1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  500 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის და საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა).

3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოწარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5  სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით 10 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 440 ლარისა. ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, თითოეული ბენეფიციარის ამ პროდუქტით  უზრუნველყოფა  საფენების ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისად, ანაზღაურდება დამატებით, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარისა.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. ზედიზედ 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

7. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს სამუშაო დღეებში საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა), ხოლო არასამუშაო დღეებში – საათში 12 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა).  მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი  ანგარიშის შესაბამისად.

8. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის მართვის მენეჯერისა და კონსულტანტის  მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული  სამუშაოს შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის შემთხვევის მართვის მენეჯერის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს ფინანსდება საათში 80 ლარით, ხოლო კონსულტანტის  მიერ განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს  ფინანსდება საათში 100 ლარით.

9. 18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება წყდება, თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (გარდა შინ სწავლების შემთხვევისა) ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, 30 დღის გასვლის შემდეგ;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, როდესაც ახალი საცხოვრებელი სცილდება მომსახურების არეალს.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ზრუნვის სააგენტო