1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში.
3. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
4. ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დადგენილებით.
5. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
7. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
8. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით.
9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.
11. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
13. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში.
14. ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
15. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
16. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
17. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ან მოადგილეებს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო დასამადანტო საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, მოადგილის ან მოადგილეების და ფრაქციისწევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებასთან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.
18. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე–12 პუნქტით განსაზღვრული განცხადება, ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, საპროცედუროდა სამანდატო საკითხთა კომისიას. საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისია განცხადების, ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“- ს 30–ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ, საპროცედუროდა სამანდატო საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად