აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/136
2021 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტს და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) დაფინანსებით.
პროექტი მოიცავს დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობას, 500 კვ „კავკასიონის“ ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ (220 კვ) ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის 500 კვ ქვესადგურთან. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი 500/200 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში – ქვესადგურის 500 კვ მხარის მოწყობა ამომრთველის ერთნახევარი სქემით, ორი დიაგონალით.
დასახელებული პროექტის ფარგლებში მოექცა ზურაბ ბიგვავას (პ/ნ 58001022148), თამარ ბიგვავას (პ/ნ 58001019733), თემურ ბიგვავას (პ/ნ 58001031394), თორნიკე ბიგვავას (პ/ნ 58001030473), ლალი ბიგვავას (პ/ნ 58001018570) და ნარი ბიგვავას (პ/ნ 58001013682) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბია (ს/კ №45.03.24.056) და ანატოლი ჩუხუას (პ/ნ 19001005766) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელ ჭაქვინჯი (ს/კ №43.06.42.565).
უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია მშენებლობა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შუამდგომლობა და მოთხოვნილ უძრავ ქონებებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220 კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500 კვ და 220 კვ) მშენებლობა.
დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ზურაბ ბიგვავას, თამარ ბიგვავას, თემურ ბიგვავას, თორნიკე ბიგვავას, ლალი ბიგვავას და ნარი ბიგვავას თანასაკუთრებაში არსებული 5884 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან – 169 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ასევე დადგენილია, რომ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის არეალში მოექცა ანატოლი ჩუხუას საკუთრებაში არსებული 253 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ბიაში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №45.03.24.056) თანამესაკუთრეები არიან: ზურაბ ბიგვავა (პ/ნ 58001022148), თამარ ბიგვავა (პ/ნ 58001019733), თემურ ბიგვავა (პ/ნ 58001031394), თორნიკე ბიგვავა (პ/ნ58001030473), ლალი ბიგვავა (პ/ნ 58001018570) და ნარი ბიგვავა (პ/ნ 58001013682).
საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ ზუგდიდის მუნიციპლიტეტში, სოფელ ჭაქვინჯში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №43.06.42.565) მესაკუთრეა ანატოლი ჩუხუა (პ/ნ 19001005766).
დადასტურებულია, რომ მესაკუთრეებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით აცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.“
ვინაიდან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის № 1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 30 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1 ზურაბ ბიგვავას (პ/ნ 58001022148), თამარ ბიგვავას (პ/ნ 58001019733), თემურ ბიგვავას (პ/ნ 58001031394), თორნიკე ბიგვავას (პ/ნ 58001030473), ლალი ბიგვავას (პ/ნ 58001018570) და ნარი ბიგვავას (პ/ნ 58001013682) თანასაკუთრებაში არსებულ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიაში მდებარე, 169 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი №45.03.24.056 (წინა საკადასტრო კოდი №45.03.02.018);
1.2 ანატოლი ჩუხუას (პ/ნ 19001005766) საკუთრებაში არსებულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭაქვინჯში, მდებარე 253 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი №43.06.42.565 (წინა საკადასტრო კოდი №43.06.42.485).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით განობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტი ნათელა თურნავა