1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძელზე.

2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული შეფასება) საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი).

3. საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტული თუ გადაუდებელი), ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება.

4. თუკი საფრთხის პირველადი შეფასება არ იძლევა სრულყოფილი დასკვნის შესაძლებლობას, ხორციელდება ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასება შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) ჩართულობით.

5. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი, ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;

ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;

გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;

დ) მშობლების/მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.

6. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.

7. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს.

8. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.

9. პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი – მეორე დონე).

10. პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.

11. პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა–გაანალიზებაზე.

12. ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების სიღრმისეული ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:

ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;

ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;

გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.

13. ჩაღრმავებული შეფასება ბიო–ფსიქო–სოციალურ მიდგომას ეყრდნობა. ბიო–ფსიქო–სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენს ერთმანეთზე და განსაზღვრავს ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.

14. ჩაღრმავებული შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამა თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად, ან შესამცირებლად, ან ზიანის სამარათვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.

15. ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ჩაღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე, პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

16. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებათა /დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.

17. შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, პირველადი შეფასების ინსტრუმენტი, ჩაღრმავებული შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავ