ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის
გადაწყვეტილება
(საჩივარი № 15351/09)
საქმე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
სტრასბურგი
2020 წლის 26 მარტი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა, შემდეგი შემადგენლობით:
განა იუდკივსკა, თავმჯდომარე,იონკო გროზევი,ლადო ჭანტურია, მოსამართლეები;
და ვიქტორ სოლოვეიტჩიკ, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა:
საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი ზაზა ამირიძის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 13 მარტს საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი;
გადაწყვეტილება მომჩივნის მსჯავრდების გადაწყვეტილებების სავარაუდოდ არასაკმარის დასაბუთებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე შეტყობინების შესახებ, ასევე მომჩივნის მიერ საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“) მიმართვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობაში სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო ხელშეშლის და საჩივრის დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
2020 წლის 3 მარტის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქმე არსებითად ეხება მომჩივნის მსჯავრდების შესახებ გადაწყვეტილებებში მოცემული დასაბუთების სავარაუდო არაადეკვატურობას, და მომჩივნის მიერ საჩივრის წარდგენის უფლებით ეფექტიანად სარგებლობაში სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდო ხელშეშლას, მათ შორის, ადვოკატებთან სრული კონფიდენციალურობის დაცვით კომუნიკაციის შესაძლებლობის ხელშეშლის გზით.
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს გორში. ის წარმოდგენილი იყო ქ-ნი ლ. მუხაშავრია, ბ-ნი ნ. კვარაცხელია და ბ-ნი გ. მარიამიძის მიერ, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში.
3. მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება მომჩივნის მიმართ
5. 2006 წლის 6 დეკემბერს ქ-ნმა ჯ.ი.-მ (შემდგომში „დაზარალებული”), რომელიც არის ყირგიზეთის მოქალაქე, აცნობა პოლიციას, რომ ის იყო ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი. ის ადანაშაულებდა მომჩივანს და ვინმე ქ-ნ ა.მ.-ს. დაზარალებულის თქმით, ის იყო ა.მ.-ის სტუმარი ორ სხვა ქალთან ერთად, რომლებიც ასევე ყირგიზეთის მოქალაქეები არიან, და ა.მ.-მ და მომჩივანმა აიძულეს ის დაკავებულიყო პროსტიტუციით.
6. 2006 წლის 7 დეკემბერს ქ-ნმა ნ.ე.-მ და ქ-ნმა ნ.უ.-მ, ყირგიზეთის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ა.მ.-ის სახლში, დაადასტურეს დაზარალებულის მონათხრობი. მათ შორის, მათ განაცხადეს, რომ მომჩივანი და ა.მ. დაზარალებულს აიძულებდნენ სექსუალური ქმედებით დაკავებულიყო მამაკაცებთან ფულის სანაცვლოდ. მიღებული თანხა კი შემდგომში იყოფოდა მომჩივანსა და ა.მ.-ს შორის.
7. 2006 წლის 7 დეკემბერს მომჩივანი დააკავეს. იმავე დღეს, მისი დაკითხვის დროს მომჩივანმა აღნიშნა, რომ ა.მ.-ის სახლში ის შეხვდა სამ ქალს. მას არ უკითხავს ამ ქალების ვინაობა ან ის, თუ საიდან იყვნენ ისინი. მომჩივნის თქმით, ისინი ყველანი ერთად რესტორანში წავიდნენ, თუმცა მას არასდროს განუხორციელებია ფიზიკური ძალადობა რომელიმე მათგანზე.
8. 2006 წლის 7 დეკემბერს დაიკითხა რ.წ. მან განაცხადა, რომ მან გაიცნო ა.მ.-თან მყოფი სამი ქალი მომჩივნის მეშვეობით, რომელმაც ისინი ერთხელ რესტორანში მიიყვანა. რ.წ.-ს თანახმად, ის დაუმეგობრდა ამ სამი ქალიდან ერთ-ერთს. ამ ქალმა მას უთხრა, რომ დაზარალებულს გაქცევა სურდა, რადგან მომჩივნის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ეშინოდა მისი [მომჩივნის] ტელეფონის დაკარგვის გამო, და რ.წ. დაეხმარა ქალს ქალაქის დატოვებაში.
9. 2006 წლის 8 დეკემბერს მომჩივანს, ა.მ.-თან ერთად, ბრალი წაუყენეს ადამიანით ვაჭრობაში. ბრალდების თანახმად, დაზარალებული იმყოფებოდა ა.მ.-ს სახლში ამ უკანასკნელის მოწვევით, ხოლო მომჩივანმა გამოიყენა ფიზიკური ძალა და მუქარა, რათა აეძულებინა დაზარალებული დაკავებულიყო მამაკაცებთან სექსუალური ქმედებით ფულის სანაცვლოდ. მიღებული თანხა შემდგომში იყოფოდა მომჩივასა და ა.მ.-ს შორის.
10. 2006 წლის 21 დეკემბერს ბ-ნმა ვ.გ.-მ ჩვენება მისცა საგამოძიებო ორგანოებს. მან აღნიშნა, რომ ა.მ. იყო მისი კარის მეზობელი და რომ მათ ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. ვ.გ.-მ განაცხადა რომ 2006 წლის ოქტომბერში ა.მ.-ს სამი სტუმარი ქალი ჰყავდა: ჯ.ი. (დაზარალებული), ნ.ე. და ნ.უ., სამივე ყირგიზეთის მოქალაქე. ერთ საღამოს, ვ.გ.-მ შესთავაზა მათ, რომ ყველანი წასულიყვნენ რესტორანში. მათ შეუერთდა მომჩივანი, რომელმაც თავი ა.მ.-ს მეგობრად წარადგინა. იმ საღამოს ბოლოს, ვ.გ.-მ სთხოვა ა.მ.-ს დაზარალებულისთვის ეთარგმნა, რომ მას [ვ.გ.-ს] სურდა ღამის გატარება მასთან [დაზარალებულთან]. ამის შემდეგ, ვ.გ.-მ დაზარალებული ა.მ.-ს სახლში წაიყვანა და მასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ვ.გ.-მ განმარტა, რომ მას სანაცვლოდ თანხა არ გადაუხდია, რადგან ა.მ. არ მოსთხოვდა გადახდას მათი მეგობრობიდან გამომდინარე. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ა.მ.-ს სახლში მყოფი დანარჩენი ორი ყირგიზი ქალიდან ერთ-ერთისგან მან შეიტყო, რომ ა.მ. და მომჩივანი აიძულებდნენ დაზარალებულს, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონოდა მამაკაცებთან ფულის სანაცვლოდ.
11. 2007 წლის 21 მარტის სასამართლო მოსმენის დროს, დაზარალებულმა დაადასტურა მის მიერ მიცემული წინასასამართლო ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა და ა.მ.-მ ის აიძულეს დაკავებულიყო პროსტიტუციით. 2007 წლის 28 მარტს ნ.ე.-მ და ნ.უ.-მ შეცვალეს მათ მიერ მანამდე მიცემული ჩვენებები, მათი მტკიცებით, გამოძიების სტადიაზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო; იძულების შესახებ ჩვენების მაგივრად მათ ახლა განაცხადეს, რომ დაზარალებული თავად აქტიურად ეძებდა მამაკაცებს სქესობრივი კავშირისთვის ფულის სანაცვლოდ.
12. 2007 წლის 4 აპრილის სასამართლო მოსმენის დროს, ვ.გ.-მ უარყო მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება, და განაცხადა, რომ აღნიშნული ჩვენების მიცემის დროს ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გამომძიებელმა ის შეცდომაში შეიყვანა. ამის შემდეგ, 2007 წლის 17 აპრილს, მან წერილობითი ჩვენება მისცა გორის საქალაქო სასამართლოს, რომლის თანახმადაც მან ძალაში დატოვა მისი წინასასამართლო ჩვენება და სთხოვა სასამართლოს, დაყრდნობოდა მის შინაარსს. მან განმარტა, რომ მანამდე მიცემული ჩვენება უარყო იმის გამო, რომ შეეცოდა ა.მ., რომელიც არის მისი კარის მეზობელი.
13. 2007 წლის 22 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო წაყენებული ბრალდების შესაბამისად (იხ. ზემოთ მე-9 პარაგრაფი) და მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მომჩივანს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სამი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების ან პროფესიული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა. დამნაშავედ ცნეს ასევე ა.მ..
14. გორის საქალაქო სასამართლომ მომჩივნის მსჯავრდება დააფუძნა სხვადასხვა მტკიცებულებებზე, მათ შორის ჩხრეკის და ამოღების ოქმებზე, დაზარალებულის მონათხრობსა და მოწმის ჩვენებაზე. სხვა მტკიცებულებებს შორის, სასამართლო დაეყრდნო ვ.გ.-ს მიერ მიცემულ წინასასამართლო ჩვენებას (იხ. ზემოთ მე-10 პარაგრაფი). გორის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს არც სადავო გაუხდიათ ვ.გ.-ს არგუმენტები მის მიერ ჩვენების უარყოფასთან დაკავშირებით (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ), და არც მოუთხოვიათ მისი მოწმედ გამოძახება.
15. რაც შეეხება ნ.ე.-ს და ნ.უ.-ს მიერ მანამდე მიცემული ჩვენებების უარყოფას (შედარებისთვის იხ. მე-6 და მე-11 პარაგრაფები ზემოთ), სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მათი არგუმენტები. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სამმა გამომძიებელმა და ერთმა თარჯიმანმა განაცხადეს, რომ ამ მოწმეთა მიმართ არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, და რომ მათ ნებაყოფლობით ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
16. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რ.წ.-ს – მამაკაცის, რომელიც დაზარალებულს გაქცევაში დაეხმარა, მიერ მიცემული ჩვენება (იხ.მე-8 პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ რ.წ.-მ ნაწილობრივ შეცვალა მისი წინასასამართლო ჩვენება და განაცხადა, რომ მართალია ის დაზარალებულს გაქცევაში დაეხმარა, თუმცა თავად დაზარალებული ეძებდა პროაქტიულად სქესობრივ კავშირებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.წ.-მ შეცვალა მისი თავდაპირველი ჩვენება, რათა მხარი დაეჭირა ნ.ე.-ს მიერ მონათხრობი ვერსიისთვის, რადგან ეს უკანასკნელი მისი ახლო მეგობარი გახდა.
17. გორის საქალაქო სასამართლომ უარყო ა.მ.-ს დედისა და ვაჟის მიერ მიცემული შესაბამისი ჩვენებები, რომლებმაც, სხვებს შორის, განაცხადეს, რომ დაზარალებული ნებაყოფლობით ეძებდა სქესობრივ კავშირებს, რაზეც ა.მ. შეშფოთებული იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ჩვენებათა მიზანი იყო ა.მ.-ს დაცვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. სასამართლომ ამასთან აღნიშნა, რომ ა.მ.-ს დედამ ფაქტობრივად აღიარა, რომ ერთხელ გაიგო დაზარალებულის ყვირილი, ხოლო ა.მ.-ს ვაჟმა აღიარა, მოპასუხეთა არგუმენტების საპირისპიროდ, რომ დაინახა, თუ როგორ მიჰყავდათ დაზარალებული სხვადასხვა კაცებს მათი საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ის დროებით ცხოვრობდა.
18. 2007 წლის 20 ივნისს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მას არ ჩაუყენებია დაზარალებული მონობის მსგავს პირობებში, და რომ ეროვნულმა სასამართლომ შეცდომა დაუშვა კანონის გამოყენებასა და, ამ მხრივ, მტკიცებულებების შეფასებაში. მან ასევე, სხვებს შორის, აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლოდ უარყო ა.მ.-ს დედის და ვაჟის ჩვენებები და სათანადოდ არ გაითვალისწინა ნ.ე.-სა და ნ.უ.-ს მიერ მიცემული ჩვენებები. როგორც ჩანს, მომჩივანს არ მოუთხოვია რომელიმე მოწმის განმეორებით დაკითხვა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, მომჩივანმა მოითხოვა დაზარალებულის ხელახლა დაკითხვა სავარაუდო ტყუილთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული იყო ორსულად და გაჩერებული იყო სასტუმროში. მოთხოვნა უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ახლად გამოვლენილ გარემოებებს და დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა ყოფილიყო წაყენებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს წინაშე.
20. სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მომჩივანმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება იყო გაყალბებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ, როგორც სასჯელი იმისთვის, რომ მან სავარაუდოდ უარი თქვა გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისათვის ქრთამის შეთავაზებაზე, რომლის დაპატიმრებაც სავარაუდოდ მათ სურდათ. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას ეს ფაქტი არ უხსენებია ქვედა ინსტანციის სასამართლოს წინაშე, რადგან ის დაპატიმრებამდე მანდატურად მუშაობდა იმავე სასამართლოში.
21. 2008 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მომჩივნის მსჯავრდება (იხ. მე-13-14 პარაგრაფები ზემოთ). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ: (i) ადეკვატურად დაასაბუთა თავისი განაჩენი; (ii) სათანადოდ განიხილა მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტები; (iii) დაადგინა ყველა შესაბამისი ფაქტი საქმის მასალების სწორი ანალიზის საშუალებით; და (iv) განახორციელა აღნიშნული ფაქტების სწორი იურიდიული ანალიზი. თავისი პოზიციის გასამყარებლად, სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში გაიმეორა ქვედა ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი დასკვნები (იხ.მე-13-17 პარაგრაფები ზემოთ). სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულების გამოყენებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტის საპასუხოდ სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულს, როგორც კანონი განსაზღვრავს, აქვს მრავალი დამოუკიდებელი ელემენტი, და თუ ერთი მათგანი დადასტურდა, მეორეს არარსებობა არ ათავისუფლებს მოპასუხეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი 2008 წლის 28 თებერვალს.
22. 2008 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუღებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულების ციტირებით, სასამართლომ დაადგინა რომ „საქმე არ იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, [სადავო] განაჩენი არ განსხვავდებოდა უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან მსგავს საკითხებში, და სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს საქმე მნიშვნელოვანი პროცედურული ნორმების დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე”.
სასამართლოსთვის მიმართვა
23. 2009 წლის 13 იანვარს მომჩივანმა და მისმა ადვოკატებმა დაიწყეს საჩივრის მომზადება [ევროპულ] სასამართლოში წარსადგენად. მომჩივანი შეხვდა თავის წარმომადგენლებს 2009 წლის 13 იანვარს, 6 თებერვალს და 4 მარტს. სამივე შეხვედრა გაიმართა თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში (შემდგომში „შეხვედრების ოთახი”).
24. შეხვედრების ოთახის ფართი შეადგენდა დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრს და ის დაყოფილი იყო ოთხ ნაწილად თხელი, დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის ტიხრებით. თითოეულ გადატიხრულ სივრცეს ჰქონდა კარი, მაგრამ არ ჰქონდა ჭერი და ხმის იზოლაცია. უდიდესი ნაწილი დაკავებული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ხოლო დანარჩენი სამი სექცია, თითოეული დაახლოებით 3 კვადრატული მეტრის ფართის, განკუთვნილი იყო პატიმრებისთვის.
25. მომჩივანსა და მის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების დროს კარი ღია იყო დატოვებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის მოთხოვნით. ამ უკანასკნელმა, სავარაუდოდ, მომჩივანს მოსთხოვა დამჯდარიყო მაგიდის მარჯვენა მხარეს, რათა შეძლებოდა მისი დანახვა 2 მეტრის მანძილიდან. შეხვედრების ოთახები ასევე აღჭურვილი იყო ვიდეომეთვალყურეობის კამერებით.
26. 2009 წლის 16 თებერვალს მომჩივნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, რომელშიც ითხოვდა, აეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრების ოთახის მოწყობის სამართლებრივი საფუძველი და თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამ გარემოებების გაუმჯობესებას (იხ. 24-25-ე პარაგრაფები ზემოთ), რაც ართულებდა მომჩივნის მიერ დაცვის უფლებით სარგებლობას. ანალოგიური თხოვნით მიმართეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში „სასჯელაღსრულების მინისტრი“) 2009 წლის 19 თებერვალს. როგორც ჩანს, არცერთი ორგანოდან არანაირი პასუხი არ ყოფილა მიღებული.
27. 2009 წლის 25 თებერვალს მომჩივნის ერთ-ერთ წარმომადგენელს სავარაუდოდ უარი ეთქვა მომჩივანთან შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე. მომჩივნის წარმომადგენელმა ცალ-ცალკე განცხადებებით მიმართა სამ სხვადასხვა ხელმძღვანელ პირს, კერძოდ: ციხის უფროსს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორს და სასჯელაღსრულების მინისტრს. სამივე განცხადებაში მოთხოვნილი იყო უარის და მისი სამართლებრივი საფუძვლების ახსნა. მომჩივანთან შეხვედრის სიმარტივესთან დაკავშირებით ასევე აღინიშნა, რომ წარმომადგენლები მანამდე მას „უპრობლემოდ“ ხვდებოდნენ. ციხის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორისადმი გაგზავნილი განცხადებებისგან განსხვავებით, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის გაგზავნილი განცხადება შეიცავდა აშკარა ბეჭდურ შეცდომას, სადაც ინციდენტის თარიღად 2009 წლის 25 თებერვლის ნაცვლად მითითებული იყო 2006 წლის 25 თებერვალი.
28. 2009 წლის 4 მარტს მომჩივანი შეხვდა თავის წარმომადგენელს. ამ უკანასკნელმა მომჩივანს გადასცა საჩივრის ფორმა და საქმის მასალები, რომლებიც სავარაუდოდ, მომჩივანს ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც წარმომადგენელმა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. 2009 წლის 9 მარტს მომჩივნის წარმომადგენელმა შეატყობინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსს და სასჯელაღსრულების მინისტრს შესაბამისი მასალების სავარაუდო ჩამორთმევის შესახებ.
29. საჩივარი და მისი თანმხლები დოკუმენტები წარდგენილ იქნა სასამართლოში 2009 წლის 13 მარტს.
30. 2009 წლის 26 მარტს მომჩივანმა მიიღო პასუხი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილისგან მის განცხადებებზე, რომლებიც ეხებოდა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სავარაუდო უარს და მასალების სავარაუდო ჩამორთმევას (იხ. ზემოთ 27-28-ე პარაგრაფები). პასუხი ემყარებოდა ციხის უფროსის ახსნა-განმარტებებს, რომელთა თანახმადაც: (i) 2006 წლის 25 თებერვალს ეს უკანასკნელი არ იყო დასაქმებული აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იმ დროს ვერ იტყოდა უარს მომჩივანსა და მის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაშვებაზე, ხოლო (ii) ბრალდება საქმის მასალების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა უბრალოდ ვიზუალურად შეამოწმა მომჩივანი და მისთვის მასალები არ ჩამოურთმევია.
შემდგომში განვითარებული მოვლენები
31. 2013 წლის 5 თებერვალს გორის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა 2012 წლის ამნისტიის აქტი მომჩივნის მსჯავრდების მიმართ და შეუმცირა მას სასჯელი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის ვადამდე.
32. 2013 წლის 30 სექტემბერს, მომჩივნის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი დარჩენილი პერიოდი (ორი წელი, ორი თვე და შვიდი დღე) შეიცვალა პირობითი მსჯავრით და ის ვადამდე გათავისუფლდა.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
33. სისხლის სამართლის კოდექსი (1999 წ.), იმ პერიოდის ფორმულირებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულს განმარტავს შემდეგნაირად:
მუხლი 1431 – ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი):🔗
„1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით. ...
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ [მუხლის] და 143
2 მუხლების მიზნებისათვის, ექსპლუატაციად მიიჩნევა ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის ან მომსახურების, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების მიზნით, აგრეთვე ადამიანის იძულება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის ამოღების, გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ანდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. პირის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ აქვს [წინამდებარე დებულების მიზნებისთვის]. ...”
სამართალი
საქმის ფარგლები
34. მთავრობის განცხადებების საპასუხოდ, მომჩივანმა წამოაყენა ახალი სასარჩელო მოთხოვნები მის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხელახლა აღძვრის შეუძლებლობის, და ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებით მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე ეროვნული სასამართლოების უარის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი სასარჩელო მოთხოვნები არ გამომდინარეობს მომჩივნის თავდაპირველი საჩივრებიდან, რაზეც მხარეებს გაკეთებული აქვთ კომენტარები. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა ამ საქმის ჭრილში მიზანშეწონილი არ არის.
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთება
35. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (d) პუნქტებზე დაყრდნობით, მომჩივნის საჩივარი შეეხებოდა ეროვნული სასამართლოების მიერ მისი მსჯავრდების არასაკმარისად დასაბუთებას. ვიანიდან სასამართლო წარმოადგენს რა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მთავარ ორგანოს (იხ. საქმე Molla Sali v. Greece [GC], no. 20452/14, § 85, 2018 წლის 19 დეკემბერი, შემდგომი მითითებებით), მან მიზანშეწონილად მიიჩნია ეცნობებინა მთავრობისთვის მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის შესახებ, რომლის თანახმადაც:
„ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... [a] ... სასამართლოს მიერ...”.
მხარეთა არგუმენტები
36. მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული კანონმდებლობა და მისი განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას, სავსებით შეესაბამებოდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს, და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად დაასაბუთეს მომჩივნის მსჯავრდება.
37. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისად ვერ დაასაბუთეს მათ მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, განსაკუთრებით, საქმის მასალებში არსებულ მოწმეთა სხვადასხვა ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მომჩივანმა სასამართლოს წარუდგინა 2019 წლის 29 მარტით დათარიღებული წერილი, დაწერილი იმ პირის მიერ, რომელიც აცხადებდა, რომ იყო გორის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. ეს პირი აღნიშნავდა, რომ მას გაგონილი ჰქონდა ჭორები იმის შესახებ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს სურდათ გაესამართლებინათ ის კორუფციისთვის, და რომ მომჩივნის სისხლისამართლებრივი დევნა და საბოლოოდ მსჯავრდება უნდა ყოფილიყო გაყალბებული ამ საკითხზე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე მომჩივნის სავარაუდო უარის გამო.
სასამართლოს შეფასება
38. გადაწყვეტილებაში მოცემული დასაბუთებით გამოწვეული სავარაუდო უსამართლობასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები, ასევე ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა გამოყენება, სხვა წყაროებს შორის, სასამართლოს მიერ შეჯამებულ იქნა საქმეებში Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) ([GC] no. 19867/12, § 83, 2017 წლის 11 ივლისი), და Rostomashvili v. Georgia, (no. 13185/07, §§ 54-55, 2018 წლის 8 ნოემბერი).
39. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ეროვნული სასამართლო ხელისუფლება ერთი და იმავე ადამიანის მიერ წარმოდგენილი სიმართლის რამდენიმე კონფლიქტური ვერსიის წინაშე აღმოჩნდა, მათ მიერ საბოლოოდ უპირატესობის მინიჭება საგამოძიებო ორგანოსთვის მიცემული ჩვენებისთვის, სასამართლო მოსმენის დროს გაკეთებულ ჩვენებასთან შედარებით, თავისთავად არ წამოჭრის საკითხს კონვენციის საფუძველზე, თუ ეს უპირატესობა დასაბუთებულია, ხოლო ჩვენება მიცემულია პიროვნების ნებით (იხ. სხვა წყაროებთან ერთად, საქმეები Lutsenko v. Ukraine, no. 30663/04, § 49, 2008 წლის 18 დეკემბერი, და Doorson v. the Netherlands, 1996 წლის 26 მარტი, § 78, ოქმები, 1996-II).
40. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალიწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ყველა ეჭვს ეროვნული სასამართლოების მიერ მოწმეთა მტკიცებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ უპასუხა პირველი ინსტანციის სასამართლომ (იხ. მე-13-17 პარაგრაფები ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გორის საქალაქო სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა თავისი მიდგომა, როდესაც დაეყრდნო ვ.გ.-ს წინასასამართლო ჩვენებას და აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გამოუხატავს წინააღმდეგობა და არც მოუთხოვია ამ მოწმის ხელახალი გამოძახება (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ). ასეთ გარემოებებში, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნების მოკლედ და ლაკონურად დადასტურება (იხილეთ 21-ე პარაგრაფი ზემოთ) იყო თვითნებური ან დაუსაბუთებელი.
41. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს უარს დაზარალებულის ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს უარი იყო სათანადოდ დასაბუთებული. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნა არ უკავშირდებოდა რაიმე ახლად აღმოჩენილ გარემოებებს და, შესაბამისად, უნდა ყოფილიყო უარყოფილი (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლოს ეს მიდგომა დასაბუთებულია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დაზარალებული დაიკითხა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ, მომჩივნისა და მისი ადვოკატის მონაწილეობით ( იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ).
42. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს დუმილს მომჩივნის განცხადებაზე, რომელიც პირველად გაჟღერდა ამავე სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში და არ დასტურდებოდა რაიმე მტკიცებულებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდება იყო გაყალბებული, როგორც სასჯელი იმისთვის, რომ მან არ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეს არ ყოფილა მომჩივნის დაცვის მთავარი მიმართულება, არამედ წარმოადგენდა არგუმენტს, რომელიც გაჟღერდა საქმის წარმოების გვიან ეტაპზე ეროვნული სასამართლოების მიერ სათანადოდ გათვალისწინებული მრავალი ცალკეული მამხილებელი მტკიცებულების საპირისპიროდ. ასეთ გარემოებებში მომჩივნის არგუმენტი არ საჭიროებდა ცალკე პასუხს სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში დამკვიდრებული პრინციპების გათვალისწინებით (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე Moreira Ferreir, § 84). ეს დასკვნა ვერ გაქარწყლდება მომჩივნის მიერ სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის 29 მარტის წერილით (იხ.37-ე პარაგრაფი ზემოთ). აღნიშნული დოკუმენტი, როგორც ჩანს, არ ყოფილა წარდგენილი ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის. ამრიგად, სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის დაადგინოს მისი წარმოშობა, ავტორის ვინაობა, ან მისი მტკიცებულებითი ძალა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემული წერილის შინაარსი არანაირ გავლენას არ ახდენს ეროვნული სასამართლოების დასკვნებზე ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით, რომლებიც ეყრდნობა საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებს.
43. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს რომ მომჩივანი სათანადოდ იყო წარმოდგენილი საქმის წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში და, შესაბამისად, მას საკმარისი შესაძლებლობა მიეცა, რომელიც მან გამოიყენა, რათა წარედგინა თავისი საქმე ეროვნულ სასამართლოებში და სადავოდ ექცია მტკიცებულებათა დასაშვებობა და გამოყენება. ამიტომ მომჩივნის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივარი მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარმოშობს ისეთ საკითხებს, რომლებიც არაუმეტეს მეოთხე ინსტანციის ხასიათისაა და რომელთა განხილვასთან მიმართებით სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია (იხ. საქმე Karpenko v. Russia, no. 5605/04, § 82, 2012 წლის 13 მარტი, შემდგომი მითითებებით).
44. აქედან გამომდინარე, მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე აშკარად არასაკმარისად არის დასაბუთებული და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
მტკიცებულებათა მიღების წესი
45. გარდა ამისა, მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, რომ გარკვეული მტკიცებულებები მოპოვებულ იქნა სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
46. თუმცა, სასამართლოს ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით და იმდენად, რამდენადაც გასაჩივრებული საკითხები შედის მის კომპეტენციაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათზე დაყრდნობით არ ვლინდება კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
47. შესაბამისად, აღნიშნული საჩივარიც ასევე აშკარად დაუსაბუთებელია და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
კონვენციის 34-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
48. მომჩივანმა განაცხადა, რომ თბილისის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში არსებული პირობები, ერთ შემთხვევაში ხელმძღვანელობის უარი მომჩვნის მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე, და სასამართლოში წარსადგენ საჩივართან დაკავშირებული მასალების ჩამორთმევა, წარმოადგენდა მის ადვოკატებთან სრული კონფიდენციალურობის დაცვით კომუნიკაციისა და საკუთარი დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური საშუალებების ქონის უფლებით სარგებლობაში არასათანადო ჩარევას. მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(b)-(c) პუნქტს. რადგანაც სასამართლო განსაზღვრავს თუ რა დახასიათება შეიძლება მიეცეს სამართალში საქმის ფაქტებს (იხ. ზემოთ 35-ე პარაგრაფი), სასამართლომ მთავრობას აღნიშნული საჩივრის შესახებ აცნობა კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული დებულება ადგენს:
„საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, არა‑სამთავრობო ორგანიზაციამ, ან ცალკეულ პირთა ჯგუფმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მსხვერპლია რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევისა. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება“.
მხარეთა არგუმენტები
49. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის არგუმენტები უნდა ცნობილიყო მიუღებლად, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. კერძოდ, მომჩივანმა მიიღო პასუხი თავის საჩივრებზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მომჩივნის ადვოკატებს შეეძლოთ შეხვედროდნენ მას დაუბრკოლებლად და რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მცველს არ ჩამოურთმევია მისთვის საქმის მასალები. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში არსებულ პირობებს, მთავრობამ აღნიშნა რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერით (CCTV) არ გაკეთებულა აუდიოჩანაწერები ამასთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის შესაბამისად. გარდა ამისა, მომჩივანს ხელი არ შეშლია საჩივრის წარდგენის უფლებით სარგებლობაში იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან შესაბამისი ორგანოების წინაშე აღიარა, რომ ადვოკატებთან შეხვედრები ხორციელდებოდა „უპრობლემოდ“, რომ ის რამდენჯერმე შეხვდა თავის წარმომადგენლებს, მას შეეძლო თავისუფლად მოეწერა ხელი შესაბამისი დოკუმენტებისთვის და რომ მისმა ადვოკატებმა შეძლეს საჩივრის სასამართლოში წარდგენა.
50. მომჩივანმა განაცხადა, რომ (ა) შეხვედრების ოთახში არსებული პირობები შეუძლებელს ხდიდა მის წარმომადგენლებთან კონფიდენციალურ კონსულტაციას სასამართლოში წარსადგენ საჩივართან დაკავშირებით და რომ ადგილობრივმა ორგანოებმა არ მოახდინეს რეაგირება მის საჩივარზე ამასთან დაკავშირებით; და (ბ) მის წარმომადგენლებს არ მისცეს მასთან შეხვედრის ნებართვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 25 თებერვალს. მომჩივანმა არ უპასუხა მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალები არ ჩამოურთმევიათ მისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ის იმეორებს თავდაპირველ საჩივარში წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებსა და ფაქტებს.
სასამართლოს შეფასება
51. სასამართლო თავდაპირველად იმეორებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი საჩივარი საპროცესო ხასიათისაა და, შესაბამისად, არ წარმოშობს მისაღებობის საკითხს კონვენციის შესაბამისად (იხ. საქმე Ryabov v. Russia, no. 3896/04, § 56, 2008 წლის 31 იანვარი, შემდგომი მითითებებით). აქედან გამომდინარე, მთავრობის არგუმენტები მისაღებობასთან დაკავშირებით, განიხილება კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი საჩივრის არსებითი მხარის კონტექსტში.
52. სასამართლო იმეორებს რომ კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვლდებულება, არ შეუშალოს ხელი ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლებას, გულისხმობს იმ პრინციპს, რომ ცალკეულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ საჩივარი კონვენციის შესაბამისად საქმის წარმოების სავარაუდო დარღვევებზე (იხ. სხვა წყაროებს შორის, საქმეები Cano Moya v. Spain, no. 3142/11, § 43, 2016 წლის 11 ოქტომბერი; ზემოთ ციტირებული Ryabov v. Russia, § 56; და Poleshchuk v. Russia, no. 60776/00, § 27, 2004 წლის 7 ოქტომბერი).
53. კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომჩივანმა ან პოტენციურმა მომჩივანმა, შეძლოს სასამართლოსთან თავისუფლად კომუნიკაცია ისე, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მასზე არ განხორციელდეს რაიმე სახის ზეწოლა საჩივრების შეცვლასთან ან გამოთხოვასთან დაკავშირებით (იხ. საქმეები Sisojeva and Others v. Latvia (ამორიცხვა) [GC], no. 60654/00, § 115, ECHR 2007-I; Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 130, ECHR 2000‑VII; და Akdivar and Others v. Turkey, 1996 წლის 16 სექტემბერი, § 105, „გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ოქმები“, 1996-IV). ამ კონტექსტში, „ზეწოლა“ მოიცავს არა მხოლოდ პირდაპირი იძულების და უხეში დაშინების ქმედებას, არამედ სხვა არასათანადო ირიბ ქმედებებს ან კონტაქტს, რომელთა მიზანია მომჩივნისთვის ხელის შეშლა და მისი გადარწმუნება, რომ არ ისარგებლოს კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებებით (იხ. საქმე Konstantin Markin v. Russia [GC], no. 30078/06, § 158, ECHR 2012 (ამონარიდები)).
54. სასამართლომ დაადგინა, რომ ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ელემენტია საჩივრის უფლებით სარგებლობისთვის, რომელიც გარანტირებულია კონვნციის 34-ე მუხლით (იხ. საქმე Cebotari v. Moldova, no. 35615/06, §§ 58-60, 2007 წლის 13 ნოემბერი). ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობაში და, შესაბამისად, ინდივიდუალური საჩივრის უფლებით სარგებლობაში ჩარევა, აუცილებლად არ გულისხმობს რეალურად მოსმენას ან მიყურადებას. სასამართლოს აზრით, ვარაუდი, რომელიც ემყარებოდა გონივრულ საფუძველს, რომ მათი საუბარი ისმინებოდა, შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო იმისათვის, რომ შეზღუდულიყო ადვოკატის დახმარების ეფექტიანობა. ამგვარი ვარაუდი აუცილებლად დააბრკოლებდა თავისუფალ საუბარს ადვოკატსა და კლიენტს შორის, და ხელს შეუშლიდა კლიენტის მიერ ეფექტიანი დაცვისა და წარმომადგენლობის უფლებით სარგებლობას (იხ. საქმეები Oferta Plus S.R.L. v. Moldova, no. 14385/04, § 147, 2006 წლის 19 დეკემბერი, და ზემოთ ციტირებული Cebotari, § 60).
55. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს გააჩნია სამი ასპექტი: (i) შეხვედრების ოთახში არსებული პირობები, რომლებიც, სავარაუდოდ, რისკის ქვეშ აყენებდა ადვოკატებთან მისი კონსულტაციის კონფიდენციალურობას სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადების პროცესში; (ii) ერთ შემთხვევაში მომჩივნის წარმომადგენლებთან მის შეხვედრაზე სავარაუდო უარი; და (iii) მისთვის საქმის მასალების სავარაუდო ჩამორთმევა.
56. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრის პირველ ელემენტს, სასამართლო არ მიიჩნევს მართებულად მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი თავად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, როდესაც აღიარებდა, რომ შეხვედრები მიმდინარეობდა „უპრობლემოდ". კერძოდ, ეს შენიშვნა მან გააკეთა სხვა კონტექსტში და ეხებოდა მანამდე მომჩივანთან შეხვედრის თავისუფალ შესაძლებლობას, განსხვავებით 2009 წლის 25 თებერვლისგან, როდესაც სავარაუდოდ უარი ეთქვა წვდომაზე (შედარებისთვის იხ. ზემოთ 27-ე და 49-ე პარაგრაფები).
57. გარდა ამისა, სასამართლო თვალს არ ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ არცერთ შესაბამის ეროვნული ხელისუფლების ორგანოს არ უპასუხია მომჩივნის საჩივრებზე კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით (შედარებისთვის იხ. 26-ე და 27-28-ე პარაგრაფები ზემოთ). რაც შეეხება მთავრობის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ არგუმენტებს, გარდა იმის აღნიშვნისა, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერებით (CCTV) არ ხორციელდებოდა შეხვედრების აუდიოჩაწერა (რასაც მომჩივანი არც ამტკიცებდა), მთავრობას არ განუხილავს ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივნის საჩივრებზე პასუხის გაუცემლობის საკითხი. ასევე მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება მომჩივნის მიერ შეხვედრების ოთახში არსებული პირობების დეტალური აღწერის საპირისპიროდ. ასეთ გარემოებებში, სასამართლომ გამოიტანა უარყოფითი დასკვნები და დაადგინა, რომ „საფუძვლიან ეჭვს მიღმაა“, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახი მოწყობილი იყო მომჩივნის მიერ აღწერილი სახით (იხ. ზემოთ 24-25-ე პარაგრაფები).
58. ამ კონტექსტში სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეხვედრებზე ისედაც ხორციელდებოდა ვიდეო მეთვალყურეობა, შეხვედრების ოთახის მოწყობა და მოთხოვნა, რომ მომჩივანს არ დაეხურა შეხვედრების ოთახის კარი და დამჯდარიყო სასჯელაღსრულების დაწესებულების მცველის მხედველობის არეში, რისი მიზეზიც არ განუმარტავთ მისთვის, არ შეიძლება გამართლებული იყოს უსაფრთხოების მოსაზრებებით. აღნიშნული გარემო არ უზრუნველყოფდა კონფიდენციალურობის დაცვას და შეიძლება შეექმნა ჭეშმარიტი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ საუბრები ისმინებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ, ამგვარი ვარაუდი კი აუცილებლად შეუშლიდა ხელს ადვოკატებსა და კლიენტს შორის თავისუფალ საუბარს, რაც წარმოადგენს დაბრკოლებას მომჩივნის მიერ ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლებით ეფექტიანი სარგებლობისათვის.
59. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს განიხილოს კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი მომჩივნის საჩივრის დანარჩენი ასპექტები.
60. ზემოხსენებული მსჯელობები სასამართლოსთვის საკმარისია რომ დაასკვნას, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები, რადგან ვერ უზრუნველყო მომჩივანსა და მის ადვოკატებს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვა სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადების პროცესში.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
61. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ზიანი
62. მომჩივანმა მოითხოვა 33 562 (ოცდაცამეტი ათას ხუთას სამოცდაორი) ევრო მატერიალური ზიანისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო შემოსავლის დაკარგვასთან და ჯანმრთელობის გაუარესებასთან თავისუფლების აღკვეთის გამო, და 60 000 (სამოცი ათასი) ევრო მორალური ზიანისთვის.
63. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და გადაჭარბებული.
64. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზობრივ კავშირს დადგენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; ამიტომ, სასამართლო არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. მეორე მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის აღიარებით. ამრიგად, წინამდებარე საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მიაკუთვნოს მომჩივანს 1 200 (ათას ორასი) ევრო.
ხარჯები
65. მომჩივანი ასევე ითხოვდა 2 700 (ორი ათას შვიდას) ევროს ხარჯებისთვის, რომელიც მან გაწია ეროვნული სასამართლოების წინაშე, და 1 408 (ათას ოთხას რვა) ევროს იურიდიული დახმარებისთვის, საფოსტო მომსახურებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, რომელიც გაწეულ იქნა სასამართლოში საქმის წამოებისას. არგუმენტების წარმოდგენის დროს, მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის იურიდიული ან ფინანსური დოკუმენტი ამ მოთხოვნის გასამყარებლად. აღნიშნულისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, მომჩივანმა საკუთარი ინიციატივით განმეორებით წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნები კონვენციის 41-ე მუხლზე დაყრდნობით და მიაწოდა სასამართლოს 2009 წლის 16 მარტით დათარიღებული ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულება ეხებოდა იმ მომსახურებებს, რომლებიც უნდა გაეწიათ მომჩივნის სამ წარმომადგენელს სასამართლოს წინაშე (იხ. ზემოთ მე-2 პარაგრაფი), მაგრამ ხელმოწერილი იყო მხოლოდ ერთი მათგანის მიერ. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მომჩივანს უნდა გადაეხადა 2 000 (ორი ათასი) ლარი (დაახლოებით 910 (ცხრაას ათი) ევრო) ხელმოწერის მომენტში და იგივე ოდენობა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში. სასამართლოსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული გადახდის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. მომჩივანს არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ ვერ დაიცვა შესაბამისი ვადა.
66. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნები იყო გადაჭარბებული და არ იყო გამყარებული არანაირი მტკიცებულებებით.
67. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად ხარჯების ასანაზღაურებლად, უნდა დადგინდეს რომ ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაწეული და არის გონივრული ოდენობის (იხ. მაგალითად, საქმე Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, § 62, ECHR 1999-VIII, და საქმე Boicenco v. Moldova, no. 41088/05, § 175, 2006 წლის 11 ივლისი). სასამართლოს რეგლამენტის მე-60 წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა სასარჩელო მოთხოვნის ცალკეული მონაცემები წარდგენილი უნდა იქნეს იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საჩივრის არსებითი მხარის შესახებ მომჩვნის მოსაზრებების წარდგენისთვის, თუ პალატის თავმჯდომარე სხვაგვარად არ მიუთითებს. მომჩივნის მხრიდან ზემოაღნიშნული მოთხოვნის ყოველგვარი მიზეზების მითითების გარეშე შეუსრულებლობის გათვალისწინებით, სასამართლო არ აკმაყოფილებს ხარჯებთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნას.
საურავი
68. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ამ მოტივით სასამართლო ერთხმად
აცხადებს კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს მიუღებლად;
ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები;
ადგენს
რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსით, მომჩივანს გადაუხადოს 1 200 (ათას ორასი) ევრო, რომელსაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
უარყოფს მომჩივნის მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2020 წლის 26 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ვიქტორ სოლოვეიტჩიკი განა იუდკივსკა
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე