📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 21,238 სიტყვა · ~106 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 23.01.2026 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 28.03.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 25.02.2022 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 22.03.2022 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 28.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №26 2022 წლის 2 მარტი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016455). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომ – „საკრებულო“) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – „მუნიციპალიტეტი“) წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“) და ამ რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 30 წევრისაგან, საიდანაც 20 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 10 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.   მუხლი 2🔗. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს რეგლამენტი. მუხლი 3🔗. საკრებულოს უფლებამოსილებები 1. საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის,  მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის, ასევე სხვა სფეროებში. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა; ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №307 დადგენილებით განსაზღვრული წესით ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის და დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მათი მოწონების ან მოწონებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მოწონების შემთხვევაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესაბამისი შუამდგომლობით მიმართვა; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა; ე) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა; ვ) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება. 3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ბ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; გ) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; დ) საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება; კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება, პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ვ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;  თ) საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა. 4. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროში: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე და 56-ე მუხლებით განსაზღვრულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მერის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის ფაქტის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება; დ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად: დ.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება; ერთობლივი საბჭოს წარდგინებით, სხვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (საკრებულოებთან) ერთად მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ერთობლივი დადგენილებით დამტკიცება; დ.ბ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების, ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცება; დ.გ) მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შესახებ მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა; დ.დ) მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულად გაცემის მომსახურების წესისა და საფასურის ოდენობის დადგენა; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება; ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 21-ე მუხლის და 106​1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის მიზანშეწონილობის შესახებ; თ) მერისთვის თანხმობის მიცემა იმ საწარმოს დაშლის შესახებ, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს ახმეტის მუნიციპალიტეტი, - საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება და მისი დებულების დამტკიცება, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 5. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა; დ)  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-100 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღების ან გრანტის მიღების თაობაზე; ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს; ვ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა მუნიციპალიტეტთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება მუნიციპალიტეტის განვითარებას; ზ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; თ) საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცება; კ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოში და მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის კანონით დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვება (თანხმობის მიცემა); ლ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა. 6. მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული წესით; ბ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დადგენა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106​1 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა;   დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება; ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 122-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) მერისთვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ; თ) მერისთვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; ი) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ, რომლის ნუსხაც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №527 დადგენილებით; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა. 7. მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება, მათი მიმდინარეობის კონტროლი და შესრულების შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის  მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება; გ) სოფლის მეურნეობის, მათ შორის სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება. 8. სოციალურ სფეროში: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა; გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ე) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება; ვ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით მუნიციპალიტეტზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების პროგრამების დამტკიცება; ზ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; თ) მერის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური დახმარების შესახებ; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება; კ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. 9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში: ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; დ) გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა; ე) ტერიტორიის დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების ორგანიზების წესების დადგენა; ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა; ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა. 10. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში: ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის გადასახადის (ქირის) ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა. 11. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში: ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება; ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა. 12. აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში: ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცება; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით მუნიციპალიტეტში სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება (არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა). 13. სამხედრო ვალდებულების მოხდისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ა) სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელება; ბ) სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 4🔗. საკრებულოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი 1. საკრებულო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს ან/და მუნიციპალიტეტის მერს მისცეს თანხმობა ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს საკრებულო ან საკრებულოს დავალებით - მუნიციპალიტეტის მერი. 3. საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც უშუალოდ საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.  მუხლი 5🔗. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა; ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; ვ) მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. მუხლი 6🔗. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა, საკრებულოს საქმისწარმოება 1. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული. 2. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული სისტემის პროგრამის (MSDoc) მეშვეობით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემით“ (eHRMS). მუხლი 7🔗. საკრებულოს ადგილსამყოფელი 1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ახმეტა, იურიდიული მისამართი: ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა №49. 2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს სხდომის სხვა ადგილას ჩატარება შეიძლება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტის 48-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით განსაზღვრული წესით. მუხლი 8🔗. საკრებულოს საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების ზოგადი წესი 1. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, ფრაქციების, საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის სხდომებს. 2. საკრებულო უფლებამოსილია მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე სხვა გადაწყვეტილებები (მიმართვა, შუამდგომლობა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა), მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 3. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის და გაუქმების შესახებ; ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-IX თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის უფლებამოსილებების დელეგირების თაობაზე ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ. 7. საკრებულო სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას: ა) მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. 8. საკრებულო სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. 9. საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებებს: ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ გამოცემული  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საკრებულოს დადგენილებასთან წინააღმდეგობის გამო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ; ე) ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების და დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის  შესახებ. მუხლი 9🔗. საკრებულოს სხდომათა დარბაზი 1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიძლება მოეწყოს პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. 2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში რეგისტრირებული ლობისტის (ლობისტების), აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე მოწვეული და მასზე დასწრების მსურველ პირთათვის. 4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის, ასევე კანონით აკრძალული ან/და საკრებულოს საქმიანობასთან შეუთავსებელი სხვა საგნების შეტანა. მუხლი 10🔗. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი 1. საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. 2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, მუნიციპალიტეტის  მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში), აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირს. 3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არა აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილი. 4. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის ნორმები. მუხლი 11🔗. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია 1. საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს ღია სხდომების აუდიო ან/და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით. 2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, სავალდებულოა სხდომის ტრანსლაცია ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა. 3. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 12🔗. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს უმრავლესობის ან საკრებულოს ოპოზიციის ინიციატივით, საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. 2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. თავი II საკრებულოს წევრი მუხლი 13🔗. საკრებულოს წევრის სტატუსი 1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირი. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. 3. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. საკრებულოს წევრი თავის მოვალეობების შესრულებისას არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან. 4. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 5.  საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-40-47-ე მუხლებით და ამ რეგლამენტით. მუხლი 14🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე დროებითი სამანდატო კომისიის) დასკვნის საფუძველზე. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. 6. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე. 7. თუ საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში ან არღვევს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისთვის/თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის/თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. 8. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 9. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:  ა) საკრებულოს წევრს აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი;  ბ) საკრებულოს წევრს, თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი. 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 15🔗. საკრებულოს წევრის ვალდებულებები 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს რეგლამენტი; ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში; გ) ამ რეგლამენტის 113-ე და 126-ე მუხლებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს; დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში; ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან. ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა; ზ) დაიცვას ამ რეგლამენტით დადგენილი ქცევის სტანდარტები; თ) ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული მუშაობის შესახებ. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. 3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელშემშლელი გარემოებების შესახებ. მუხლი 16🔗. საკრებულოს წევრის უფლებები 1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით; ბ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; გ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს კამათში, დაუსვას შეკითხვები მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს (საკრებულოს კომისიის) სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოების შესახებ და იმ პირთა კანდიდატურებზე, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო; ვ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ზ) კანონით დადგენილი წესით წარადგინოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; თ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ; ი) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვაში; კ) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა; ლ) დადგენილი წესით მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საკრებულოს წევრს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლება აქვს არჩეულ იქნეს საკრებულოს თანამდებობის პირად, იყოს საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან). 3. საკრებულოს წევრი საკრებულოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის. 4. მუნიციპალიტეტის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. მუხლი 17🔗. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირისა) თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. საკრებულოს წევრს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. დაუშვებელია საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიისა და დანამატის სახით. თავი III საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები მუხლი 18🔗. საკრებულოს თავმჯდომარე 1. საკრებულოს თავმჯდომარე არის საკრებულოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 33-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს საკრებულოს სხდომას; ბ) საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას; დ) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას; ზ) წარმოადგენს საკრებულოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს; ი) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს; ლ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს რეგლამენტს, საკრებულოს კომისიის დებულებას და საკრებულოს აპარატის დებულებას; ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ჟ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 128-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში. 4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. მუხლი 19🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის - პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან თავმჯდომარის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანმდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება  დადგენილი წესით თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. თავი IV საკრებულოს ბიურო მუხლი 20🔗. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო. 2. საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; გ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; დ) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას; ე) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს; ვ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ზ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 21🔗. ბიუროს სხდომა 1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თავისი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე  ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესები. 2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით. 4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. 5. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. 6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება ხელახალი კენჭისყრა. 7. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს. მუხლი 22🔗. ბიუროს მუშაობის წესი 1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწროს საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, აგრეთვე საკრებულოს წევრი, რომელიც არ შედის ბიუროს შემადგენლობაში. 2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში. 4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. 5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები. მუხლი 23🔗. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა 1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება: ა) სხდომის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა; გ) სხდომაზე განხილული საკითხები; დ) კენჭისყრის შედეგები; ე) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში. 4. ბიუროს სხდომის ოქმის ასლები საჭიროებისამებრ ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და მუნიციპალიტეტის მერს. 5. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილებები შეიტანოს მასში. 6. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. თავი V საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები მუხლი 24🔗. საკრებულოს კომისიის შექმნა 1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით. 2. საკრებულოს კომისიების რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტით. საკრებულოს კომისიების რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე მეტი. 3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთებით დააყენონ საკრებულოში ახალი კომისიის შექმნის ან/და არსებული კომისიის გაუქმების საკითხი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით. 4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან. 5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. 6. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. 7. საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე - საკრებულო. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს. 9. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. 10. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ერთი კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. მუხლი 25🔗. საკრებულოს კომისიები 1. საკრებულოს კომისიებია: ა) იურიდიულ საკითხთა კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია; გ) ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია; დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია; ე) სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. 2. საკრებულოს კომისიების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. მუხლი 26🔗. საკრებულოს კომისიების ზოგადი უფლებამოსილება 1. საკრებულოს კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შეტანილ მის სფეროს მიკუთვნებულ  გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს, ორგანიზებას უწევს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში; გ) ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს; დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს; ე) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ) აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ; თ) ახორციელებს ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, უპასუხონ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე. 3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარე და  საკრებულოს ბიურო. მუხლი 27🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და საკრებულოს ფრაქციას. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და შესაბამისი კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტითა და საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. 4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე მოვალეა ამ რეგლამენტის 127-ე და 129-ე მუხლებით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში. 5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. 6. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ან/და საკრებულოს თავმჯდომარემ. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მუხლი 28🔗. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. 3. კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და იურიდიულ საკითხთა კომისიას. კომისიის წევრის კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადებას საკრებულოს ბიურო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე. 4. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (ფრაქციის გაუქმება, მისი ფრაქციიდან გასვლა ან გარიცხვა, ფრაქციის განცხადება მისი კომისიიდან გაწვევის შესახებ). მუხლი 29🔗. კომისიის სხდომა 1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც. 2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღეში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ფუნქციების მიხედვით კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა. 3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილი წევრი. კომისიის სხდომები იმართება, როგორც წესი, თვეში ორჯერ. 4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით. 5. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. 6. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. 7. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა. 8. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. მუხლი 30🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ ორი ან მეტი კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება. 2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება ხელახალი კენჭისყრა. 3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. 4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და მათი შემოწმების შედეგები. 5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს. მუხლი 31🔗. კომისიის მუშაობის ზოგადი წესი 1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის მერს, აგრეთვე სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მონაწილეობა ხდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესის შესაბამისად. 4. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები. 5. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში წარმოდგენილ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 6. კომისიამ მოხსენება (დასკვნა) მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოხსენება (დასკვნა) საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. 7. თუ კომისიისათვის გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით. 8. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე  მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. 9. კომისიის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე წარადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - კომისიის სხვა წევრი. 10. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). 11. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის ჩატარების ამ რეგლამენტით დადგენილი წესი. მუხლი 32🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. 2. კომისიის საკონსულტაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრული სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად. 4. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის კომპეტენციის სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს. 5. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა. 6. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. მუხლი 33🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. კომისიის სხდომის ოქმი შეიძლება შეადგინოს ასევე კომისიის მდივანმა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისია სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 1 წლის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს. მუხლი 34🔗. კომისიის სხდომის ოქმი კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და სხდომაზე მონაწილე წევრებისა და მოწვეული პირების ვინაობა, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით და ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 35🔗. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი 1. საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საკრებულოს წევრები შეყვანილ უნდა იქნენ საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საკრებულოს განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, წევრთა პერსონალური შემადგენლობა, დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ გამოსაკვლევი საკითხები და მისი უფლებამოსილების ვადა. 5. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მიიღოს გადაწყვეტილება მისი შემადგენლობის შეცვლის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ. 6. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ ჯამში არაუმეტეს სამი თვისა. 7. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს. ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე ხელახლა შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი ახალი (წევრთა არანაკლებ 1/3-ით შეცვლილი) შემადგენლობით. 8. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. 9. დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI საკრებულოს ფრაქცია მუხლი 36🔗. საკრებულოს ფრაქციის შექმნა და რეგისტრაცია 1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. 3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები. 5. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. 6. ფრაქციას უნდა ჰქონდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოს და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 8. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 9. ფრაქციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის განცხადება, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) და ფრაქციის სხვა წევრთა ვინაობა. განცხადებას უნდა დაერთოს ფრაქციის წესდება. ფრაქციის განცხადებას და წესდებას ხელს უნდა აწერდეს ფრაქციაში გაერთიანებული ყველა წევრი. 10. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე - დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე - საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის შექმნის შესახებ. საკრებულო ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. იურიდიულ საკითხთა კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის შექმნის შესაბამისობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებით დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. 11. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის ან/და მისი მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. აღნიშნულ საკითხს საკრებულო იღებს ცნობად.   