„2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

მიღების თარიღი 12.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №710-Vრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016667
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2021
matsne.gov.ge 10,146 სიტყვა · ~51 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა   თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N710-Vრს-Xმპ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 18.10.2022 „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 29.06.2020 „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 12.06.2025 „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 20.09.2019 „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 99% 01.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

„2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის  მდგომარეობის  შესახებ“  საქართველოს  სახალხო  დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის  კუთხით  წინ  გადადგმული  ნაბიჯები,  ისე  გარკვეული გამოწვევები. ანგარიშში  ხაზგასმით  არის  აღნიშნული  საანგარიშო  პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: აღნიშვნის ღირსია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საწყის ეტაპზე მოსახლეობისთვის ყოველდღიური ბრიფინგებით დეტალური ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა, სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდის − www.StopCoV.ge-ს შექმნა და მისი ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელმისაწვდომობა, სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედება და მოქალაქეთა მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სისტემის მეშვეობით ინფორმირება. მისასალმებელია ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ მოქალაქეთათვის დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებისა და ექიმის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დადებითად ფასდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების შეჩერების მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გაცემა. პოზიტიურად ფასდება ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ სრული მზადყოფნის გამოხატვა, დახმარებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ შეძენილი სეზონური გრიპის ვაქცინის 235 000 დოზიდან 10 000 დოზის ოკუპირებული აფხაზეთისთვის გადაცემა. დადებითად ფასდება ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად დროებითი ფულადი მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება, აგრეთვე ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების ადრესატებს შორის მოქალაქეობის არმქონე პირთა გათვალისწინება. წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებითაც საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების (მონიტორინგის) მექანიზმი. მისასალმებელია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არაქირურგიული მკურნალობისა და ონკოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა. პოზიტიურად ფასდება მოქალაქეთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების საპასუხოდ 16 მუნიციპალიტეტის მიერ პირის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით დაკმაყოფილების მიზნით ინსტრუქციების დამტკიცება. დადებით შეფასებას იმსახურებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, აგრეთვე სენსორული და მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საარჩევნო გარემოს ადაპტირება. მისასალმებელია საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმის დანერგვა, რის შედეგადაც საქართველო, 2020 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში წარმომადგენლობის მაჩვენებლით ბოლო 5 წლის განმავლობაში 153 ქვეყანას შორის 117-ე ადგილიდან 94-ე ადგილზე დაწინაურდა. დადებითად ფასდება ის, რომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. პოზიტიურად ფასდება 2020 წლის მარტის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ინტენსიურად გაგრძელება შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაადგილების  თავისუფლების  რეჟიმის გასამარტივებლად და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. მისასალმებელია შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება (ქალი და მამაკაცი დასაქმებულებისთვის თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების პრინციპის დამკვიდრება; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლების დაზუსტება; ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების ბავშვის მოვლის გამო შვებულებისგან (ე. წ. დეკრეტული შვებულება) გამიჯვნა), აგრეთვე დამსაქმებლისთვის სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების ვალდებულების დაკისრება. დადებითად ფასდება შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, აგრეთვე საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მისასალმებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელთა შედეგად 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალადობის ჩადენის შესახებ ინფორმაციის დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაგზავნის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მაღალია. ამასთანავე, 2020 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 19-დან 23-მდე გაიზარდა. მისასალმებელია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებლის გაზრდა. ამასთანავე, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაიზარდა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მაჩვენებელი. დადებითად ფასდება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც იურიდიული დახმარებით მოწმე ბავშვებიც იქნებიან უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმის შემუშავება, აგრეთვე ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) დამტკიცება, რომელიც სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საპასუხოდ როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით არაერთი ქმედითი ღონისძიების განხორციელებას ითვალისწინებს. პოზიტიურად ფასდება 2004/35/EC დირექტივით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება და გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი გარანტიების შექმნა. ზემოთ  აღნიშნულ  დადებით  ტენდენციებთან  ერთად,  საქართველოს სახალხო  დამცველის  ანგარიშში  ყურადღება  გამახვილებულია  არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს მთავრობამ: ა) განსაზღვროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადების/გადამზადების და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი უწყება; ბ) ახალი კორონავირუსის მართვის მიზნით ნებისმიერი შეზღუდვა და გამონაკლისი შემთხვევები დაადგინოს არადისკრიმინაციული მიდგომით და ხელმისაწვდომი გახადოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მათთვის გასაგებ ენაზე; გ) მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს დროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით; დ) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის პლატფორმის გამართული, ქმედითი და ეფექტიანი მუშაობა; ე) „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; ვ) შექმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად გააანალიზებს არსებულ პრევენციის სისტემას ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, მონაწილეობით იმუშავებს ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწისთვის; ზ) შეისწავლოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმებში ცალკეული კატეგორიების მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით არსებულ უსახლკარო პირთა, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინების საკითხი; თ) დაასრულოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონპროექტსა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე მუშაობა და მოახდინოს მათი საქართველოს პარლამენტში ინიციირება; ი) შემოიღოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სპეციალური წესი, მათ შორის, განსაზღვროს პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის (საწოლფონდის რაოდენობის, სამედიცინო პერსონალის გადამზადების, ვაქცინაციის შესახებ და სხვა) გამოქვეყნების წესი; კ) განახლებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში განსაზღვროს ადამიანის უფლებების შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მიზნების (გავლენის), ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები; ლ) შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; მ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მომდევნო ანგარიშში ასახოს ინფორმაცია 4.7 მიზნის განხორციელების თაობაზე; ნ) მოამზადოს ბავშვთა სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები; ო) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად დაამტკიცოს „დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; პ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; ჟ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რ) უზრუნველყოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მქონე მიგრანტ მუშაკთა ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებულ სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვა; ს) შეისწავლოს 2021 წლის ბოლოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტისა და მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, აგრეთვე მხოლოდ აფხაზური ენის გამოცდისა და მხოლოდ ოსური ენის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ე. წ. „1+4“ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროების საკითხი; ტ) შეისწავლოს 2021 წლის ბოლომდე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისა და მათი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების საჭიროების საკითხი; უ) დაიწყოს მუშაობა ვეტერანების მხარდამჭერი სოციალური დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესამუშავებლად; ფ) გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დანერგოს სამედიცინო ბარათების ელექტრონულად წარმოების სისტემა; ბ) 2021 წელს ყველა პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ეტაპობრივად გადაამზადოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები; გ) პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დ) დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით; ე) პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა; ვ) 2021 წელს პენიტენციური დაწესებულებების ყველა ექიმს, რომლებიც ახდენენ პირის დაზიანების დოკუმენტირებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, ჩაუტაროს ტრენინგი დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში; ზ) შეისწავლოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირების გაუმჯობესების შესაძლებლობა და შესწავლის შედეგების შესაბამისად შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებითაც მკაფიოდ განისაზღვრება ექიმის მიერ პირის დაზიანების „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები; თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა; ი) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში თითოეული პატიმარი უზრუნველყოს 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით; ლ) შეამოწმოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში მითითებული, ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; მ) 2021 წელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით მათი რაოდენობის პატიმართა რაოდენობასთან დაბალანსება; ნ) 2021 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ო) მიიღოს სათანადო ზომები სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად; პ) სამედიცინო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციით განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების აუცილებელი რაოდენობა და უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების ამ რაოდენობის ექთნებით დაკომპლექტება; ჟ) პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში უზრუნველყოს მისთვის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; რ) შეიმუშაოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია; ს) დანერგოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; ტ) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; უ) უზრუნველყოს, რომ ფსიქიატრიულმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს მათი ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს ამ პაციენტებს შესაბამისი დახმარება; ფ) 2021 წელს პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებისთვის, რომელიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; ქ) 2021 წელს დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა; №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მისცეს საშუალება, დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს ისარგებლონ გასეირნების უფლებით; ღ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთათვის მათთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე მათი უფლებების, მოვალეობებისა და გასაჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა სოციალურმა მუშაკმა პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების შემდეგ არასრულწლოვანს დეტალურად აუხსნას მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები; სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე, მათ შორის, აღნიშნული ინფორმაცია არასრულწლოვანს მისთვის გასაგებ (მარტივ) ენაზე შექმნილი ბროშურის სახით მიაწოდოს და გამოაკრას პატიმრისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში; ყ) უზრუნველყოს არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება; შ) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388 – №01-18/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების“ მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანა, რომლითაც არასრულწლოვანები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით (ერთ-ერთი კვება უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი), აგრეთვე არასრულწლოვანთა მენიუში ცოცხალი ბოსტნეულისა და ხილის დამატება; ჩ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ყველა უცხოენოვანი პატიმრისთვის მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების განმარტება და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ც) პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს პროფესიული გადაწვის ტრენინგი; ძ) პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომელს მისცეს შვებულებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა; წ) უსაფრთხოების პირობების დაცვით უზრუნველყოს ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დამოუკიდებლად და შეუფერხებლად დაკავშირების შესაძლებლობა; ჭ) შეისწავლოს ინფექციის (განსაკუთრებით − COVID-19-ის) კონტროლის, მათ შორის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, საკითხებზე როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის სწავლების/გადამზადების საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ტრენინგის ჩატარება; ხ) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პირბადეს იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები; ჯ) გააგრძელოს და გაააქტიუროს პატიმართათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც საინფორმაციო პოსტერების გაკვრით, ისე საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემით და ვიდეორგოლების გაშვებით; ჰ) გააგრძელოს COVID-19-ზე პატიმართა პერიოდული ტესტირება; ჰ​1) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალისა და პატიმრების COVID-19-ის ვაქცინით ვაქცინაცია; ჰ​2) 2021 წელს, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში მიიღოს დამატებითი ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების შეზღუდვის საკომპენსაციოდ; ჰ​3) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მაქსიმალურად უზრუნველყოს განსაკუთრებულ პირობებში სარეაბილიტაციო ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება; ჰ​4) ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაშვება, რათა მათ ამ დაწესებულებების შესაბამისი სამსახურების დახმარებით/ხელშეწყობით უზრუნველყონ ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა, აგრეთვე გაზარდოს სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობა; ჰ​5) უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებიდან საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობა, მათ შორის, კონფიდენციალური საჩივრის კონვერტი ისე განათავსოს, რომ კონვერტის მიღება არ იყოს ამ დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და არ მოხდეს კონვერტის მიმღები პატიმრის იდენტიფიცირება; ამასთანავე, ყველა პატიმრისთვის უფასოდ გახადოს ხელმისაწვდომი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მისცეს მათ საშუალება, საკნებში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები; ჰ​6) სისტემური შემოწმების ჩატარების გზით შეისწავლოს, ხომ არ არსებობს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები ან/და საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ რეპრესიების განხორციელების ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადოდ დასჯა; ჰ​7) №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებაში ცვლილებების შეტანით უზრუნველყოს პატიმართათვის ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის უფლების მინიჭება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა; ჰ​8) მიიღოს ყველა ზომა, რათა უცხოელ პატიმრებს, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; ჰ​9) ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს უცხოელი პატიმრებისთვის, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, ქართული ენის შესასწავლი დისტანციური კურსების დანერგვა; ჰ​10) გაზარდოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება; ჰ​11) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილებაში ჩარიცხულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს მისცეს კანონით გათვალისწინებული, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა; ჰ​12) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; ჰ​13) მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2021 წლის ბოლომდე უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; ჰ​14) შეისწავლოს სამოქალაქო აქტებში სქესის შეცვლის პროცედურა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ჰ​15) პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით დახვეწოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მათი სხვა დაწესებულებებში გადაყვანით, სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვების სურვილის მქონე პირთა ამ პატიმრებთან კონტაქტის არიდებით ან დამატებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით; ჰ​16) შეისწავლოს პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შესაძლებლობა და ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; თუ პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალური ვადის შემცირების შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აღმოიფხვრება მისი დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი ადეკვატური დახმარების მისაღებად დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სხვა სამოქალაქო დაწესებულებაში; ჰ​17) დაიწყოს მუშაობა პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდველი, ეფექტიანი ინსტრუმენტების (პერსონალის მიერ უშუალო მეთვალყურეობის განხორციელება, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და სხვა) შესაქმნელად, რაც გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ პატიმრის დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსება გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება; იმავდროულად, დაიწყოს მუშაობა ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროების დასასაბუთებლად უფრო მაღალი სტანდარტის დადგენისთვის და აღნიშნული ინსტრუმენტების შექმნისა და სტანდარტის დადგენის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს; ჰ​18) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების ჩატარების გზით შეისწავლოს, არის თუ არა №2, №3, №6 და №8 განსაკუთრებული რისკის და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში:  ჰ​18.ა) ფსიქიატრიული დიაგნოზის მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, ხელბორკილების გამოყენებისა და ფსიქიატრიული დახმარების გაუწევლობის ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ჰ​18.ბ) პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით გადაყვანის ფაქტები, და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ჰ​19) შეისწავლოს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ღონისძიების გამოყენების შემდეგ მისი გარკვეული პერიოდულობით გადასინჯვის შესაძლებლობა და აღნიშნული მიდგომის მიზანშეწონილობის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკის დასანერგად მიიღოს შესაბამისი ზომები; ჰ​20) პატიმრის სრული შემოწმების დროს უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება რისკის ინდივიდუალურ შეფასებასა და თანაზომიერების პრინციპის დაცვაზე და უფრო აქტიურად შესთავაზოს პირს ალტერნატიული მეთოდების (სკანერის) გამოყენება, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის უსაფრთხოების ინტერესს; სრული შემოწმებისას პირის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების პრევენციის მიზნით მიიღოს შესაბამისი ზომები; ჰ​21) შეისწავლოს პატიმართა საკნებში განთავსების დროს მათი ლინგვისტური, რელიგიური და კულტურული თავისებურებების, აგრეთვე საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინების შესაძლებლობა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ​22) არასრულწლოვანი პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებისა და მათი სრული შემოწმების პრევენციის მიზნით უზრუნველყოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ასეთი პრაქტიკის არსებობის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება კანონის შესაბამისად; ჰ​23) შეისწავლოს სპეციალურად მოწყობილი დასამშვიდებელი ოთახების ეფექტიანობა (მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით) და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიიღოს ზომები შესაბამისი საჭიროების გამოვლენისას სამარტოო (უსაფრთხო) საკნების ნაცვლად ასეთი ოთახების გამოყენების დასანერგად; ჰ​24) სასამართლო სხდომების დისტანციურად, შეუფერხებლად გამართვისთვის და სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად სასამართლოსთან კონსულტაციით შეისწავლოს ინფრასტრუქტურისა და კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებისა და მოცულობის გაზრდის საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;  ჰ​25) შეისწავლოს საერთო წესიდან ისეთი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში ვიდეოპაემნის განხორციელებისთვის პატიმრის ოჯახის წევრს აღარ მოუწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოცხადება და იგი შეძლებს ვიდეოპაემნის უსაფრთხო აპლიკაციის გამოყენებით, გამარტივებულად განხორციელებას; ჰ​26) შეისწავლოს უცხოელ პატიმართა მიერ საზღვარგარეთ დარეკვის უფლების რეალიზების გაუმჯობესების შესაძლებლობა და მათ მიერ ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად მიიღოს პრევენციული ზომები; ჰ​27) შესაბამის კომპანიებთან აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა უცხოელმა პატიმრებმა, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახი ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, შეძლონ საერთაშორისო ზარების შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად განხორციელება; ჰ​28) შეისწავლოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს განყოფილებებში (გარდა №17 განყოფილებისა) ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფისა და მათთვის ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ანაზღაურების მიცემის საჭიროება და ასეთი საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ​29) გააძლიეროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; ჰ​30) დაგეგმოს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთა იზოლირებისთვის საჭირო ღონისძიებები და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჰ​31) საჭიროების შემთხვევაში №2, №10, №12 და №18 პენიტენციური დაწესებულებები ეტაპობრივად აღჭურვოს ვიდეოპაემნისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით. 3. საქართველოს პროკურატურამ: ა) ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; დ) პატიმრების გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში საფუძვლიანად შეისწავლოს გარდაცვლილი პატიმრებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ადეკვატურობა, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის კომპეტენტური ექსპერტიზის ჩატარებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგრძოს 2019 წლის 20-21 ივნისს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების წარმოება; ვ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ზ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; თ) ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების (ქორწინების იძულება, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) შემთხვევაში გააგრძელოს, ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევაში − 2021 წლისთვის დანერგოს დანაშაულების გაანალიზების პრაქტიკა და სქესისა და ასაკის ნიშნებით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება; ი) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მედიის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სხვადასხვა დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; კ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის გამოძიების პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ლ) განაგრძოს 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; მ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია 2018, 2019 და 2020 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; ნ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ო) გააგრძელოს სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პერიოდული გადამზადება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით; უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე არასრულწლოვანებთან მომუშავე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; ამასთანავე, იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც, დაკავებულ პირთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტის გახსნა არ იგეგმება, ექიმები დაასაქმოს ხელშეკრულების შესაბამისად; ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; გ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში მითითებული, დროებითი მოთავსების იზოლატორებში საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; დ) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგისშემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას; ე) ძალადობის თითოეული შემთხვევის მართვისას უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობა და ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ; ვ) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში გააძლიეროს ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და საშუალებები მათ მიერ დაცული შეტყობინებების განხორციელების შესაძლებლობის გაზრდით, მათ შორის, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით; ზ) მიიღოს პრევენციული ზომები, მათ შორის, აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შემთხვევების შესამცირებლად/ თავიდან ასაცილებლად; თ) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და უბნის ინსპექტორის როლის გაძლიერება ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით − ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სათანადოდ ინფორმირებისთვის; ი) უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადების მოდულის შემუშავება და მათი გადამზადება; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში სადღეღამისო განწესში ყოფნის დღეს თითოეული სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს სრულფასოვანი, სამჯერადი კვებით; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა ნაწილში აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა; მ) აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (დასჯის მიზნით მისი რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა და ამის გასაკონტროლებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტს) დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯას; ნ) დისციპლინური საქმეების წარმოება, განხილვა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული დისციპლინური საქმეების წარმოების წესის შესაბამისად; ო) თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირების მიზნით შეიმუშაოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; პ) უზრუნველყოს დაკავებული პირის მიერ ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირება და აღნიშნული პროცესის ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება; ჟ) შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებთან შენახვას; რ) შეიტანოს ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში, კერძოდ, ამ ბრძანების №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაამატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით; ს) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ დაკავებულ პირსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს შორის შეხვედრის კონფიდენციალურ გარემოში გამართვა; ტ) ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით განსაზღვროს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი; უ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; განახორციელოს ინტიმურ პარტნიორთა (მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს) შორის ძალადობის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ფ) განახორციელოს ჟურნალისტების მიმართ მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ქ) განახორციელოს ხანდაზმულ პირთა მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს აღნიშნული მონიტორინგის შედეგები; ღ) მიიღოს ზომები, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამხედრო სამსახურის გასავლელად სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება ყველა წვევამდელისთვის ერთი და იმავე ვადით განხორციელდეს; ყ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა გასამხედროებულ ქვედანაყოფში უზრუნველყოს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოსაცვლელი სივრცის არსებობა, სადაც სამეთვალყურეო კამერები არ იქნება დამონტაჟებული; შ) უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომლებისთვის დაწესებულებებში წარმოებული ჟურნალების შევსების თაობაზე ინსტრუქტაჟის ჩატარება და ჟურნალის შევსების სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიწოდება; ჩ) შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმით გადის, ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობა, განსაზღვროს ამისთვის აუცილებელი რესურსის მოცულობა და შეიმუშაოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის გეგმა. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) გააგრძელოს მუშაობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების გასაზრდელად; ბ) გააგრძელოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა; გ) უზრუნველყოს სამხედრო ნაწილებში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამ მიზნით განიხილოს იმ სამხედრო ნაწილებში თარჯიმნის აყვანის საკითხი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან; დ) განახორციელოს სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინტერნეტის პროფესიული სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად ხელმისაწვდომობის საკითხის მონიტორინგი და პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, კერძოდ, გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობისთვის მათი მკურნალობის საკითხი; მანამდე დროებითი ღონისძიების სახით უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისთვის ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობა და მათი სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება; ბ) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, კერძოდ, ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გაითვალისწინოს სათანადო გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა; გ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკის წარმოება, ინფორმაციის სისტემატიზება და გარდაცვალების მიზეზის მითითება; დ) შეიმუშაოს და დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის; ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ჩადენის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; ე) შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ძალადობის შემთხვევების სპეციალურ ჟურნალში დოკუმენტირებისა და ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ვ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს; ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალს ჩაუტაროს სწავლება სულ მცირე შემდეგ საკითხებზე: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტთა უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აღნიშნული პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და პრაქტიკაში მის დასანერგად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ზ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით გამოავლინოს და აღკვეთოს ამ დაწესებულებების პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ ძალადობის განხორციელების, მათ შორის, ინექციებისა და მედიკამენტების ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების, ფაქტები; თ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რათა აღნიშნულმა დაწესებულებებმა მინიმუმამდე შეამცირონ სიტუაციის ესკალაციის რისკი და საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; ი) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების გზით შეისწავლოს შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, აგრეთვე ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი; კ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით განაახლოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია;       ლ) დაავალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მათი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა აღნიშნული წამლების არასასურველი ეფექტების შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულებების მიმართვის შემთხვევაში; მ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის უზრუნველყოფის კუთხით არსებული საჭიროებები და ამ დაწესებულებებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ასეთი სერვისის დანერგვა; ნ) შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში, რათა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტი მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს; ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს სტაციონარიდან იმ პაციენტების დაუყოვნებლივ გაწერისთვის საჭირო ყველა ზომა, რომელთა მიმართ  არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; პ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, რომელშიც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების არსისა და პაციენტის უფლებების შესახებ; ამასთანავე, აღნიშნული ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართოს, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა; ჟ) შეიტანოს ცვლილებები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში, რათა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის დროს ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს ამ ბრძანების მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება; რ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისი გასაგები ენით, ზეპირი და წერილობითი ინფორმირება სტაციონარის შინაგანაწესისა და პოლიტიკის და პაციენტის უფლებების  თაობაზე; დაავალოს შესაბამის ორგანოს, შეისწავლოს, მიეწოდებათ თუ არა პაციენტებს მკურნალობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე; ს) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალგარე პროცედურები; ტ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა პროცედურები; უ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ფ) უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართების მიზნით; ქ) შეისწავლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მობილობისა და სენსორული შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებთან ადაპტირებულობის საკითხი; ღ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების შესაბამისად პაციენტის მინიმალური საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის საკითხი; ყ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სტაციონარში არანაკლებ 2 იზოლირებული, ინდივიდუალური სველი წერტილის მქონე პალატის მოწყობა, სადაც COVID-19-ის ტესტის პასუხამდე შესაძლებელი იქნება პაციენტის იზოლირება; შ) შეისწავლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით) „ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19“ დადგენილი რეკომენდაციების შესრულება; ჩ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვების ერთიანი სტანდარტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, რომლის კვებითი ღირებულება შეესაბამება პირის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კულტურულ/რელიგიურ თავისებურებებს; ამასთანავე, ყოველდღიურმა რაციონმა ხილიც უნდა მოიცვას; ც) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; ძ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, ხანმოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; წ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით დაიწყოს მუშაობა „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართში ცვლილების შესატანად, რათა სექსუალური ძალადობის შედეგად ორსულობის დადგომის შემთხვევაში ორსულობის შესაწყვეტად და დაფინანსებისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება; ჭ) არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად; ხ) მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები, რომლებითაც ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისთვის გასაცემი დახმარების/საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა არსებითად დაუახლოვდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტს, ამავე დროს, განისაზღვრება შეზღუდვები, რომელთა ფარგლებშიც დამსაქმებლები უფლებამოსილი იქნებიან დაადგინონ ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებისთვის საშვებულებო ანაზღაურების მიღების წინაპირობები; ჯ) დაიწყოს მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში კონფლიქტით დაზარალებული გოგონებისა და ქალების საჭიროებებისთვის მორგებული, სპეციფიკური სერვისების დასამატებლად; ჰ) ჩამოაყალიბოს სისტემური ხედვა სახელმწიფო პროგრამებში ორსულობის, მშობიარობისა და ორსულობისშემდგომი პერიოდისთვის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის ინტეგრირების შესახებ და უზრუნველყოს მისი ფართო განხილვა აღნიშნული სფეროს ექსპერტების ჩართულობით; ჰ​1) გაზარდოს სამშობიარო დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგების ინფორმირებულობა პოსტსამშობიარო დეპრესიის რისკის გამოვლენის მექანიზმებთან დაკავშირებით; ჰ​2) ჩამოაყალიბოს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის სერვისების შესახებ და უზრუნველყოს მისი ფართო განხილვა აღნიშნული სფეროს ექსპერტების ჩართულობით; ჰ​3) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის პირველ რგოლში ოჯახის დაგეგმვის სერვისების ინტეგრირება; დაიწყოს მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისთვის კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ჰ​4) დაიწყოს მუშაობა ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის სერვისის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; უზრუნველყოს აღნიშნული სერვისის სავალდებულო, 5-დღიანი მოსაცდელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობა; ჰ​5) სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისები განსაზღვროს ესენციურ სერვისებად ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში; ჰ​6) უზრუნველყოს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების ტექნიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების იმგვარი მოდიფიცირება, რომ ისინი მოიცავდეს ტელემედიცინას და სერვისების დისტანციურად მიწოდების სხვა, ალტერნატიულ მოდელებს, რათა გაიზარდოს ამ სერვისების ხელმისაწვდომობა როგორც ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, ისე სხვა პერიოდებში; ჰ​7) გადაამზადოს სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგისშემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას; ჰ​8) სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშაოს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; ჰ​9) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასა და მოსალოდნელ საფრთხეებთან, აგრეთვე ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ეფექტიანი საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებების განხორციელება; ჰ​10) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების კლინიკური აუდიტის განმახორციელებელ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობისა და მის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის/რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება; ჰ​11) შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტები; ჰ​12) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის, გახარჯვისა და კონტროლის მექანიზმების სრულყოფა და არსებულ სტანდარტებთან მისადაგება; ჰ​13) მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით დადგენილი საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის შესამცირებლად შესაბამის აქტებში ცვლილებები შეიტანოს; ჰ​14) შეიმუშაოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მარეგულირებელი აქტი; ჰ​15) უზრუნველყოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანმრთელობის სერვისების, ფსიქოლოგისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა; ჰ​16) საქართველოს მთავრობასთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშაოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ბავშვთა, აგრეთვე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 18 წელზე უფროსი ბენეფიციარების მხარდაჭერის სტრატეგია, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალგაზრდების საჭიროებებისთვის მორგებული სერვისები; ჰ​17) სამოქალაქო სექტორის ჩართულობითა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშაოს რელიგიური სკოლა-პანსიონების მიმართ სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ასეთი დაწესებულებებისთვის, მათ შორის, განსაზღვროს სახელმწიფოს მიერ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები და ამგვარი დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლის მიღმა საქმიანობის შემთხვევაში არსებული რისკების აღსაკვეთად განსახორციელებელი ღონისძიებები; ჰ​18) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩართულ პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად გადახედოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ვაუჩერული დაფინანსების საკითხს და პრობლემების გამოკვეთის შემთხვევაში  განახორციელოს ასეთი სახლების ფინანსური მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებები; ჰ​19) აჭარის რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელოს ამ რეგიონში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დასანერგად საჭირო ღონისძიებები; ჰ​20) გამოყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები, აგრეთვე შეიმუშაოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი; ჰ​21) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი სერვისები მათ გადაუდებელ მატერიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფონდების მობილიზების, აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების, დასაქმების მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ჰ​22) სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების მიზნით: ჰ​22.ა) გამოავლინოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების კუთხით სახელმწიფო პროგრამებში არსებული ხარვეზები; ჰ​22.ბ) შეიმუშაოს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები; ჰ​23) სამართალდამცავ უწყებებსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან კოორდინაციით შეიმუშაოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის გამოძიებისა და სასამართლო ეტაპებზე მონაწილეობის შესახებ დოკუმენტი, რომლითაც ზუსტად და დეტალურად განისაზღვრება აღნიშნულ პროცესში მათი როლი, განსახორციელებელი ღონისძიებები, სახელმძღვანელო პრინციპები და პასუხისმგებლობა; ჰ​24) ახალი კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის: ჰ​24.ა) სამედიცინო კადრების გადამზადება შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებში; ჰ​24.ბ) შშმ პირთათვის სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა; ჰ​24.გ) შშმ პირთათვის (ყველა სახის  (ფიზიკური, სენსორული, მენტალური) შეზღუდვის მქონე პირთათვის) ახალ კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩასატარებელი სივრცეების ხელმისაწვდომობა; ჰ​24.დ) ახალ კორონავირუსზე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმატებით გავრცელება; ჰ​25) უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელთათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის უსაფრთხო მართვის გაიდლაინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამზადება; ჰ​26) დროულად უზრუნველყოს ახალი ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება აღნიშნული სფეროს ექსპერტთა ფართო ჩართულობით; ჰ​27) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და დანერგვა; ჰ​28) უზრუნველყოს პოლიტიკის დოკუმენტებში სუიციდის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების გათვალისწინება და შესაბამისი პროგრამის დამტკიცება; ჰ​29) სამედიცინო დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს რეფერირების მექანიზმები განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების გამოვლენისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში დროული ჩართვის, აგრეთვე საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით  უზრუნველყოფის საჭიროების მქონე პირთა შესაბამის ქვეპროგრამაზე გადამისამართების მიზნით; ჰ​30) შეიმუშაოს და აამოქმედოს ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამა; ჰ​31) „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით მოამზადოს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2021-2022 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს; ჰ​32) შეიმუშაოს შინ მოვლის ტექნიკური რეგლამენტი; ჰ​33) აწარმოოს სტატისტიკა ხანდაზმული პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით მაძიებლის ან დაინტერესებული პირის მიმართვიდან ხანდაზმული პირის განთავსებამდე არსებული პერიოდის შესახებ, მათ შორის, ცალკე დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები გადაუდებელი წესით ჩარიცხული ხანდაზმულების თაობაზე; ჰ​34) უზრუნველყოს ხანდაზმული პირებისთვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მისი პრევენციის მიზნით მარეგულირებელი ნორმების დაწესების  შედეგად მეტად აღმოჩნდნენ სოციალურად გარიყული, კერძოდ, შეზღუდული მობილობის, კოგნიტური დისონანსის ან დემენციის მქონე, აგრეთვე მარტოხელა ხანდაზმულებისთვის,  მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების მიწოდება; ჰ​35) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით დაიწყოს მუშაობა ხანდაზმულ პირთათვის ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პერიოდში მისი პრევენციის მიზნით მარეგულირებელი ნორმების დაწესებით განპირობებული სოციალური იზოლაციის პირობებში ხანდაზმულთა მიერ გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება და მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ჰ​36) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; გადახედოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და სათანადო შემთხვევები უმოკლეს ვადაში განიხილოს; ჰ​37) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, აგრეთვე გააძლიეროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა; ჰ​38) შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, კერძოდ, დაადგინოს დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან განსახლების წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩასატარებლად და დევნილთა ფაქტობრივად ცხოვრების საკითხის გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა; ჰ​39) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული ინტეგრაციის ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და მოქალაქეობის არმქონე პირთა ინტეგრაციისთვის დანერგოს საინტეგრაციო პროგრამები; ჰ​40) განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მართვა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მისაწოდებლად; ჰ​41) უზრუნველყოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით (2014−2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით აღებული ვალდებულებების შესრულება; ჰ​42) დააჩქაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების ეროვნული მექანიზმის შექმნის პროცესი; ჰ​43) მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობის უფლების სათანადოდ რეალიზებისთვის საჭირო ზომები, მათ შორის: ჰ​43.ა) უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტებისთვის უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის მოქმედ სტანდარტებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ჩატარება; ჰ​43.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმი; ჰ​43.გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობით ამ პირთათვის ინფორმაციის, საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება; ჰ​44) გააგრძელოს მუშაობა საცხოვრისის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის, ისინი ასახოს შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტში; ჰ​45) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის კლინიკურად დადასტურებული ამბულატორიული დიაგნოზის დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება და შეისწავლოს შესაბამისი პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას მათთვის ტრენინგების ჩატარებითა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლებით; ბ) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; გ) გონივრულ ვადაში შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და გონივრულ ვადაში განახორციელოს საქართველოს პარლამენტის მიერ მის დასამტკიცებლად საჭირო ყველა პროცედურა; დ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე დაადგინოს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დაადგინოს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზების პროცესში გამოსაცდელების რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას; გ) უზრუნველყოს ზოგადი ფორმალური განათლების სისტემაში ადრეული ქორწინებისა და თანამდევი რისკების შესახებ განათლების კომპონენტის ინტეგრირება მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით და ამ მიმართულებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლება; დ) მასწავლებლებისა და განათლების სისტემაში ჩართული სხვა შესაბამისი პირებისთვის შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი; ე) შეიმუშაოს სტრატეგია/სამოქმედო გეგმა ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის დოკუმენტებში გაითვალისწინოს საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოვლენის უზრუნველყოფა; ვ) იმსჯელოს განათლების შესაბამისი საფეხურის სახელმძღვანელოს/ სერიის მაკეტის რეცენზირების წესში მასალის საგნობრივი ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან თავსებადობის (ავთენტურობის) დადასტურების განმსაზღვრელი ზღვრის დაწევის შესაძლებლობაზე; ზ) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შეწყვიტოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების პროცესში თითოეული რეცენზენტისთვის შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპზე საგნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციასა და დასაბუთებაზე დამოუკიდებელი თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკა; თ) გაზარდოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიაში საგნობრივ ექსპერტთა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტთა, მონაწილეობის ხარისხი; ი) მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის ეფექტიანი მართვის საკითხები; ამასთანავე, იმისთვის, რომ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსები მიზნობრივად იქნეს გამოყენებული სკოლებში პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მონიტორინგი; კ) რეგიონების მიხედვით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განახორციელოს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკასა და ინტერნეტზე; შეიმუშაოს სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები დისტანციური სწავლების პროცესში მათი დროულად ჩართვის მიზნით; ლ) რეგიონულ დონეზე შეაფასოს ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების მიზეზები და ამის საფუძველზე, მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკის შესამცირებლად; მ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში აღსაზრდელთა გადამზადების მოდული და მუნიციპალიტეტებს ხელი შეუწყოს აღსაზრდელთა გადამზადებაში; ნ) უზრუნველყოს, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის გათვალისწინებული იყოს დისტანციური სწავლების მიმართულების შემდგომი დახვეწა; ო) უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმების განვითარება და განხორციელება, მათ შორის: ო.ა) ზედამხედველობა გაუწიოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლას და შესაბამის სერვისებში მათ ჩართვას; ო.ბ) ზედამხედველობა გაუწიოს შშმ ბავშვთა სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების კოორდინირებულ მუშაობას; პ) მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად აუცილებელი ზომები, მათ შორის: პ.ა) მიიღოს სათანადო ზომები რეგიონებში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) შშმ მოსწავლეების/სტუდენტების საგანმანათლებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის; პ.ბ) ონლაინსწავლებასთან/ბლენდირებულ სწავლებასთან დაკავშირებით შეიმუშაოს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და მოახდინოს მათი ინიციირება; პ.გ) უზრუნველყოს შშმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილად ჩასართავად განხორციელებული ღონისძიებების სტატისტიკური დამუშავება; ჟ) გააგრძელოს სათანადო ზომების მიღება შშმ მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოს ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების სტატისტიკური დამუშავება; რ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები; ს) საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და შესაბამის საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება; ტ) უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა, გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; უ) მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებისა და გამოცემის, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები; ფ) შესაბამის მხარეებთან, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მულტიკულტურული პროგრამებისა და ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციისკენ მიმართული სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ამასთანავე, გააძლიეროს ქვეყნის შიგნით სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები; ქ) გაზარდოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფორმალური განათლების პროექტების რაოდენობა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით; ღ) გააგრძელოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ყ) პოლიტიკის დოკუმენტებით განსაზღვროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება ამ კატეგორიის სტუდენტების სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. 9. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ: ა) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩაატაროს დაზიანებების მიზეზების დასადგენად აუცილებელი ყველა კვლევა, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმოს და განახორციელოს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანებების ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს; დ) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესი და შეისწავლოს მათი კონსერვაციის ან/და რესტავრაციის საჭიროების საკითხი; ე) მულტიკულტურული პროგრამების, აგრეთვე ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ხელი შეუწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ამ მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. 10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; დ) საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების მიზნით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის მიზნით წარმართოს საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან; ბ) უზრუნველყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაზრდა; გ) გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების საჯაროობა და საზოგადოების ინფორმირება; დ) შესწავლის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით აღმოჩენილი ხარვეზის აღმოფხვრისა და კონტროლის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ე) ჩაატაროს რეგულირების ზეგავლენის შეფასება „ნებაყოფლობით კოდექსზე − ამიაკის გაფრქვევების შემცირების საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე“ და რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე დაყრდნობით მოახდინოს განსახორციელებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება; ვ) 2021 წლის ბოლომდე მოახდინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიციირება. 12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესებში ქალების, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით − გალის რაიონში მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშესაწყობად; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიმუშაოს პროექტები, რომელთა მიზანი იქნება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე. წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვის შედეგად იქაური მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემსუბუქება; დ) საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად წარმოადგინოს შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ე) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები; ვ) ეროვნული უმცირესობებისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე შექმნას ეფექტიანი, ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმები; ზ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით. 13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ: ა) შესაბამისი რესურსების გათვალისწინებით, გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შექმნა და დანერგვა; ბ) გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების უზრუნველსაყოფად გადახედოს საქართველოს უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში კოლეგიების წევრების (გარდა სხდომის თავმჯდომარისა/მომხსენებელი მოსამართლისა) შერჩევის წესს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებები შეიტანოს; გ) სასამართლო პროცესის დისტანციურად გამართვის  დროს კლიენტისა და ადვოკატის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად გააუმჯობესოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა; დ) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხებისა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულების მიმართულებით გამოიკვლიოს საუკეთესო პრაქტიკა და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს; ე) საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩაატაროს კვლევა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნების მიზანშეწონილობის თაობაზე და კვლევის შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 14. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოკვლევის მიზნით დოკუმენტურად შეაფასონ მიზნობრივი სერვისების მიწოდების საჭიროება; ბ) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის დანერგონ დამატებითი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები; გ) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უზრუნველყონ მუნიციპალური ტრანსპორტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აგრეთვე ხელი შეუწყონ არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას; დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა აღმზრდელები გადაამზადონ ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა რთული ქცევის მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების საკითხებში; ე) საბავშვო ბაღების აღმზრდელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით გადაამზადონ დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში; ვ) შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული პირების საჭიროებების შესაფასებლად (მოამზადონ ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი), ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ისინი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში; ზ) შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობის, მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის, კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები (მოამზადონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების დოკუმენტი); ამასთანავე, საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შეიტანონ ცვლილებები შესაბამის სამართლებრივ აქტებში; თ) უფასო სასადილოს ხელმისაწვდომობის მიზნით ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეიმუშაონ საკვების უსაფრთხოდ მიწოდებისა და გატანის წესები მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ი) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობა ონლაინსხდომების გამართვით; კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების გათვალისწინების შემთხვევაში მათში მოწყვლადი მიგრანტი ჯგუფების ჩასართავად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები; ლ) დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საჭიროებების გამოკვეთისა და დოკუმენტირების მიზნით რეგულარულად გამართონ მათთან შეხვედრები; მ) გააძლიერონ თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებთან თანამშრომლობა და ძალადობის მსხვერპლთა ჩართულობით შეიმუშაონ მათი საჭიროებებისთვის მორგებული, სპეციალური მხარდამჭერი პროგრამები; ნ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;  ო) მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში გამოთვალონ ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება; პ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ლილოს თავშესაფრის დროებითი თავშესაფრის მოწყობისა და ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები ლილოს თავშესაფარში კრიზისული ბლოკისა და სამედიცინო ბლოკის (კარანტინით) ასამოქმედებლად და განახორციელონ შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ჟ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ორხევის დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და განახორციელონ შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; რ) კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დედაქალაქში ახალი სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოყონ ტერიტორია და ამავე მიზნით გამოყონ ასიგნებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში; ს) კერძოდ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ნიკეას დასახლებაში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და განახორციელონ შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ტ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ღამის თავშესაფრის დროებითი თავშესაფრის მოწყობისა და ფუნქციონირების მინიმალურ სტანდარტებთან მისასადაგებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები ღამის თავშესაფარში კრიზისული ბლოკის ასამოქმედებლად და განახორციელონ შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; უ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ დროებითი თავშესაფრის ინფრასტრუქტურისა და შენობის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყონ ასიგნებები და განახორციელონ შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო ღონისძიებები; ფ) კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი და ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა; ქ) კერძოდ, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები; ღ) კერძოდ, დუშეთის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ორგანოებმა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება; ყ) კერძოდ, საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ორგანოებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა, გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება; შ) კერძოდ, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქარელის, გურჯაანის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, წალენჯიხის, შუახევის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ორგანოებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსების მობილიზების საჭიროება. 15. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ: ა) არ იხელმძღვანელოს საჩივრების დასაშვებობის მკაცრი მიდგომით და მაქსიმალურად უზრუნველყოს საჩივრების არსებითი განხილვა; ამასთანავე, დაგეგმოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინსისტემის შესაქმნელად და დასანერგად საჭირო ღონისძიებები; ბ) საარჩევნო კომისიების წევრები აქტიურად მოამზადოს საჩივრების ეფექტიანად, საფუძვლიანად და კვალიფიციურად შესასწავლად და განსახილველად; გ) უზრუნველყოს დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ოქმების დაუბრკოლებლად გადაცემა და საჩივრების განხილვისას მათთვის ეთიკური გარემოს შექმნა; დ) შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესში უზრუნველყოს კოლეგიურობის პრინციპისა და გამჭვირვალობის სტანდარტის განუხრელად დაცვა; ე) 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი კატეგორიების ამომრჩეველთა სპეციალურ სიასა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა და ყველა მოქალაქის მიერ საარჩევნო უფლების რეალიზება; ამასთანავე, ეფექტიანად და დროულად წარმართოს საინფორმაციო კამპანია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით; ვ) 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საფუძვლიანად მოამზადოს საარჩევნო კომისიების წევრები დაწესებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას დადგენილი მოთხოვნების მაქსიმალურად შესასრულებლად; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების ტელეტრანსლაცია და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. 17. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა: ა) დისტანციური გასაუბრების ეფექტიანობის ხელშემშლელი გარემოების წარმოშობის (მათ შორის, კონფიდენციალურობის დაუცველობის) შემთხვევაში უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულ პირებთან შეხვედრების პირისპირ გამართვა; ბ) საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია 2020 წლის 8-9 ნოემბერს გამართული შეკრების შეწყვეტისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს. 18. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით წარადგინოს წინადადებები უხამსობის საკანონმდებლო დეფინიციის ცვლილების საჭიროების შესახებ. 19. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ: ა) მოამზადოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტების გამოვლენისა და მონიტორინგის ანგარიში; ბ) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 20. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ: ა) დასახოს ბიუროს ყველა ოფისში ქალი ექსპერტების დასაქმების გეგმა, რომლებიც სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებიან ჩაატარონ ექსპერტიზა; ბ) შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფა. 21. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ: ა) დაიწყოს მუშაობა საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სტაჟირების დასანერგად; ბ) დაიწყოს მუშაობა საჯარო სექტორში დასაქმებული სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო და ბავშვის მოვლის გამო შვებულებებით სარგებლობის საკითხზე. 22. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ: ა) ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების შრომითი პირობების გაუმჯობესების, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისა და მათი პრევენციის მიზნით ეტაპობრივად გაზარდოს აღნიშნულ სისტემაში დასაქმებული პროფესიონალების, განსაკუთრებით − სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; ბ) სოციალური მუშაკების დატვირთვის შემცირებისა და საქმეებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად მათი ფუნქციები თემატურად გამიჯნოს; გ) შეიმუშაოს ბავშვთა მიმართ/შორის ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ერთიანი, ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეთოდოლოგია, რომლითაც დეტალურად იქნება გათვალისწინებული სოციალური მუშაკის ფუნქციები და ვალდებულებები ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების, პრევენციის და მასზე რეაგირების საკითხებზე, აგრეთვე მოწესრიგდება ბავშვებთან მუშაობის, მათთან ინტერვიუების, მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირების საკითხები; დ) მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად შეაფასოს შრომით საქმიანობაში ჩართულ ბავშვთა საჭიროებები და ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს შრომის მძიმე ფორმების შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე ზედამხედველობას სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობით; ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს რისკჯგუფში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე მათი სოციალური გაძლიერების მიზნით; ე) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტად მიწოდება ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, უშუალოდ ან დისტანციურად; ვ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის თითოეული ქვეპროგრამის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა/ამუშავება, რომელიც, ფინანსური ანგარიშგების სისტემის ნაცვლად, ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასებას დაეფუძნება; ზ) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის − შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, მათ შორის: ზ.ა) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეპროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ხოლო იქ, სადაც ამ ეტაპზე შესაბამისი მომსახურების მიწოდება შეუძლებელია, ხელი შეუწყოს ბენეფიციართათვის მომსახურების გასაწევად მათი ტრანსპორტირების ორგანიზებას და ცხოვრებისთვის კომპენსაციების გაცემას; ზ.ბ) უზრუნველყოს ქვეპროგრამების სამიზნე ჯგუფებისთვის − შშმ პირებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროგრამაში ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ზ.გ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, რეაბილიტაციის/აბილიტაციის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის, სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების სერვისები დაგეგმოს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების, არსებული საჭიროებების შესწავლის, მონაცემთა ბაზების, წინა წლების პროგრამების განხორციელებისა და სხვადასხვა მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე; თ) მიიღოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საცხოვრებლითა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტით უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები, მათ შორის: თ.ა) შეამციროს მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული სათემო მომსახურების ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა (24 პირი); თ.ბ) გააძლიეროს და გააფართოოს სათემო სერვისების საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი; თ.გ) შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები, განსაკუთრებით − რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; ი) უზრუნველყოს დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის დროულად შემუშავება და განხორციელება; კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებისა და ბავშვთა სახლების (ფილიალების) დეინსტიტუციონალიზაციის დასრულებამდე მათ მიერ მოქმედი სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ისინი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოს, მათ შორის: კ.ა) ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები და აღნიშნული დაწესებულებები საჭირო ავეჯით/ინვენტარით აღჭურვოს; კ.ბ) გადაუდებლად მოაწესრიგოს შშმ პირთა პანსიონატების წყალმომარაგების სისტემა და მკაცრად გააკონტროლოს მისი მუშაობა; უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება; კ.გ) გააკონტროლოს შშმ პირთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ზომების მიღება; ლ) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოს ხანდაზმული პირების ადეკვატური მოვლის ისეთი სერვისების უწყვეტობა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა, გრძელვადიანი ზრუნვის დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება. 23. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ: ა) 2021 წელს განახორციელოს ვეტერან დევნილთა განსახლების პროგრამა; ბ) აღრიცხოს დევნილთა განსახლების ისეთი ობიექტები, რომლებთან დაკავშირებითაც საექსპერტო შეფასება არ არსებობს, მაგრამ რომელთა მდგრადობა შესაძლებელია მობინადრეთათვის საფრთხის შემცველი იყოს, და შეამოწმოს ისინი საექსპერტო შეფასების გზით; გ) 2021 წელს განახორციელოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან არანაკლებ 450 დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება; დ) ქირით უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კოლექტიური განსახლების ობიექტებში მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთა გრძელვადიანი განსახლებაც სათანადო რესურსის არარსებობის გამო 2021 წელს ვერ მოხერხდება; ე) მიიღოს ზომები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, რათა იმ დევნილებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში შემოსავალი დაკარგეს და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციით ვერ ისარგებლეს, აღნიშნულ პროგრამებში ჩართვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ; ვ) 2021 წელს დაასრულოს 2004−2012 წლებში განსახლებული 305 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართობების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული გეოლოგიური დასკვნების ანალიზის შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის პირობებში მცხოვრები ოჯახები და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 30% ასეთი ოჯახების განსახლებას მოახმაროს. 24. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შრომის ინსპექციის სამსახურმა: ა) კერძო დამსაქმებელთა ცნობიერების ასამაღლებლად შეიმუშაოს სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვაკანსიის შესახებ განცხადება, რა ტერმინების გამოყენება იწვევს დისკრიმინაციას და როგორ შეიძლება განცხადების სამუშაოს სპეციფიკისთვის მორგება დისკრიმინაციული შეზღუდვების გამოუყენებლად; ბ) დროულად დაასრულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის, მათ შორის, მისი ტერიტორიული ორგანოების, დაკომპლექტება; გ) დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად აწარმოოს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ. 25. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ახალი ნორმები/სტანდარტები, რომლებითაც დადგინდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება. 26. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა: ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ეტაპზე გონივრული მისადაგების ვალდებულების სათანადოდ შესასრულებლად ნორმატიულ დონეზე დაადგინოს გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა; ბ) ნორმატიულ დონეზე დაადგინოს მხარესთან დიალოგის, გონივრული მისადაგების არჩევის, განსაზღვრისა და შეცვლის ინდივიდუალური კომუნიკაციის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზების პროცესში გამოსაცდელების რელიგიური საჭიროების გათვალისწინებას. 27. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ: ა) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი კანონპროექტი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობით დაგეგმოს საფრთხეში მყოფი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების იდენტიფიცირებული პრობლემების საპასუხო ღონისძიებები და განახორციელოს მათი ზედამხედველობა; გ) გელათის სამონასტრო კომპლექსში კვალიფიციური და დამოუკიდებელი ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩაატაროს დაზიანებების მიზეზების დასადგენად აუცილებელი ყველა კვლევა, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმოს და განახორციელოს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს დაზიანებების ზუსტი მიზეზების შემსწავლელ კვლევებს. 28. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულად შესრულებამდე გააკონტროლოს პრობლემური ობიექტების (მათ შორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ კასპში, ქალაქ ფოთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური ობიექტების) საქმიანობა, განახორციელოს მათი ინსპექტირება დადგენილი წესით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და ინსპექტირების შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდოს. 29. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის №6679-რს დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. 30. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2022 წლის 1 მარტამდე. 31. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს. 32. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა თბილისი, 12 ივლისი 2021 წ. N710-Vრს-Xმპ