საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36-IIს
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

 

საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეთხოვოს მისი გამარტივებული წესით განხილვა.

2. წარდგენილ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                   დავით გაბაიძე

 

ბათუმი,

2021 წლის 17 ივნისი

№36-IIს

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 3513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მრჩეველთა საბჭო, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                         სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

2021 წლის

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3513 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მრჩეველთა საბჭო, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ანგარიში უნდა შეიცავდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინფორმაციას წარმოადგენს შიდა და გარე აუდიტის დასკვნები, კანონით დადგენილ ვადაში – არაუგვიანეს 1 აპრილისა, ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული აუდიტის დასკვნების უმაღლეს საბჭოში წარმოდგენა, აღნიშნული ვადა გარკვეულწილად კვეთაშია საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსებით დადგენილ სხვა ვალდებულებების შესრულების ვადებთან.

მართალია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს გარე აუდიტის დასკვნის შინაარსობრივ მიმართულებას, მაუწყებელი, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, როგორც წესი, ატარებს ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო რისკების აუდიტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით (ასევე, მაუწყებლის მოთხოვნით, აუდიტის სხვა, სპეციფიკურ მიმართულებებსაც). ხსენებული აუდიტი თვალნათლივ წარმოაჩენს მაუწყებლის ფინანსურ ნაკადებს, ხარჯებს კლასიფიკაციის მიხედვით, აქტივებს და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს. ამისთვის, მოწვეული აუდიტორისთვის აუცილებელია, რომ მაუწყებლის ფინანსურ სამსახურში მომზადებული და ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი იყოს მოგების გადასახადის დეკლარაცია და ფინანსური ანგარიშგება. მოცულობითი ფინანსური დოკუმენტების გადამუშავების აუცილებლობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს საგადასახადო დეკლარაციის ფორმებს, მისი შევსებისა და დამტკიცების წესს (2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება), რომლის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია მოგების გადასახადის წარდგენის ვადა – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილი.

აგრეთვე, გარე აუდიტის დასკვნის მოსამზადებლად საჭიროა მეორე დოკუმენტის – საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადება, რომლის მომზადების და წარდგენის წესი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლის საფუძველზე, რეგულირდება ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი წარდგენის ვადას განსაზღვრავს საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

როგორც ზემოაღნიშნული რეგულაციებიდან ჩანს, 1 აპრილამდე მაუწყებელში მიმდინარეობს ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დოკუმენტების მომზადება. აქედან გამომდინარე, 1 აპრილამდე მოწვეულ გარე აუდიტს შემოწმების პროცესში შესაბამისი დოკუმენტები ვერ წარედგინება. შესაბამისად, მაუწყებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ამზადებს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამ დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადების შემდეგ იწვევს გარე აუდიტს. სამწუხაროდ, ეს ვადები ემთხვევა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვადას, რაც ქმნის სამართლებრივ პრობლემას.

გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს კიდევ ერთ გარემოებაზე, კერძოდ: სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტი ფორმირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან, შესაბამისად, წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ნაწილს. აქედან გამომდინარე, მრჩეველთა საბჭო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და უმაღლეს საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. სამეურვეო საბჭო, ყოველი წლის 1 მაისამდე, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე კენჭს უყრის და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელიც მოიცავს აჭარის ტელვიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსაც. შესაბამისად, როდესაც უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად 1 აპრილამდე, შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს ანგარიში ჯერ დამტკიცებული არც ჰქონდეს. სამეურვეო საბჭოს უფლება აქვს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცოს უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენის შემდგომ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე – 1 მაისამდე. ეს ფაქტიც თავის მხრივ ქმნის სამართლებრივ პრობლემას, რადგანაც უმაღლეს საბჭოს მიეწოდება ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3513 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია კონკრეტული თარიღი – თუ როდის უნდა წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ გაწეული საქმიანობის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. შესაბამისად, აღნიშნული თარიღის ცვლილებისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონის მიღებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ წარდგენილი საქმიანობის ანგარიში იქნება სრულყოფილი და მასში კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ასევე ასახული იქნება ინფორმაცია გარე აუდიტის დასკვნის შესახებ;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3513 მუხლის პირველ პუნქტში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის თარიღად, ნაცვლად არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა, განისაზღვრება – 1 მაისი;

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს;

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

ვინაიდან კანონის ძალაში შესვლა არაა დაკავშირებული რაიმე გარემოებასთან ან თარიღთან, ასევე მის ასამოქმედებლად არაა საჭირო სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი;

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

არ იწვევს ფინანსურ შედეგებს;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას;

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას;

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გამართული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთან;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა არ არსებობს;

ე) კანონპროექტის ავტორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.