შპს „ჯი იუნითის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2021 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე – გოჩა დიდავა
განმცხადებელი – შპს „ჯი იუნითი“;
წარმომადგენელი – შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ – ლაშა ნოდია, სოლომონ ბაღაშვილი, გიორგი მამადაშვილი;
მოვალე – შპს „მერფი ყაზბეგი“;
მოთხოვნა – შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება რეაბილიტაციის რეჟიმით და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ჯი იუნითის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 24 ივნისს განცხადებით მომართა კრედიტორმა, შპს „ჯი იუნითის“ წარმომადგენელმა, სოლომონ ბაღაშვილმა მოვალე შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ რეაბილიტაციის გზით, მოვალის მართვაში დატოვებისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნის მოთხოვნით. კრედიტორის განმარტებით, შპს „მერფი ყაზბეგი“ (ს/ნ 400152106) საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, ამდენად, იგი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტია და მასზე ვრცელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი. შპს „მერფი ყაზბეგის“ საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომანქანების განთავსება სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში არსებულ „მერფი ყაზბეგი“ TIR ავტოსადგომზე (TIR ლიცენზიის საფუძველზე). აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის შპს „მერფი ყაზბეგს“ გაფორმებული აქვს უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც შპს „მერფი ყაზბეგს“ 49 წლით გადაეცა სოფელ ფანშეტში მდებარე 62287 კვ.მ (ნაკვეთების გაერთიანების შედეგად) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 74.03.14.281). შპს „ჯი იუნითი“ (ს/ნ 406200864) (შემდგომში -„კრედიტორი“) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, მას გააჩნია შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ კრედიტორული მოთხოვნა. შპს „ჯი იუნითის“ კრედიტორული მოთხოვნა შეადგენს 5,652,638.56 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3,502,471.38 ლარს, ხოლო 2018 წლის 31 იანვრიდან დღემდე მომსახურების გენერალური ხელშეკრულების 10.9 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო (თანხის 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შეადგენს 2,150,167.18 ლარს. სასამართლოსთვის მომართვამდე კრედიტორმა წერილობით მიმართა მოვალეს და ითხოვა დავალიანების დაფარვა, თუმცა წერილობით მიმართვას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. ამავე კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს კრედიტორს. განსახილველ შემთხვევაში, შპს „მერფი ყაზბეგი“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, ხოლო შპს „ჯი იუნითი“ წარმოადგენს მის კრედიტორს და შესაბამისად, გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის უფლების მქონე პირს. ზ/ხსენებულ გარემოებაზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს „ჯი იუნითის“ წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც მხარის მიერ იქნა აღმოფხვრილი, შესაბამისად კრედიტორს – შპს „ჯი იუნითის“ წარმომადგენელს, სოლომონ ბაღაშვილს 05.07.2021წ-ს დაევალა, უზრუნველეყო მოვალე შპს „მერფი ყაზბეგის“ (ს.კ 400152106) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების ჩაბარება 1 თვის ვადაში. 07.07.2021 წელს შპს „მერფი ყაზბეგს“ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, რაზეც კანონით დადგენილ ვადაში 13.07.2021 წელს შპს „მერფი ყაზბეგის“ რწმუნებულის, პაატა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიცია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე შპს „ჯი იუნითის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც განმარტავს, რომ სახეზეა შპს „ჯი იუნითის“ მხრიდან მისი უფლებების ბოროტად გამოყენების მცდელობა, რომ თითქოს შპს „მერფი ყაზბეგს“ არ შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, რის გამოც ითხოვს შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას, რაც შპს „მერფი ყაზბეგს“ მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან სახეზე არ არის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დასაშვებობის პირობები, რისი გათვალისწინებით შპს „ჯი იუნითის“ უარი უნდა ეთქვას წარმოდგენილი განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
ზ/ხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, შპს „ჯი იუნითის“ განცხადებაზე შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე დანიშნულ იქნა ზეპირი მოსმენა 2021 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე, 46-ე სხდომათა დარბაზში, სადაც კრედიტორი შპს „ჯი იუნითი“ დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ განცხადებას შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ რეაბილიტაციის გზით, ხოლო მოვალე შპს „მერფი ყაზბეგის“ წარმომადგენელი პაატა ლობჟანიძე არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნია, რომ შპს „მერფი ყაზბეგი“ არ არის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის ფაქტის წინაშე, შესაბამისად მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ შპს „ჯი იუნითის“ უარი უნდა ეთქვას შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
როგორც შპს „მერფი ყაზბეგის“ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, შპს „მერფი ყაზბეგის“ ერთადერთ აღიარებულ კრედიტორს წარმოადგენს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ (ს/ნ 404476189), რომლის მიმართ არსებული დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 42781,14 აშშ დოლარს და 100 ლარს, რის საფუძველზეც ა.წ. 26 აპრილს საზოგადოება დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში. ამასთან, მხარეებს შორის სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ (ს/ნ 404476189) დავალიანების გადახდის ვადების დაზუსტების თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რადგან მხარის თავდაპირველი მოთხოვნა 150 000 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადში დაფარულია. აღნიშნულის დადასტურების მიზნით მხარის მიერ წარმოდგენილია: აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 აპრილის ბრძანება; 2021 წლის 26 აპრილის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან.
ასევე, შპს „მერფი ყაზბეგის“ ქონებაზე რეგისტრირებულია რამდენიმე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მაგრამ შპს „მერფი ყაზბეგს“ არ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ცნობით. რაც შეეხება საზოგადოების ქონებაზე რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, აღნიშნული შეზღუდვების რეგისტრაციის საფუძველია შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს „მერფი ყაზბეგის“, ელიზბარ ოქრუაშვილის, გიორგი ოქრუაშვილისა და შპს „ჯი იუნითის“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე. აღნიშნული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა შპს „ჯი იუნითის“ დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. დღეის მდგომარეობით საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და მისი განხილვა შეჩერებულია კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის სარჩელით და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
კრედიტორის – შპს „ჯი იუნითის“ მხრიდან სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვის საფუძველია ის გარემოება, რომ თითქოს შპს „ჯი იუნითს“ შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გააჩნია კრედიტორული მოთხოვნა 5 652 638,56 ლარის ოდენობით, საიდანაც 3 502 471,38 ლარი შეადგენს ძირითად მოთხოვნას, ხოლო დარჩენილი თანხა – 2 150 157.18 ლარი – დარიცხულ პირგასამტეხლოს. განმცხადებლის მიერ წამოყენებული მოთხოვნა ემყარება შპს „მერფი ყაზბეგსა“ და შპს „ჯი იუნითს“ შორის 2017 წლის 19 ივლისს ხელმოწერილ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც შპს „ჯი იუნითს“ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში შპს „მერფი ყაზბეგის“ ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სახის სამუშაოები. ხელშეკრულებას შპს „მერფი ყაზბეგის“ მხრიდან ხელი მოაწერა მისმა იმჟამინდელმა დირექტორმა ელიზბარ ოქრუაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იყო და ამჟამადაც რჩება შემსრულებლის – შპს „ჯი იუნითის“ კაპიტალის 100% წილის მფლობელ პარტნიორად. შპს „ჯი იუნითს“ დირექტორის სახით წარმოადგენდა დავით კენჭოშვილი, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის 01.03.2017-დან 25.04.2018-მდე წარმოადგენდა შპს „მერფი ყაზბეგის“ შესყიდვებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს, დავით კენჭოშვილი შპს „ჯი იუნითის“ სახელით ასევე ხელს აწერდა შპს „ჯი იუნითის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს. შპს „მერფი ყაზბეგის“ მხრიდან აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს აწერდა შპს „ჯი იუნითის“ ერთადერთი ბენეფიციარი და ამავე დროს შპს „მერფი ყაზბეგის“ დირექტორი ელიზბარ ოქრუაშვილი, შპს „მერფი ყაზბეგის“ შესყიდვებისა და მომხმარებელთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის იგივე დავით კენჭოშვილის მიერ შესრულებული სამუშაოსა და მასალების ხარისხის დადასტურების აქტების საფუძველზე. აღნიშნულით საზოგადოების და საზოგადოების საზღვარგარეთ მყოფი სხვა პარტნიორების ინტერესების გვერდის ავლით, ელიზბარ ოქრუაშვილისა და დავით კენჭოშვილის მხრიდან იტერესთა კონფლიქტისა და შიდა ინფორმაციის გამოყენების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა შპს „ჯი იუნითის“ წინაშე ვალდებულებების საფუძველი. მხარეების მიერ ხელმოწერილ ფორმა №2-ის აქტებში რეალურად არ აისახებოდა არც სამუშაოების რეალური ღირებულება, არც დახარჯული მასალების ოდენობა და, რაც მთავარია, აღნიშნული აქტები არ ასახავდა სამუშაოების რეალურ ხარისხს. ასეთ ვითარებაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოების დირექტორის ელიზბარ ოქრუაშვილის მხრიდან სათანადო შემოწმების გარეშე შპს „მერფი ყაზბეგის“ სახელით განიკარგებოდა საზოგადოების კუთვნილი თანხები, შპს „მერფი ყაზბეგის“ დამფუძნებლებმა 2019 წლის მარტის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება ელიზბარ ოქრუაშვილის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ელიზაბარ ოქრუაშვილის საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ერთად დაიწყო შპს „ჯი იუნითის“ მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება, რომელიც დადასტურებული იყო ფორმა №2-ის აქტებით. აღმოჩნდა რომ შპს „ჯი იუნითი“ არ წარმოადგენს რეალურ სამშენებლო კომპანიას. კომპანიას ბალანსზე არ გააჩნია სამშენებლო ტექნიკა, არ ჰყავს თანამშრომლები, გარდა თავად დირექტორისა ელიზბარ ოქრუაშვილისა. შპს „ჯი იუნითი“ რეალურად შუამავალი კომპანიაა, რომელიც არ ახორციელებს მშენებლობას და სამუშაოებს ასრულებდა მხოლოდ ქვეკონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების მეშვეობით, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით, 10.02.2017 წლის შპს „ჯი იუნითის“ ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „ჯი იუნითის“ პარტნიორის გადაწყვეტილებით, 19.03.2019 წლის შპს „ჯი იუნითის“ს ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, 30.06.2017 წლის შპს „მერფი ყაზბეგის“ ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მერფი ყაზბეგის“ პარტნიორთა კრების ოქმით, 28.02.2019 წლის შპს „მერფი ყაზბეგის“ ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან, დავით კენჭოშვილის შრომითი ხელშეკრულებით, შპს „მერფი ყაზბეგის“ დირექტორის ბრძანებით დავით კენჭოშვილის გათავისუფლების თაობაზე, დავით კენჭოშვილის განცხადებით.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ელიზბარ ოქრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განხორციელდა კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაცია. დაინერგა შემოსავლების დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე სისტემა, რის შედეგად შპს „მერფი ყაზბეგი“ გახდა შვეიცარიის სერტიფიკაციის საზოგადოება SGS-ის მიერ დადასტურებული ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი პარკინგის მომსახურების სფეროში ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით. შპს „მერფი ყაზბეგსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2016 წლის 29 ივნისს ხელმოწერილი უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოებას 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში გადაეცა 62 287 კვ.მ. მიწის ნაკვეთები. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე შპს „მერფი ყაზბეგმა“ განახორციელა საბაჟო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 20/06/2018 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და კომპლექსი აღიარებულ იქნა საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ინფრასტრუქტურულ პროექტად საერთაშორისო ორგანიზაცია Caspian Energy-ს მიერ. ამჟამად საზოგადოება ახორციელებს აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში აშენებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესს. შესაბამისად მართალია შპს „ჯი იუნითის“ მიერ განცხადებაზე თანდართულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „მერფი ყაზბეგის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, რეალურად საზოგადოება წარმოადგენს მნიშვნელოვანი უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 14 820 274 ლარს, ხოლო საზოგადოების სახელზე რიცხული მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 854575 ლარს. შესაბამისად საზოგადოების ქონების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 15 674 848 ლარი. აღნიშნული აქტივი აბსოლუტურად ლიკვიდურია, თუკი ვიმსჯელებთ თავად ელიზბარ ოქრუაშვილის მეშვეობით მიღებული შეთავაზებით კომპანია Alfa Group–ის მიერ საზოგადოების კაპიტალის 67% წილის 8 მილიონ აშშ დოლარად შეძენის თაობაზე. კომპანია Alfa Group–ს ხელმძღვანელობენ ბიზნესის და ფინანსების დარგში ისეთი აღიარებული ექსპერტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს სამრეწველო და რეგიონული განვითარების სახელმწიფო კომპანიის ყოფილი დირექტორი ბ-ნი მირიან გოგიაშვილი და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ამერიკული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს მთავრობისა და ამერიკელი ინვესტორების მთავარი კონსულტანტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ბ-ნი რობერტ კოული, რაც ასევე დასტურდება 2016 წლის 29 ივნისის უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულებით, 2019 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით ცვლილების თაობაზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 01 მაისის №272 ბრძანებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 26 თებერვლის №77 ბრძანებით, სარეგისტრაციო მასალებით, უძრავი ქონების შეფასების დასკვნით, ხელშეკრულება შპს „მერფი ყაზბეგის“ კაპიტალის 67% წილის შეძენის თაობაზე და სერტიფიკატით.
შპს „მერფი ყაზბეგი“ დღეის მდგომარეობით აფართოებს თავის საქმიანობას და მის საინვესტიციო გეგმებშია სრულფასოვანი განბაჟების ზონის შექმნა, რომელიც თავისი მომსახურებით სრულად დაფარავს საქართველოს მთელ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს. პარალელურად საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. 2019 წლიდან საზოგადოება დღემდე უწევს ფინანსურ დახმარებას ადგილობრივ რაგბის კლუბს ყაზბეგში, ხელს უწყობს სპორტული ღონისძიებების ჩატარებას და ეხმარება სტუდენტებს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტიდან. საზოგადოებას გააჩნია ვებგვერდი: www.murphykazbegi.com, სადაც სრულად არის ასახული მისი საქმიანობა და მიზნები, რაც დასტურდება განცხადებებით და თანხის დამადასტურებელი ქვითრებით.
აღნიშნულის საპირისპიროდ, შპს „ჯი იუნითის“ მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი განცხადება, სადაც განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვერ მოხდა იმ პოზიციის გაქარწყლება, რომ იგი გადახდისუუნარო არ არის, და ამასთან ერთად მხარემ მოითხოვა მოვალის მართვისაგან ჩამოცილება და რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა, შესაბამისად შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდიუუნარობის საქმის წარმოების რეაბილიტაციის რეჟიმით გახსნის მოთხოვნას უჭერს მხარს.
განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, შპს „მერფი ყაზბეგის“ აქტივები რამდენჯერმე აღემატება საზოგადოების ვალდებულებებს, რაც განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე, ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) გაკოტრების რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება; ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს საქმის გარემოებათა სრულად და ყოველმხრივ გამოსაკვლევად, მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების რისკის არარსებობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეში ამ კანონის მიზნის მაქსიმალურად ეფექტიანად მიღწევის წინაპირობების არსებობის გამოსავლენად და დასადასტურებლად. თუ საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტით ან 45-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მითითება დაუსაბუთებელია ან წარმოდგენილი მტკიცებულებები ნამდვილი ან აღნიშნული მითითების დასაბუთებისთვის საკმარისი არ არის, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.) 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.
როგორც უკვე აღინიშნა, მოვალე შპს „მერფი ყაზბეგი“ წინააღმდეგია მის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ნებისმიერ ფორმით ამოქმედებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანია (1-ლი მუხლი) კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მართალია, მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის განცხადების შემთხვევაში სასამართლომ უნდა გახსნას გადახდისუუნარობის საქმე, სწორედ აღნიშნული კანონის დანაწესში მითითებულია, რომ სასამართლო ნიშნავს ზეპირ მოსმენას, თუ მხარე სადავოდ ხდის მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების ფაქტს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
საქმის მასალების კვლევის შემდგომ სასამართლო იზიარებს იმ გარემოებას, რომ შპს „მერფი ყაზბეგი“ არ არის გადახდისუუნარო და არ არის იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერ ფარავდეს ვადამოსულ ვალდებულებებს, კერძოდ, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომ საზოგადოება ახორციელებს აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში აშენებული, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესს, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება შეადგენს 14 820 274 ლარს, ხოლო საზოგადოების სახლზე რიცხული მოძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება შეადგენს 854575 ლარს, ჯამური ღირებულება 15 674 848 ლარი. მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია (ის. ს.ფ. 173-174), ასევე შპს „მერფი ყაზბეგი“ უწევს სპონსორობას რაგბის კლუბ „ყაზბეგს“ (იხ. ს.ფ. 284-293), აღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილია უახლესი თარიღებით. ასევე საქმეში წარმოდგენილია 19.07.2021 წლის სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ დარჩენილი ვალდებულება შეადგენს 30 406 აშშ დოლარს, მაშინ, როდესაც ძველი ინფორმაციით აღნიშნული ვალდებულება იყო 42 781.14 აშშ დოლარი. ფაქტია, რომ კომპანია ფუნქციონირებს და მის მიზანს წარმოადგენს ვალდებულებების დაფარვა. რაც შეხება შპს „ჯი იუნითის“ მიმართ არსებულ ვალდებულებას, მხარე სადავოდ ხდის საერთოდ ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების არსებობის ფაქტი, მაშინ როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის წარმოებაში მიღების ეტაპზე ხდის სადავოდ, შეიძლება სასარჩელო წესით განსახილველ მოთხოვნასაც წარმოადგენდეს და არ იყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველი.
სწორედ აღნიშნული გარემოების კვლევის საფუძველი იყო სასამართლოს მხრიდანაც საქმის ზეპირი მოსმენის დანიშვნა, რომ გამოეკვლია, თუ რამდენად იყო საწარმო გადახდისუუნარობის ფაქტის წინაშე. სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმები და, ამავდროულად, იმოქმედებს ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანი და სამართლიანი დაცვის გარანტიები, რაც არ ნიშნავს, იმას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალეს შესწევს ვალდებულებების შესრულების უნარი, რასაც ჩვენს შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ აქვს ადგილი, იმიტომ რომ კრედიტორმა წარმოადგინა განცხადება, სასამართლო ვალდებულია წარმოებაში მიიღოს და დაიწყოს აღნიშნული კანონის რაიმე ფორმით ამოქმედება.
გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვება და აღნიშნული პრეზუმფციის პირობებში, ადრეულ ეტაპზევე, სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა მოვალის რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. თუმცა, აღნიშნული უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან არაკეთილსინდისიერი განზრახვის პირობებში განმცხადებელმა მითითებული შესაძლებლობის გამოყენებით შეიძლება ზიანი მიაყენოს მოვალეს. არაკეთილსინდისიერ მიზნებს შორის შეიძლება იყოს, მოვალის საქმიანობის შეჩერება, მისი ხელოვნურად გადახდისუუნარობამდე მიყვანა და ა.შ., ამიტომ ნიშანდობლივია, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესი მასზედ, რომ თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავიდანვე არ ყოფილა გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი, სასამართლო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, განმცხადებელს დააკისროს განცხადების შეტანით მოვალის ან/და კრედიტორებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ გამოვლინდა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) განცხადება შეტანილ იქნა განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის დამალვის შედეგად; ბ) მოვალის მიერ განცხადების წარდგენა მიზნად ისახავს კრედიტორისათვის მის მიმართ ინდივიდუალური ქმედებების განხორციელებაში ხელშეშლას; გ) განცხადების წარდგენის მიზანია მორატორიუმის ბოროტად გამოყენება ან კრედიტორის, მოვალის ან მესამე პირთა უფლებების სხვაგვარი დარღვევა. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების განმხილველი სასამართლო. ამდენად, თუ დადასტურდება, რომ განმცხადებელი გადახდისუუნარობის განცხადებით მოვალისათვის ან/და კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად, ასეთ შემთხვევაში, ამავე პროცესში სასამართლო, მოვალის ანდა კრედიტორს მოთხოვნით, განმცხადებელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, რაც ამავე წარმოების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, საერთო წესით, კერძო საჩივრით საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, რთულად სამტკიცებელი კატეგორიაა, თუმცა, მოვალის ანდა კრედიტორის მხარეს არსებული მტკიცების ტვირთი განმცხადებლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე რეალიზებულად ჩაითვლება, თუ ის შეძლებს დადასტურებას, რომ იგი (მოვალე) გადახდისუუნარო/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი თავიდანვე არ ყოფილა და განმცხადებელმა ეს ინფორმაცია იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, ამასთან, გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი შედეგები (გადახდების შეწყვეტა, ქონების დაყადაღება და ა.შ.) განმცხადებლის ინტერესებში შედიოდა. მოვალის მტკიცების საგანში შემავალი კატეგორიაა, ასევე, იმ ზიანის ოდენობაც, რომელიც მის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვამ გამოიწვია. შესაბამისად, თუ განმცხადებელს ზიანის მიყენების განზრახვა დაუდასტურდა, მას ამავე წარმოების ფარგლებში, როგორც საპროცესო ხარჯები, ასევე, ზიანის ანაზღაურება დაეკისრება. საიდან შეიძლება წარმოიშვას ზიანი? ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ ზიანი, ძირითადად, მორატორიუმის თანმდევი შედეგი შეიძლება იყოს. მორატორიუმი კი ამუშავებას გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად იწყებს. გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა მხარემ (ანდა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა) შეიძლება კერძო საჩივრით გაასაჩივროს. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინებით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას ანდა ამავე განჩინებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომას. იმ შემთხვევაში, თუ განჩინების აღსრულებით შეუქცევადი სამართლებრივი შედეგები დადგება ანდა ასეთი შედეგების დადგომის სამართლებრივი საფრთხე შეიქმნება, მეტად სავარაუდოა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნული განჩინების მოქმედება შეაჩეროს. აღნიშნული საპროცესო ქმედების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლი იქნება, მით უფრო, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება დასაშვებია, თუ სპეციალური კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, კერძო საჩივრით სადავოდ გამხდარი განჩინების მოქმედების შეჩერება დასაშვები უნდა იყოს, თუ შეჩერება არ ეწინააღმდეგება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და პრინციპებს. ამდენად, თუ პირი ფიქრობს, რომ გადახდისუუნარობის განცხადება მისთვის განზრახ ზიანის მოტანას ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში, მისთვის ზიანი მას შემდეგ დადგება, თუ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგად მორატორიუმის ღონისძიებები ამუშავდება, შესაბამისად, პირს, რომელიც გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობას კერძო საჩივრით სადავოდ ხდის, ამავდროულად, უფლება აქვს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და ამგვარი ზიანის დადგომის ამსახველი მტკიცებულებების წარდგენის გზით, გადახდისუუნარობის განცხადების თანმდევი სამართლებრივი შედეგების ამოქმედების შეჩერება მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პროცესის ფარგლებში, უსაფუძვლო სარჩელით ზიანის მიყენების განზრახვის დადასტურება სავალდებულო არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია უსაფუძვლო სარჩელისა და ამ სარჩელის მიზნებისათვის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანი, ხოლო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსაფუძვლო გადახდისუუნარობის განცხადების აღძვრის პირობებში, უნდა დასტურდებოდეს, ასევე, განმცხადებლის განზრახვა მოვალისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძვლები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“საქართველოს კანონის მიხედვით) მართალია სასამართლო მოცემულ შემთხვევაში არ შედის ზ/ხსენებული გარემოებების კვლევაში, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების უსაფუძვლო გახსნამ შეიძლება ორივე მხარის მიმართ წარმოშვას გარკვეული ზიანის მომტანი გარემოებები იმთავითვე არსებობს.
შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა არაერთხელ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით გადახდისუუნარობის გახსნის კანონით დადგენილი საფუძვლები არსებობს, კერძოდ, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, რასაც შპს „მერფი ყაზბეგის“ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება, ეჭვი იმისა, რომ საწარმო შეიძლება გადახდისუუნარო გახდეს არსებობს ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ, გონივრული საფუძვლის არსებობა რასაც წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე მიუთითებს შპს „ ჯი უნითი“ სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული და არც არსებობს. ასევე აღნიშნული კანონის ერთ-ერთი მთავარი განმარტება, გადახდისუუნარობის გახსნისა არის ის, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობა იმთავითვე არ მოიაზრებს გადახდისუუნარობის გახსნის საფუძვლებს. მის საპირისპიროდ მოვალის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომ იგი არ არის გადახდისუუნარო და მას შესწევს უნარი დაფაროს ვადამოსული ვალდებულებები, თუნდაც აღნიშნული პოზიციის წარმოდგენა იმთავითვე აჩერებს სასამართლოს უფლებას ზეპირი მოსმენის გარეშე წარმოებაში მიიღოს საქმე და მხოლოდ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდგომ იღებს გადაწყევტილებას გადახდისუუნარობის გახსნის ან არგახსნის შესახებ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობის არსებობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძველია, სასამართლოს არ მიაჩნია სწორად. სასამართლო თვლის, რომ შპს „მერფი ყაზბეგი“ არ არის გადახდისუუნარო, მას არ შეუჩერებია ფუნქციონირება, შესაბამისად შპს „ჯი იუნითის“ უარი უნდა ეთქვას შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 47-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯი იუნითის“ უარი ეთქვას შპს „მერფი ყაზბეგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე;
2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა