„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის განკარგულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 92%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 655
2022 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა 2022 წლისთვის“.“;
ბ) განკარგულებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
📎 დანართები (1)
655-1.doc ⬇
დოკუმენტში გამოყენებული აბრევიატურები
| დკსჯეც | სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი |
|---|---|
| იშგამ | იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველ მოვლენებზე მონიტორინგი |
| პჯრ | პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია |
| სჯც | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები |
| ჯანმო | ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია |
| ADB | აზიის განვითარების ბანკი |
| ECDC | ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი |
| FDA | აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო |
| NITAG | იმუნიზაციის ეროვნული ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტი |
| UNICEF | გაეროს ბავშვთა ფონდი |
| WB | მსოფლიო ბანკი |
2. საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია 3
3. საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის სტატუსი 3
4. COVID19-ის ავტორიზებული და კანდიდატი ვაქცინები 3
5. ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები, მოცვის ეტაპები, ვაქცინების საჭიროება 3
6. ვაქცინაციის პროგრამის ორგანიზაციული სტრუქტურა და კოორდინაცია 3
7.COVID-19-ის ვაქცინაციის მომსახურების მოწოდების ორგანიზება 3
9. ცივი ჯაჭვი, ვაქცინების განაწილება, ნარჩენების მართვა 3
10. ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი 3
11. მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია 3
12. ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი, იშგამ-ის მართვა, ვაქცინის უსაფრთხოება 3
13. საინფორმაციო სისტემა, მონიტორინგი 3
14. კორუფციის პრევენციის ღონისძიებები 3
15. გეგმის განხორციელების მონიტორინგი 3
1.შესავალი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 2020 წლის 31 იანვარს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული დაავადების (COVID-19) გამო გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი წლის თავზე, COVID-19-ით დაავადდა 350 მილიონზე მეტი ადამიანი და დაიღუპა 5,6 მილიონი.1 პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად მსოფლიოს კატასტროფული ეკონომიკური ზარალი მოუტანა და კვლავაც მოაქვს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 12.6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს 2024 წლისთვის.2
COVID-19-ის პანდემიაზე სათანადო რეაგირება, ნეგატიური შედეგების პრევენცია და შემსუბუქება ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საზოგადოების და მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია პანდემიის გამოცხადების დღიდან. COVID-19-ის ვაქცინით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა პანდემიაზე რეაგირების ქვაკუთხედად გადაიქცა 2021 წლის მარტიდან, როდესაც ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები და დღემდე რჩება ჯანმრთელობის და ეკონომიკური დანაკარგების პრევენციის ყველაზე ოპტიმალურ ეფექტიან საშუალებად. ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მოსახლეობისათვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო ეტიოტროპული სამკურნალო პრეპარატები, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას დაავადების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის და გრძელვადიანი ნეგატიური შედეგების ტვირთის შემსუბუქებაში, მაგრამ ამ სამკურნალო პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა ვერ ჩაანაცვლებს მოსახლეობის, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირების ვაქცინაციით სწრაფი მოცვის საჭიროებას. ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებით დამტკიცებული და შემდგომში 2021 წლის 8 აპრილის №573 განკარგულებით სახეცვლილი საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განახლება 2022 წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ და ქვეყნის მასშტაბით დაგროვილ გამოცდილებას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დინამიკას და მისი მოსალოდნელი განვითარების გაუმჯობესებულ მოდელირებას, ახალი, კიდევ უფრო ეფექტური ვაქცინების დანერგვის პერსპექტივას და ქვეყანაში COVID-19 ვაქცინაციის კამპანიის ერთწლიან გამოცდილებას. ამ მიზნით, საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის3 ეგიდით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) კოორდინაციით და მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ მობილიზებული სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა ვაქცინაციის მიმდინარე პროცესის სწრაფი შეფასება, სხვადასხვა დონეზე განმახორციელებლებთან, მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებთან და მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების სერია და შემუშავდა 2022 წლისათვის საქართველოში COVID-19 ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმის წინამდებარე დოკუმენტი.
წარმოდგენილი გეგმა მოკლედ აფასებს 2021 წელს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის პროცესს და წარმოაჩენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გააქტიურების და ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებს, პასუხისმგებელ მხარეებს და ფინანსურ საჭიროებებს. გამომდინარე მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან, რაც პანდემიის და SARS-CoV-2-ის ვარიანტების განვითარებას, პანდემიაზე რეაგირების ოპტიმალური ზომების შესახებ ახალი მტკიცებულებების აკუმულირებას და ახალი ვაქცინების გამოცდა-რეგისტრაციას და წარმოება-განაწილება-მიწოდებას უკავშირდება.
ვაქცინაციის წინამდებარე გეგმა განხილულ იქნა და რეკომენდაცია გაუწია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნულმა ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა და ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიამ 2021 წლის 23 დეკემბერს.4
მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს, რომ წინამდებარე გეგმა ეფუძნება სადღეისოდ არსებულ ცოდნას დაავადების ეპიდემიოლოგიის და ვაქცინების ეფექტურობის შესახებ და გადაიხედება ახალი მტკიცებულებების დაგროვებასთან ერთად, საქართველოში COVID-19-ის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის მიერ და მოხდება პერიოდული ცვლილებების შეტანა.
2. საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია
საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირებული COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან, 2022 წლის 31 იანვრამდე დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების 1,175,923 და გარდაცვალების 14,980 შემთხვევა (დადასტურებული შემთხვევების 1,27%). 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან, საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აღინიშნა ომიკრონის ინტენსიური გავრცელება, რის ფონზეც დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მილიონ ნახევარს მიუახლოვდა. ომიკრონის გავრცელების პირობებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 3%-მდე და მეტად შემცირდა. 2022 წლის იანვარსა და თებერვლის პირველ ნახევარში გამოვლენილ ნახევარ მილიონზე მეტ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი 0.1%-ს შეადგენდა, რაც ომიკრონის ნაკლები დამაზიანებელი ეფექტით, ასევე ქვეყანაში შექმნილი იმუნიტეტის (როგორც ვაქცინაციის, ასევე გადატანილი დაავადების შედეგად) შეიძლება აიხსნას.
3. საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის სტატუსი
მმართველობა, კოორდინაცია და მარეგულირებელი გარემო. საქართველოში COVID-19 ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია“,5 რომელიც გეგმის შემუშავების, მისი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს. ვაქცინაციის გეგმის სხვადასხვა კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობების განაწილება მოხდა, 2021 წლის ეროვნული გეგმის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში, შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყვეს მათზე ეროვნული გეგმით დაკისრებული ვაქცინაციის პროცესის მმართველობის და კოორდინაციის ძირითადი ფუნქციების სათანადოდ შესრულება. კერძოდ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) მოახდინა ვაქცინების სწრაფი და დაუბრკოლებელი შესყიდვისა და ქვეყანაში დაშვებისთვის შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მომზადება/მიღება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით შესაბამისი რაოდენობის ვაქცინების მობილიზება და იმპორტი. ამასთან, საქართველო რეგიონის ქვეყნებიდან ერთი-ერთი პირველი იყო ვინც შეძლო ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინების შემოტანა (ოქსფორდ ასტრაზენეკა და პფაიზერი) 2021 წლის მარტისთვის.
დკსჯეც-მა სათანადოდ და დროულად უზრუნველყო სახარჯი მასალების და იმუნიზაციის სერვისის შესყიდვა და ანაზღაურება, ცენტრალურ დონეზე გაუკეთა ორგანიზება ვაქცინების ლოგისტიკას და ვაქცინაციის ბრიგადების მომზადებას, ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს და ზედამხედველობას და სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით მართავს ვაქცინაციის პროცესის საინფორმაციო სისტემას და დიგიტალურ პლატფორმას და შესაბამის მოდულებს.
ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იკრიბება რეგულარულად ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ზედამხედველობის, ვაქცინაციის პროცესში წარმოშობილი გამოწვევების, საჭირო კორექტივების და ვაქცინაციის სხვადასხვა საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილებების მიღების და ან მომზადების მიზნით.
იმუნიზაციის ეროვნული ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტი (NITAG) უზრუნველყოფდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული სამეცნიერო და ტექნიკური საკითხების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადებას პრიორიტეტული და სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების შესახებ და ასევე ზედამხედველობას უწევდა ქვეყანაში იმუნიზაციის შედეგად განვითარებულ არასასურველ მოვლენებს.
2021 წლის აგვისტოდან მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის დაზუსტება, ,,სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 აგვისტოს №1368 განკარგულების შესაბამისად. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ, მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. სოფლად ვაქცინაციის ხელშეწყობის პროცესი აქტიურად წარიმართა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. თუმცა, მუნიციპალიტეტების ნაწილში ვაქცინაციით დაბალი მოცვა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის და მულტისექტორალური ძალისხმევის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს.
COVID-19-ის ვაქცინებით უზრუნველყოფა. ვაქცინების შესყიდვის პროცესი განხორციელდა 2021 წლის 21 იანვარს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმით განსაზღვრული საჭირო რაოდენობის შესაბამისად. ვაქცინების შერჩევის მთავარი პირობა იყო ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინების პირველი მოწოდება განხორციელდა COVAX პლატფორმით 2021 წლის 13 მარტს. საქართველოს მიეწოდა ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა, რითაც დაიწყო ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ეროვნული გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებისათვის. საქართველო, როგორც ვაქცინაციისათვის მაღალი მზაობის მქონე ქვეყანა იყო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც COVAX-ისგან 2021 წლის 24 მარტს მიიღო პფაიზერის შესაბამისი დოზა. ამავდროულად, შემდგომში ბილატერალური ხელშეკრულებებისა, აგრეთვე, პარტნიორ ქვეყნებთან დონაციის კუთხით თანამშრომლობის შედეგად საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია მოსახლეობის ყველა სამიზნე ჯგუფისთვის.
ჯამში, 2021 წლის ნოემბრამდე საქართველოში იმპორტირებული იყო ძირითადად ბილატერალური შესყიდვების და დონაციით მიღებული ოთხი მწარმოებლის (ოქსფორდ ასტრაზენეკა, ბიონტექ პფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი) COVID-19-ის ვაქცინის 5,033,470 დოზა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1: 2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული COVID-19-ის ვაქცინები და იმპორტის ვადები
| ვაქცინის სახე | საქართველოში ვაქცინების იმპორტის ვადები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 03.2021 | 04.2021 | 05.2021 | 07.2021 | 08.2021 | 09.2021 | 10.2021 | 11.2021 | სულ | |
| ასტრა ზენეკა | 43,200 | 43,200 | 43,200 20000 დონაცია |
149,600 | |||||
| პფაიზერი | 29,250 | 1,170 | 718790 მ.შ. 500000 დონაცია |
358020 | 423540 | 83000 დონა-ცია |
468000 დონა-ცია |
2,081,770 | |
| სინოფარმი | 100,000 | 500000 | 100000 დონა-ცია | 1000000 | 1,700,000 | ||||
| სინოვაკი | 100,000 | 1000000 | 1,100,000 | ||||||
| სულ | 72,450 | 200,000 | 44,370 | 2281990 | 358020 | 523540 | 1083000 | 468000 | 5,031,370 |
წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2021 წელი.
COVID-19-ის ვაქცინების შენახვა, ადგილებზე მიწოდება, აცრების პროცესის უზრუნველყოფა. ვაქცინების მიღებას, შენახვას და ქვეყნის მასშტაბით განაწილებას უზრუნველყოფდა დკსჯეც, რომლის ცენტრალური და რეგიონალური საწყობები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მუნიციპალური საწყობები აღიჭურვა საჭირო რაოდენობით სავაქცინე მაცივრებით, საყინულეებით, სატრანსპორტო კონტეინერებით, ცივი ყუთებით, ტემპერატურის მონიტორირების სისტემებითა და ვაქცინ-მზიდებით-მაცივარი მანქანებით (დეტალები მოცემულია გეგმის მე-9 თავში).
2021 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა შენახვის ან ტრანსპორტირების პირობების დარღვევის გამო COVID-19-ის ვაქცინის, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის საჭიროების მქონე ვაქცინის, პარტიების დაზიანება/გაფუჭების არცერთი შემთხვევა.
აცრების პროცესის უზრუნველყოფა. ვაქცინაციის პროცესი, ეროვნული გეგმის შესაბამისად დაიწყო 2021 წლის მარტის მეორე ნახევარში პირველი პრიორიტეტული ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრებით. 2021 წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით COVID-19 ვაქცინაციის სერვისის მიწოდებაში მონაწილეობდნენ 309 პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის 239 დაწესებულებაში შესაძლებელი იყო როგორც წინასწარი ჩაწერით, ასევე „ცოცხალი რიგის“ პრინციპით სერვისის მიღება. იმუნიზაციის ცენტრების, მობილური ბრიგადებისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების 70 ადგილმდებარეობაზე სერვისის მიღება ხორციელდებოდა „ცოცხალი რიგით“. წინასწარი ჯავშნით მომსახურება ხდებოდა 690 აცრის კაბინეტში, რომელთა სამუშაო საათები იყო განსხვავებული (9-დან 18 საათამდე ან 9-დან 21 საათამდე რიგ ლოკაციებში). 2021 წლის აგვისტოდან ვაქცინაციის სერვისის მიწოდებაში ჩაერთნენ ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები (12 ცენტრი სხვადასხვა გამტარუნარიანობით), მობილური ბრიგადები და სოფლის ექიმები. ეს უკანასკნელნი პროცესში ჩაერთნენ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში და 2022 წელსაც გაგრძელდა. სერვისის მიწოდება თბილისში, რუსთავსა და ზუგდიდში ასევე ხორციელდებოდა 13 მობილური ვაქცინაციის ცენტრის (ავტობუსი) მეშვეობით, სადაც მიმდინარეობდა ადგილებზე შეკრებილი ადამიანების იმუნიზაცია.
ვაქცინაციას ახორციელებდა 527 დამოუკიდებელი ბრიგადა, წინასწარი ჯავშნებით დღის საშუალო გამტარობა იყო 34,583 დოზა-აცრა, თუმცა მაქსიმალური მაჩვენებელი იყო დღეში 30,401 აგვისტოს თვეში.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად სერვისის მიწოდებაში ჩართული სამედიცინო და არასამედიცინო პროფილის პერსონალის გადამზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. გეგმის ამ ღონისძიებების განსახორციელებლად 2021 წლის 17 თებერვლიდან დღემდე გადამზადებულია 2 000-მდე უნიკალური პირი სამედიცინო პერსონალიდან (ჩართული 307 დაწესებულების 493 დამოუკიდებელი ბრიგადით), ასევე ტრენინგი გაიარა მოქმედმა და სარეზერვო რაოდენობამ, 64 მუნიციპალიტეტის ვაქცინაციაზე პასუხისმგებელმა ეპიდემიოლოგმა, ასევე 1 300 სოფლის ექიმმა, მასობრივი ვაქცინაციის მოქმედი ცენტრების პერსონალმა და დამატებით გადამზადდა 300-მდე სკოლის ექიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესის (მ.შ. სამედიცინო ადამიანური რესურსების გადამზადების კომპონენტი) გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყვეს ევროგაერთიანებამ, ჯანმომ, გაეროს ბავშვთა ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა.
2021 წლის მანძილზე ვაქცინაციის გეგმის განხორციელების პროცესში ეტაპობრივად აღმოიფხვრა ვაქცინაციის ქსელის გაფართოებასთან, კერძო მიმწოდებლების დაინტერესებასთან და ოჯახის ექიმების მობილიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საბოლოო ჯამში, ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ქსელმა შესაძლო 1 მილიონამდე აცრის განხორციელება შემჭიდროებულ ვადებში (6 კვირის განმავლობაში), რაც მიუთითებს ამ ქსელის მდგრადობაზე და მზაობაზე უფრო აქტიური და ინტენსიური ვაქცინაციის კამპანიის საწარმოებლად 2022 წლის განმავლობაში.
COVID-19-ის ვაქცინებზე და ვაქცინაციაზე მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია. 2021 წლის ეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ამ ვაქცინაზე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის ფორმირება და კომუნიკაცია.
2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, დკსჯეც-ის, საერთაშორისო პარტნიორების მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიმართული იყო COVID-19-ის ვაქცინების და ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების და მისი ცალკეული სეგმენტების ინფორმირების და ამ ვაქცინებზე მოთხოვნის შექმნის მიზნით. კერძოდ, ჯანმო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა ვაქცინაციისადმი მიძღვნილი ვებგვერდი www.vaccines.ncdc.ge, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ ვაქცინაციის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცნობა. ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, დკსჯეც, ჯანმოს, გაეროს ბავშვთა ფონდის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით უწყვეტად მიმდინარეობდა საინფორმაციო სახის შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში, სახელმწიფო რწმუნებულების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზნით, სადაც განიხილებოდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და მხარდაჭერა როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე ჩასვლით. ჯანმო-ს მხარდაჭერით მომზადდა და გავრცელდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის ვიდეოები, მაგ.: აცრის რეგისტრაციის ინსტრუქცია, აცრების შემდგომი შესაძლო გვერდითი მოვლენები, რას ნიშნავს გადაუდებელ მოხმარებაზე ავტორიზაცია და სხვა.
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ითარგმნა საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის ვიდეოები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც მოიცავდა როგორც რეგისტრაციისათვის დეტალურ ინსტრუქციას, ასევე აცრებთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხებსა და შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციას. დეტალური ინფორმაცია დკსჯეც-ის მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო ინტერვენციების შესახებ ქვეყნდება COVID-19 საქართველოში – დკსჯეც-ის ანგარიშების სახით.
კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებული კონკრეტული აქტივობების მიუხედავად, ვერ მოხერხდა ვაქცინებზე მოთხოვნის ადეკვატური დონის მიღწევა, რაზეც მკაფიოდ მიუთითებს სამინისტროს, ჯანმო-ს ევროკავშირის მხარდაჭერით 2021 წლის მარტ-აგვისტოში6 და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული7 საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2020 წლის დეკემბრიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა ვაქცინაციის მიმართ უარყოფითად განწყობილი მოსახლეობის მაღალი წილი (40-42%). შესაბამისად, წინამდებარე გეგმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების კუთხით.
ზემოთ აღნიშნული მოტივაციური ბარიერების დაძლევის მიზნით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის >60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ 200 ლარიანი წახალისების დაწესება 2021 წლის ნოემბრის თვიდან. რის შედეგადაც ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში) პირველი დოზით აიცრა 122 529 ადამიანი, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფში პირველი დოზით აცრილების 30% შეადგენს. დადებითი მოტივაციური ფაქტორის შემდგომი გაძლიერება მოსალოდნელია 2022 წლიდან დაწესებული ფულადი წახალისების გაფართოებით 50 წლის და უფროსი ასაკის პირებისათვის. 18-60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის შესაძლო სტიმულაცია ნოემბრის მეორე ნახევარსა და დეკემბერში შესაძლოა „მწვავე საშვის“ მექანიზმის ამოქმედებით აიხსნას, რაც 1 დეკემბერს შევიდა ძალაში.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. საქართველოს COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დანერგვაში საერთაშორისო პარტნიორების (ამერიკის მთავრობა, ევროკავშირი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები, გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო წითელი ჯვარი და სხვ.) მიერ გაწეულ იქნა თვალსაჩინო მხარდაჭერა, რაც მოიცავდა ვაქცინების დონაციას, საინფორმაციო კამპანიის ორგანიზებაში მხარდაჭერას, ცივი ჯაჭვის აღჭურვილობის მოწოდებას, ტრენინგს და ტექნიკურ დახმარებას.
COVID-19 იმუნიზაციით მოცვა. საქართველოში 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ჩატარდა 2,710,914 აცრა და პირველადად სრულად (ორი დოზით) აცრილთა რაოდენობაა 1,219,428 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 43,2%, რაც საქართველოს COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებლის (2021 წლის 31 დეკემბრისთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრა) 72%-ს და მთლიანი მოსახლეობის – 32.7% შეადგენს. 2021 წლის გეგმის სამიზნე მაჩვენებელი 94%-ით შესრულდა თბილისში, 88%-ით აჭარაში და 65%-ით იმერეთში. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში შესრულების მაჩვენებელი 40-41%-ია, სხვა რეგიონებში კი უფრო ნაკლები, რაც წინამდებარე გეგმის ფარგლებში ამ რეგიონებში ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში 2021 წლის ივლისისთვის უზრუნველყოფილი იყო და დღემდე არის უზრუნველყოფილი COVID-19-ის ვაქცინების მაღალი ხელმისაწვდომობა და იმუნიზაციის სერვისების მიმწოდებელთა ადეკვატური შესაძლებლობები და გამტარობა, COVID-19-ის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ მოხერხდა ვაქცინებზე მოთხოვნის შექმნის და კომუნიკაციის მიმართულებით გამოწვევების და ბარიერების გამო, რომლებმაც დააბრკოლეს ან კვლავაც ხელს უშლიან ვაქცინაციის ტემპის გაზრდას და ინტენსიფიკაციას.
4. COVID 19-ის ავტორიზებული და კანდიდატი ვაქცინები
პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე მკვეთრად არის გაზრდილი COVID-19 ვაქცინების და ვაქცინების კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც პრეკლინიკური (194 ვაქცინის კანდიდატი) და კლინიკური (140) კვლევების და დანერგვის სხვადასხვა ფაზაშია.8 ამათგან 10 ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული (დაშვებულია ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაში)9 და 2022 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ადმინისტრირებულია მათი 10 მილიარდზე მეტი დოზა.10 საქართველოში ამ 10 ვაქცინიდან 2021 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა 4 და 2022 წლის იანვარში გამოიყენება 3 ვაქცინა (იხილეთ მწვანედ მონიშნული ცხრილი 2-ში).
კვლევის და დანერგვის სხვადასხვა ფაზაში მყოფი COVID-19-ის ვაქცინების და SARS-CoV-2 დომინანტ ვარიანტებთან მიმართებაში მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ცვალებადია და განახლებადი, არსებული გეგმა ეფუძნება (უმეტესწილად) იმ რეალობას და მტკიცებულებებს, რომელიც არსებობდა 2022 წლის 31 იანვრისთვის.
ცხრილი 2. ავტორიზებული და კანდიდატი ვაქცინების მიმოხილვა 2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით
| დასახელება მწარმოებელი კომპანია | ვაქცინის ტიპი | საჭირო დოზები და ინტერვალი | ადმინ. მეთოდი | განვითარების სტადია | ჯანმოს მიღებული ან მოსალოდნელი ავტორიზაცია | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ვაქცინები, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ ჯანმოს ავტორიზაცია გადაუდებელი გამოყენებისათვის | |||||||||
„Comirnaty“ - BioN-Tech / Pfizer |
მრნმ-ზე დაფუძნებული | 2 დოზა, 0-21 დღე | ინტრა-მუსკულა-რული IM |
ნებადართულია და გამოყენებულია 136 ქვეყანაში მიღებული აქვს FDA-სრული ავტორიზაცია 16 წლის და ზემოთ პირებში. საგანგებო მოხმარებისათვის 5 წლის და ზემოთ ბავშვებში. |
2020 წლის 31 დეკემბერი | ||||
„Vaxzevria“- Oxford/ Astra-Zeneca |
არა-რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი | 2 დოზა 0-28 დღე |
IM | ნებადართულია და გამოყენებულია 137 ქვეყანაში | 2021 წლის 15 თებერვალი | ||||
| Covilo / Sinopharm | ინაქტივირებული ვირუსი | 2 დოზა, 0-14 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 88 ქვეყანაში | 2020 წლის 7 მაისი | ||||
| Coronnavac/ Sinovac Biotech Co., Ltd | ინაქტივირებული ვირუსი | 2 დოზა, 0-14 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 52 ქვეყანაში | 2021 წლის 1 ივნისი | ||||
| Ad26.COV2.S/ Janssen (J&J) | არა-რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი | 2 დოზა 0, 56 დღე |
IM | ნებადართულია და გამოყენებულია 106 ქვეყანაში | 2021 წლის 11 მარტი (EMA) | ||||
| Nuvaxovid/Novovax | ვირუსის ცილის კომპონენტი | 2 დოზა, 0-21 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 32 ქვეყანაში, აჩვენა 90%-ინი ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში ვირუსის წინა ვარიანტებთან მიმართებაში. | 2021 წლის 20 დეკემბერი | ||||
| Covovax/Serum Institute of India (Novovax formulation) | ვირუსის ცილის კომპონენტი | 2 დოზა, 0-21 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 3 ქვეყანაში | 2021 წლის 20 დეკემბერი | ||||
| „Spikevax“ - Moderna | მრნმ-ზე დაფუძნებული | 2 დოზა, 0-28 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 85 ქვეყანაში | 2021 წლის 30 აპრილი | ||||
| Covishield/Serum Institute of India (Oxford/AstraZeneca formulation) | არა-რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი | 2 დოზა 0-28 დღე |
IM | ნებადართულია და გამოყენებულია 47 ქვეყანაში | 2021 წლის 15 თებერვალი | ||||
| Covaxin/Bharat Biotech | ინაქტივირებული მთლიანი ვირუსი | 2 დოზა, 0-28 დღე | IM | ნებადართულია და გამოყენებულია 13 ქვეყანაში | 2021 წლის 3 ნოემბერი | ||||
| პერსპექტიული ვაქცინის კანდიდატები, რომელთა დანერგვის განხილვა შესაძლებელია ჯანმოს ავტორიზაციის შემთხვევაში | |||||||||
„Comirnaty“ - BioN-Tech / Pfizer ომიკრონზე მოდიფიცირებული |
მრნმ-ზე დაფუძნებული | 2 დოზა, 0-21 დღე | IM | იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში | 2022 წლის მარტი | ||||
| DelNS1-2019-nCoV/University of Hong Kong, Xiamen university, BWBP (ჩინეთი) | რეპლიკაციური ვირუსის ვექტორი | 2 დოზა, 0-28 დღე | ინტრა ნაზალური IN | იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში | 2022 წლის მეორე ნახევარი | ||||
| Razi Cov Pars/Razi vaccine, Serum Institute of India (ინდოეთი) | ვირუსის წვეტის ცილის კომპონენტი | 3 დოზა, 0+21+51 | IM და IN | იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში | 2022 წლის მეორე ნახევარი | ||||
| nCov vaccine/Zydus Cadila (ინდოეთი) | დნმ-ზე დაფუძნებული | 3 დოზა, 0-28-56 | ინტრა დერმალური ID |
იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში | 2022 წლის მეორე ნახევარი | ||||
შენიშვნა: ცხრილში მწვანე ფერით მონიშნულია საქართველოში დანერგილი ვაქცინები. ყვითელი ფერით – ვაქცინების კანდიდატები, რომელთა ავტორიზაციაც და დანერგვაც პერსპექტიულია საქართველოსთვისაც 2022 წლის განმავლობაში.
ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ 171 ქვეყანაში, სადაც ეს ვარიანტი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება დომინანტური, გარკვეულწილად შეცვალა არა მხოლოდ პანდემიის მიმდინარეობის სურათი, არამედ ჯანმო-ს და სხვა წამყვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტების რეკომენდაციები ვაქცინების დოზებით მოსახლეობის მოცვის და კონკრეტული ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. კერძოდ, მიუხედავად ომიკრონით ინდივიდუალური ინფექციების შემთხვევების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისა, ჯანმო ომიკრონს აფასებს როგორც „მთლიანობაში ძალიან მაღალი რისკის შემცველს“11 – COVID-19-ით ინფიცირებულთა მკვეთრად გაზრდილი საერთო რაოდენობის შედეგად ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის და ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მაღალი აბსოლუტური რიცხვების გამო. ამასთან, ჯანმოს მიხედვით, შესაძლებელია ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იყოს ვაქცინაციით მოსახლეობის მოცვის დაბალი მაჩვენებლების ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. მეორე მხრივ, ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები უჩვენებს მაღალ ეფექტურობას ვირუსის სხვადასხვა შტამებით გამოწვეული მძიმე ინფექციის და სიკვდილის წინააღმდეგ და ახალი შტამების, მათ შორის ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ეფექტურ სტრატეგიად კვლავ რჩება ვაქცინაცია – იმუნური პასუხის გააქტიურება ვაქცინის დამატებითი დოზებით.12
ჯანმოს მიერ ავტორიზებული იმ ვაქცინებიდან, რომლებიც გამოიყენებოდა ან გამოიყენება საქართველოში, ამ ეტაპზე დაგროვილია წინასწარი, მაგრამ სანდო მტკიცებულებები რომ Comirnaty-ის (შემდგომში „პფაიზერი“) და ოქსფორდ ასტრაზენეკას ბუსტერულ დოზებს აქვთ შედარებით მაღალი ეფექტურობა (80-90% ადმინისტრირებიდან 2 კვირის შემდეგ) ომიკრონით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციების და სიკვდილიანობის პრევენციის კუთხით, ისევე როგორც შესადარი ეფექტი აქვს სხვა ორი ავტორიზებულ ვაქცინის – Spikevax (მოდერნა) და Ad26.COV2.S (იანსენი) ბუსტერულ დოზებსაც. სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში და ინგლისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პფაიზერის ვაქცინას გააჩნია სხვებთან შედარებით უფრო მაღალი დაცვა ბუსტერული დოზის შემთხვევაში ომიკრონით (ისევე როგორც სხვა ვარიანტებით) გამოწვეული სიმპტომური დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.13,14,15 იმავდროულად, პფაიზერის ვაქცინისათვის საჭირო ულტრა ცივი ჯაჭვის და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური სირთულეები უკვე გადაიჭრა ქვეყნის მასშტაბით 2021 წლის განმავლობაში. შესაბამისად, კვლავაც მიზანშეწონილია ძირითადი აქცენტი გაკეთდეს სწორედ პფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურების და პირველ ყოვლისა, ბუსტერული დოზებისათვის, 2022 წლის განმავლობაში. ამასთან, ქვეყნის მთავრობა მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მწარმოებელთან, რათა მოხდეს უმოკლეს შესაძლებელ ვადაში ასევე ომიკრონზე „დამიზნებული“ პფაიზერის ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში ოპტიმალური რაოდენობით მაღალი რისკის პრიორიტეტული ჯგუფებისათვის, იმ შემთხვევაში თუ კი ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევის შედეგები დაადასტურებს ვაქცინის ამ ვარიანტის შედარებით უფრო მაღალ ეფექტურობას, განსაკუთრებით ომიკრონით სიმპტომური ინფექციის პრევენციის კუთხით.
