1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

4. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვ(ებ)ის წაყვანისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ბავშვ(ებ)ს სათითაოდ შეუძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ბილეთ(ებ)ი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთ(ებ)ი ან ელექტრონული გადახდის საშუალება/საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალკე უნდა შედგეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

5. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს.

7. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელება და მას აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

8. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

9. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. საჯარიმო ქვითრის შევსებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული  პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვთ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

11. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი №3) შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, არსი: რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა/ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით;

ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;

თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.

12. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს – შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს (ს/კ  220413844, მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №79).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან  სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

14. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

15. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №4).

16. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

17. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

18. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