„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №59 |
|
2021 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016406) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1): ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ელექტროენერგიის ბირჟაზე კონკურენციის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა;“. ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განაცხადი – მონაწილის მიერ პლატფორმაზე, აუქციონის სისტემაში განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში;“; ბ.ბ) „კ“–„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) პლატფორმა – ბირჟის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოიცავს აუქციონის სისტემასა და კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემას; ლ) აუქციონის სისტემა – პლატფორმის მოდული, სადაც ხდება განაცხადების განთავსება და ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგების გაცნობა; მ) კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა – პლატფორმის მოდული, რომლის მეშვეობითაც მონაწილეს აქვს ანგარიშსწორებისა და რისკის ანგარიშებზე წვდომა; ნ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ო) პორტფელი – ერთი ან რამდენიმე აქტივის გაერთიანება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება მონაწილის ანგარიშის ქვეშ და რომლის მიხედვითაც ის დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს; პ) სავაჭრო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით განაცხადების განთავსებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე; ჟ) საკლირინგო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია პლატფორმაზე, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მონაწილისთვის გამოწერილი ინვოისების გაცნობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „რ) ტრანზაქცია – ბირჟაზე განთავსებული განაცხადი, რომელიც დაკმაყოფილდა; ს) ფიზიკური მიწოდების დღე – კალენდარული დღის 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემა.“; დ) მე-4 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესებით, ასევე, პლატფორმით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს.“; დ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტები გამოისახება მგვტ.სთ-ში.“; ე) მე-7 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პერიოდია საათი (60 წუთი), რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის განსაზღვრას ფიზიკური მიწოდების დღის თითოეული საათისათვის.“; ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და უნდა იყოს ეკონომიკურად სათანადოდ დასაბუთებული.“; ე.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბირჟაზე ვაჭრობისას მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით.“; ვ) მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბირჟაზე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილე ბირჟის ოპერატორს წარუდგენს გარანტიას ამ წესების VI თავის შესაბამისად.“; ზ) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. პლატფორმასთან შეუფერხებელი წვდომის მიზნით, ბირჟის ოპერატორი ამტკიცებს და მის ვებგვერდზე აქვეყნებს გზამკვლევს პლატფორმით მოსარგებლეებისათვის, რომელიც აერთიანებს: ა) პლატფორმის აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევს, რომლიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე: ა.ა) პლატფორმაზე წვდომის ინსტრუქციას; ა.ბ) მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს პლატფორმით შეუფერხებლად სარგებლობისათვის; ა.გ) განაცხადის განთავსების პროცესის აღწერას; ა.დ) ვაჭრობის შედეგების გაცნობის პროცესის აღწერას; ა.ე) კომისიის მიერ დამტკიცებულ, ამ წესების მე-17 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას; ა.ვ) რიცხვის ფორმატს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს განაცხადის განთავსება; ა.ზ) ტექნიკური დახმარების მოთხოვნის მიზნით განსაზღვრულ კომუნიკაციის საშუალებებს და მიმართვის წესს; ბ) პლატფორმის კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის მომხმარებლის გზამკვლევს, რომლიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე: ბ.ა) პლატფორმაზე წვდომის ინსტრუქციას; ბ.ბ) მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს პლატფორმით შეუფერხებლად სარგებლობისათვის; ბ.გ) ფინანსურ ანგარიშსწორებასა და გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის პროცესის აღწერას; ბ.დ) ტექნიკური დახმარების მოთხოვნის მიზნით განსაზღვრულ კომუნიკაციის საშუალებებსა და მიმართვის წესს. 2. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გზამკვლევებისა, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა; ბ) მონაწილეთა სია; გ) ბირჟის ოპერატორის საკონტაქტო ინფორმაცია; დ) ინფორმაცია ვაჭრობის შეჩერების, მიმდინარე სტატუსისა და განახლების შესახებ; ე) ვაჭრობის შედეგები, ამ წესების შესაბამისად; ვ) ინფორმაცია სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდების (სერტიფიკაციის) შესახებ, ასევე სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის სტატუსის გადამოწმების საშუალება; ზ) მოთხოვნები გარანტიის მიმართ; თ) ინფორმაცია ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშის/ანგარიშების შესახებ; ი) ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მექანიზმი; კ) კომისიის მიერ დამტკიცებული ბირჟის მომსახურების საფასურები; ლ) ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების ფორმა და მონაწილეთა შერჩევის პროცედურა. მუხლი 10. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა 1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას. 2. მონაწილეთა მიერ განთავსებული განაცხადები და ინფორმაცია მონაწილის ტრანზაქციების შესახებ, ასევე ანგარიშსწორებასა და გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის, კომისიისა და მისი განმათავსებელი მონაწილისათვის. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომია განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში. 4. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ბირჟაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას. 5. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კონფიდენციალური ინფორმაცია. 6. მონაწილის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ მონაწილისა და თავად წარმომადგენლის თანხმობით.“; თ) თავი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის საერთო წესები
მუხლი 11. ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობა ბირჟაზე ვაჭრობა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც გაწევრიანებულია დაბალანსების ჯგუფში, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად და რეგისტრირებულია მონაწილედ ამ წესების შესაბამისად.
მუხლი 12. მონაწილედ რეგისტრაცია 1. მონაწილედ რეგისტრაციისათვის პირმა (კანდიდატმა) ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს განცხადება, ამ წესების 23-ე მუხლის შესაბამისად. 2. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. ბირჟის ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად. 3. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმის შევსება ან უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნა ხდება ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე, ბირჟის ოპერატორის მიერ დამტკიცებული და ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესით. 4. კანდიდატი რეგისტრირდება მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მითითებული ბირჟის სეგმენტის/სეგმენტების მონაწილედ. 5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ამ წესების მე-14 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. 6. მონაწილედ რეგისტრაციამდე ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავად ამოწმებს, გაწევრიანებულია თუ არა მონაწილე დაბალანსების იმ ჯგუფში, რომელიც მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაშია მითითებული. 7. კანდიდატი უფლებამოსილია, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მიუთითოს ისეთი წარმომადგენელიც, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება. 8. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორი კანდიდატს უგზავნის თანხმობას რეგისტრაციაზე, თუ განცხადება შეესაბამება ამ წესების მე-11–მე-13 მუხლებით, მათ შორის, ბირჟის ოპერატორის მიერ დამტიცებული რეგისტრაციის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი კანდიდატს ამავე ვადაში უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე. 9. თანხმობა გამოიხატება ბირჟის ოპერატორის მიერ ხელმოწერილი მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების მონაწილისათვის გაგზავნით. თანხმობის გაგზავნისას დასრულებული უნდა იყოს მონაწილის რეგისტრაცია, მათ შორის, მონაწილის წარმომადგენლებსა და დათვალიერებაზე უფლებამოსილ პირს განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი უნდა ჰქონდეთ პლატფორმაზე წვდომის მიღების ინსტრუქცია. 10. ხარვეზი კანდიდატის მიერ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი დაჩქარებული წესით განიხილავს განცხადებას და 3 დღის ვადაში უგზავნის კანდიდატს რეგისტრაციაზე თანხმობას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი დროულად არ იქნება აღმოფხვრილი, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორი კანდიდატს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას.
მუხლი 13. მონაწილეთა რეესტრი და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება 1. ბირჟის ოპერატორმა უნდა აწარმოოს მონაწილეთა რეესტრი. 2. მონაწილეთა რეესტრი ბირჟის თითოეული მონაწილის შესახებ შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) მონაწილის წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი); გ) ინფორმაცია მონაწილის პორტფელზე/პორტფელებზე და დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე; დ) ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ მხარეების მიერ ხელმოწერილი განცხადება; ე) ბირჟის ოპერატორის მიერ მონაწილისთვის მინიჭებული რეგისტრაციის კოდი და თარიღი; ვ) მონაწილის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას, მონაწილემ უნდა აცნობოს ბირჟის ოპერატორს ცვლილების ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, ორი დღით ადრე. თუ წინასწარი ინფორმირება შეუძლებელია, მონაწილემ ბირჟის ოპერატორს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ცვლილების შესაბამის დაწესებულებაში რეგისტრაციისთანავე. ბირჟის ოპერატორი მომდევნო დღის ბოლომდე ასახავს ცვლილებას მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე. 4. თუ მონაწილე ითხოვს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას და განცხადება აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, ორი დღის ვადაში ასახოს შესაბამისი მონაცემები მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი იმავე ვადაში უგზავნის მონაწილეს დასაბუთებულ უარს მონაცემების ცვლილებაზე. 5. თუ მონაწილე გეგმავს, გააუქმოს დაბალანსების იმ ჯგუფის წევრობა, რომელიც დაკავშირებულია ბირჟაზე მის პორტფელთან, მან უნდა მოითხოვოს პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილება. მონაწილის მიერ მოთხოვნილი ცვლილება ძალაში შევა და შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე მომდევნო კალენდარული თვიდან. ამ პერიოდამდე ტრანზაქციები აისახება იმ დაბალანსების ჯგუფის ნომინაციაში, რომელიც მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე ცვლილებამდე იყო მითითებული. 6. თუ მონაწილემ ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულად ანაზღაურებაზე. 7. რეგისტრირებულ (ხელშეკრულებით განსაზღვრულ) მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით, მონაწილე ბირჟის ოპერატორს, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების დაცვით, წარუდგენს რეგისტრაციის შესახებ განახლებულ განცხადებას, რომელიც ბირჟის ოპერატორის მიერ განიხილება, როგორც რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნა. 8. მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები, აგრეთვე ინფორმაცია ბირჟის სეგმენტების წევრობაზე, ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.
მუხლი 14. მონაწილის წარმომადგენლები 1. სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა (გავლილი ჰქონდეს სერტიფიკაცია) ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში. სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად, უსასყიდლოდ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება. გამოცდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გამოქვეყნდეს ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარ, არანაკლებ ორი კვირით ადრე. 2. ბირჟის ოპერატორი თავად ამოწმებს სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის მიმდინარე სტატუსს. 3. სავაჭრო წარმომადგენელს, რომელსაც შეჩერებული ან გაუქმებული აქვს სერტიფიკაცია, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ეზღუდება პლატფორმაზე რეგისტრაცია/წვდომა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზნით. სავაჭრო წარმომადგენლის პლატფორმაზე რეგისტრაციის ან მასთან წვდომის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს მონაწილის მოთხოვნით, სერტიფიკაციის სტატუსის განახლების შემდეგ. 4. ბირჟის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეს მისი სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის სტატუსის ცვლილების შესახებ. 5. ბირჟის ოპერატორი არ აფასებს საკლირინგო წარმომადგენლის, აგრეთვე, იმ წარმომადგენლის კვალიფიკაციას, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება. 6. სავაჭრო წარმომადგენელი შეიძლება იმავდროულად იყოს საკლირინგო წარმომადგენელიც. 7. ბირჟაზე კანდიდატის/მონაწილის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიდან უნდა ჩანდეს კანდიდატის/მონაწილის და წარმომადგენლის შეთანხმება შესაბამის უფლებამოსილებაზე. 8. მონაწილე, ვაჭრობის ან ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის მიზნით, აუქციონის სისტემაში მის ანგარიშთან წვდომის უფლებას ანიჭებს ამ მუხლის მე-9–მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ წარმომადგენლებს. 9. მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი მასთან დაკავშირებული პორტფელის/პორტფელების ფარგლებში უფლებამოსილია, აუქციონის სისტემაში: ა) განათავსოს განაცხადი; ბ) გაეცნოს ვაჭრობის შედეგებსა და განთავსებულ განაცხადებს; გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს სხვა ინფორმაცია განაცხადისა და ვაჭრობის შედეგების შესახებ. 10. მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელს მონაწილემ, შესაძლებელია, მიანიჭოს ანგარიშსწორების ან/და რისკის ანგარიშებზე წვდომის უფლება. მონაწილის მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად, საკლირინგო წარმომადგენელი უფლებამოსილია, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში: ა) მიიღოს ინფორმაცია მონაწილის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ რისკის ანგარიშებზე წვდომის შემთხვევაში; ბ) გაეცნოს მონაწილის ინვოისს, ანგარიშსწორების ანგარიშზე წვდომის შემთხვევაში; გ) მიიღოს სხვა ინფორმაცია ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ. 11. მონაწილის პორტფელის დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი (მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში ასეთი პირის მითითების შემთხვევაში) აუქციონის სისტემაში შეძლებს შესაბამის პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცნობას. 12. წარმომადგენელს პლატფორმაზე შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში.
მუხლი 15. პორტფელი 1. ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ვაჭრობისთვის საჭიროა, სულ მცირე, ერთი პორტფელი. დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე პორტფელის მეშვეობით ვაჭრობა. 2. პორტფელის რეგისტრაციას ან/და ცვლილებას ახდენს ბირჟის ოპერატორი, კანდიდატის/მონაწილის მიერ მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებით ან მასში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართვის საფუძველზე. 3. ერთი პორტფელის მეშვეობით შესაძლებელია განაცხადის განთავსება ბირჟის მხოლოდ ერთ სეგმენტზე. 4. რამდენიმე პორტფელის ტრანზაქციები შეიძლება მიეკუთვნებოდეს ერთ დაბალანსების ჯგუფს, თუმცა ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს. 5. პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები აისახება პორტფელების მიხედვით. 6. ერთ პორტფელთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთზე მეტი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, ერთი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე პორტფელთან.
მუხლი 16. ბირჟაზე განაცხადის განთავსება 1. ბირჟაზე განაცხადის განთავსება ხდება მონაწილის პორტფელის ფარგლებში. ერთი პორტფელით შესაძლებელია როგორც ყიდვის, ისე - გაყიდვის განაცხადის განთავსება. 2. განაცხადის სტანდარტული ფორმა ხელმისაწვდომია აუქციონის სისტემაში. 3. განაცხადის ფორმა მონაწილეს უნდა აძლევდეს ყველა იმ მონაცემის ასახვის შესაძლებლობას, რაც ვაჭრობისთვისაა საჭირო. 4. ბირჟის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკურ ზღვრებს, რომლებიც არ უნდა ართმევდეს მონაწილეს საშუალებას, განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი და ოდენობა. 5. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრების შეცვლის შესახებ მონაწილეებისთვის ცნობილი უნდა იყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, ზღვრების ცვლილებამდე განთავსებული განაცხადები, რომლებიც შეეხება ცვლილების შემდგომ პერიოდს, გაუქმდება და ვაჭრობისთვის მონაწილემ ხელახლა უნდა განათავსოს განაცხადი. 6. განაცხადი ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ პლატფორმაზე აღინიშნება უარყოფითი ნიშნით, ხოლო ყიდვის შესახებ – დადებითი ნიშნით. 7. მონაწილემ სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება. 8. განაცხადის სისწორეზე და განთავსებული განაცხადის მონაწილის ნამდვილ ნებასთან შესაბამისობაზე, მათ შორის, ამ მუხლის მე‑9 პუნქტით გათალისწინებულ შემთხვეებში, პასუხისმგებელია მონაწილე. 9. მონაწილე უფლებამოსილია, პლატფორმის აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევით განსაზღრული წესით, დასახმარებლად მიმართოს ბირჟის ოპერატორს, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახერხებს განაცხადის განთავსებას. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, მონაწილის განაცხადის განთავსების მიზნით, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა, მათ შორის: ა) გაუწიოს მონაწილეს ტექნიკური დახმარება განაცხადის განთავსებისას; ბ) მიიღოს მონაწილისგან შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; გ) გამოიყენოს პლატფორმაზე მონაწილის მიერ რომელიმე სხვა პერიოდისთვის უკვე განთავსებული განაცხადი. 10. ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ზომის მიღებისას, განთავსებული განაცხადის სისწორის შემოწმების მიზნით, დღით ადრე ბაზრის აუქციონის დახურვამდე გონივრული ვადით ადრე, მონაწილეს გაეგზავნება აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადის ასლი, ან განაცხადის შესახებ ეცნობება სხვაგვარად – იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა მიღებული განაცხადის განთავსების დავალება. 11. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამის მონაწილეს შეუზღუდოს განაცხადების რაოდენობა. ამავდროულად, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ განათავსოს განაცხადი, თუ: ა) მიღებული განაცხადების სიმრავლის გამო, შეუძლებელია აუქციონის სისტემაში მათი განთავსება; ბ) მონაწილის მიერ განაცხადების განთავსების მოთხოვნა ხდება სისტემატურად – კვირაში ორჯერ ან მეტჯერ; გ) აუქციონის/ვაჭრობის დახურვამდე დარჩენილია ერთ საათზე ნაკლები დრო.
მუხლი 17. ვაჭრობის შეჩერება 1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს ბირჟაზე ვაჭრობა, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია ვაჭრობის ამ წესების შესაბამისად ორგანიზება. 2. ბირჟის ოპერატორმა ვაჭრობის შეჩერებისა და განახლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეებს როგორც საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ისე სავაჭრო წარმომადგენლებთან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით. 3. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როგორც კი აღმოიფხვრება მისი შეჩერების მიზეზი. ვაჭრობის განახლების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოთ არანაკლებ ხუთი წუთით ადრე. 4. ვაჭრობის შეჩერებისას, ბირჟის ოპერატორმა რეგულარული ინტერვალებით, ყოველ საათში, სულ მცირე, ერთხელ, უნდა აცნობოს მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის მიმდინარეობის შესახებ, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით. 5. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში აუქციონის სისტემაში განთავსებული ყველა განაცხადის მოქმედება შეჩერდება. ვაჭრობის განახლებისთანავე მონაწილეებმა თავად უნდა გააქტიურონ შეჩერებამდე განთავსებული განაცხადები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი განაცხადები ვაჭრობაში არ მიიღებს მონაწილეობას. 6. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა შესაძლებელია ასევე შეჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბირჟაზე ვაჭრობა აღდგება ასეთი შემთხვევის დასრულებისთანავე. ვაჭრობის აღდგენის ზუსტი დროის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 18. ვაჭრობის მონაცემების შენახვა და გამოქვეყნება 1. ბირჟის ოპერატორი ხუთი წლის ვადით ინახავს ვაჭრობის შედეგების შესახებ მონაცემებს, რაც მოიცავს თითოეული მონაწილის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ფასს, ასევე, ინფორმაციას ბირჟაზე განთავსებული განაცხადების შესახებ. 2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით შეინახოს მონაცემები მონაწილეების მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის შესახებ, ასევე, განაცხადების შესახებ, მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე. 3. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საათობრივი მონაცემები როგორც დღით ადრე ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის, ისე დღიურ ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო შეწონილი ფასის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 19. მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვება 1. ბირჟაზე მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვებას ახორციელებს ბირჟის ოპერატორი. 2. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია მონაწილისგან გამოითხოვოს (მათ შორის, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლისგან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ბირჟაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად. 3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მონაწილის მიერ კონკურენციის შეზღუდვას ან მონიტორინგის წესის სხვა დარღვევას, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას.
მუხლი 20. დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების დარღვევა და ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერება 1. თუ ბირჟის ოპერატორი ვარაუდობს, რომ მონაწილე არღვევს ამ წესებს, მან, ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე, უნდა აცნობოს ამ მონაწილის სავაჭრო ან/და საკლირინგო წარმომადგენელს. 2. მონაწილის მიერ ამ წესების დარღვევისას ბირჟის ოპერატორი უგზავნის მას გაფრთხილებას, რომლითაც განუმარტავს დარღვევის არსს, განუსაზღვრავს გამოსწორების გონივრულ ვადას და აცნობებს გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე. მონაწილემ მითითებულ ვადაში უნდა შეასრულოს გაფრთხილებაში მითითებული მოთხოვნები და ამის თაობაზე აცნობოს ბირჟის ოპერატორს. 3. თუ მონაწილე არ შეასრულებს ბირჟის ოპერატორის გაფრთხილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას ბირჟის შესაბამის სეგმენტზე მონაწილეობა შეუჩერდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორისგან მიიღებს შეტყობინებას. 4. მონაწილის მიერ ამ წესების უხეში დარღვევისათვის ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად, შეაჩეროს ბირჟაზე მისი მონაწილეობა. ამ წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს: ა) ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა; ბ) ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი განსაკუთრებული გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა; გ) ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა. 5. მონაწილეს ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება შეუჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. 6. თუ ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდა მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას. 7. ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერებისას, თუ მონაწილე გამოასწორებს შესაბამის დარღვევას, ვაჭრობის უფლება განახლდება დარღვევის გამოსწორების შესახებ ბირჟის ოპერატორის ინფორმირებიდან ორი დღის ვადაში. 8. მონაწილეობის შეჩერება არ არის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი.
მუხლი 21. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა 1. ბირჟაზე მონაწილეობა შეწყდება, თუ: ა) მონაწილე საკუთარი ინიციატივით ამბობს უარს ბირჟაზე მონაწილეობაზე; ბ) მონაწილეს ვაჭრობაში მონაწილეობა შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში; გ) მონაწილე სისტემატურად (კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ), უხეშად არღვევს ამ წესებს; დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ; ე) განხორციელდა საწარმოს ლიკვიდაცია. 2. ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება ასევე შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში, თუ მონაწილე არ აცნობებს ბირჟის ოპერატორს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ და არ წარუდგენს განსაკუთრებულ გარანტიას ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. 3. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა არ წარმოადგენს შესაბამის სეგმენტზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველს. 4. ბირჟაზე მონაწილეობა წყდება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მონაწილის მიერ მოთხოვნილი თარიღიდან; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი საფუძვლის შეტყობის მომდევნო დღისა; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან. 5. თუ ბირჟაზე მონაწილეობის უფლება შეუწყდა იმ მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას.
მუხლი 22. დავის გადაწყვეტა 1. მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის დავის არსებობისას მხარეები უნდა შეეცადონ მის გადაწყვეტას მორიგების გზით. 2. თუ მონაწილე მიიჩნევს, რომ ბირჟაზე ვაჭრობისას ირღვევა მისი უფლებები, ის უფლებამოსილია მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც ვალდებულია 10 დღის ვადაში დაუბრუნოს დასაბუთებული პასუხი. 3. ბირჟის ოპერატორისათვის მოთხოვნის წარდგენა მონაწილეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც სადავო ტრანზაქციიდან გამომდინარეობს. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად შემცირდა მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ზედმეტად გადახდილი თანხა, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ორი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორის მიერ უნდა გადაირიცხოს მონაწილის საბანკო ანგარიშზე ან აისახოს მის საკლირინგო ანგარიშზე ავანსის სახით, მონაწილის მითითების შესაბამისად. 4. მონაწილეს უფლება აქვს, ბირჟის ოპერატორთან არსებული დავის განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.
მუხლი 23. ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლა 1. რეგისტრაციის შესახებ განცხადება, საჩივარი ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნა (გარდა განაცხადისა), რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ბირჟის ოპერატორს უნდა წარედგინოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით: ა) მატერიალური დოკუმენტის სახით; ბ) ელექტრონული დოკუმენტის სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით უგზავნის ნებისმიერ მოთხოვნას, თანხმობას, უარს, გაფრთხილებას, ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ცნობას, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მონაწილისთვის ასეთი წერილის გაგზავნასთან ერთად, ელექტრონული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ასევე მის სავაჭრო წარმომადგენელს. 3. მონაწილე უფლებამოსილია ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს განმარტება ელექტრონული ფოსტით, ხელმოწერის გარეშე. 4. მონაწილის მოთხოვნაზე პასუხი ბირჟის ოპერატორმა უნდა გააგზავნოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. მონაწილე უფლებამოსილია, ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველ კალენდარულ დღეს, 24 საათის განმავლობაში. 6. მონაწილე თავად უზრუნველყოფს ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლისთვის (მათ შორის, პლატფორმაზე წვდომისათვის) საჭირო საკუთარი მოწყობილობების მზადყოფნასა და დაცულობას, მათ შორის, შესაბამის სატელეფონო და ინტერნეტკავშირს.
მუხლი 24. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური 1. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს თითოეული სეგმენტისთვის ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად: ა) ბირჟაზე ნავაჭრი ყოველი მგვტ.სთ ელექტროენერგიისთვის; ბ) წლიური საფასური ბირჟაზე დაშვებისთვის, რაც მოიცავს ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ერთი პორტფელის რეგისტრაციის საფასურს; გ) წლიური საფასური დამატებითი პორტფელის მომსახურებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის ინვოისს საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო მონაწილე ვალდებულია, გადაიხადოს ინვოისში მითითებული თანხა მისი მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა ხდება ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დაწყებიდან 10 საბანკო დღისა, ბირჟის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. რეგისტრაციისას/პორტფელის დამატებისას მონაწილე გადაიხდის წლიურ საფასურს კალენდარული წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად (რეგისტრაციის/პორტფელის დამატების თვის ჩათვლით), ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბანკო ანგარიშზე. თუ მონაწილეს გაუუქმდება ბირჟაზე რეგისტრაცია ან პორტფელი, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა, ამ პუნქტით განსაზღვრული უკვე გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას. 4. მონაწილე ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს იხდის ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ხარვეზის აღმოფხვრისთვის ამ წესების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი საბანკო დღის ვადაში, თუ სხვა რამ არ არის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევისთვის მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით.“. ი) 26-ე მუხლის: ი.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსება“; ი.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონაწილეებს დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსების შესაძლებლობა აქვთ აუქციონის დახურვამდე ოთხი კვირის განმავლობაში.“; კ) 28-ე მუხლის: კ.ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისათვის ბირჟის ოპერატორი იყენებს ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმს (EUPHEMIA). 2. დღით ადრე აუქციონის დახურვის შემდეგ განაცხადები აუქციონის სისტემაში ლაგდება შემდეგი წესით: ა) ყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის კლებადობის მიხედვით; ბ) გაყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის ზრდადობის მიხედვით. 3. თითოეული განაცხადი, ფასითა და რაოდენობით განსაზღვრულ კოორდინატთა სიბრტყეზე, გამოხატავს წერტილს. აღნიშნული წერტილების წრფივი ინტერპოლაციით დაკავშირების გზით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის ინდივიდუალური მრუდები. ინდივიდუალური მრუდების შეჯამებით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდები, რომელთა გადაკვეთის წერტილი წარმოადგენს წონასწორობის წერტილს. წონასწორობის წერტილი განსაზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრეტულ საათში ნავაჭრი ელექტრონერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს. 4. წონასწორობის წერტილის დადგენისას, თუ: ა) ვერტიკალურ ხაზზე არსებობს მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის რამდენიმე წერტილი – საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წერტილებს შორის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობების არითმეტიკული საშუალოთი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) გაყიდვის/ყიდვის რამდენიმე განაცხადში მითითებულია ერთი და იგივე ფასი, მაგრამ მონაწილეთა მზადყოფნა არსებობს ამ ფასად შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ყიდვაზე/გაყიდვაზე, განაცხადები მათში მითითებული რაოდენობების პროპორციულად დაკმაყოფილდება.“; კ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ წონასწორობის წერტილის დადგენის შემდეგ მიღებული საბაზრო ფასი ან მონაწილეთა მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობები არ შეესაბამება ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ რიცხვის ფორმატს, ისინი შესაბამისად დამრგვალდება პლატფორმის აუქციონის სისტემის მომხმარებლის გზამკვლევით განსაზღვრული რიცხვის ფორმატის შესაბამისად. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილესთან დადოს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბირჟაზე შესყიდულ და გაყიდულ რაოდენობებს შორის დამრგვალებით გამოწვეული სხვაობის ამ მონაწილის ნომინაციისთვის მიკუთვნებას.“; კ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ვაჭრობის შეჩერების გამო ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ვადის დაცვა შეუძლებელია, ბაზრის წონასწორობის წერტილის დასადგენად ბირჟის ოპერატორს ეძლევა დამატებითი დრო, იმავე დღის 18:00 საათამდე. ამ ვადაში ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია განაცხადები მიიღოს ელექტრონული ფოსტით და დაადგინოს ბაზრის წონასწორობის წერტილი ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით, კომისიასთან შეთანხმებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. თუ ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენა ამ ვადაშიც ვერ ხერხდება, ვაჭრობის შედეგები იქნება იგივე, რაც: ა) წინა სამუშაო დღეს – თუ მომდევნო დღეც სამუშაო დღეა; ბ) წინა არასამუშაო დღეს – თუ მომდევნო დღე არასამუშაო დღეა.“; ლ) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორმა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს ინფორმაცია შეიძლება გაუგზავნოს ამ ვადის დაუცველად, მაგრამ არაუგვიანეს წონასწორობის წერტილის დადგენიდან ერთი საათისა.“; მ) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მონაწილეს, რომელთანაც დადებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, უმცირდება ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური 30%-ით.“; ნ) 34-ე მუხლის: ნ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. დღიურ ბაზარზე განაცხადის განთავსება“; ნ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დღიური ბაზარი იხსნება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 13:00 საათზე, ხოლო ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – წონასწორობის წერტილის დადგენიდან 1 საათში. დღიურ ბაზარზე განაცხადები შესაძლებელია განთავსდეს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადამდე ერთი საათით ადრე (ვაჭრობის დახურვა). 3. განაცხადის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია შეცვლის ან გაუქმების შესახებ განაცხადის აუქციონის სისტემაში განთავსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ჯერ არ არის თანხვედრილი.“; ო) 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილეს შეუძლია მიუთითოს აუქციონის სისტემაში განაცხადის დატოვების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ განაცხადი ავტომატურად გაუქმდება აუქციონის სისტემაში.“. პ) 36-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აისბერგ განაცხადი – განაცხადი, რომელიც ნაწილ-ნაწილ განთავსდება აუქციონის სისტემაში და რომლის ყოველი მომდევნო ნაწილი გააქტიურდება წინა ნაწილის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ. ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროის პრინციპის მიზნებისათვის აისბერგ განაცხადის თითოეული ნაწილის განთავსების დრო არის აუქციონის სისტემაში მისი გააქტიურების დრო;“; ჟ) 37-ე მუხლის: ჟ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დღიურ ბაზარზე თანხვედრილი განაცხადებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ახლად განთავსებული ან ახლად შეცვლილი განაცხადი, რომელიც განთავსებისთანავე ავტომატურად დაწყვილდა აუქციონის სისტემაში უკვე არსებულ განაცხადთან.“; ჟ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფასის პრინციპი გულისხმობს აუქციონის სისტემაში ახლად განთავსებული განაცხადის თანხვედრას აუქციონის სისტემაში უკვე არსებულ საუკეთესო ფასის განაცხადთან: ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადის შემთხვევაში, საუკეთესო ფასის განაცხადია აუქციონის სისტემაში არსებული გაყიდვის ყველაზე დაბალი ფასის განაცხადი, ხოლო ახლად განთავსებული გაყიდვის განაცხადის შემთხვევაში – აუქციონის სისტემაში არსებული ყიდვის ყველაზე მაღალი ფასის განაცხადი;“; ჟ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება აუქციონის სისტემაში უკვე არსებული საუკეთესო ფასის განაცხადით: ა) თუ ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადი დაწყვილდა აუქციონის სისტემაში არსებულ გაყიდვის განაცხადთან, გაყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს; ბ) თუ ახლად განთავსებული გაყიდვის განაცხადი დაწყვილდა აუქციონის სისტემაში არსებულ ყიდვის განაცხადთან, ყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს.“; რ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადების ავტომატური თანხვედრისა და განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება თანხვედრილი განაცხადების წარმდგენ მყიდველ და გამყიდველ მხარეს, აუქციონის სისტემაში თითოეული მონაწილის პორტფელში ასახვის გზით.“; ს) 39-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის“; ტ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ტრანზაქციის გაუქმება აისახება აუქციონის სისტემაში, მონაწილისათვის გასაგები ფორმით.“. უ) 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაანგარიშებების შესაბამისად, მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშების განახლებასა და ინვოისების გაგზავნას, სადაც მოცემულია საკლირინგო ანგარიშის ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების გაქვითვის შედეგად მიღებული რაოდენობა და თანხა (ფინანსური კლირინგი);“; ფ) 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ბირჟის ოპერატორი შეიმუშავებს და ამტკიცებს ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ დეტალურ საოპერაციო წესებს.“. ქ) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ფინანსური კლირინგი 1. ბირჟის ოპერატორი ვაჭრობის შედეგების შესაბამისად გამოწერს ინვოისებს: ა) დღით ადრე ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღის 15:00 საათამდე; ბ) დღიური ბაზრისთვის – ფიზიკური მიწოდების მომდევნო კალენდარული დღის 10:00 საათამდე. 2. ინვოისში, სულ მცირე, უნდა იყოს მითითებული: ა) ბირჟის შესაბამისი სეგმენტი; ბ) მონაწილის და ბირჟის ოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) ბირჟის ოპერატორის საბანკო რეკვიზიტები; დ) ინვოისის გამოწერის თარიღი და ვაჭრობის (საანგარიშო) დღე; ე) ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდის ბოლო ვადა; ვ) საანგარიშო დღეს ბირჟაზე შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა; ზ) საანგარიშო დღეს ბირჟაზე შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება, ცალ-ცალკე; თ) საანგარიშო დღეს შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულების გაქვითვის შედეგად მიღებული, მონაწილის მიერ გადასახდელი ან მისაღები თანხის ოდენობა (საჭიროების შემთხვევაში). 3. ინვოისები გამოიწერება ელექტრონულად. 4. ინვოისი მისი გამოწერისთანავე ხელმისაწვდომია კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში, იმ მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე, რომელმაც ბირჟაზე იყიდა ან/და გაყიდა ელექტროენერგია. ბირჟის ოპერატორი ინვოისებს გამოწერს როგორც მის მიერ გაყიდულ (მისთვის გადასახდელ), ისე მის მიერ ნაყიდ (მის მიერ გადასახდელ) ელექტროენერგიაზე. 5. მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე მოცემულია საათობრივი მონაცემები ნავაჭრ რაოდენობებსა და თანხებზე, რომელთა გაქვითვის შედეგად მიღებულია ინვოისში ასახული ინფორმაცია.“. ღ) 48-ე მუხლის: ღ.ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი თქვას საბანკო გარანტიის მიღებაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს. 7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ ვადიანი გარანტია, გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, არ ჩაანაცვლა სხვა გარანტიით, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.“; ღ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მონაწილის მიერ წარდგენილი გარანტიის გამოყენება დასაშვებია მის მიერ ბირჟის ოპერატორის წინაშე არსებული ვალდებულებების (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის) შესრულების მიზნით.“; ღ.გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ყ) 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. საბაზისო გარანტია 1. მონაწილეს გარანტიის წარდგენის დრო აქვს საბანკო დღის 9:00 საათამდე. 2. ბირჟის ოპერატორი საბანკო დღის 10:00 საათამდე ადასტურებს წარმოდგენილ გარანტიას და შესაბამის ცვლილებას ასახავს კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში, მონაწილის ანგარიშზე. 3. მონაწილეს უფლება აქვს ბირჟაზე განათავსოს განაცხადი, თუ მისი დაკმაყოფილების შედეგად მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის მიმართ არ აღემატება სავაჭრო ლიმიტს.“; შ) 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. სავაჭრო ლიმიტი 1. სავაჭრო ლიმიტი წარმოადგენს მონაწილის გარანტიის მიმდინარე ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ვაჭრობა ბირჟაზე. სავაჭრო ლიმიტი იანგარიშება შემდეგი ფორმულით: RemLim = InLim +TrdPos – OpOrd – PndTrd-UnpInv, სადაც: RemLim – სავაჭრო ლიმიტი (ლარი); InLim – მონაწილისათვის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადასტურებილი გარანტიის ოდენობა (ლარი); TrdPos – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ამ მონაწილის წინაშე წარმოშობილი ბირჟის ოპერატორის ვალდებულება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა (ლარი); OpOrd – აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადების (რომლითაც მონაწილეს წარმოექმნება ვალდებულება ბირჟის ოპერატორის წინაშე) შესაბამისად მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის მიმართ (ლარი); PndTrd – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ბირჟის ოპერატორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულება, რომელზეც ინვოისი ჯერ არ არის გამოწერილი (ლარი); UnpInv – გადაუხდელი ინვოისების ჯამური ღირებულება (ლარი). 2. სავაჭრო ლიმიტის დადგენა ხდება მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება მონაწილის ყველა პორტფელით ვაჭრობის ჯამური შედეგი.“; ჩ) 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. საკლირინგო ანგარიში, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა 1. მონაწილის საკლირინგო ანგარიში აერთიანებს მონაწილის ერთ ან რამდენიმე პორტფელს და დაკავშირებულია მონაწილის საბანკო ანგარიშთან. 2. მონაწილე უფლებამოსილია, ანგარიშსწორება აწარმოოს რამდენიმე ანგარიშის მეშვეობით. 3. კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შედეგები წარმოდგენილია საკლირინგო ანგარიშების მიხედვით. შესაბამისად, მონაწილე ნავაჭრი ელექტროენერგიის შესაბამის ინვოისს იღებს საკლირინგო ანგარიშისთვის, ამ ანგარიშთან დაკავშირებული პორტფელებით ჯამურად განხორციელებული ტრანზაქციების გათვალისწინებით. კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში საკლირინგო წარმომადგენელს წვდომა აქვს მონაწილის ყველა საკლირინგო ანგარიშის ინფორმაციასთან. მონაწილემ მის საკლირინგო წარმომადგენელს შეიძლება მიანიჭოს წვდომა: ა) რისკის ანგარიშზე - საკლირინგო წარმომადგენელს ექნება წვდომა მონაწილის მიერ ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ ინფორმაციაზე (მიიღებს ინფორმაციას წარდგენილი გარანტიის ოდენობის, გარანტიის მიმდინარე ოდენობის შესახებ), ან/და ბ) ანგარიშსწორების ანგარიშზე - საკლირინგო წარმომადგენელს ექნება წვდომა ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილ ინვოისებზე და გადახდის შესახებ ინფორმაციაზე.“. ც) 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ სტანდარტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ობიექტი, აგრეთვე ყველა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, გარდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა, ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების მქონე მიმწოდებელი (თითოეული სახის საჯარო მომსახურებისათვის ცალ-ცალკე) და სისტემის ოპერატორი, დანაკარგების შესყიდვის ნაწილში, ვალდებულია შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი.“. 3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ 33-ე–42-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის პირველი მარტიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|