ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.06.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.139.016404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.08.2020
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2021 წლის 25 ივნისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1561 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაფუძნების და დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 აგვისტოს №24 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27/08/2020, 040030000.35.139.016379) მე-2 მუხლი.
მუხლი 3🔗
1. ეს დადგენილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილებით დამტკიცებული ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა-კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ხოლო ამავე პუნქტის „ლ-რ„ ქვეპუნქტები 2022 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბაკურიანის განვითარების სააგენტომ განახორციელოს საჯარო მოხელეების შესარჩევად და მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი
დანართი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) დაფუძნებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული სახელწოდება „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“. სააგენტოს სახელწოდების ინგლისური ტრანსლიტერაციაა – „Bakuriani Development Agency‘‘.
3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ანგარიში კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ხაზინაში, ლოგო, ბეჭდები, შტამპები, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მექანიკური ან/და მართვის ავტომატური საშუალებებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს.
8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, თამარ მეფის ქუჩა N1.
9. სააგენტო საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლებათა ერთობლიობაში - დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის (შემდგომში - დასახლება) ტერიტორიაზე.
10. სააგენტო თანამშრომლობს დასახლების ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებთან და უწყებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, გაერთიანებებთან, ასოციაციებთან, ფედერაციებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კლუბებთან.
მუხლი 2🔗.
სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
1. სააგენტო დასახლების ტერიტორიაზე შემდეგ უფლებამოსილებებს ახორციელებს:
ა) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ბ) ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება;
გ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა;
დ) მშენებლობის ნებართვის გაცემა;
ე) მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა;
თ) გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება;
ი) გარე ვაჭრობის ადმინისტრირება;
კ) გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება;
ლ) ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება;
მ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა;
ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
ო) გარე განათების უზრუნველყოფა;
პ) ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება;
ჟ) უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
რ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.
2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ლიცენზიების, ნებართვებისა თუ სერტიფიკატების საფუძველზე.
3. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც ქვეყნაში, ისე, მის ფარგლებს გარეთ, დასახლებების ინტერესების, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, მათ შორის დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით, დასახლებების განვითარება. ასევე, მათი იერსახის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები - შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმის შედგენა და გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები, იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდრღვევებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗.
სააგენტოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება
სააგენტოს თითოეული თანამშრომლის მიზანი და ვალდებულებაა, უზრუნველყოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, რაც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მომხმარებლის ინტერესის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და საჯარო და კერძო ინტერესებს შორის თანაზომიერების პრინციპის დაცვას გულისხმობს. მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების პრიორიტეტი მომხმარებლის ბიუროკრატიული ბარიერებისგან დაცვასა და მისი კმაყოფილების ზრდას უნდა ემსახურებოდეს.
მუხლი 4🔗.
სააგენტოს მომსახურება ან/და დაჩქარებული მომსახურება
1. სააგენტო უფლებამოსილია არსებული რესურსების გათვალისწინებით მესამე პირებს გაუწიოს მომსახურება.
2. სააგენტოს თავმჯდომარის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს სააგენტოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობას.
მუხლი 5🔗.
სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.
მუხლი 6🔗.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები
1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ზედამხედველობის სამსახური;
გ) დასუფთავების სამსახური;
დ) კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ე) ტრანსპორტის სამსახური;
ვ) არქიტექტურის სამსახური;
ზ) ქონების მართვის სამსახური;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფ(ებ)ი (განყოფილება/სამმართველო), რაც განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 7🔗.
სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი (შემდეგში - მერი).
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით.
4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხოლო აღნიშნული თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის იმავდროულად ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ამასთან, ორივე მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს.
მუხლი 8🔗.
სააგენტოს თავმჯდომარე
1. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
გ) ზრუნავს სააგენტოს იმიჯზე/რეპუტაციაზე, პასუხისმგებელია სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფაზე;
დ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ე) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს;
ვ) სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) მერთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ეთიკის კოდექსს, სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ინსტრუქციებს;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლსა და ახორციელებს მათ ხელმძღვანელობას;
ლ) მერთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;
მ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ნ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს, მათ შორის, სეზონური დატვირთვის გათვალისწინებით, შესასრულებლად აიყვანოს და გაათავისუფლოს სააგენტოს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;
პ) უფლებამოსილია, მერთან შეთანხმებით, ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ან განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოსათვის, რომელიც აღემატება ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, თანამშრომლისთვის განსაზღვროს დამატებითი საზღაური (დანამატი);
ჟ) განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს);
რ) სააგენტოს თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ს) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ტ) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება მიანდოს სააგენტოს ცალკეულ თანამშრომელს;
უ) მერთან შეთანხმებით შეიმუშავებს და მასვე წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით;
ფ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;
ქ) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ღ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან თავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗.
სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) სააგენტოს თავმჯდომარესთან შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 10🔗.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური - ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოება, სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და დავის განმხილველ ორგანოში, სამართლებრივი აქტების პროექტების და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმისწარმოება, სააგენტოს ტექნიკური და სამეურნეო უზრუნველყოფა, სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სატარიფო საქმიანობის წარმართვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
ბ) ზედამხედველობის სამსახური - ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება;
გ) დასუფთავების სამსახური - დაგვა-დასუფთავება, მათ შორის, შესაბამისი ტერიტორიების თოვლისგან გაწმენდა, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება;
დ) კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური - დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა, საინჟინრო ინფრასტრუქტურის მართვა, დასახლების გამწვანების გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება;
ე) ტრანსპორტის სამსახური - სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ევაკუაცია, საგზაო მოძრაობის წესების ორგანიზება;
ვ) არქიტექტურის სამსახური - სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტადიების შესაბამისად, მათ შორის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება.
ზ) ქონების მართვის სამსახური - სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა, ქონების აღრიცხვის, რეგისტრაციისა და განკარგვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახური - საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებ-გვერდის მართვა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა, მარკეტინგული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.
იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საქმიანობას ახორციელებს მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს აღნიშნული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების კონტროლს.
მუხლი 11🔗.
სააგენტოს ქონება
1. დასახული მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აისახება მის ბალანსზე.
2. სააგენტოს, უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, სარგებლობის უფლებით. სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება მოიცავს აღნიშნული ქონების საკუთვნებელსაც. იმ შემთხვევაში, თუ საკუთვნებელი წარმოადგენს ხარჯვით მასალას, სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი ქონება.
3. სააგენტოს ბალანსზე არსებული ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობის, ფინანსური რესურსების და არამატერიალური აქტივებისაგან, რომელთა შეძენა და განკარგვა ხდება კანონმდებლობით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗.
დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური, მათ შორის, პარკირების და გარე რეკლამის ადმინისტრირებით მიღებული საფასური;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
3. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი, ასევე, წარუდგინოს მერს მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც.
4. დასახლების ტერიტორიიდან მიღებული მოსაკრებლის, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად მიღებული ჯარიმების, შესაბამისი ოდენობით სახსრები სრულად გადაეცემა სააგენტოს, სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.
მუხლი 13🔗.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗.
კონტროლი
1. სააგენტო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სააგენტოზე კონტროლს ახორციელებს მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
3. სააგენტომ, მერის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოსთვის შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობისა და ლიმიტების განსაზღვრა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად აგრეთვე აუცილებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობა.
5. მერის, როგორც კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, მიერ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 15🔗.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.