2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №832-Vრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 010190020.09.001.016677
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 2008 | 19 799 |
| 2012 | 3 068 |
| 2016 | 2 896 |
| 2020 | 3 114 |
| საპარლამენტო არჩევნები | დისბალანსის გამომწვევი საარჩევნო ბიულეტენების ჯამური რაოდენობა |
| 2012 წელი | 16 |
| 2016 წელი | 25 |
| 2020 წელი | 50 |
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა თბილისი, 26 ივლისი 2021 წ. N832-Vრს-Xმპ | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ
ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების
შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 70-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
პრეამბულა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებდა, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარებული. აღნიშნული შეფასება გაიზიარეს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCEPA), ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATOPA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. კერძოდ, ცესკომ 120 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, ხოლო ცალკეულმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა 12 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირეს. საერთო ჯამში, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები წარმოდგენილი იყვნენ 46981 დამკვირვებლით, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები − 910 დამკვირვებლით. საპარლამენტო არჩევნებს 118 აკრედიტებული მედიაორგანიზაციის 6016 წარმომადგენელი აშუქებდა.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები ადასტურებს, რომ ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების კუთხით უსაფრთხო გარემო უზრუნველყო. საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 1 992 891 ამომრჩეველი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება წინა საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელს (1 825 054 ამომრჩეველი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები არ დაელოდნენ საარჩევნო პროცესის დასრულებას, არ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და უარი განაცხადეს პარლამენტის წევრთა მანდატებით სარგებლობაზე. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მოუწოდებდნენ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შესულიყვნენ პარლამენტში და ძირი არ გამოეთხარათ პარლამენტის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის.
მმართველმა პარტიამ ოპონენტებს შესთავაზა ასეულობით საარჩევნო უბნის დალუქული საარჩევნო დოკუმენტაციის გადათვლა, ყველა საარჩევნო უბნის ვიდეოჩანაწერების ამოღება და გაცნობა, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე სატელევიზიო დებატების გამართვა, აგრეთვე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა ოპოზიციამ ყველა აღნიშნულ შეთავაზებაზე საჯაროდ უარი განაცხადა.
ოპოზიციის უარის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში შეესწავლა ნებისმიერი საკითხი, რომელსაც შეეძლო საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა მოეხდინა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის (შემდგომ − საგამოძიებო კომისია) საქმიანობის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად უკავშირდება პანდემიისა და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, ზოგიერთ შემთხვევაში − საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გულგრილობასა და კომპეტენციის ნაკლებობას. ამასთანავე, ეს ხარვეზები საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.
1. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და აცხადებს შემდეგს:
ა) წინასაარჩევნო გარემო
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე. თუმცა დადგინდა, რომ ამ ანგარიშებში შესაბამისი მონაცემები თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტების, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით, რაც გამოიხატება ისეთი ჩანაწერებით, როგორიცაა „ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა“, „ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება“ და სხვა. ამასთანავე, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებების მართებულობას დაადასტურებდა, რაც საგამოძიებო კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებების მიღების დროსაც დადასტურდა:
ა.ა) ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საკითხი. ამასთანავე, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაწევა ამ ანგარიშებში ხშირად არაერთი ობიექტური გარემოების გაუთვალისწინებლად არის განხილული. უპირველეს ყოვლისა, არ არის გათვალისწინებული პანდემიით შექმნილი განსაკუთრებული სოციალური სირთულეები და საგანგებო მდგომარეობა. გარდა ამისა, ყურადღება არ არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების გაწევა მხოლოდ 2020 წლის მარტ−ივნისში ხდებოდა − იგი პანდემიასთან ერთად დაიწყო და არჩევნების დანიშვნამდე 2 თვით ადრე შეწყდა. სოციალური დახმარების გაწევის პერიოდში შესაბამისი პოლიტიკოსები ჯერ არ იყვნენ არჩევნებში კანდიდატებად დასახელებული და რეგისტრირებული. მეტიც, მათ დიდ ნაწილს კენჭი არ უყრია, როგორც მაჟორიტარ პარლამენტის წევრს, ან საერთოდ არ მიუღია კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სავარაუდო მოსყიდვის შესახებ მონაცემების თანაფარდობა თითქმის თანაბარია (58%/42%). ამდენად, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები სინამდვილესაც რომ შეესაბამებოდეს, ეს ფაქტები არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, მან საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის სულ 8 ფაქტი დააფიქსირა, რომელთაგან მხოლოდ 3 უკავშირდება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ხოლო 5 − ოპოზიციის წარმომადგენლებს;
ა.ბ) ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება
2020 წლის 4 ნოემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის „უპრეცედენტო“ გამოყენება დაფიქსირდა. თუმცა ამ განცხადების მართებულობა არ დასტურდება იმავე ორგანიზაციების ანგარიშებით და იგი უნდა შეფასდეს, როგორც სინამდვილის უხეში დამახინჯება. ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ ამავე ორგანიზაციების მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით სიტყვა „უპრეცედენტო“ აღარ იხმარება.
ამომრჩევლის მოსყიდვის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თითოეულ ფაქტზე მხოლოდ ვარაუდის სახით მიუთითებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებში მაჟორიტარი პარლამენტის წევრების მონაწილეობას და სააგიტაციო ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეების დასწრებას უკავშირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი არცერთ შემთხვევაში არ ირღვეოდა. გარდა ამისა, აღწერილი სავარაუდო შემთხვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში აღიარებულია, რომ კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უდიდეს ნაწილში მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საარჩევნო ყუთთან თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ზემოაღნიშნულ „სავარაუდო შემთხვევებზე“ მითითებისას საუბარია „სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის წაშლილ ზღვარზე“. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო შემთხვევების მოცულობისა და ხარისხის, აგრეთვე მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით, ეს შეფასება საფუძველს მოკლებულია;
ა.გ) ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო ფაქტები
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში მითითებულია სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 14 შემთხვევა, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ ანგარიშში − 25 შემთხვევა. ამ ანგარიშებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შეიძლებოდა პოლიტიკური სარჩული ჰქონოდა.
აღნიშნულ ანგარიშებში მიმოხილულია აგრეთვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო ზეწოლის, მუქარისა და თვალთვალის ფაქტები. არცერთი ეს ფაქტი არ არის დადასტურებული მტკიცებულებით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესი, მტკიცებულებების გარეშე ესაუბრათ მათი წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლასა და მუქარაზე. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული;
ა.დ) საარჩევნო კამპანიის დაფინანსება
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით იქმნებოდა მცდარი წარმოდგენა, რომ, დაფინანსების თვალსაზრისით, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობდა. სინამდვილეში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულებებით მიღებული თანხების ჯამურმა ოდენობამ 38 607 364 ლარი შეადგინა. აქედან მმართველ პარტიას წილად ხვდა 45%. ეს მაჩვენებელი რამდენიმე პროცენტით ნაკლებია მმართველი პარტიის მიერ 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებლებზე;
ა.ე) ამომრჩეველთა სიები
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური სუბიექტი სრულიად უსაფუძვლოდ, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე ამახვილებდა საზოგადოების ყურადღებას საარჩევნო სიებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გამოყენებაზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ ანგარიშებში საარჩევნო სიებში შესაძლო ხარვეზების არსებობის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების შესახებ ჩანაწერი არ გვხვდება. მეტიც, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საბოლოო ანგარიშის თანახმად, მის სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ამომრჩეველთა სიების მიმართ ნდობა გამოხატა;
ა.ვ) არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ, დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული აქვს 180 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან დღემდე გამოძიება 125 საქმეზე მიმდინარეობს; გამოძიება სხვადასხვა საფუძვლით (მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული საქართველოს კანონით „ამნისტიის შესახებ“) შეწყდა 26 საქმეზე; დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ; დევნა შეწყდა 4 პირის მიმართ; სასამართლოში წარიმართა 14 საქმე, რომელთაგან 5 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო 2 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა შეწყდა 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით „ამნისტიის შესახებ“;
ბ) არჩევნების დღე:
ბ.ა) უსაფრთხო და მშვიდი გარემო საარჩევნო უბნებზე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ არჩევნების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ 8% აცხადებდა, რომ საარჩევნო უბანზე შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო იყო. ეს მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ, საზოგადოების აღქმით, საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი ან დამაშინებელი გარემო შექმნილი არ ყოფილა.
