1. საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხზე შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა.
2. საჯარო განხილვის მოწყობის საფუძველია:
ა) საკრებულოს გადაწყვეტილება;
ბ) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება;
გ) თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%-ის მოთხოვნა.
3. საჯარო განხილვის დროს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი და ყველა ალტერნატიული პროექტი თუ წინადადება უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს მიერ სხდომის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც.
4. საჯარო განხილვისთვის სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ასევე მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას. წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლთა, საზოგადოებრივ - პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას.
5. საკრებულოს საჯარო განხილვის სხდომა იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად