გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11016-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

 მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 2022 წლი19 აპრილი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი

განმცხადებელი – შპს „რუსთავის აზოტი“

მოთხოვნა – შპს „რუსთავის აზოტის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე,

 გამოარკვია:

2022 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რუსთავის აზოტის“ წარმომადგენელმა (დირექტორმა) ირაკლი ნინუამ, რომელმაც მოითხოვა შპს „რუსთავის აზოტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია ფლობდა და ოპერირებას უწევდა მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ საწარმოს, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში, თუმცა საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის პირველ სექტემბერს, აუქციონის წესით მოხდა მისი კუთვნილი აქტივების (უძრავ-მოძრავი ქონების) სრულად გასხვისება. შესაბამისად, მოვალეს აღარ გააჩნია მისი ძირითადი სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი აქტივები, რის გამოც, რამდენიმე წელია შეჩერებული აქვს საქმიანობა. წარმომადგენლის განმარტებით, მოვალეს დაკარგული აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება.

შპს „რუსთავის აზოტს“ დღეის მდგომარეობით გააჩნია შემდეგი ვადამოსული ვალდებულებები:

1. სს „რუსთავის აზოტი“ – 32 623 704,96 ლარი (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2/3186-18);

2. სს „ე უ ინვესთმენთი“ – 4 632 759,26 ლარი, ასევე, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (13 986 721,6 ლარი) 0.5%-ის ოდენობით 2017 წლის პირველი იანვრიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, თუმცა არაუმეტეს 3 წლისა. (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2/3185-18);

3. სს „ე უ ინვესთმენთი“ – ჯამში 1 962 851,07 აშშ დოლარი, ასევე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების (1 851 844,28 აშშ დოლარი) წლიური 3.7%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე 2/32578-18);

4. სს „საქართველოს ბანკი“ – 2 500 000 აშშ დოლარი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე 2/32972-17);

5. სს „სადაზღვეო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ - 29 454,06 ლარი;

6. შპს „3/21“ – 119 000 ლარი.

განმცხადებლის განმარტებით, მოცემული დროისათვის კომპანიას არ გააჩნია იმ ტიპის ქონება ან ფულადი სახსრები, რომლითაც მოხდება კრედიტორების სრულად დაკმაყოფილება და კანონით დადგენილი საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „რუსთავის აზოტს“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

როგორც ეს განცხადებაზე დართული დოკუმენტებით დგინდება, შპს „რუსთავის აზოტის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოტს 2022 წლის 12 აპრილის ცნობა N61630), შპს „რუსთავის აზოტი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგელობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოტს 2022 წლის 12 აპრილის ცნობა N61689); შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 12 აპრილს გაცემული ცნობის თანახმად,  შპს „რუსთავის აზოტი“ არ ახორციელებს საქმიანობას; სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 2022 წლის 15 აპრილს და სს „თიბისი ბანკის“ მიერ 2022 წლის 13 აპრილს გაცემული ცნობების თანახმად, შპს „რუსთავის აზოტის“ საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება ნაშთი; შსს-ს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილს ცნობის (49/6/1/2-02525981) თანახმად, შპს „რუსთავის აზოტის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია შესაბამისი ფასეული უძრავ/მოძრავი ქონება. მაშასადამე, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, – ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი, – შესაბამისად, არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285 მუხლებით და დაადგინა:

1. უარი ეთქვას შპს „რუსთავის აზოტს“ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე  ზაალ მარუაშვილი.