საარჩევნო უბნების უდიდეს უმრავლესობაში თავად უბნებზე და მათ გარშემო ტერიტორიაზე ძირითადად სიმშვიდე იყო. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში პროვოკაციების საფუძველზე იქმნებოდა აღქმა, რომ გარემო მშვიდი არ იყო. ამ აღქმას ხელოვნურად ამძაფრებდა კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ მოვლენების დაუბალანსებელი გაშუქება.
ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების კუთხით უსაფრთხო გარემო უზრუნველყო, რაც მკაფიოდ, ხაზგასმით არის აღნიშნული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში;
ბ.ბ) ცესკოს მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება
ოპოზიციური პარტიების სპეკულაციის განსაკუთრებული საგანი გახდა არჩევნების წინასწარი (პირველადი) შედეგების გამოქვეყნების დრო. თუმცა ანალიზი ადასტურებს, რომ ბრალდებები საფუძველს იყო მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბიულეტენებში საარჩევნო სუბიექტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა (50 პოლიტიკური სუბიექტი) დაფიქსირდა, ცესკომ არჩევნების წინასწარი შედეგები 7 საათსა და 25 წუთში გამოაცხადა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 25 საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობის პირობებში არჩევნების წინასწარი შედეგები 5 საათსა და 30 წუთში გამოცხადდა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 16 საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობის პირობებში − 8 საათში:
საპარლამენტო არჩევნები
საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა
ცესკოს მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დრო
2012 წელი
16
8 საათი
2016 წელი
25
5 საათი და 30 წუთი
2020 წელი
50
7 საათი და 25 წუთი
;
ბ.გ) პარალელური დათვლის შედეგები
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა − გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი.
ორგანიზაციამ 2020 წლის 1 ნოემბერს, დაანონსებული 11 საათის ნაცვლად, ბუნდოვანი მიზეზით, 3 საათის დაგვიანებით, 14 საათზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების როგორც პირველადი, ისე საბოლოო შედეგებისგან. აღნიშნულ გარემოებას ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნების გაყალბების მტკიცებისას 6 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იყენებდა.
მმართველმა პარტიამ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში საჯარო ბრიფინგზე ეჭვქვეშ დააყენა ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შედეგები, ხოლო 2 კვირის თავზე მიმართა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს და მოუწოდა, ეღიარებინა უხეში უზუსტობა, რაზედაც მისგან უარი მიიღო. თუმცა მოგვიანებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, არაერთხელ განხორციელებული კომუნიკაციის საფუძველზე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჩაეტარებინა შიდა აუდიტი, რომლითაც დადგინდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორი იყო.
საგამოძიებო კომისიის საქმიანობით გამოიკვეთა, რომ პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შეეძლო გამოეწვია როგორც უხეშ შეცდომას, ისე მიზანმიმართულად განხორციელებულ ქმედებას. აღნიშნულმა ორგანიზაციამ არასწორი ფორმულა გამოიყენა, მისი კორექტირების შემდეგ კი პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა.
პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეჭვს იწვევს შემდეგი გარემოებები: 1. პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადება სრულიად ბუნდოვანი მიზეზით რამდენიმე საათით დაგვიანდა; 2. მმართველი პარტიის მიერ არასწორ ფორმულაზე არაერთხელ არგუმენტირებულად მითითების მიუხედავად, ორგანიზაციამ უზუსტობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აღიარა; 3. ორგანიზაციამ პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა უხეში მანიპულაციით მიღებული მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში 8-პროცენტიანი მეტობით გამოწვეულ დისბალანსთან დაკავშირებით, რომელთა სიმცდარეც საგამოძიებო კომისიის მიერ ფაქტების გადამოწმების შედეგადაც დადასტურდა;
ბ.დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენები
არჩევნების შემდეგ ვრცელდებოდა სპეკულაციური განცხადებები ბათილი საარჩევნო ბიულეტენების სიჭარბესთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი (3.28%) ნაკლები იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (3.43%) და მცირედით აღემატებოდა 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნების შესაბამის მაჩვენებლებს:
2008
3.03%
2012
2.84%
2016
3.43%
2020
3.28%
;
ბ.ე) დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში
არჩევნების შედეგების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით ოპოზიციური პარტიები შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის არსებობასა და საარჩევნო ბიულეტენების მეტობაზე ან ნაკლებობაზე მიუთითებდნენ, რათა შეექმნათ აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ადასტურებს, რომ აღნიშნულ დისბალანსთან დაკავშირებული კამპანია სპეკულაციური იყო და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე ნაკლები საარჩევნო ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 924 საარჩევნო უბანზე 3088-ს შეადგენდა, ხოლო მეტი საარჩევნო ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 19 საარჩევნო უბანზე − 26-ს, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 0.16% იყო. საერთო ჯამში, დისბალანსის გამომწვევი საარჩევნო ბიულეტენები იყო იმდენივე, რამდენიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, და თითქმის 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე:
საპარლამენტო არჩევნები
დისბალანსის გამომწვევი საარჩევნო ბიულეტენების ჯამური რაოდენობა
%
(კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების)
2008
19 799
1.07%
2012
3 068
0.14%
2016
2 896
0.16%
2020
3 114
0.16%
;
ბ.ვ) საარჩევნო დავები
არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ვადის დარღვევით (ყოველი სამი საჩივრიდან ორი) დიდი რაოდენობით საჩივრების წარდგენა შეიძლება იყოს ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ინსცენირებული, წინასწარ დაგეგმილი, ხელოვნური, კოორდინირებული აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა საარჩევნო დავების განმხილველი მექანიზმებისა და, მთლიანად, ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას. საარჩევნო სუბიექტების მიერ შესაბამისი უწყებებისთვის წარდგენილი საჩივრების 67% არ იქნა განხილული მათი არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის ან საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელებიდან მხოლოდ 15 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, რაც სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელების მხოლოდ 13%-ია.
ცესკოს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა საარჩევნო უბნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის − 39 ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ საარჩევნო ხარვეზები საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. გადათვლის შედეგად 39-დან 27 უბანზე შედეგების კორექტირება საჭირო არ გამხდარა.
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელა 20 სავარაუდო პრობლემური საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა. ეს უბნები შეირჩა ყველაზე პრობლემური საარჩევნო უბნებიდან, სადაც არსებითი დისბალანსი აღინიშნებოდა. ამ გადათვლამაც დაადასტურა, რომ ხარვეზები ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
2. რეკომენდაციები:
ა) მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას გაითვალისწინოს ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გასაჯაროებისგან;
ბ) მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა უზრუნველყოს საზოგადოებისთვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, დასკვნებსა და ანგარიშებში ასახოს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია, აგრეთვე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად იქნეს აღქმული;
გ) მიზანშეწონილია, დაიხვეწოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული სადამკვირვებლო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის სტანდარტი;
დ) ცესკომ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება;
ე) აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განახორციელონ და გამოძიება შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში დაასრულონ.
3. დასკვნა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში მომხდარ ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმის თაობაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარებული. ასევე დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა, ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების კუთხით უსაფრთხო გარემო უზრუნველყო და არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა
თბილისი,
26 ივლისი 2021 წ.
N832-Vრს-Xმპ