მუხლი 37🔗. საკრებულოს ფრაქციის უფლებები 1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს: ა) გამოხატოს და განახორციელოს თავისი პოლიტიკური კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება  ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები; ე) მიიღოს გადაწყვეტილებები ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე; ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე; ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხი; თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები; ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის წევრი (წევრები); კ) მოითხოვოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; მ) საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; ნ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე; ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ფრაქციის მიერ საკრებულოს კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავის კვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის სხვა წევრის კანდიდატურა, ასევე ნებისმიერ დროს შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს  იურიდიულ საკითხთა კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს. 3. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო  იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 4. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის ცვლილების შემთხვევაში საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.  მუხლი 38🔗. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზება 1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 2. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ 3 წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევის, გადარჩევისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე. 4. საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციას მასში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად გამოეყოფა ადგილები საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო საკრებულოს შენობაში - სამუშაო ოთახი და შესაბამისი ინვენტარი. 5. ფრაქციის  საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ფრაქციის სხდომის ოქმი შეიძლება შეადგინოს ასევე ფრაქციის მდივანმა, რომელიც აირჩევა ფრაქციის მიერ მისი წესდების შესაბამისად. თავი VII საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია მუხლი 39🔗. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია 1. საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია აღნიშნულ სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. 2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს ნებისმიერ თანამდებობასთან შეთავსება. უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. 3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო  წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს ის  წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. თავი VIII ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მუხლი 40🔗. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან  30 დღის ვადაში. 2. ახალარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის არჩევას. მუხლი 41🔗. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით. 2. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველი სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი. 3. საკრებულოს უხუცესი წევრი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს. 4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; გ) დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. მუხლი 42🔗. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება 1. ახალარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ. 2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ საკრებულო ირჩევს დროებით ხმის დამთვლელ კომისიას და დროებით სამანდატო კომისიას. მუხლი 43🔗. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა 1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს დროებით ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან უმრავლესობით ირჩევს ამ კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.  2. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, გაცემისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს ღია და ფარული კენჭისყრის მიმდინარეობას და ითვლის ხმებს (ბიულეტენებს). 3. დროებით ხმის დამთვლელ კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შექმნისთანავე. მუხლი 44🔗. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა 1. ახალარჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით ირჩევს დროებით სამანდატო კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან უმრავლესობით  ირჩევს ამ კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. 2. დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს, საკრებულოს მოახსენებს ინფორმაციას საკრებულოს ფრაქციების შექმნის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ. 3. დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შექმნისთანავე.   მუხლი 45🔗. ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა 1. ახალარჩეული საკრებულოს დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა), რის შემდეგადაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს ცალკე ოთახში იკრიბება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ამზადებს დასკვნას და მოახსენებს საკრებულოს. 2. ახალარჩეული საკრებულო, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით. 3. ახალარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობად, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. 4. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. 5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები. მუხლი 46🔗. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები 1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების შექმნის ცნობად მიღება; დ) საკრებულოს კომისიებში ფრაქციების და უფრაქციო წევრების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება; ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ვ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. 2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების შექმნა და რეგისტრაცია. 3. თუ ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს  ერთი კვირით. თავი IX საკრებულოს სხდომა მუხლი 47🔗. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა 1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს, ხოლო თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა - მომდევნო სამუშაო დღეს. 2. მიმდინარე თვის განმავლობაში საკრებულოს მომდევნო მორიგ სხდომას აუცილებლობის შემთხვევაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის დასაბუთებული მოთხოვნით. 3. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიცავს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული საკრებულოს სხდომების ერთობლიობას. 4. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგისა და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს მორიგ სხდომაზე გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე. 6. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობასთან. საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის/საკითხების განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ სხდომებზე. 7. საკრებულოს მორიგი სხდომა სრულდება, როდესაც ამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების შესახებ)). 8. საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ. მუხლი 48🔗. საკრებულოს გასვლითი სხდომა 1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების არსებით სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა. 2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო ან საკრებულოს ბიურო (საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში). 3. გადაწყვეტილება საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ მიიღება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით; დ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით. მუხლი 49🔗. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს აპარატი: ა) უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველ საკითხებზე პროექტების შესახებ ინფორმაციის მომზადებას (მათ შორის, საჭირო რაოდენობით ასლების გამრავლებას), გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის  გაცნობას; ბ) ადგენს სხდომაზე მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი განსაზღვრის შემდეგ უზრუნველყოფს ამ პირთა გაფრთხილებას; გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას; დ) ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წარმართვის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და ტექნიკური საკითხების მოგვარებაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით  დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და გაგზავნას. მუხლი 50🔗. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა 1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალურად. საკრებულოს კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე. 2. საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის წინადადებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე  საკითხების განხილვის სავარაუდო დრო. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებულ თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგძლივობით. 4. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობით. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, საკრებულო კამათის გარეშე ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 5. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით განსაზღვრული იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად. 6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ამოწურვის შემდეგ. ამგვარი შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით კამათი არ იმართება. მუხლი 51🔗. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა 1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით); გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით. 2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში  აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს დასაბუთებულ უარყოფით პასუხს. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის შემდეგ. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა სხდომაზე მოწვევა. 5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი (ასაკით უფროსი) მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი არცერთი მოადგილე არ გამოცხადდა, რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან უხუცესი. 6. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ ამ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე. 7. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა. თუ რიგგარეშე სხდომის გაგრძელების გამო მორიგ სხდომამდე რჩება ერთ დღეზე ნაკლები, საკრებულოს მორიგი სხდომა გადაიდება შესაბამისი ვადით. მუხლი 52🔗. საკრებულოს სხდომის დაწყება 1. საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომაზე გამოცხადდა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო კვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, ხოლო თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა კვორუმი - მომდევნო სამუშაო დღისთვის. 3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მუხლი 53🔗. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი 1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - პირველი მოადგილე, ან მისი დავალებით საკრებულოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი. 2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე: ა) აცხადებს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნასა და დახურვას (დასრულებას); ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ამ რეგლამენტის მე-X თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, აძლევს გაფრთხილებას (ოქმში შეტანით ან ოქმში შეტანის გარეშე), სხდომის დარბაზიდან აძევებს წესრიგის დამრღვევ პირს; ზ) ამ რეგლამენტის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის; თ) საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შეთანხმების მიზნით შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ; ი) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (ორი და მეტი) საჭიროების შემთხვევაში, აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას, რომლის შედეგების შესაბამისად სთავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას; კ) ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა: ა) უზრუნველყოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა; ბ) ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხების სრულყოფილად განხილვას. 4. იმ შემთხვევაში, თუ სხდომის თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების საკუთარ ვარიანტს, იგი კენჭისყრაზე დგება ბოლოს. მუხლი 54🔗. საკრებულოს სხდომის განრიგი 1. საკრებულოს სხდომა იწყება, როგორც წესი, 12:00 საათზე და გრძელდება არაუგვიანეს 18:00 საათამდე. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით გაგრძელდეს იმავე დღის 21:00 საათამდე. 2. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს უქმე და დასვენების დღეებშიც. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომების განრიგით, რომელსაც ადგენს საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო. 3. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე (თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს) ცვლილებები შეაქვს მორიგი სხდომის განრიგში. მუხლი 55🔗. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე, თუ იგი შეტანილია შესაბამის სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები და განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვადასხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი. მუხლი 56🔗. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ხდება სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე (თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს). მუხლი 57🔗. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი 1. საკრებულოს სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27​1 - 27​4 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საკრებულოს სხდომები საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის, დღის წესრიგის და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას მორიგი სხდომის გახსნამდე 7 დღით ადრე მაინც. 3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს დადგენილ ვადაში მიაწოდოს წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის მსურველთა სიას. 5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმდგენი პირის ან მის მიერ დანიშნული სხვა პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული ან უარყოფილი (მიზეზის მითითებით). საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი, სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და წარადგინოს კომისიის პოზიცია (დასკვნა). 6. მოხსენების და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ჯერ საკრებულოს წევრებს, ხოლო შემდეგ სხდომაზე დამსწრე პირებს აძლევს უფლებას კითხვებით მიმართონ მომხსენებელს (თანამომხსენებელს). მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მიერ პასუხის გაცემის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება (თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე). 7. დებატები იწყება საკრებულოს წევრთა გამოსვლებით, შემდეგ კი სიტყვა ეძლევათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებს ამ მუხლითა და რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.. 8. იმ შემთხვევაშიც თუ სხდომაზე მონაწილე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა სია დიდია (10 ან მეტი მსურველი), საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლის სტატუსით. თუ თუ ამ პუნქტში მითითებული სუბიექტები ორი მომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს. 9. დებატებში გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, ან თუ არავინ არ ითხოვს სიტყვით გამოსვლას, სხდომის თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს სხდომის თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი მომხსენებელი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე. დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციების თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება. 10. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვის შემდეგ. საკრებულოს წევრი, რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა, წინასწარ უნდა ჩაეწეროს სხდომის თავმჯდომარესთან, ამასთან, შეიძლება წინასწარ აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე მოწინააღმდეგედ თუ მომხრედ. საკითხის განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისთვის საკრებულოს წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან. 11. საკრებულოს წევრმა, როგორც წესი, სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი (თანამომხსენებლისადმი) კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით მან უნდა მიმართოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა შეეხებოდეს უშუალოდ განსახილველ საკითხს. 12. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. რიგითობა დგინდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით; ბ) ფრაქციული ნიშნით (არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია); გ) გამოდის იგი საკითხზე „მომხრედ“ თუ „მოწინააღმდეგედ“. 13. სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს, რომ განსახილველი საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა, ასევე ფრაქციებისა და უფრაქციო საკრებულოს წევრთა პოზიციები პროპორციულად იქნეს გამოხატული. 14. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, პირველ სიტყვას სხდომის თავმჯდომარე აძლევს „მოწინააღმდეგეს“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით (რიგითობის მიხედვით). მომხსენებელს, ნებისმიერ დროს, სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, უფლება აქვს გამოვიდეს სიტყვით განმარტებისათვის. 15. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვით გამოსვლაზე, ეს უფლება დაუთმოს ან გამოსვლის რიგი გაუცვალოს საკრებულოს სხვა წევრს. 16. სხდომაზე დამსწრე პირს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში გამოვიდეს არაუმეტეს ორჯერ. პირი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგითობით გამოსვლის უფლებას. 17. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგითობის გარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გაგრძელდეს 2 წუთზე მეტხანს. მუხლი 58🔗. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია: ა) მოხსენება; ბ) თანამოხსენება; გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან; დ) განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა; ე) მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა; ვ) წინადადების შეტანა სხდომის წარმართვისა და კენჭისყრის ჩატარების წესის შესახებ; ზ) განსახილველ დოკუმენტში შესწორების შეტანა; თ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა. მუხლი 59🔗. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა 1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისთვის ეძლევა დრო 20 წუთამდე, თანამომხსენებელს - 15 წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის - 10 წუთამდე. დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ დრო პირველად 7 წუთამდე, მეორედ გამოსვლისას - 5 წუთამდე, პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით - 1 წუთამდე, განმარტების, ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის - 3 წუთამდე. 2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, მომხსენებლის მოთხოვნით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის თანხმობით, შეუძლია გააგრძელოს გამოსვლის დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ მომხსენებლის „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც გამოსვლის დროის პროპორციულად გაზრდა. მუხლი 60🔗. პროცედურული საკითხები 1. პროცედურულს მიეკუთვნება შემდეგი საკითხები: ა) შესვენების გამოცხადების და ხანგძლივობის შესახებ; ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ; გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ; დ) სხდომაზე მოწვეული პირისთვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ; ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ; ვ) საკრებულოს კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ; ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ; თ) სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ; ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ; კ) კენჭისყრის წესის შესახებ; ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ; მ) გამომსვლელთა რიგითობის დადგენის (შეცვლის) შესახებ; ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ; ო) კენჭისყრისას ხმების ხელახალი დათვლის შესახებ. 2. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით ან, სხდომის თავმჯდომარის წინადადებით კენჭისყრის გარეშე, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს. მუხლი 61🔗. დებატების შეზღუდვის შემთხვევები 1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან საკრებულოს თანხმობით გამართოს შეზღუდული დებატები. 2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარის მითითებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის გამოცხადებამდე სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არცერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც სხდომის თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა. 3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს. 4. შეზღუდული დებატების შემთხვევაში თუ ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლის სურვილი გამოთქვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ამომრჩევლმა, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენლებმა, სხდომის თავმჯდომარე აძლევს მათ წინადადებას გამოყონ მხოლოდ ორი წარმომადგენელი, რომელთაც მიეცემათ სხდომაში მონაწილეობის უფლება თანამომხსენებლის სტატუსით. თუ სხდომაზე მონაწილეობის მსურველები ორი თანამომხსენებლის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლის უფლებას აძლევს სიაში ჩაწერილ პირველ ორ მსურველს. მუხლი 62🔗. დებატების შეწყვეტა ან გადავადება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადადების ან შეწყვეტის, განსახილველი საკითხის საკრებულოს შესაბამის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ. მუხლი 63🔗. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მონაწილეობა დებატებში 1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგითობის გარეშე გამოვიდეს საკრებულოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვისას. 2. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომის თავმჯდომარეობა დროებით გადააბაროს კანონით უფლებამოსილ სხვა პირს და მხოლოდ ამ საკითხზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სხდომის თავმჯდომარეობის განხორციელებას. 3. თუ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა დებატების დახურვის შემდეგ, დებატები უნდა გაგრძელდეს შეზღუდული ფორმატით ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 64🔗. დასკვნითი სიტყვა სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. თავი X საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვა მუხლი 65🔗. საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვის ღონისძიებები 1. თუ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, სხდომის თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს მას, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს, სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სხდომის თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ იქნა გაფრთხილებული დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან მას ხელმეორედ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და აღარ მისცეს ამავე საკითხზე გამოსვლის უფლება. სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს სხდომაზე მსჯელობის საგანი. 2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მომდევნო სამუშაო დღისათვის. 3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება სხდომაზე მოწვეულ პირებზეც. თუ ისინი გამოხატავენ პოზიციას სხდომის მიმდინარეობის შესახებ ისეთი ფორმით, რომ ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით გაძევებული იქნებიან სხდომის დარბაზიდან. 4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საკითხს განიხილავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს საკრებულოს წევრის გაფრთხილების გადაწყვეტილება, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 66🔗. წესრიგისკენ მოწოდება 1. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ. 2. სხდომაზე დამსწრე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი: ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე; ბ) ხმარობს შეურაცმყოფელ გამოთქმებს; გ) მისი გამოსვლა შეიცავს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციულ მოწოდებებს; დ) ხმამაღლა საუბრობს (მათ შორის, მობილური ტელეფონით) სხდომის დარბაზში ან/და ემოციურად გამოხატავს თავის მოსაზრებებს, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას. მუხლი 67🔗. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის 1. ამ თავით დადგენილი წესების დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ზომები: ა) წესრიგისკენ მოწოდება; ბ) გაფრთხილება; გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით; დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) სხდომიდან გაძევება. 2. საკრებულოს წევრი ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირი შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან, თუ იგი: ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ მაინც აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; გ) შეურაცხყო საკრებულო, საკრებულოს რომელიმე წევრი ან სხვა პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება თუ არა ეს პირი საკრებულოს სხდომაზე; დ) არღვევს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას; ე) უხეშად ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მითითებებს და შენიშვნებს. 3. სხდომიდან გაძევებულ პირს უფლება არა აქვს სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე დაბრუნდეს დარბაზში სხდომის დამთავრებამდე. თავი XI კენჭისყრის წესი მუხლი 68🔗. კენჭისყრის სახეები კენჭისყრის სახეებია: ფარული, ღია და სახელობითი. გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ან  სარეიტინგო. მუხლი 69🔗. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე მიუხედავად კენჭისყრის სახისა, საკრებულოს წევრს უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს განცხადება საკრებულოს სხდომაზე. მუხლი 70🔗. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს: ა) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა; ბ) შესთავაზოს წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად; გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა; დ) თუ ვერცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. მუხლი 71🔗. სარეიტინგო კენჭისყრა 1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. 2. სარეიტინგო კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს ფარული ან სახელობითი ფორმით. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ნებისმიერ სადავო ან ალტერნატიულ საკითხზე. მუხლი 72🔗. ფარული კენჭისყრა 1. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულ საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის, მათი თანამდებობიდან გადაყენებისა და მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. 2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მასზე ასახული (დატანებული) იქნეს რაიმე განმასხვავებელი ნიშანი. 3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე - დროებითი ხმის დამთვლელი კომისია). ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი. 4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში. 5. საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის დროს საკრებულოს წევრი ბიულეტენში შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმულირებიდან („მომხრე“, „წინააღმდეგი“) საკრებულოს წევრმა უნდა შემოხაზოს ერთ-ერთი. 6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს რომელ გადაწყვეტილებას მისცა ხმა საკრებულოს წევრმა. მუხლი 73🔗. სახელობითი კენჭისყრა 1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით. 2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავის გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე. 3. სახელობითი კენჭისყრა არ შეიძლება ჩატარდეს პერსონალური საკითხების გადაწყვეტისას. მუხლი 74🔗. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება 1. საკითხის განხილვის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში. 2. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას. 3. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საკრებულოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე გადადებს კენჭისყრას და აცხადებს კენჭისყრის ჩატარების დროს. მუხლი 75🔗. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და  საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე 1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი და გასაგები ფორმულირებით დააყენოს კენჭისყრაზე საკითხი მისი ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას საკითხის ფორმულირების შესახებ და დააყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე. საკრებულოს წევრის შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, თუ მას დაეთანხმა საკითხის ინიციატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს წევრის ეს წინადადება ჩაითვლება ალტერნატიულ წინადადებად და იგი კენჭისყრაზე დაისმება რიგითობის დაცვით. 2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს: ა) ინიციირებული პროექტის არმიღების შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ ალტერნატიულ საკითხთა რიგითობა. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტები კენჭისყრაზე უნდა დადგეს მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით; ბ) წარადგინოს კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად. კომპრომისული ფორმულირება კენჭისყრაზე დადგება მხოლოდ შესაბამის ვარიანტების ავტორებთან შეთანხმებით, მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტების სანაცვლოდ და შესაბამისი რიგითობით. იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი წინადადებების ავტორები წინააღმდეგი არიან კომპრომისული ფორმულირების სანაცვლოდ მოხსნან თავიანთი წინადადება, კომპრომისული ფორმულირებით დასმული საკითხი კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული წინადადება. ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული წინადადება კენჭისყრაზე დგება ყველაზე ბოლოს. გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა; დ) თუ ინიციირებულმა და წარდგენილმა ვერცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი  წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. თუ კენჭისყრის შედეგად ხმები იმგვარად გადანაწილდა, რომ ვერცერთმა ვარიანტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აქვს უფლება კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენოს ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო; ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად დააყენოს საკითხი შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ ეს საკითხი შეიძლება დასვას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, აგრეთვე თუ ხელმეორედ დაისვა ის ორი ვარიანტი, რომელმაც ხმების უფრო მეტი რაოდენობა მიიღო, მაგრამ არცერთი ვარიანტი არ იქნა მიღებული. შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება საკრებულოს გადაწყვეტილებით. თუ საკრებულომ უარი განაცხადა შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ან არ მიიღო არც ინიციირებული და არც ალტერნატიული ვარიანტები, საკითხი ითვლება უარყოფილად, იხსნება დღის წესრიგიდან და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ხელმეორედ შეიძლება შეტანილი იქნეს, როგორც წესი, მხოლოდ 3 თვის შემდეგ. გამონაკლისია შემთხვევა, თუ უარყოფილი საკითხი არსებითად გადამუშავდა, რაზეც არსებობს საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნა, ასევე თუ ამ საკითხის განმეორებით განხილვას ითხოვს მუნიციპალიტეტის მერი აუცილებლობის მოტივით. 3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარების დროს საკრებულოს წევრს უფლება აქვს: ა) უარი თქვას ნებისმიერი სახის კენჭისყრაში მონაწილეობაზე; ბ) მოითხოვოს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება. თუ სხდომის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ წინადადებას, ტარდება სარეიტინგო კენჭისყრა მასზე მსჯელობის გარეშე. თუ სხდომის თავმჯდომარე არ დაეთანხმება საკრებულოს წევრის ამ წინადადებას, საკითხი მსჯელობის გარეშე წყდება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით. გ) მოითხოვოს სახელობითი კენჭისყრის ჩატარება. მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს დაუყოვნებლივ აყენებს კენჭისყრაზე და საკრებულო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით. დ) თუ განხილულ საკითხზე ვერც ინიციირებულმა და ვერც ალტერნატიულმა წინადადებებმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, მოითხოვოს ხელმეორე კენჭისყრაზე იმ ორი წინადადების დაყენება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო. სხდომის თავმჯდომარე თუ დაეთანხმა ამ წინადადებას მასზე მსჯელობის გარეშე ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი მსჯელობის გარეშე წყდება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით. ე) დღის წესრიგიდან საკითხის მოუხსნელად მოითხოვოს შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა. 4. საკრებულოს ფრაქციას კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე შესვენება არაუმეტეს 10 წუთის ხანგრძლივობით. ფრაქციის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. თუ საკრებულოს ერთმა ფრაქციამ მოითხოვა რიგგარეშე შესვენება, შესვენების დამთავრების შემდეგ სხვა ფრაქციას უფლება არა აქვს იგივე მოთხოვნა ხელახლა დააყენოს. 5. საკრებულოს ფრაქციას ან/და საკრებულოს კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს: ა) კენჭისყრის პროცედურის გადადება; ბ) საკითხის დამატებით შესასწავლად მისი შესაბამის კომისიაში დაბრუნება (დღის წესრიგიდან მოუხსნელად); გ) საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა და დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა. ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარემ პირველ რიგში კენჭისყრაზე უნდა დასვას ეს საკითხი. თუ საკრებულო დაეთანხმა ამ წინადადებას, საკითხი ითვლება უარყოფილად. მუხლი 76🔗. კენჭისყრის ჩატარების წესი 1. საკრებულოს დადგენილების პროექტს კენჭი ეყრება თითოეული მუხლის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე პუნქტების (ქვეპუნქტების) მიხედვით, რის შემდეგაც დადგენილებას ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი. 2. თავდაპირველად კენჭი ეყრება პროექტის ინიციირებულ ვარიანტს, ხოლო მისი არმიღების შემთხვევაში - პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით. 3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს განხილვის შემდეგ დადგენილების პროექტს ერთიანად უყაროს კენჭი, თუ პროექტის მიმართ შენიშვნები არ იქნა გამოთქმული. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოყოს დადგენილების პროექტის ის მუხლები, რომლებზეც შენიშვნა არ იქნა გამოთქმული და ამ მუხლებს ერთიანად უყაროს კენჭი. 4. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების (შესწორების, დამატების) ნაწილების ცალ-ცალკე კენჭისყრა. ასეთ შემთხვევაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ პროექტს უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით ერთიანადაც უნდა ეყაროს კენჭი. 5. თუ საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი), ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება, ხოლო თუ პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი) არ იქნა მიღებული, ალტერნატიულ ვარიანტებს კენჭი ეყრება რიგითობის მიხედვით. თუ რომელიმე ვარიანტი საკრებულომ მიიღო, მაშინ სხვა ვარიანტებს კენჭი აღარ ეყრება. 6. თუ არ იქნა მიღებული პროექტის ინიციირებული მუხლი (პუნქტი/ქვეპუნტი) და არ არის დასახელებული ალტერნატიული ვარიანტი, ან არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ იქნა მიღებული, სხდომის თავმჯდომარე აგრძელებს პროექტის მუხლობრივ (პუნქტებით/ქვეპუნქტებით) კენჭისყრას, რომლის დამთავრების შემდეგ პროექტის ერთიანად კენჭისყრამდე აძლევს მის ინიციატორს წინადადებას ამოიღოს ის მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი) რომელიც კენჭისყრით იქნა უარყოფილი (თუ ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ამოღება არ იწვევს პროექტის სხვა მუხლების (პუნქტების/ქვეპუნქტების) შეცვლას და არ ცვლის პროექტის არსს)), ან წარმოადგინოს ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ახალი ვარიანტი. 7. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ამოღების თაობაზე, პროექტს კენჭი ეყრება ერთიანად ამ მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) გარეშე. 8. თუ პროექტის ინიციატორი დათანხმდა სხდომის თავმჯდომარის წინადადებას შესაბამისი მუხლის (პუნქტის/ქვეპუნქტის) ახალი ვარიანტის მომზადების შესახებ, პროექტის ერთიანად კენჭისყრა გადაიდება მისი ინიციატორის მიერ შეთავაზებული დროით. 9. თუ პროექტის ინიციატორი არ ეთანხმება სხდომის თავმჯდომარის შემოთავაზებას, პროექტს ერთიანად ეყრება კენჭი. თუ საკრებულოს მიერ პროექტი ერთიანად იქნა მიღებული, მიღებულად ითვლება ასევე ის მუხლი (პუნქტი/ქვეპუნქტი), რომელიც ცალკე კენჭისყრისას არ იქნა მიღებული. თუ პროექტი ერთიანად არ იქნა მიღებული, იგი იხსნება დღის წესრიგიდან. 10. კენჭისყრისას საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა. 11. კენჭისყრაში მონაწილეობისას საკრებულოს წევრი თავის ნებას გამოხატავს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: „მომხრე“, „წინააღმდეგი“. მუხლი 77🔗. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება 1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე. 2. საკრებულოს წევრს, რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს, უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით ეჭვის თაობაზე განცხადება სხდომის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე. განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის ჩატარების ან განცხადების უარყოფის შესახებ. თავი XII საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი მუხლი 78🔗. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები 1. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება; ბ) ინდივიდუალური აქტი - საკრებულოს განკარგულება. 2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. 5. საკრებულოს ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი ზედამხედველობა, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ აქტებზე დარგობრივი ზედამხედველობა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-XVI თავით დადგენილი წესით. მუხლი 79🔗. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი 1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს: ა) საკრებულოს წევრს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრებას; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს, პეტიციის წესით (საკრებულოს დადგენილების პროექტის). 2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით. 3. ინიციირება ხდება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით. 4. საკრებულოში შეტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება: ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება; ბ) მითითება საკრებულოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან/და პუნქტის/ქვეპუნქტის მითითებით); გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება; დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა; ე) შეთანხმების ფურცელი (მუნიციპალიტეტის რომელ  ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული); ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი. 5. საკრებულოს დადგენილების პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს საკრებულოს სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების (დამატებების) შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების (დამატებების) პროექტები და წარდგენილ იქნეს ერთიანი პაკეტის სახით. მუხლი 80🔗. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი 1. საკრებულოში ინიციირების წესით წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი გაივლის შემდეგ პროცედურებს: ა) პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს; ბ) საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ არეგისტრირებს პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად; გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ, განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებში პროექტის განხილვისა და საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს; დ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პროექტის გამოქვეყნებას და მის მიწოდებას საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ასევე მუნიციპალიტეტის მერიისთვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადა, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა; ე) საკრებულოს კომისია, მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას/წინადადებას/შენიშვნას საკრებულოს აპარატს; ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული დასკვნების, წინადადებებისა და შენიშვნების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად; ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს, წინადადებებს, შენიშვნებს და იღებს გადაწყვეტილებას პროექტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან მისი უარყოფის შესახებ. 2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს პროექტის შესახებ დასკვნის არარსებობის ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად. მუხლი 81🔗. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი 1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის მე-80 მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მუნიციპალიტეტის მერიის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მუნიციპალიტეტის მერთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. 2. პროექტის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე  საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი ნორმატიული აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიისათვის გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ. 4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემათანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადით. შემთანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე. 5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორც იყო ინიციირებული, ხელახალი დებატების გამართვის გარეშე. 6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის შემდეგ. 7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს განსახილველად წარდგენილი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით ამ რეგლამენტის 92-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა. 8. ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ტარდება კენჭისყრა. პროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში წინასწარი კენჭისყრა ტარდება შეტანილი ცვლილებების კომპერომისული ვარიანტის მიღების მიზნით. 9. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ამ რეგლამენტის მე-XI თავით დადგენილი წესით. 10. ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 - მე-9 პუნქტების შესაბამისად. თავი XIII საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი მუხლი 82🔗. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი 1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ რეგლამენტით. 2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს. 3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს არაუგვანეს შესაბამისი წლის 15 ნოემბრისა. 4. მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისათვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 103-ე და 131-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა. 5. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის: გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს; გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს. 6. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის/ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით: ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები; ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა; ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა; ბ.დ) ვალდებულებების კლება; გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით; დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას; ე) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას; ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს; თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს. 7. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს: ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს; ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას; გ) ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი/დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; დ) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაციას. მუხლი 83🔗. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი 1. რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. 2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს.  3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს. 5. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან, საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნების ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იგივე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება), არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს. 6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 84🔗. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი 1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება: ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა; ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის დასკვნის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი კვირისა. 2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენელი (წარმომადგენლები). სხდომაზე თანამომხსენებლად გამოდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი), რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს კომისიის დასკვნას. 3. მომხსენებლის და თანამომხსენებლის მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. საკრებულოს სხდომაზე განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტში ცვლილების წინადადება არ არის მიღებული, თუკი საკრებულო სხდომაზე არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას ამ რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. მუხლი 85🔗. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი 1. თუ საკრებულომ ვერ დაამტკიცა ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი და ვერც ალტერნატიული ვარიანტები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირების მონაწილეობით. 2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს საკრებულო ამ რეგლამენტის 83-ე და 84-ე მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 86🔗. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება 1. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 2. თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერმა არ გაიზიარა საკრებულოს შენიშვნები - ბიუჯეტის პირვანდელი რედაქცია, საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის 3/5-ით დაამტკიცოს საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად. 4. საკრებულოს დადგენილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 5. დამტკიცებული ბიუჯეტის დადგენილი წესით გამოქვეყნებას და ხელმისაწვდომობას  უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 87🔗. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება 1. მუნიციპალიტეტის მერია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. 2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა შეიცავდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 87-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას. 3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა მუნიციპალიტეტის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა. 4. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და საკრებულოს ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. 5. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 122-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. საკრებულო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა. 7. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას (თანამომხსენებლები), აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში). 8. მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. 9. საკრებულო არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას. 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და უნდა გამოქვეყნდეს ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 88🔗. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტების განხილვის განსაკუთრებული წესი 1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მუნიციპალიტეტის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების საფუძველზე. 2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის მუნიციპალიტეტის ფინანსებზე გავლენის შესახებ. 3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე. 4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის შემდეგ. 5. მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილება უნდა შეესაბამებოდეს დასაგეგმი წლის საბიუჯეტო პარამეტრებს, ხოლო თუ იგი იწვევს მომავალი წლების საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებას, ის შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. მუხლი 89🔗. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება 1. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები ან/და ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხების ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ  მუნიციპალიტეტის მერი. 3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე). 4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი  ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე. 5. შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. მუხლი 90🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა (წინადადება). 2. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობად კენჭისყრის გარეშე, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე" და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. მუხლი 91🔗. პეტიციის წესით წარდგენილი წინადადებისა და ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა 1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები პეტიციის წესით წარდგენილად ჩაითვლება და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერების შეგროვების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. 2. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომაზე განიხილავს შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არა არის მითითებული. 3. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს საკრებულოს სხდომის დღეს აცნობებს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს არაუმეტეს 3 მომხსენებელი, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საკრებულოს და მისი ორგანოების სხდომებზე ამ საკითხის განხილვაში. მუხლი 92🔗. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით 1. მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 81-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე აუცილებლობის მოტივით დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტის ხელახლა განხილვის საკითხი. 2. საკრებულოს შესაბამის კომისიას ან/და საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მერის მიერ ნორმატიული აქტის პროექტის ხელახლა განხილვის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის მერის წინადადება უარყოფილად ჩაითვლება, თუ საკრებულო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამის ნორმატიული აქტის პროექტს. 4. საკრებულო შემთანხმებელი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტს განიხილავს ამ რეგლამენტის  81-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით. 5. თუ ნორმატიული აქტის პროექტი საკრებულოს მიერ ხელმეორედ იქნა უარყოფილი, იგი მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეიძლება იქნეს წარდგენილი ხელახლა განსახილველად. თავი XIV საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა, თანამდებობიდან გადაყენება და გადადგომა. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა მუხლი 93🔗. საკრებულოს თანადებობის პირთა არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების ზოგადი წესი საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება საკრებულოს სხდომაზე ხდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ შესაბამისად და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით. მუხლი 94🔗. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებულ საკრებულოს წევრს კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენამდე უფლება აქვს მიზეზის დასახელებით ან მის გარეშე უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე ან მოხსნას თავისი კანდიდატურა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. 5. კანდიდატებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. 6. კანდიდატთა ერთიანი სიის შედგენის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრას. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით. 7. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევ ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატი, რომელმაც თანხმობა განაცხადა კენჭი იყაროს ამ თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატების შეტანა ხდება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით. 8. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (ხოლო მის შექმნამდე დროებითი ხმის დამთვლელი კომისია). 9. ბიულეტენს საკრებულოს წევრი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში). ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ხმის მიცემისას საკრებულოს წევრი  შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის) თავმჯდომარეს, გაფუჭებულ ბიულეტენს ჩამოაჭრას რიგითი ნომრების აღმნიშვნელი კიდე, ჩააბაროს იგი და მიიღოს ახალი ბიულეტენი. შევსებულ ბიულეტენს საკრებულოს წევრი მოათავსებს კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთში. 10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის (დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის) თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენებს. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მისცეს ხმა. 11. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია (დროებითი ხმის დამთვლელი კომისია)  განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს და ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. 12. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 13. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 14. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. 15. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. მუხლი 95🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება 1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3–ის მიერ. მოთხოვნა ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას და რეგისტრაციაში ატარებს მოთხოვნას. მოთხოვნა იმავდროულად შეიძლება შეიცავდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც. 2. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში არ არის დასმული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი მორიგი სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად. 4. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მისი არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში -  თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე, ხოლო თუ არცერთი მოადგილე არ არის ან უარს ამბობს მოვალეობის შესრულებაზე - საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი. 5. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებმა შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან თავიანთი მოსაზრების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება. 6. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს სხდომას. მისი ეს უფლება არ შეიძლება იქნეს უარყოფილი. 7. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ფარული კენჭისყრა ბიულეტენების საშუალებით. 8. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 9. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. 10. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი უფლებამოსილება დროებით უჩერდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებისას. მუხლი 96🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა 1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე (მათ შორის - პირველი მოადგილე), რომლებიც თანამდებობაზე აირჩევიან ამ რეგლამენტის მე-19 მუხლში მითითებული წესით. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, რომელიც ტარდება ამ რეგლამენტის 72-ე მუხლისა და 94-ე მუხლის მე-8-მე-11 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 97🔗. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. მუხლი 98🔗. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევა 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა ამ რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, რომელიც ტარდება ამ რეგლამენტის 72-ე მუხლისა და 94-ე მუხლის მე-8-მე-11 პუნქტების შესაბამისად. 3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევისას შესაბამის შემთხვევებში ვრცელდება ამ რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-13-მე-15 პუნქტები. მუხლი 99🔗. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა ან შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების მოთხოვნას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. მუხლი 100🔗. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა 1. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მიზეზის დასახელებით ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადადგეს თანამდებობიდან. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს თანამდებობის პირი გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების საკრებულოს ბიუროსთვის წარდგენის დღიდან. 2. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს თანამდებობის პირის განცხადებას გადადგომის შესახებ, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მუხლი 101🔗. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა, მერისთვის უნდობლობის გამოცხადება 1. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერება ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტა - იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეჩერების, ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკრებულო იღებს ცნობად, რაც ფორმდება სხდომის საოქმო ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. თანამდებობიდან გადადგომისას მერი პირადი განცხადებით იხსნის უფლებამოსილებას საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. 3. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის თანამდებობიდან დათხოვნა, მისი უფლებამოსილების შეჩერება ან ვადამდე შეწყვეტა ხდება ამ კოდექსის მე-XVIII თავით დადგენილი წესით.   4. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას (თანამდებობრივი შეუთავსებლობა), საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 5. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას (მერისთვის უნდობლობის გამოცხადება), საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. 6. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის შესაბამისი წერილობითი ინიციატივა. 7. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირება, საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვება, წარდგენა და ნამდვილობის შემოწმება, საკრებულოს მიერ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ მუხლითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით. 8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას და ინიციატორთა თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების საერთო რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა ხელმოწერების არანაკლებ 10 პროცენტისა, დამატებით მოწმდება მხარდამჭერთა ხელმოწერების იგივე რაოდენობა. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და ინიციატორს უარი ეთქმევა ინიციირებაზე. 9. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი  (წელი, თვე და რიცხვი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლება, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); დ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები. ე) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის  ვადას; ვ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ, თუ ამ ფაქტს წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ) ხელმომწერი არ არის ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი; 10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელსაც ხელს არ აწერს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე თუ მისი ხელმოწერა არ არის დამოწმებული სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ. 11. თუ საკრებულოს მიერ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.  12. უნდობლობის საკითხის ინიციირება და მერისთვის უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, ასევე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო 1 წლის განმავლობაში. 13. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. 14. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 15. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. თავი XV საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი მუხლი 102🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტის გაფორმება 1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები უნდა გაფორმდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. 2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების რედაქტირებას და გაფორმებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი მიღებიდან არაუგვიანეს ორი დღისა მატერიალური და ელექტრონული დოკუმენტის სახით ხელმოსაწერად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ან სხვა უფლებამოსილ პირს. მუხლი 103🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება 1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად, ასევე ამ რეგლამენტის 131-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა. 3. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ელექტრონულად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე - www.matsne.gov.ge. 4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - საკრებულოს განკარგულება,  ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 5. საკრებულოს სამართლებრივი აქტები ელექტრონულად უნდა გამოქვეყნდეს (გამოსაქვეყნებლად გადაეცეს) უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების შემდეგ. მუხლი 104🔗. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა 1. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ აქტში სხვა თარიღი არ არის მითითებული. 2. საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ძალაში შედის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მიღებისთანავე ან გამოქვეყნების (გაცნობის) შემდეგ, თუ შესაბამის აქტში მითითებული არ არის მისი ამოქმედების სხვა თარიღი. მუხლი 105🔗. საკრებულოს სხდომის ოქმი 1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი მოხელე. საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში და გამოთქვას შენიშვნები. სხდომის ოქმთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გადაეცემა შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც თუ დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას, გასცემს დავალებას სხდომის ოქმის შესწორების შესახებ. თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში შენიშვნები არ იქნა გამოთქმული ან შენიშვნების შესაბამისად მოხდა სხდომის ოქმის შესწორება, სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს სხდომის ოქმს. თუ სხდომის თავმჯდომარე არ გაიზიარებს გამოთქმულ შენიშვნებს, შენიშვნის ავტორს უფლება აქვს შესაბამისი განცხადებით მიმართოს საკრებულოს, რომელიც სხდომაზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება: ა)  სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი; ბ) ოქმის რიგითი ნომერი; გ) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა რაოდენობა და მათი ვინაობა; დ) სხდომის დღის წესრიგი (მომხსენებელთა ვინაობის მითითებით); ე) სხდომაზე გამომსვლელთა სია; ვ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. საკრებულოს სხდომის ოქმს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 106🔗. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვის წესი 1. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვა ხდება მატერიალური და ელექტრონული ფორმით. 2. სხდომის ოქმი საჯაროა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე. 3. სხდომის ოქმს უნდა დაერთოს; ა) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი; ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები; გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები, ფარული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი და ბიულეტენები; დ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები. 4. საკრებულოს სხდომის ოქმი და მასზე დართული მასალები ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ინახება საკრებულოს აპარატში, ხოლო შემდეგ ბარდება ეროვნულ არქივს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XVI საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება მუხლი 107🔗. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები 1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია: ა) საკრებულოს წევრის მიერ შეკითხვის დასმა და ინტერპელაცია; ბ) ინფორმაციის გამოთხოვა; გ) ანგარიშის მოსმენა; დ) დამოუკიდებელი აუდიტი. მუხლი 108🔗. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები 1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერ თანამდებობის პირს. 2. შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრულ საკითხებზე. 3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს. წერილობითი შეკითხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს. შეკითხვას შეიძლება ახლდეს დასაბუთება. 4. შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე პასუხი გაიცემა საკრებულოს სხდომაზე. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება, თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საკრებულოს წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება საკითხის საკრებულოს სხდომის (ბიუროს სხდომის) დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. 5. საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხზე შეიძლება 3 დღის ვადაში გაიცეს წერილობითი პასუხი შემდგომი განხილვის გარეშე. 6. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხი. მუხლი 109🔗. ინტერპელაცია 1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს არანაკლებ 5 წევრს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელის წინაშე. 2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის, მერის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის  ხელმძღვანელის მიერ შესაბამის დარგში განხორციელებული საქმიანობის ზოგად ან კონკრეტულ საკითხებს. 3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტი და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. საკითხი წერილობით უნდა ჩაბარდეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს ბიუროს წარუდგენს წინადადებას საკითხის განხილვის ვადის თაობაზე. საკითხი შეიტანება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩაბარებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. 4. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე საკრებულოს ფრაქცია ან საკრებულოს წევრთა ჯგუფი გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა არანაკლებ 15 წუთი განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ  - არანალებ 20 წუთი. 5. ინტერპელაციის წესით დასმული საკითხის ინიციატორის მოთხოვნით შეიძლება გაიმართოს დებატები. 6. ინტერპელაციის წესით დასმულ საკითხზე საკრებულო სხდომაზე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 110🔗. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე 1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა კომისიამ ან/და მერიის შესაბამისმა სამსახურმა. 2. საკრებულოს კომისიის ან/და მერიის სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, აქტის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ. 3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 111🔗. კონტროლი მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაზე 1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს, წარუდგენენ მათ საკრებულოს ბიუროს განსახილველად. 2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს. 3. მუნიციპალიტეტის მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს, ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას, წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 112🔗. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა 1. საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა. 2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. 3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი. 4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 5. ხელშეკრულებას დამოუკიდებელ აუდიტორთან დებს საკრებულოს თავმჯდომარე. 6. დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ. 7. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტი შეიძლება მოწვეულ იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. თავი XVII მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მუხლი 113🔗. საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი 1. საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კვირაში ერთხელ  მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება. 2. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა) ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს მოქალაქეთა მიღება. ამ მიზნით საკრებულოს წევრებისათვის გამოიყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრისთვის - აგრეთვე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის გამოყოფილ შენობაში) 3. საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ. 4. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნება საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, ადგილი, მიღების საათები (არანაკლებ 5 საათი), თითოეული მოქალაქესთვის გამოყოფილი დრო (არანაკლებ 10 წუთი). 5. საკრებულოს წევრის (თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღებას აღრიცხავს და მიღების ოქმს ადგენს შესაბამისი საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) ან საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები. 6. საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს, რის შემდეგაც ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში. 7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის განხილის მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მუხლი 114🔗. საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესი 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის საჯარო სხდომებს. 2.  საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარებისას უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს სხდომის ტრანსლაცია ან მათ ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს მოუსმინონ სხდომის მსვლელობას. 3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ რეგლამენტის 57-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესებით დაცვით დასვას კითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განცხადება, მიმართვა და წარადგინოს ინფორმაცია. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხების განხილვისას დებატებში. ამ მიზნით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს. 5. ყველას აქვს უფლება საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს  წარუდგინოს მოსაზრებები მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე. მუხლი 115🔗. საზოგადოებრივი საბჭო 1. საკრებულოს განკარგულებით შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საკრებულოს აპარატს  საზოგადოებრივი საბჭოს წევრად რეგისტრაციის შესახებ. 3. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 4. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი. 5. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 6. საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო. 7. საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას და ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს მიერ სხდომაზე დამსწრე წევრთაგან არჩეული მდივანი ან საკრებულოს აპარატი. მუხლი 116🔗. პეტიცია 1. საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს; ბ) დასახლების საერთო კრებას. 2. საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. 4. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 5. პეტიციის შეტანის, რეგისტრაციის, განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლით. 6. საკრებულო უფლებამოსილია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით, დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი. მუხლი 117🔗. მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი მიმართვა 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად. 2. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანო ან/და თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს მიმართვა და გასცეს პასუხი. მუხლი 118🔗. მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირისადმი საჯარო მიმართვა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფს, უფლება აქვთ საჯარო განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.  2. საჯარო განცხადებად მიიჩნევა მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და თანამდებობის პირის გადაწყვეტილების ან მოქმედების შეფასების, მათგან ახსნა-განმარტების მოთხოვნის შემცველი განცხადების გამოქვეყნება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან მისი გავრცელება საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. 3. საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შემთხვევაში ვალდებულია პასუხი გამოაქვეყნოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან გაავრცელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. მუხლი 119🔗. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა") 1. საკრებულო, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, ატარებს ამომრჩეველთა მოსმენას (საკრებულოს „ღია კარის სხდომა"). 2. ამომრჩეველთა მოსმენა (საკრებულოს „ღია კარის სხდომა") ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც. 3. ამომრჩეველთა მოსმენას ესწრებიან საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამდებობის პირები. 4. „ღია კარის სხდომაში” მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს „ღია კარის სხდომის” ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც. 5. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის სხდომაში” გამომსვლელთა სიას. „ღია კარის სხდომაში“ გამომსვლელთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შეტანის თარიღის შესაბამისად. 6. „ღია კარის სხდომაში“ მონაწილე ყველა პირს გამოსვლისათვის ეძლევა არაუმეტეს 5 წუთისა. 7. „ღია კარის სხდომაზე“ დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. გამომსვლელი ამომრჩევლისათვის დამაზუსტებელი კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს. 8. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმული საკითხების აღრიცხვას და წარადგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკითხების შესაბამისი კომისიისათვის ან/და მუნიციპალიტეტის მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ. 9. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას. მუხლი 120🔗. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი 1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 ამომრჩეველს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ. 2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 10 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის დასაბუთებული მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. 3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელებს ხელმოწერების შეგროვებისათვის. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ. 4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი მოხელე ახდენს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და ხელმომწერთა ბლანკების აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 5. ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტების  გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს. ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად. ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. მუხლი 121🔗. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი 1. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება მისი მოწვევის ინიციატორი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით და ამ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების რიგითობით. 2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საჯაროა. 3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორს ან/და მის მიერ დასახელებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის: წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, გამოთქვას მასზე შენიშვნები ან/და მოსაზრებები. მუხლი 122🔗. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა 1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეკრების, სისტემატიზაციისა და ამ საკითხზე მათი მოსაზრების გაცნობის მიზნით. 2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია: ა) საერთო კრება; ბ) მოსახლეობის გამოკითხვა. 3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი საკითხის განხილვისას. მუხლი 123🔗. დასახლების საერთო კრება 1. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში ქმედით ჩართულობას. 2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან (სოფელი/ქალაქი), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან (საერთო კრება). 3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს. 4. საერთო კრების უფლებამოსილება, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის„ 85​2-85​5 მუხლებით და საკრებულოს მიერ დამტკიცებული დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით. მუხლი 124🔗. მოსახლეობის გამოკითხვა 1. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება მუნიციპალიტეტის ერთ ან რამდენიმე დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა მოსაზრების გაგების მიზნით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე. 2. გამოკითხვა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. 3. გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედისა. 4. გამოკითხვის ჩატარების ფორმას (შერჩევითი სოციოლოგიური გამოკითხვა, მუნიციპალიტეტის დასახლების/დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვა, გამოკითხვა ინტერნეტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით და ა.შ.) განსაზღვრავს გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი. 5. გამოკითხვის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 6. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი მისი შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში. მუხლი 125🔗. მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება მოქალაქეთა მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ფორმებია: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობაზე პერიოდული ანგარიშის მოსმენა; ბ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, მუნიციპალური პროგრამები, ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და სხვა) გადაწყვეტილების მიღებამდე  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება;  გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 126🔗. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები მუნიციპალიტეტის  მოსახლეობასთან. 2. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა ადმინისტრაციული შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ. 3.  საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან უშუალოდ შეხვედრის ინიციატორი საკრებულოს წევრი, რომელიც ასევე ხელს აწერს ოქმს. ოქმი ვიზირებულ უნდა იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, რის შემდეგაც ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 127🔗. საკრებულოს წევრის ანგარიში 1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირი) მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული მუშაობის შესახებ. 2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის განთავსების შენობაში). 3. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე ან/და მისი მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელშიც გაერთიანებულია საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებიემიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშის მოსმენას. 4. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი ერთ-ერთი მოადგილე. 6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დამსწრე ამომრჩევლებს შეუძლიათ დაუსვან საკრებულოს წევრს კითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. 7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ოქმს ხელს აწერს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში. მუხლი 128🔗. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 1. საკრებულოს თავმჯდომარე მოვალეა წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით ერთი თვის ვადაში წარადგინოს რიგგარეშე ანგარიში. 3.  საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 4. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში. 5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს მუშაობის ანგარიშის ტექსტის გამოქვეყნებას ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. საკრებულოს მუშაობის ანგარიში შეიძლება განხილულ იქნეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ. ანგარიშის შეფასების მიზნით შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 122-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 129🔗. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები 1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ხოლო საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით - რიგგარეშე ანგარიში. 2. საკრებულოს წევრები (საკრებულოს თანამდებობის პირები) და მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საკრებულო ანგარიშს განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღისა. მუხლი 130🔗. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება 1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა სავალდებულოა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი და მისი შესრულების წლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს. 2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხორციელდება ამ რეგლამენტის 122-ე და 124-ე მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 131🔗. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს: ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში; გ) ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოსთვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში; დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში - საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში; ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი - მისი დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში; ზ) პეტიცია - მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში; ი) ინფორმაცია საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღის, ადგილისა და საათების შესახებ -   მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) -  შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ლ) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი - ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც; მ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში, - მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ნ) საკრებულოს და საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში - წარდგენიდან 5 დღის ვადაში; ო) მუნიციპალიტეტის მერის წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში; პ) მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში; ჟ) მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილობითი ინიციატივა - მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; რ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა - საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ან/და საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. თავი XVIII საკრებულოს დათხოვნა  და საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მუხლი 132🔗. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება 1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საკრებულოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას. 2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას. მუხლი 133🔗. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილებით) საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდება; ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს; გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდება მუნიციპალიტეტის მერსაც. მუხლი 134🔗. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა 1. ამ რეგლამენტის 132-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 133-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. 2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისა და განხორციელების წესი დადგენილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 143-ე-145-ე მუხლებით. თავი XIX საკრებულოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროებითი წესი მუხლი 135🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება 1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს საკრებულო იღებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით. 3. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156​1 მუხლის შესაბამისად. 4. ამ მუხლით დადგენილი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ძალაშია 2030 წლის 1 იანვრამდე. თავი XX საკრებულოს აპარატი მუხლი 136🔗. საკრებულოს აპარატის ფუნქციები 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით. 2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. თავი XXI საკრებულოს რეგლამენტის დაცვა მუხლი 137🔗. რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება 1. საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეები, ასევე საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან რეგლამენტის მოთხოვნები. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შედეგებს. 2. საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე საერთო კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას - სხდომის თავმჯდომარე.