საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №33/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016615
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №33/04
2022 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების და 42-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან ოპერაციების შეზღუდვის წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე (შემდგომში – „პროვაიდერი“).
2. ამ წესის მიზანია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 13
1 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მექანიზმის განსაზღვრა.
3. პროვაიდერი ვალდებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნები დაიცვას გადამხდელი რეზიდენტი პირების მიმართ.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანია – უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ბ) საბარათე სქემა – საერთაშორისო საბარათე სქემები (Visa, MasterCard, UnionPay, American Express და სხვა) და ლოკალური საბარათე სქემები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო წესების, ტექნიკური სტანდარტების და დანერგვის სახელმძღვანელოების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბარათე გადახდის ოპერაციის დამუშავება, ასევე იგი მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია საბარათე სქემის ფუნქციონირებაზე. საბარათე სქემა არ მოიცავს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას და საგადახდო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე გადახდის ოპერაციის შესრულებას;
გ) სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდი – საბარათე სქემის მიერ გამოყენებული, MCC – ISO 18245 სტანდარტით სათამაშო ბიზნესის საქმიანობისთვის დადგენილი ოთხნიშნა კოდი;
დ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მაიდენტიფიცირებელი კოდი – ექვაირერის მიერ სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს საბარათე ოპერაციებში სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მაიდენტიფიცირებელ რეკვიზიტად;
ე) რეზიდენტი პირი – ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗.
პროვაიდერის უფლებამოსილება სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით
1. პროვაიდერი (ექვაირერი/სუბ-ექვაირერი) უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს მხოლოდ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პროვაიდერი (ექვაირერი/სუბ-ექვაირერი) უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიას, თუ პროვაიდერი (ექვაირერი/სუბ-ექვაირერი) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით ამ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიების სასარგებლოდ გადახდის ოპერაციების განხორციელების შეზღუდვას.
3. პროვაიდერი უფლებამოსილი არ არის ურთიერთობა დაამყაროს სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიასთან მის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების ორგანიზების მიზნით, მათ შორის, საბარათე ოპერაციების მეშვეობით, ინტერნეტბანკით და მობილური ბანკით, თვითმომსახურების კიოსკებით, ფილიალებისა და სერვის-ცენტრებიდან გადახდების ორგანიზების გზით.
მუხლი 4🔗.
პროვაიდერის ვალდებულება მომხმარებლის მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შემთხვევაში
1. პროვაიდერი ვალდებულია შეზღუდოს მის მიერ გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტების საშუალებით ან/და მისი მომსახურების არხებში რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ელექტრონული კომერციის ოპერაციების შემთხვევაში – სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის მიხედვით სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის სათამაშო ბიზნესი და მომსახურე ექვაირერი არის არარეზიდენტი;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებულია ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, კომპანია (კომპანიები) სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ განსაზღვრულია როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანია. აღნიშნული ინფორმაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. თუ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მომხმარებლების მიერ ხდება სხვა პირების (მათ შორის, უცხოური ელექტრონული ფულის პროვაიდერების) გამოყენება შემდგომში სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების მიზნით ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის სფერო არის სათამაშო ბიზნესი, მაგრამ მის მიერ არ ხდება სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მაიდენტიფიცირებელი კოდის გამოყენება, პროვაიდერმა აღნიშნულის შესახებ შესაბამისი წერილობითი შეტყობინება უნდა მიაწოდოს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“, ხოლო შეტყობინების ასლი – საქართველოს ეროვნულ ბანკს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სსიპ „შემოსავლების სამსახურისთვის“ მისაწოდებელი ინფორმაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას:
ა) SWIFT-ის საშუალებით გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში: მიმღების დასახელება, მიმღების ანგარიშის ნომერი, მიმღების მომსახურე ბანკის დასახელება და BIC;
ბ) ელექტრონული კომერციის ოპერაციის შემთხვევაში:
ბ.ა) საბარათე სქემაში სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მაიდენტიფიცირებელი კოდი და დასახელება;
ბ.ბ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის არეალი, კერძოდ, აწარმოებს თუ არა ის გადახდებს მხოლოდ ან უმეტესწილად სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, თუ ის აწარმოებს ყველა ტიპის გადახდებს მომხმარებლების დავალებით.
4. თუ სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ სრულყოფილად არ გააჩნია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მაშინ სსიპ „შემოსავლების სამსახური“ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, ოპერაციების შეზღუდვის მიზნით სრულყოფილი ინფორმაციის დასადგენად, საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალებით უგზავნის პროვაიდერებს. პროვაიდერი ვალდებულია, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში (მათ შორის, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ჩართულობით სატესტო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებით), დაადგინოს მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) რეკვიზიტები და შესაბამისი წერილობითი შეტყობინება (მათ შორის, თუ სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ დადგინდა მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტები) მიაწოდოს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“, ხოლო შეტყობინების ასლი – საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მუხლი 5🔗.
სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღება
1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიიღოს პროვაიდერისგან ან/და სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უგზავნის შესაბამის შეტყობინებას პროვაიდერებს.
3. პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული პირების სასარგებლოდ შეზღუდოს გადახდების განხორციელება ან შეტყობინებაში მითითებულ კონკრეტულ მომხმარებელს შეუზღუდოს კონკრეტულ პირებზე გადახდების განხორციელების შესაძლებლობა.
მუხლი 6🔗.
თანხის გადატანის უფლება
რეზიდენტი პირი უფლებამოსილია სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის ბალანსზე არსებული მისი კუთვნილი თანხა გადაიტანოს საბანკო (მათ შორის, საბარათე) ანგარიშზე და ელექტრონული ფულის ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები
პროვაიდერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულება
პროვაიდერი ვალდებულია:
ა) SWIFT-ის საშუალებით გადარიცხვების განხორციელების შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 15 დღის შემდეგ;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, კონკრეტული მომხმარებლისათვის გადახდების განხორციელების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ.