შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 08.03.2013
ძალაში შესვლა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №905/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016638
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და
სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი);
აღიარებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის დარგში არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოებისათვის;
დარწმუნებულები არიან რა, ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობის აუცილებლობაში, შესაბამისი შესაძლებლობების გათვალისწინებით;
მხედველობაში იღებენ რა ორი ქვეყნის სურვილს მიიღონ ნებისმიერი ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბუნებრივი გარემოსა და კულტურული რესურსების დაცვას, ტურიზმის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისათვის;
მოწადინებულნი არიან რა თანასაწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე განავრცონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები;
აღიარებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ურთიერთცნობადობის გასაუმჯობესებლად, ურთიერთგაგებისა და მათი ეკონომიკური განვითარებისათვის;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები მიიღებენ შესაბამის ზომებს ხელი შეუწყონ და წაახალისონ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარება და დააჩქარონ თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ უწყებებს, სააგენტოებს, ორგანიზაციებსა და კერძო ტურისტულ ოპერატორებს შორის, რათა გააძლიერონ ორმხრივი გაცვლა ეკონომიკურ სფეროში.
ამ შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტით გაწერილი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.
მუხლი 2🔗
მხარეები წაახალისებენ ტურიზმის სფეროში ინფორმაციის, გამოცდილების, მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის, ასევე შესაბამის კვლევების გაცვლას ადმინისტრაციულ ხელისუფლებებსა და კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში. შესაძლებლობის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ბაზრის კვლევის სფეროში და ჩაატარებენ ერთობლივ კვლევის პროგრამებს საერთო ინტერესის ბაზრებზე. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ პროდუქტების განვითარების სფეროში ცოდნის გაზიარების გზით.
მუხლი 3🔗
მხარეები შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ:
a) ტექნიკური თანამშრომლებისა და გამოცდილ ექსპერტთა მისიების განხორცილებას ტურიზმის ხელშეწყობისა და შესაბამისი გამოცდილების გაცვლისათვის;
b) ტურისტული სარეკლამო მასალისა და პუბლიკაციების გაცვლას;
c) ტურისტული მიზნებისათვის იუნესკო-ს მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობის განვითარებას;
d) თანამშრომლობას ტურიზმისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის მიმართულებით.
მუხლი 4🔗
მხარეები დადებითად განიხილავენ იმ აქტების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განახლებას, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს შორის ტურიზმის განვითარების მიზნით კვლევებისა და პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მეშვეობით. გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ შესაბამის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ითანამშრომლონ ტურიზმის სასწავლო სექტორში, სასტუმროების მართვისა და დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების კუთხით.
მუხლი 5🔗
მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, განსაკუთრებით UNWTO-სა (გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია) და ETC-თან (ევროპის მოგზაურობის კომისია).
მუხლი 6🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
წინამდებარე შეთანხმება დადებულია 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა არ ეხება იმ ვალდებულებების განხორციელებას, რომლებიც აღებულ იქნა მისი მოქმედებისას და რომლებიც უნდა შესრულდეს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მის საბოლოო შეწყვეტამდე.
ხელმოწერილია ქ. სან მარინოში, 2013 წლის 8 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)