„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომზე ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 88%
- მოქმედი 88%
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №288 |
|
2021 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის, მოთხოვნების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომზე ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 1 მაისის №56 ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2022 წლის 1 მაისამდე.
|
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (2)
288_დანართ.docx ⬇
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომზე ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის წესი
მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების უზრუნველყოფა.
2. წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებზე.
3. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 კილომეტრი რადიუსის ფარგლებში;
ბ) ველური ბუნება – ფრინველები და ცხოველები (ძუძუმწოვრები, მღრღნელები, ქვეწარმავლები და სხვა), რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნიან საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებას;
გ) ველური ბუნების მნიშვნელოვანი აქტიურობა – აეროდრომზე და აეროდრომის სიახლოვეს ველური ბუნების მიერ გამოწვეული ხუთი და მეტი შეჯახება კალენდარული წლის განმავლობაში;
დ) ველურ ბუნებაზე დაკვირვება − აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების ქცევების შესწავლა (გადაადგილების მარშრუტები, გადაადგილების სიმაღლე, გადაადგილების სიხშირე, აეროდრომზე და მის შემოგარენში თავშეყრის ადგილები, მოზიდვის მიზეზი და ა.შ.);
ე) აეროდორმის და მისი შემოგარენის მონიტორინგი − აეროდრომზე და მის შემოგარენში, დაკვირვებებიდან გამომდინარე, იმ არეების კონტროლი, სადაც ყველაზე მეტად ფიქსირდება ველური ბუნების აქტიურობა;
ვ) ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევები −
ვ.ა) ველური ბუნების საჰაერო ხომალდზე ნებისმიერი დაფიქსირებული შეჯახების ფაქტი, სადაც სახეზეა საჰაერო ხომალდის დაზიანება, ან ველური ბუნების სისხლი ან სხვა ნარჩენები;
ვ.ბ) ველური ბუნების საჰაერო ხომალდზე ნებისმიერი დაფიქსირებული შეჯახების ფაქტი, სადაც არ არსებობს მატერიალური მტკიცებულება, თუმცა შეჯახება დაფიქსირებული იქნა ვიზუალურად ან შეჯახების აკუსტიკური აღქმით;
ვ.გ) აეროდრომის ტერიტორიაზე ნაპოვნი ველური ბუნების რომელიმე მკვდარი სახეობა, რომელსაც აღენიშნება ისეთი დაზიანებები, როდესაც საჰაერო ხომალდთან შეჯახების გარდა, სიკვდილის სხვა მიზეზი არ არსებობს; ან
ვ.დ) შემთხვევები, როდესაც აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების არსებობამ გავლენა იქონია ან შეიძლება გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე (მაგ.: დაფრენისას მეორე წრეზე წასვლა, აფრენის შეწყვეტა და ა.შ)
ზ) შეჯახება − ველური ბუნების რომელიმე სახეობის (ფრინველები, ცხოველები) შეჯახება საჰაერო ხომალდთან;
თ) აეროდრომზე ველური ბუნების საჰაერო ხომალდთან შეჯახება -
თ.ა) შეჯახება, რომელიც დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის დაფრენისას, მიწის დონიდან 200 ფუტზე დაბლა;
თ.ბ) შეჯახება, რომელიც დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის სიმაღლის აღებისას, მიწის დონიდან 500 ფუტამდე; ან
თ.გ) შეჯახება, რომელიც დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის სადგომზე დგომისას, სბ-ზე მიმოსვლისას ან ადზ-ზე მანევრირებისას.
ი) აეროდრომის სიახლოვეს ველური ბუნების საჰაერო ხომალდთან შეჯახება -
ი.ა) შეჯახება, რომელიც დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის დაფრენისას, მიწის დონიდან 201 ფუტსა და 1000 ფუტს სიმაღლეებს შორის; ან
ი.ბ) შეჯახება, რომელიც დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის სიმაღლის აღებისას, მიწის დონიდან 501 ფუტსა და 1500 ფუტს სიმაღლეებს შორის.
მუხლი 3. აეროდრომის ექსპლუატანტის ვალდებულებები
1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) დანიშნოს ველური ბუნების მიერ შექმნილი საფრთხეებისა და რისკების მართვის საკითხებში შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პასუხისმგებელი პირი − ველური ბუნების მართვის კოორდინატორი;
ბ) უზრუნველყოს ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების მართვისათვის საჭირო პერსონალის არსებობა, მათი მომზადება-გადამზადება, ამ წესის შესაბამისად;
გ) შეიმუშაოს ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა;
დ) იქონიოს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო, შესაბამისი საშუალებები/აღჭურვილობა და მათი გამართულობისა და ეფექტურობის დასადგენად, უზრუნველყოს პერიოდული შემოწმება;
ე) უზრუნველყოს ველური ბუნებაზე დაკვირვება და მონიტორინგი, პროცედურებით განსაზღვროს ველური ბუნების აქტიურობაზე დაკვირვების და მონიტორინგის პერიოდები და აწარმოოს ჩანაწერთა სისტემა;
ვ) განახორციელოს ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების და შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
შენიშვნა: მონაცემთა ბაზის შემუშავების მეთოდოლოგია მოცემულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემა − DOC 9137, PART 3 − Wildlife Hazard Management, Chapter 6, P 6.7.
ზ) შეიმუშაოს აეროდრომზე ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების/შემთხვევების შიდა ინფორმაციის გადაცემის პროცედურა, რომლის გავრცელებაც უნდა უზრუნველყოს აეროდრომის ექსპლუატანტისგან დამოუკიდებლად მოქმედ საწარმოებზეც;
თ) უზრუნველყოს აეროდროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ი) ყოველწლიურად მოამზადოს ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეები და საფრთხეების შემცირებისათვის გატარებული ღონისძიებების წლიური ანგარიში (№1 დანართის შესაბამისად) და წარუდგინოს სააგენტოს ინფორმირების მიზნით.
2. იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების მნიშვნელოვანი აქტიურობა, აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს, დანერგოს და განახორციელოს ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამა, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად;
ბ) შექმნას ველური ბუნების მართვის კომიტეტი (შემდგომ – კომიტეტი).
მუხლი 4. ველური ბუნების მართვის კომიტეტი
1. ველური ბუნების მართვის კომიტეტი იქმნება აეროდრომზე არსებულ სხვადასხვა სამსახურებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კოორდინაციის და ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის მიზნით.
2. ველური ბუნების მართვის კომიტეტი, სულ მცირე უნდა შედგებოდეს შემდეგი წევრებისაგან:
ა) აეროდრომის პასუხისმგებელი მენეჯერი;
ბ) აეროდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის მენეჯერი;
გ) აეროდრომზე ველური ბუნების მართვის კოორდინატორი;
დ) აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი;
ე) საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის წარმომადგენელი;
ვ) იმ ავიაკომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ბაზირებს კონკრეტულ აეროდრომზე;
ზ) ადგილობრივი „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის“ წარმომადგენელი;
3. ველური ბუნების მართვის კომიტეტში შესაძლებელია სხვა უწყებების/ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევაც, რომელთა ჩართულობასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს აეროდრომის ექსპლუატანტი.
4. ველური ბუნების მართვის კომიტეტი აანალიზებს ველური ბუნების მიერ გამოვლენილ შემთხვევებს, ველურ ბუნებაზე დაკვირვების მონაცემებს, აფასებს ველურ ბუნებასთან დაკავშირებულ რისკებს და ადგენს რეკომენდაციებს, ეფექტური კონტროლის მიზნით.
მუხლი 5. ველური ბუნების მართვის კოორდინატორი
ველური ბუნების მართვის კოორდინატორი ვალდებულია:
ა) იმ აეროდორმზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების მნიშვნელოვანი აქტიურობა:
ა.ა) მონაწილეობა მიიღოს ველური ბუნების მართვის პროგრამის შემუშავებაში, დანერგვაში და მის მუდმივ გაუმჯობესებაში;
ა.ბ) ველური ბუნების მართვის პროგრამის შესაბამისად, დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს ველური ბუნების მართვის ღონისძიებებს;
ა.გ) ველური ბუნების მართვის პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს კოორდინაცია შესაბამის საწარმოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარესთან;
ბ) ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალის საქმიანობას გაუწიოს ზედამხედველობა;
გ) აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში განახორციელოს ველურ ბუნებაზე დაკვირვება, შესწავლა და გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები, რათა განსაზღვროს და შეიმუშაოს ველური ბუნების მართვის ეფექტური ღონისძიებები;
დ) შეაგროვოს და გაანალიზოს ინფორმაცია ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ და ყოველწლიურად წარუდგინოს აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს;
ე) მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს გამოვლენილ შემთხვევებს, ყოველდღიურ ჩანაწერებს და გატარებულ ღონისძიებებს ველური ბუნების მიმართ, მომავალი ქმედებების განსაზღვრის მიზნით;
ვ) უზრუნველყოს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობის გამართულობა, მათი უსაფრთხო და სწორი მოვლა-შენახვა.
მუხლი 6. ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალი
ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალი ვალდებულია:
ა) განახორციელოს აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების აქტიურობაზე მონიტორინგი;
ბ) განახორციელოს ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების პრევენციის მიზნით, წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებები;
გ) აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების გააქტიურების ან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცეს ინფორმაცია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამის სამსახურს;
დ) განახორციელოს ჩანაწერების წარმოება;
ე) ცვლაში სამუშაოების დაწყებამდე, დარწმუნდეს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობასა და გამართულობაზე;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მისცეს რჩევები ხელმძღვანელ პირებს ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 7. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამა
1. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამა (შემდგომ – პროგრამა) წარმოადგენს აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს, რომელშიც აღწერილია აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების და რისკების შეფასება და შემცირება.
2. პროგრამა უნდა მოიცავდეს მონაცემების და ჩანაწერების წარმოების პროცედურებს, ველური ბუნების მართვის ღონისძიებებს და კონტროლის პროცედურებს, შესაბამის რუკებს, აეროდორმზე დამოუკიდებლად მოქმედ საწარმოებთან ურთიერთკოორდინაციის მექანიზმებს.
3. პროგრამა უნდა მოიცავდეს ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4. პროგრამა, აგრეთვე მასში შესატანი ნებისმიერი ცვლილება და დამატება ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას.
5. პროგრამა ექვემდებარება გადახედვას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ერთ საჰაერო ხომალდზე, ერთი კონკრეტული ფრენის დროს, ფიქსირდება ველური ბუნების სახეობ(ებ)ის რამდენიმე შეჯახება;
ბ) საჰაერო ხომალდმა, ველური ბუნების რომელიმე სახეობის შეჯახებისას მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანებები;
გ) აეროდრომზე და მის შემოგარენში ფიქსირდება ველური ბუნების მნიშვნელოვანი ცვლილებები;
დ) მონაცემებისა და ჩანაწერების ყოველწლიურად განხილვის საფუძველზე გამოვლინდა ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა;
ე) სხვა ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებების შემთხვევაში.
მუხლი 8. პროგრამის ინტეგრაცია უსაფრთხოების მართვის სისტემაში
1. საფრთხეების ამოცნობისა და რისკების მართვის სათანადოდ განხორციელების მიზნით, პროგრამა ინტეგრირებული უნდა იქნეს აეროდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემაში.
2. შეჯახება, აგრეთვე, ველური ბუნების მიერ გამოწვეული ნებისმიერი შემთხვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც ველური ბუნების მიერ გამოწვეული რისკი და შეფასდეს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში.
3. შეჯახების მოკვლევა უნდა წარიმართოს საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად.
მუხლი 9. რისკის შეფასება და შემცირების ღონისძიებები
1. რისკის შეფასება, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს აეროდრომის ტერიტორიაზე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიმართ, ასევე საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენის მარშრუტებზე.
2. მუდმივად უნდა ხდებოდეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა და მისი გაუმჯობესება.
3. აეროდრომზე და მის შემოგარენში, რისკის შემცირების ღონისძიებები, პირველ რიგში, უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ველური ბუნების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც მიღებული ინფორმაციის ანალიზიდან გამომდინარე, მეტ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენებს.
4. რისკის შეფასებამდე, პერიოდულად უნდა განხორციელდეს აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების დეტალური შესწავლა, კერძოდ, მათი სახეობების, ზომის, რაოდენობის, გამრავლების პერიოდის, ბუდობის ადგილების და პირობების, საკვების სახეობების, გადაადგილების პრინციპის დადგენა და რა სიმძიმის საფრთხეს წარმოადგენენ საჰაერო ხომალდისთვის.
5. რისკის შეფასება უნდა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისათვის, რაც დამოკიდებულია ველური ბუნების პოპულაციაზე და სეზონურ ცვლილებებზე.
6. რისკის შეფასებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ველური ბუნების ყველა ის დროებითი ცვლილება, რომელსაც შეუძლია გაზარდოს საფრთხე და ზეგავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს ველური ბუნების მიმართ დამატებითი შესაბამისი მართვის მექანიზმი, კონკრეტული შემთხვევისათვის.
7. რისკების მისაღები დონე, ალბათობის და სიმძიმის შეფასების მეთოდოლოგია განისაზღვრება აეროდრომზე ველური ბუნების მდგომარეობის და მათ მიერ გამოწვეული შემთხვევების ანალიზის მიხედვით.
შენიშვნა: აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნებით გამოწვეული რისკების შეფასების დეტალური მეთოდოლოგია მოცემულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემა − DOC 9137, PART 3 − Wildlife Hazard Management, Chapter 3.
8. რისკის შემცირების ღონისძიებები შეიძლება იყოს პრევენციული და პროაქტიული.
9. პრევენციული ღონისძიებები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) აეროდრომის პერიმეტრის გასწვრივ შესაბამისი სიმაღლის და სიმტკიცის შემოღობვის მოწყობას;
ბ) აეროდრომის ტერიტორიაზე ჰაბიტატის მართვის შემუშავებას, რაც გულისხმობს:
ბ.ა) შესაძლებლობების ფარგლებში საკვების ღია წყაროსთან ველური ბუნების წვდომის შეზღუდვას;
ბ.ბ) ღია საკანალიზაციო სისტემების და ნაგავსაყრელების მოწყობის აღკვეთას/გადახურვას, მათ პერიოდულ კონტროლს;
ბ.გ) აეროდრომის ტერიტორიაზე მოსვენების/ბუდობის ადგილების აღსაკვეთად მჩხვლეტავი და სხვა საშუალებების გამოყენებას;
ბ.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე ბალახის საფარის სათანადო სიმაღლის შენარჩუნებას, ბუჩქების და ხეების აღკვეთას;
ბ.ე) აეროდორმის ტერიტორიაზე იმ მცენარეული კულტურის შერჩევას, რომელიც არ იზიდავს ველური ბუნებას;
ბ.ვ) აეროდრომის ტერიტორიაზე წვიმის შედეგად წარმოქმნილი გუბურების დროულად ამოშრობას;
ბ.ზ) ღია ტიპის სადრენაჟო არხების სისტემატურ გაწმენდას, არხების ირგვლივ ბალახის სიმაღლის და სხვა მცენარეების არსებობის კონტროლს. საჭიროების შემთხვევაში, არხის გადახურვას სპეციალური ბადეებით;
ბ.თ) აეროდრომის ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე ისეთი ადგილების აღმოჩენას და აღმოფხვრას, რომლებსაც ველური ბუნების სახეობები გამოიყენებენ ბუდობისათვის/თავშესაფრად;
ბ.ი) უყურადღებოდ მიტოვებული სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენები, აღჭურვილობა, სხვა უმართავი ობიექტები მოცილებული უნდა იქნეს აეროდრომის ტერიტორიიდან.
ბ.კ) პარკირებული საჰაერო ხომალდების რეგულარული შემოწმებებს, ხოლო ხანგრძლივი დროით პარკირებულ საჰაერო ხომალდებზე შეღწევადობის აღკვეთას.
ბ.ლ) სხვა ღონისძიებებს საჭიროების შესაბამისად, რომელიც მიმართული იქნება ველური ბუნების აქტიურობის კონტროლისა და რისკების შემცირებისათვის.
10. პროაქტიული ღონისძიებები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალის მიერ აეროდრომის ტერიტორიაზე პატრულირებას, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად, როგორც სპეციალური ავტომობილით, ასევე ქვეითად, დღის ნათელ პერიოდში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ღამითაც. პატრულირება, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, მიახლოების და გაფრენის მარშრუტების მიმართ. პატრულირების ინტენსივობა უნდა განისაზღვროს აეროდრომზე ველური ბუნების აქტიურობიდან გამომდინარე, ასევე დამატებით საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ან სხვა პერსონალისგან შეტყობინების მიღების საფუძველზე. ყოველი მომდევნო პატრულირების სიხშირე, დრო და მარშრუტები უნდა განსხვავდებოდეს;
ბ) ველური ბუნების დაფრთხობის საშუალებების გამოყენებას (მაგალითად: ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, მტაცებლის ჭყივილის იმიტაცია, აეროდრომზე ველური ბუნების დასაფრთხობათ განკუთვნილი პიროტექნიკა, აირის ქვემეხი, ულტრაბგერითი საშუალებები და ა.შ.);
გ) ველური ბუნების დაფრთხობის საშუალებების მოდელირებას (მაგალითად: სატყუარა, სპეციალურად მომზადებული ძაღლები/მტაცებელი ფრინველები, და ა.შ.);
დ) ველური ბუნების სახეობების დაჭერას/გაძევებას.
11. ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენება უნდა მოხდეს ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება.
მუხლი 10. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა
1. ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.
2. სასწავლო პროგრამა მინიმუმ უნდა მოიცავდეს ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებულ საკითხებს.
3. სასწავლო პროგრამა, მასში შესატანი ნებისმიერი ცვლილება და დამატება ექვემდებარება სააგენტოსთან შეთანხმებას.
4. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიკაციის შესანარჩუნებელი სწავლებები იმ პირთათვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ველური ბუნების მართვის საკითხებში, არანაკლებ 3 (სამ) წელიწადში ერთხელ.
5. დამატებით სწავლება უნდა განხორციელდეს, როდესაც აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ასევე, ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევების მატებით, პრევენციული და პროაქტიული ღონისძიებების ცვლილებებით, საკანონმდებლო მოთხოვნების ცვლილებებით და სხვა საფუძვლით, რომელსაც აეროდრომის ექსპლუატანტი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
მუხლი 11. მონაცემების და ჩანაწერების წარმოება
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა განახორციელოს მონაცემთა ბაზის წარმოება, აეროდრომზე საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებისა და განსაზღვრისათვის, რაც ძირითადად უნდა მოიცავდეს:
ა) აეროდრომზე და მის შემოგარენში ველურ ბუნებაზე დაკვირვების/მონიტორინგის ჩანაწერებს;
ბ) ველური ბუნების მართვისათვის გატარებული ღონისძიებების ჩანაწერებს;
გ) ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევების ჩანაწერებს;
დ) ველური ბუნების საჰაერო ხომალდთან მიახლოების ჩანაწერებს;
ე) აეროდრომზე და მის შემოგარენში იმ ადგილების შესახებ ინფორმაციას, სადაც ფიქსირდება ველური ბუნების მაღალი აქტიურობა;
ვ) აეროდრომზე და მის შემოგარენში ველურ ბუნებაზე პერიოდული დაკვირვების და შესწავლის ჩანაწერებს.
2. ველურ ბუნებაზე დაკვირვებისა და მართვისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ჩანაწერები უნდა მოიცავდეს:
ა) ველური ბუნების დაკვირვებაზე/მართვაზე პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს;
ბ) მოვალეობის შესრულების დაწყების და დასრულების დროს;
გ) დღის პერიოდს და ამინდის პირობებს;
დ) თითოეული აქტიურობის დაფიქსირების დროს;
ე) ველური ბუნების გადაადგილების მიმართულებას და გადაფრენის სავარაუდო სიმაღლეს;
ვ) ველური ბუნების აქტიურობის ადგილებს და სიხშირეს;
ზ) შემჩნეული ველური ბუნების სახეობების შესახებ ინფორმაციას;
თ) დაფრთხობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და ეფექტურობას;
ი) ველური ბუნების რეაქციას გატარებულ ღონისძიებებზე;
კ) დაფრთხობის შედეგად ველური ბუნების გადევნის მიმართულებას.
3. ჩანაწერების წარმოება უნდა განხორციელდეს ასევე აეროდრომის და მისი შემოგარენის მონიტორინგის დროს, სადაც უნდა იქნეს დაფიქსირებული ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საფრთხეების შემცირებისათვის საჭიროებს დროულ რეაგირებას.
მუხლი 12. ინფორმაციის გამოქვეყნება
1. აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება ნოტამის (NOTAM) და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის (AIP) საშუალებით.
2. ნოტამი (NOTAM), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აეროდრომზე ან მის შემოგარენში გარკვეული პერიოდით უარესდება ველური ბუნების მიერ გამოწვეული მდგომარეობა. ნოტამი, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ველური ბუნების აქტიურობას (მაგ.: მიგრაცია, ბუდობა, გამრავლების პერიოდი და ა.შ.);
ბ) ველური ბუნების აქტიურობის პერიოდს;
გ) ველური ბუნების სავარაუდო ადგილმდებარეობას და გადაადგილება/გადაფრენის მარშრუტს.
3. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა აისახოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის ქვემოთ მითითებულ შესაბამის პუნქტებში და უნდა მოიცავდეს:
ა) აეროდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას (AD 2.23 Additional information) – აეროდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას, ველური ბუნების თავშეყრის ადგილების და გადაადგილების მითითებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია;
ბ) აეროდრომთან დაკავშირებულ რუკებს (AD 2.24 Charts related to an aerodrome) – აეროდრომის მიდამოებში ველური ბუნების თავშეყრის ადგილებს;
გ) ვერტოდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას (AD 3.23 Additional information) – ვერტოდრომის შესახებ დამატებითი ინფორმაციას, ველური ბუნების თავშეყრის ადგილების, ყოველდღიურად კვებისა და დასვენების არეებს შორის გადაადგილების მითითებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია;
დ) ვერტოდრომთან დაკავშირებულ სქემებს (AD 3.24 Charts related to a heliport) – ვერტოდრომის მიდამოებში ფრინველთა თავშეყრის ადგილებს.
4. როდესაც აეროდრომზე და მის შემოგარენში ხანმოკლე დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად უარესდება ველური ბუნების მიერ გამოწვეული მდგომარეობა, ინფორმაცია შესაძლებელია გამოქვეყნდეს „აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის საშუალებით“(ATIS) და ეცნობოს პილოტს შესაბამისი შეტყობინება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამის სამსახურის მეშვეობით.
288_N1_N2_N3_N4.docx ⬇
დანართი №1
აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეები და საფრთხეების შემცირებისათვის გატარებული ღონისძიებების წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. აეროდრომის დასახელება;
2. აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების შემცირების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები;
3. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეები, მათ შორის:
ა) ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევები;
ბ) ველური ბუნების აქტიურობის მნიშვნელოვანი ცვლილებები აეროდრომზე და მის შემოგარენში;
გ) აეროდრომის კონტროლირებად შიდა ტერიტორიაზე ცხოველების დაფიქსირება;
დ) სხვა შემთხვევები;
4. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების ანალიზი;
5. პასუხისმგებელი პირი, ხელმოწერა.
დანართი №2
ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამა უნდა მოიცავდეს:
1. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამის დანიშნულებას და აღწერას;
2. ინფორმაციას ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამის დანერგაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ და მის ვალდებულებებს;
2. ველური ბუნების მართვის კოორდინატორის ვალდებულებებს;
3. ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალის ვალდებულებებს;
4. ინფორმაციას აეროდრომის შესახებ;
5. ველურ ბუნებაზე დაკვირვების და მონიტორინგის პროცედურებს;
6. ინფორმაციას მონაცემების შეგროვების და ჩანაწერების წარმოების შესახებ;
7. ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევების დაფიქსირების და შეტყობინების პროცედურას;
8. დეტალურ ინფორმაციას რისკების შეფასების მეთოდებისა და პროცედურების შესახებ;
9. ველური ბუნების მართვისათვის პრევენციულ და პროაქტიულ ღონისძიებებს და გამოყენებულ საშუალებებს;
10. ველური ბუნების სახეობების რეგისტრაციის და მონაცემების ანალიზის შესახებ ინფორმაციას;
11. შებინდებისას და შეზღუდული ხილვადობის პირობებში ველური ბუნების მართვის პროცედურებს;
12. სხვადასხვა უწყებებთან და აეროდრომზე დამოუკიდებლად მოქმედ საწარმოებთან კოორდინაციის პროცედურებს;
13. ველური ბუნების მართვაში ჩართული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროცედურას;
14. აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების მდგომარეობის
რუქას, მათი აქტიურობის, გადაადგილების მიმართულების, იმ
ადგილების შესახებ, სადაც ფიქსირდება მაღალი აქტიურობა.
დანართი №3
ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
1. ველური ბუნების მიერ გამოწვეული პრობლემების ხასიათს და მასშტაბებს;
2. აეროდრომის ტერიტორიის გაცნობას;
3. ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების გაცნობას;
4. აეროდრომზე ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვის პროგრამის მიმოხილვას და მის მნიშვნელობას;
5. ველური ბუნების ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ ასპექტებს;
6. გარემოს დაცვის ეროვნულ მოთხოვნებს;
7. ველურ ბუნების იდეტიფიცირებას, მათზე დაკვირვებას და მონიტორინგს;
8. ველური ბუნების დაცული სახეობების გაცნობას (მათ შორის დაკავშირებული რეგულაციები და პოლიტიკა);
9. ველური ბუნების მიერ გამოწვეული შემთხვევების დაფიქსირების მეთოდებს, შეტყობინების სისტემას და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებას;
10. ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების დაცვის, მათ შორის, აღჭურვილობის და სხვა საშუალებების უსაფრთხო გამოყენების და მოვლა შენახვის პირობებს;
11. დაინტერესებულ მხარეებს და მათი ჩართულობის მნიშვნელობას;
12. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვასთან დაკავშირებულ საწარმოს შიდა პროცედურებს, პასუხისმგებელი პირების ფუნქციებს და მოვალეობებს;
13. ველური ბუნების მიერ გამოწვეული საფრთხეების მართვას, რისკების შეფასებას და შემცირების ღონისძიებებს;
14. ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთასთან დაკავშირებულ სწავლებას;
15. ველური ბუნების დაფრთხობის ტაქტიკას და დაფრთხობის საშუალებებს;
16. მონაცემებისა და ჩანაწერების წარმოებას;
17. ველური ბუნების მიერ გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მართვის სისტემის ძირითად პრინციპებს;
18. აეროდრომზე მოქმედი პროცედურების და სტანდარტების გაცნობას;
19. აეროდორმზე მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნების გაცნობას;
20. აეროდორმზე მოქმედი საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გაცნობას;
21. აეროდორმზე მოძრაობის მოწესრიგების მოთხოვნებს;
22. რადიოკავშირის წარმოების მოთხოვნებს;
23. საერნაოსნო საშუალებების დაცვის მიმართ წაყენებულს მოთხოვნებს;
24. შეზღუდული/გაუარესებული ხილვადობის პროცედურებს;
25. პრაქტიკულ მეცადინეობებს;
26. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების და შენარჩუნების მოთხოვნებს.