეროზის კანის გამოვლინებებზე;

ა.ა.ბ) დაზიანების კვალზე, მაგ.: თვითდაზიანების ან ფიზიკური ზეწოლის ნიშნებზე;

ა.ა.გ) თადაყოლილ ანომალიებზე და დისმორფულ ნიშნებზე, მათ შორის მიკრო და მაკროცეფალიაზე;

ა.ბ) ანამნეზისა და დაკვირვების შედეგად ახდენს ბენეფიციარის გადაფასებას ახლად აღმოჩენილი ნიშნების ინტერპრეტირებისთვის, რისთვისაც გამორიცხავს სხვა ნეიროგანვითარებითი, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების, განვითარების რეგრესით მიმდინარე და ყველა იმ მდგომარეობების არსებობას, რაც მოცემულია აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის სახელმწიფო სტანდარტში (პროტოკოლში);

ა.გ) ითვალისწინებს კომუნიკაციური დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან ფუნქციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობის სირთულეს და აუტიზმის დიაგნოსტიკური შეფასების შემდეგ დიაგნოზთან დაკავშირებით გაურკვევლობის შემთხვევაში აგრძელებს შესწავლას და ელოდება ახალი ინფორმაციის მიღებას;

ა.დ) მოიპოვებს მეორე მოსაზრებას (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სხვა, აუტიზმის მესამეულ, სპეციალიზირებულ კლინიკაში რეფერირებით), თუ:

ა.დ.ა) დიაგნოზთან დაკავშირებით ეჭვი რჩება;

ა.დ.ბ) აუტიზმის გუნდში აზრი იყოფა;

ა.დ.გ) მშობელი/მზრუნველი და შესაბამის შემთხვევაში, ბენეფიციარი არ ეთანხმება დიაგნოზს;

ა.დ.დ) ჩატარებული თერაპიული ინტერვენცია მოსალოდნელთან შედარებით არაეფექტურია;

ა.ე) ითვალისწინებს ნებისმიერი პოტენციური ზიანის რისკს, რაც შეიძლება გამომდინარეობს ბენეფიციარისგან ან მიადგეს ბენეფიციარს და საჭიროების შემთხვევაში (აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის სახელმწიფო პროტოკოლით დადგენილი რეკომენდაციების დაცვით) ნიშნავს მედიკამენტურ თერაპიას მზრუნველთან შეთანხმებით;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის ინდივიდუალური სტატუსის, კლინიკური განსჯის და ფიზიკური გასინჯვის საფუძველზე განიხილავს შემდეგი კვლევების საჭიროებას:

ა.ვ.ა) გენეტიკური ტესტირება სპეციფიკური დისმორფული ნიშნების, თანდაყოლილი ანომალიის და/ან ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევებში;

ა.ვ.ბ) ელექტროენცეფალოგრაფია ეპილეფსიაზე ეჭვის შემთხვევაში.

აუტიზმის დიაგნოსტიკიდან 6-12 თვეში ახდენს პირის გადაფასებას ახალი ნიშნების და საჭიროებების დასადგენად;

ა.ზ) ბავშვის/ოჯახის საჭიროების, გეოგრაფიული ან სხვა ბარიერის არსებობის შემთხვევაში, ახორცილებს მონიტორინგს ტელემედიცინის მოდელების: პირდაპირი ან მშობლით გაშუალებული კონსულტირების გამოყენებით – პირდაპირი-ვიდეო კონფერენციის, დისტანციური მონიტორინგის და ინფორმაციის შეგროვება-გადაგზავნის პრინციპით;

ა.თ) აწარმოებს დიაგნოზის ფორმულირებაზე ზედამხედველობის მკაცრ კონტროლს მხოლოდ კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების და კრიტერიუმების გათვალისწინებით;

ა.ი) დიაგნოზის ფორმულირების და/ან თერაპიის საჭიროების შემცირებას ან მოხსნას, სერვისის შეწყვეტის საკითხს ათანხმებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან, მულტიდისციპლინურ გუნდთან, ბენეფიციარის წარმომადგენლეთან ან ბენეფიციართან, სადაც ეს შესაძლებელია, შეჯერების და დეტალურად გაწერილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გუნდის ერთი წევრის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, ჩართულია სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;

შენიშვნა: (მეორეული და მესამეული დონის კლინიკების გუნდების შემადგენლობა და ფუნქციები იხ. დანართში 1.1).

მუხლი 13. სტანდარტი N8 – აუტიზმის ძირითადი ნიშნების ფსიქო-სოციალური ინტერვენცია

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიცირებმა, მათმა ოჯახებმა და მზრუნველებმა აუტიზმის გუნდის წევრებისგან მიიღეს ინფორმაცია აუტიზმის ძირითადი ნიშნების მართვის ასაკის შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების შესახებ და მათთვის ეს ინტერვენცია ხელმისაწვდომია.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) ბენფიციარის პირად საქმეში/ისტორიაში ინახება დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ოჯახებმა და (შესაძლებლობის შემთხვევაში) აუტიზმის მქონე პირებმა გადაწყვეტილება სერვისის ტიპსა და მეთოდოლოგიის თაობაზე არსებული შესაძლებლობების სრული სპექტრის გაცნობის შემდეგ მიიღეს;

ბ) ფსიქოსოციალური ინტერვენცია კოორდინირებულია და თანხვედრაშია აუტიზმის მართვის საერთაშორისოდ და საქართველოში აღიარებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებთან;

გ) აუტიზმის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-სოციალური ინტერვენცია ითვალისწინებს:

გ.ა) ინტერვენციის მიზანს:

გ.ა.ა) აუტიზმის ძირითადი ნიშნების (სოციალური კომუნიკაციის დეფიციტისა და შეზღუდული და განმეორებადი ქცევებისა და ინტერესების) და თანმხლები/ასოცირებული დარღვევებით გამოწვეული პრობლემების შემცირებას;

გ.ა.ბ) ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას ადაპტური უნარების დასწავლის გზით;

გ.ა.გ) ფუნციურ უნარებზე უარყოფითად მოქმედი პრობლემური ქცევის პრევენციას და შეწყვეტას ან შემცირებას.

გ.ა.დ) დინამიური განვითარების, ემოციური რეგულაციისა და ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს ან მათ კომბინაციას, რაც მიმართულია იმ სფეროებში მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე პირის განვითარების, დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.

გ.ბ) ოჯახის არჩევანსა და ბავშვის საჭიროებებს.

გ.გ) სტრატეგიების შერჩევის პრინციპებს, რაც:

გ.გ.ა)მორგებულია ბავშვის განვითარების დონეს;

გ.გ.ბ) ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ და სუსტ მხარეებს და სერვისების ხელმისაწვდომობას;

გ.გ.გ) მიზნად ისახავს აუტიზმის მქონე ბავშვის კომუნიკაციისა და ურთიერთობის თვისებრივ გაუმჯობესებას კომუნიკაციურ პარტნიორთან (მშობლებთან/მზრუნველთან, პედაგოგთან, თანატოლებთან ან სხვ.), მათი მხრიდან გაგებისა და თანადგომის თვისებრივი გაუმჯობესების შედეგად;

გ.გ.დ) ეფუძნება განვითარების ან ქცევით მიდგომებს ან მათ კომბინაციას და მიზანმიმართულია სკოლამდელი/ზოგადი განათლების დაწესებულებაში ინკლუზიისკენ;

გ.გ.ე) იყოფა 2 კატეგორიად: ზოგად და ფოკუსირებულ ინტერვენციად და ტარდება სხვადასხვა გარემოში: შინ, ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სხვა ბუნებრივ გარემოში (ღია და დახურულ გასართობ სივრცეში, ტრანსპორტში, ან სხვა) ან დისტანციურად (საჭიროების შემთხვევებში) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, გამოყენებული მეთოდოლოგიის გაიდლაინის და ტექნიკის შესაბამისად;

გ.გ.ვ) დისტანციური მომსახურება იგივე ტელეინტერვენცია უზრუნველყოფს სერვისის უწყვეტობას და ხორციელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევებში გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების ან გეოგრაფიული ბარიერის დაძლევის მიზნით და მას ატარებს ამ მხრივ მომზადებული სპეციალისტი (ვრცლად იხ. დანართი1.7);

გ.გ.ზ) ზოგადი ინტერვენცია იყენებს ქცევის გამოყენებით ანალიზს და/ან ნატურალისტურ მიდგომას (მაგ.: ადრეული ინტენსიური ქცევითი ინტერვენცია, TEACCH, ESDM ან სხვა მოდელი), ინტენსიურია, თანმიმდევრული და განმეორებადია, მიმართულია მრავლობითი მიზნისკენ და გაწერილია დროის კონკრეტულ მონაკვეთზე;

გ.გ.თ) ფოკუსირებული ინტერვენცია იყენებს ქცევით, განვითარების და/ან საგანმანათლებლო პრაქტიკას და მისი მიზანია ერთი კონკრეტული ან რამდენიმე უნარის შეძენა/გაუმჯობესება (მაგ.: სოციალური კომუნიკაციის გაუმჯობესება ან კონკრეტული თემის დასწავლა) და მიეწოდება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ინტერვენცია ხორციელდება სტრუქტურირებულ გარემოში ზრდასრულის მიერ ან ბუნებრივ გარემოში თანატოლებთან ერთად;

გ.დ) ინტერვენციის განხორციელებაში ჩართულია ძირითადი მზრუნველი;

გ.დ.ა) ადრეული ასაკიდანვე (0 – 5 წ), მას შემდეგ, რაც გაჩნდება ეჭვი აუტიზმზე, ბავშვსა და მის ოჯახს მიეწოდება ადრეული ინტენსიური ინტერვენციის სერვისი, რომელიც ფოკუსირებულია ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე, აუტიზმის ნიშნების შემცირებასა და ოჯახის გაძლიერებაზე. 5-7 წლის ასაკში ადრეული ინტერვენცია გრძელდება აუტიზმის მქონე ბავშვისთვის და ემსახურება სხვა, მათ შორის, საგანმანათლებლო, სერვისებში ტრანზიციას (ვრცლად იხ. დანართი 1.2);

გ.დ.ბ) აუტიზმის მქონე პირის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის შეფასებისა და ინტერვენციის პროცესი ხორციელდება კვალიფიციური თერაპევტის მიერ. აუტიზმის მქონე ყველა პირს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარება შეფასებული და დოკუმენტურად დადასტურებული ენისა და მეტყველების თანმხლები დარღვევის დიაგნოზი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, ჩარევა ხორციელდება ჭამასთან, ყლაპვასთან და წოვასთან დაკავშირებული სირთულეების აღმოსაფხვრელად, ასევე, განსაზღვრულია ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენების მიზანშეწონილობა (ვრცლად იხ. დანართი 1.3);

გ.დ.გ) აუტიზმის მქონე პირებს ქცევის გამოყენებით ანალიზზე (ქგა) დაფუძნებული თერაპია მიეწოდებათ ასაკის, შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად. ინტერვენციის დროს ფოკუსირება ხდება კომუნიკაციაზე, სოციალურ ურთიერთობაზე, ყოფით საქმიანობასა და ქცევის მართვა/ემოციურ რეგულაციაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბენეფიციარის განვითარების, დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის (ვრცლად იხ. დანართი 1.4);

გ.დ.დ) აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა მიეწოდებოდეთ განვითარების თეორიაზე დაფუძნებული ინტერვენცია, რაც ფოკუსირებულია მზრუნველის პასუხისმგებლიანობის დონესა და ბავშვის სოციალური კომუნიკაციის განვითარებაზე, ზრდასრული მზრუნველისთვის ბავშვის მიერ ინიცირებული თამაშის პროცესში ბავშვთან კომუნიკაციის და ინტერაქციის სწავლებაზე (მაგ.: DIR/ფლორთაიმი);

გ.დ.ე) აუტიზმის მქონე პირებს ადრეულ ასაკში შესაძლოა მიეწოდებოდეთ ნატურალისტური განვითარებითი ქცევითი ინტერვენცია, რაც აერთიანებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის და განვითარებითი თეორიის პრინციპებს, იყენებს ბავშვის მიერ ინიცირებულ დასწავლის ეპიზოდს, ბუნებრივად შექმნილ დასწავლის შესაძლებლობას და თამაშს და გაზომვადი მიზნის მისაღწევად იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომას (მაგ.: ESDM - ადრეული დასაწყისის დენვერის მოდელი);

გ.დ.ვ) აუტიზმის მქონე ბავშვებს მიეწოდებათ მშობლით გაშუალებული ფოკუსირებული ინტერვენცია, რაც შეიძლება განხორციელდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებით ბუნებრივ გარემოში პირისპირ ან დისტანციურად (საჭიროების მიხედვით);

გ.დ.ზ) აუტიზმის მქონე პირებს ოკუპაციური თერაპიის მომსახურება მიეწოდებათ ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ყოველდღიური ყოფითი (პროდუქტიული, თვითმოვლის და მოცალეობითი) აქტივობების შესრულებისას დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით (იხ. დანართი 1.5);

გ.დ.თ) აუტიზმის მქონე პირებს კუნთთა დაბალი ტონუსის, განვითარების კოორდინაციული დარღვევის ან მოტორული განვითარების შეფერხების შემთხვევაში მიეწოდება ფიზიკური თერაპია, რაც აუმჯობესებს კოორდინაციას, მოტორულ დაგეგმვას და უსაფრთხო გადაადგილების და ასევე თამაშის უნარის განვითარებას. ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა და სპორტი ამცირებს ზედმეტი წონის და სიმსუქნის განვითარების რისკს;

გ.დ.ი) სკოლის ასაკიდან ბავშვი/მოზარდი სწავლობს მინიმალურად შეზღუდულ და მაქსიმალურად ინკლუზიურ სასკოლო გარემოში ინდივიდუალური პროგრამით და საგანმანათლებლო მოდელის გამოყენებით (მაგ.: TEACCH ან LEAP). საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ენის, აკადემიური, ადაპტური და სოციალური უნარების განვითარება, პროფესიული განათლებისთვის და დასაქმებისთვის მომზადება;

გ.დ.კ) სოციალური უნარების განვითარებისთვის სკოლამდელი ასაკის ბავშვს ინტერვენცია მიეწოდება მზრუნველის აქტიური ჩართულობის წახალისებით. სკოლის ასაკის ბავშვსა და მოზარდს ინტერვენცია მიეწოდება სკოლაში ან სხვა გარემოში (საჭიროების შემთხვევებში დისტანციურადაც), საჭიროების მიხედვით. გამოყენებული ინტერვენცია შეიძლება იყოს ზრდასრულის ან თანატოლის მედიაციით ან შერეული მოდელით;

გ.დ.ლ) ინტერვენციის სიხშირე ცვალებადობს 20-დან 30 საათამდე თვეში და მოიაზრებს ბენეფიციარისთვის სპეციალისტის მიერ პირისპირ ან ჯგუფურად განხორციელებული ინტერვენციის ოდენობას, სუპერვიზიის შეხვედრებისა და მზრუნველის ტრენინგის/ფსიქოგანათლების ჩათვლით. ჩარევის ეფექტიანობა დამოკიდებულია ინტერვენციის სიხშირეზე, რასაც განსაზღვრავს ინდივიდუალური საჭიროება;

გ.დ.მ) ინტერვენციის ხანგრძლივობა, მისი გაზრდა/შემცირება/შეწყვეტა დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებასა და მზრუნველის გადაწყვეტილებაზე. ინტერვენციით მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა ინტერვენციის სიხშირის, ხანგრძლივობის შემცირება/გაზრდა, ინტერვენციის ფორმის შეცვლა ან შეწყვეტა, რაც ხდება მზრუნველთან შეთანხმებით;

გ.ე) ფსიქოსოციალური ინტერვენცია მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის (სერვისების ჩამონათვალი იხ. დანართი 1.6):

გ.ე.ა) ითვალისწინებს ბენეფიციარის საჭიროებებს, მოიცავს სოციალური ინტერაქციის, ყოფითი, თავისუფალი დროის გატარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სტრუქტურირებულ სწავლებას, ბრაზისა და აგრესიის მართვის, ძალადობისგან თავის არიდების და პირადი უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევების სწავლებას;

გ.ე.ბ) მოიცავს ჯგუფურ ან ინდივიდუალურ, სოციალური და ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას იმ პირებთან, რომლებსაც არ აღენიშნებათ ან აქვთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური დარღვევა და სოციალური ინტერაქციის პრობლემები;

გ.ე.გ) ინტერვენციის ტიპი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბენეფიციარის საჭიროებაზე.

დ) ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარს მიეწოდება სხვადასხვა ფორმის ინტერვენციები (ქცევითი თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ხელოვნებითი/არტთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორული, ფსიქოთერაპია ან სხვა თერაპია), რომლებიც არ წარმოადგენს ერთმანეთის ალტერნატივას. აუტიზმის მქონე პირი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩართული იყოს ერთ ან რამდენიმე ინტერვენციაში ერთდროულად;

ე) საჭიროების შემთხვევაში (საგანგებო/ფორსმაჟორული მდგომარეობის, გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების, ბავშვის ან ოჯახის განსაკუთრებული საჭიროების ან გეოგრაფიული ბარიერის დაძლევის მიზნით) ნებისმიერი ტიპის ინტერვენცია (მათ შორის ქცევის თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, ხელოვნების თერაპია და სხვა) შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად (ე.წ. ტელეინტერვენციის სახით), ამ დისციპლინის პროფესიულ ასოციაციათა ან პროფესიონალთა მიერ შექმნილი და ტელეინტერვენციის მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებული სტანდარტის/კრიტერიუმიების შესაბამისად. ამასთან, კონკრეტული ტელეინტერვენციის სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პრინციპებს:

ე.ა) ფიზიკურ სივრცეში პირისპირ ინტერვენციის ტელეინტერვენციით ჩანაცვლებისას აუცილებელია არსებობდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან თითოეული ტიპის თერაპიისთვის სულ ცოტა ერთი მაინც, რაც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის ჩანაწერით ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში:

ე.ა.ა) საგანგებო/ფორსმაჟორული მდგომარეობა ქვეყანაში/მხარეში/რაიონში;

ე.ა.ბ) გადამდებ დაავადებათა გავრცელების საფრთხე;

ე.ა.გ) გეოგრაფიული ბარიერი;

ე.ა.დ) ბავშვის ან ოჯახის განსაკუთრებული საჭიროებები, რომლის დროსაც შეუძლებელია ფიზიკურ სივრცეში პირისპირ ინტერვენციის განხორციელება.

ე.ბ) მშობლის/მზრუნველის ინფორმირებული დოკუმენტალური თანხმობის არსებობა ტელეინტერვენციის მიწოდების შესახებ, რაც ინახება ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში;

ე.გ) ტელეინტერვენციის დაწყებამდე მომსახურების მიმღები პირის წინასწარი შეფასების არსებობა, რომელიც განხორციელებულია პირისპირ და/ან დისტანციურად და რომლის საფუძველზეც, აუტიზმის მქონე პირს და/ან მშობელს/მზრუნველს მიეწოდება რეკომენდაციები, შეფასებისა და ინტერვენციის ანგარიში და/ან ჩარევის ინდივიდუალური გეგმა. დოკუმენტირებული შეფასება ინახება ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში.

ე.დ) გამოყენებული ტელეინტერვენციის ტიპი შეიძლება იყოს:

ე.დ.ა) სინქრონული, რაც გულისხმობს მიმდინარე, ანუ რეალურ დროში ინტერაქტიულ აუდიო და/ან ვიდეო კავშირს, რომლის მეშვეობითაც ხდება მშობელს/მზრუნველს ან შესაძლებლობის შემთხვევაში ბავშვს/მოზარდსა და სპეციალისტს შორის ინფორმაციის გაცვლას/დაკვირვებას პირისპირ, ორმხრივი აუდიო ან ვიდეო (ინტერნეტ ან სატელეფონო) კონფერენციის მეშვეობით;

ე.დ.ბ) ასინქრონული, რაც გულისხმობს მოგვიანებითი განხილვის მიზნით, მდგომარეობის შესახებ, სხვადასხვა ინფორმაციული მატარებლის (მაგალითად: ვიდეო-მასალა, ჩანაწერები, კვლევის შედეგები, მონაცემები და ა.შ.) ელექტრონულად გადაცემას. ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სერვისი მიეწოდოს ისეთ პირებსაც, ვისაც ტექნიკური შესაძლებლობებიდან და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ტელეინტერვენციის სინქრონული ფორმატის გამოყენება.

ე.ე) ნებისმიერი ტიპის (სინქრონული თუ ასინქრონული) ტელეინტერვენციის განხორციელებისას აუტიზმის მქონე პირის კლინიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და მშობლის/მზრუნველის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეირჩევა ტელეინტერვენციის მოდელი. ის შეიძლება იყოს 4 სახის:

ე.ე.ა) ტელეინტერვენციის პირდაპირი მოდელის შემთხვევაში აუტიზმის მქონე პირი უშუალოდ არის ჩართული ტელეინტერვენციაში. გამოიყენება სინქრონული ტელეინტერვენცია, თუმცა შესაძლოა დამატებით ასინქრონული საშუალებების გამოყენებაც. ამ ტიპის სერვისის განხორციელება შესაძლებელია იმ პირებთან, რომლებსაც აქვთ ინტერვენციაში უშუალოდ ჩართვისათვის აუცილებელი უნარები და ტექნიკური შესაძლებლობები;

ე.ე.ბ) ტელეინტერვენციის მშობლით/მზრუნველით გაშუალებული მოდელის შემთხვევაში აუტიზმის მქონე პირი ერთვება ტელეინტერვენციულ სეანსში მშობელთან/მზრუნველთან ერთად. პირველ ეტაპზე სპეციალისტი (წინასწარგანსაზღვრული გეგმის მიხედვით) აკვირდება მშობლის/მზრუნველის ინტერაქციას აუტიზმის მქონე პირთან და აძლევს უკუკავშირსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს. ხდება სპეციალისტის მიერ მშობლის/მზრუნველის უნარების გაძლიერება (ქოუჩინგი). მშობლით/მზრუნველით გაშუალებული ტელეინტერვენცია შესაძლებელია იყოს როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული. ეს მოდელი შესაძლებლობას იძლევა სპეციალისტმა დროში განვრცობილად გააგრძელოს ბავშვთან მუშაობა მშობლის/მზრუნველის გაძლიერებით და ამით უზრუნველყოს ინტერვენციის უწყვეტობა;

ე.ე.გ) ტელეინტერვენციის მშობლის/მზრუნველის კონსულტირების მოდელის შემთხვევაში მშობელი/მზრუნველი სპეციალისტისგან იღებს თეორიულ ცოდნასა და კონკრეტულ რეკომენდაციებს აუტიზმის მქონე პირთან ინტერვენციის ყოველი მიმართულების შესახებ, რომელსაც შემდგომში ახორციელებს დამოუკიდებლად, სპეციალისტის პირდაპირი დაკვირვების გარეშე. ეს მოდელი შესაძლოა განხორციელდეს როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული ტიპის გამოყენებით;

ე.ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია როგორც აუტიზმის მქონე პირთა, ასევე მშობელთა/მზრუნველთა ჯგუფური ტელეინტერვენცია, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პირისპირ და სინქრონულად. ინტერვენციაში შეიძლება მონაწილეობდეს 2 ან მეტი პირი (მაგრამ არაუმეტეს 4);

ე.ე.ე) ტელეინტერვენციის სინქრონული და ასინქრონული ტიპის ოთხივე მოდელის შემთხვევაში შესრულების კრიტერიუმი განისაზღვრება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ თითეული თერაპიის სახისთვის დამოუკიდებლად, მოცემულია ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში და არის ტელეინტერვენციის დასრულების/კორექციის განსაზღვრის მაჩვენებელი.

მუხლი 14. სტანდარტი N9 – აუტიზმის ძირითადი ნიშნები და მედიკამენტური მკურნალობა

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარებს აუტიზმის ძირითადი ნიშნების მართვისთვის რუტინულად დანიშნული არ აქვთ მედიკამენტური მკურნალობა. ფარმაკოლოგიური ინტერვენცია გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სამედიცინო მდგომარეობების მართვისთვის.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) ბენეფიციარებს არ აქვთ დანიშნული აუტიზმის ძირითადი ნიშნების მართვისთვის ანტიფსიქოზურები, ანტიდეპრესანტები, ანტიკონვულსანტები და მედიკამენტები, რომელთა დანიშნულებაა კოგნიტური უნარის გაუმჯობესება (მაგ: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები);

ბ) ფარმაკოლოგიური ინტერვენცია შეიძლება იქნეს გამოყენებული ისეთი თანმხლები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სამედიცინო მდგომარეობების მართვისთვის, როგორიცაა: ქცევის ჰიპერკინეტიკული აშლილობა; ქცევის აშლილობა; ყაბზობა; დეპრესია; ეპილეფსია; ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა; პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; ძილის დარღვევები, სიმსუქნე და სხვა;

გ) თანმხლები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებისა და სხვა სამედიცინო მდგომარეობების მართვისთვის გამოყენებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge;

დ) ფსიქიატრი იყენებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის და/ან პროტოკოლის/გაიდლაინის რეკომენდაციებს მედიკამენტურ მკურნალობასთან დაკავშირებით;

ე) მედიკამენტოზურ მკურნალობას მეთვალყურეობას უწევს ფსიქიატრი, რაც გულისხმობს მკურნალობის ეფექტურობასა და გვერდით ეფექტებზე დაკვირვებას, პაციენტის ფიზიკური და ლაბორატორიული კვლევის მონაცემების, პაციენტისა და მისი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებას.

მუხლი 15. სტანდარტი N10 – რთული ქცევის სავარაუდო ტრიგერის შეფასება და გამწვავების პრევენცია

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარები, რომელთაც გამოუვლინდათ რთული ქცევა, შეფასდნენ ქცევის სავარაუდო ტრიგერთა გამოსავლენად, მათ შორის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, გარემო ფაქტორებისა და ქცევის გამოვლენის ისტორიის მხრივ; ბენეფიციარი და მზრუნველი უზრუნველყოფილნი არიან ტრიგერთა შემცირებისა და თავიდან აცილების შესახებ ცოდნით, მიეწოდებათ მხარდაჭერა რთული ქცევის შემცირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის და გადამისამართდნენ შესაბამის სპეციალისტთან (მათ შორის, ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის სამსახურში).

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებლები უზრუნველყოფენ, რომ ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ რთული ქცევა, შეფასდნენ შესაძლო ტრიგერების გამოსავლენად, მათ შორის, ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობისა, და გარემო ფაქტორების და ქცევის გამოვლენის ისტორიის მხრივ;

ბ) ბავშვთა და მოზარდთა ასაკის ბენეფიციარების რუტინული შეფასებისა და სერვისის დაგეგმვისას შეფასებულია ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს რთული ქცევის რისკი. თუ ბავშვის/მოზარდის ქცევა უკვე არის რთული, ხელახლა ფასდება ის ფაქტორები, რომლებიც გამოვლინდა სერვისის დაგეგმვისას და ფასდება ნებისმიერი ახალი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რთული ქცევა, მათ შორის:

ბ.ა) კომუნიკაციის დარღვევა, რაც იწვევს სიტუაციის გაგების ან საჭიროებების და სურვილების გამოხატვის პრობლემას;

ბ.ბ) თანმხლები ფიზიკური დარღვევა, როგორიცაა ტკივილი ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები;

ბ.გ) თანმხლები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევები (მაგ.: ქცევის ჰიპერკინეტიკული აშლილობა);

ბ.დ) ფიზიკური გარემო, როგორიცაა განათება, ხმაურის დონე და სხვა;

ბ.ე) სოციალური გარემო, მათ შორის, შინ, სკოლაში და თავისუფალი დროის გატარებისას;

ბ.ვ) რუტინის ან ოჯახური მდგომარეობის ცვლილება;

ბ.ზ) ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილება, მათ შორის, მოზარდობის პერიოდი;

ბ.თ) ძალადობა ან ზეწოლა;

ბ.ი) რთული ქცევის წახალისება გარშემომყოფების მიერ;

ბ.კ) სტრუქტურირებული გარემოსა და რუტინის არარსებობა, რაც ცვლილებებს არაპროგნოზირებადს ხდის;

გ) ზრდასრულ ბენეფიციართა რთული ქცევის გამო ინტერვენციის დაწყებამდე ფასდება ნებისმიერი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან შეინარჩუნოს ქცევა, მათ შორის:

გ.ა) ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა;

გ.ბ) სოციალური გარემო (მათ შორის, ოჯახის წევრებთან, პარტნიონებთან, მზრუნველებთან და მეგობრებთან კავშირი);

გ.გ) ფიზიკური გარემო, მათ შორის სენსორული ფაქტორები;

გ.დ) თანმხლები ფსიქიკური აშლილობები (მათ შორის, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და ფსიქოზი);

გ.ე) კომუნიკაციის პრობლემები;

გ.ვ) რუტინის ან პირადი მდგომარეობის ცვლილება;

დ) სერვისში ჩართულ პირთა ფსიქოგანათლება რთული ქცევის ტრიგერების და მათი შემცირების გზების შესახებ უზრუნველყოფილია;

ე) რთული ქცევა დროულად გამოვლენილია და კრიზისის მაღალი რისკის შემთხვევაში გადამისამართებულია შესაბამის სპეციალისტთან და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის სამსახურში.

მუხლი 16. სტანდარტი N11 – ინტერვენცია რთული ქცევისთვის/კრიზისის მართვა

1. სტანდარტის მიზანი: სერვისის მიმწოდებელს აქვს აუტიზმის მქონე პირების კრიზისის მართვის გეგმა და რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებს არ სთავაზობს ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს ქცევის მოწესრიგებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფსიქოსოციალური და სხვა ინტერვენციები არ იყო ეფექტური ან ვერ განხორციელდა ქცევის სიმძიმის გამო.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებლები უზრუნველყოფენ, რომ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებთან, არ სთავაზობენ ანტიფსიქოტურ მედიკამენტებს ქცევის სამართვად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფსიქოსოციალური და სხვა ინტერვენცია არასაკმარისია ან ვერ მიეწოდება ქცევის სიმძიმის გამო;

ბ) რთული ქცევისთვის განხორციელებული ფსიქო-სოციალური ინტერვენცია მოიცავს:

ბ.ა) ფუნქციური შეფასებისა და ფუნქციური ანალიზის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ სამიზნე ქცევას (ებს);

ბ.ბ) იმ შედეგზე ფოკუსირებას, რაც უკავშირდება ცხოვრების ხარისხს;

ბ.გ) იმ გარემო ფაქტორების შეფასებას და მოდიფიკაციას, რომელიც ხელს უწყობს ქცევის დაწყებას და შენარჩუნებას;

ბ.დ) მკაფიოდ გაწერილ ქცევის მართვის გეგმას, რომელიც მოიცავს სოციალურად მისაღები ალტერნატიული ქცევის/ქცევების სწავლებასა და რთული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში ჩარევის სტრატეგიას;

ბ.ე) მკაფიოდ გაწერილ კრიზისული სიტუაციის მართვის გეგმას;

ბ.ვ) ზუსტად განსაზღვრულ იმ დამატებით უნარებსა და მათი სწავლების სტრატეგიებს, რომლებიც შეამცირებს რთული ქცევის აღმოცენების ალბათობას (ჩარევა ტრიგერებზე);

ბ.ზ) ინტერვენციის მიზნის მიღწევის დროში განაწილებას;

ბ.თ) შეთანხმებული შედეგის მიღწევის შესაფასებლად სამიზნე ქცევის სისტემურ გაზომვას ინტერვენციამდე, ინტერვენციის მიმდინარეობისას და ინტერვენციის დასრულების შემდეგ;

ბ.ი) ბავშვის ან მოზარდის შემთხვევაში მშობლებს, მზრუნველსა და სპეციალისტებს შორის შეთანხმებულ გადაწყვეტილებას ინტერვენციის ყველა გარემოში (სახლში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეზოში ან სხვაგან) განსახორცილებლად და განხორცილებას;

ბ.კ) ზრდასრულის შემთხვევაში ზრდასრულს, მის ზრუნვაში ჩართულ პირ(ებ)ს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სპეციალისტებს შორის შეთანხმებულ გადაწყვეტილებას სამიზნე ქცევასა და ინტერვენციის სტრატეგიასთან დაკავშირებით;

ბ.ლ) რთული ქცევის ინტერვენციის შედეგის/შედეგების შენარჩუნების სტრატეგიას;

ბ.მ) ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინურ (ექსპერტულ) შეფასებას/ანალიზს და/ან გამოცდილ კოლეგასთან კონსულტირებას;

გ) რთული ქცევის მედიკამენტური მართვისას ფსიქიატრი:

გ.ა) განსაზღვრავს სამიზნე ქცევას;

გ.ბ) ადგენს შესაბამისი გაზომვის წესს, რომელსაც გამოიყენებს ეფექტურობის, მათ შორის ქცევის სიხშირისა და სიმძიმის მონიტორირებისას და საერთო ზეგავლენის შესაფასებლად;

გ.გ) გადაამოწმებს მედიკამენტის ეფექტურობას და გვერდით მოქმედებას მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირაში;

გ.დ) შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ არის ჩვენება ან კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი მედიკამენტის გამოყენების დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ;

გ.ე) ითვალისწინებს გვერდით მოქმედებას, ფასს, პაციენტის ან მშობლის/მზრუნველის არჩევანს და წარსულში ანტიფსიქოზურ მკურნალობაზე რეაქციას;

გ.ვ) ანტიფსიქოტური მედიკამენტის გამოწერის შემდეგ ფსიქიატრი იცავს შემდეგ წესებს:

გ.ვ.ა) მედიკამენტის დანიშვნას იწყებს დაბალი დოზით;

გ.ვ.ბ) იყენებს მინიმალურ ეფექტურ დოზას;

გ.ვ.გ) რეგულარულად ამოწმებს ანტიფსიქოზური მედიკამენტის სარგებელს და ნებისმიერ გვერდით მოქმედებას.

გ.ზ) ეფექტური მონიტორინგისთვის ნიშნავს ქვემოთჩამოთვლილ კვლევებს:

გ.ზ.ა) სისხლის საერთო ანალიზი ბაზისურად (დასაწყისში) და ყოველწლიურად;

გ.ზ.ბ) სისხლში ლიპიდების დონის განსაზღვრა (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები) უზმოზე;

გ.ზ.გ) წონის გადამოწმება (წელის გარშემოწერილობის და სხეულის მასის ინდექსის ჩათვლით) ბაზისურად (დასაწყისში), 3 თვეში და შემდგომ ყოველწლიურად;

გ.ზ.დ) დიაბეტის რისკ-ფაქტორების სკრინინგი: სისხლში შაქარი უზმოზე, თუ შესაძლებელია ბაზისურად (დასაწყისში), ახალი მკურნალობის დაწყებიდან სულ ცოტა 4 თვეში და შემდგომ ყოველწლიურად;

გ.ზ.ე) პროლაქტინის დონის განსაზღვრა;

გ.ზ.ვ) ყოველწლიურად ეკგ-ს და არტერიული წნევის გადამოწმება;

გ.ზ.ზ) ღვიძლის ფუნქციური ტესტები;

გ.თ) კლინიკური საჭიროების მიხედვით, იძლევა რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების სტილის გამოყენებაზე;

გ.ი) მიმართავს კარდიოლოგს, თუ გამოვლინდა შესაბამისი ცვლილებები. მძიმე ჰიპოტენზიის ან ჰიპერტენზიისას აკვირდება და ანელებს დოზის ტიტრაციას;

გ.კ) ჰიპერპროლაქტინემიის კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლენის შემთხვევაში ცვლის მედიკამენტს;

გ.ლ) ღვიძლის ფუნქციური ტესტების მიხედვით (ჰეპატიტი ან ღვიძლის დისფუნქცია, ტრანსამინაზის გაზრდა ნორმაზე სამჯერ მეტად ან საერთო ცილა/ალბუმინი თანთანაფარდობის ცვლილება) წყვეტს მედიკამენტის გამოყენებას.

დ) კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის მომსახურების მიმწოდებლები უზრუნველყოფენ, რომ შექმნან კრიზისული ინტერვენციის გუნდი (რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს ბენეფიციარის საჭიროება და შეიძლება იყოს: ფსიქიატრი, პედიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ხელოვნებით თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, სოციალური მუშაკი), რომელიც ახდენს კრიზისის/რთული ქცევის იდენტიფიცირებას, გამომწვევი მიზეზების დადგენას, ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, კრიზისის/რთული ქცევის მართვას და მონიტორინგს;

ე) არსებული კრიზისის მართვა, რომლის პრევენციაც ვერ მოხერხდა მიუხედავად გაწეული ღონისძიებებისა, მოიცავს ინტენსიურ დახმარებას 24 საათის განმავლობაში შინ, სტაციონარში ან კრიზისის სტაბილიზაციის სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სადაც ბენეფიციარი უბრუნდება კრიზისამდე არსებული ფუნქციონირების დონეს და მცირდება კრიზისის რეციდივი;

ვ) ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა განისაზღვრება ექსტერნალიზირებული ქცევის სიმძიმით, თანმხლები ფსიქიკური დაავადებით და/ან კრიზისის მართვის სხვა გამოყენებული მეთოდების არაეფექტურობით. ასევე, სტაციონირების აუცილებლობა შეიძლება დადგეს მედიკამენტების გვერდითი მოვლენების არსებობისას და როდესაც პაციენტის ოჯახის წევრები ვერ ასრულებენ ქცევის მართვის რეკომენდაციებს;

ზ) კრიზისის მართვის სტრატეგიები გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სტაციონარში გულისხმობს:

ზ.ა) ფუნქციონირების, ქცევის და სამედიცინო მოკლე შეფასებას;

ზ.ბ) კლინიკური გარემოს ადაპტირებას:

ზ.ბ.ა) ფიზიკური სივრცის არამკვეთრ განათებას და მშვიდ გარემოს;

ზ.ბ.ბ) აუტიზმის მქონე პირთან ოჯახის წევრების დაშვებას;

ზ.ბ.გ) შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობის სამედიცინო და დამხმარე პერსონალს გარემოში;

ზ.ბ.დ) იზოლირებულ პალატას ნაკლები სტიმულაციით;

ზ.გ) კომუნიკაციის მეთოდების ადაპტირებას ბარათების/ვიზუალიზაციის/რიგითობის გამოყენებით;

ზ.დ) ქცევითი და კოგნიტური მართვის სტრატეგიების გამოყენებას (წახალისება და ჯილდო, სტიკერები, კოგნიტური თერაპია და ა.შ.);

ზ.ე) სენსორული და რელაქსაციის სტრატეგიების გამოყენებას;

ზ.ვ) ბლოკირების აუცილებლობის შემთხვევაში ისეთი რბილი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა ბალიშები, ხელებით ბლოკირების ან ფიზიკური შეზღუდვის ნაცვლად;

ზ.ზ) უსაფრთხოების დაგეგმვას, იმ შემთხვევაში, თუ შეკავების რბილი მეთოდები არაეფექტურია და არსებობს სხვა პირის ან თვითდაზიანების საფრთხე, აუცილებელი ხდება შეზღუდვის და იზოლაციის გამოყენება.

მუხლი 17. სტანდარტი N12 – სამედიცინო დაწესებულებების  ფიზიკური გარემო, უსაფრთხოება და ინკლუზიურობა

1. სტანდარტის მიზანი: აუტიზმის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილია მათ საჭიროებებზე მორგებული ფიზიკური გარემო და უსაფრთხოება ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება მომსახურება.

2. შესრულების ინდიკატორები:

ა) მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილი გარემო აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა.ა) მომსახურების სივრცე  მორგებულია ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებზე შესაბამისი განათების, გარემოს ფერის და ხმაურის ხარისხის გათვალისწინებით;

ა.ბ) თუ სამედიცინო ჩარევა ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომლის სამუშაო ფართი და სანიტარული მდგომარეობა შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებების ზოგად სტანდარტებს, აუტიზმის მქონე პირის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მას ცალკე პალატით ან ცალკე კაბინეტით (მაგალითად, სტომატოლოგიურ კაბინეტში არ არის სხვა პაციენტთან ერთად);

ა.გ) გამოყოფილია ბენეფიციარების პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი დაცული ადგილი,  სტაციონარის შემთხვევაში – ცალკე აბაზანა და ტუალეტი;

ა.დ) შენობაში გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც შესაძლებელია ბენეფიციართან ინდივიდუალური თერაპიული მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება. ოთახი აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით;

ა.ე) მკურნალ ექიმთან გეგმიური სამედიცინო მომსახურების დრო თანხმდება წინასწარ. ექიმს აქვს საშუალება გარემოს შესაბამისად ადაპტაციისა და ადამიანური რესურსის სწორად დაგეგმვისთვის და ამასთან, მცირდება ლოდინის დრო; შემთხვევის მენეჯერი ინფორმირებულია მომავალი სამედიცინო ჩარევის შესახებ და თავის მხრივ აწვდის საჭირო ინფორმაციას და/ან სამედიცინო პასპორტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამედიცინო მომსახურების განმხორცილებელს.

მუხლი 18. სტანდარტი N13- უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარი, მისი კანონიერი წარმომადგენელი/მზრუნველი ინფორმირებულია უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურების შესახებ. მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი შეხედულება მომსახურების შინაარსთან ან ხარისხთან დაკავშირებით, რაზეც კეთდება რეაგირება შინაგანაწესით დადგენილი წესით.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებელს შინაგანაწესში გაწერილი აქვს უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები, რომლებსაც აცნობს ბენეფიციარს/კანონიერ წარმომადგენელს/მზრუნველს, რაც დასტურდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;

ბ) მიღებული უკუკავშირის/გაპროტესტების შემთხვევა, მასზე რეაგირება და შედეგი ასახულია სპეციალურ ჟურნალში.

მუხლი 19. სტანდარტი N14 – პერსონალთან დაკავშირებული მოთხოვნები – კომპეტენციები

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები დაკმაყოფილებულია. ბენეფიციარის შეფასებას, კონსულტაციას და ფსიქოსოციალურ ინტერვენციას ახორციელებენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურეობის მიმწოდებელი ვალდებულია დასაქმებული ჰყავდეს თანამშრომლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რაც დასტურდება მათ პირად საქმებში არსებული დოკუმენტაციით;

ბ) ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ინტერვენციის განმახორციელებელი სპეციალისტებია:

ბ.ა) ქცევის ანალიტიკოსი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს:

ბ.ბ) არის მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი;

ბ.გ) გავლილი აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული BCBA დონის საერთაშორისო კურსები და/ან საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ადგილობრივი კურსები ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისი თემების ჩამონათვალის მიმდინარე გამოცემის მიხედვით (სულ მცირე 270 საკონტაქტო საათი), რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით;

ბ.დ) აქვს 2000-საათიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სუპერვიზიის ქვეშ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით;

ბ.ე) აქვს დასრულებული საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული სუპერვიზიის ტრენინგ-მოდული, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;

ბ.ვ) ქცევის ანალიტიკოსი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ქგა-ს სფეროში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში (ტრენინგები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები) სულ მცირე 30 საკონტაქტო საათის ოდენობით, საიდანაც სულ მცირე 5 საკონტაქტო საათი ეძღვნება პროფესიული ეთიკის საკითხებს.

გ) ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს:

გ.ა) ფლობს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) და/ან არის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი;

გ.ბ) გავლილი აქვს ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ და/ან საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მეირ აკრედიტებული BCaBA დონის საერთაშორისო/ადგილობრივი კურსები (180 საათი), რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით;

გ.გ) აქვს 1300-საათიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სუპერვიზიის ქვეშ (სუპერვიზია უნდა დასტურდებოდეს ბორდის მიერ სერტიფიცირებული ანალიტიკოსის მიერ (BACB);

გ.დ) ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის სუპერვიზიის ქვეშ. სუპერვიზია უნდა ხორციელდებოდეს მინიმუმ თვეში ერთხელ;

გ.ე) ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი სუპერვიზიას უწევს ქცევის ტექნიკოსს;

გ.ვ) ასრულებს სუპერვიზორისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან სამუშაოს, რომელიც დელეგირებული და გაკონტროლებულია ქცევითი ანალიტიკოსის მიერ;

გ.ზ) ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ქგა-ს სფეროში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში (ტრენინგები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები) სულ მცირე 20 საკონტაქტო საათის ოდენობით, საიდანაც სულ მცირე 5 საკონტაქტო საათი ეძღვნება პროფესიული ეთიკის საკითხებს.

დ) ქცევის ტექნიკოსი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს:

დ.ა) არის მინიმუმ ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროს (სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ექიმი) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და/ან ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ტექნიკოსი;

დ.ბ) გავლილი აქვს 40-საათიანი ტრენინგი ქცევის გამოყენებით ანალიზში;

დ.გ) მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიის ქვეშ;

დ.დ) ქცევის ტექნიკოსი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს ქგა-ს სფეროში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში (ტრენინგები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები) სულ მცირე 10 საკონტაქტო საათის ოდენობით, საიდანაც სულ მცირე 2 საკონტაქტო საათი ეძღვნება პროფესიული ეთიკის საკითხებს.

ე) ოკუპაციური თერაპევტი – ოკუპაციურ თერაპიას ახორციელებს დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტი, ან ოკუპაციური თერაპიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტის სუპერვიზიის ქვეშ;

ვ) ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი – ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის მქონე ფსიქოლოგი, პედაგოგი, სპეც. პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, პედიატრი ან სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ან პარაპროფესიონალი: ნებისმიერი სხვა უმაღლესი განათლების მქონე პირი (სოციალური მუშაკი, ფიზიკური თერაპევტი და ა.შ.), სამედიცინო პროფესიული განათლების მქონე (ექთანი), რომლებიც ფლობს:

ვ.ა) აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკური მეთოდოლოგიის საერთაშორისო ან ადგილობრივი ტრენინგის სერტიფიკატს;

ვ.ბ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ბაზისური ტრენინგის საერთაშორისო ან ადგილობრივ სერტიფიკატს (პარაფროფესიონალს აქვს უფლება იმუშაოს მხოლოდ პროფესიონალის მიერ შედგენილი ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, ზედამხედველობის ქვეშ).

ზ) ენისა და მეტყველების თერაპევტი – აუტიზმის მქონე პირთან მომუშავე კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი ფლობს ადგილობრივ ან საერთაშორისო უმაღლესი განათლების (მინიმუმ ბაკალავრი) დიპლომს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში. მის მიერ შესწავლილი პროგრამის ნაწილი, პროფესიის ძირითად კომპეტენციებთან ერთად არის: აუტიზმის მართვა, სენსორული საჭიროებების გათვალისწინება კომუნიკაციურ მიზნების დასახვისას, ჭამასთან, ყლაპვასთან და წოვასთან დაკავშირებული სირთულეები, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია.

თ) ფსიქოლოგი – ფლობს ადგილობრივ ან საერთაშორისო უმაღლესი განათლების ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხის დიპლომს ფსიქოლოგიაში, რომელსაც აქვს ბავშვთა და მოზარდთა ან ზრდასრულთა კლინიკური პრაქტიკის კომპეტენცია. ძირითად კომპეტენციებთან ერთად, იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ თერაპიულ მეთოდებსა და ტექნიკებს;

ი) ფიზიკური თერაპევტი – ფიზიკური თერაპიის, რეაბილიტაციის, ფიზიკური აღზრდის ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის მქონე სპეციალისტი, რომელსაც აქვს მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, მოძრაობათა კოორდინაციის პრობლემის მქონე პირებთან აბილიტაცია-რეაბილიტაციის სერვისში მუშაობის კომპეტენცია;

კ) ხელოვნების/არტ/მუსიკის თერაპევტი – ფლობს ადგილობრივ ან საერთაშორისო მომზადების დიპლომს/სერტიფიკატს, რაც მას აძლევს თერაპიის ამ მეთოდით დამოუკიდებლად მუშაობის კომპეტენციას/უფლებას;

ლ) ბენეფიციართა რაოდენობა ერთი საშტატო თანამშრომლისთვის ოპტიმალურია, იძლევა ხარისხიანი მომსახურების მიწოდების საშუალებას, იცავს ბენეფიციარს და თანამშრომელს სამუშაო სტრესისა და გადაღლისაგან. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ბენეფიციართა და სპეციალისტთა (გარდა ტექნიკური პერსონალისა) თანაფარდობა, რაც გულისხმობს, რომ სპეციალისტის მიერ განხორციელებული სესიის რაოდენობა საშუალოდ, დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 7-ს, ხოლო კვირის განმავლობაში – 40-ს.

მუხლი 20. სტანდარტი N15 – მომსახურების აშეწყვეტის/ტრანზიციის პროცედურები

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარის მზრუნველი ინფორმირებულია მომსახურების შეწყვეტის/მომსახურებაზე უარის თქმის საკითხების შესახებ, რაც დასტურდება ხელმოწერით. მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებას შეწყვეტს/მომსახურებაზე უარს ამბობს მისი საჭიროების ამოწურვის შესაბამისად ან მზრუნველის მხრიდან წინასწარ შეთანხმებული წესების დარღვევის შემთხვევაში ან ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელის/მზრუნველის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) მომსახურების მიმწოდებელთან ბენეფიციარის პირად საქმეში/სამედიცინო ისტორიაში ინახება დოკუმენტი, სადაც ასახულია შეწყვეტის/უარის მიზეზი;

ბ) მომსახურების შეწყვეტა ან მომსახურებაზე უარი საფუძვლიანია. მომსახურების მიწოდების შეწყვეტის/უარის საფუძველია:

ბ.ა) არსებული მომსახურება ვერ პასუხობს ბენეფიციარის საჭიროებებს ან ბენეფიციარმა მიაღწია ასაკის შესაბამის განვითარებას, რაც დადასტურებულია შეფასების ანგარიშით და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით და ხელმოწერით (საჭიროების შემთხვევაში ამ დროს დგება სხვა მომსახურებაში ჩართვა/გადასვლის გეგმა);

ბ.ბ) 2-ჯერადი წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად მზრუნველი არ თანამშრომლობს მომსახურების განხორციელების პროცესში (არასაპატიო მიზეზით რეგულარულად აცდენს, ხელს უშლის ბენეფიციართან დასახული ინდივიდუალური მიზნების განხორციელებას);

ბ.გ) მომსახურების მიწოდებისას სპეციალისტისთვის იქმნება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო (დროებითი შეწყვეტა/ტრანზიცია).

ბ.დ) მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომსახურების გაწევის შესაძლო ლიმიტის შევსება (მომსახურებაში აღარ არის ახალი ბენეფიციარის ჩართვის საშუალება, რადგან არსებული სპეციალისტების სამუშაო დრო სრულად არის შევსებული). აღნიშნულ შემთხვევაში ბენეფიციარს სთავაზობენ მომლოდინეთა სიაში ჩაწერას;

ბ.ე) მომსახურების მიწოდება წყდება ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო.

მომსახურების მიწოდება წყდება ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (დროებითი შეწყვეტა/ტრანზიცია);

ბ.ვ) ბენეფიციარი/მზრუნველი საკუთარი სურვილით წყვეტს მომსახურების მიღებას.

მუხლი 21. სტანდარტი N16 – მშობელთა/მზრუნველთა ჩართულობა და მხარდაჭერა

1. სტანდარტის მიზანი: ბენეფიციარის მშობელ(ებ)ი/კანონიერი წარმომადგენელი/ მზრუნველი და (მათი თანხმობის შემთხვევაში) ოჯახის წევრები ინფორმირებულები არიან ბენეფიციარის დიაგნოზის არსის შესახებ, ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში/თემში არსებულ სერვისებთან, დახმარებებთან და შეღავათებთან დაკავშირებით, მხარდაჭერილია მათი ჩართულობა ბენეფიციარის საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სერვისების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ყველა ეტაპზე. ბენეფიციართა ოჯახის წევრები მხარდაჭერილები არიან ფსიქოლოგთა და სხვა სპეციალისტთა გუნდისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

2. შესრულების ინდიკატორი:

ა) აუტიზმის მქონე ბავშვების მზრუნველისთვის პირველადი დიაგნოზის შეტყობინება ხორციელდება ექიმისა და ფსიქოლოგის მიერ, რომელიც ეთიკის ნორმების დაცვით მშობლებს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია ასევე გაზიარებულია ოჯახის სხვა წევრებთან, რომლებიც ჩართულნი არიან აუტიზმის მქონე ბავშვის აღზრდის და მუშაობის პროცესში;

ბ) ბავშვის დიაგნოზის დასმის შემდეგ, სერვის პროვაიდერმა უნდა მოახდინოს მშობლის/მზურნველის/მხარდამჭერის გადამისამართება იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც ევალებათ მშობლის ინფორმირება აუტიზმის თერაპიების, ქვეყანაში არსებული დაფინანსების და სკოლებსა და საბავშო-ბაღებში არსებული სერვისების შესახებ (აუტიზმის მქონე პირთა ან მათ მშობელთა ორგანიზაციებში);

გ) დიაგნოზის დასმის შემდეგ მყისიერად ხორციელდება მშობლის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა (ფსიქოლოგის და გამოცდილი მშობლის ვიზიტი ოჯახში და ოჯახის წევრებთან მხარდამჭერი შეხვედრის გამართვა);

დ) შემუშავებულია ოჯახის მხარდაჭერის სპეციალური მოდული;

ე) იმისათვის რომ მშობელს, მეურვეს ან/და მზრუნველს გაუადვილდეს არსებულ სირთულეებთან გამკლავება, სისტემატიურად ხორციელდება მშობლის, კანონიერი მეურვის, მზრუნველის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა (თვეში ერთხელ ვიზიტი ფსიქოლოგთან);

ვ) დანერგილი და ამოქმედებულია:

ვ.ა) მშობლის, მეურვის ან/და მზრუნველის/დამხმარის/ჩამნაცვლებლის სერვისი, რომლის ფარგლებშიც ინდივიდუალური ასისტენტი უზრუნველყოფს აუტისტური სპექტრის აშლილობის/აუტიზმის მქონე პირის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც სახლის გარემოში მხარდაჭერას ასევე წაყვანას შესაბამის თერაპიებზე, გასართობ ადგილებში და ა.შ.

ვ.ბ) სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველისთვის ბავშვის ქცევის სირთულეებთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება/დაფინანსება და რთულ ქცევასთან დაკავშირებული სტრატეგიების სწავლა;

ვ.გ) მშობელთა სკოლების არსებობა, რომელიც უნდა ატარებდეს თერაპიულ ხასიათს და რომელსაც უნდა კურირებდნენ გამოცდილი ფსიქოლოგები. მშობლებს/მზრუნველებს ექნებათ სხვა მშობლების/მზრუნველების გაცნობის, მათთან ურთიერთობის, აზრების და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა;

ვ.დ) მშობლებისთვის ტრენინგების და სემინარების ჩატარება, იმისათვის რომ ისწავლონ შვილების უფლებები და შეიძინონ ადვოკატირებისთვის საჭირო უნარები.

ზ) მომსახურების მიმწოდებლი ორგანიზაციების სპეციალისტები მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ ვორქშოფებს და ტრენინგ კურსებს მშობლებისთვის/მზრუნველებისთვის;

თ) აუტისტური სპექტრის მქონე პირებთან მომუშავე გუნდი მშობლებს/მზრუნველებს და მათი ოჯახის წევრებს აწვდის რეკომენდაციებს, აღმოუჩენს ინდივიდუალურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ ბინაზე ვიზიტებს.

მუხლი 22. ტერმინთა განმარტება

ამ ბრძანების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენეფიციარი – მომსახურებაში ჩართული აუტიზმის მქონე პირი;

ბ) ინტერვენცია – პროფესიონალის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის ჩარევა/ღონისძიება, რომელიც მიმართულია ბენეფიციარის პრობლემის შემცირებასა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე;

გ) მომსახურების გეგმა – ბენეფიციარის აზრის გათვალისწინებით და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვით პროფესიონალის მიერ ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან და მის ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად შედგენილი ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობისათვის დაგეგმილი კონკრეტული მიზნებისა და ღონისძიებების ერთობლიობა. ის ეფუძნება საჭიროებების შეფასებას, ითვალისწინებს ბენეფიციარის ძლიერ მხარეებს, უნარებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემებს, ოჯახურ და სოციალურ კონტექსტს, და ბავშვებისა და მოზარდებისთვის – მათ საგანმანათლებლო კონტექსტს;

დ) მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია/პრაქტიკა – ინტერვენციების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება პრაქტიკული გამოცდილებითა და კვლევით დაგროვებულ მტკიცებულებებს მომსახურების/მეთოდოლოგიის ეფექტიანობის შესახებ;

ე) სოციალური ინკლუზია - ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც აღიარებს ადამიანის შესაძლებლობებსა და თვითგანსაზღვრის უფლებას და პასუხობს ინდივიდუალურ საჭიროებებს მათზე მორგებული და მოქნილი მომსახურებებით;

ვ) უგულებელყოფა – მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის ან/და მასზე მზრუნველი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური,  საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა სერვისებით სარგებლობისთვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობლებს, ან/და კანონიერ წარმომადგენელს ან/და მასზე მზრუნველ პირს გააჩნია სათანადო ინფორმაცია, რესურსი და ხელმისაწვდომობა სერვისზე;

ზ) შემთხვევის მენეჯერი – პროფესიონალი, რომელიც შემთხვევის მართვის მეთოდის მეშვეობით ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აწოდებს ბენეფიციარს მისთვის აუცილებელი მომსახურების პაკეტს. შემთხვევის მართვის ფარგლებში შემთხვევის მენეჯერი უზრუნველყოფს შემთხვევის შეფასებას და ინდივიდუალური გეგმის სახით მიზნების ჩამოყალიბებას, ეხმარება ბენეფიციარს საჭირო მომსახურებებთან დაკავშირებაში, ხელს უწყობს გეგმის განხორციელებას განსაზღვრული დროის განმავლობაში და აფასებს მიღწეულ შედეგებს;

თ) რთული ქცევა – სოციალურად არასასურველი ქცევა(ები), რომელიც იმ ინტენსივობის, სიხშირის და ხანგრძლივობისაა, რომ ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეს უქმნის ამ პირს ან სხვას ან ქცევა(ები), რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მისთვის თემში არსებული ჩვეულებრივი კულტურულ-საყოფაცხოვრებო საშუალებების ხელმისაწვდომობას;

ი) აუტიზმის ძირითადი ნიშნები – რეციპროკული სოციალური ინტერაქციის და სოციალური კომუნიკაციის ხარისხობრივი ცვლილება და ნაკლებობა შეზღუდულ, სტერეოტიპულ ინტერესებთან და აქტივობებთან, რიგიდულ და განმეორებად ქცევებთან ერთად;

კ) აუტიზმის გუნდი – სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებისგან შემდგარი გუნდი, რომლის ძირითადი წევრებიც იცვლებიან მიზნის შესაბამისად (დიაგნოსტიკა, მკურნალობა თუ ორივე) და შეიძლება იყვნენ: ექიმი-ფსიქიატრი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და ფსიქოლოგი. აუტიზმის გუნდში შედის ან მოწვეული სპეციალისტის სახით საჭიროების შემთხვევაში ერთვებიან სხვა სფეროს წარმომადგენლები, თუ ისინი უკვე არ არიან ძირითადი წევრები: პედიატრი/ოჯახის ექიმი ან ბავშვთა ნევროლოგი/ნევროლოგი, სპეციალური მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი, ფიზიკური თერაპევტი, ხელოვნების თერაპევტი და სხვა, ბენეფიციარის საჭიროების და მიზნის შესაბამისად;

ლ) ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე ინტერვენციის სამსახური – ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სათემო ხანმოკლე (8 კვირამდე) მომსახურება, რომელსაც ახორციელებს სპეციალიზებული კრიზისული ინტერვენციის მულტიდისციპლინური გუნდი (გუნდის შემადგენლობა: გუნდის ხელმძღვანელი, ყოველ 20 შემთხვევაზე ერთი ფსიქიატრი, ერთი ფსიქოლოგი და ერთი ექთანი; სოციალურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი და ადმინისტრატორი), რაც მოიცავს: დღის სტაციონარში გადაუდებელ და გეგმურ ამბულატორიულ კონსულტაციებს, პაციენტთა ფსიქიატრიულ შეფასებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას; საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს და კლინიკო-ლაბორატორიულ მონიტორინგს; ინდივიდუალურ, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქო-თერაპიულ მომსახურებას, სატელეფონო კონსულტაციას, რომელიც ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში. კრიზისული მობილური გუნდის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ან მიმართვას სხვა სათანადო ფსიქოსოციალური/ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში;

მ) მულტიდისციპლინური გუნდი – სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებისგან შემდგარი გუნდი, რომლის წევრები შესაძლოა იცვლებოდეს კონკრეტული სიტუაციის და ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით. თითოეული მათგანი აქტიურად ჩართულია შეფასებაში, ჩარევის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც პასუხობს ბავშვისა და ოჯახის კომპლექსურ საჭიროებებს.

დანართი 1.1

სერვისების დონეები

აუტიზმის სპექტრის აშლილობები წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას და მის სერვისებზე ვრცელდება ნევროლოგიური სერვისებისთვის არსებული (როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა) სამ დონედ დაყოფა, სადაც:

ა) I დონეზე – დაწესებულება ახორციელებს გაურთულებელი შემთხვევების მართვას ოჯახის ექიმის და/ან ექიმი-ნევროლოგის/ბავშვთა ნევროლოგის/ფსიქიატრის მიერ „a” ტიპის ამბულატორიაში*. გადაუდებელი ან დიაგნოსტიკის მხრივ დაუზუსტებელი მდგომარეობის იდენტიფიცირების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამის უფრო მაღალი დონის უახლოეს კლინიკაში რეფერალის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობას;

ბ) II დონეზე – დაწესებულება უზრუნველყოფს აუტიზმის მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებას, ახორციელებს აუტიზმის მქონე პირების დიაგნოსტიკას, რისთვისაც აწარმოებს კვლევებს, მათ შორის ADOS და ADI-R ინსტრუმენტებით და ამ პირების სრულყოფილ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას. ასეთი დაწესებულება შეიძლება იყოს “e”, “g” და “i” ტიპის ამბულატორიული*, “B”, “C” და “D” ტიპის სტაციონარული დაწესებულება, ხანგრძლივი მოვლისა და შინ მოვლის დაწესებულებები*;.

გ) III დონეზე – დაწესებულება აუტიზმის დიაგნოსტიკურ და ფსიქო-სოციალური მართვის სერვისთან ერთად აწარმოებს ნევროლოგიურ, ნეიროქირურგიულ, რადიოლოგიურ (მ.შ. კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი), ნეიროფიზიოლოგიურ და სხვა სერვისებს, შემთხვევის დიაგნოსტიკის და/ან მართვის სართულის შესაბამისად. ასეთი დაწესებულება შეიძლება იყოს “B” და “C” ტიპის სტაციონარული წესებულება*.

* - სამედიცინო დაწესებულებების ტიპები მოცემულია „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების №01-9/ნ, 2016 წლის 4 მარტი, ქ. თბილისი, მიხედვით.

აუტიზმის მეორეული და მესამეული დონის სერვისების მულტიდისციპლინური გუნდები და მათი ფუნქციები

|სერვისის დონე |სპეციალიზაციის მარკერი |სპეციალიზირებული მულტიდისციპლინური გუნდის |გუნდის შემადგენლობა |

| | |ფუნქციები და  მოქმედების არეალი | |

|მეორე დონე |აუტიზმის გუნდის არსებობა |აუტიზმის სამედიცინო დიაგნოსტიკა |ჯანდაცვის სპეციალისტები: |

| |დიაგნოსტიკისა და/ან |საერთაშორისო კლასიფიკატორების შესაბამისად; |ფსიქიატრი; |

| |მართვისთვის  |აუტიზმის მქონე პირის შეფასება ჯანმრთელობის |პედიატრი/ოჯახის ექიმი/ნევროლოგი/ბავშვთა ნევროლოგი; |

| | |მდგომარეობებისა და ბიო-ფსიქო-სოციალური |სხვა სპეციალისტები: |

| | |საჭიროებების დადგენით. |ოკუპაციური თერაპევტი |

| | |აუტიზმის მქონე პირის მულტიდისციპლინური |ფსიქოლოგი |

| | |ინტერვენციის ინდივიდუალური გეგმის შედგენა; |ენისა და მეტყველების თერაპევტი |

| | |აუტიზმის მქონე პირისთვის მულტიდისციპლინური |ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი |

| | |ინტერვენციის განხორციელება. |ფიზიკური თერაპევტი |

| | | |ხელოვნების თერაპევტი |

| | | |სპეციალური მასწავლებელი |

|მესამე დონე |აუტიზმის გუნდი რთული |რთული შემთხვევების დროს: |ჯანდაცვის სპეციალისტები   |

| |შემთხვევების დიაგნოსტიკისა|სრულყოფილი სამედიცინო დიაგნოსტიკა ძირითადი |ფსიქიატრი |

| |და მართვისთვის - აუტიზმის |და თანმხლები დიაგნოზების გამოსავლენად; |ნევროლოგი/ბავშვთა ნევროლოგი |

| |ექსპერტთა გუნდის |გაფართოებული სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტული და|პედიატრი/შინაგანი მედიცინის სპეციალისტი |

| |გაფართოვებული |ლაბორატორიული კვლევების ჩატარება; |ოფთალმოლოგი* |

| |შემადგენლობით |მეორეული დონის სერვისის გუნდის კონსულტირება|აუდიოლოგი |

| | |დიაგნოზთა ჯგუფის ერთიანი მართვის სქემის |გენეტიკოსი* |

| | |ირგვლივ. |გასტრო-ენტეროლოგი* |

| | | |ექთანი |

| | | |სხვა სპეციალისტები: |

| | | |ფსიქოლოგი/ქცევის ანალიტიკოსი |

| | | |ოკუპაციური თერაპევტი |

| | | |ენისა და მეტყველების თერაპევტი |

| | | |ფიზიკური თერაპევტი |

| | | |სოციალური მუშაკი  |

| | | |ასისტენტი |

*- ექიმი სპეციალისტების კონსულტირება/მოწვევა ხელმისაწვდომია.

დანართი 1.2

ინტენსიური ადრეული ინტერვენცია აუტიზმის სპექტრის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის

ქვესტანდატის მიზანი: ადრეული ასაკის (0 – 5 წ), აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახისთვის ინტენსიური ადრეული ინტერვენციის სერვისის მიწოდება, რომლის მიზანია ბენეფიციარის განვითარების პროგრესისა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი მომსახურებების მიწოდების გზით. მიწოდებული მომსახურება ხელს უწყობს აუტიზმის ძირითადი და თანმხლები ნიშნების[1] შემცირებას, ბავშვის ასაკის შესაბამის, ჰოლისტურ[2] განვითარებასა და ამ მხრივ ოჯახის გაძლიერებას. 5-7 წლის ასაკში ინტერვენცია მეტად ფოკუსირებულია საგანმანათლებლო და სხვა სერვისებში ტრანზიციაზე.

შესრულების ინდიკატორი:

1. განსაზღვრულია და ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში ასახულია ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე დაფუძნებული, ეფექტური ინტერვენციების კონკრეტული, აქტიური კომპონენტები, რაც მოიცავს ინტერვენციის მეთოდოლოგიის განსაზღვრას, მომსახურების მიწოდების ადგილს, მიმწოდებელს, მომსახურების სიხშირეს, ინტენსივობასა და ხანგრძლივობას:

1.1 მომსახურების მიმწოდებელი იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ თერაპიულ მიდგომებს / ინტერვენციებს ან მათ კომბინაციას, რომელიც შემუშავებულია აუტიზმის ან ამ მხრივ რისკის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახების მრავალმხრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ითვალისწინებს:

ა. ასაკობრივი განვითარების ნორმებსა და ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას;

ბ. სოციალური კომუნიკაციის გაუმჯობესება და აუტიზმისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნების შემცირებას;

გ. შეგრძნებების გადამუშავების სირთულეების დაძლევას;

დ. რთული ქცევის პრევენციასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ე. ოჯახის წევრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ვ მშობლის ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერასა და ფსიქოგანათლებას.

1.2. მეთოდოლოგიის გამოყენება ეფუძნება მშობლით/სპეციალისტით გაშუალებულ და რუტინაზე დაფუძნებულ პრაქტიკას, რაც უზრუნველყოფს ადრეული ასაკის ბავშვის პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.

1.3. თერაპიული მოდელი/ინტერვენცია ან მათი კომბინაცია, რომელსაც იყენებს მომსახურების მიმწოდებელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული და მოცემულია ჩამონათვალში, რომელიც ერთობლივად შედგენილია საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციისა და საქართველოს აუტიზმის კოალიცის მიერ.

1.4. მომსახურების მიმწოდებელს დასაქმებული ჰყავს სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ ადრეული ინტერვენციის პრინციპებისა და მიდგომის, ასევე კონკრეტული ინტერვენციის ცოდნისა დამადასტურებელი ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც აძლევს სერვისის განხორცილების უფლებას.

1.5. მომსახურება იგეგმება და ხორციელდება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შინ, ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან სხვა გარემოში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და იმგვარი განაწილებით, რომ ცენტრში მომსახურების რაოდენობა არ აღემატება მომსახურების საერთო რაოდენობის 50%-ს.

1.6. ინტენსიური ადრეული ინტერვენციის მომსახურების სიხშირეა თვეში სულ ცოტა 30 საათი (საერთაშორისო პრაქტიკით რეკომენდებულია თვეში მინიმუმ 60 საათი) და მოიცავს ბავშვისა და ოჯახის შეფასებას, ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენას, ბავშვთან როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიულ სესიას, მშობლის განათლებას, პოზიტიური მშობლობის წახალისებას, მშობლის ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, ფსიქოგანათლებას და კონსულტაციას, სხვა საჭირო (საგანმანათლებლო, სამედიცინო ან სოციალური) სერვისის წარმომადგენლების ინფორმირებას/კონსულტირებას და ამ სერვისებში ტრანზიციის ხელშეწყობას. 5-7 წლის ასაკში დასაშვებია ინტერვენციის სიხშირის ცვლილება ბავშვის და ოჯახის საჭიროების მიხედვით, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლის გადაწყვეტილებით.

1.7. მომსახურება ხორციელდება ტრანს-/ინტერდისციპლინური გუნდური მიდგომით და გუნდის შემადგენლობაში მომსახურების ძირითადი მიმწოდებლის/შემთხვევის მენეჯერის გარდა, შედის სულ ცოტა 2 განსხვავებული პროფესიონალი ძირითადი სპეციალისტებიდან. გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება ბავშვისა და ოჯახის საჭიროებით და შესაძლოა იცვლებოდეს საჭიროებების ცვლილებასთან ერთად.

1.8. ტრანს-/ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი წევრები არიან: ფსიქოლოგი, ქცევითი ანალიტიკოსი, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეც. მასწავლებელი, პედიატრი/ოჯახის ექიმი, ნევროლოგი, ფსიქიატრი და სხვა. ასევე შეიძლება მოწვეული იყოს შემდეგ სპეციალისტები: სოციალური მუშაკი, ფიზიკური თერაპევტი, პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა.

1.9. მომსახურებაში ჩართული ბენეფიციარის მშობელი/მზრუნველი მჭიდროდ თანამშრომლობს გუნდთან და ჩართულია ბავშვის შეფასების, თერაპიული ჩარევის, შედეგების იდენტიფიკაციის და ბავშვთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ყოველდღიურად ახორციელებს ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული ბავშვისა და ოჯახის მიზნების შესაბამის აქტივობებს.

2. ბენეფიციარი და მისი ოჯახი იღებს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამის მომსახურეობას. ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა ხდება რუტინაზე დაფუძნებული, მშობლით ან/და სპეციალისტით გაშუალებული პრაქტიკით. პოზიტიური ქცევის, სოციალური კომუნიკაციის, ემოციური განვითარების მხარდაჭერისა და ქცევის მართვის ადეკვატური / ასაკისა და განვითარების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით, რაც დასტურდება ინდივიდუალურ გეგმაში ასახული ბავშვისა და ოჯახის მიზნების შინაარსით, სესიების დროს განხორციელებული ჩანაწერებით და ინახება ბენეფიციარის პირად ისტორიაში.

3. ხელშეწყობილია ბენეფიციარის დროული ტრანზიცია საგანმანათლებლო, სოციალურ ან/და რეკრეაციულ მომსახურებებში ოჯახის წევრების ინფორმირების ამაღლების, ბენეფიციარის შესაბამისი ადაპტური უნარების განვითარებისა და მზაობის შექმნის გზით. საჭიროების შემთხვევაში – ბენეფიციარის მიმღებ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობის განხორციელებით, რაც დასტურდება ტრანზიციის გეგმით, რომელიც ინახება ბენეფიციარის ისტორიაში.

4. მშობლების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და ფსიქოგანათლება უზრუნველყოფილია ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ღონისძიებებითა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სერვისებში გადამისამართებით, რაც დასტურდება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმით. მშობელთან სპეციფიკური ჩარევის საჭიროების შემთხვევაში მომსახურება მოქნილია და იყენებს მშობლებთან მუშაობისთვის გამოყოფილი საათების სხვადასხვა კომბინაციას.

დანართი 1.3

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია

მიზანი: აუტიზმის მქონე პირი იღებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიას მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტისგან. აუტიზმის მქონე პირის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია, შეფასებისა და ინტერვენციის პროცესი თანხვედრაშია აუტიზმის მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებთან (ASHA, ENG, CANADA); საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრულია ალტერნატიული და აუგენტური კომუნიკაციის გამოყენების მიზანშეწონილობა. საჭიროების შემთხვევაში, თერაპევტს ასევე შეუძლია ჭამასთან დაკავშირებული საჭიროებების მართვა, ოკუპაციურ თერაპევტთან თანამშრომლობით.

შესრულების ინდიკატორი:

1. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი გუნდის აუცილებელი წევრია და ბავშთან მუშაობაში ჩართულია ადრეული ასაკიდან. ის შესაძლებელია იყოს გუნდის ლიდერი, შემთხვევის მენეჯერი ან გუნდის ერთ-ერთი წევრი. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი თერაპიას შესაძლოა ახორციელებდეს ბავშვთან უშუალოდ, ან მშობლით გაშუალებულად, ან იყოს კლიენტთან მომუშავე გუნდის (თერაპევტების/მასწავლებლების) კონსულტანტი და მონაწილეობას იღებდეს მის შეფასებასა მიზნების განსაზღვრაში.

2. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია შესაძლოა ტარდებოდეს ბავშვის სახლში, ცენტრში და/ან მის საგანმანათლებლოს დაწესებულებაში. საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის ადგილად შესაძლოა განსაზღვრული იყოს ისეთი სოციალურ-საზოგადოებრივი ადგილები, როგორიცაა მაღაზია, სათამაშო მოედანი, კაფე, სპორტული დარბაზი ან რაიმე სხვა.

3. ასაკსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებით, აუტიზმის მქონე პირის შეფასება ხდება შემდეგ სფეროებში: ა) რეცეპტული ენა; ბ) ექსპრესული ენა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სიხშირისა და ფუნქციის კონტექსტში; გ) წიგნიერების უნარები; დ) სოციალური კომუნიკაცია, შემდეგი უნარების ჩათვლით: მზერის გამოყენება, გაზიარებული ყურადღება, კომუნიკაციის ინიცირება, სოციალური ორმხრივი ჩართულობა (გაცვლა-გამოცვლა) და კომუნიკაციური ფუნქციების სპექტრი, ემოციებისა და აფექტის გაზიარება, თამაშის ქცევები, ჟესტების გამოყენება; ე) დიალოგის უნარი, შემდეგი მახასიათებლების ჩათვლით: სასაუბრო თემის შენარჩუნება (თემის წამოწყება, შენარჩუნება, დასრულება, გაზიარებული სასაუბრი თემა); ვ) ჯერის დაცვა დიალოგისას; ზ) დიალოგის კონტექსტში შესაბამისი რაოდენობის ინფორმაციის მიწოდება; თ) მეტყველების პროსოდიულობა (ტონი, პაუზა და ა.შ.).

4. შეფასებულია აუტიზმის მქონე პირის ძირითადი მზრუნველის/ძირითადი საკომუნიკაციო პარტნიორის კომუნიკაციური უნარები.

5. შეფასებული და განსაზღვრულია ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენების მიზანშეწონილობა.

6. შეფასებულია ჭამასთან დაკავშირებული საჭიროებები.

7. შეფასებულია სოციალურ-ემოციური და კოგნიტური კომპეტენციები.

8. შეფასებისას გათვალისწინებულია ბავშვის ეკოლოგიური გარემო: ოჯახი, საგანმანათლებლო და რეკრეაციული გარემო.

9. შეფასების პროცესი მოიცავს სტანდარტიზებულ, ფორმალურ შეფასებას, თუმცა არამხოლოდ. ფორმალური შეფასების სურათი გამდიდრებულია ენობრივი და საკომუნიკაციო მონაცემების ვიდეო და/ან აუდიო ანალიზებით; მშობლების და მასწავლებლების/თერაპევტების თვითშეფასების რეიტინგული შკალებითა და ჩეკლისტებით; „ღია ბოლოს პრინციპზე“ დაფუძნებული და კულტურული მახასიათებლებისადმი სენსიტიური მშობლის კითხვარებით; ასევე ბუნებრივ გარემოში წარმოებული დაკვირვების ჩანაწერებით.

10. შეფასებისა და ინტერვენციისთვის თერაპევტი ასევე ფლობს და იყენებს დინამიური შეფასების მეთოდს.

11. აუტიზმის მქონე პირისათვის განსაზღვრული ინდივიდუალური მიზნები ფორმულირებულია შეფასების შედეგების საფუძველზე, კლინიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით, გუნდთან შეთანხმებით და მასში გათვალისწინებული აუტიზმის მქონე პირის და/ან მისი ძირითადი მზრუნველის პრიორიტეტები და საჭიროებები.

12. ინდივიდუალურ გეგმაში და თერაპიულ პროცესში ინტეგრირებულია არა მხოლოდ აუტიზმის მქონე პირისათვის, არამედ მისი ძირითადი საკომუნიკაციო პარტნიორისთვის/პარტნიორებისთვის განსაზღვრული მიზნები და სტრატეგიები.

13. კომუნიკაციის ენისა და თერაპიის მიზნები ინტეგრირებულია აუტიზმის მქონე პირის სხვა ფუნქციურ მიზნებთან.

14. თერაპიული მიზნები განისაზღვრება სოციალური კომუნიკაციის სფეროში და კვეთს შემდეგ ქვესფეროებს:

ა) გაზიარებულ ყურადღება;

ბ) კომუნიკაციის განზრახულობა და ორმხრივობა;

გ) ენასთან დაკავშირებულ კოგნიტური უნარები.

15. პრელინგვისტურ ეტაპზე თერაპევტი მუშაობს შემდეგი კომპეტენციების განვითარებაზე: სოციალურ გარემოში ადამიანებზე ორიენტირებულობა, მზრუნველის ხმაზე რეაგირება, საგანსა და ადამიანს შორის მზერის გადანაწილება, საკომუნიკაციო ჟესტებისა და თვალით კონტაქტის დაწყვილება - ფიზიკური შეხების ნაცვლად, სხვისი ყურადღების მიპყრობა საინტერესო ნივთის ან მოვლენის გასაზიარებლად, ემოციური დისკომფორტისა და სტრესის გაცნობიერება, პოზიტიური ემოციის გაზიარება, სოციალური რუტინის (დამშვიდობება და ა.შ.) ინიცირება, სხვების საკომუნიკაციო ინიციატივებზე პასუხი, საკომუნიკაციო ინტენციების ინიცირება, სპონტანური კომუნიკაციის სიხშირის გაზრდა, კომუნიკაციის მცდელობების თანმიმდევრულობის მიღწევა.

16. ენის/ლინგვისტური განვითარების საწყის ეტაპზე, თერაპევტი მუშაობს შემდეგი კომპეტენციების განვითარებაზე: კომუნიკაციური ფუნქციების ზრდა, სხვათა ემოციური პასუხების მიღება (კომფორტის ძებნა, მისალმება, იმის გამოხატვა, რომ დაიღალა და განრიდება უნდა), სიხარულისა და ინტერესის გამომხატველი კომენტარების გაკეთება (ვერბალური ან არავერბალური), სხვებისა და საკუთარი ემოციური მდგომარეობის ცნობა და აღწერა, კომუნიკაციის სიხშირის ზრდა პარტნიორებისა და კონტექსტის შესაბამისად, ინტერაქციის შენარჩუება, ჯერის დაცვის გამოყენებით სიტყვათა მარაგის (ვერბალური თუ არავერბალური) ზრდა.

17. ლინგვისტურ ეტაპზე, თერაპევტი მუშაობს შემდეგი კომპეტენციების განვითარებაზე: იმის გაგება, თუ რას გულისხმობენ სხვები მზერისა და სხეული ენის გამოყენებით, სხვების ემოციებისა და ცოდნის გათვალისწინება, დიალოგის შენარჩუნება კომენტარებსა და მოთხოვნებს შორის ბალანსის დაცვის გზით, იმგვარი დიალოგების წამოწყება და შენარჩუნება, რომელიც სენსიტიურია კონტექსტისა და სხვათა ინტერესების მიმართ.

18. გადაფასებისა და მიზნების თავიდან განხილვა ხორციელდება ორგანიზაციაში დაწესებული რეგულაციის შესაბამისად 3 ან 6 თვეში ერთხელ.

19. ძირითადი მზრუნველი/ძირითადი კომუნიკაციური პარტნიორი შეფასებისა და ინტერვენციის პროცესის აქტიური მონაწილეა, ინტერვენცია ტრიადულად – ბენეფიციარი, ძირითადი მზრუნველი, თერაპევტი – ხორციელდება.

20. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის ინტერვენციული მიდგომა ნატურალისტურ და სოციალურ-პრაგმატულ მოდელებს ეფუძნება, რამდენადაც დიდაქტიკური მოდელი, თავისი არსით, აუტიზმის მქონე პირის ძირითად საჭიროებებთან, სოციალური კომუნიკაციის გაძლიერებასთან, არ მოდის თანხვედრაში.

21. ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება:

არსებობს მითი, რომ ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია (ააკ) შეამცირებს მეტყველების გაუმჯობესების მოტივაციას და შეაფერხებს ენის განვითარებას (მათ შორის სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას), ასევე, რომ ააკ უნდა დაინერგოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად გამორიცხულია ბუნებრივი მეტყველების გამოყენების შესაძლებლობა.

თანამედროვე კვლევების მიხედვით, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის გამოყენება არ მოქმედებს მეტყველების მოტივაციაზე და, შეიძლება დაეხმაროს მეტყველების გაუმჯობესებას, როდესაც თერაპია ერთდროულად ფოკუსირდება ენისა და მეტყველების განვითარებაზე და ააკ-ს მულტიმოდალურ გამოყენებაზე (Millar, Light, & Schlosser, 2006; Sedey, Rosin, & Miller, 1991).

ააკ-ს ადრეული გამოყენება ეხმარება ენის სპონტანურ და ბუნებრივ განვითარებას (Lüke, 2014; Romski et al., 2010; Wright, Kaiser, Reikowsky, & Roberts, 2013) და ეხმრება 3 წლის ასაკის ბავშვების ლექსიკონის განვითარებას (Romski, Sevcik, Barton-Hulsey, & Whitmore, 2015).

ააკ-ს გამოყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ასოცირდება მულტისიმბოლური გამოთქმების გამოყენებასთან და გრამატიკის განვითარებასთან (Binger & Light, 2007; L. Harris, Doyle, & Haff, 1996; see Romski et al. [2015] for a review).

მინიმალურად ვერბალური აუტიზმის მქონე სკოლის ასაკის ბავშვებში მეტყველების მაგენერირებელი მოწყობილობის (SGD) გამოყენებამ გაზარდა სპონტანური მეტყველება და ახალი გამოთქმების დაუფლება, იმ ინტერვენციებთან შედარებით, რომელიც არ მოიცავდა SGD-ს გამოყენებას. (Kasari et al., 2014).

ააკ-ს გამოყენება ხელს უწყობს რეცეპტული ენის განვითარებას (Brady, 2000; Drager et al., 2006).

ალტერნატიული კომუნიკაციური საშუალებების გამოყენება ამცირებს რთული ქცევის სიხშირეს, რადგან ეხმარება ბავშვს დაძლიოს კომუნიკაციასა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები (Carr & Durand, 1985; Drager, Light, & McNaughton, 2010; Mirenda, 1997; Robinson & Owens, 1995).

დანართი 1.4

ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ინტერვენცია

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

ქვესტანდარტის მიზანი: აუტიზმის მქონე პირისა და მისი ოჯახისთვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ინტერვენციის მიწოდება, რომლის მიზანია ინდივიდის და მისი გარშემომყოფების ცხოვრებაში სოციალური მნიშვნელობის მქონე ცვლილების შეტანა განვითარების, დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ქცევების/უნარების დასწავლისა და ხელშემშლელი ქცევების შემცირების/შეცვლის გზით.

შესრულების ინდიკატორი:

1. აღწერითი და/ან საჭიროების შემთხვევაში ფუნქციური შეფასების საფუძველზე განსაზღვრულია და ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში ასახულია ბენეფიციარის და ოჯახის საჭიროებებზე დაფუძნებული, სოციალურად მნიშვნელოვანი და ბენეფიციარის განვითარებაზე ორიენტირებული სამიზნე ქცევების/უნარების დასწავლის/მართვისთვის ინტერვენციის ეფექტური ფორმა.

2. ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ინტერვენციის ფორმები ითვალისწინებს ინდივიდის საჭიროებებს და ერთმანეთისაგან განსხვავდება ჩარევის სფეროებით, სიხშირით და ხანგრძლივობით. ეს შეიძლება იყოს ადრეული ინტენსიური ქცევითი თერაპია, გამოყენებითი თერაპია, ფოკუსირებული თერაპია და მშობლით გაშუალებული თერაპია.

• ადრეული ინტენსიური ქცევითი თერაპია მოიცვას ჩარევის ოთხ სფეროს: კომუნიკაცია, სოციალური ურთიერთობა, ყოფითი საქმიანობა და ქცევის მართვა/ემოციური რეგულაცია. უპირატესად გამოიყენება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში და ხორციელდება კვირაში 20-30 საათის მანძილზე. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს განვითარებაზე ორიენტირებული კურიკულუმის საფუძველზე და ითვალისწინებს მშობლის/მზრუნველის აქტიურ მონაწილეობას.

• გამოყენებითი თერაპია ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ მოკლევადიან მიზანზე და კონკრეტული უნარის განვითარებაზე. მაგალითად: ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება, რიგის დაცვა, ალტერნატიული კომუნიკაციის სწავლება, თანაკლასელებთან ურთიერთობა და ა.შ. მუშაობა მიმდინარეობს ბუნებრივ გარემოში და პრობლემის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ადგილას. გამოყენებითი თერაპია ხორციელდება ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში (2-6 ასა-ს მქონე ინდივიდი) და მოიცავს მშობლის/მზრუნველის პირისპირ ტრენინგს. ინტერვენციის სიხშირეა 2-დან-4 საათამდე კვირაში და გრძელდება 2-6 თვის განმავლობაში.

• ფოკუსირებული თერაპია მიმართულია სპეციფიკურ რთულ ქცევაზე და/ან კრიზისული სიტუაციის მართვაზე. ამ შემთხვევაში რთულია ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ინდივიდის და/ან მისი გარშემომყოფების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან უსაფრთხოებას. მაგალითად: აგრესიული და თვითდამაზიანებელი ქცევა, დაუმორჩილებლობა, გაქცევა, არასაკვები ნივთიერებების ჭამა, საკვებისა და/ან სითხის მიღებაზე უარის თქმა, ჰიგიენურ პროცედურებზე უარის თქმა და ა.შ. ფოკუსირებული თერაპიის შემთხვევაში ქცევის ანალიტიკოსი ფუნქციური ანალიზისა და შეფასების სხვა მეთოდების საშუალებით განსაზღვრავს რთული ქცევის ფუნქციას და ადგენს ინტერვენციის გეგმას, რომლის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს შესაბამისი მომზადების მქონე ქცევის ტექნიკოსებისაგან შემდგარი გუნდი (1 შემთხვევის სამართავად სულ მცირე 2 სპეციალისტი). ფოკუსირებული ქცევითი ინტერვენცია შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ასაკის ინდივიდთან. ჩარევის ხანგრძლივობა და სიხშირე დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე და განისაზღვრება ქცევის ანალიტიკოსის მიერ პრობლემის შეფასების და მისი მართვის გეგმის შედგენისას. ფოკუსირებული თერაპიის აუცილებელი კომპონენტია მშობლის/მზრუნველის ფსიქოგანათლება და საჭიროების შემთხვევაში, ქცევის მართვაში ტრენინგი.

• მშობლით გაშუალებული თერაპიის მიზანია მშობელს/მზრუნველს ასწავლოს ასა-ს მქონე პირთან სხვადასხვა ქცევითი სტრატეგიის გამოყენება, რათა მშობელმა/მზრუნველმა შეძლოს: ა) ახალი უნარების სწავლება, მათი შენარჩუნება და განზოგადება და ბ) რთული ქცევის მართვა, შემცირება და ჩაქრობა. მშობლით გაშუალებულ ინტერვენცია შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ასაკის ინდივიდთან. ჩარევის ხანგრძლივობა უნდა იყოს წელიწადში სულ მცირე 80 საათი, რომელიც განაწილებულია ინდივიდუალურად, ბენეფიციარისა და ოჯახის საჭიროებების შესაბამისად.

3. ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში ინტერვენციის ფორმის გარდა ასახულია მომსახურების სიხშირე, ინტენსივობა, განხორციელების ადგილი (სახლში, სპეციალიზირებულ ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებლებაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამიზნე ქცევის/ქცევების დასწავლისა და გენერალიზაციისთვის შესაბამისი გარემოა), ფორმატი (ინდივიდუალური თუ ჯგუფურად) და ხანგრძლივობა.

4. ქგა-ზე დაფუძნებული ინტერვენციის პროგრამა აერთიანებს შემდეგ 5 სავალდებულო კომპონენტს:

4.1. ქცევის ანალიტიკოსის მიერ განხორციელებული შეფასება;

4.2. ინტერვენციის გეგმა, მისი მონიტორინგის ფორმები, საჭიროების შემთხვევაში გეგმის მოდიფიცირებული ვერსია;

4.3. ინდივიდთან/ჯგუფთან ინტერვენციის უშუალო განხორციელება;

4.4. ქცევის ანალიტიკოსის მიერ ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტისა და/ან ქცევის ტექნიკოსის სუპერვიზიის განხორციელება;

4.5. მშობელთა/მზრუნველთა ფსიქოგანათლება და მათი ტრენინგი.

5. ინტერვენციის გეგმაში ასახულია დასწავლის სტრატეგიები/ტექნიკები, რთული ქცევის პრევენციისა და ინტერვენციის სტრატეგიები/ტექნიკები, უპირატესი სტიმულების/განმამტკიცებლების პერიოდული შეფასების/გადაფასების შედეგები და დასწავლილი ქცევების/უნარების გენერალიზაციის გეგმა.

6. ქგა-ზე დაფუძნებულ ინტერვენციას ახორციელებენ შესაბამისი განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქცევის ანალიტიკოსი, ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი და ქცევის ტექნიკოსი. ქცევის ტექნიკოსი მუშაობს ქცევის ანალიტიკოსის და/ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის სუპერვიზიით.

7. ქგა-ზე დაფუძნებული არც ერთი ინტერვენცია არ წარმოადგენს სხვა ქცევითი ინტერვენციის ალტერნატივას. ერთი და იგივე ბენეფიციარი, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება სარგებლობდეს ინტერვენციის ერთზე მეტი ფორმით.

დანართი 1.5

ოკუპაციური თერაპია

1. ოკუპაციური თერაპევტი აუტიზმის მქონე პირთან მუშაობისას მიყვება პრაქტიკული პროცესის კანადურ ჩარჩოს, რომელიც ჯანდაცვის სფეროში გამოყენებულ ძირითად მოდელს შეესაბამება და აერთიანებს შეფასების, ინტერვენციის, მიზნების მონიტორინგის/გადაფასების ასპექტებს.

2. აუტიზმის მქონე პირი შეფასებულია ოკუპაციური თერაპევტის მიერ შემდეგ სფეროებში: თვითმომსახურების უნარები, მოცალეობითი აქტივობები და პროდუქტიული აქტივობები. მნიშვნელოვანია შეფასების პროცესში შეფასდეს საქმიანობის შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ფიზიკური გარემო, სენსორული საჭიროებები და სხვა ყველა იმ საკითხი, რომელიც ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას უშლის ხელს. შეფასების პროცესში ოკუპაციური თერაპევტი იყენებს ინფორმაციის შეგროვებისთვის სხვადასხვა ფორმებს, ეს შეიძლება იყოს ინტერვიუ ბავშვთან ან მის მზრუნველთან, სტანდარტიზირებული ან არასდანტარტიზირებული შეფასება, ან დაკვირვება – იმის აღმოსაჩენად თუ რისი გაკეთება უჭირს და რა კომპონენტები ახდენენ გავლენას შესრულების ხარისხზე.

3. ინფორმაციის შეგროვების და შეფასების შემდეგ ოკუპაციური თერაპევტი ბავშვთან ან ბავშვის მზრუნველთან ერთად ისახავს მიზნებს. თავად ოკუპაციური თერაპევტის მუშაობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია მსგავსი დიაგნოზის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან ის ეყრდნობა ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ინტერვენციის პროცესი შეიძლება მოიცავდეს გარემოს ცვლილებას, ბავშვის უნარების და შესაძლებლობების განვითარებას ან თავად აქტივობის მორგებას იმგვარად, რომ გაიზარდოს ბავშვის ჩართულობა და შესრულების ხარისხი.

4. გადაფასება და მიზნების განხილვა ხდება 3 ან 6 თვეში ერთხელ, ორგანიზაციაში დაწესებული რეგულაციის მიხედვით. გადაფასების პროცესში ფასდება დასახული მიზნები განხორციელდა თუ არა, რის შემდეგაც ხდება გეგმაში ცვლილების შეტანა ან/და ახალი მიზნების დასახვა იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება არის გადაფასების ეტაპზე.

5. ოკუპაციურმა თერაპევტმა ინტერვენციისთვის შესაძლებელია გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის გარემო: აუტიზმის მქონე პირის სახლი, ბაღი, სკოლა, სამზარეულო, ეზო, თერაპიული ოთახი, სენსორული ინტეგრაციისთვის გამოყოფილი ოთახი და სხვა. თერაპიული ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა სპეციფიკური აღჭურვილობით. აღჭურვილობის არჩევა დამოკიდებულია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის არჩევანზე ოკუპაციური თერაპევტის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

6. თითოეული ბენეფიციარი დაცული უნდა იყოს ძალადობისაგან. ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმე ტიპის აქტივობაში მისი ძალისმიერად ჩართვა ან რაიმე ტიპის თერაპიული მასალის გამოყენება არ არის დაშვებული.

დანართი 1.6

მოზარდთა და ზრდასრულთა სერვისების ჩამონათვალი

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ლიტერატურის მიმოხილვის და ჩეხ კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფის მიერ შეიქმნა იმ სერვისების მოკლე ჩამონათვალი, რაც აუცილებელია დაინერგოს და განვითარდეს:

1. ხანმოკლე ჩანაცვლებითი სერვისი (respite care).

2. პერსონალური ასისტენტის სერვისი,

3. მხარდაჭერითი დასაქმების სერვისი.

4. მოზარდთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა (მერიის პროგრამის ფარგლებში).

5. ზრდასრულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა.

6. მშობლების მხარდამჭერი სერვისი.

7. სიბლინგთა (დედმამიშვილების) ჯგუფური სერვისი.

თითოეულის მოკლე მიმოხილვა შეიცავს მიზანს, სესიის/მომსახურების ტიპს და ხანგრძლივობას, ბენეფიციართა ასაკობრივ დიაპაზონს, სერვისში ჩართულ სპეციალისტებს, მათ კვალიფიკაციას, სავარაუდო მოცულობას, შექმნისთვის საჭირო ღონისძიებებს.

1. ხანმოკლე ჩანაცვლებითი სერვისის მიზანია აუტიზმის მქონე პირის მზრუნველის ხანმოკლე „ამოსუნთქვა“ (აუტიზმის მქონე პირებზე მუდმივი ზრუნვის განმახორციელებელი პირების, უხშირესად დედების, ჩანაცვლების განხორციელება 24 საათზე მეტი პერიოდით):

ა) სერვისის მიწოდების უწყვეტი ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება 24 საათიდან 6-7 დღემდე და წლის განმავლობაში მაქსიმუმ 25 დღემდე პერიოდით.;

ბ) ბენეფიციარის ასაკი შეადგენს 5 წლისა და ზემოთ;

გ) სერვისის მიწოდება შესაძლებელია ბინაზე ან სივრცეში, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს – წარმოადგენს შესაბამისი ადაპტაციისა და უსაფრთხოების ნორმების დამაკმაყოფილებელ ბინის ტიპის ფართს, სადაც ყოველი 2 ბენეფიციარი უზრუნველყოფილია ცალკე საძინებელი ოთახით, ხოლო რთული ქცევის ბენეფიციარს გამოეყოფა ინდივიდუალური ოთახი და ერთ საცხოვრებელ სივრცეში განთავსებული ბენეფიციარების რაოდენობა არ აღემატება 6 ბენეფიციარს;

დ) უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის ასისტენტის სერვისის მიწოდებით, რომელიც განხორციელდება თანაფარდობით 2 ბენეფიციარზე 1 ასისტენტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მძიმე და ღრმა ხარისხის (რომელსაც სჭირდება მუდმივი მზრუნველობა/მეთვალყურეობა) ან რთული ქცევის შემთხვევაში – ერთი ერთზე (ასეთი თანაფარდობა ნარჩუნდება 24 სთ და მეტი ხანგრძლივობის სერვისის ყველა შემთხვევაში);

ე) სერვისის ამოქმედებისთვის საჭიროა ასისტენტების გადამზადების კურსის და პილოტური პროგრამის შექმნა.

2. პერსონალური ასისტენტის სერვისის მიზანია აუტიზმის მქონე პირების, რომლებიც საჭიროებენ 24 საათამდე ზრუნვა/მეთვალყურეობას ფრაგმენტული რეჟიმით, საჭიროებების დაკმაყოფილება და მხარდაჭერა ყოფით და სოციალურ საკითხებში, მათ შორის, ტრანსპორტირებისას, ქუჩაში ფეხით გადადგილებისას, მაღაზიაში, კინოში ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ინტეგრირებისას, სახლში ყოფითი საქმნიანობების განხორცილებისას:

ა) სერვისის ხანგრძლივობაა დღეში 1 საათიდან 4 საათამდე და თვეში 80 საათი (რის მოცულობაც განისაზღვრება ბენეფიციარის მდგომარეობით და საჭიროებით, რაც ფასდება აუტიზმის გუნდის მიერ);

ბ) ბენეფიციარის ასაკია 5 წელი და ზემოთ;

გ) სერვისი ხორციელდება სხვადასხვა სივრცეში, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

დ) ერთი ასისტენტი შესაძლოა ემსახურებოდეს მაქსიმუმ 4 ბენეფიციარს (სხვადასხვა დროს) და მისი სამუშაოს ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 6-7 საათს;

ე) სერვისის ამოქმედებისთვის აუცილებელია ასისტენტის გადამზადების კურსის შექმნა და პილოტური პროგრამა.

3. მხარდაჭერითი დასაქმების სერვისის მიზანია 18 წელზე მეტი ასაკის ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარება, მათ შორის: დასაქმების სფეროს შერჩევა, გასაუბრებისთვის მომზადება, CV-ს დაწერა, სამუშაო გარემოში ადაპტირება და სხვა:

ა) სერვისის ერთი ციკლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია შეიძლება მერყეობდეს 10-დან 30 სეანსამდე (2-დან 6 თვემდე);

ბ) ბენეფიციარის ასაკია 15 წელი და ზემოთ;

გ) სერვისი ხორციელდება არასპეციფიკურ სივრცეში ერთი ერთზე;

დ) სერვისს ახორცილებეს სპეცილურად მომზადებული ასისტენტი;

ე) სერვისის ამოქმედებისთვის აუცილებელია ასისტენტის გადამზადების კურსის შექმნა და პილოტირება.

4. მოზარდთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის (მერიის პროგრამის ფარგლებში) მიზანია მოზარდთა საჭიროებების გათვალისწინებით მეტი ფოკუსირება ფუნქციურ სოციალური, ყოველდღიური დამოუკიდებელი ცხოვრების (თვითმომსახურების, თვითდახმარებისა და უსაფრთხოების) უნარების განვითარებაზე, პროფესიული ორიენტაციისთვის მზადებაზე, ემოციების მართვის და ძალადობისგან თავის არიდების სწავლებაზე:

ა) სერვისის ინტენსივობა დამოკიდებულია მიზანსა და ბენეფიციარის საჭიროებაზე (რასაც აფასებს მულტიდისციპლინური გუნდი) და არის 20 სთ/თვ;

ბ) ასაკია 12 წ. და ზემოთ;

გ) სერვისი უნდა განხორციელდეს ცენტრში ერთი ერთზე (დისკრეტული სწავლების) ან ჯგუფურად, მოდელირების (მცირე ჯგუფების ფორმატში) ან ვიდეომოდელირების ტექნიკის გამოყენებით. (უპირატესად ფუნქციური სოციალური უნარების, ემოციების მართვის, ძალადობისგან თავის არიდების სწავლებისთვის და პროფესიული ორიენტაციისთვის) ან ბინის/ნატურალურ გარემოსთან მიახლოვებული ტიპის დაწესებულებაში (ყოველდღიური დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების სწავლებისთვის) ბუნებრივ გარემოში ინციდენტური დასწავლის (NET) მეთოდოლოგიით;

დ) სერვისს ახორციელებს მულტიდისციპლინური გუნდი (ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, პედიატრი/ოჯახის ექიმი, ფსიქიატრი, სექსოლოგი, სენსორული თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ხელოვნების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, პერსონალური ასისტენტი და სხვ.), რომლის შემადგენლობაც იცვლება ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით. კომპლექსური მუშაობის საჭიროების და ქცევის მართვის პრობლემების დროს მიზანშეწონილია 2 სპეციალისტის ერთდროული ჩართულობა ერთი სესიის განმავლობაში;

ე) სერვისების სრულფასოვანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის საჭიროა არსებული პროგრამის მორგება მოზარდების ასაკობრივ და ფუნქციურ საჭიროებებზე და შესაბამისად მისი მოდიფიცირება, მათ შორის, ცენტრებისთვის მოთხოვნის ცვლილება (ბუნებრივი გარემოს სიმულაციური სივრცეების – სამზარეულოს ოთახის, ხელსაბანი და ჰიგიენური სივრცეების მოწყობა, სახელოსნოს ტიპის (ხელსაქმის) ოთახის აღჭურვა, სპეციალისტების გადამზადება.

5. ზრდასრულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის მიზანია მათი ფუნქციური უნარების შესაბამისი ზრუნვის მოცულობის დადგენილი ნორმების ფარგლებში უწყვეტი ზრუნვის განხორციელება სხვადასხვა გარემოში (სახლში, ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში, დღის ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დასაქმების ადგილას):

ა) სერვისის ინტენსივობა დგინდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბენეფიციარის ფუნქციური უნარების, ზრუნვის მოცულობისა და მიზნის შესაბამისად და არის 20/თვეში;

ბ) ასაკია 18 წ და ზემოთ;

გ) სერვისი ხორციელდება ცენტრში ან ნებისმიერ იმ სივრცეში, სადაც არის ამის საჭიროება ერთი ერთზე ან ჯგუფურად. ცენტრში სერვისი უნდა განხორციელდეს ერთი ერთზე (დისკრეტული სწავლების) ან ჯგუფურად, მოდელირების (მცირე ჯგუფების ფორმატში) ან ვიდეომოდელირების/სოციალური ისტორიების ტექნიკის გამოყენებით. (უპირატესად ფუნქციური სოციალური უნარების, ემოციების მართვის, ძალადობისგან თავის არიდების სწავლებისთვის და პროფესიული ორიენტაციისთვის) ან ბინის/ნატურალურ გარემოსთან მიახლოვებული ტიპის დაწესებულებაში (ყოველდღიური დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების სწავლებისთვის) ბუნებრივ გარემოში ინციდენტური დასწავლის (NET) მეთოდოლოგიით;

დ) სერვისს ახორციელებს გუნდი, რომლის წევრებიც იცვლებიან ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით (ქცევითი თერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სენსორული თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ხელოვნების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, პერსონალური ასისტენტი და სხვ.);

ე) სერვისის ამოქმედებისთვის საჭიროა ახალი პროგრამის შექმნა, პილოტირება და დანერგვა.

6. მშობლების მხარდამჭერი სერვისის მიზანია მშობლის/მზრუნველის ინფორმირებულობის გაზრდისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის, ფსიქოგანათლება (სწორი ინფორმაციის მიწოდება დიაგნოზის, ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების, პროგნოზის შესახებ), ტრენინგი, რეკომენდაციების მიწოდება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა:

ა) სერვისის ინტენსივობა დამოკიდებულია მშობლის/მზრუნველის საჭიროებაზე და მერყეობს თვეში 2 საათიდან ყოველ 2 თვეში 1 საათამდე.

ბ) ასაკი შეუზღუდავია.

დანართი 1.7

ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ტელეინტერვენცია

ქვესტანდარტის მიზანი: ფიზიკური დისტანციის მიუხედავად აუტიზმის მქონე პირებისთვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული სერვისის უწყვეტობის შენარჩუნება.

ქვესტანდარტის შესრულების ინდიკატორი:

1. აუტიზმის მქონე პირის ტელეინტერვენციის გამოყენების განხილვა იწყება მისი უსაფრთხოების, ტელეინტერვენციაზე დაფუძნებული სერვისის განხორციელების შესაძლებლობის დადგენით და ამ მოდელით განხორცელებული სერვისის საჭიროებების შეფასებით სპეციალური კითხვარების გამოყენებით, რაც ინახება ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში.

2. მზრუნველის ინფორმირებული თანხმობა ტელეინტერვენციის მიწოდების შესახებ არსებობს ბავშვის/მოზარდის ისტორიაში/პირად საქმეში.

3. მომსახურების მიმღები ყველა პირი შეფასებულია პირისპირ დისტანციურად, რაც მოიცავს აუტიზმის მქონე პირთან და/ან მზრუნველთან ამ შეფასების საფუძველზე რეკომენდაციების, ანგარიშის ან ჩარევის გეგმის შემუშავებას. შეფასებისას სპეციალისტი აანალიზებს ძველ მონაცემებსაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შეფასებას ახორციელებს ქცევის ანალიტიკოსი ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი; ქცევითი ტექნიკოსი შეფასების პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ასისტენტის როლში, ქცევის ანალიტიკოსის ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. თითოეული შეფასება მიმდინარეობს სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში.

4. განსაზღვრულია და ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში ასახულია ბავშვის/მოზარდის და ოჯახის საჭიროებებზე მორგებული ტელეინტერვენციის მოდალობა, მომსახურების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა:

4.1. სინქრონული მოდალობები გულისხმობს ინტერაქტიულ აუდიო და/ან ვიდეო კავშირს, რომლის მეშვეობითაც ხდება მზრუნველსა (შესაძლებლობის შემთხვევაში ბავშვს/მოზარდსა) და სპეციალისტს შორის ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე ანუ რეალურ დროში, პირისპირ ინტერაქციით ორმხრივი აუდიო ან ვიდეო კონფერენციის მეშვეობით (ინტერნეტის ან სატელეფონო კავშირის გამოყენებით).

4.2. ასინქრონული მოდალობები გულისხმობს ჯანმრთელობის/მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემას, მოგვიანებითი განხილვის მიზნით. მაგალითად: ვიდეომასალა, ჩანაწერები, კვლევის შედეგები, მონაცემები და ა.შ. ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სერვისი მიეწოდოს ისეთ პირებსაც, ვისაც ტექნიკური შესაძლებლობებიდან და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ტელეინტერვენციის სინქრონული ფორმატის გამოყენება.

5. მოდალობის ტიპის გამოყენების გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკურ აუცილებლობას და არა ადმინისტრაციულ საჭიროებას. გადაწყვეტილების მიღება ხდება სპეციალისტის მიერ, კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე (მშობლის ინფორმირებული თანხმობით) და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

6. ქცევის ანალიზზე დაფუძნებულ ტელეინტერვენციას ახორციელებს ქცევის ანალიტიკოსი, ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი (სუპერვიზორი/დამოუკიდებელი ქცევითი თერაპევტი) და ქცევის ტექნიკოსი (ქცევის თერაპევტი). მოდელის შერჩევის გადაწყვეტილებას იღებს ქცევის ანალიტიკოსი/ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი აუტიზმის მქონე პირის კლინიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და მშობლის შესაძლებლობების გათვალისწინებით:

6.1. ტელეინტერვენციის პირდაპირი მოდელის შემთხვევაში აუტიზმის მქონე პირი უშუალოდ არის ჩართული ტელეინტერვენციაში. გამოყენებული მოდალობა სინქრონულია, თუმცა შესაძლოა დამატებით ასინქრონული საშუალებების გამოყენებაც. ამ ტიპის სერვისის განხორციელება შესაძლებელია იმ პირებთან, რომლებსაც აქვთ ინტერვენციაში უშუალოდ ჩართვისათვის აუცილებელი უნარები და ტექნიკური შესაძლებლობები.

6.2. ტელეინტერვენციის მშობლით/მზრუნველით გაშუალებული მოდელის შემთხვევაში აუტიზმის მქონე პირი იმყოფება მშობელთან/მზრუნველთან ერთად. პირველ ეტაპზე ქცევის ანალიტიკოსი ან ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტი, ხოლო შემდგომში ქცევის ტექნიკოსი აკვირდება (წინასწარგანსაზღვრული გეგმის მიხედვით) მზრუნველის ინტერაქციას აუტიზმის მქონე პირთან და აძლევს მითითებებსა და უკუკავშირს. ხდება სპეციალისტის მიერ მზრუნველის მომზადება (ქოუჩინგი). მშობლით/მზრუნველით გაშუალებული სერვისის დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული მოდალობები. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას იძლევა სპეციალისტმა გააგრძელოს ბავშვთან მუშაობა მშობლის/მზრუნველის გაძლიერებით და ამით უზრუნველყოს ინტერვენციის უწყვეტობა.

6.3. ტელეინტერვენციის მშობლის/მზრუნველის კონსულტირების მოდელის შემთხვევაში მზრუნველი იღებს თეორიულ ცოდნასა და კონკრეტულ რეკომენდაციებს ქცევის ანალიტიკოსისგან/ქცევის ანალიტიკოსის ასისტენტისგან. ასეთი სერვისი შესაძლოა მოიცავდეს: (1) მზრუნველისთვის ქცევის სტრატეგიების გაცნობას აუტიზმის მქონე პირის რეგრესის შეჩერების, კრიზისული სიტუაციების შემცირებისა და მართვის მიზნით; (2) მზრუნველის მომზადება/გადამზადებას ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენებაში, რათა მან შეძლოს აუტიზმის მქონე პირისთვის სოციალურად მნიშვნელოვანი და ადაპტური უნარების სწავლება. შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული მოდალობები.

7. ტელეინტერვენციის მოდელის გამოყენებით უზრუნველყოფილია რთული ქცევის შეფასება, მათ შორის, რისკების შეფასება. თუ მზრუნველს არ შეუძლია რთული ქცევის კონტროლი, ქცევის შეფასება ხდება ტელეინტერვენციის სინქრონული მოდელის გამოყენებით, ხოლო მონაცემების შეგროვება – შეფასების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მუშავდება ქცევის მართვის გეგმა და ხორციელდება მზრუნველის ტრენინგი. ქცევის ტექნიკოსის მიერ პროგრამა ხორციელდება სუპერვიზორის ზედამხედველობის ქვეშ. თითოეული სესია მიმდინარეობს პირისპირ, სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რთული ქცევის მართვა მაღალი საფრთხის შემცველია და მშობელი ვერ უმკლავდება ტელეინტერვენციის მოდელის მეშვეობით, ამ კონკრეტულ ქცევაზე მუშაობა არ განხორციელდება და მოხდება საჭიროების განმეორებითი შეფასების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (გადამისამართება სხვა სპეციალისტთან და ა.შ.).

8. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ჯგუფური ტელეინტერვენციის განხორცილება:

ა) აუტიზმის მქონე პირთა ჯგუფური ინტერვენცია – მიმდინარეობს პირისპირ და სინქრონულად; მონაწილეობს 2 ან მეტი პირი. სესია მიმდინარეობს სულ მცირე 15 წუთი;

ბ) მშობელთა/მზრუნველთა ჯგუფური ინტერვენცია – მიმდინარეობს პირისპირ და სინქრონულად; მონაწილეობს 2 ან მეტი მშობელი/მზრუნველი. პირისპირ სესია მიმდინარეობს სულ მცირე 15 წუთი. ჯგუფურად შესაძლებელია ჩატარდეს მშობელთა კონსულტირებაც.

9. აუტიზმის მქონე პირისა და მისი ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია მშობლისთვის/აღმზრდელისთვის განკუთვნილი ტელეინტერვენცია, რაც გულისხმობს მშობლის/მზრუნველის კონსულტირებას და მშობლით გაშუალებულ ინტერვენციას, რომელიც ხორციელდება ოჯახთან (მშობელთან/მზრუნველთან) ქცევის ანალიტიკოსის მიერ, აუტიზმის მქონე პირის მონაწილეობით ან მის გარეშე. პირისპირ სესიის ხანგრძლივობაა სულ მცირე 15 წუთი.

დანართი 1.8.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ინფრასტრუქტურის (ფიზიკური გარემოს, უსაფრთხოების და სანიტარული მდგომარეობის) სტანდარტი

სტანდარტის მიზანი: აუტიზმის სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურებისთვის (რეაბილიტაციის პროგრამისთვის) ადაპტირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფიზიკური გარემოს, უსაფრთხოების და სანიტარული მდგომარეობის შექმნა და სერვისის მიწოდებელი ორგანიზაციებისთვის მინიმალური სტანდარტის დადგენა.

შესრულების ინდიკატორი:

1. მომსახურების მიწოდება ხდება ბენეფიციარისთვის ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ფიზიკურ გარემოში:

1.1. მომსახურების განხორციელებისთვის განკუთვნილი შენობის:

1.1.1. ადგილმდებარეობა ადვილად მისაწვდომია ბენეფიციარისა და მისი ოჯახისთვის როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით.

1.1.2. საერთო ფართი აკმაყოფილებს მომსახურების მიმღებ პირთა (ბენეფიციართა) რაოდენობას (1 ბენეფიციარზე მინიმუმ 4 მ2 სერვისის მიწოდების კონკრეტულ დროის მონაკვეთში).

1.1.3. თერაპიისა და ჰიგიენური საჭიროებებისთვის განკუთვნილ სივრცეებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებსა და სართულშორის სივრცეებში დაცულია ბენეფიციარის დამოუკიდებლად, დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ გადაადგილება.

1.1.4. მომსახურების მიწოდების ფართში:

1.1.4.1. თერაპიული ოთახები ნათელია, შესაძლებელია ბუნებრივი ვენტილაცია (უკიდურეს შემთხვევაში - ხელოვნური ვენტილაცია), იკეტება ორივე მხრიდან და ტრავმატიზაციის საფრთხე თავიდან არიდებულია.

1.1.4.2. ოთახები, რომლებიც განკუთვნილია ქცევითი, აკადემიური და ენისა და მეტყველების თერაპიისთვის:

1.1.4.2.1. აღჭურვილია გლუვზედაპირიანი, სველი წმენდითვის შესაბამისი ზედაპირის მქონე მასალისგან დამზადებული ავეჯით. მაგიდა გლუვკუთხოვანია, კარადები მყარად - დამაგრებული. მჭრელი, მჩხვლეტი და სხვა დამაზიანებელი თერაპიული ინვენტარი, ასევე არასაკვები, ტოქსიურობის მქონე ნებისმიერი სათამაშო/ განმავითარებელი საშუალებები ინახება სპეციალური საკეტით უზრუნველყოფილ დახურულ სათავსოში/უჯრაში, ბენეფიციარისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

1.1.4.2.2. უზრუნველყოფილია ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურებისთვის საჭირო ფართით - ბენეფიციარზე მინიმუმ 3 მ2 და ავეჯით - მინიმუმ 2 სხვადასხვა ზომის სამუშაო მაგიდითა და სკამით, მინიმუმ 1 კარადით.

1.1.4.2.3. უზრუნველყოფილია სამუშაო და სასწავლო ინვენტარით - წიგნებით და სპეციფიკური საგანმანათლებლო, განმავითარებელი და სენსორული სათამაშოებით.

1.1.4.3. სენსორული/ოკუპაციური და/ან ფიზიკური თერაპიისთვის უზრუნველყოფილია ცალკე სივრცე (მინიმუმ 15 მ2 ოთახი) შესაბამისი ინვენტარით. სენსორული თერაპიის ოთახს აქვს დაბნელების შესაძლებლობა.

1.1.4.3.1. ფიზიკური თერაპიისთვის არსებობს: მსხვილი მოტორიკის განმავითარებელი მინიმუმ 4 და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი მინიმუმ 4 ინვენტარი/სათამაშოები;

1.1.4.3.2. სენსორული თერაპიისთვის: სენსორულ შვიდ არხზე (ტაქტილურ/შეხების, აუდიალურ/სმენის, ყნოსვის, გემოს, ვიზუალური/მხედველობის, ვესტიბულურ/წონასწორობის და პროპრიოცეპტულ/სხეულის ხატის შეგრძნება/აღქმაზე) სამუშაო მინიმუმ სამი ინვენტარი და სამუშაო მასალა.

1.1.4.3.3. დამატებითი ინვენტარი შეიძლება იცვლებოდეს ოკუპაციური/სენსორული/ფიზიკური თერაპევტის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

1.1.5. სანიტარული კვანძების რაოდენობა უზრუნველყოფს მის გამოყენებას დაუბრკოლებლად (50 ბენეფიციარზე 1 უნიტაზი და 1 ხელსაბანი ერთჯერადი ხელსახოცითა და თხევადი საპნით).

1.1.6. სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები ხელმისაწვდომია ბენეფიციარებისა და პერსონალისათვის, ამასთან, სასმელი წყლით ბავშვთა უზრუნველყოფა დასაშვებია როგორც წყლის დისპენსერების ან წყლის შადრევნების, აგრეთვე წყლის კონტეინერების გამოყენებით და ერთჯერადი ჭიქებით.

2. მომსახურების მიწოდების უსაფრთხოება და სანიტარული წესები დაცულია:

2.1. სამუშაო ოთახებსა და საერთო სივრცეში უზრუნველყოფილია ტემპერატურის ოპტიმალური რეჟიმი და ბუნებრივი განიავების (უკიდურეს შემთხვევაში - ხელოვნური ვენტილაციის) შესაძლებლობა.

2.2. იატაკისა და კიბის საფეხურების ზედაპირი არ სრიალებს და კიბეები უზრუნველყოფილია მოაჯირით.

2.3. ყველა სივრცე სუფთავდება სველი წესით სულ მცირე 2-ჯერ დღეში.

2.4. ყოველი თერაპიული სეანსის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილია ოთახის ბუნებრივი განიავება (უკიდურეს შემთხვევაში - ხელოვნური ვენტილაცია).

2.5. დაცულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ინფექციური და გადამდები დაავადებების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.

2.6. ტუალეტი უზრუნველყოფილია შესაბამისი ინვენტარით (ტილოები, ჯაგრისები, ვედროები). სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები ინახება ბენეფიციარებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

2.7. დღის განმავლობაში მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია სისუფთავე.

2.8. ნარჩენები და ნაგავი გროვდება დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას და იცლება ყოველდღიურად.

-----------------------

[1] სოციალური კომუნიკაცია, ემოციური და ქცევით რეგულაცია, ადაპტური ქცევა.

[2] ბავშვის ჰოლისტური განვითარება მოიცავს განვითარების ყველა სფეროს: ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური, სოციალური, კომუნიკაციური, ადაპტური.