სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №595
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.023151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 30.06.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თავდაცვის კოდექსი საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისა და მათი აპარატების მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების მართვის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციების შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განადგურების/განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №595
2021 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულება“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების მოთხოვნები არ ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით განსაზღვრულ ქონებაზე.
მუხლი 3🔗
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ:
ა) „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 34-ე პუნქტის ნაცვლად გამოიყენება ეს დადგენილება;
ბ) არ გამოიყენება „ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის №273 ბრძანებულებით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ამ დადგენილებით იქნება მოწესრიგებული;
გ) არ გამოიყენება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის №424 დადგენილება.
მუხლი 4🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №309 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულება“ (შემდგომში − დებულება) აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვის სხვა ფორმების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის პრინციპები
სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) უსაფრთხოების ინტერესებთან თავსებადობა და მისი პრიორიტეტულობა;
გ) სამოქალაქო ბრუნვის მიზანშეწონილობა;
დ) საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (მათ შორის, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ) დაცვა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამხედრო დანიშნულების ქონება − დაწესებულებისათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, აგრეთვე სამხედრო დანიშნულების მიზნებისთვის წარმოებული სხვა მოძრავი ნივთი და სამხედრო დანიშნულებით გამოყენებული უძრავი ნივთი;
ბ) დაწესებულება − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), აგრეთვე მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც სარგებლობენ ან/და რომელთა ბალანსზეც არის სამხედრო დანიშნულების ქონება;
გ) მოძრავი ნივთი − ქონება, რომელიც არ არის უძრავი ნივთი;
დ) უძრავი ნივთი − ქონება, რომელიც ექვემდებარება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით რეგისტრაციას საჯარო რეესტრში;
ე) მზღვეველი − სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი;
ვ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად სამხედრო დანიშნულების ქონება იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას.
თავი II
სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მუხლი 4🔗. სამხედრო დანიშულების ქონების სარგებლობაში გადაცემის ზოგადი დებულებები
1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი და უძრავი ნივთები ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, პირობით ან პირობის გარეშე, სარგებლობაში შეიძლება გადაეცეთ ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ პირებს.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული დაწესებულების უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ დაწესებულების ნების თავისუფლებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, თუ სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენს ამ დაწესებულების კანონისმიერ ვალდებულებას.
მუხლი 5🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღები პირი
1. სამხედრო დანიშნულების ქონება სარგებლობაში შესაძლებელია მიიღოს:
ა) საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანომ, მუნიციპალიტეტმა ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანომ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ;
გ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა.
2. სამხედრო დანიშნულების ქონება უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, შეიძლება გადაეცეს:
ა) საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ გადაცემას საფუძვლად უდევს:
ბ.ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
ბ.ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ.გ) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარება;
გ) კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელს, პარტნიორს ან აქციონერს წარმოადგენს დაწესებულება, აგრეთვე ფიზიკურ პირს, თუ:
გ.ა) მათ ამგვარი ქონება ესაჭიროებათ დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების ან ერთობლივი პროექტის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე;
გ.ბ) ამგვარი ქონების სარგებლობაში გადაცემა ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნების/ამოცანების, აგრეთვე ქვეყნის ტოტალური თავდაცვის მიდგომის რეალიზებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სამხედრო დანიშნულების ქონება შეიძლება გაიცეს სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დაწესებულების გადაწყვეტილებით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღები ვალდებულია, სარგებლობაში მიღებული ქონება გამოიყენოს მიზნობრივად, უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა, შეასრულოს სხვა პირობები, აგრეთვე გადაიხადოს ამ ქონების რეგისტრაციისა და სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები და აანაზღაუროს ზიანი (სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება).
მუხლი 6🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები, ვადა და პირობები
1. სამხედრო დანიშნულების ქონება შესაბამის პირს სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს:
ა) ვადით ან უვადოდ;
ბ) შესაბამისი პირობებით ან მის გარეშე.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა და პირობები განისაზღვრება დაწესებულების მიერ, დაინტერესებული პირის შეთავაზების საფუძველზე ან მის გარეშე.
მუხლი 7🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი
1. სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საფასური არ უნდა შეადგენდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილ საფასურზე ნაკლებს.
2. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სამინისტროს მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საფასური ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში − საფასური წარმოადგენს მის საკუთრებას.
3. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო დანიშნულების ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემის საფასურის ხარჯვისას პრიორიტეტულია საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებების დაკმაყოფილება, აგრეთვე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება, მოდერნიზება (გადაკეთება), რემონტი, აღდგენა, განადგურება და უტილიზაცია (გადამუშავება).
მუხლი 8🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემის პროცედურა
1. სამხედრო დანიშნულების ქონების ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესით სარგებლობაში მიღების მიზნით, პირი წერილობითი მოთხოვნით მიმართავს დაწესებულებას.
2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) სარგებლობაში მიმღების ვინაობას/დასახელებას, მისამართს/ადგილმდებარეობას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას/აღწერილობას, რაოდენობას/ზომას/მოცულობას;
გ) სარგებლობაში გადაცემის დასაბუთებას;
დ) სამხედრო დანიშნულების ქონების განთავსების ადგილსა და მისი გამოყენების პირობებს;
ე) უფლებამოსილი პირის ხელმოწერასა და წარდგენის თარიღს.
3. დაწესებულება უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დამადასტურებელი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, რისთვისაც დაწესებულება განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ოდენობით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული წერილობითი გადაწყვეტილება მიიღება მოთხოვნის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. ეს ვადა შეჩერებულად ითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
5. სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მიღებული დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების სარგებლობაში მიმღების ვინაობას/დასახელებას, მისამართს/ადგილმდებარეობას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას/აღწერილობას, რაოდენობას/მოცულობას, სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მათ შორის, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს ან საკადასტრო კოდს საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის შემთხვევაში);
გ) სარგებლობაში გადაცემის ვადასა (ვადით ან უვადოდ) და მიზანს;
დ) სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში:
ა) დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღებს (გარდა საქართველოს და სხვა ქვეყნის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირისა) შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზე ხელმოწერითაც სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღები ადასტურებს ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებზე თანხმობას და იღებს პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე. სამხედრო დანიშნულების ქონება სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღებისთვის გადაცემულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან;
ბ) დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღებ საქართველოსა და სხვა ქვეყნის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერითაც სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღები ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებზე თანხმობას. სამხედრო დანიშნულების ქონება სამხედრო დანიშნულების ქონების სარგებლობაში მიმღებისთვის გადაცემულად ითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება მხარეებისთვის წარმოადგენს ამ ქონების კანონმდებლობით დადაგენილი წესით აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების საგანი;
გ) მხარეთა უფლებები, ვალდებულებები, ანაზღაურების საკითხები და პასუხისმგებლობა;
დ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
ე) სხვა საკითხები, სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მუხლი 9🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების დაბრუნება
1. სამხედრო დანიშნულების ქონება სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გამცემს უბრუნდება:
ა) ვადის გასვლისთანავე;
ბ) ვადის გასვლამდე, ქონების სარგებლობაში მიმღების ინიციატივით;
გ) სარგებლობაში გადამცემის ინიციატივით, თუ ამ ქონების სარგებლობაში მიმღები არღვევს დადგენილ პირობებს ან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების ვადამდე დაბრუნების მოთხოვნა მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ წერილობით, გონივრულ ვადაში.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების დაბრუნების შემთხვევაშიც მხარეებს შორის დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ამ ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს.
თავი III
სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის სხვა ფორმები
მუხლი 10🔗. სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის ზოგადი დებულებები
1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი და უძრავი ნივთები განიკარგება ამ დებულებით დადგენილი ფორმებითა და წესით.
2. დაწესებულების მიერ სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) პირდაპირი მიყიდვა აუქციონის გარეშე;
ბ) უსასყიდლოდ გადაცემა;
გ) რეალიზაცია;
დ) გაცვლა;
ე) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის გადაცემა;
ვ) მოდერნიზება (გადაკეთება);
ზ) გამოყენება სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში;
თ) დაშლა;
ი) უტილიზაცია (გადამუშავება);
კ) განადგურება.
3. აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 11🔗. პირდაპირი მიყიდვა აუქციონის გარეშე
1. სამხედრო დანიშნულების ქონების − მოძრავი ნივთის პირობით ან უპირობოდ, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოსა და სხვა ქვეყნის ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვა, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით, ხორციელდება საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საკითხს მთავრობაზე განსახილველად ამზადებს სამინისტრო.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აუქციონის გარეშე გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს დაინტერესებულ პირს, რომელიც თანახმაა, გადაიხადოს ამ ქონების სარეალიზაციო ფასი და შეასრულოს შესაბამისი პირობები.
4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენთან ფორმდება ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს ამ ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს.
5. მყიდველი ვალდებულებებს ასრულებს პირადად ან სხვა პირის მეშვეობით, დაწესებულების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
6. მყიდველი ვალდებულია, სამხედრო დანიშნულების ქონების გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დაწესებულებას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათ შესრულებაზე.
7. მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შესაბამისი ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, თუ ამავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
8. მყიდველის მიერ ვალდებულებების შესრულება სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით, რომლის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ამ ვალდებულებების შესრულების ვადას.
9. მყიდველი სარეალიზაციო ფასს (ღირებულებას) იხდის შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის სარეალიზაციო ფასს (ღირებულებას), მყიდველისათვის სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში უქმდება შესაბამისი ხელშეკრულება, აგრეთვე შესაბამისი რეგისტრაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაყიდული სამხედრო დანიშნულების ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში.
10. მყიდველის მიერ ან ამ ქონების ყოველი შემდგომი განკარგვისას (მიუხედავად ასეთი განკარგვის ფორმისა და რაოდენობისა) ახალ და ყოველ შემდგომ მყიდველზე სრულად გადადის სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
11. მყიდველს, შეძენილი სამხედრო დანიშნულების ქონების სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადახდამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ აქვს უფლება, ამ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცეს სხვა პირს, ეს ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა შესაბამისი დაწესებულების წინასწარი წერილობითი თანხმობისა. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
12. მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დაწესებულება 30 კალენდარული დღის ვადაში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულად დადასტურებას.
13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის წესი ან მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა დამატებითი საშუალებები, რომელიც განისაზღვრება ხელშეკრულებით. სარეალიზაციო ფასის (ღირებულების) გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს გადაუხდელი თანხის 0,1%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. დამატებითი ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი მოქმედი საბანკო გარანტიის ვადას.
15. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში გაყიდული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში და უქმდება ამ ქონებაზე რეგისტრირებული სხვა პირის ნებისმიერი უფლება. ამასთანავე, ამ ქონების მყიდველს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
16. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის ვაჭრობის, დამზადების, წარმოების, აგრეთვე შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალურ ლიცენზიებს, აგრეთვე სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების მოქმედ ლიცენზიას;
ბ) აქვს დაწესებულებასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის (სამხედრო დანიშნულების ქონების დამზადების, წარმოების ან/და შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) ან/და მისთვის სამხედრო დანიშნულების ქონების მიყიდვის) გამოცდილება ბოლო 5 კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) აქვს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან იურიდიული პირის დაშვება;
დ) საკუთრებაში აქვს საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, რომლის ღირებულება აღემატება ხუთ მილიონ ლარს;
ე) მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და რომელსაც მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა;
ვ) მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმე.
17. დაწესებულება უფლებამოსილია, დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირის შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები.
18. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მესამე პირთან ურთიერთობა წესრიგდება მასსა და დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს:
ა) მხარეთა რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების საგანი;
გ) მხარეთა უფლებები, ვალდებულებები, ანაზღაურების საკითხები და პასუხისმგებლობა;
დ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
ე) სხვა საკითხები სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან და აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვის პირობებიდან გამომდინარე.
19. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მესამე პირის სახელშეკრულებო ანაზღაურება შეიძლება, განხორციელდეს ფულადი ან შესაბამისი ღირებულების სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემით.
მუხლი 12🔗. უსასყიდლოდ გადაცემა
1. სამხედრო დანიშნულების ქონების − მოძრავი ნივთის აუქციონის გარეშე უსასყიდლოდ გადაცემის ფორმით სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანო და საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ ამგვარი ქონების მისთვის გადაცემას საფუძვლად უდევს:
ბ.ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
ბ.ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ.გ) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარება.
2. სამხედრო დანიშნულების ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შეიძლება, უსასყიდლოდ გადაეცეს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
3. მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღების სახელწოდება, ადგილმდებარეობა, საიდენტიფიკაციო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი კოდი;
ბ) საკუთრებაში გადასაცემი ქონების დასახელება/აღწერილობა, რაოდენობა/მოცულობა, სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია;
გ) საკუთრებაში გადაცემის მიზანი, მისი განთავსების ადგილი და სხვა პირობები;
დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული წერილობითი გადაწყვეტილება მიიღება 2 თვის ვადაში.
5. სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღებული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ქონების საკუთრებაში მიმღების დასახელებას, ადგილმდებარეობას, საიდენტიფიკაციო ან სხვა მაიდენტიფიცირებელ კოდს;
ბ) საკუთრებაში გადასაცემი ქონების დასახელებას/აღწერილობას, რაოდენობას/ მოცულობას, სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
გ) საკუთრებაში გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში, დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაწესებულებისთვის წარმოადგენს ამ ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს.
მუხლი 13🔗. რეალიზაცია
1. რეალიზებას შეიძლება დაექვემდებაროს დაწესებულების მიერ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, ნედლეული, მასალა).
2. რეალიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ელექტრონულ აუქციონში ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის სარეალიზაციოდ გატანილ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებულ ქონებაში (ჯართში, ნედლეულში, მასალაში) და შეასრულებს დადგენილ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. რეალიზაციის შედეგად სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან/და სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია.
4. შედეგად დაწესებულებასა და სამხედრო დანიშნულების ქონების შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.
მუხლი 14🔗. გაცვლა
1. სამხედრო დანიშნულების ქონების − მოძრავი და უძრავი ნივთების აუქციონის გარეშე გაცვლის მიზანია სამხედრო ქონების ჩანაცვლება სხვა სამხედრო დანიშნულების ქონებით.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების გაცვლის ფორმით, აუქციონის გარეშე, სამხედრო დანიშნულების ქონების საკუთრებაში მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან/და სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი პირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაცია.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების გაცვლის ინიციატორი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუ ქონება სამინისტროს სარგებლობაშია გადაცემული ან/და მის ბალანსზე ირიცხება;
ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ქონება ამ დაწესებულების სარგებლობაშია გადაცემული ან/და მის ბალანსზე ირიცხება;
გ) დაინტერესებული პირი.
4. წერილობით გადაწყვეტილებას სამხედრო დანიშნულების ქონების გაცვლის შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფოს უნდა აუნაზღაურდეს ფასთაშორისი სხვაობა ფულადი თანხით. სახელმწიფოს მიერ ფასთაშორისი სხვაობა შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
6. სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი ფასთაშორის სხვაობა, მის სრულ გადახდამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტოლფასი საბანკო გარანტიით, რომლის ვადა უნდა იყოს ფასთაშორის სხვაობის ანაზღაურების ვადაზე ერთი თვით მეტი.
7. ხელშეკრულება ქონების გაცვლის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ცნობებს მხარეების შესახებ;
ბ) გასაცვლელი ქონების დასახელებასა და სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
გ) გასაცვლელი ქონების ღირებულებას;
დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, გასაცვლელი ქონების ფასთაშორის სხვაობასა და მისი გადახდის წესს;
ე) სხვა პირობებს, ქონების გაცვლის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.
8. ამ მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულება წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.
მუხლი 15🔗. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისთვის სამხედრო დანიშნულების ქონების გადაცემა
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება სამხედრო დანიშნულების ქონებას − მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს, მის მიერ ამ ქონების ღირებულების ანაზღაურების ან ქონების ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზიანებული სამხედრო დანიშნულების ქონება დაწესებულების მიერ საკუთრებაში გადაეცემა მზღვეველს:
ა) თუ მზღვეველმა აანაზღაურა სამხედრო დანიშნულების ქონების ანაზღაურების დროისათვის ამ ქონების იდენტური დაუზიანებელი ნივთის ღირებულება;
ბ) დაწესებულების მიერ დაზიანებული სამხედრო დანიშნულების ქონების იდენტური დაუზიანებელი ქონების მიღების შემდეგ.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და დაწესებულებას შორის გაფორმებული შესაბამისი ქონების მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.
4. მზღვეველი, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სამხედრო დანიშნულების ქონების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის დაწესებულების მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვით.
მუხლი 16🔗. მოდერნიზება (გადაკეთება)
1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი შესაძლებელია მოდერნიზებულ (გადაკეთებულ) იქნეს (მათ შორის, დანიშნულებისა და კონსტრუქციული პარამეტრების შეცვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იარაღის ტიპის, სატრანსპორტო საშუალების მარკის შეცვლა) სხვა სამხედრო დანიშნულების ქონებად.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების მოდერნიზების (გადაკეთების) ინიციატორი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუ ქონება სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემულია ან/და მის ბალანსზეა რიცხული;
ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ ქონება ამ პირისათვის სარგებლობაში გადაცემულია ან/და მის ბალანსზეა რიცხული;
გ) დაინტერესებული პირი.
3. წერილობით გადაწყვეტილებას სამხედრო დანიშნულების ქონების გადაკეთების შესახებ იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების გადაკეთების მომსახურებას ახორციელებს:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფი ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი.
5. გადაკეთების შემდეგ გადაკეთებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება გადაკეთების აქტი, რაც წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის საფუძველს.
6. გადაკეთების აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) გადაკეთებული სამხედრო დანიშნულების ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და მახასიათებლებს;
ბ) გადაკეთების მოკლე აღწერილობას;
გ) ინფორმაციას გადაკეთებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ;
დ) გადაკეთების შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და მახასიათებლებს;
ე) სატრანსპორტო საშუალების/სამხედრო ტექნიკის შემთხვევაში − გადაკეთების შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების მარკას, ტიპს ან/და მოდელს, ძრავის მარკას, ძრავის მუშა მოცულობას (სმ3 და სიმძლავრეს (კვტ/ცხძ), სრულ მასას (კგ), აღჭურვილ (საკუთარ) მასას (კგ), ღერძებზე მოსულ მასებს, დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა (კგ), გაბარიტულ ზომებად;
ვ) იარაღის შემთხვევაში, გადაკეთების შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების მარკას, ტიპს ან/და მოდელს.
7. გადაკეთების შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონება დაწესებულებას გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით, თუ გადაკეთებას ახორციელებს სხვა პირი.
8. გადაკეთების აქტი, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მიღება-ჩაბარების აქტი, წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს.
მუხლი 17🔗. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში გამოყენება
1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების შემადგენელ ნაწილებსა და საკუთვნებელზე, რომელიც არ გამოიყენება სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში, ვრცელდება ამ დებულებით დადგენილი სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის სხვა ფორმები.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში გამოყენების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ დგება გამოყენების აქტი, რაც წარმოადგენს გამოყენებული სამხედრო ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. დაშლა
1. სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი შეიძლება დაიშალოს დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი გადაწყვეტილებით. ამ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიიღება სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. დაშლის შედეგად მიღებული:
ა) გამოსაყენებლად ვარგისი სამხედრო დანიშნულების ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა სამხედრო დანიშნულების ქონების სარემონტო და აღდგენით სამუშაოებში ან/და სამხედრო პროდუქციისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაში საწარმოებლად, სასწავლო თვალსაჩინოებად, სამიზნედ, სამუზეუმო ექსპონატად, ცდებისთვის;
ბ) გამოსაყენებლად უვარგისი სამხედრო დანიშნულების ქონება ექვემდებარება განკარგვას ამ დებულებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის სხვა ფორმებით.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების დაშლის შემდეგ დაშლაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება დაშლის აქტი, რაც წარმოადგენს დაშლილი სამხედრო ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და დაშლის შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების დაშლას უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულება ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი;
ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
გ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.
5. დაშლის შედეგად მიღებული სამხედრო დანიშნულების ქონების დახარისხებას ვარგის ან უვარგის ქონებად ახდენს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან/და დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ჯგუფი, ამავე სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
მუხლი 19🔗. უტილიზაცია (გადამუშავება)
1. უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი იცვლის ქიმიურ შემადგენლობას ან/და ფიზიკურ მდგომარეობას ან/და ირღვევა მისი მთლიანობა ან/და დეფორმირდება, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება მისი დანიშნულებით გამოყენება, აგრეთვე დანიშნულების, კონსტრუქციისა და დამამზადებლის დადგენა.
2. სამხედრო დანიშნულების ქონების უტილიზაციის (გადამუშავების) საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი გადაწყვეტილება. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. დაწესებულების მიერ უტილიზების (გადამუშავების) შედეგად მიღებულ ქონება აღირიცხება როგორც ჯართი, ნედლეული, მასალა.
4. სამხედრო დანიშნულების ქონების უტილიზაციას (გადამუშავებას) უზრუნველყოფს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან სხვა დაწესებულება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.
5. უტილიზაციას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება უტილიზებას (გადამუშავებას) დაქვემდებარებული ქონება, ამ ქონების მახასიათებლები, რაოდენობა, ზომა, წონა, მოცულობა.
6. უტილიზაციის (გადამუშავების) შემდეგ, გადამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება გადამუშავების აქტი, რაც წარმოადგენს უტილიზებული (გადამუშავებული) სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნისა და უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად მიღებული ქონების აღრიცხვაზე აყვანის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗. განადგურება
1. განადგურებას შეიძლება დაექვემდებაროს აღრიცხვიდან მოხსნილი და ჩამოწერილი სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი, თუ:
ა) იგი წარმოადგენს საფრთხის წყაროს;
ბ) მისი სხვა ფორმებით განკარგვა მიზანშეუწონელია;
გ) მისი განადგურების საჭიროება გამომდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებიდან ან/და კანონმდებლობიდან.
2. წერილობით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ქონების განადგურების შესახებ იღებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ამ პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება გამოიცემა სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. სამხედრო დანიშნულების ქონების განადგურებას უზრუნველყოფს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან სხვა დაწესებულება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილი პირი.
4. განადგურებას დაქვემდებარებული ქონება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელშიც აღიწერება განადგურებას დაქვემდებარებული ქონება, ამ ქონების მახასიათებლები, რაოდენობა, ზომა, წონა, მოცულობა.
5. სამხედრო დანიშნულების ქონება შეიძლება განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის/სტანდარტის მიხედვით ან ნატოს/ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის/სტანდარტის დაცვით, თუ კანონმდებლობით დადგენილი არ არის ამგვარი ქონების განადგურების წესი/სტანდარტი. ქონების გასანადგურებლად გამოსაყენებელ წესს/სტანდარტს შეარჩევს განადგურებაზე უფლებამოსილი პირი, დაწესებულებასთან შეთანხმებით.
6. განადგურების შემდეგ განადგურებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება განადგურების აქტი, რაც წარმოადგენს განადგურებული სამხედრო დანიშნულების ქონების აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗. მოდერნიზების (გადაკეთების), დაშლის, უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად მიღებული, აგრეთვე ახლად შექმნილი სამხედრო დანიშნულების ქონების ღირებულება
1. მოდერნიზების (გადაკეთების), დაშლის, უტილიზაციის (გადამუშავების) შედეგად მიღებული, აგრეთვე ახლად შექმნილი სამხედრო დანიშნულების ქონების ღირებულება შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 100%-ს.
2. საბაზრო ღირებულება დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 22🔗. ამონაგები თანხა
1. სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დროს მისი მინიმალური სარეალიზაციო ფასი (ღირებულება) შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულების 100%-ს, რომელიც დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
2. სარეალიზაციო ფასი (ღირებულება), აგრეთვე ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული ფასთაშორის სხვაობა ირიცხება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ქონების განმკარგავი არის სამინისტრო;
ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, თუ ქონების განმკარგავი ეს იურიდიული პირია.
3. საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის შედეგად სარეალიზაციო ფასის (ღირებულების), აგრეთვე ამ დებულების მე-14 მუხლით განსაზღვრული ფასთაშორის სხვაობის ხარჯვის პრიორიტეტია თავდაცვის ძალების საჭიროებების დაკმაყოფილება, აგრეთვე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოება, მოდერნიზება (გადაკეთება), რემონტი, აღდგენა და განადგურება და უტილიზაცია (გადამუშავება).
თავი IV
დაწესებულების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფა
მუხლი 23🔗. სხვადასხვა ღონისძიების უზრუნველყოფა
დაწესებულების მონაწილეობით დაგეგმილ ან მიმდინარე სამხედრო წვრთნებში, კურსებში, სწავლებებში, ღონისძიებებში ან/და სამუშაო შეხვედრებში/ვიზიტებში მონაწილე ან სტუმრად მყოფი პირების კვებითა და დაწესებულების ობიექტებში საცხოვრებლით უზრუნველყოფა, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით, სანივთე ქონებით, სამედიცინო მომსახურებით, ფარმაცევტული საშუალებებით ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფა, დაწესებულების ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.