იმის გათვალისწინებით, რომ იანსენის ვაქცინით პირველადი ვაქცინაციისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო და ბუსტერული დოზით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციის ეფექტი (85%-მდე), სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის წინასწარი მონაცემების მიხედვით,16 შესადარისია პფაიზერის ვაქცინის ეფექტთან, ასევე პერსპექტიულია ამ ვაქცინის გამოყენებაც განსაკუთრებით იმ პირებში, ვისთანაც ვაქცინის თითოეული დოზის ადმინისტრირება გარკვეულ ლოგისტიკურ თუ ინდივიდის მხრიდან ჯანმრთელობის და/ან ფსიქოლოგიურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
ასევე ქვეყანაში დანერგვისათვის პერსპექტიულ ვაქცინებად გვევლინება ან შესაძლებელია რომ მოგვევლინოს არსებული და კანდიდატი ვაქცინების ორი ჯგუფი (იხილეთ ასევე ცხრილი 2-ში ყვითლად მონიშნული ვაქცინები და კანდიდატები):
SARS-CoV-2 ვირუსის ცილის კომპონენტებზე დაფუძნებული ვაქცინები – რადგან (ა) მათი დამზადების ტექნოლოგია შედარებით დიდი ხანია გამოიყენება და (ბ) ამ ტიპის ვაქცინების საწინააღმდეგოდ არ არის ის მყარი სტერეოტიპები, რომლებიც მაგალითად გვხვდება რნმ და ვირუსის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინების მიმართ და რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილში ჩამოყალიბდა ინფორმაციის ნაკლებობის ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამო. ცილის კომპონენტებზე დამზადებულ ვაქცინებს შორის არის ერთი ჯანმოს ავტორიზებული (Nuvaxovid) და 19 ვაქცინის კანდიდატი მე-3 ფაზაში.
ინტრანაზალური (IN) და ინტრადერმალური (ID) ვაქცინები, რადგან ამ ვაქცინების ადმინისტრირების წესი (არა საინექციო) შესაძლოა უფრო მისაღები აღმოჩნდეს COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად ან საწინააღმდეგოდ განწყობილი მოქალაქეების ნაწილისათვის. ასეთი ტიპის ვაქცინების 2 კანდიდატი - DelNS1-2019-nCoV და nCov - იმყოფება კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაში და 7 კანდიდატი - 1 ან 2 ფაზაში).17
ამ პერსპექტიული ვაქცინების და კანდიდატების საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციისთვის დანერგვის საკითხის და ვადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ომიკრონის და მომავალში ვირუსის შესაძლო ახალი ვარიანტების მიმართ მათი მაღალი ეფექტურობის დადასტურების და ამ ვაქცინების მიმართ მოსახლეობის მიმღებლობის შესწავლის შედეგად.
5. ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები, მოცვის ეტაპები, ვაქცინების საჭიროება
წინამდებარე ვაქცინაციის გეგმას აქვს ორი მიზანი: 1) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, რაც გულისხმობს COVID-19 ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის, მძიმე ინფექციის და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციის და ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვის შემცირებას, დაავადების ტვირთის და ვირუსის ახალი შტამებით გამოწვეული რისკის შემცირებას და 2) სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა, რაც გულისხმობს ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მომატებული რისკის გარეშე ქვეყნის სოციო-ეკონომიკური აქტივობის სრულ აღდგენას და შემდგომ განვითარებას.
ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა რაც შეიძლება მოკლე დროში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის სულ მცირე 65%-ით მოცვა ვაქცინაციის სრული კურსით (ორი დოზით) და უკვე ომიკრონის ვარიანტის დომინირების პირობებში 60 წელზე უფროსი მოქალაქეების და ჯანდაცვის მუშაკების მესამე, ბუსტერული დოზით მაქსიმალურ მოცვას. ქვეყანაში ვაქცინებთან ხელმისაწვდომობის და მათი ათვისების შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს ვადა განისაზღვრა 2022 წლის ივნისის ბოლომდე. აღნიშნული სამიზნეები, პრიორიტეტული ჯგუფები და ვადა შეესაბამება ჯანმოს COVID-19 ვაქცინაციის გლობალურ სტრატეგიას 2022 წლისთვის18 და ჯანმოს იმუნიზაციის საკითხებში სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის გზამკვლევს COVID-19 ვაქცინის პრიორიტეტული გამოყენების შესახებ (იხილეთ სურათი 1).19
სურათი 1: COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები

*იმუნოკომპრომეტირებულებისთვის დამატებით მესამე დოზა, როგორც პირველადი აცრები
ვაქცინაციის გეგმას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები: თანასწორობა, გამჭვირვალობა, ხარისხი და ინტეგრირებული მიდგომა. ამ მიდგომის თანახმად, ვაქცინაცია განიხილება პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად სხვა პრევენციულ და სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად.
მაღალი ასაკობრივი ჯგუფი (>60) ყველაზე მეტად მოწყვლადია COVID-19 ინფექციის არასასურველი გამოსავლების კუთხით (სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი), შესაბამისად წინამდებარე გეგმა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის 2022 წლის პირველ 6 თვეში პირველი ორი და ბუსტერული დოზით მოცვის ყველაზე მაღალ სამიზნეს ისახავს (90% და 50%). იგივე ასაკობრივი ჯგუფის 85% უნდა აიცრას ბუსტერული დოზით 2022 წლის ბოლომდე. შემდგომი ასაკობრივი ჯგუფის 50-59 წლის მოსახლეობის აცრის სამიზნე პირველ 6 თვეში 85%-ს შეადგენს. მათი ბუსტერული დოზით აცრა 40% და 80%-იანი მოცვით უნდა განხორციელდეს წლის პირველ და მეორე ნახევარში. ბუსტერული დოზით რაც შეიძლება ადრე რევაქცინაცია, დაშვებული ინტერვალების გათვალისწინებით, პრიორიტეტულია ომიკრონით მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად. სახელდობრ: გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ბუსტერული დოზის მიღებიდან ორ კვირაში ომიკრონით სიკვდილისგან დაცვა 50 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში იზრდება 60% დან 95%-მდე; პფაიზერის ბუსტერული დოზა ასევე იძლევა ომიკრონის შედეგად ჰოსპიტალიზაციისაგან მაღალი დონის დაცვას, რომელიც აჭარბებს 90%-ს აცრიდან პირველ 10-14 კვირაში და შემდგომში ნარჩუნდება 75% ის დონეზე.20
18-49 წლის ასაკობრივი ჯგუფების აცრა ასევე მაღალ სამიზნეს ისახავს (78% პირველი ორი დოზით 2022 წლის პირველ 6 თვეში). გათვლილია, რომ მოზრდილი მოსახლეობის მაღალი მაჩვენებლებით აცრა არის მნიშვნელოვანი ხარჯთ-ეფექტიანი ინვესტიცია და ეფექტიანობა იზრდება სამიზნეების სწრაფად მიღწევასთან ერთად
მოზარდების და ბავშვთა პოპულაციის აცრა, დღევანდელი მონაცემებით, ამცირებს დაავადების ტვირთს და დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსის ტრანსმისიის შემცირების კუთხით. მოზარდთა ვაქცინაცია დაშვებულია და მიმდინარეობს ქვეყანაში. ამ ასაკობრივ ჯგუფში, პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდებზე. რაც შეეხება ვაქცინაციის დანერგვას ბავშვთა პოპულაციაში (12 წლამდე ჯგუფში), იგი დამოკიდებული იქნება ჯანმოს მიერ ვაქცინ(ებ)ის ავტორიზაციის სტატუსზე და გლობალურად და საქართველოში ომიკრონის შტამის დომინირების პირობებში ზოგადად 18 წლამდე ასაკის პოპულაციის აცრის მიზანშეწონილობის ჯანმოს საბოლოო რეკომენდაციაზე, შესაბამისად, ვაქცინაცია და მისი სამიზნე განსაზღვრულია 2022 წლის ბოლოსთვის.
გეგმა ასევე ითვალისწინებს ვაქცინის მე-4 დოზით აცრას, რომლის დაწყება დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე მესამე დოზის შემდეგ იმუნური პასუხის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გლობალურად და საქართველოში ომიკრონის შტამის დომინირების პირობებში და ომიკრონზე ფოკუსირებული ვაქცინების ეფექტურობის და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ჯანდაცვის სექტორის მუშაკები (უპირატესად ჯანდაცვის მუშაკების მაღალი და ძალიან მაღალი რისკის მქონე კატეგორია, რომელთაც უფრო აქტიური და რეგულარული შეხება აქვთ პაციენტებთან)21 განიხილებიან პრიორიტეტულ ჯგუფად მათი 90% მოცვით პირველადი ვაქცინაციით (ორი დოზა) და ბუსტერული დოზით 60%-იანი მოცვით 2022 წლის პირველ 6 თვეში.
ცხრილი 3: მოსახლეობის სამიზნე ჯგუფები, მათი ზომა და მოცვის ეტაპობრიობა
| კონტინგენტის ზომა | ივნისი, 2022 | დეკემბერი, 2022 | დეკემბერი, 2022 | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| % | რეჟიმი | სამიზნე კონტინგენტი | % | რეჟიმი | სამიზნე კონტინგენტი | % | რეჟიმი | სამიზნე კონტინგენტი | ||
სრული მოსახლეობა |
3,827,673 | 65% | 2 დოზა | 2,427,900 | 59% | ბუსტერი | 2,215,100 | |||
| 60+ | 809,781 | 90% | 2 დოზა | 728,800 | 85% (კუმ) | ბუსტერი | 688,300 | 40% | მე-4 დოზა | 323,900 |
| 50% | ბუსტერი | 404,900 | ||||||||
| 50-59 | 481,276 | 85% | 2 დოზა | 409,100 | 80% (კუმ) | ბუსტერი | 385,300 | 30% | მე-4 დოზა | 144,400 |
| 40% | ბუსტერი | 192,500 | ||||||||
| 16-49 | 1,631,167 | 78% | 2 დოზა | 1,272,300 | 70% | ბუსტერი | 1,411,800 | 30% | მე-4 დოზა | 489,400 |
| 12-15 | 177,349 | 10% | 2 დოზა | 17,700 | 20% (კუმ) | 2 დოზა | 35,500 | |||
| ჯანდაცვის სექტორი* | 75,431 | 90% | 2 დოზა | 67,890 | ||||||
| 60% | ბუსტერი | 45,250 | ||||||||
| 5-11 | 374,659 | 10% | 2 დოზა | 37,500 | ||||||
| 0-4 | 254,341 | 8% | 2 დოზა | 20,300 | ||||||
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2021 წელს საქართველოში დაინერგა ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ოთხი ვაქცინა: ოქსფორდ-ასტრაზენეკა, პფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი.
2022 წელს სხვადასხვა ვაქცინის საჭიროების დათვლისას გამოყენებულ იქნა ასაცრელი კონტინგენტისთვის საჭირო დოზების რაოდენობა, 2021 ვაქცინების გამოყენების პროპორციები და ასაკობრივი ჯგუფებისთვის რეკომენდებული ვაქცინები. 2022 წლის გეგმაში შემოტანილია სხვა ვაქცინების კატეგორია, რომელიც მოიცავს იანსენის22 და ნებისმიერ სხვა პერსპექტიულ ვაქცინას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში 2022 წლის მანძილზე.
ცხრილი 4: 2022 საჭირო ვაქცინების
პროპორციები
2022 წლის 1 თებერვლისთვის არსებული მარაგების (ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ და დაწესებულების დონეზე) გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა 2022 წლის მანძილზე შესაძენი ვაქცინების დოზები და მათ შორის დოზების რაოდენობა წლის პირველი ორი კვარტლის საჭიროების დასაფარად. სინოფარმის და სინოვაკის არსებული მარაგი საკმარისია ამ ვაქცინაზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად წლის მანძილზე. ცალკე არის დათვლილი პედიატრიული დოზები პფაიზერის ვაქცინისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომელსაც აქვს აშშ-ს კვების და წამლის სააგენტოს გადაუდებელი ავტორიზაცია პედიატრიული ასაკისთვის.
მე-4 ცხრილით გათვალისწინებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად პფაიზერის მიერ წარმოებული და სხვა პერსპექტიული ვაქცინების შესყიდვა მოხდება მიმდინარე ხარჯვის ანალიზის საფუძველზე, როგორც ბილატერალური ხელშეკრულებების, ასევე კოვაქსის პლატფორმის საშუალებით.
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ასევე მინისტრის ბრძანებით23 განსაზღვრული პირები.24
6. ვაქცინაციის პროგრამის ორგანიზაციული სტრუქტურა და კოორდინაცია
COVID-19 ვაქცინაციის შემდგომი განხორციელების ეფექტურობა კვლავაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ეფექტურ მართვა-კოორდინაციაზე, პასუხისმგებლობის ყველა დონეზე. როგორც უკვე აღინიშნა, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია პასუხისმგებელია ეროვნული გეგმის როგორც შემუშავებაზე, ასევე მისი შესრულების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე.
ცხრილი 5 და სურათი 2 წარმოგვიდგენს ვაქცინაციის პროგრამის კომპონენტებს, პასუხისმგებელ მხარეებს, გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების დონეებს.
ცხრილი 5. ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების კომპონენტები და პასუხისმგებელი მხარეები
| კომპონენტი | პასუხისმგებელი მხარე |
|---|---|
| ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცება | მთავრობა |
| ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულების ხელშეწყობა | კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო |
| ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი | უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია |
| ვაქცინაციაზე ტექნიკური რეკომენდაციების მომზადება | იმუნიზაციის ეროვნულ ექსპერტთა ტექნიკური კომიტეტი (NITAG) |
| ვაქცინების შესყიდვა | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო |
| სახარჯი მასალების შესყიდვა | დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) |
| ვაქცინების ბაზარზე დაშვება | სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო / სამინისტროს შესაბამისი კომისია25 |
| იმუნიზაციის სერვისის შესყიდვა | დკსჯეც |
| ტრენინგი და სუპერვიზია ცენტრალურად | დკსჯეც |
| სუპერვიზია ადგილებზე | მუნიციპალური სჯც-ები |
| ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა ცენტრალურად | დკსჯეც |
| ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა რეგიონულ დონეზე | დკსჯეც-ს სამმართველოები და რეგიონული განყოფილებები |
| ვაქცინების ლოგისტიკა მუნიციპალურ დონეზე | მუნიციპალური სჯც-ები |
| ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის კოორდინაცია | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები |
| სერვისის ორგანიზებაში დახმარება | ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები |
| ასაცრელი კონტინგენტის აცრა მობილური ბრიგადებით | მუნიციპალური სჯც-ები და სერვისის მიმწოდებლები ერთობლივად |
| სოფლის ექიმების/ექთნების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში | ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი |
| ასაცრელი კონტინგენტის აცრა | სერვისის მიმწოდებლები |
| კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება | ყველა დონე |
| ვაქცინის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი | სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, დკსჯეც, სერვისის მიმწოდებლები |
| ვაქცინაციის პროცესზე მონიტორინგი და შეფასება | დკსჯეც |
| საერთაშორისო კოორდინაცია და კოოპერაცია | მთავრობა, დონორები, პარტნიორები |
ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიურ ჩართულობას. კერძოდ, ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა თავის ტერიტორიაზე უნდა შექმნან ვაქცინაციის ოპერატიული შტაბი, რომლის შემადგენლობაში შევლენ მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის დონეზე პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი წამყვანი დაწესებულების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები. შტაბის ხელმძღვანელად უნდა განისაზღვროს მერიის თანამდებობის მქონე პირი. შტაბმა უნდა შეიმუშაოს ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სამიზნეების შესაბამისად. ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა, თვითმმართველმა ქალაქებმა უნდა უზრუნველყონ სულ მცირე შემდეგი ფუნქციების მხარდაჭერა:
„აცრის მარათონის“ მხარდაჭერა, რაც გულისხმობს სოფლის დონეზე მოსახლეობის მობილიზაციას და აცრას
მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის (მაგ., სოფლის მოსახლეობა, სადაც ვაქცინაცია არ ხორციელდება) ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
საჭიროებისას მუნიციპალური ცენტრიდან ამცრელი ბრიგადის ტრანსპორტირება
სოფლის სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა მობილიზაციაში
ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაცია:
გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით;
მოხალისეების გამოყენებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;
კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით.
სერვისის განხორციელების ხელშეწყობა
დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის შესაბამისი სივრცეების გამოყოფა (საჭიროების შესაბამისად);
შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა;
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებამდე მოსახლეობის გადასაყვანად სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფა
სხვა ალტერნატიული აცრის მოდელების ხელშეწყობა (ამცრელი ავტობუსები, სხვ.)
სურათი 2: გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების დონეები
7. COVID-19 ვაქცინაციის მომსახურების მოწოდების ორგანიზება
2022 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ასაცრელად აუცილებელი იქნება ვაქცინაციის ტემპის ორჯერ გაზრდა და შენარჩუნება მთელი ასაცრელი პერიოდის განმავლობაში. დასახული მიზნის მისაღწევად და, პარალელურად, ბუსტერული დოზების მისაწოდებლად თებერვალი-ივნისის პერიოდში დღეში საშუალოდ 22,600 აცრა უნდა ჩატარდეს. ეს უახლოვდება 2021 წლის აგვისტო-სექტემბრის აცრების მონაცემებს.
2021 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით COVID-19 ვაქცინაციის სერვისის მიწოდებაში მონაწილეობდნენ პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები (214 სამედიცინო დაწესებულება) მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები (12 ცენტრი სხვადასხვა გამტარუნარიანობით), მობილური ბრიგადები და სოფლის ექიმები. როგორც უკვე აღინიშნა, ეს უკანასკნელნი პროცესში ჩაერთნენ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, თუმცა მთელი პოტენციალით მათი მონაწილეობა არ განხორციელებულა.
2022 წელს ვაქცინაცია გაგრძელდება 2021 წლის განმავლობაში აპრობირებული მოდელებით (იხ. ცხრილი 6).
ცხრილი 6. სერვისის მიწოდების მოდელები
| ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი | ადგილმდებარეობა | ასაცრელი კონტინგენტი | პროცესში ჩართვა |
|---|---|---|---|
| ა) პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები | ქალაქები; მუნიციპალური ცენტრები | ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა | მიმდინარე, გაფართოვდება ბრიგადების დამატებით |
| ბ) სოფლის სამედიცინო პერსონალი | სოფლები | სოფლად მცხოვრები მოსახლეობა | გაფართოვდება ყველა სოფლის ჩართვით, სადაც შესაძლებელია აცრების ამბულატორიაში ჩატარება |
| გ) მობილური ბრიგადები | ქალაქები; მუნიციპალური ცენტრები; სოფლები |
საცხოვრისებში, ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებაში მყოფი პირები პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები, ბინაზე მყოფი პირები, რომელთა გადაადგილება შეზღუდულია სოფლები, სადაც ამბულატორიაში აცრის შესაძლებლობა შეზღუდულია |
მიმდინარე, დამატებით შეიქმნება ადგილობრივი საჭიროების შესაბამისად |
| დ) მასობრივი აცრის ცენტრები | დიდი ქალაქები | ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა | ამოქმედდება საჭიროების შესაბამისად |
| ე) ამცრელი ავტობუსები | დიდი ქალაქები | ქალაქის მოსახლეობა | ამოქმედდება საჭიროების შესაბამისად |
ა) პროცესში მონაწილეობენ პირველადი ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებლად. საჭიროების შესაბამისად მოხდება დაწესებულების დონეზე ბრიგადების რაოდენობის გაფართოება. სერვისის შემსყიდველი იქნება დკსჯეც. სერვისის მიღება განხორციელდება როგორც ჯავშნების, ასევე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კვირაში 7 სამუშაო დღის მანძილზე;
ბ) სოფლის სამედიცინო პერსონალი – სოფლის ოჯახის ექიმი და ექთანი – ჩაერთვება ყველა სოფლის დონეზე, სადაც სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურა და ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა იძლევა აცრების ჩატარების შესაძლებლობას. მუნიციპალურ შტაბში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობით დგება გეგმა, თუ რომელი სოფლის პერსონალი იქნება ჩართული აცრებში. სოფლის პერსონალს ეკისრება წამყვანი როლი აცრების პროცესის გააქტიურებაში, რომელიც მხარდაჭერილი უნდა იყოს სოფლის რწმუნებულების მიერ. სერვისის მიღება განხორციელდება როგორც წინასწარ შედგენილი აცრის გეგმის, ასევე დაუგეგმავად. ვაქცინების დანაკარგის შემცირების მიზნით აცრაზე მისულ პირს არ უნდა ეთქვას აცრაზე უარი, თუმცა ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული დამატებით ასაცრელი ადამიანების მოსაზიდად;
გ) მობილური ბრიგადები. მობილური ბრიგადების ორგანიზება თბილისსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში ხდება ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ თავისი საშტატო პერსონალის გამოყენებით. მუნიციპალიტეტის დონეზე მობილური ბრიგადების დაგეგმვა/ ორგანიზება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ (გათვალისწინებული უნდა იყოს მუნიციპალური აცრების გეგმაში), ხოლო ბრიგადის ფორმირება ხდება რომელიმე ამცრელი დაწესებულების ბაზაზე. ბინაზე აცრის საჭიროებაზე ინფორმაციის შეგროვება ხდება ცენტრალიზებულად ცხელი ხაზის 1522 მიერ, ასევე წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, რომელიც ინფორმაციას გადასცემს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს. სერვისის შემსყიდველი იქნება ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
დ) მასობრივი აცრის ცენტრები. მასობრივი აცრის ცენტრი გულისხმობს აცრის პროცესის ორგანიზებას განსხვავებული მოდელით, ვიდრე სტანდარტული ბრიგადული სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს გაზრდილ გამტარუნარიანობას. ამ პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური მეთოდური სახელმძღვანელო. მასობრივი ცენტრების (დამატებით) გახსნა მოხდება დიდ ურბანულ ადგილებში აცრებზე შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას. მასობრივი აცრის ცენტრების მაქსიმალური ეფექტით ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრის ადგილმდებარეობის შერჩევისას რეკომენდებული კრიტერიუმების გათვალისწინება. ადგილობრივი ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრის ადგილმდებარეობის შერჩევაში, ასევე სერვისთან სატრანსპორტო წვდომის გაუმჯობესებაში. სერვისის ადმინისტრირება გაგრძელდება /მოხდება ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის/საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების/კერძო სერვისის მიმწოდებლის მიერ. სერვისის შემსყიდველი იქნება დკსჯეც. საჭიროების შესაბამისად, სერვისის მიღება განხორციელდება როგორც ჯავშნების, ასევე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კვირაში 7 სამუშაო დღის მანძილზე;
ე) ამცრელი ავტობუსები. ამცრელი ავტობუსების ამოქმედება მოხდება საჭიროების შესაბამისად დიდ ქალაქებში შესაბამისი თანმხლები საკომუნიკაციო კომპონენტით.
ვაქცინაცია ყველა ზემონახსენები მოდელით განხორციელდება ქვეყანაში არსებული ყველა ტიპის ვაქცინით.
2022 წელს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისათვის სოფლის დონეზე უნდა დაიგეგმოს ვაქცინაციის მარათონი, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დკსჯეც-ის ხელმძღვანელობით. მარათონის დაგეგმვა/განხორციელება არის მუნიციპალური აცრების გეგმის ნაწილი და გულისხმობს საკომუნიკაციო კამპანიას ვაქცინაციასთან ერთად. უშუალოდ ვაქცინაცია განხორციელდება სოფლის პერსონალის ან მობილური ბრიგადების საშუალებით. ვაქცინაციის მარათონის ზოგადი მეთოდური მითითებები მიწოდებული იქნება დკსჯეც-ის მიერ, თუმცა მისი განხორციელება არის მუნიციპალიტეტის დონეზე ვაქცინაციის ოპერატიული შტაბის პასუხისმგებლობა.
8. რესურსები და დაფინანსება
2022 წლისთვის COVID-19-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსი მოიცავს როგორც ვაქცინების და სახარჯი მასალის შესყიდვების ხარჯს, ასევე, ოპერაციულ ხარჯებს. არსებული მარაგების და ეტაპობრივად შესასყიდი ვაქცინების რაოდენობის გათვალისწინებით, ფინანსური საჭიროებები მოცემულია ცხრილ 7-ში (დაზუსტდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით).
ცხრილი 7: COVID-19 ვაქცინაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსი კომპონენტების მიხედვით
| კომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ლარი) | წყარო |
|---|---|---|
| ვაქცინები | 50,400,000* | ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვა 27 03 03 10/ევროპის საინვესტიციო ბანკი |
| შპრიცები და სხვა სახარჯი მასალა | 985,500 | ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვა 27 03 03 10/ევროპის საინვესტიციო ბანკი |
| ვაქცინით აცრების ადმინისტრირება/ სერვისის ანაზღაურება | 12,810,319 | იმუნიზაცია 27 03 02 02 |
| ტრენინგები | 311,390 | ჯანმო |
| ქვეყნის შიგნით ვაქცინების ლოჯისტიკა/ დისტრიბუცია | 34,500 | ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვა 27 03 03 10 |
| ცივი ჯაჭვის განახლება | 2,240,000 | ჯანმო |
| სუპერვიზია და ზედამხედველობა | 263,200 | ეპიდზედამხედველობა 27 03 02 03 |
| მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია | 2,710,800 | ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვა 27 03 03 10 /ჯანმრთელობის ხელშეწყობა 27 03 02 10 (ნაწილობრივ)/დონორული დახმარება |
| სულ ბიუჯეტი | 69,755,709 | |
| სოციალური წახალისების მექანიზმები: | ||
| >50 წლის ზემოთ მოსახლეობის წახალისება** | 18,600,000 | ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარება 27 02 06 |
* არ მოიცავს 2021 წელს, COVAX პლატფორმისთვის გადარიცხულ თანხებს
** მოიცავს პროგრამის იანვარი-მარტის თვეების ბიუჯეტს, დაზუსტდება წახალისების მექანიზმების დიზაინის შემდეგ.
2021 წლის 28 დეკემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 200- ლარიანი წახალისების ღონისძიება 2022 წლის 1 იანვრიდან გაგრძელდა, ხოლო ბენეფიციართა ასაკი, რომლებიც ამ თანხას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, წახალისება > 50 წლის ზემოთ მოსახლეობას 100 ლარის ოდენობით მიეცემათ ბუსტერული დოზისთვისაც.
9. ცივი ჯაჭვი, ვაქცინების განაწილება, ნარჩენების მართვა
ცენტრალური, რეგიონალური და მუნიციპალური საწყობები აღჭურვილია საჭირო რაოდენობით ჯანმო-ს მიერ პრეკვალიფიცირებული სავაქცინე მაცივრებით, საყინულეებით, სატრანსპორტო კონტეინერებით, ცივი ყუთებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინების საჭირო რაოდენობის დასაწყობება.
2021 წელს ჯანმო-ს მიერ განხორციელდა 300 ერთეული +2+8 ტემპერატურაზე მომუშავე სავაქცინე მაცივრების (60 ლიტრი) დონაცია. აღნიშნული მაცივრების ნაწილი დამონტაჟდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ხოლო ნაწილით ჩანაცვლდა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, ამცრელ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო მაცივრების მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წელს ჯანმოს მხარდაჭერით იგეგმება დამატებითი სავაქცინე მაცივრების დონაცია, რომლითაც აღიჭურვება/განახლდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მ.შ. სოფლის დონეზე არსებული მაცივრები. დამატებით მოხდება ცენტრის დონეზე ოთახ-მაცივრების განახლება.
ვაქცინების ძირითადი ნაწილი ყოველთვის დასაწყობებულია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ საწყობებში, საიდანაც ვაქცინის განაწილება ვაქცინაციის პუნქტებამდე ხორციელდება პერიოდულად (ძირითადად 5-7 დღის შუალედებით). ვაქცინის განაწილების სქემა და პერიოდულობა, საწყობიდან ვაქცინაციის პუნქტებამდე, დამოკიდებულია ვაქცინის ტიპზე და ვაქცინაციის პუნქტზე.
პფაიზერის ვაქცინის შემთხვევაში, ვაქცინის განაწილება ცენტრალური საწყობიდან რეგიონულ საწყობებში ხდება სატრანსპორტო კონტეინერებისა და მშრალი ყინულის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა ვაქცინის ტრანსპორტირება მოხდეს -80 C ტემპერატურაზე, ტრანსპორტირებისას ყველა ყუთი აღჭურვილია ტემპერატურის მონიტორირების მოწყობილობით. ვაქცინის გამზადებას ტრანსპორტირებისთვის (სატრანსპორტო კონტეინერში ან ცივ ყუთში მოთავსებას) ყოველთვის უზრუნველყოფს საწყობის თანამშრომელი, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი ვაქცინის შენახვა, დასაწყობება და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
სხვა ვაქცინის ტრანსპორტირება ცენტრალურიდან რეგიონულ და მუნიციპალურ დონემდე ხდება ვაქცინმზიდების (მაცივარი მანქანა) საშუალებით. ვაქცინის ტრანსპორტირება ვაქცინაციის პუნქტებამდე ხდება მუნიციპალური საწყობიდან და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ თავად სამედიცინო დაწესებულებები, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის პუნქტები.
ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა ხორციელდება ქვეყანაში არსებული რეგულაციებისა და მექანიზმის შესაბამისად, რომლებსაც დაწესებულებები იყენებენ სხვა გეგმური თუ არაგეგმური ვაქცინაციის დროს.
10. ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი
COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის განსახორციელებლად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მასში ჩართული ადამიანური რესურსის შესაბამისი სტანდარტების ცოდნითა და უნარებით აღჭურვას და მის მუდმივ განახლებას.
დკსჯეც-ს ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა სასწავლო სილაბუსი, ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC/Atlanta) და ევროპის ECDC გაიდლაინებზე დაფუძნებული საპრეზენტაციო მასალები.
2022 წლის მანძილზე გაგრძელდება განმეორებითი ტრენინგები, რომლებიც ჩატარდება შერეული ფორმატით: ონლაინ და პირისპირ (ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების გათვალისწინებით). რეგისტრატორებისთვის (მოდული 3) შექმნილია ვიდეოგაკვეთილი.
ცხრილი 8: COVID-19-თან დაკავშირებული ტრენინგ-მოდულები
| მოდულები | თემატიკა | მსმენელები (რა-ბა) | მოდულის ხანგრძლივობა |
|---|---|---|---|
| მოდული 1: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია და პრაქტიკული იმუნიზაცია | COVID-19 ვაქცინების დამზადების ტექნოლოგიები და ვაქცინების მუშაობის ეფექტურობა | სჯც-ების იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირები (64) სერვისის მიმწოდებელი ექიმები, ექთნები (2000) |
4 სთ |
| კანდიდატი ვაქცინების ზოგადი მიმოხილვა | |||
| საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინების სპეციფიკაციები, აცრის ჩატარების წესები, უკუჩვენებები და გაფრთხილებები, შენახვის პირობები | |||
| მონაცემების შეყვანა იმემ-ში | |||
| იშგამ-ების შეტყობინების, რეგისტრაციისა და კვლევის წესები | |||
| ვაქცინების არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენცია | |||
მოდული 2: იშგამ |
ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო ალერგიული რეაქციების მართვა | სერვისის მიმწოდებელი ექიმები, ექთნები (2000) | 2 სთ |
მოდული 3: ცივი ჯაჭვი და ლოგისტიკა |
ვაქცინის ტრანსპორტირება და დასაწყობება | რეგიონული და მუნიციპალური სჯც-ების ცივ ჯაჭვზე და ლოგისტიკაზე პასუხისმგებელი პირები (64) | 2 სთ |
| მარაგების მართვის ელ. მოდული | |||
| სამედიცინო ნარჩენების მართვა | |||
| მოდული 4: რეგისტრაცია | ელექტრონულ პორტალში (ჯავშნის მოდულში და იმემ-ში) მუშაობის პრინციპები | სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რეგისტრატორები (300) | 3 სთ |
| მოდული 5: კომუნიკაცია და კრიზისის კომუნიკაცია | ვაქცინის მიმღებლობის ინტერვენციების განმსაზღვრელი ქცევითი მეცნიერების საფუძვლები | სჯც-ების ხელმძღვანელები და იმუნიზაციაზე პასუხისმგებელი პირები (137) სერვისის მიმწოდებელი ექიმები, ექთნები (2000) სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელები (300) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (130) |
4-6 სთ |
| ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მ.შ. იშგ-ს კომუნიკაცია) | |||
| ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ ადვოკატირება და ქცევის ცვლილებისაკენ მიმართული გზავნილების შემუშავება და გავრცელება | |||
| ვაქცინის მოწინააღმდეგე აქტიურ ჯგუფებთან გამკლავება | |||
| ინფოდემია და დეზინფორმაცია | |||
| სოციალურ მედიაში ჩართულობა და ინტერაქცია | |||
| საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისული სიტუაციების მართვის პრინციპები და რისკების კომუნიკაცია | |||
| ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ ადვოკატირება და ქცევის ცვლილებისაკენ მიმართული გზავნილების შემუშავება და გავრცელება | |||
| მედიასთან ურთიერთობა | |||
| სოციალურ მედიაში ჩართულობა და ინტერაქცია | |||
| ინფოდემია და დეზინფორმაცია | |||
| ვაქცინის მოწინააღმდეგე აქტიურ ჯგუფებთან გამკლავება | |||
| მედიატრენინგები | მედიის წარმომადგენლები | 4 სთ |
დაგეგმილია სასწავლო მოდულების შემუშავება და ტრენინგების ჩატარება ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებისთვის: პედიატრები, გინეკოლოგები, ალერგოლოგები და სხვ.
11. მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია
2021 წლის „საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ამ ვაქცინაზე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის ფორმირება და კომუნიკაცია.
ვაქცინაციის პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებთან და მთლიანად საზოგადოებასთან თანმიმდევრული და კოორდინირებული კომუნიკაციის და მათი პანდემიის, COVID-19 ის ვაქცინების და ვაქცინაციის საკითხებზე ინფორმირების გარდა, COVID-19-ის ვაქცინაზე მოთხოვნის შექმნისთვის დაგეგმილი იყო ღონისძიებები ვაქცინაციისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების, დადებითი სოციალური ზეგავლენის უზრუნველყოფის და შესაბამისი მოტივაციის შექმნის მიზნით.26 2021 წელს საკომუნიკაციო კამპანიის გამოწვევების გათვალისწინებით. 2022 წლისთვის დაგეგმილია:
საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიასთან ვაქცინაციაზე მოთხოვნის ფორმირების და კომუნიკაციის ერთიანი საკოორდინაციო რგოლის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასევე 2021 წელს ვაქცინაციის პროცესში მხარდამჭერი და საკომუნიკაციო ღონისძიებებში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები;
COVID-19 ვაქცინის დანერგვის კომუნიკაციის 2021 წლის სამოქმედო გეგმის განახლება 2022 წლისთვის განსაზღვრული ვაქცინაციის სამიზნეების, პრიორიტეტული ჯგუფების და პერსპექტიული ახალი ვაქცინების დანერგვის კომუნიკაციის და ფოკუსირებული გზავნილების საჭიროებების გათვალისწინებით;
სოციალური მოსმენის, დეზინფორმაციის აღკვეთს/მართვის და პროაქტიული კომუნიკაციის დაგეგმვის შესაძლებლობების გაძლიერება შესაბამისი მექანიზმების (მაგ. სოციალურ ქსლების მონიტორინგის ავტომატიზებული სისტემები, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებების დონეზე კოორდინატორის გამოყოფით და მათი მიზნობრივი მომზადება/გადამზადება) დანერგვით;
მიზნობრივი შეხვედრების და საკომუნიკაციო კამპანიების გაგრძელება პრიორიტეტულ ჯგუფებთან: თემი, 50 წელზე უფროსი პირები, სოფლის ექიმები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ორსულები, რელიგიური ლიდერები;
საკომუნიკაციო პროცესში სოფლების და დაბების დონეზე „ვაქცინაციის ელჩების“ იდენტიფიცირება, მომზადება/ჩართვა;
მედიის და მედიამენეჯერების რეგულარული ინფორმირება, მობილიზაცია და ადვოკატირება;
საზოგადოების რეგულარული ინფორმირების გაგრძელება და კრიზის კომუნიკაცია;
ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველობის ორგანოების აქტიური ჩართვა ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე სოციალური სამსახურების ჩართვა, რომლებიც მუშაობენ სოციალურად დაუცველ პირებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან;
ვაქცინაციის მოტივაციის მექანიზმების გაფართოება და აღსრულებაზე შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფა;
სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგი, ზედამხედველობითი მხარდაჭერა და ზეგავლენის შეფასება.
COVID-19 ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდის და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისათვის განსაკუთრებული როლი მიენიჭება 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილ ორ „ვაქცინაციის მარათონს“ (იხ. თავი 6), რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებლების სოციალურ და ფიზიკურ მობილიზაციას ვაქცინაციისთვის. განახლებული სამოქმედო გეგმის ღონისძიებებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება გათვალისწინებულია როგორც საბიუჯეტო სახსრებიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.
12. ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი, იშგამ-ის მართვა, ვაქცინის უსაფრთხოება
იშგამ-ებზე ზედამხედველობა იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორ ათწლეულზე მეტია რაც არსებობს, ბოლო განახლება 2019 წელს განხორციელდა.27 მოქმედი ზედამხედველობის სისტემა სრულად ითვალისწინებს ჯანმო-ს რეკომენდაციებს. საქართველოში ვაქცინების უსაფრთხოების სისტემა მოიცავს ვაქცინებზე ფარმაკოზედამხედველობის წარმოებას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურა. ინფორმაციის ნაკადები მოძრაობს დადგენილი წესით.
ნებისმიერი იშგამ-ი რეგისტრირდება შესაბამის საანგარიშო ფორმაში სამედიცინო პერსონალის/სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგის მიერ და ეროვნულ დონეზე ეცნობება დკსჯეც-ს. შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ამოწმებს იშგამ-ების ფორმების სრულყოფილად შევსებასა და სიზუსტეს (დოზა, ბრენდის სახელი, ვარგისიანობის ვადა და ა.შ.) და განხილვისათვის გადასცემს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულ კომიტეტს.
იშგამ-ის განხილვას აწარმოებს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ სათათბირო ორგანოს, შექმნილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის ახალი შემადგენლობა მოიცავს 19 სპეციალისტს: ინფექციონისტები, ალერგოლოგ-იმუნოლოგები, ნევროლოგები, მიკრობიოლოგი, პათოლოგ-ანატომი, პედიატრი, ეპიდემიოლოგი, სასამართლო ექსპერტიზის ექიმი, ნეფროლოგი, თერაპევტები, კარდიოლოგი.
იშგამ-ების საერთაშორისო შეტყობინებას ჯანმოს უფსალას მონიტორინგის ცენტრში ახორციელებს სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
13. საინფორმაციო სისტემა, მონიტორინგი
რეგისტრაცია, ანგარიშგება
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეგისტრაცია და ანგარიშგება ხორციელდება იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის (იმემ)-ის საშუალებით, რომლის მოდიფიცირება განხორციელდა 2021 წელს. იგი უზრუნველყოფს ვაქცინაციის რეალურ დროში აღრიცხვასა და ანგარიშგებას.
მოსახლეობის ნაკადების მართვა რიგების მართვის ინტეგრირებული ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც 2021 წელს შემუშავდა. სისტემა უზრუნველყოფს დაგეგმილი ვაქცინაციის დეტალების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებას.
ვაქცინის განაწილებაზე და შენახვასა და დამუშავებაზე ანგარიშგება რეალურ დროში ხორციელდება მარაგების მართვის ელექტრონული მოდულის მეშვეობით; ფინანსური მოდულის საშუალებით კი ხდება გაწეული მომსახურების ფინანსური ანგარიშგება;
იმემი სტანდარტული საანგარიშგებო ცხრილების გენერირების საშუალებას იძლევა, თუმცა არსებობს რამდენიმე ხარვეზი, მაგ. სტანდარტული ცხრილები არ მოიცავს სქესის მიხედვით ანგარიშებს. ასევე ვაქცინაციის რეგისტრაციის დროს პრიორიტეტული ჯგუფების არასრულყოფილი რეგისტრაციის გამო (მაგ. სამედიცინო პერსონალის) აცრის მოცვის გამოსათვლელად იმემის ბაზის სპეციალური ანალიზი ტარდება.
ვაქცინაციის პროცესზე საჯარო სივრცეში ანგარიშგება ხორციელდება რამდენიმე პლატფორმის საშუალებით:
ცხრილი 9. საჯარო სივრცეში ანგარიშგების პლატფორმები
| პლატფორმა | ინფორმაცია | განახლების სიხშირე |
|---|---|---|
| https://datacov.moh.gov.ge | სულ ჩატარებული აცრები პირველი დოზით აცრილები და % სრულად აცრილები და % ბუსტერული დოზით აცრილები და % გეოგრაფიულ ჭრილში - სულ ასაკობრივ ჭრილში - რა-ბა და % (რუკა, ცხრილი) |
ყოველდღიური |
| https://stopcov.ge | სულ ჩატარებული აცრები დღიურად ჩატარებული აცრები |
ყოველდღიური |
| https://vaccines.ncdc.ge/statistics/ | რეგიონულ და ასაკობრივ ჭრილში: პირველი დოზით აცრილები და % სრულად აცრილები და % ბუსტერული დოზით აცრილები და % (გრაფიკები, რუკა) |
ყოველკვირეული |
| https://www.facebook.com/ncdcgeorgia | სულ ჩატარებული აცრები პირველი დოზით აცრილები და % სრულად აცრილები და % ბუსტერული დოზით აცრილები და % დღიურად ჩატარებული აცრები (ინფოგრაფიკები) |
ყოველდღიური |
საერთაშორისო ანგარიშგება ხორციელდება ჯანმოს, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (ECDC) და/ან ევროკავშირის (EU) მოთხოვნების შესაბამისად.
ბენეფიციარის აცრის დამადასტურებელი ბარათის გენერირება ხდება იმემ-ის მიერ. დოკუმენტი პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და აქვს ფალსიფიკაციისგან დაცვის მექანიზმები.
2021 წელს შემუშავდა COVID-19 ციფრული სერტიფიკატი, რაც მოიცავს COVID-აცრების, COVID-ტესტირების შედეგებს და გადატანილი ინფექციის შესახებ ინფორმაციას. სისტემის შექმნის პროცესში გამოყენებული იქნა ევროკავშირის 18 მარტის რეკომენდაციები. ციფრული სერტიფიკატი ფუნქციონირებს საქართველოს ელ. ჯანდაცვის მობილური აპლიკაციის საშუალებით.
2021 წლის 17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული COVID-19-პასპორტების ერთიან სივრცეს (EU Gateway-ის ქვეყნები) შეუერთდა.
მონიტორინგი/ ზედამხედველობა
მონიტორინგის პროცესი მოიცავს:
ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგს;
იმუნიზაციის მომსახურების პროცესის მონიტორინგს;
მოცვის მაჩვენებლების კუმულაციური ზრდის მონიტორინგს;
მოცვის მაჩვენებლის შედარებას დაგეგმილ მაჩვენებელთან.
ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგი წარმოებს ცენტრისა და სჯც-ების მიერ მუდმივად ვაქცინების აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსებისას, ხოლო ამცრელ უბნებზე – ადგილობრივი სჯც-ების მიერ – ვაქცინების მიღებამდე და უნდა მოიცავდეს ამცრელი ერთეული სიმძლავრეების და მზადყოფნის შეფასებას და შემდგომ, ვაქცინაციის პროცესში პერიოდულ შეფასებას.
მონიტორინგის ეს ეტაპი აერთიანებს ვაქცინების ლოგისტიკისა და იმუნიზაციის მომსახურების პროცესის ზედამხედველობას, რომლის სიხშირე განისაზღვრება სჯც-ს მიერ.
14. კორუფციის პრევენციის ღონისძიებები
ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია კორუფციული რისკების პრევენციის ღონისძიებები, რომელიც ეფუძნება ოთხ ძირითად ინსტრუმენტს (ა) საკანონმდებლო რეგულირებას; (ბ) იმუნიზაციის პროცესის დიგიტალური-ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ამ ტექნოლოგიების გამოყენებას (გ) იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას და ბოლოს (დ) ცხელი ხაზის მეშვეობით მოსახლეობის უკუკავშირს. ამ ინსტრუმენტების ერთობლიობა ემსახურება როგორც შესაძლო რისკის მატერიალიზაციისას პრობლემის იდენტიფიცირებას, ასევე რეაგირების მექანიზმებს.
ცხრილი 10. კორუფციის პოტენციური რისკები და პრევენციის ღონისძიებები
| პოტენციური კორუფციის რისკები | პრევენციის ღონისძიებები |
|---|---|
| ვაქცინების და სახარჯი მასალების, სერვისების შესყიდვის პროცესში კორუფციული გარიგებები | ვაქცინების გლობალური შესყიდვის პირობების გამჭვირვალობა უზრუნველყოფდა ამ რისკების პრევენციას, თუმცა ამ გეგმის ფორმირებისას, მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნით, შესყიდვის პირობების გასაჯაროება შეზღუდულია მწარმოებელსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით. სახარჯი მასალების შესყიდვის კონტრაქტები გამჭვირვალეა. სერვისის შესყიდვის განფასება და პირობები რეგულირდება „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის N4 დადგენილებით და ,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის 01-11/ნ ბრძანებით. |
| ფალსიფიცირებული პროდუქტის გავრცელება | ფალსიფიცირებული ვაქცინების რეალიზაცია შეზღუდულია სახელმწიფო შესყიდვების პირობებში. კერძო შესყიდვების პირობებში სახელმწიფო ასევე არეგულირებს პროდუქტის ხარისხს ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის წესების შესაბამისად, რომელიც კანონმდებლობით და კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდება (საქართველოს კანონი ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ‘‘; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N327/ნ ბრძანება 25). |
პროცესის არაგამჭვირვალობა პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევასა და ჩართვაზე ვაქცინების არაკეთილსინდისიერი გამოყენება |
წინამდებარე გეგმა ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და ვაქცინაციის ყველა ეტაპი ფართოდ არის გაცხადებული ვაქცინაციის შედეგები (აცრილი პირების რა-ბა, გახარჯული დოზები) ყოველდღიურად არის ანგარიშგებული საზოგადოებისთვის. იმუნიზაციის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ვაქცინების მარაგების, განაწილების და ვაქცინაციის ჩატარების აღრიცხვას პიროვნების დონეზე და დროის რეალურ რეჟიმში. ვაქცინების შენახვის უსაფრთხოება მკაცრად არის დაცული ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ და დაწესებულების დონეზე. შემუშავებულია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის სპეციალური პროტოკოლი საწყობებისთვის და რეკომენდაციები სერვისის მიმწოდებლებისთვის, რომელთა მონიტორინგი წარმოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ. ტრენინგების დროს სერვისის მიმწოდებლებისთვის ხდება ვაქცინების არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში რეაგირების ქმედებების გაცნობა. |
რეაგირების ქმედებები:
იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილება შესაძლებელი იქნება მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული.
მიღებული ინფორმაცია იქნება შესწავლილი და წარდგენილი უწყებათაშორის კომისიაზე და შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული არაკეთილსინდისიერი ქმედების აღმოსაფხვრელად.
15. გეგმის განხორციელების მონიტორინგი
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია. ყოველთვიურად ჩატარდება მოცვის მაჩვენებლების შეფასება, გეგმის სამიზნეების მიღწევის პროგრესის და ხელშემშლელი ფაქტორების განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.