საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №010
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,446 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 20.02.2024 „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 23.07.2020 №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 21.01.2026 №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 21.01.2026 №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 01.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება  №010 2021 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების თანდართული მექანიზმი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი პრეამბულა სექსუალური შევიწროება, რაც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც პირის ღირსების შელახვას ისახავს მიზნად, არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება. საქართველოს პროკურატურა  გმობს რა სექსუალურ ძალადობას, მიიჩნევს, რომ იგი ზიანს აყენებს საქართველოს პროკურატურის რეპუტაციასა და იმიჯს, ისწრაფვის შექმნას დისკრიმინაციის ამ ფორმისაგან თავისუფალი გარემო. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ღირსეულად იქცეოდნენ როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდნენ პროკურატურის რეპუტაციასა და სახელს. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ქმნის საქართველოს პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების ცნებას, სახეებს, ფორმებსა და ინდიკატორებს, სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დისციპლინური წარმოების საკითხებს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მექანიზმის მიზნები საქართველოს პროკურატურაში (შემდგომში – პროკურატურა)  სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (შემდგომში – მექანიზმი) მიზნებია: ა) პროკურატურაში სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა; ბ) სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის, ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელება; გ) სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შემთხვევაში შესაბამისი ეფექტიანი რეაგირების განხორციელება; დ) სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მხარდაჭერა; ე) სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირის (შემდგომში – შემავიწროებელი) მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრება. მუხლი 2🔗. მექანიზმის მოქმედების ფარგლები 1. მექანიზმის მოქმედება ვრცელდება პროკურატურის ნებისმიერ თანამშრომელზე. 2. მექანიზმის მიზნებისთვის, პროკურატურის თანამშრომლად ჩაითვლება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი. 3. მექანიზმის მიზნებისათვის, შემავიწროებელი შეიძლება იყოს მხოლოდ პროკურატურის თანამშრომელი. 4. მექანიზმის მიზნებისათვის, პროკურატურის თანამშრომელმა  სექსუალური შევიწროება შეიძლება განახორციელოს ამავე უწყების თანამშრომლის ან სხვა პირის მიმართ ნებისმიერ დროსა და ადგილას. 5. მექანიზმის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა პროკურატურის ყველა თანამშრომლისათვის. 6. მექანიზმის დებულებათა დარღვევა იწვევს პროკურატურის თანამშრომლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. მუხლი 3🔗. მექანიზმის  ძირითადი პრინციპები მექანიზმი ეყრდნობა შემდეგ  ძირითად პრინციპებს: ა) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა – სექსუალური შევიწროების საქმეები განიხილება თანასწორ და სამართლიან გარემოში, ობიექტურად და მიუკერძოებლად, მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად; ბ) კონფიდენციალურობა – პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით განახორციელოს სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება; გ) კეთილსინდისიერება – პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია გამოიჩინოს პატივისცემა წინამდებარე მექანიზმის მიმართ და ბოროტად არ ისარგებლოს მისი დებულებებით, ცრუ და არაკეთილსინდისიერი ბრალდებების წარდგენის გზით; დ) ვიქტიმიზაციის აკრძალვა – დაუშვებელია პირისათავის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, სავარაუდო შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივრის წარდგენის გამო. თავი II სექსუალური შევიწროების ცნება, სახეები, ფორმები და ინდიკატორები მუხლი 4🔗. სექსუალური შევიწროების ცნება და სახეები 1. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. 2. სექსუალური შევიწროების სახეებია: ა)  მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo): პირდაპირი ან ირიბი ფორმით ნებისმიერი სახის სექსუალური ქცევის სანაცვლოდ შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღების შეთავაზება ან/და მინიშნება, რომ ის ვერ მიიღებს სარგებელს (მაგ., ჩამოქვეითდება, გათავისუფლდება და სხვა), თუ არ განახორციელებს შემავიწროებლისათვის სასურველ სექსუალური ხასიათის ქმედებას; ბ) მტრული სამუშაო გარემო: სექსუალური შევიწროებით სამუშაო ადგილზე დამაშინებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან/და დამამცირებელი პირობების შექმნა. მუხლი 5🔗. სექსუალური შევიწროების ფორმები 1. სექსუალური შევიწროება შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) სიტყვიერი ფორმით ა.ა) სექსუალური ხასიათის ხუმრობა; ა.ბ) სექსუალური ხასიათის კომენტარი ადამიანის გარეგნობის, ჩაცმულობის ან პირადი ცხოვრების შესახებ; ა.გ) კომენტარი ადამიანის სექსუალობის შესახებ; ა.დ) კომენტარი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ; ა.ე) კომენტარი საკუთარი სექსუალური გამოცდილების/უპირატესობის შესახებ; ა.ვ) სექსუალური ხასიათის სახელების დაძახება. ბ) არასიტყვიერი ფორმით ბ.ა.) სექსუალური ხასიათის ფოტოს/ვიდეოს ჩვენება, მისი გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით; ბ.ბ.) სექსუალური ხასიათის ჟესტიკულაციის ჩვენება; ბ.გ) სექსუალური შინაარსის ტექსტის ჩვენება. სექსუალური შინაარსის ტექსტის/შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტით, მობილური ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. გ) ფიზიკური ფორმით გ.ა) სახეზე ან სხეულზე (მაგ., მხარზე, წელზე და ა.შ.) შეხება; გ.ბ) ჩახუტება; გ.გ) ჩქმეტა; გ.დ) კოცნა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შეიძლება მოიცავდეს სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქცევას, რომელიც არასასურველია და მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან/და შეურაცხმყოფელ გარემოს. მუხლი 6🔗. სექსუალური შევიწროების ინდიკატორები 1. ქმედების სექსუალურ შევიწროებად განსასაზღვრად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ინდიკატორები: ა) ქმედების ხასიათი; ბ) მსხვერპლის მიერ სიტუაციის აღქმა; გ) ქმედების ინტენსივობა; დ) ქმედების განმეორებადობა; ე) შემავიწროებლის შესაძლებლობა, მოახდინოს მსხვერპლზე გავლენა; ვ) მსხვერპლის დაუცველი მდგომარეობა; ზ) შემავიწროებელსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობა, მათ შორის, სამსახურებრივი იერარქია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდიკატორები არ არის ამომწურავი და ერთი ინდიკატორის არსებობაც შესაძლოა საკმარისი იყოს სექსუალური შევიწროების დასადასტურებლად. თავი III კონსულტაციის, საჩივრის წარდგენისა და წარმოების დაწყების წესი მუხლი 7🔗. კონსულტაცია 1. პროკურატურის თანამშრომელმა, რომელიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევს, სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ კონსულტაციის მიღების მიზნით შესაძლოა მიმართოს პროკურატურაში არსებულ სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველ  მხარდაჭერის ჯგუფს (შემდგომში – მხარდაჭერის ჯგუფი) ან/და მხარდაჭერის  ჯგუფის რომელიმე წევრს. 2. სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივრის წარდგენის გადაწყვეტილებას, კონსულტაციის შემდგომ, იღებს სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერლი. მუხლი 8🔗. საჩივრის წარდგენა 1. პირმა, რომელიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევს, შესაძლოა შემავიწროებელს შეატყობინოს, რომ მისი ქცევა არასასურველი და მიუღებელია. ასევე, სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს როგორც სავარაუდო შემავიწროებელს, ისე თავის უშუალო ხელმძღვანელს. 2. სავარაუდო მსხვერპლმა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა, თავი შეიკავოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სავარაუდო შემავიწროებლის ან ხელმძღვანელის ინფორმირებისგან. სავარაუდო შემავიწროებლის ან ხელმძღვანელის ინფორმირება არ წარმოადგენს მსხვერპლის ვალდებულებას. 3. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლს  შეუძლია სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივრით მიმართოს მხარდაჭერის ჯგუფს ან/და მხარდაჭერის  ჯგუფის რომელიმე წევრს. 4. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი საჩივარს წარადგენს ზეპირი ან წერილობითი (ელექტრონული ან მატერიალური) ფორმით, ამ მექანიზმის დანართის შესაბამისად. 5. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა საჩივარში უნდა მიუთითოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია, როგორიცაა: სავარაუდო სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, მათი სამსახურებრივი/პროფესიული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, სექსუალური შევიწროების ფაქტ(ებ)ი. არსებობის შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლმა საჩივარს უნდა დაურთოს მტკიცებულებები (წერილობითი, ფოტო-, ვიდეო-, აუდიო- და სხვა მასალა), მიუთითოს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც შესაძლოა ფლობენ ფაქტის შესახებ ინფორმაციას. 6. მესამე პირი, რომლისთვისაც ცნობილი გახდა პროკურატურის თანამშრომლის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტი, უფლებამოსილია განცხადება (მათ შორის, ანონიმურად) წარადგინოს მხარდაჭერის ჯგუფთან ან/და მხარდაჭერის ჯგუფის რომელიმე წევრთან. მესამე პირის მიერ განცხადების წარდგენისას გამოიყენება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესი. 7. პროკურატურის თანამშრომელი, რომლისთვისაც საქმის წარმოების ფარგლებში ცნობილი გახდა პროკურატურის თანამშრომლის მიერ  სავარაუდო სექსუალური შევიწროების თაობაზე, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მხარდაჭერის  ჯგუფს და წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, მის ხელთ არსებული შესაბამისი მტკიცებულებები. 8. მექანიზმით განსაზღვრული საჩივრის პროცედურის გამოყენებამდე, მისი გამოყენებისას ან გამოყენების შემდეგ, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი არც ერთ ეტაპზე არ არის შეზღუდული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ მიმართოს სასამართლოს ან/და საქართველოს სახალხო დამცველს,  კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. წარმოების დაწყება 1. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის ან მესამე პირის მიერ ზეპირი ან წერილობითი ფორმით საჩივრის/განცხადების წარდგენის შემდეგ მხარდაჭერის ჯგუფი იწყებს სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლას. 2. პირს უფლება აქვს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ საჩივარი/განცხადება წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე empower@pog.gov.ge. 3. საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) უფლებამოსილია, სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის თანხმობით, მხარდაჭერის  ჯგუფის მიერ საკითხის შესწავლისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთ-ერთ მხარეს შეუცვალოს თანამდებობა, სამუშაო ფუნქციები,  სამუშაო სივრცე ან/და გამოიყენოს სხვა დროებითი ღონისძიება. 4. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის მიერ საჩივარზე უარის თქმა არ იწვევს სექსუალური შევიწროების საქმის წარმოების შეწყვეტას. თავი IV საქმის წარმოება და მხარდაჭერის  ჯგუფის უფლებები და მოვალეობები მუხლი 10🔗. მხარდაჭერის  ჯგუფის მიერ საქმის განხილვის წესი 1. პროკურატურაში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე საქმის წარმოებას ახორციელებს მხარდაჭერის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს თანამშრომლები. 2. მხარდაჭერის  ჯგუფის წევრთა ვინაობა განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 3. მხარდაჭერის  ჯგუფის წევრები ანგარიშვალდებულნი არიან გენერალური პროკურორის ან/და გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის წინაშე. 4. მხარდაჭერის  ჯგუფის წევრები შეირჩევიან სექსუალური შევიწროების მიმართ მათი მგრძნობელობის გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებსა და დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით. 5. თუ საქმის განმხილველი რომელიმე პირი სავარაუდო შემავიწროებელია, მხარდაჭერის  ჯგუფის წევრად შეირჩევა იმავე დეპარტამენტის/სამმართველოს სხვა თანამშრომელი. 6. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ან სავარაუდო შემავიწროებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის განმხილველი მხარდაჭერის ჯგუფის რომელიმე წევრის იმავე დეპარტამენტის/სამმართველოს სხვა თანამშრომლით ჩანაცვლება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 7. ამ მუხლის მე-5 ან/და მე-6 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი. 8. სექსუალური შევიწროების საქმის წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირი ვალდებულია არ გაასაჯაროოს მიღებული ინფორმაცია, გამოკვლეული მტკიცებულებები და მიღებული გადაწყვეტილება. 9. სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით საქმის წარმოებისას მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი საქმის წარმოების პროცესში ჩართულ პირთა წრე იმგვარად, რომ აღნიშნულმა ხელი არ შეუშალოს საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიექტურ შესწავლას. მუხლი 11🔗. მხარდაჭერის ჯგუფის უფლებები და მოვალეობები 1. სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლის მიზნით მხარდაჭერის ჯგუფი უფლებამოსილია: ა) გაესაუბროს სავარაუდო მსხვერპლს; ბ) გაესაუბროს სავარაუდო შემავიწროებელს; გ) გაესაუბროს პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობენ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას; დ) გამოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ნებისმიერი პირისაგან საქმის წარმოებისათვის  აუცილებელი  ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი; ე) საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი მასალა, დოკუმენტი ან/და ინფორმაცია; ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილება, რაც დაეხმარება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის სრულყოფილად შესწავლაში. 2. გასაუბრების პროცესი ხორციელდება წერილობითი ფორმით ან/და კეთდება ვიდეო/აუდიო ჩანაწერი. გასაუბრების ვიდეო/აუდიო ჩაწერა ხორციელდება ინფორმაციის მიმწოდებელი პირის თანხმობით. 3. მხარდაჭერის  ჯგუფის მოვალეობებია: ა) პროკურატურაში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე წარდგენილი საჩივრების/განცხადებების მიღება, მათი სრული მოცულობით შესწავლა, სექსუალური შევიწროების დადასტურების შემთხვევაში ოქმის მომზადება და გენერალური ინსპექციისათვის  წარდგენა; ბ) სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, პროკურატურის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება; გ) გენერალური პროკურორის ან/და გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება, რაც სექსუალურ  შევიწროებასთან დაკავშირებული საქმის განხილვას, პრევენციასა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. 4. სავარაუდო მსხვერპლს/სავარაუდო შემავიწროებელს ან/და მესამე პირებს შეუძლიათ მხარდაჭერის ჯგუფს ინფორმაცია წარუდგინონ წერილობითი ფორმით. 5. მხარდაჭერის  ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია იმოქმედოს მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით. 6. გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების  საფუძველზე, მხარდაჭერის  ჯგუფი ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას, სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ. 7. მხარდაჭერის  ჯგუფის გადაწყვეტილება სექსუალური შევიწროების ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ მხარდაჭერის  ჯგუფის წევრები. 8. მხარდაჭერის  ჯგუფის გადაწყვეტილება სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობის თაობაზე, გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში, სავარაუდო მსხვერპლის მიერ საჩივრდება გენერალურ პროკურორთან. 9. გენერალური პროკურორი ეთანხმება მხარდაჭერის ჯგუფის გადაწყვეტილებას სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობის თაობაზე ან მასალებს შესაბამისი მითითებით უბრუნებს მხარდაჭერის  ჯგუფს მისი ხელახალი შესწავლის მიზნით. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მექანიზმით განსაზღვრული საქმის წარმოების იგივე პროცედურები და ვადები.        10. სექსუალური შევიწროების  ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში, მხარდაჭერის ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი, საქმის მასალებთან ერთად წარედგინება გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. მუხლი 12🔗. საჩივრის განხილვისა და საქმის წარმოების ვადა 1. სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის თაობაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით მხარდაჭერის  ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სავარაუდო მსხვერპლის ან მესამე პირის მიმართვიდან 1 თვის ვადაში; 2. თუ საქმის წარმოებისას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, ერთთვიანი ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე, გენერალური პროკურორი ან გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გენერალური პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე, მხარდაჭერის ჯგუფის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების ვადის არაუმეტეს 1 თვით გაგრძელების თაობაზე. 3. საქმის წარმოება, მხარდაჭერის  ჯგუფის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალური პროკურორის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. თავი V  დასკვნის მომზადება მუხლი 13🔗. დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე დასკვნის მომზადება 1. სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გენერალური ინსპექცია, მხარდაჭერის  ჯგუფის მიერ მომზადებული ოქმისა და საქმის მასალების საფუძველზე, ამზადებს წერილობით დასკვნას სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და წარუდგენს გენერალურ პროკურორს. 2. გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია წარდგენილი ოქმი და საქმის მასალები, არასაკმარისი დასაბუთების მოტივით, შესაბამისი მითითებით, მისი ხელახალი შესწავლის მიზნით, დაუბრუნოს მხარდაჭერის ჯგუფს. ამ შემთხვევაში, მოქმედებს ამ მექანიზმით განსაზღვრული საქმის წარმოების იგივე პროცედურები და ვადები. თავი VI  დისციპლინური პასუხისმგებლობა და სანქციები მუხლი 14🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება 1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სექსუალური შევიწროების ჩადენა ითვლება პროკურატურის თანამშრომლისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენად, რაც ფასდება მძიმე გადაცდომად. 2. გენერალური პროკურორი, გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ წარდგენილ დასკვნას პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე, განსახილველად გადასცემს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს (შემდგომში – საბჭო), გარდა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, გენერალური პროკურორის მოადგილის ან პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრებისა, რომელთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს საპროკურორო საბჭო. 3. საბჭოსთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ვინაობა კონფიდენციალურია. შესაბამისად, საბჭოსთვის გაგზავნილი ნებისმიერი მასალა არ უნდა იძლეოდეს მსხვერპლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 4. გენერალური პროკურორის ბრძანება შემავიწროებლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე უნდა გაეცნოს პროკურატურის იმ თანამშრომელს, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. 5. ამ მექანიზმით გათვალისწინებული სექსუალური შევიწროების ჩადენისათვის გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) საყვედური; ბ) უფრო დაბალ რანგზე გადაყვანა; გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) პროკურატურიდან დათხოვნა. 6. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე დამოკიდებულია სექსუალური შევიწროების სიმძიმეზე, ხარისხზე, რეციდივზე, მსხვერპლისათვის მიყენებულ ზიანსა და სხვა გარემოებებზე. 7. შემავიწროებლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის  მხოლოდ ერთი სახე. 8. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გენერალური პროკურორის ბრძანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 9. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას. თავი VII. მონიტორინგი და ანგარიშგება მუხლი 15🔗. მონიტორინგი და ანგარიშგება 1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო აწარმოებს სტატისტიკას და მხარდაჭერის  ჯგუფთან კოორდინაციით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების წინამდებარე მექანიზმის შესრულების, ინციდენტების რაოდენობისა და დამდგარი შედეგების, ასევე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების  თაობაზე. 2. ანგარიში წარედგინება გენერალურ პროკურორს. 3. ანგარიში შეიძლება საფუძვლად დაედოს არსებული მექანიზმის გადახედვასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. თავი VIII  სხვა დებულებები მუხლი 16🔗.  პროკურატურის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებისა და მექანიზმის ურთიერთმიმართება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლისას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის რეგულირებული ამ მექანიზმით, გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა  და  სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი დებულებები. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე დანართი სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრის/განცხადების ფორმა ინსტრუქცია: 1. თუ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდით, გთხოვთ, შეავსოთ აღნიშნული  ფორმა და წარადგინოთ  მხარდაჭერის ჯგუფთან ან ჯგუფის რომელიმე წევრთან   ან გააგზავნოთ   შემდეგ ელექტრონულ მისამართზე empower@pog.gov.ge. 2. საჩივრის შეტანას თქვენ წინააღმდეგ უარყოფითი შედეგი არ მოჰყვება.   3. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ინფორმაციის სიტყვიერად ან სხვაგვარად მიწოდება, უფლებამოსილი პირი ამ ფორმას თავად შეავსებს, მის ასლს გადმოგცემთ და სექსუალური შევიწროების მექანიზმის მიხედვით გამოიკვლევს საჩივარს აღნიშნული ფორმის შესაბამისად. ინფორმაცია სავარაუდო მსხვერპლის/განმცხადებლის შესახებ: სახელი და გვარი: სამუშაო ადგილი: თანამდებობა: მობილურის ტელეფონის ნომერი: ელექტრონული ფოსტა: ინფორმაცია საჩივრის შესახებ: პირი, რომელმაც განახორციელა სავარაუდო სექსუალური შევიწროება: სახელი და გვარი: თანამდებობა: სამუშაო ადგილი: მობილურის ტელეფონის ნომერი: სამსახურებრივი კავშირი: უშუალო ხელმძღვანელი/სამსახურებრივად ზემდგომი პირი; თანამშრომელი; თქვენდამი დაქვემდებარებული პირი; სხვა პირი. 2. გთხოვთ, აღწეროთ, რა მოხდა და როგორ გავლენას ახდენს ეს ინციდენტი თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე. *საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაურთოთ სათანადო დოკუმენტი ან მასალა. 3. სექსუალური შევიწროების ფაქტ(ებ)ის თარიღი,  დრო და ადგილი: ამჟამად გრძელდება თუ არა სექსუალური შევიწროება? დიახ; არა. 4. გთხოვთ, მიუთითოთ იმ პირთა სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია საჩივარში/განცხადებაში მითითებული ფაქტების თაობაზე: 5. წარადგინეთ თუ არა საჩივარი ან/და მიაწოდეთ თუ არა ინფორმაცია (სიტყვიერად ან წერილობით) საჩივარში/განცხადებაში მითითებულ შემთხვევებთან ან სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ როდის და ვის წარუდგინეთ საჩივარი ან მიაწოდეთ ინფორმაცია? 6. დაგჭირდათ თუ არა სამედიცინო/ფსიქოლოგიური/სამართლებრივი ან სხვა სახის კონსულტაცია ან დახმარება? 7. საჩივრის განხილვის დასრულებამდე გესაჭიროებათ თუ არა სამუშაო სივრცის შეცვლა (გადაყვანა სხვა სამუშაო ოთახში ან გადაყვანა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე). 8. დამატებითი ინფორმაცია: ხელმოწერა:                                                                                                                           თარიღი: