ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის და საკრებულოს წევრის ფიცის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის და საკრებულოს წევრის ფიცის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2021 წლის 16 აპრილი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის და საკრებულოს წევრის ფიცის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი“ დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფიცი“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის (შემდეგში – ეთიკის კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, განსაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდეგში - საკრებულოს წევრი) ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საკრებულოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, საკრებულოს წევრის მიერ საკუთარი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
საკრებულოს წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი თვითმმართველობის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი გააუმჯობესებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და ხელს შეუწყობს საკრებულოს წევრებს შორის კოლეგიალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ამასთანავე, ეთიკის კოდექსი არ ზღუდავს საკრებულოს წევრის უფლებას პირად ცხოვრებაზე, ასევე მათ უფლებას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.
მუხლი 1🔗.
ეთიკის კოდექსის მოქმედების სფერო
1. ეთიკის კოდექსი ადგენს საკრებულოს წევრის ქცევის სტანდარტს, განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომელიც საკრებულოს წევრმა უნდა გაითვალისწინოს საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
2. ეთიკის კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 2🔗.
ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპები
1. საკრებულოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
ა) კანონიერება და ერთგულება:
ა.ა) საკრებულოს წევრი არის ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი; იგი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, აგრეთვე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ა.ბ) საკრებულოს წევრი უფრთხილდება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის იმიჯს, პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;
ა.გ) საკრებულოს წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;
ბ) თანასწორობა:
ბ.ა) საკრებულოს წევრი ვალდებულია თანაბრად მოეპყრას ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;
ბ.ბ) საკრებულოს წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, აღიარებს მამაკაცისა და ქალის თანაბარ უფლებებს; ვალდებულია დაიცვას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ჰომოფობიური განცხადებებისაგან;
გ) კეთილსინდისიერება:
გ.ა) საკრებულოს წევრი ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გამოყენებით;
გ.ბ) საკრებულოს წევრი პირადი ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის არ ახორციელებს საკითხების ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;
დ) ანგარიშვალდებულება:
დ.ა) საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. იგი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით;
დ.ბ) საკრებულოს წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე: ამომრჩეველს უნდა შეეძლოს საკრებულოს წევრთან დაკავშირება, მასთან შეხვედრა; ამასთან, საკრებულოს წევრი მოვალეა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში;
ე) გამჭვირვალობა:
ე.ა) საკრებულოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესს ემსახურება და გამჭვირვალეა;
ე.ბ) საკრებულოს წევრი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე.გ) საკრებულოს წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) პასუხისმგებლობა:
ვ.ა) საკრებულოს წევრი ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და რეპუტაცია;
ვ.ბ) საკრებულოს წევრი ხელს უწყობს ეთიკის კოდექსის დაცვას.
მუხლი 3🔗.
ქცევის წესები
1. საკრებულოს წევრის ძირითადი მოვალეობები გაწერილია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-14 მუხლში.
2. საკრებულოს წევრმა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ასევე ქცევის შემდეგი წესები:
ა) საკრებულოს წევრმა საკრებულოს წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეთიკის კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;
ბ) საკრებულოს წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას;
გ) საკრებულოს წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
დ) საკრებულოს წევრმა დროულად უნდა განაცხადოს საკუთარი ინტერესების თაობაზე, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი პირად, მათ შორის, ფინანსურ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, ხოლო კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში უარი განაცხადოს აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე;
ე) საკრებულოს წევრი ვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობაში;
ვ) საკრებულოს წევრმა ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ) არ უნდა გამოიყენოს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
ზ) საკრებულოს წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;
თ) საკრებულოს წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია;
ი) საკრებულოს წევრმა არასამსახურებრივი მიზნით არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
მუხლი 4🔗.
ეთიკის კოდექსის მონიტორინგი
1. მონიტორინგს ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.
2. საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომები დგინდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-9 თავში მოცემული რეგულაციების შესაბამისად.
3. საკრებულოს წევრის მიმართ სხდომის წესების დარღვევისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ზომები:
ა) წესრიგისკენ მოწოდება;
ბ) გაფრთხილება;
გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე;
4. ეთიკის კოდექის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე განცხადება საკრებულოში შეიძლება წარადგინოს როგორც საკრებულოს წევრმა, ასევე ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა ან/და იურიდიული პირის წარმომადგენელმა. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს ელექტრონულად.
5. განცხადების წარდგენიდან/რეგისტრაციიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს წევრს უნდა ეცნობოს ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის შეტანის შესახებ. მას ეძლევა 7 კალენდარული დღის ვადა განცხადებაში მითითებულ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად.
6. განცხადების წარდგენიდან/რეგისტრაციიდან ათი კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ ფაქტს/ფაქტებს და, თუ დადგინდა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, საკრებულოს წევრს დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა საკრებულოს გადაწყვეტილებით.
7. ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით;
8. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას შეუძლია შეიმუშაოს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებანი საკრებულოს წევრისათვის.
9. ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი საკრებულოს წევრის შესახებ ინფორმაცია (საკრებულოს წევრის სახელი და გვარი, შემთხვევის მოკლე აღწერა) გასაჯაროვდება და განთავსდება ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფიცი
1. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფიცის ტექსტს ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. საკრებულოს წევრები ფიცს დებენ საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯაროდ, საზოგადოების თანდასწრებით და ამავდროულად ხელს აწერენ ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ეთიკის კოდექსი მოქმედებს ყოველი შემდგომი მოწვევის საკრებულოს წევრებზეც. შესაბამისად, საკრებულოს ყოველ წევრს მოეთხოვება ამ დოკუმენტის საჯაროდ ხელმოწერა და ფიცის დადება.
2. ეთიკის კოდექსში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ვანის მუნიციალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
დანართი №2
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფიცი
„ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, პირნათლად აღვასრულო საკრებულოს წევრის მაღალი დანიშნულება და დაკისრებული პასუხისმგებლობა, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, ღირსეულად წარმოვადგინო ვანის მუნიციპალიტეტი, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და მიღებული გადაწყვეტილებები, საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, ვიყო მისი პრინციპების ერთგული, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს“.